ამონარიდებიწიგნები

კონსტანტინე გამსახურდია “ჯოჯოხეთად ჩასვლა კონსტანტინე სავარსამიძისა“

კონსტანტინე გამსახურდია, „დიონისოს ღიმილი“ [1924/25]: „52. ჯოჯოხეთად ჩასვლა კონსტანტინე სავარსამიძისა“.

„მარმარილოს ტახტზე ღაწვმაღალი, ყვითელ ეპოლეტებიანი მონღოლი იჯდა. ფართე, განზე გამდგარი ყვითელი ყურები ქონდა. ყურებიდან თელგამი მოსდიოდა. თავჩაქინდრული ყვინთავდა. ვხედავ: თავზე ჩრდილოეთის მეფის გვირგვინი აქვს, მუხლზე ორთავიანი არწივი უზის. ერთ თავზე ბაგრატიონის გვირგვინია! გვირგვინში – თამარის ალმასი!

„სლანსკი!“

დავუყვირე მე, და ჩემსავე ხმაში ფოლადისებური წკრიალი გავიგონე. ტახტზე მჯდომარემ სისხლიანი თვალები ამართა და მიუყრებს თავისი ზანტი, ხონჭკოლასფერი თავლებით. სახე დასივებია, წითელი ძარღვები ზედ ასკდება.

ახლოს მივედი. თამარის ალმასს თვალს არ ვაშორებ: „სლანსკი, დამიბრუნე დედაჩემის ალმასის თვალი“.

სლანსკიმ ისევ დახუჭა თვალი, თითქოს არც კი გაუგონიაო. და განაგრძო თვლემა.

„სლანსკი!

შენ – ყინულეთი, მე – მზისგული, შენ – თოვლი, მე – ცეცხლი, შენ – მურტალი, ღორის ტყავის ფარივით ფართო და რგვალი, მე – ქართული სატევარივით ბასრი და წვეტიანი. სლანსკი, მე და შენ ერთ სახლში ვერ დავეტევით!“.

სლანსკი

ისევ თვლემს. „სლანსკიიიიი“!.. ვუყივლე მთვლემარეს, ადექ და ხრმალმა გაგვასწოროს.“.

სლანსკი წამოდგა. მოიძრო თეთრი ყარყუმის მოსასხამი და იძრო ხრმალი სწორპირიანი. ხელი მივჰყევი და მოვიმარჯვე არგვეთის მთავრის ხორასნული, შემოვუქნიე, შემოვკარი ჯაჭვის ჩაბალახზე.

სლანსკიმ გვირგვინი განზე გადასდო, ტახტიდან ჩამოსვლა იკადრა, ალმასის ქურდივით გაწითლდა. შემომიტია.

„სლანსკი, ასჩვიდმეტი“ შევძახე მე, სავარსამიძემ.

„კიდევ ამდენი“, ამბობს და მოდის დათვი პირსისხლიანი.

„უკუდექ ჩემი სისხლით გალეშილო, დედაჩემის ალმასის ქურდო“. შევრისხე მტერი და გავეკიდე.

სამი დღე და სამი ღამე ვიბრძოდით. ორივეს შემოგვეძარცვა ჯაჭვ-საჭურველი. […]

მაშინ შევხედე სლანსკის თვალებში მე მამაჩემის ქორული თავლებით. და შევულოცე, ისევე, როგორც გველს ულოცავდა ტაია შელია. სლანსკის დაეძინა. ავდექი. არგვეთის მთავრის ხრმალი ავიღე ისევ. ისევ გაიღვიძა. ხრმალი რომ დაინახა, შემევედრა: „ნუ მომკლავ და შენს მიჯნურს გასწავლიო“.

შევპირდი.

„ირბინე აქედან მზის დასავლისაკენ, იქ ვენახია ყვავილოვანი, ლაპის ლაზური და სმარაგდი ასხია ლერწებს და იქ დაგხვდება ღმერთების მიჯნური.“

მეც ისევე ავუსრულე პირობა, როგორც… მან ამისრულა ერთხელ… ყელი გამოვჭერი და სისხლი დავლიე.“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button