განხილვალიტერატურაწიგნები

რობერტ ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“

დროში მოგზაურობის მექანიზმის გამომგონებელმა პროფესორმა თავისი სტუდენტი ლეონარდ ვინსენტი 500 წლით დროში სამოგზაუროდ გაუშვა (წარსულში ან მომავალში).* * *ჰაინლაინის „კარი ზაფხულში“ ერთი ხელის მოსმით დაწერილი ნაწარმოებია. ამ ფაქტმა კი ნაწარმოების ორი შესამჩნევი მახასიათებლის სასიამოვნო სინთეზი შექმნა: მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის ეს წარმომადგენელი სწრაფად იკითხება და მკითხველს დროში მოგზაურობის ფენომენის (ფსევდო)მეცნიერული ახსნა-განმარტებების გარეშეც არ ტოვებს. მიუხედავად სათაურისა, „კარი ზაფხულში“ არ არის ის წიგნი, რომელიც შეძლებს და, ბრედბერის „ბაბუაწვერას ღვინის“ მსგავსად, წელიწადის ამ დროის მუდმივი თანამგზავრი გახდება მკითხველის ცნობიერებაში. სამაგიეროდ, წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია დაივიწყოთ კატა, სახელად პეტრონიუს არბიტერი, რომელიც… ეს კატა ცალკე აბზაცს იმსახურებს, ამიტომ ქვემოთ დავუბრუნდებით.
მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი Predestination, რომელიც ჰაინლაინის მოთხრობის All You Zombies-ის ადაპტაციაა, ფართო მასებმა იხილეს დროში მოგზაურობის თეორიული პრობლემები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე. „კარი ზაფხულში“ მიზნად არ ისახავს ასეთი პრობლემების კიდევ უფრო კომპლექსურ ილუსტრაციას ან განმარტებას (თუმცა, საინტერესოა „უგვირგვინო გენიოსი“ პროფესორის მიერ მონეტებზე და ზღვის გოჭებზე ჩატარებული ექსპერიმენტები). ნაწარმოებში დროში მოგზაურობა არის მთავარი გმირის პირადი პრობლემების მოგვარების საშუალება. 
რა მოხდებოდა, თუკი ვლადიმერ ნაბოკოვის ჰუმბერტ ჰუმბერტი ისეთ ხანაში იცხოვრებდა, რომ სადაზღვეო კომპანიები კრიოგენული გაყინვის მომსახურების შემოთავაზებას დაიწყებდნენ? მას აღარ მოუწევდა იმაზე ნერვიულობა, რომ ლოლიტასთან ურთიერთობა შეიძლება პედოფილიად შეერაცხათ. მთავარი გმირი, რომელიც თაღლითმა საცოლემ და არასანდო ბიზნესპარტნიორმა გაკოტრების მდგომარეობამდე მიიყვანეს, სწორედ ამ გზას მიმართავს, რათა მომავალში პატარა რიკისთან ერთად ცხოვრება შეძლოს. ასაკობრივად განსხვავებული ადამიანების ურთიერთობის პრობლემის მოგვარების ასეთი რიპ ვან ვინკლისეული მეთოდი ნამდვილად საინტერესოა, თუმცა თავად მეთოდი არასრულყოფილია.
მეთოდის არასრულყოფილება განპირობებულია იმით, რომ დროში მოგზაურობის უნარი არ არის მთავარი გმირის გენეტიკური ან ზებუნებრივი უნარი, როგორც, მაგალითად „პეპლის ეფექტში“ ან ოდრი ნიფენეგერის ნაწარმოებში „დროში მოგზაურის ცოლი“. ის დამოკიდებულია მეცნიერებაზე. კრიოგენული გაყინვა მომავალში მოგზაურობის პრიმიტიული საშუალებაა. მომავალში არსებული დროში მოგაზურობის მექანიზმი კი არ არის საკმარისად განვითარებული, რათა შეძლოს დროის მიმართულების განსაზღვრა (წარსული ან მომავალი). ჰაინლაინს დიდი დოზით მოუწია ფსევდომეცნიერების გამოყენება: მთავარი გმირი აწყობს საყოფაცხოვრებო საქმიანობის შემსრულებელ უნივერსალურ რობოტებს, ჰაინლაინი გვაწვდის მათი ტექნიკური აგებულებისა და სხვადასხვა მათემატიკური პრობლემების გადაჭრის გზას, მაგრამ ეს ყველაფერი არადამაჯერებელია, ზედმეტად მარტივია ჰაინლაინის სამყაროსთვის. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის თეორემები ნაწარმოების მთავარი თემა არ არის. ეს რომანტიკული სამეცნიერო ფანტასტიკაა. 
ნდობის დაკარგვა ნაწარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემატიკაა. ადამიანური ურთიერთობები განსაკუთრებით დეფიციტურია მომავალში – ავტომატიზებულ საზოგადოებაში. მთავარი გმირი აღარავის ენდობა, ის ხვდება, რომ „აზრი არ აქვს, რამდენჯერ დაიწვავ თითებს, ადამიანების ნდობას ვერ გაექცევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოქვაბულში მცხოვრებ განდეგილს დაემსგავსები, რომელსაც ცალი თვალით ძინავს“. მთავარმა გმირმა ბევრჯერ „დაიწვა თითები“, თუმცა ადამიანთა ნდობის იმედს მაინც არ კარგავს, ის ოპტიმისტია, რომელიც მომავლისკენ იყურება, უფრო სწორად წარსულისკენ, სადაც პატარა რიკი ელოდება, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ენდობა.
აქ კი ბოდიში უნდა მოვუხადოთ პეტრონიუსს, რადგან მთავარი გმირი მას ყველაზე მეტად ენდობა. პეტრონიუსი თავზეხელაღებული ცხოვრების მოყვარულია, უფრო სწორად, ასეთი ხდება, როცა აბრაზებენ. პატრონის ჩანთაში მოკალათებული, ჩუმად მიირთმევს ხოლმე სასადილოებში ჯანჯალაფიან ელს, „საუბრობს“ პატრონის პრობლემებზე, ორთაბრძლებში იწვევს კატებს და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებსაც, უცხო ადამიანებს, რომლებიც რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ. სწორედ პეტრონიუსი ეძებს კარს ზაფხულში, რადგან არ უყვარს თოვლი. 11-კარიანი ფერმის სახლის თითოეულ კართან იმ იმედით მიდიოდა, რომ, მიუხედავად თოვლისა, ერთ-ერთი კარი მაინც გაიყვანდა ზაფხულში. პეტრონიუსი იმედით უყურებს ცხოვრებას, მის პატრონსაც გაუმართლა, რომ ასეთი ოპტიმისტი ძმაკაცი ჰყავს. მათ საერთო მიზანი აქვთ, მთავარი გმირი კრიოგენული გაყინვით, რომელიც ძალიან ჰგავს ზამთარს, ნათელი მომავლსიკენ მიისწრაფვის, პეტრნიუსსაც იგივე სურვილი აქვს. მას ზამთარი არ უყვარს. „კარი ზაფხულში“ ერთგვარი იმედი, რეი ბრედბერისეული „ბედნიერების მექანიზმია“.
ნაწარმოებში კარგად არის ასახული ის ხელოვნური დაბრკოლებები, რაც ადამიანს შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებაში უშლის ხელს. იურიდიული პროცედურები, ფინანსები, ხელშეწყობის არქონა და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა კი გენიოსის კონცეფციებსა და მისი მოღვაწეობის დროს შორის წინააღმდეგობრიობაა. გამომგონებელი „საჭირო დროს“ უნდა დაიბადოს. ლეონარდო და ვინჩის ნახაზების უმრავლესობის განხორციელება მის დროს შეუძლებელი იყო, რადგან ისინი დროს უსწრებდნენ. რატომ?* * *შეიძლება იმიტომ, რომ პროფესორის სტუდენტი ლეონარდ ვინსენტი მომავლის ნაცვლად წარსულში აღმოჩნდა და…

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

ასევე იხილეთ
Close
Back to top button