სკოტ ლინჩი – ლოკი ლამორას ტყუილები
სახელწოდება: ლოკი ლამორას ტყუილები
ავტორი: სკოტ ლინჩი
ციკლი: ჯენტლმენი ნაძირლები
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2006
შეფასება Goodreads-ზე: 4.29/5
ცეცხლი და მახვილი, მაგია და ჯადოქრობა, დრაკონები, ტროლები და გობლინები, სისხლიანი ორთაბრძოლები და წინასწარმეტყველებით განსაზღვრული მეფეთა ჯახი, – ეს იმ თემების მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც მე-20 და 21-ე საუკუნის ფენტეზი ჟანრში ვხვდებით. შესაბამისად, დღესდღეობით უკვე ძნელადღაა წარმოსადგენია წიგნი, რომელსაც პრეტენზია აქვს იდგეს ჯორჯ მარტინის, გლენ კუკის, ანდჟეი საპკოვსკის და სხვათა გვერდით მასში გამოყენებული ტრადიციული რასების, მაგიის სისტემების და შუა საუკუნეების დროინდელი ფეოდალური ელემენტების გარეშე. თუმცა, არსებობს გამონაკლებიც და ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო გამონაკლისი ამერიკელი მწერალი სკოტ ლინჩია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი სერიის მოქმედება პოსტ რენესანსული ვენეციის ტიპის ქალაქ-სახელმწიფო, კამორაში გადაეტანა, მთავარ გმირებად კი ადგილობრივი ქურდები გამოეყვანა.
“ლოკი ლამორას ტყუილები” – გაგიკვირდებათ და მთავარ გმირ ლოკი ლამორას შესახებ მოგვითხრობს, რომლის ნამდვილი სახელი და გვარიც ბოლომდე უცნობი რჩება. (თუ…???) წიგნი იწყება თავით სახელწოდებით – ‘ბიჭი რომელიც ბევრ იპარავდა’ და პირველივე თავში ვეცნობით პატარა ლოკის, რომელიც მასზე მაღლა მდგომ ჩინოვნიკთა ვაჭრობის უბიექტია და საბოლოოდ სხვა მისნაირ უპატრონოებს მამაო ჩეინსთან შეუერთდება. ჩეინი ბავშვების გარისტა, ანუ მეთაურია და გარდა მათი აღმზრდელ-მასწავლებლისა, უმაღლესი რანგის ქურუმიც არის, რომელიც მეცამეტე ღმერთს ემსახურება. ლინჩის სამყაროში ადამიანებს თორმეტი ღმერთის სწამთ, ჩეინსის თქმით კი არსებობს მეცამეტეც – ქურდების ღმერთი, რომელიც მათი მფარვალი იქნება. ლოკი ბავშვობიდანვე ითვისებს ქურდობის, მათხოვრობის და ყალთაბანდობის ტექნიკას და ყველასდა გასაოცრად უმაღლეს შედეგებსაც აღწევს. მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქურდობა იმდენად აქვს გასისხლხორცებული, რომ კამორას დაუწერელ კანონებსაც ხშირად არღვევს. ამ კანონებს კი ერთი მხრივ კრიმინალური დაჯგუფებები, მეორე მხრივ კი ქურდები და დიდგვაროვანი ფეოდალები ადგენენ. არსებობს ისეთი წესები, როგორიცაა, მაგალითად: ‘არასდროს დაესხა თავს ყვითელპიჯაკიანს (აქაურ გვარდიელებს და მცველებს)’, ‘არასდროს მოიპარო მონიშნული ტერიტორიიდან’ და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი ‘მონიშნული’ ფუნდუკში ხანძრის გაჩენით მთავრდება და ერთადერთი, რაც ლოკის სიცოცხლეს გადაარჩენს, ის არის, რომ ფერფლად ქცეულ შენობაში ვერავინ ხვდება ვინმემ თუ რამე მოიპარა.
საინტერესოა, რომ წიგნი ორ ძირითად კალაპოტს მიჰყვება. ერთი – აწმყო, უკვე გაზრდილი ლოკი თავის კოლეგა-მეგობრებთან ჯინთან, ტყუპებთან და ‘ხოჭოსთან’ ერთად, რომლებიც ხან ერთ ჰერცოგს ძარცვავენ და ხან მეორე ჰერცოგთან შეთანხმებით ნაცრისფერ მეფეს უპირისპირდებიან. ინტერლუდების სახით კი ლოკის ბავშვობაა მოთხრობილი. მომენტებში ლინჩი ოდნავ ზედმეტად მოწადინებულიც კია სრულად გაგვაცნოს ლამორას წარსული, რაც წიგნის მუხტს და ენერგიას ადგილ-ადგილ აგდებს, თუმცა შედეგად ვღებულობთ იდეალურად განვითარებულ სტრუქტურას და ლოგიკურად მიწყობილ სიუჟეტს. ლინჩი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი რომანია, არ ერიდება ისეთ საბედისწერო და მკაცრ ნაბიჯებს, როგორიც საყვარელი პერსონაჟების დახოცვაა და თან ამას იმდენად მოულოდნელად აკეთებს და ეპიზოდებსაც ისე სწრაფად და ტექნიკურად ცვლის, რომ გაბრაზებასაც ვერ ასწრებ. შინაარსობრივად, აშკარად იგრძნობა, რომ მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ატმოსფეროს და სიტუაციისა, ლინჩის მწერლობა განიცდის რობერტ ჯორდანის და ჯორჯ მარტინის გავლენას. მიუხედავად ამისა, ლინჩი მაინც იმ ახალგაზრდა ფანტასტთა რიგებშია, რომელსაც დღესდღეობით პატივცემული როტფუსი უდგას სათავეში და რომლებიც პირველ რიგში თავიანთი წერის სტილის მელოდიურობით გამოირჩევიან.
წერის სტილი იქეთ იყოს და სანამ მსუქანი კაცი იმას გადაწყვეტს, თუ როდის გვახაროს მეფის მკვლელის მესამე დღის შესახებ, თავს ტრადიციულად Goodreads-ის შეფასებებით ირთობს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ინტერესდება თანამედროვე ფანტასტებით. ლოკი ლამორას პირველი წიგნის შესახებ როტფუსი წერს:
“ადრე, მაშინ როცა პირველად გამომცეს, ხალხი ხშირად ავლებდა პარალელებს ჩემსა და სკოტ ლინჩს შორის. ძირითადად სენტიმენტალური შეფასებები ამგვარად გამოიყურებოდა – ‘პატ როტფუსი ახალი სკოტ ლინჩია!’ საქმე ის არის, რომ ლოკი ლამორას ტყუილები ჩემ პირველ წიგნამდე ზუსტად ერთი წლით ადრე გამოიცა და ესეც სკოტის პირველი რომანი იყო მის ფენტეზი სერიაში. მის მიერ დახატული სამყარო იყო ძალიან რეალისტური და მსუყე და თავისი სიკარგით ყველას ყურადღებას იქცევდა.” – შემდეგ როტფუსი ყვება თუ როგორ გაატარებინა უძილო ღამეები ლინჩის თხრობამ და როგორ მოეწონა ლამორას ისტორია. არც იმის თქმას თაკილობს თუ რა სხვაობაა მის და ლინჩის წიგნებს შორის, ბოლოს კი თავისებურად ასრულებს – “მოკლედ რომ ვთქვა: როცა პირველად გამომცეს, ცოტა არ იყოს გამაღიზიანა სკოტ ლინჩთან შედარებამ. ახლა კი ვხდები, თუ რამხელა კომპლიმენტი მიმიღია ამით.”
გარდა უზადო ხელოვნებისა – მოატყუოს და გააცუროს ყველა და ყველაფერი, ლოკი ლამორა დიდებული მსახიობიცაა. ლინჩის სამყარო სავსეა მეჯლისებით, ბალ-მასკარადებით და ჭრელად მორთული ჰერცოგებით, ჰერცოგინებით და მათი საზეიმო მიღებებით. ამ შემთხვევაში ერთ დროს უპატრონო ლოკი, რომელიც ლუკმა პურის საშოვნელად კამორას ბინძურ ქუჩებში დარბოდა, ახლა ლუკას ფერვიტის სახელით წარმატებულად არის გარეული მაღალი წოდების ხალხში.
მოკლედ, ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია – სავსე იუმორით, ინტრიგებით, ტექნიკურად გამართული სიუჟეტით და ფენტეზი ჟანრისთვის ძალიან განსხვავებული გარემოთი, რომელიც ძნელია, არ მოგეწონოს. ის ტკბილხმოვანება, რომელიც ლოკის ისტორიას თან სდევს, აუცილებლად საყვარელ პერსონაჟად გახდის ნებისმიერი მკითხველისთვის გაიძვერა ობოლ ლამორას.
ლინჩი ახერხებს ოსტატურად შერწყას წარსული არმწყოსთან, სიღარიბე სიმდიდრესთან, მკაცრი მორწმუნეები ერეტიკოსებთან და ეს ყველაფერი ჭკუით და ცხოვრებისეული სიბრძნით სავსე პერსონაჟებით წარმოადგინოს. ‘ნაძირლების’ სერია ერთ-ერთი მიმდინარე ფენტეზი ქრონიკაა, რომლის მეოთხე ნაწილიც სულ ახლახანს გამოვიდა და შეფასებებით უკვე გადაუსწრო წინა ნაწილებს. რაც ყველაზე საინტერესოა, პირველი წიგნი სრულდება მოქმედების ლოკაციის ცვლილებით და ‘ნაძირლების’ ღია ზღვაში გასვილთ. აქ კი უკვე მეორე წიგნი – ‘წითელი ზღვა წითელი ცის ქვეშ’ იწყება.
ავტორი: ირაკლი სულაძე