გიორგი მესხი “იქმენინ ნათელი!“
ბრანდერბურგის ჭიშკრიდან უნტერ დენ ლინდენს თუ გაუყვებით და ფრიდრიხშტრასსეს გასცდებით, თვალში მოგხვდებათ ვილჰელმ და ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტების ძეგლების უკან მდგარი, მეთვრამეტე საუკუნეში აშენებული და შემდეგ არაერთხელ რეკონსტრუირებული ნაგებობა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა. ეს შენობა თავიდან პრუსსიელი პრინც ჰაინრიხის სასახლე ყოფილა, შემდეგ ფრიდრიხ ვილჰელმ მესამეს ახლად დაარსებული უნივერსიტეტისთვის გადაუცია, მსოფლიო ომების გრიგალებმა ამ შენობასაც გადაუარეს, ახლა კი დგას უკანასკნელი ორი საუკუნის ისტორიული ქარტეხილების ეს უტყვი მოწმე და მზეზე ბრწყინავს ოქროსფერი წარწერა „HUMBOLDT UNIVERSITAET“.
შესასვლელთან ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის – ბერლინში ჩამოსული ტურისტები უნივერსიტეტის წინ ფოტოებს იღებენ. ეზოში სტუდენტები ირევიან – ზოგი პლასტმასის ჭიქით ყავას მიირთმევს, ზოგი საუბრობს, ზოგიც განმარტოებით დგას და მაისის მზეს ეფიცხება. ისინი გერმანიის სხვადასხვა მხარეებიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, დედამიწის სხვადასხვა კონტინენტებიდან მოუზიდავს განათლების წყურვილს.
ვუყურებ უნივერსიტეტის შენობას და ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა ერთი საუკუნის წინანდელი ბერლინის უნივერსიტეტი: ეზოში ალბათ მაშინაც ასე ირეოდნენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუდენტები. მათ შორის იყო ერთიც – შორეული ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, ტანმორჩილი, ნამარხულევი, შავგრემანი ახალგაზრდა დოქტორანდი, ვინც უნივერსიტეტის შენობას მოგვიანებით ასე იხსენებდა: „შენობა, სადაც ამდენი სინათლე მიმიღია“.
ვუყურებ უნივერსიტეტის შენობას და გონების თვალით ვზომავ გრძელსა და ძნელ გზას ქუთაისიდან ბერლინამდე…
* * *
მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, მაგრამ გუშინდელ დღესავით მახსოვს 2003 წლის 16 ივლისი. ამ დღეს 16 წელი შემისრულდა; ვიფიქრე, ჩემს თავს სჲურპრიზს მოვუწყობ-მეთქი და სოფლიდან ქუთაისს გავემგზავრე.
ქუთაისში მანამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა ჩემი მოგზაურობანი ძირითადად ბაზრობაზე, „ზასტავაზე“ და „სტეკლოტარაზე“ საქმიანი ვიზიტებით შემოიფარგლებოდა. ამჯერად „ძველი ქუთაისის“ – ბალახვანის, ბულვარის და თეატრის შემოგარენის მონახულება გადავწყვიტე.
ვარციხის დანგრეულ გზაზე მოხრიგინე ავტობუსში მჯდომს უცნაური ფიქრი ამეკვიატა: საუკუნის წინ ასევე ჩადიოდნენ ქუთაისში ახლო თუ შორეულ სოფლელი ბავშები – მომავალი პოეტები, მწერლები, ხელოვანები და მეცნიერები.
მათ შორის იყო ერთიც – „სამეგრელოს ბნელი ჭაობებიდან“ ჩამოსული შავგრემანი ბიჭუნა, გიმნაზიელის ფორმაში გამოწყობილისთვის სურათიც გადაუღიათ: მაღალი შუბლი, ლამაზი პირისახე და მაკვარანცხი თვალები – „მშვენიერების ორი დაუღალავი ბაზიერი“.
ამ ბავშთაგან ზოგმა სემინარია დაამთავრა, ზოგმა იოსებ ოცხელის სათავადაზნაურო გიმნაზია (ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული). გიმნაზიის ფასადს ამშვენებს სახელმოხვეჭილ ყოფილ მოსწავლეთა სია, რომელთა შორისაც ჩვენი გიმნაზიელი, რატომღაც, არ იხსენიება (არადა წარჩინებული მოსწავლე იყო).
ეს გიმნაზიელები და სემინარიელები იყვნენ საუკუნის წინანდელი რენესანსის გმირები და ავტორები. ბევრი მათგანი ტფილისში არც ჩამოსულა – ქუთაისიდან პირდაპირ რუსული და ევროპული უნივერსიტეტებისკენ აიღეს გეზი. შემდეგ იქიდან ტრიუმფით დაბრუნდნენ დედაქალაქში და ვაჭრულ-ხელოსნურ-კინტოური ქალაქი ინტელექტუალურ ცენტრად გადააქციეს.
ქუთაისი კი დაცარიელდა, დაფრთიანებული ბარტყებისგან მიტოვებულ ბუდეს დაემსგავსა. დარჩა მოგონება „გადიდკაცებულ“ შვილებზე, მათი გამარჯვების შესახებ ტფილისიდან მოტანილი ამბები და უკვდავი უნარი სასახელო შვილთა კვლავ გამოზრდისა.
ამიტომაც მიყვარს ქუთაისის ქუჩებში ხეტიალი – ბაღის კიდე, ბულვარი და თეატრის მოედანი გარდასულ ბრწყინვალე დღეთა მოგონებას ინახავენ. ამიტომაც განუმეორებელია ქუთაისი – შემოქმედებითი ენერგიის აკვანი და მარადიული ახალგაზრდობის ნიშნით აღბეჭდილი უძველესი ქალაქი.
იმ დღესაც ბევრი ვიარე ქუთაისის ქუჩებში და ბოლოს, თეატრის გვერდით რომ წიგნის მაღაზია იყო (ახლა იქ კაფე-ბარია გახსნილი), იმ მაღაზიაში აღმოვჩნდი. დამხვდურებმა ეჭვით შემათვალიერეს – აქ ათასში ერთხელ თუ ვინმე გზააბნეულს შემოუცდება ფეხი, თორემ წიგნის ყიდვაზე ვინ ფიქრობსო.
მეც, ჩემის მხრივ, დიდ ხანს ვათვალიერე თაროებზე დალაგებული წიგნები; ბოლოს ერთი მათგანი გადმოვიღე: „კონსტანტინე გამსახურდია, ტომი VI“ – ამოვიკითხე ყდაზე და წიგნი გადავშალე.
„მე მჯერა: ზოგიერთ ადამიანს მხოლოდ ნახევარი სული აქვს, იგი იტანჯება თავის მარტოობით და სულნახევრობით. ასეთი ნახევარსულიანი სხვას თავისებურს რომ შეჰხვდება, დიდი და საოცარი ნათელი უნდა ადგეს მაშინ მიწიდან.“ – ამბობდა ამ წიგნის ავტორი.
მაშინ, მართალი გითხრათ, განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს – მაღაზია ცუდად იყო განათებული, მაგრამ რაღაც ამგვარი უთუოდ მოხდებოდა.
მაღაზიის კარი გამოვიხურე და ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალ აღმართს შევუყევი (მაშინდელი ბაგრატი ჯერაც არ იყო ჩვენი უთავობის გამო სამარცხვინო ჯიღით თავდარქმული, უგემურად გადაღებილ-გადალურჯებული და „წყალკანალის“ კონტორას დამსგავსებული).
გზადაგზა წიგნს ვფურცლავდი და თვალს ვერ ვწყვეტდი – რუსთაველი, საბა, ილია, ვაჟა, გალაკტიონი, დანტე, გოეტე, ბაირონ, ბალზაკ, რილკე, და-ვინჩი და ვინ გინდა, სულო და გულო, აქ რომ არ ყოფილიყო (ანატოლ ფრანსის, ჰენრიკ იბსენის და შტეფან გეორგეს სახელები ჯერაც არ გამეგონა).
არათუ მაშინ, ახლაც მიკვირს: ერთმა ადამიანმა როგორ დაიტია ამდენი სინათლე, ან სად მოაგროვა ამდენი ცოდნა, ან როგორ დაიმახსოვრა. ინტერნეტის მაგვარი რამ მაშინ ხომ ოცნებითაც ვერავის წარმოედგინა; ის კი არა, რიგიანი სახელმძღვანელოს და უცხოური ენციკლოპედიის შოვნაც ჭირდა.
ასეთი იყო ჩემი შეხვედრა კონსტანტინესთან. მისი წიგნები მანამდეც წამეკითხა: „დიდოსტატის მარჯვენის“, „დიონისოს ღიმილის“ და „მთვარის მოტაცების“ წაკითხვა თერთმეტ-თორმეტი წლისამ ვცადე და, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი ვერაფერი გავიგე.
იმ ზაფხულს ჯერ ზემო იმერეთში ვიყავი, ულამაზესი მდინარის პირას მდგარ ბიძაჩემის ძველებურ სახლში აღმოვაჩინე „მთვარის მოტაცება“ და სულმოუთქმელად წავიკითხე. ბიძაჩემს – თენგიზ ცინაძეს უნიკალური ბიბლიოთეკა ჰქონდა, კონსტანტინეს და მისი შემოქმედების დიდი პატივისმცემელი იყო, თვითონაც 15 მაისს დაბადებული „კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების“ წევრიც გახლდათ. ბევრ რამეს მიამბობდა იგი კონსტანტინეს შესახებ და მისი სიტყვები ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
იმას ვამბობდი: „მთვარის მოტაცებაც“ იმ ზაფხულს წავიკითხე და მაშინდელი აღფრთოვანება ჯერაც არ გამნელებია, პირიქით – ყოველ წაკითხვაზე უფრო და უფრო მეტ აღტაცებას იწვევს ჩემში ეს წიგნი.
მოკლედ – ის ზაფხული დაუვიწყარია ჩემთვის: ჯერ „მთვარის მოტაცება“, შემდეგ ესსეები, ბოლოს „ლანდებთან ლაციცმა“ დააგვირგვინა ჩემი პირველი შეხვედრა დიდ მწერალთან.
და მაშინ იყო, მტკიცედ რომ გადავწყვიტე: ოდესმე მეც წავალ სასწავლებლად გერმანიაში-მეთქი. ამ სურვილის შესრულებას დიდძალი ენერგია შევალიე: ჩვიდმეტი წლისამ „გოეთეს ინსტიტუტში“ დავიწყე სიარული და გერმანულის სწავლა. წლების მანძილზე ჯიუტად ვცდილობდი გერმანიაში გამგზავრებას. მჯეროდა, რომ იქ დამხვდებოდა კონსტანტინეს მიერ აღწერილი საოცარი ქვეყანა.
ბოლოს, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა – 2009 წლის აგვისტოს მიწურულს პირველად ჩავედი გერმანიაში. თბილისური ხვატის შემდეგ აეროპორტის გასასვლელშივე დამქროლეს ჰამბურგის ქარებმა და უძილობისგან ამღვრეულ სახეში წვიმის წვეთები შემომაყარეს. მახსოვს: ცალ ხელში უზარმაზარი ყვითელი ჩემოდანი მეჭირა, მეორეში – გიტარა (ჩემი განუყრელი თანამგზავრი), ზურგზე – დიდი რუკზაკი, ხოლო კისერზე – „ლეპტოპის“ ჩანთა; უთვისტომო და უბინაო, ჰამბურგის ქარ-წვიმიან ქუჩებზე უმისამართოდ დავწრიალებდი.
ასეთ ყოფაში გავატარე ერთი თვე: დღისით ბინის საშოვნელად დავრბოდი, ღამით ხან სად ვაფარებდი თავს და ხან სად, მთელი ჰამბურგი ფეხით შემოვიარე. გზადაგზა მახსენდებოდა კონსტანტინეს სიტყვები „ქვეყანა ვრცელია, როცა ახალგაზრდა ხარ და მარტოხელა. ოღონდ ესაა: მატარებლის კივილი, ან გემის სირენის ყვირილი თუ არ შეგზარავს, როცა სხვის მიწა-წყალზე მიმქროლავი თავს გამოყოფ ფანჯრიდან უმთვარო ღამეში. ქვეყანა ვრცელია, თუ ჩემოდნების თრევა, სასტუმროებში წანწალი და სხვის მიწაზე ხეტიალი სიმძიმილად არ გიჩანს. მაშ, აჰა, მგზავრის გუდა-ნაბადი, ფანქრის ნატეხი და ქაღალდის ნაჭერი. სხვა რაღა გინდა, მოხეტიალე მხატვარო? რა ვუყოთ მერმე, ეს ქვეყანა რომ ვრცელია და ფარშევანგის ბოლოსავით ჭრელი…“
და მაინც – სულ სხვა ყოფილა გერმანია; ჰამბურგელი ვაჭრები და გეშეფტმახერები სულაც არ ჰგავდნენ „ღმერთთან მორკინე იაკობებს“. აუდიტორიებში (როგორც კონსტანტინე იტყოდა – „უნივერსიტეტის აულებში“) ფილოსოფიის და პოეზიის მაგივრად ბიზნეს-ადმინისტრირებას და სავაჭრო სამართალს მასწავლიდნენ. არც ბენო ერდმანის მსგავსი მოძღვართ-მოძღვრები სჩანდნენ სადმე და არც ჰერბერტ შტუდერსისებრი კომილიტონები.
გულდაწყვეტილი გადავშლიდი ხოლმე „დიონისოს ღიმილს“ და სავარსამიძის სიტყვებს ვიმეორებდი: „შენ არ იყავი, ტაია შელია, მე – პატარა ლიფსიტა, რომ ამიყვანე ხელში და მაჩვენე ეს თვალწარმტაცი ქვეყანა, ეს მაღალი ცა და ქარვითა და ძოწით დატვირთული ღრუბლების გემები? შენ არ მასვი რძისფერი სინათლე და უსამშობლო ღრუბლები შენ არ შემაყვარე? დღეს მეც იმ თევზივით ვწუხვარ: რათ გამომრიყე, ღმერთო, ამ ბუხჰალტერების საუკუნეში? მაგრამ ვინ ამომიყვანს ამ უძირო ოკეანედან?“.
იმ ხანებში ნორდრაინ-ვესტფალენში მოვხვდი, კჲოლნის ტაძარი მოვინახულე და ჩემი მაშინდელი ფიქრები კონსტანტინესადმი მიძღვნილ ამ ლექსში გამოვთქვი:
ცხრა ზღვაზე ევლო და ცხრა მთათა ზემოდან
ცის გახსნას ელოდა დაღლილი მგზავრი..
ნაცვლად Konto–ებით დახვდნენ ბურჟუები
და ამაოების ჭრელი ბაზარი;
რეკლამა ნათობდა (ტურისტებს ართობდა)
ნანგრევს კი გაჰქონდა გლოვა და ზარი,
ხანძრების ენებს და კვამლს შავად ელესა,
შავ-ლეგა კედელსაც დაეტყო ბზარი…
ქარი ხმაურობდა, თან ღრუბლებს ურევდა,
ვინღა უყურებდა სამრეკლოს და ზარს,
რომელიც ზემოდან – კოშკის კენწეროდან
ჭმუნვით დასცქეროდა ამ მღვრიე ბაზარს,
ღრუბელთა ყორე და ელვარე ქორედი
დროს თუ აგონებდა სასტიკს და საზარს…
წარსული ნარ-ეკლის ცივი ხმით ამრეკლავს –
“აწვიმდა სამრეკლოს, აწვიმდა ტაძარს…”
შემდეგ ნელ-ნელა შევეჩვიე გერმანიას და ჰამბურგელ ვაჭართა წრეს – არც ისე ხელწამოსაკრავი ყოფილა თომას მანნის, იოჰანეს ბრამსისა და ანგელა მერკელის სამშობლო. გაგიკვირდებათ და ბიზნეს-სამართლის ლექციებსაც შევეჩვიე (თავიდან მე თვითონაც მიკვირდა). ამასობაში სწავლაც დავასრულე და საქართველოში დავბრუნდი.
მახსენდებოდა სამშობლოში დაბრუნებული სავარსამიძე და მისი სიტყვები: „ყოველთვის, როცა უცხოეთიდან საქართველოში ვბრუნდები, ასე მგონია ხელმეორედ დავიბადე… მზეო, მზეო, მზეო! მე სამჯერ ხმამაღლა ვახსენებ შენს უკვდავ სახელს და ვგრძნობ, მე უძლეველი ვხდები და ნელ-ნელა ვიკურნები. დამაცხუნე, გამათბე, დამწვი, დამრუჯე და შემითვისე საქართველოს დროშავ, მაღალტანიანო, ლომისპირიანო. ამოაშრე ჩემს სახსრებში უცხოეთში შესუნთქული ნისლი და სინესტე… გაათბე ჩემი ჩრდილოეთში გათოშილი სხეული და მასწავლე მე შენი დიდი სიყვარული, შემაყვარე ჩვენი წილხვდომილი მიწის ნაჭერი.“
„მშობლიური ეფემერით“ მოგვრილმა პირველმა აღტაცებამ მალე გაიარა – აქაურები საკმაოდ ცივად დამხვდნენ და ჩემი ილჲუზიები მალევე განაქარვეს. არაერთი იმედგაცრუების გადამტანს ახლა უკვე თარაშ ემხვარს მაგონებდა ჩემი თავი – უამრავი მცდელობის მიუხედავად არც რომელიმე ქართულ სამსახურში აღმოჩნდა ჩემი ადგილი და არც უნივერსიტეტში. ბოლოს ისევ გერმანელებს მივაკითხე და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში“ ბარე ორ წელიწადს ვიმუშავე – ჩვენებურ გაბღენძილ მინისტრებს, მათ სამინისტროებში მონებივრე მათსავე ახლობელ-ნათესავებს, „ბიზნესმენებად“ სახელდებულ ფეოდალებს და „პროფესორებად“ წოდებულ თაღლითებს დღემდე ვერაფერი შევასმინე…
რაღა ბევრი გავაგრძელო – კონსტანტინე ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, „კარგი მწერალი“, – მისი წიგნები ბედისწერად გადამექცნენ.
და როდესაც „ლოკოკინას ვიწრო სარბიელზე“ სულშეხუთულს, უბადრუკი ყოველდღიურობით ნერვებდაწყვეტილს სულის მოთქმა მომენატრება, ისევ კონსტანტინეს და მის წიგნებს მივმართავ ხოლმე – იქ მეგულებიან მოხეტიალე მარტოსულები, თავზეხელაღებული დარდიმანდები, ნაბდით დაჭედილი ბედაურები, ჩაუქი ვაჟკაცები, მწყაზარი ქალები, სევდით გულგასენილი რაინდები, სიბრძნის ოსტატები და სულიერი მოძღვრები, დიდი ქალაქის ქუჩები, პატარა სოფლის თემშარები, ვრცელი ქვეყნები, დიდი სინათლის ჩქერალები და სიბრძნის თვალშეუდგამი ტაძრები – სიჭაბუკის სიზმრები და იდეალები.
* * *
ვგრძნობ: ცოტა არ იყოს, პათეტიურად ვწერ. ალბათ კონსტანტინესგან თუ ვისწავლე „ოდნავ პათეტური, აწეული ტონი თხრობისა“. ჩვენს დროში პათეტიკას ისე უყურებენ, როგორც სასაცილო ატავიზმს.
კონსტანტინეს სულის „დიდმა მდუღარებამ“ ვერ იგუა ცალყბა სატირა, ვერც „ბანალური რეალიზმი“. მისი რომანტიული პათოსი თავს იჩენს არა მხოლოდ რომანებსა და ნოველლებში, არამედ წერილებსა და ესსეებშიაც. იმავდროულად იგი ფხიზელი რაციონალისტია და სერიოზული მოაზროვნე – ვის მაღალ შუბლზეც მაღალი დაფიქრებაა აღბეჭდილი.
რომანტიული შემართება და, იმავდროულად, ფხიზელი რაციონალიზმი – ეს ორი მომენტი შეადგენდა მისი ხასიათის დვრიტას.
ახალი თაობისთვის რომანტიზმი საყმაწვილო სენივით იყო – სიჭაბუკეშივე მოიხადეს და შემდეგ ზოგი რეალისტად იქცა, ზოგი ირონისტად, ზოგი ცინიკოსად, ბევრმა მათგანმა საერთოდ ლიტერატურაზე აიღო ხელი და სხვა საქმეს ეწია.
კონსტანტინე სიბერეშიც „გაუსწორებელ“ რომანტიკოსად დარჩა. არა მხოლოდ რომანტიზმი, ჭაბუკური შემართება და პოლემიკური პათოსიც ბოლომდე შეინარჩუნა. „რა სათქმელია, კოკა წყალზე უნდა გატყდეს; მართალია, მე იუბილე გადამიხადეს, რითაც დიდი პატივი დამდეს ჩვენმა ხალხმა და მთავრობამ, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას, ამ საქმეში არავის დავზოგავ. რაც შეეხება მტრობას, რომელსაც მე თქვენგან დიახაც მოველი, იგი ვერას დამაკლებს“ – სწერდა სამოცდაათს გადაცილებული კონსტანტინე გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორს.
მისი ხასიათი მეტ-ნაკლებად გადაეცათ მისსავე გმირებს. სავარსამიძე ბევრი რამით მოგვაგონებს ახალგაზრდა კონსტანტინეს (თუმცა თვითონ ამბობდა „სავარსამიძის ცოდვებს მე ნუ ამკიდებთ, ჩემიც მეყოფაო“); მათ შორის, გარეგნობითაც: გამომეტყველება – დრამატიული, თვალები – რომანტიული, ნამარხულევი, ტანმორჩილი, „ქართულ სატევარსავით ბასრი და წვეტიანი“.
ევროპაში მოგზაურობის დროს თან დავატარებ ხოლმე „დიონისოს ღიმილის“ 1991 წლის გამოცემას (რედაქტორი – ზვიად გამსახურდია). ნოსტალგიას და უცხოობაში ყოფნის სიმძიმილს მაშინაც ამ წიგნით ვიქარვებდი და თავს ვიმხნევებდი. როდესაც სტიპენდია შემომეხარჯებოდა ხოლმე და შიმშილი ხელს დამრევდა, პარიზის ქუჩებში მოხეტიალე მშიერი აზნაური მახსენდებოდა:
„სადილის ფული მოვიგე ტირში. გავთამამდი. ყველაფერი წავაგე. მესამე დღეა – მშიერი დავყიალობ… შინ ვერ ვჩერდები (ჰოტელის რესტორნიდან საჭმლის სუნი ამოდის). დავყიალობ ქუჩებში. ბონოპარტეს მოედანს მივაღწიე. შუბლზე ხელს ვიდებ, სიცხე მაქვს. მივრბივარ, მუხლი მეკეცება, ცხოველურმა შიშმა შემიპყრო. ძლივს მივაღწიე ბონოპარტეს კოლონას, ორივე ხელებით მოვებღაუჭე (დიდი კაცი გაქვავებულიც სანუგეშო ყოფილა!)“
სავარსამიძის ბიოგრაფიას აგრძელებს თარაშ ემხვარი, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მეტად დახვეწილია: დიდგვაროვანი, ტანმაღალი, მხარბეჭიანი, დარდიმანდი, სპორტსმენი, პიანისტი და ასე შემდეგ. თარაში უფრო განზოგადებული სახეა და არა მხოლოდ ავტორის, არამედ ქართული არისტოკრატიის მთელი თაობის ტრაგედიას გამოხატავს.
კონსტანტინეს 20-იანი და 30-იანი წლების შემოქმედება გამოირჩევა გასაოცარი დინამიურობითაც, შეუდარებელ ოსტატობას იჩენს იგი მოგზაურის, მიმავალის, მორბენალის, მოჯირითეს, მიმქროლავის, გამოსახვაში. ნახეთ, როგორი ექსპრესსიით აღწერს ცხენის ჭენებას:
„მიჰქროდა არაბია. ეალერსებოდა არზაყანს სახეზე გამსჭვირვალე ეთერი და ამ თავაწყვეტილ ქროლვაში განქარდა წინა დღეების სიმძიმილი. გადაულახავი, ძლიერი, გაზულუქებული ახალგაზრდული ენერგია შეჰხაროდა აპრილის ვარვარა მზეს და ველების მშვენებას, ხოლო არაბიას იგი არ განიცდიდა ამ წუთში, როგორც რაიმეს, თავის გარეშე არსებულ სულიერს, არამედ, როგორც დაუზოგველად მიმქროლავ, ფრთაშესხმულ სიჭაბუკის განუყრელ ნაწილს.“
„დიონისოს ღიმილი“ და „მთვარის მოტაცება“ – ჩემთვის კონსტანტინე, უწინარესად, ამ ორი წიგნის ავტორია. მათ დაიტიეს ახალგაზრდული თავგადასავლები და ამბოხებული სისხლის მისტერიები. თარაშ ემხვართან ერთად მწერალი, თითქოს, თავის სიჭაბუკესაც გამოეთხოვა. „დიდოსტატის მარჯვენა“ უკვე დაბრძენებული, დაღვინებული კაცის დაწერილია, ხოლო „დავით აღმაშენებელი“ თავგამეტებული შრომის ნაყოფი უფროა, ვიდრე მხატვრული წარმოსახვისა.
შემდეგ იყო აკადემიაში არჩევა, პრეზიდიუმის წევრობა, იუბილე, „ცოცხალი კლასიკოსად“ წოდებული, ხალხის დიდი სიყვარულით გარემოსილი და ხელისუფლებისგანაც, ბოლოს და ბოლოს, ასე თუ ისე დაფასებული უკვე ხანდაზმული მწერლის არც თუ უდრტვინველი ყოფა (სიბერე ჩაუმწარა ვაჟის არაერთხელ დაპატიმრებამ, მეუღლისა და ქალიშვილის გარდაცვალებამ).
მომავალ თაობებსაც ასეთი დაამახსოვრდათ: შავჩოხიანი, მაგრამ ორდენოსანი, სახედაღარული, მაგრამ წელში გამართული მოხუცი, სევდაჩამდგარი, მაგრამ მტკიცე მზერით.
სხვა იყო ახალგაზრდა კონსტანტინე: დაუდგრომელი, მეამბოხე, უკომპრომისო; იქით „რაპპელებს“ ებრძოდა, აქეთ „ცისფერყანწელებს“, ცალკე ისაკ ჟვანიას და სამეგრელოს ავტონომიის ინიციატორებს. 20-იან წლებში ქართველი მწერლებიდან თუ ვინმეს ეთქმოდა დისიდენტი, უპირველესად – კონსტანტინეს. 1921 წლის თებერვალში ლენინს მიმართა საპროტესტო წერილით, ხოლო 26 მაისს ქართველ ხალხს – სიტყვით. მწერალთა კავშირშიც არაერთხელ გამოსულა საპროტესტო სიტყვებით; ყველაზე მძაფრი იყო 1926 წლის გამოსვლა, რისთვისაც ბოლშევიკებმა მესამედ დააპატიმრეს.
„გერმანიის სასარგებლოდ შპიონაჟის“ ბრალდებით სოლოვკაში გადასახლება ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, თუმცა არც პატიმრობიდან დაბრუნებულს დაუშლია თავისი: ერთ ხანს დემონსტრატიულად დადიოდა ჩრდილოელი პატიმრის ქურთუკით, ხოლო ახალგაზრდობაში დამკვიდრებული ჩვეულება – ეროვნული გლოვის ნიშნად შავი ჩოხით სიარული სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშლია.
ჩოხა მისთვის არა მარტო ეროვნული სიმბოლო იყო, არამედ ესთეტიური ფენომენიც: ჩოხის ესთეტიკას მიუძღვნა „დიონისოს ღიმილის“, „მთვარის მოტაცების“ და „ტაბუს“ არაერთი პასსაჟი. კოსტჲუმსაც არანაკლებ იხდენდა, ჰალსტუხსაც ხშირად იკეთებდა. კოსტჲუმი და ჰალსტუხი მოგვიანებით გადაიქცა ბჲუროკრატიის სიმბოლოდ; 20-იან წლებში პირიქით – ინტელიგენტობასთან ერთად ავანგარდულობის, ექსტრავაგანტულობისა და შაბლონური „კიტელის“ წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა.
ალბათ ჰალსტუხის ესთეტიკაც გერმანიაში შეითვისა ისევე, როგორც შრომის დისციპლინა, წესრიგი, პუნქტუალობა, სიმკაცრე და სერიოზულობა. გრიგოლ რობაქიძისადმი მიძღვნილ ესსეში ვამბობდი – „გერმანული გარემო შთამაგონებლად მოქმედებდა ქართველ სტუდენტებზე, რადგან გერმანელებს აქვთ ის, რაც ჩვენ გვაკლია“-მეთქი. კონსტანტინესთვის გერმანია იყო უდიდესი შთაგონების წყარო. გოეთეს ქვეყანაში მიიღო მისმა გონებამ „დიდი სინათლე“, ახალგაზრდობიდანვე მისი ცხოვრება ამ ქვეყანას დაუკავშირდა. ეს კავშირი ლამის საბედისწერო გამოდგა კონსტანტინესთვის, მაგრამ „ღმერთთან მორკინე“ ქვეყნის და მისი საუკეთესო შვილების მიმართ სიყვარული ბოლომდე შეინარჩუნა.
ალბათ ესეც ბედისწერა იყო: პეტერბურგში ჩასულმა სამხრეთელმა სტუდენტმა იქაური ჰავა ვერ იგუა, არც სწავლას დაანება თავი და მახლობელ კჲონიგსბერგში გაემგზავრა. კანტის მშობლიური ქალაქი, შემდგომში „კალინინგრადად“ ქცეული, მაშინ გერმანიის აღმოსავლეთს წარმოადგენდა. აქედან დაიწყო კონსტანტინეს ევროპული ოდისეა: თავიდან გერმანიის დიდ ქალაქებში მიმოდიოდა, იქაურ უნივერსიტეტებში სწავლობდა, შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა, იქედან საფრანგეთში, ბოლოს რომშიც იმოგზაურა.
რუსეთის და ყოველივე რუსულის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, რაც ასე გამოარჩევდა თანამოკალმეებისგან: „თერგდალეულებმა“ განათლება რუსეთში მიიღეს, „ცისფერყანწელები“ და შემდგომი თაობები უცხოურ ლიტერატურას რუსული თარგმანებით ეცნობოდნენ. ევროპული კულტურა საქართველოში რუსეთის გზით შემოდიოდა. თვით გრიგოლ რობაქიძე – საქართველოდან ევროპული კულტურისკენ ხიდის გამდები – რუსული გავლენისგან ბოლომდე თავისუფალი არ ყოფილა.
კონსტანტინე რუს მწერლებს ჯეროვნად აფასებდა, მაგრამ რუსული გავლენისგან ქართული კულტურის გათავისუფლებას ესწრაფვოდა. 1921 წლის შემდეგ რუსული ექსპანსიის საკითხი უფრო გამწვავდა. ევროინტეგრაციისა და დეოკუპაციისთვის თავგამოდებული ჩვენი არაერთი თანამედროვე და თანამემამულე დღესაც რუსეთის ინტელექტუალურ და კულტურულ ტყვეობაშია. კონსტანტინე მაშინაც გაბედულად ქადაგებდა რუსეთის ინტელექტისმიერი ვასალობიდან გათავისუფლებას.
დღეს ახალ თაობებს უკვე აღარ აკმაყოფილებთ რუსული თარგმანები, ისინი დასავლური კულტურის ორიგინალში გაცნობას ესწრაფვიან. ამ გზაზე მათ საუკეთესო მეგზურობას გაუწევს კონსტანტინე – ვინც ქართველ მკითხველს უშუალოდ და უშუამდგომლოდ გააცნო ევროპული ლიტერატურის არაერთი გიგანტი, ორიგინალიდან თარგმნა დანტე, გოეთე, უიტმენი, რემარკი და სხვანი, ევროპიდან საქართველოში ჩამოიტანა დიდი სინათლე.
საბჭოური შეზღუდულობის პირობებში, დასავლური და, კონკრეტულად, გერმანული ფილოსოფიისა და ლიტერატურის ცოდნის გარეშე ძნელი იყო კონსტანტინეს ადრეული ნოველების, ესსეების, აგრეთვე „დიონისოს ღიმილის“ ჯეროვანი შესწავლა და გააზრება. ამას ერთვოდა მწერლის წინააღმდეგ ათწლეულების მანძილზე გაჩაღებული პროპაგანდა. იგი ახალი მასშტაბით გაიშალა კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, 90-იან წლებში, როგორც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული იდეოლოგიური ლაშქრობის ნაწილი, და დღემდე გრძელდება.
უცნაური ბედი ერგო კონსტანტინეს: პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში დაატყვევეს, როგორც რუსეთის ქვეშევრდომი; ათიოდე წლის შემდეგ ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, როგორც „გერმანიის ჯაშუში“. ჯერ ბაგრატიონების აპოლოგეტობას საყვედურობდნენ, შემდეგ ერეკლე მეორის მიმართ უპატივცემულობას სწამებდნენ. სიცოცხლეში „კონტრრევოლუციონერად“, „ხალხის მტრად“ და „ბურჟუაზიის აგენტად“ აცხადებდნენ, გარდაცვალების შემდეგ „კა-გე-ბეს“ აგენტობა დასწამეს. 20-იან წლებში „ბნელეთის მოციქულობას“ და „კლერიკალობას“ აბრალებდნენ, ახლახანს კი უნიკალური ტერმინი – „მართლმადიდებლობის მტერი“ უწოდეს.
ეს ყოველივე დიახაც აბრკოლებდა კონსტანტინეს შემოქმედებისა და მოღვაწეობის ჯეროვან შესწავლა-შეფასებას. გასულ საუკუნეში მის გარშემო ხელოვნურად შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო ბოლომდე ჯერაც არ გაქარწყლებულა.
„თუ ჩემს ცხენს მიშველება დასჭირდა, დაე, იგი ნურც მისულა ჰელომდის!“ – ამბობდა კონსტანტინე. მიშველების რა მოგახსენოთ, მაგრამ არაერთი დაბრკოლება და ზღუდე კი შეუქმენს სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც, თუმცა მისი „გულის სისხლით დაწერილი“ წიგნები ყოველგვარ ზღუდეებს ლახავენ, მკითხველის გულამდე მისასვლელ გზაზე ხელოვნურად აღმართულს. (ხშირად იმეორებდა ნაპოლეონის სიტყვებს: „დაბრკოლებანი იმადაც არსებობენ, რომ ისინი გადალახულ იქნან“).
მისი წიგნები კვლავაც მოელიან მომავალ თაობებს, ვინც ჯეროვნად შეაფასებს დიდი მწერლის კოლოსალურ მემკვიდრეობას: რომანებს, ნოველლებს, ესსეებს, პუბლიცისტიკას, გამოსვლებს, ლექსებს და თარგმანებს.
ამიტომაც მგონია, რომ კონსტანტინე გამსახურდია მომავლის მწერალია.
* * *
ორიოდე სიტყვა ფერმეტყველების გამო: ამ მხრივ კონსტანტინე გამორჩეულია ქართულ მწერლობაში.
იგი წლების მანძილზე მუშაობდა გოეთეს არქივში, ვაიმარელ ბრძენს მიუძღვნა რომანი, ესსე და ვრცელი მონოგრაფია; კარგად იცნობდა გოეთეს „ფერთა მოძღვრებას“ (Farbenlehre). ალბათ ამან თუ გაუმახვილა ყურადღება ფერებისადმი. სტუდენტობისას ლექსიც დაუწერია: „ფერადი, ფერადი, პოეტო, ფერადი…“
დიდი ინტერესით ათვალიერებდა ევროპის მუზეუმებში გამოფენილ დიდ მხატვართა ნამუშევრებს. ლუვრი ისე კარგად სცოდნია, რომ ლადო გუდიაშვილიც გაუოცებია.
კონსტანტინეს მიერ აღწერილი ლანდშაფტები, სცენები, პეიზაჟები და სურათები ნაირფერად ელავენ და დიდ მხატვრულ ტილოებს გვაგონებენ. აქ ერთიმეორეს ენაცვლებიან:
სინგურისფერი, მოლაღურისფერი, ქლიავისფერი, კარაქისფერი, ქვიშისფერი, ჟანგისფერი, თაგვისფერი, ხვლიკისფერი, წყლისფერი, ნავთგარეულ წყლისფერი და სხვანი და სხვანი.
განზრახ ერიდებოდა შაბლონურ ფერებს და გამოთქმებს, ამიტომაც სწამებდნენ „ხელოვნურობას“ და „გაუგებრობას“ ისინი, ვისაც გემოვნება, ალღო და ენის ცოდნა არ ჰყოფნიდათ.
ამგვარი „კრიტიკის“ პასუხად ამბობდა: „არც მომეტებული პოპულარობის წყურვილი, არც ჩემი ლიტერატურული ოპოზიციის შეძახილი არაოდეს მაიძულებს მდარე გემოვნების ხარისხზე ჩამოსვლას.“
* * *
გარეგნულად მკაცრი და პირქუში სჩანდა. იქნებ განზრახ ცდილობდა, ასეთად გამოჩენილიყო და დემონური პიროვნების იმიჯი შეექმნა. ფოტოგრაფებისთვისაც უთქვამს: გაღიმებულს და გაცინებულს სურათი არ გადამიღოთო. ალბათ უნდოდა, შთამომავლობის თვალშიც „მწუხარე სახის რაინდად“ დარჩენილიყო.
მძიმე ქარიშხლების გადამტანს მძიმე ხასიათი ჩამოუყალიბდა; „ფიცხი, მკვახე, ირონიული“. თვითონაც ამჩნევდა ამას და ერთგვარი სინანულით აღნიშნავდა: „ჩემი ცხოვრების გრიგალებმა გამაბოროტეს და გამაუხეშეს, თორემ მანამდის ჩემგან ხმააწეული ლაპარაკიც არვის სმენია“.
შინაგანად საკმაოდ სენტიმენტალური იყო, თუმცა გარეგნულად ამას არ (ან ვერ) გამოხატავდა. „ჩემივე გმირების უბედურებას არაერთხელ ავუტირებივარო“ – თვითონვე აღიარებდა.
გარეგნული სიმკაცრე და სიპირქუშე ბოლომდე ვერ ფარავდა მოყვარულ გულს: ახლობელ-ნათესავთა გარდა დიდი და წრფელი სიყვარულით უყვარდა: თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი, საბა ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე, გოეთე და ნიცშე, სიყვარულით და სინანულით იგონებდა გალაკტიონს; სიკვდილის წინ თურმე მათ ესიტყვებოდა, ლანდების სამყაროში გადასული.
დიდმა სიყვარულმა გააწევინა დიდი შრომა და გადაატანინა დიდი ტკივილები. ამიტომაც იმეორებდა:
„დიდ არს ძალი სიყვარულისაჲ, რომელი მორჩილჰყოფს გონებასა შეკადრებად შეუკადრებელთაცა“.
გიორგი მესხი
ბერლინი, 2014 წ. 15 მაისი