საკითხავისხვადასხვა

ზაზა ფირალიშვილი “ბატონი ნიკო და ბატონი მერაბი”

ერთი წუთით გავიხსენოთ, თუ რას ნიშნავდა პიროვნების არსებობა იმ სამყაროში, რომლიდანაც მოვდივართ. ეს იყო იმედი. ეს იყო იმედი იმისა, რომ გარემოში, რომელსაც უკვე პატარაობიდანვე განვიცდიდით ტოტალურ ციხედ, სადღაც, ვიღაცის წყალობით ცოცხალ სულიერებას ვხვდებოდით. თუ ბედი გაგიღიმებდა, შენც გეძლეოდა შანსი, შეხებოდი მას, მისი თანაობით წამიერად გეგრძნო, რომ შენ, როგორც ცოცხალ, სულიერ არსებას რაღაც ღირსება და მნიშვნელობა გაგაჩნია. ეს კი იმიტომ, ვიღაცამ სადღაც შეძლო და სული შეინარჩუნა და ეს იმ სიტუაციაში გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მეცნიერული ღვაწლი, მითუმეტეს, როდესაც საქმე ფილოსოფიას შეეხება, ადამიანური ძიებების სფეროს, რომელშიც უკვე რამდენიმე ასეული წელია, ძნელია ვიღაცამ რაიმე ახალი თქვას და მთავარი სულის იმ პირველადი ცხოველმყოფელობის გადარჩენაა, რომელიც გვეძლევა, როგორც “ნათელი ჭეშმარიტი”. ჩვენთვის უმთავრესი ამოცანა საკუთარი პიროვნული ღირსებისა და მნიშვნელობის გადარჩენა იყო იმ სამყაროში, რომელიც გამუდმებით გვაიძულებდა გველაპარაკა ის, რისიც არ გვჯეროდა, გვეკეთებინა ის, რისი აზრიც მხოლოდ უმაღლესი პარტიული ბოსების ბრძენი გონებისათვის თუ იყო გასაგები. ბატონი მერაბი ხშირად იმეორებდა ცნობილ სიტყვებს იმის შესახებ, რომ ჩვენ სხვის კოშმარულ სიზმარში გვიწევდა ცხოვრება და იშვიათად თუ გვეძლეოდა შანსი იმის აღმოჩენისა, რომ ამ სიზმრის ფარგლებშივე არსებობდა სინამდვილე, უფრო კი ერთგვარი ეპიცენტრები სინამდვილისა, სადაც გონებისა და ზნეობის კანონები ბატონობდნენ – თანაც ბატონობდნენ სწორედ მხოლოდ საკუთარი არსებობის ძალით და რომ თუ არა ამგვარი სინამდვილის ეპიცენტრების არსებობა, უფალი არ დაინდობდა ამ ყალბი სუბსტანციით აგებულ სამყაროს. და, იქნებ, სწორედ იმიტომაც ინდობდა მას მთელი შვიდი ათეული წლის განმავლობაში, რომ ეხილა, თუ“ნათელი ჭეშმარიტი” ყოველგვარი ისტერიული კირთებისა და არქისერიოზული პათოსის გარეშე როგორ ახერხებდა თავი დაეღწია წყვდიადისათვის. ამ ორი და კიდევ სხვა მსგავსი ადამიანების მეშვეობით ვახერხებდითშეგვენარჩუნებინა რწმენა, რომ მიუხედავად საბჭოთა სინამდვილისა, ჩვენ მაინც ვრჩებოდით სხვა თავისი მნიშვნელობით ათასგზის აღმატებული სინამდვილის, გონებისა და ზნეობის სუბსტანციით აგებული სინამდვილის მოქალაქეებად.

როდესაც მავანნი და მავანნი მათგან “ორიგინალურ ფილოსოფიურ კონცეფციას“ თუ „ფილოსოფიურ სისტემას” მოითხოვდნენ, თავადაც ვერ გრძნობდნენ, თუ რა კომიკურ მდგომარეობაში იგდებდნენ თავს. მათ სასწაულები ესაჭიროებოდათ _ ორიგინალური ფილოსოფიური სისტემა ჩვენს შემთხვევაში სწორედ სასწაულის სინონიმია _ და არა განახლების ის სული, რომლის ზიარიც შეეძლოთ ყოფილიყვნენ, მაგრამ ვერ იყვნენ იმ ძველი და ბანალური მიზეზის გამო, რომ ყურნი ესხდათ, მაგრამ ვერ ისმენდნენ, თვალნი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ხედვიდნენ. მათ “სისტემა” უნდოდათ, რომელიც სასწაულებრივად განკურნავდა ყველა ეჭვისა და შიშისაგან და არად დაგიდევდნენ, რომ სთავაზობდნენ გზას ამ განკურნებისა, სწორედ რომ გზას და არა რაიმე ინტელექტუალურ ფოკუსს.

თუკი რაიმე რეალური ფუნქცია შეიძლებოდა ჰქონოდა სამოცდაათი წლის განმავლობაში ფილოსოფიას, ალბათ, მთავარი ეს იყო: ცოცხალი სულის გადარჩენა. და სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდნენ ბატონი ნიკოცა და ბატონი მერაბიც. ეს იყო უჩინარი იერარქია, რომელიც ოფიციალური იდეოლოგირი იერარქიის პარალელურად არსებობდა და მისი განადგურება ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც თავად ადამიანისა. უფრო მეტიც, თავდ ადამიანის იდეაც მათი წყალობით პოვებდა გამართლებას.

დღეს ჯერ ნაკლებად ვგრძნობთ, რომ, არსებითად ხელახლა შევდივართ მსგავსი ტოტალური იდეოლოგიური კონტროლის ფაზაში. და ბევრი დრო არ გაივლის, როდესაც მსგავსი ადამიანები კვლავ დაგვჭირდებიან და კვლავ იმედად მოგვევლინებიან იმისა, რომ სადღაც, ტოტალური კონტროლისათვის მიუგნებელ და უხილავ ადგილას არსებობს ვიღაც, ვინც თვალის ჩინივით უფრთხილდება საკუთარ თავში ადამიანის იდეას.

გლობალური სამყარო გლობალური იდეოლოგიების ეპოქაა. გლობალური იდეოლოგია კი იწყება როგორც სიკეთე, მაგრამ როგორც კი საჯარო განმარტებულობის ტყვეობაში აღმოჩნდება, მყისვე იქცევა საკუთარი თავის კარიკატურულ ორეულად. ასე იქცა სოციალიზმი ბოლშევიზმად; ასე იქცა ჩვენს თვალწინ ლიბერალიზმი პოლიტკორექტულობად; ასე იქცა ადამიანის სულის უდიდესი თავშესაფარი – ქრისტიანობა – ფუნდამენტაიზმის ესპანურ ჩექმად. თითქოს ვიღაც ჩასაფრებულა და ახალი და ახალი მრუდე სარკეების სამყაროს ამზადებს ჩვენთვის, თითქოს ვიღაც სადღაც სიცრუის სუბსტანციით ახალ კოშმარულ სიზმარს გვიმზადებს, ვიღაც სადღაც კვლავ მუშაობს ისტორიაზე – ამ ყველაზე დამყოლ და იოლად ცვალებად სუბსტანციაზე და იდეოლოგიურად გამართული კორექტივები შეაქვს მასში. მთელი ეს ბაკჰანალია მუდმივად თამაშდება. კაცობრიობის მტერი ჩვენ მუდმივად და უწყვეტად გვთავაზობს ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს მახინჯ ორეულს.

არსებობს ერთი ქართული სიტყვა “ყუდრო”. იგი ე.წ. ხევსურულ ხატის ენაზე ხატის სახლს ნიშნავს – იმ შენობას, სადაც ხატის მსახური დღეობის წინ, როგორც წესი, ორმოცი დღის განმავლობაში წესის აღსასრულებლად ემზადებოდა. დღესდღეობით ეს სიტყვა მივიწყებულია და უფრო მეტად მისგან ნაწარმოები ფორმებია ცნობილი: საყდარი, მყუდროება. თუმცა კი ამ ნაწარმოებ სიტყვებშიც ჩანს ის საკრალური მნიშვნელობა, რომელიც პირვანდელ ფორმას ჰქონდა. არსებობს “ყუდროს” სხვა მნიშვნელობაც, თუმცა იგი შინაგანად არის დაკავშირებული პირველთან. როდესაც თუში იტყვის, ყუდროზე გავიდეთო, იგულისხმება, რომ მას ცივი და ჩრდილიანი ადგილიდან მზიანზე უნდა გასვლა. თავს უფლებას მივცემთ და სიტყვის ყველა ამ მნიშვნელობიდან გამოვიყვანთ კიდევ ერთს, რომელიც, ვფიქრობთ, ძველ მნიშვნელობებში უკვე იგულისხმება: ყუდრო სულიერების სუბსტანციით მოქსოვილი ჩვენი უჩინარი სამყოფელია. ჩვენი სამყოფელი ბევრი რამით, მასალათა დიდი მრავალფეროვნებით იქსოვება: ადამიანებით, რომელთაც ვხვდებით და რომელთაც სულიერების განუმეორებელი ჟღერადობა შემოაქვთ ჩვენში, საგნებით, რომლებიც თავიანთი იდუმალი მეტყველებით უჩინარ დიალოგში არიან ჩვენთან, მოვლენებით, რომლებიც ჩვენი ყუდროს არქიტექტონიკის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავენ. ასე ხდება იმ ბედისწერის არტიკულაცია, რომელშიც ჩვენ ვართ და რაც თავად ჩვენ ვართ. და ჩვენ ვმოძრაობთ ყოველივე ამაში, როგორც იმ “შინ”-ში, რომელიც განგვეკუთნა, როგორც ბედისწერა.

საბედნიეროდ, ამ სამყაროსა და ბედისწერის რელიეფს ქსოვენ არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩვენს უკანასკნელ იმედებს იდეათა გროტესკად აქცევს, არამედ ისეთი ადამიანებიც, როგორებიც ბატონი ნიკო და ბატონი მერაბი იყვნენ. სულ ორიოდე ამგვარ ადამიანს ძალუძს მთლიანად შეცვალოს ჩვენი ცხოვრების რელიეფი და ის საზრისი მისცეს მას, რომელიც აქამდე არც კი გვეგულებოდა.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button