ბასა ჯანიკაშვილი – სინათლე და სითბო ანუ დაბადების დღე
როდესაც მზე ერთდროულად სინათლეც არის და სითბოც, მაშინ ამბობენ მზიანი დღეაო.
ბევრი რჩევა-დარიგების შემდეგ ჩემმა მშობლებმა ქორწილი გადაიხადეს, ღამით სიყვარულის ლამპარი დაანთეს და წესის წინააღმდეგ მე დავიბადე.
ჩემს პარალელურ ქუჩაზე ძველი ბუკინისტური სოროა. მაღაზიაში ხშირად შევდივარ, მაგრამ არა წიგნის საყიდლად. მე იქ მდგარი ბებერი წიგნების სუნი მიზიდავს, ვიზიტის მიზანიც ეს არის. მინდა გავიგო, ამოვიცნო ამ სუნის შინაარსი და ჩემს თავს დავეკითხო კვლავდაკვლავ – რატომ მიზიდავს იგი?
წიგნთან სიახლოვე სიამოვნებაა, ამიტომ დროს უქმად არ ვკარგავ და დახლთან მივდივარ. წიგნებს თაროდან სწრაფად ვიღებ და სხვებისთვის შეუმჩნევლად ვყნოსავ. სინესტესა და სიძველეს ალაგ-ალაგ ნაფტალინიც თუ ამოჰყვება, აი მაშინ იწყება საოცრება.
სამახსოვრო მინაწერები, ჩანიშნული ადგილები, ფანქრით მოხაზული ცალკეული ფრაზები თუ აბზაცები, კუთხეში გადაკეცილი ფურცლები მეხმარება, შევთხზა წიგნზე მუშაობის პროცესი, მოვიგონო წამკითხველი და მისი ოჯახის წევრები, ურთიერთობები, ყოველდღიური კონფლიქტები, დავინახო მათი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, დაუსრულებელი ქეიფები, და ეს ყველაფერი ვითარდება საერთო კორიდორის, სიფრიფანა აგურის კედლების, რკინის ლოგინების, ბუთხუზა ლეიბების, მუხის მრგვალი მაგიდებისა და სკამების, უზარმაზარი, ჭერამდე აზიდული სარკიანი კარადების, შავ-თეთრი ტელევიზორის, ფეხებზე შემომდგარი რადიოლასა და წითელი გაცრეცილი ხის იატაკის ფონზე, სადაც პატარა ბავშვის სიარულიც კი დევის ნაბიჯებს მოგაგონებს…
აქ მყიდველი წიგნს ჰგავს. ისეთივე გაცრეცილი პიჯაკი და შარვალი აცვია, როგორიც წიგნის ყდაა – რუხი ან შავი ფერის. ყდასა და ფურცლებს თითქოს უჩხუბიათო, მათ შორის გამხმარი ბანდი და ყვითელი ძაფები ხარობენ; როგორც მყიდველის გახვრეტილი ჯიბე, სადაც ყოველი ხელის ჩაყოფა და გაფიქრება მის ამოკემსვაზე ერთია. საყელოც გაყვითლებულა წიგნის ფურცლებივით – დრომ ლამისაა, ისიც გადატეხოს.
მყიდველსაც და წიგნსაც ნაფტალინის სუნი ასდით. მხოლოდ ამ მაღაზიაში აღიბეჭდება დროის სწრაფმავლობა. თითქოს დრომ იმიტომ უნდა იაროს, რომ აქ წიგნი დაძველდეს. აქ სისუფთავეც კი ძველია.
გამყიდველი წიგნების ასაკისთვის შეუფერებლად ახალგაზრდა გოგონაა. იგი სანთლის იმ გამყიდველს ჰგავს, ვისთვისაც ნაკურთხი სანთლის გაყიდვა სხვა არაფერია, თუ არა სარჩო, პურის ფული.
ჩემი ყურადღება კუთხეში მიტოვებულმა მცირე ზომის წიგნმა მიიპყრო. კედლის კალენდარი ყოფილა. ამ პატარა, კოპწია, დაბალჭერიან, წიგნებით დახუნძლულ მაღაზიაში ყველაფერი ჰარმონიულად შეესიტყვება ერთიმეორეს. მხოლოდ გამყიდველი გოგონა და კალენდარია ზედმეტი – ეკალბარდივით გაზრდილი მყიდველსა და წიგნს შორის.
კალენდარი გასული წლისა იყო. იქვე, მის გვერდით, ამ წლის კალენდარი შევნიშნე. ყიდვა დავაპირე. გოგონამ შარშანდელი გვერდით გადადო და წლევანდელი გამომიწოდა, ამიტომ მეც გასული წლის კალენდარი ვიყიდე.
არა, მისთვის სულ ერთია, წლევანდელს ვიყიდი თუ შარშანდელს! ხარბად ვისუნთქავდი ყოველ ფურცელს. თარიღები ჩემი ცხოვრების ღია სარკედ წარმომიდგა. გონებაში ამოტივტივდა გასული წლის თვეები, დღეები, საათები, წუთები, წამები… თითქოს თავიდან გადამხდა ყველაფერი, მხოლოდ ახლა საფრთხის გარეშე. მოგონებას მოგონება ცვლიდა, ხასიათს – ხასიათი. მშრალი ციფრები იმდენად ბევრის დამტევი აღმოჩნდა, რომ შარშანდელი წელი არ ვიკმარე და წარსულში უფრო ღრმად შევტოპე. რიცხვები გაიბერა, დაიბრიცა.
მინდოდა მეყვირა, – აი, ამ პატარა წიგნში მე ჩემი ცხოვრება ვიპოვნე-მეთქი, ხალხო, – მაგრამ გადავიფიქრე.
პირველი იანვარი, ოთხი თებერვალი, სამი მარტი, ცამეტი აპრილი, ოცი მაისი, თერთმეტი ივნისი, ოცდათერთმეტი დეკემბერი და ხელში მუყაოს ყდა შემრჩა! გულში სევდა ისე მომაწვა, რომ სუნთქვა გამიჭირდა, სიმძიმე დავკარგე…
დედაჩემმა სკამი მომაშველა და ზედ დავენარცხე. დედამ ასანთს გაჰკრა და ნავთქურა აანთო. ნავთის მძაფრმა სუნმა გონზე მომიყვანა.
დიდი ხნის წინ, როდესაც ბავშვი ვიყავი, სასტიკად მცემე. მაცოფებდა ჩემი უმოქმედობა. შენი ხელი ისეთი მწარეა, დე; როდესაც ჩემს ცემას მორჩი, მინდოდა, რომ კიდევ გეცემე, კიდევ ერთხელ მომხვედროდა მწარედ. ადრე თუ გვიან, ხომ უნდა დამეღწია თავი შენგან?
დედამ პასუხად შემომხედა და მანიშნა – ჩუმად, მამას სძინავსო.
ხომ იცი, როგორ მიყვარს შენი გაკეთებული საჭმელი? მმ… უკეთესი არაფერი მიჭამია. სად იყავი, დედა, ამდენ ხანს? რატომ არ ჩანდი? გახსოვს, როგორ მემსახურებოდი? პურზე კარაქსაც კი უსმევდი და ისე აწყობდი თეფშზე. კიდევ ჩაის ჭიქაში შაქარს ყრიდი და თვითონ ურევდი. კოვზის წკარუნზე ჭამას ვიწყებდი, ასე უფრო მსიამოვნებდა.
დედამ, როგორც იქნა, ნავთქურას მზერა მოაცილა და შემომხედა. ხელში ჩაით სავსე ჭიქა ეკავა. გამიღიმა, კოვზი აიღო, ჭიქაში ჩადო და ხელი გაუშვა. ჭიქა ჰაერში დარჩა გამოკიდებული. კოვზმა წრე მოხაზა და წკარუნი იწყო. ის იყო, კარაქიანი პური უნდა ჩამეკბიჩა, რომ ჭიქა მომიახლოვდა და ზედ ტუჩებთან შეჩერდა. შემეშინდა. დედას შევხედე, ის კი მაგიდასთან იჯდა და მშვიდად შლიდა პასიანსს. სიმშვიდე მისგან მეც გადმომედო.
ერთხელ გამიბრაზდი და პირობა დავდე, რომ შენს დამზადებულ საჭმელს აღარ შევჭამდი – ვთქვი და კარაქიანი პური ჩავკბიჩე – მთელი დღე მშიერი ვიყავი. ბოლოს ბებია მოვიდა და მითხრა, რომ სადილი მისი დამზადებული იყო და ჭამა შემეძლო – ჩაი მოვსვი და მომდევნო ლუკმის დამუშავებას შევუდექი – მივხვდი, რომ ბებია მატყუებდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სამზარეულოში ამაყად შევედი. არ იყო არც კარაქიანი პური, არც ჭიქაში კოვზის წკარუნი, მაგრამ, სადილი, როგორც ყოველთვის, გემრიელი იყო. მას შემდეგ კარაქს პურზე ვთივონ ვუსვამ და ჩაიში შაქარს თვითონ ვურევ.
სიჩუმე ჩამოწვა. ნავთქურა დაუშრეტელად გამოსცემდა სინათლეს და სითბოს.
რა ხანია, დედაჩემი არ მინახავს. იმდენი მქონდა სათქმელი, მეგონა, რომ შევხვდებოდი, ენას არ გავაჩერებდი. მე დედაჩემის სახელობის არქივიც კი გავხსენი. აი, ამას დედას დავეკითხები, ვეტყვი, უბრალოდ აზრს გავუზიარებ. წლიდან წლამდე უამრავი რამ დამიგროვდა. ხანდახან ვაღებ არქივის კარებს და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს მტვრიან სათქმელს; მაგრამ მომისმენს კი?
შენ, დედა, არ გაქვს სათქმელი? მითხარი რამე. დედა პასიანსს შლიდა. დავხედე და იქ კარტის ნაცვლად კალენდრის ფურცლები იყო: ოცი მაისი, ათი იანვარი, თორმეტი ოქტომბერი… მე კი კარაქიანი პურის მაგიერ კალენდრის მუყაოს ყდა შემრჩა.
უეცრად მძაფრი სუნი მეცა. თვალები გავახილე და გოგონას ნაცნობი სახე დავლანდე. ნელ-ნელა ჩემამდე ხმებმაც მოაღწიეს. ოთახი, სადაც ახლა ვიყავი, მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. ირგვლივ ყველანი ფუსფუსებდნენ. ნაცნობი გოგონა მომიახლოვდა. ხელში თეთრი ცხვირსახოცი ეჭირა. მე გავუღიმე. უეცრად ნაჭრით ცხვირზე მეცა და კვლავ ისეთი მძაფრი სუნი ვიგრძენი, რომ ხმამაღლა დავიყვირე. რა კარგი ხმა გქონიათო – ღიმილით მითხრა. ჩემი ხმა დიდი ხანია, არ მომისმენია. საუბრისას არ ვუკვირდები, არადა რა კარგი ხმა მაქვს! ვიფიქრე, კიდევ დავიყვირებ-მეთქი, მაგრამ მომერიდა. შევეცადე, გამეხსენებინა როდის გავიგონე ჩემი ხმა ბოლოს, მაგრამ ვერაფრით.. . შეიძლება, არც არასდროს მომისმენია?
გოგონა არ მცილდებოდა. რა კარგი ხმა გქონიათო – გამიმეორა. მე შემეშინდა მისი და აღარ გავუღიმე. თან ხელზე ვაკვირდებოდი, იქნებ, როგორმე ნიშადურისგან თავი დამეღწია, მაგრამ ამაოდ. გამყიდველმა ერთი ხელით თავი დამიკავა და მეორეთი სახეზე პირსახოცი მომაფარა. სიმწრისაგან კვლავ დავიყვირე. ყვირილისას ძალაუნებურად ჯალათს თვალებში შევხედე და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მას თვალები არ ჰქონდა.
რა კარგი ხმა გქონიათო – ღიმილით მითხრა. მყიდველებიც დაეთანხმნენ.
გამყიდველს თვალები არა აქვს! მის ნაცვლად ორი გამოქვაბულია. სინათლე ბულში არ აღწევს. წარბები ცხვირზე დიდი აქვს. თავად ცხვირი პატარა ღილივითაა,ზედ ორი ნესტოთი. იქიდან შავი თმები თითქმის ზედა ტუჩამდეა ჩამოზრდილი. ტუჩების ადგილას წვრილი, უფერული ხაზია, რომელსაც ხანდახან ნიკაპი ჩრდილავს. მოყავისფრო თმები პუდელის ჯიშის ძაღლივით ხუჭუჭაა. ალაგ-ალაგ გაქუცულია და თეთრი თავის ქალა მოჩანს.
რა კარგი ხმა გაქვთო – მითხრეს მყიდველებმა – იყვირეთ კიდევ ერთხელ! გოგონას შევხედე და მივხვდი, რომ არ ხუმრობდნენ. კიდევ ერთხელ დავიყვირე – აააჰჰ!
მქუხარე ტაში. კიდევ, კიდევ! – თხოულობდნენ ისინი. მეც შევიფერე და დავიღრიალე – აააჰჰ! ეს იყო და აპლოდისმენტები სეტყვასავით წამოვიდა.
აააჰჰ! აააჰჰ! აააჰჰ!
ხმაურზე გამვლელები შემოვიდნენ. პატარა ბუკინისტური მაღაზია ცნობისმოყვარეებით გაივსო. ყველა ერთხმად გაჰყვიროდა – აააჰჰ! აააჰჰ! აააჰჰ! – ამას მქუხარე ტაში მოჰყვებოდა და შემდეგ კვლავ ყვიროდნენ – აააჰჰ! აააჰჰ! აააჰჰ!
ჩემი წამოსვლა ვერავინ შენიშნა. ქუჩის ბოლომდე მესმოდა მათი შეძახილები. საჩუქრით ხელში სახლისკენ მივდიოდი და ვფიქრობდი: ლამპარს რომ არ გამოეცა ერთდროულად სინათლე და სითბო, დღეს ხომ ჩემი დაბადების დღე არ იქნებოდა-მეთქი.
არა, დე?