სტანისლავ ლემი – პროლეგომენები ყოვლადძლიერებისკენ
ჩემი გაცნობა სტანისლავ ლემთან ღრმა ბავშვობას, დეიდას ბიბლიოთეკაში მიგნებულ ყავისფერ, უსახური ყდის მქონე ,,მაგელანის ღრუბელს“ უკავშირდება. პირველ პირში დაწყებულმა თხრობამ მაინცდამაინც არ მომხიბლა იმ მომენტამდე, სანამ ამ სიტყვებს წავაწყდებოდი: „კუნძულის იმ მხარეში, სადაც ტროპიკულ კლიმატს ზომიერი ცვლის და პალმიანი ჭალების გვერდით ტანაყრილი ფოთლოვანი ტყეებია.“ ეს კუნძული კი არც მეტი და არც ნაკლები, გრენლანდია იყო. შემდეგ კი რამდენიმე საათში სუნთქვაშეკრული წიგნს ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ულუფებად ვნთქავდი. იმდენად სწრაფად მივიწევდი წინ, რომ ხანდახან წაკითხულის გასააზრებლად უკან დაბრუნება და წაკითხულის ხელახლა წაკითხვა მჭირდებოდა. (ვაღიარებ, ეს ცუდი ჩვევა დღემდე შემომრჩა). წიგნის დამთავრების შემდეგ კვირეების განმავლობაში შთაბეჭდილება არ მტოვებდა. ასე შედგა ჩემი გაცნობა პან სტანისლავთან.
1921 წელს იმდროინდელ პოლონეთში, დღეს კი დასავლეთ უკრაინის დედაქალაქ ლვივში (რომელიც ქართულში უფრო მისი რუსული სახელწოდებით, ლვოვით არის ცნობილი) ებრაელი ექიმის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც ბედი ეწერა, პოლონეთის სახელი ისევე გაეტანა მსოფლიოში, როგორც ეს მისმა დიდმა წინამორბედებმა შეძლეს კოპერნიკის, მიცკევიჩის, კოსციუშკოს, სენკევიჩის, ვოიტილას (რომელიც უფრო მისი სასულიერო სახელით, იოანე-პავლე II არის ცნობილი), ვაიდას და სხვების სახით. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ზედმეტ პათეტიკას და ჰიპერბოლიზებას მივმართავ. რომ მოვერიდოთ მშრალი ფორმალური ეპითეტებით მის შემკობას, სრულიად საკმარისია აღვნიშნოთ, რომ მწერლის გარდა, მან შეძლო ყოფილიყო ფილოსოფოსი, ფუტუროლოგი, ესეისიტი, ფსიქოლოგი. ლიტერატურული მემკვიდრეობა სტანისლავ ლემს თამამად აყენებს ფანტასტიკის ისეთ კორიფეთა გვერდით, როგორებიც არიან: აიზეკ აზიმოვი, რეი ბრედბერი და არტურ კლარკი…
მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ახალგაზრდა სტანისლავი ლვოვის უნივერსიტეტის მედიკ-სტუდენტად შეხვდა. მიუხედავად ებრაული წარმოშობისა, გაყალბებული დოკუმენტების შემწეობით ოჯახმა შეძლო თავი აერიდებინა ებრაელთა თავს დატეხილი იმდროინდელი ჯოჯოხეთისთვის . ომის წლებში ახალგაზრდა ლემი იატაკქვეშა წინააღმდეგობის ჯგუფებში იბრძოდა დივერსიების და საბოტაჟის მეშვეობით. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც პოლონეთს დასავლეთ უკრაინა ლვოვითურთ ჩამოეჭრა და საბჭოთა კავშირმა მიისაკუთრა, ლემის ოჯახი კრაკოვში გადაბარგდა და კრაკოვის უნივერსიტეტში მედიცინის სწავლა განაგრძო. სწორედ აქ, უნივერსიტეტის კედლებში, როდესაც ომისშემდგომ გაპარტახებულ პოლონეთში ცხოვრება ძალიან ჭირდა, ლემი იძულებული გახდა დამატებითი საარსებო წყაროს მოსაძებნად თვითშემოქმედებისთვის მიეყო ხელი. იმ წლებში უნივერსიტეტში ,,მეცნიერებათმცოდნეობის წრე“ არსებობდა, რომელიც არსებითად სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთა წრეს წარმოადგენდა. მოგვიანებით ლემი ამ წრეს ასე იხსენებდა:
„იმ წლებში მე განსაკუთრებით კარგად ვიყავი ინფორმირებული ახალი სამეცნიერო მიმდინარეობების შესახებ. საქმე ის არის, რომ კრაკოვის წრე სამეცნიერო ლიტერატურის თავისებური კოლექტორი იყო, რომელიც ამერიკიდან და კანადიდან ყველა პოლონურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას ისრუტავდა. ვხსნიდი რა წიგნის ყუთებს, „ვსესხულობდი“ ჩემთვის საინტერესო სხვადასხვა ნაშრომებს. კერძოდ, ნორბერტ ვინერის „კიბერნეტიკას და საზოგადოებას“. ყველაფერ ამას მე ღამ-ღამობით „ვყლაპავდი“, რათა წიგნები რაც შეიძლება სწრაფად მისულიყვნენ თავიანთ ჭეშმარიტ ადრესატებთან. მოვაგროვე რა ასეთი გზით ცოდნა,დავწერე რომანები, რომელთა ავტორობის დღესაც არ მრცხვენია: „სოლარისი“, „ედემი“, „დაუმარცხებელი“ (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).
ლემის პირველი პუბლიკაციები 1946 წლიდან დაიწყო (,,ადამიანი მარსიდან“), მაგრამ პირველი სერიოზული წარმატება 1951 წელს მოვიდა, როდესაც ,,ასტრონავტები“ გამოიცა. თვითონ საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდა ამ ნაწარმოებს და მოგვიანებით უხალისოდ იძლეოდა ნებართვებს მის გამოცემაზე. როგორც თავად შემდგომ აღნიშნავდა – ,,ჩემი სამწერლობო გზის დასაწყისში მეორეხარისხოვან ლიტერატურას ვქმნიდი. მეორე ეტაპზე კი („სოლარისი“,„ედემი“) იმგვარ სივრცის საზღვარს მივაღწიე, რომელიც ჯერაც არ გამოკვლეულა.“ (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).
ლემის შემოქმედება მკაცრი სამეცნიერო მიდგომით გამოირჩევა, რაც ინტელექტუალურად ძალზედ ამდიდრებს მის ნაწარმოებებს, ანიჭებს ნატიფ, ასე ვთქვათ ,,სამეცნიერო ჰედონისტურ“ სტილს და მკვეთრად აცლის ყოველივე ბანალურ და მოგებაზე ორიენტირებულ ელემენტებს. ლემის თხზულებები ბევრისთვის შეიძლება ადვილი აღსაქმელი არც იყოს. იმისათვის, რომ გაიგოთ ლემი, თქვენ ცოტა რამ მაინც უნდა გესმოდეთ ბიოფიზიკიდან, კიბერნეტიკიდან, ევოლუციური თეორიიდან, ბიჰევიორიზმიდან, მაღალი ენერგიების ფიზიკიდან, ორგანული ქიმიიდან, კოსმოგონიური თეორიებიდან, სოციალური მოდელებიდან, ფილოსოფიური სისტემებიდან და თეოლოგიიდან. აღარაა საუბარი უკვე ჩვეულებრივ კომპლექსურ და განზოგადებულ მეცნიერებებზე, ასტრონომია იქნება ეს თუ გეოგრაფია, ბიოლოგია თუ ფიზიკა, მათემატიკა თუ ანთროპოლოგია. ამ კუთხით სტანისლავ ლემი გარკვეულწილად ჟიულ ვერნსაც წააგავს, მაგრამ ვერნისგან განსხვავებით, მეცნიერება აქ ცალკეულ ულუფებად არ მიეწოდება მკითხველს (დაე მომიტევოს ჩემი საყვარელი დიდი ფრანგის სულმა), არამედ ნაწარმოები მთლიანად არის გაჟღენთილი ხისტი მეცნიერებით, რომელიც ყოველგვარ ლირიკულ წიაღსვლებს და გადახრებს გამორიცხავს და ამასთან, ინტელექტუალური ტკბობის განუმეორებელ შეგრძნებას იძლევა. სწორედ ეს გახდა სტანისლავ ლემის დაპირისპირების მიზეზი ამერიკელ მწერალ-ფანტასტების წრესთან (რომელთა დაარსებულიცაა პრემია – “ნებულა”). ლემი მათ ბანალურობასა და მოგებაზე ორიენტირებაში ადანაშაულებდა. საპასუხოდ, წრემ ლემი თავისი რიგებიდან გარიცხა. მოგვიანებით, მიუხედავად იმისა რომ ურსულა ლე გუინის და სხვა ცნობილი მწერლების რეკომენდაციით წრემ ლემს ჩვეულებრივი წევრობა შესთავაზა, ეს უკანასკნელი ამ წინადადებას აღარ დათანხმებია.
ლემის შემოქმედებისთვის ადრეულ ეტაპებზე მკვეთრად დამახასიათებელია ინტელექტუალური დილემების და წინააღმდეგობების ძიება უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის საქმეში. თემატიკის გამორჩეული წარმომადგენლებია ,,ედემი,“ ,,დაუმარცხებელი“ და სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა, საყოველთაოდ ცნობილი ჰიტი, ლემის მაგნუს ოპუსი – ,,სოლარისი.“
სანამ ,,სოლარისზე“ გადავიდოდეთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ შევეხოთ წინახსენებულ ორ ნაწარმოებს. სრული დიქტატურა, აბსოლუტური ტირანია, ხელისუფლება, რომელიც თავისივე არსებობას უარყოფს და სადაც ხელისუფლების არსებობის შესახებ იდეის გამოთქმა სიკვდილით ისჯება. სისტემა, სადაც ხელისუფლება ქვეშევრდომებზე გენეტიკურ მანიპულაციებს ატარებს და შემზარავ მუტანტებს წარმოშობს. პლანეტა, სადაც გონებისთვის მიუწვდომელი, შემზარავი ბოროტება სუფევს და პლანეტა, რომელიც ორბიტიდან ძვირფასი მინერალის, ოპალის ათინათებით ციმციმებს და ელვარებს. პლანეტა, რომელიც კოსმოსიდან იმდენად მომაჯადოებელ ფერებში მოჩანს, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს ,,ედემი“ უწოდონ, კაცობრიობის ბიბლიური ულამაზესი სამშობლოს მიხედვით. ულამაზესი პლანეტა, რომელიც კოსმოსიდან სილამაზით იტყუებს ადამიანებს და თავის წიაღში მძვინვარე ბოროტებას ახვედრებს.
საშინელი, პირქუშ ფერებში დახატული დისტოპია. ხელისუფლება, რომელიც უარყოფს თავისივე არსებობას და ამდენად, აბსოლუტურად მოუწყვლადია. საზოგადოება იმართება მაღალგანვითარებული დაპროგრამებული ინფორმაციული თეორიით, რაც ტოტალურ კონტროლს ამყარებს საინფორმაციო ნაკადებზე და პროგრამირებულ სოციალურ ჯგუფებს წარმოშობს. ამ თეორიის სწავლა სპეციალიზებულ დაწესებულებებს მიღმა იკრძალება, თეორია კი მოდის წყაროდან, რომელიც ოფიციალურად არ არსებობს. მოსახლეობა-ფიზიკურად/ბიოლოგიურად და მორფოლოგიურად სავარაუდო მუტანტები – ე.წ. ,,ორსხეულებs“ (ფიზიკურად ორი სხეულის, რუსული ,,მატრიოშკას“ პრინციპში ერთმანეთში ჩადგმული სხეულების მქონე ერთი ინდივიდი) ძალიან წააგავს კომპიუტერული ვიდეოთამაშების სტილში გადაწყვეტილ სიმულაციებს, რომელსაც მოგვიანებით ლემი არნახულ სიმაღლეებზე აიყვანს ნაშრომში… მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
რა უნდა მოიმოქმედოს ამის დანახვაზე ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს შესაქმის გვირგვინად მიიჩნევს? არსებად, რომელიც განასახიერებს სიმართლეს, წესრიგს, სოციალურ თანასწორობას, სიყვარულს და რომელმაც საკუთარ თავს სამართლიანობისთვის მებრძოლი როლი დააკისრა? იქნებ აზროვნების სქემებს შორის სხვაობა იმდენად დიდია რომ სრულიად უცხო პლანეტაზე აზროვნების აბსოლუტურად სხვა ალგორითმების შემხედვარემ უნდა დაივიწყო ანთროპოცენტრისტული, შენთვის ასე სისხლში გამჯდარი პრინციპები და შეეცადო, აქამდე უჩვეულო, სხვა თვალით შეხედო რეალობას?
ადამიანთა მეორე ჯგუფი კი, სრულიად სხვა პლანეტაზე, სხვა მიზნით ეშვება -დაკარგული მეგობრების საძიებლად. გაცნობისთანავე პლანეტა ეჭვებს ბადებს. აქაური ატმოსფერო სავსეა ორგანული ჟანგბადით, ამავდროულად კი ირგვლივ გადაჭიმულ უკიდეგანო უდაბნოებში სიცოცხლის ნატამალი არ ჩანს. მოგვიანებით სიცოცხლე აღმოჩნდება… ზღვებში. მაგრამ ამ სიცოცხლეს ცოცხალი თავით არ სურს ხმელეთზე გადმოსვლა და ჭირიანივით, დაფეთებული გაურბის ნაპირს ოკეანის სიღრმეებში. ნაპირზე და ხმელეთზე კი სრული მდუმარება სუფევს.
მეგობრებმა მოასწრეს ორი შეტყობინების გამოგზავნა – პირველი, რომ მშვიდობიანად დაეშვნენ, მეორე კი ის, რომ რაღაც მწერებს წააწყდნენ. ასე იწყებს ,,დაუმარცხებელის“ ეკიპაჟი ,,კონდორის“ ეკიპაჟის ძიებას და საკმაოდ მალეც აღმოაჩენს მათ იდეალურად გამართულ ხომალდზე, ყოველგვარი ტექნიკური პრობლემების გარეშე, თითქოს სტარტისთვის გამზადებულთ. ხომალდზე ყველაფერი შვეიცარიული საათივით არის გამართული, არავითარი პრობლემები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეკიპაჟი… მკვდარია. და აქ იწყება ძიება…
ძიება კი აღმოაჩენს, რომ ევოლუცია ყოველთვის არ გულისხმობს ცოცხალის და თუნდაც… ორგანიკის განვითარებას. შესაძლოა მკვდარმა არაორგანულმა ,,ორგანიზმებმაც“ (და აქ უკვე დილემას მივადექით, ,,ორგანიზმი“ ხომ ცოცხალს და ორგანულს გულისხმობს) შეძლონ განვითარება. და შეძლონ ეს იმგვარად, რომ ფაქტიურად პლანეტაზე მოქმედ ბუნების ძალებს შეერწყან – მეტიც, თავად იქცნენ ბუნების ძალად, რომელიც მოსრავს ყოველივე ცოცხალს, – თუმცა არა შეგნებულად, არა წინასწარი განზრახვით, არა ცნობიერად ისევ და ისევ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ისინი… ცოცხალი ორგანიზმები არ არიან და მათთვის ცნობიერება და აზროვნება უცხოა.
როგორ გინდა ებრძოლო მკვდარს? როგორ გინდა მოკლა ის, რაც უკვე მკვდარია? როგორ შეძლებ განადგურებული გაანადგურო და რომც შეძლო ეს, ვინ გაძლევს ამის უფლებას? რა უფლებით ამყარებს აბსოლუტურად უცხო პლანეტაზე საკუთარ წესებს? ბერძნებთან ომის დროს განრისხებულმა ქსერქსემ ჰელესპონტის (დარდანელის) სრუტე გააშოლტინა, რაკი მან ცხენები დაუხრჩო. სწორედ ასევე არაფრის მომცემია დაპირისპირება მათთან, ვინც ბუნების ძალად იქცა და რეალურად, ცოცხლები არც არიან, მაგრამ ამავდროულად, უკიდურესად სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენენ. ასე რომ, სამყაროს აღქმის შენეული მოდელი აქაც უსარგებლო და გამოუსადეგარია. იძულებული ხარ სავსებით უცხო, წარმოუდგენლად ახალი გზა იპოვო.
ეს თემა, ადამიანის დაპირისპირება უცხო გონებასთან, აზროვნების არატრადიციული სქემები, ინტელექტუალური დილემები და წინააღმდეგობები უცხო ცივილიზაციასთან აბსოლუტური სრულყოფილების მწვერვალზე აიყვანა ლემმა საყოველთაოდ ცნობილ და გახმაურებულ რომანში – ,,სოლარისი,“ რომელიც ჟანრის ერთგვარ ბიბლიად იქცა.
დოქტორი ქრის ქელვინი სამეცნიერო სადგურზე მორიგეობის მიზნით მიემგზავრება ხელოვნურ თანამგზავრზე, რომელიც პლანეტა სოლარისის გარშემო ბრუნავს. სადგურზე დამჯდარი ქელვინი ამჩნევს, რომ მის გარშემო უცნაური მოვლენები ხდება და ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. თავად პლანეტა კაცობრიობის ერთ-ერთი გრანდიოზული აღმოჩენაა.სიდიდით დედამიწაზე ოდნავ დიდი სოლარისის ზედაპირის აბსოლუტურ ნაწილს ფარავს ოკეანე, რომელიც ამავდროულად საოცრად მაღალგანვითარებული და გონიერი არსებაა. ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ოკეანე ასტაბილურებს პლანეტის ორბიტას, რომელიც განლაგებულია ორმაგი ვარსკვლავის, წითელი გიგანტის და ცისფერი ჯუჯის გარშემო და მაშასადამე, ციური მექანიკის ყველა კანონის გათვალისწინებით, ორბიტა არამდგრადი უნდა იყოს და პლანეტა მალე დაინთქას თავის ვარსკვლავთა წიაღში. თუმცა მეცნიერთა გასაოცრად, ეს ლოგიკური მოლოდინი ირღვევა, პლანეტის ორბიტა ალოგიკურად მდგრადია და ამას მისი მობინადრე ოკეანე უზრუნველყოფს – თუმცა გაუგებარია, როგორ. ნებისმიერი ცდა, დაუკავშირდნენ ოკეანეს, მთავრდება კრახით. თუმცა აშკარაა, რომ ოკეანეს ესმის ადამიანების, რადგან დროდადრო საკმაოდ ადეკვატურ რეაქციებს ამჟღავნებს. ამასთან, ოკეანის მხრიდან აგრესიულობის არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს. პირიქით, ის ნებას რთავს მკვლევარებს, დაეშვან პლანეტის მცირერიცხოვან ხმელეთზე, გაქვავებული ქაფისა და პლაზმის მასივებზე, რასაც ოკეანე დროდადრო გამოყოფს თავისი წიაღიდან. ყველა ამ მასივის საერთო ფართობი ევროპის კონტინეტს არ აღემატება. პერიოდულად ოკეანეში წარმოიქმნება მაღალორგანიზებული სტრუქტურები – სიმეტრიადები, ასიმეტრიადები, მიმოიდები, გრძელანები, ხვეულები და სხვ. მათი ფორმების და ზომების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია, თუმცა ურიცხვი მცდელობის მიუხედავად დანიშნულების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კონტაქტის წარუმატებელმა მცდელობებმა თავდაპირველი მხურვალე ინტერესი სოლარისის მიმართ დააშოშმინა და მეცნიერები მიიყვანა სასოწარკვეთილ დასკვნამდე, – რომ როგორც ჩანს, ცივილიზაციებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ კონტაქტი შეუძლებელია. სადგური წარმოადგენს იმედების უკანასკნელ ნაშთს და მის ბინადართაც მალე ევაკუაცია ელის. სწორედ ამ დროს ჩამოდის დოქტორი ქელვინი სადგურზე.
ძიების პროცესი, ადამიანური ტრაგიზმის, მოლოდინების და იმედების, ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის გროტესკული, ფანტასმაგორიული ნაზავი; ცხოვრებისეული სირთულეები, წარსულში განცდილი მტკივნეული მარცხი, ეს ყველაფერი აშიშვლებს ადამიანის სულს ქირურგის დაუნდობელი სკალპელით და ლემს სააშკარაოდ გამოაქვს ჩვენი სულის ყველაზე ღრმა, ველურ კუთხეებში მიკარგული შემზარავი ინფორმაცია, რომელსაც თავადვე ვუფრთხით და ჩქმალავთ საიმედოდ; რათა არ შეგვაწუხოს. მაგრამ უცხო ცივილიზაცია სარკედ გვევლინება-სარკედ, რომელშიც ჩვენი თავი აირეკლება ყოველგვარი სოციალური ტაბუსგან თავისუფალი. ეს თავისუფლება კი გვაძრწუნებს.
რისთვის მივისწრაფვით კოსმოსში, რას ვეძებთ იქ? რას ვპოულობთ? იქნებ საკუთარ თავს? რამ განაპირობა ადამიანის ცივილიზაციის წარმოშობა? იქნებ შიშმა და ცნობისმოყვარეობამ? რისი გვეშინია ყველაზე მეტად? საკუთარი თავის ხომ არა? და მზად ვართ მოვიძულოთ ყველა და ყველაფერი, რომელიც საკუთარ თავს აბსოლუტურად შიშველს დაგვანახებს? ჩვენს კლასიკოსს, დოჩანაშვილს ეკუთვნის სიტყვები – “ძილის წინ არის წუთი, როდესაც ადამიანმა იცის რას წარმოადგენსო.” ფსიქიკა, რა არის ეს თუ არა შეუცნობელი კოსმოსი, სადაც გონებისთვის მიუწვდომელი უამრავი აუხსნელი და გაუგებარი საოცრება გადამალულა და რომელთა წარმოდგენა, შეცნობა და გაგება იქნებ არც გვეხელეწიფებოდეს?
კოსმოსის ცივი მდუმარების წინ ყოველგვარი ემოცია ქრება, ადამიანურ საზრისებს აზრი ეკარგება. სიკეთე, სიბოროტე, სიყვარული, სიძულვილი-კოსმოსი მათზე მაღლა დგას. კოსმოსი მიუწვდომელი და დიდებულია. იგი უგრძნობია ჩვენ მიმართ. მის ცივ, გაყინულ სიღრმეებში, წყვდიადით მოცულ უფსკრულებში რამდენი რამ იმალება ისეთი, რამაც შეიძლება გული სიხარულით აგვივსოს, ანდა ძარღვებში სისხლი გაგვიყინოს, ან სულაც არანაირი გრძნობა არ დაგვიტოვოს – რადგან იგი უცხოა, სხვაა, ჩვენს სქემებს არ ემორჩილება და ჩვენს მიერ არ განისჯება.
და მით უფრო შემზარავია კოსმოსი, რომელიც ჩვენი განცდების სუბლიმირებას ახდენს, რომელიც ხვდება და იწერს ჩვენს უმწეობას. თუკი იგი ჩემი მეხსიერებიდან უძვირფასეს, დაკარგულ მეუღლეს გამოიხმობს, ვაიდა ასევე შეძლოს ჩემთვის შემზარავი საშინელების რეკონსტრუქცია? რატომ მგონია რომ ეს – მე ვსწავლობ მას? იქნებ თავად იგი მსწავლობს მე? და საერთოდ რას ვეძებ კოსმოსში? ყველაფერს თუ მხოლოდ საკუთარ თავს? ცივილიზაციებს, სადაც ჩვენი არსებობა აირეკლება და განსხეულდება.
და კოსმოსის სილამაზე და სიდიადე სწორედ ისაა, რომ იგი იდუმალი და ხელმიუწვდომელია.
ჯერჯერობით…
პლანეტა სოლარისი დაფარულია ოკეანით, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც მეტი და არც ნაკლები, ერთიან ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს. ადამიანებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ოკეანეს სწავლობენ, დასაწყისში ეჭვიც კი არა აქვთ რომ თავად ოკეანე იკვლევს მათ. საშინელი აღმოჩენების და აუტანელი ტანჯვის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს ჩნდება იმედი რომ იქნებ… იქნებ მაინც შევძლოთ უცხოსთან კონტაქტი? გავუგოთ მას, რომელიც ასე არაადამიანურია. რომელმაც არ იცის კეთილის და ბოროტის გარჩევა. იქნებ მივიღოთ ისეთი, როგორიცაა?
„ამ ცოცხალი წარმონაქმნის ყოველ მოძრაობაში, დაკვირტვაში, ზრდაში, გავრცელებაში, რაღაცნაირი; თუ შეიძლება ასე ითქვას, ფრთხილი, მაგრამ არაშიშნეული გულუბრყვილობა ვლინდებოდა; როდესაც იგი ცდილობდა თავდავიწყებით, აჩქარებით შეეცნო, აეთვისებინა ახალი, მოულოდნელად შეხვედრილი ფორმა და შუა გზაზე იძულებული ხდებოდა დაეხია; რადგან ამას შეიძლებოდა მოყოლოდა იდუმალი კანონით დადგენილი საზღვრების დარღვევა.
რა წარმოუდგენელ კონტრასტს ჰქმნიდა მისი შემპარავი ცნობისმოყვარეობა ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე გადაჭიმულ მოლაპლაპე უკიდეგანობასთან! ტალღათა თანაბარ სუნთქვაში ასე სრულად პირველად შევიგრძენი გოლიათის სიახლოვე. მისი მძლავრი, მკაცრი დუმილი. გაქვავებული, ღრმა ფიქრებში წასული ვეშვებოდი მიუწვდომელ სიღრმეებამდე და თავგზააბნეული ვერწყმოდი ამთხევად, ბრმა გოლიათს. ვუნდობდი ყველაფერს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. უსიტყვოდ, უაზროდ.მთელი ბოლო კვირა ისე სამაგალითოდ ვიქცეოდი, რომ ბოლოსდაბოლოს სნაუტი დამშვიდდა და უნდობლად აღარ მიყურებდა. გარეგნულად დამშვიდებული შინაგანად მაინც რაღაცას ველოდი. რას? მის დაბრუნებას? როგორ შემეძლო ამის იმედი მქონოდა? ყოველმა ჩვენგანმა იცის, რას წარმოადგენს მატერიალური არსება, რომელიც ფიზიოლოგიის და ფიზიკის კანონებს ექვემდებარება და რომ ჩვენი ყველა გრძნობის ძალაც კი ერთად აღებული წინ ვერ აღუდგება ამ კანონებს. შეუძლია მხოლოდ სძულდეს ისინი – შეყვარებულების და პოეტების საუკუნოვანი რწმენა სიყვარულის ყოვლისშემძლეობისა, სიკვდილს რომ ამარცხებს. სიტყვები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თან გვდევს – „სიყვარული სიკვდილზე ძლიერია“ – სიცრუეა. თუმცა ეს სიცრუე სასაცილო კი არა, უაზროა. მაგრამ თუ იცი, რომ დროის აღმრიცხველი საათი ხარ, რომლის დაშლა და აწყობა შეიძლება. რომლის მექანიზმში, შეეხება თუ არა ამ ქნევარას კონსტრუქტორი, იწყება სასოწარკვეთა და სიყვარული; თუ იცი რომ შენ ხარ მხოლოდ ტანჯვის რეპეტირი, მით უფრო ძლიერი ტანჯვისა, რაც უფრო სასაცილო ხდება იგი თავისი მრავალჯერადობის გამო? ადამიანური არსებობის გამეორება კარგია. მაგრამ განა ისე, როგორც ლოთი იმეორებს გაცვეთილ მელოდიას მუსიკალურ ყუთში ახალ-ახალი შავი ფულის ჩაყრით! ერთი წუთითაც კი არ მჯეროდა, რომ თხევად გოლიათს, რომელმაც ასობით ადამიანს განუმზადა სიკვდილი თავის წიაღში, რომელთანაც თუნდაც სულ მცირე ურთიერთგაგების ძაფის გაბმას ამაოდ ცდილობდა მთელი ჩემი რასა ათეული წლების განმავლობაში, რომ მას, ვინც მტვრის ნაწილაკივით დამაქანებდა აქეთ-იქით, გულს აუჩუყებდა ორი ადამიანის ტრაგედია. მის მოქმედებას ჰქონდა რაღაც მიზანი, თუმცა ამაში მე მთლად დარწმუნებული არ ვიყავი. მაგრამ წასვლა იმას ნიშნავდა, რომ მომესპო ის თუნდაც უმცირესი, თუნდაც მხოლოდ წარმოსახვაში არსებული შესაძლებლობა, რომელიც მომავალს მოჰქონდა. მაშასადამე, ისევ წლები იმ ავეჯსა და ნივთებს შორის, რომელთაც ჩვენ ერთად ვეხებოდით ჰაერში, რომელიც ისევ ინახავდა მის სუნთქვას? რის გამო? მისი დაბრუნების იმედით? იმედი არ მქონდა. მაგრამ, ჩემში ცოცხლობდა მოლოდინი, ეს იყო უკანასკნელი, რაც გამაჩნდა. რისი აღსრულება, რა დაცინვა, ტანჯვა მელოდა ისევ? არაფერი ვიცოდი, მაგრამ წინანდებურად მჯეროდა, რომ მკაცრი საოცრებების დრო ჯერ არ გარდასულიყო.“
დაბეჭვდისთანავე რომანმა ფურორის ეფექტი მოახდინა და დღესაც კი, თითქმის 60 წლის შემდეგ იგივე გრძელდება. იგი დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრად და ჟანრის კანონიკურ კლასიკად. თარგმნილია მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზე, მათ შორის ქართულადაც.
„სოლარისმა“ გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის ბევრ ფანტასტზე და აიზეკ აზიმოვის „მე რობოტის“ და რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკების“ გვერდით ჟანრის ერთგვარ ბიბლიად იქცა. შეიქმნა რომანის სამი ეკრანიზაცია. პირველი ორი 1968 და 1972 წლებში ბორის ნირენბურგის და ანდრეი ტარკოვსკის რეჟისორობით, ხოლო მესამე, 2002 წელს ჰოლივუდში – სტივენ სოდერბერგის თაოსნობით. არც ერთ ეკრანიზაციას თავად ლემი დიდი სიხარულით არ შეხვედრია. პირიქით, მისი რეაქცია საკმაოდ ნეგატიური იყო, რადგან თვლიდა, რომ ფილმებში ძირითადი ყურადღება ან კოსმოსური სიყვარულის, ან კოსმოსისადმი შიშზე იქნა გადატანილი, რაც გარდა იმისა, რომ რომანის შინაარსს არ შეესაბამებოდა, საკითხის მეტისმეტად ტრივიალური წარმოჩენა იყო და ამასთან, შიშის შემთხვევაში, არასწორიც.
“„სოლარისის“ მსგავსი ყველა რომანი დაიწერა ერთი და იმავე მეთოდით, რომლის ახსნა თავადაც არ შემიძლია. ახლაც კი შემიძლია გაჩვენოთ ის ადგილები „სოლარისში“ და „დაბრუნება ვარსკვლავეთიდან“, სადაც წერის დროს არსებითად მკითხველის როლში გამოვდიოდი. როდესაც ქელვინი ეშვება სოლარისის ბაზაზე და მას არავინ ხვდება, როდესაც იგი მიეშურება ვინმეს მოსაძებნად და სნაუტს წააწყდება, ხოლო [სნაუტს] აშკარად ეშინია მისი; წარმოდგენაც კი არ მქონდა, თუ რატომ არავინ შეხვდა დედამიწიდან წარმოგზავნილს და რისი ეშინია სნაუტს. დიახ, არანაირად არაფერი არ ვიცოდი რაღაც პლანეტის გარემომცველ „ცოცხალ ოკეანეზე“, ყველაფერი ეს ჩემთვის მოგვიანებით გაიხსნა, როგორც მკითხველისთვის კითხვის პროცესში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ მე შემეძლო მომეყვანა ყველაფერი წესრიგში.” „სოლარისს“ მე წარმატებულ რომანად ვთვლი.“(სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).
შემდგომ ლემის შემოქმედებისთვის დამახასიათებლად იქცა იდეალისტური უტოპიების ძიება და სამყაროები, სადაც ტექნოლოგიური სრულყოფილების გამო ადამიანის თითქოს ფუნქცია ეკარგება და იგი სულიერ კრიზისში, მისი დანიშნულების, მისი ღირებულების გადაფასების და ძებნა-ძიების პროცესში იმყოფება. ისევე, როგორც წინამორბედი თემის შემთხვევაში, აქაც მრავალი ნაწარმოები შეგვეძლო მოგვეყვანა ილუსტრირებისთვის, თუმცა ამჯერადაც რამდენიმეს დავჯერდებით.
…მივუბრუნდეთ დეიდას ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ ,,მაგელანის ღრუბელს.“ შორეულ მომავალში დედამიწაზე კომუნიზმი და იდეალური სოციალური წესრიგი მეფობს. შედეგად, საწარმოო ძალების გიგანტურმა გამოთავისუფლებამ არა მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი დააჩქარა, არამედ თავად დედამიწის კლიმატიც კი შეცვალა. რომანის მთავარი გმირი იბადება გრენლანდიაზე, პოლარული წრის მახლობლად, „კუნძულის იმ მხარეში, სადაც ტროპიკულ კლიმატს ზომიერი ცვლის და პალმიანი ჭალების გვერდით ტანაყრილი ფოთლოვანი ტყეებია.“თუმცა, ადამიანს ჯერჯერობით მხოლოდ მზის სისტემა აქვს ათვისებული და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კვალდაკვალ საშუალება ჩნდება ერთი თაობის სიცოცხლეში მივაღწიოთ მზიდან უახლოეს ვარსკვლავს, ცენტავრის ალფას. მთავარი გმირი თავისი ენერგიული მისწრაფებით, კიბერნეტიკის, ასტრონავტიკის, მედიცინის მიზანმიმართული შესწავლით და ოლიმპიადაში გამარჯვებით იხდენს სანუკვარ ოცნებას და ეწერება ხომალდ „გეას“ 227 – კაციან ეკიპაჟში, რომლის დანიშნულებაა სტარტის აღება ალფა ცენტავრისკენ… 3114 წელს.
და რა ხდება ამჟამად? ადამიანი მის ახალ ფუქნციას ეძებს, ახალი ჰორიზონტებისკენ მიისწრაფვის, სურს რომ მისი თავი ხელახლა იპოვოს. იქ, კოსმოსის უძირო, გაყინულ უფსკრულებში ადამიანს სურს რომ თავისივე თავს შეხვდეს. საკუთარი თავის პოვნა კი ზოგჯერ საკმაოდ რთული და შემაძრწუნებელია:„ბულიონი მოვამზადე და მივუტანე ზორინს. მან მითხრა რას კარგავ დროს ჩემთან ტრიალში, წადი და რადიოს მიხედეო. მაშინ მე ავედი მაღლა და დადუმებულ აპარატურაზე დავემხე. თან უკან ვიყურებოდი, კარი ხომ არ დამრჩა ღია-მეთქი. ძლივს გავატარე ოცი საშინელი წუთი. ჩავედი ძირს და დავიწყე მორიგი ამბავი უცხო არსებებზე, მათ კულტურაზე, იმაზე, რომ მომავალში ჩვენი პატარა სადგური კი არა, თეთრი პლანეტის მძლავრი ლოკატორები უხელმძღვანელებდნენ რაკეტებს დედამიწიდან მაგელანის ღრუბლებისკენ ტრანსგალაქტიკური ფრენების დროს.მერვე საღამოს ნიადაგის რყევამ იკლო. ეტყობა ჩვენი ასტეროიდი მეტეორიტთა ნაკადიდან გადიოდა. მზის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ სრული სიწყნარე ჩამოვარდა. მიუხედავად ამისა, კამერიდან გამოსვლა ვერ მოვახერხე, ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო ზორინი. იწვა თვალდახუჭული, სახეგაქვავებული და უკვე აღარაფერს მეკითხებოდა… დროდადრო ფრთხილად შევახებდი ხოლმე ხელს. მისი დიდი გული ბრძოლას განაგრძობდა.შუაღამისას მან უცებ თქვა:
-ზღაპრები… გახსოვს?
-მახსოვს.-ბავშვებს არ უნდოდათ… ნაღვლიანი დაამეტა… მხიარულ დასასრულს… უკეთებდა მათ…შევცბი. რაუნდოდა ამით ეთქვა? მკერდი არათანაბრად აუდ-ჩაუდიოდა სუნთქვის დროს. უცებ ამოიჩურჩულა:-ნავები… ისეთი ნავები…-რასამბობ?-დავიხარე და ისე ვკითხე.-არყის ხისგან… მე გამოვჭრი პატარას… მომეცი…-აქ… არ არის არყის ხე…-ჰო… მაგრამ… ტოტები… იასამანი… მომეცი…მაგიდას ვეცი. იქ, მინისკოლბაში გამხმარი ტოტების კონა იდო. უკან რომ მოვტრიალდი ზორინი უკვე ამ ქვეყნისა აღარ იყო.მე მას თვალები დავუხუჭე და სახეზე ქსოვილი გადავაფარე. ჩავიცვი სკაფანდრი, ავიღე ინსტრუმენტები და ავტომატების სანგარისკენ გავსწიე. მათთან ერთად სამი საათის განმავლობაში ვაწყობდი ანტენის რეფლექტორის ახალ სეგმენტებს, ვასწორებდი ანძას, ვადუღებდი მის დაზიანებულ ადგილებს, ვჭიმავდი ბაგირს. ყველაფერს ამას რაღაც უცნაურ ზმანებაში წასულივით ვაკეთებდი.დიახ, ეს სიზმარი იყო. მეტისმეტად რეალური, მაგრამ სიზმარი. იმიტომ რომ გულის სიღრმეში მწამდა, თუ ძალიან მოვინდომებდი გამეღვიძებოდა. შინ დაბრუნებისთანავე მაღლა, რადიოსადგურში ავედი და დენი ჩავრთე. რეპრუდოქტორში ყრუ ხმაური მოისმა.უცებ პაწაწინა კაბინა ძლიერი სუფთა ხმით წარმოთქმულმა სიტყვებმა აავსო: – და მეოთხეჯერ გადმოგცემთ კოორდინატებს. ხვალ დილით, ადგილობრივი დროით ექვს საათზე „გეა“ იღებს კურსს თქვენკენ და ასტეროიდთან მოვა თორმეტი დღის შემდეგ. ძალიან გვაწუხებს თქვენი დუმილი. გამოძახებას ვაწარმოებთ მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ლაპარაკობს ირიოლა „გეას“ ბორტიდან თეთრ პლანეტასთან კავშირის დამყარების მეექვსე დღეს. ახლა მოუსმინეთ ანა რუისს. რეპრუდოქტორმა გაიჩხაკუნა და წამით დადუმდა. გიჟივით ზეზე წამოვვარდი, კარს ხელი ვკარი და გაშმაგებული ყვირილით თავქვე დავეშვი: – მე არ გატყუებდი ზორინ! არ გატყუებდი! ეს ყველაფერი მართალია, მართალი! დავემხე და ქვითინი აღმომხდა. რაღაცა მირტყამდა გონებაში. მეძახდა, მთხოვდა, მევედრებოდა… გონს მოვეგე. ეს ხომ ანა მეძახდა, ანას ხმა იყო… ნელ-ნელა კიბისკენ დავიხიე, თან თვალს არ ვაშორებდი ზორინის გაყინულ სახეს. მხოლოდ მაშინ, როცა ანამ ჩემი სახელი ახსენა, შევაქციე ზურგი მას. ანას ხმა უფროდაუფრო ახლოვდებოდა. კიბეზე ასვლისას მაღლა ავიხედე. ღია ილუმინატორში დავინახე სამხრეთის ჯვარი. იმის იქით კი ბაცი ლაქა: იქ თეთრი თანაბარი შუქით ანათებდა მაგელანის ღრუბლები.“
ითვლება, რომ „მაგელანის ღრუბელი“ არ მიეკუთვნება ლემის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს და მისი მხატვრული ღირებულებები შედარებით მცირეა გვიანდელ კლასიკურ ნამუშევრებთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაწარმოები დღემდე რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ქრესტომათიულ მაგალითად. თავად ლემი მოგვიანებით საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდა ნამუშევარს, მიიჩნევდა მას სუსტად და კომუნიზმის აპოლოგიად. ამ მიზნით ლემმა აკრძალა ნაწარმოების იაპონურად თარგმნა, რადგან – „იაპონიამ არ იცოდა კომუნისტური რეჟიმი და თუ ჩემი რომანი თუნდაც ერთ იაპონელს მაინც მოაქცევდა კომუნიზმისკენ, მე ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვებოდი.“
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ლემის ერთგვარ ხარკად იქცა კომუნისტური რეჟიმის მიმართ, ლემი მასშიც დებს თავის განუმეორებელ, სუნთქვის შემკვრელ სტილს. ახერხებს, რომ ადამიანი დააფიქროს თავის დანიშნულებაზე და ადგილზე ამ სამყაროში. გარდა ამისა, პირადად მე ამ ნაწარმოების მიმართ ზემოხსენებულ, სრულიად გასაგებ მიზეზთა გამო განსაკუთრებული სენტიმენტები მაკავშირებს.
ამავე თემატიკას ეხმაურება ცნობილი რომანი ,,დაბრუნება ვარსკვლავებიდან.“ კოსმოსიდან დედამიწაზე 127 წლის შემდეგ დაბრუნებული ასტრონავტი საზოგადოებაში საკუთარ თავს ვეღარ პოულობს. დროის რელატივისტური შენელების გამო კი მისთვის სულ ათი წელიწადია გასული. დედამიწა ასტრონავტს სრულიად შეცვლილი ხვდება. აქ აღარც ავადმყოფობას იცნობენ, აღარც ომს. აღარც ბოროტებას, აღარც ეკოლოგიურ კრიზისებს. მოკლედ, ადამიანები იდეალურ სათბურში ცხოვრობენ. ბეტრიზაციის პროცედურას ახალდაბადებულის ტვინში აგრესიული იმპულსების სრული ნეიტრალზიება შეუძლია. ასეთ საზოგადოებაში კი რომელიც არ იცნობს რისკს, რომლისთვისაც უცხოა განვითარება და ახალი გზების ძიება, არაბეტრიზებული ასტრონავტი სახიფათოც კია. და ასეთი საზოგადოება, ცხადია განწირულია. მაგრამ ასტრონავტი მაინც რჩება დედამიწაზე და კოსმოსში არ ბრუნდება. რატომ? მიზეზი ამ შემთხვევაშიც ბანალურობამდე დასული ტრივიალურია: რა თქმა უნდა, ქალი.
,,სოლარისს“ წარმატებულ რომანად ვთვლი, ,,დაბრუნებას ვარსკვლავეთიდან“ კი, წარუმატებლად. რადგან ამ წიგნისთვის ცენტრალური პრობლემა – სოციალური ბოროტების აღმოფხვრა, მეტისმეტად პრიმიტულად და არარეალურადაა განხილული. თუნდაც რომ დავუშვათ ბოროტების ,,ფარმაკოლოგიურად“ მიზანმიმართული მოშორების შესაძლებლობა, მაინც არანაირ ქიმიურ თუ სხვა ხასიათის ზემოქმედებას ტვინზე არ შეუძლია საზოგადოებრივი ურთიერთობის, კონფლიქტების და წინააღმდეგობების წაშლა, რაც თავისთავად წინასწარ განუზრახველ სოციალურ ბოროტებას შობს.“ (სტანისლავ ლემი, „ჩემი ცხოვრება“).
ამ სიისთვის ჩვენ შეგვეძლო მიგვემატებინა ,,კიბერიადა“ და ,,ვარსკვლავეთის დღიურები,“ ,,დიალოგები“ და ,,შემოჭრა ალდებარანიდან,“ ,,სამყაროს ხმა“ და ,,მოკვლევა,“ ,,მშვიდობა დედამიწაზე“ და ,,მეგაბიტური ბომბა.“ მაგრამ მსურს თქვენი ყურადღება საქართველში შედარებით ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებზე შევაჩერო, რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით სტანისლავ ლემის შემოქმედების მწვერვალს (,,სოლარისზე“ მეტადაც კი), მის სრულ კვინტესენციას წარმოადგენს.
ეს ნაწარმოები ლემის მთელი მსოფლმხედველობის შემაჯამებელი დოკუმენტია. . ეს არ არის მხატვრული ლიტერატურა, აქ ვერ ან თითქმის ვერ შეხვდები პერსონაჟებს. თხრობა ხანდახან იმდენად მძიმდება ინფორმაციით, რომ დაღლილობის გარდა, წამოჭრილი პრობლემების და მით უფრო, ამ პრობლემების გადაწყვეტის სრულიად რადიკალური გზების დასახვით გამოწვეულ შიშს და გაქცევის სურვილს იწვევს. ეს ნაწარმოებია ,,ტექნოლოგიათა ჯამი.“ ტექნოლოგიათა ჯამი, იგივე ტექნოლოგიათა სუმა, (ლათ. Summa Technologiae) პოლონელი მწერლის, სამეცნიერო-ფანტასტის და ფუტუროლოგი ესეისტის სტანისლავ ლემის 1963-67 წლის ფილოსოფიურ-ფუტუროლოგიურ ესეთა კრებული. სახელწოდება მიეცა ალუზიით თომას აქვინელის ,,თეოლოგიათა ჯამის” (ლათ. Summa Theologiæ) და ალბერტ დიდის ,,თეოლოგიათა ჯამის” ნაშრომების მიხედვით. ფუნდამენტური თხზულება კაცობრიობის მომავალსა და ცივილიზაციის განვითარებაზე.
ცნობილი ფუტუროლოგიურ-ფილოსოფიური ესე ასახავს ცივილიზაციის დინამიკის და განვითარების ბიოლოგიურ, კიბერნეტიკულ, კოსმოგონიურ, სოციალურ, კულტურულ წახნაგებს და განიხილავს მათ ორი ტიპის ევოლუციის – ბიო და ტექნოევოლუციების ჭრილში; ასკვნის რა, რომ პრინციპში, ბუნება მათემატიკურად სრულყოფილი არაა, ის შეზღუდულია თავის გამოვლინებებში უთვალავი სახესხვაობის მიუხედავად და ჩვენ შეგვიძლია თვისობრივად გადავასწროთ მას. საინტერესოა თავად ავტორის პოზიცია მის ნაწარმოებზე, რომელიც შესავალ სიტყვაშივე იხსნება:
„ბოლოსდაბოლოს, საკუთრივ რას წარმოადგენს ეს ჯამი? ესეთა კრებულს ,,სრულიად ინჟინერული” ლაიტმოტივით განმსჭვალულ ცივილიზაციის ბედზე? წარსულის და მომავლის კიბერნეტიკულ ჭვრეტას? კოსმოსის გამოსახულებას, როგორიც იგი წარმოუდგენია კონსტრუქტორს? მოთხრობას ბუნების საინჟინრო საქმიანობის და ადამიანის ხელების შესახებ? სამეცნიერო-ტექნიკურ პროგნოზს უახლოესი ათასწლეულისთვის? ჰიპოთეზათა ნაკრებს, ძალიან გაბედულს მკაცრ სამეცნიერო სტანდარტებზე პრეტენზიის განსაცხადებლად? ცოტ-ცოტა ყველაფერს. რამდენად შეიძლება, რამდენად დასაშვებია ვენდოთ ამ წიგნს? მე არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. მე არ ვიცი ჩემი რომელი მიხვედრა, წინადადება თუ ვარაუდი უფრო ჰგავს სიმართლეს. მათ შორის არცერთია მოუწყვლადი და დროის სრბოლა წაშლის ბევრ მათგანს. ან თუნდაც ყველას. მაგრამ არ სცდება ის, ვინც კეთილგონივრულად სდუმს.“
არსებითად წიგნში აღძრული საკითხები ეხება სამეცნიერო-ტექნიკურ, მორალურ-ეთიკურ და ფილოსოფიურ-ონტოლოგიურ საკითხებს და პრობლემებს, რომლებიც სავარაუდოდ დაიბადებიან ჩვენი ცივილიზაციის შემდგომი პროგრესის პროცესში. (ავტორის სიტყვებით ,,ჯერ აუყვავებელი ვარდების ეკალთა კვლევა.”) ცივილიზაციის, რომელიც ჰიპერშორეულ მომავალში იფუნქციონირებს სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად ტექნოლოგიური თუ მატერიალური შეზღუდულობისგან.
წიგნში განხილული ფუნდამენტური საკითხები გვაოცებს თავიანთი გრანდიოზულობით. მასში დასმული პრობლემატიკა ერთდროულად საოცრად შორს დგას რეალობისგან და არამცთუ საუკუნეებს, არამედ ათასწლეულებს გადასწვდება. ამავდროს კი ის ჩვენი თანადროული ცხოვრებაა. მიუხედავად იმისა რომ წიგნზე მუშაობისას ლემმა დაუშვა რამდენიმე უზუსტობა მათემატიკის, ბიოლოგიის, სოციოლოგიის და ცოდნის სხვა დარგებში, ,,ტექნოლოგიათა ჯამი” მიუხედავად მისი ნახევარსაუკუნოვანი ასაკისა არამცთუ არ მოძველებულა, პირიქით – XXI საუკუნის გარიჟრაჟზე თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ფონზე ახალი სიცოცხლე შეიძინა. ვირტუალური რეალობა, ნანოტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური სინგულარობა – საკითხები, რომელნიც შორეულ 60-იან წლებში სუპერფანტასტიკურად მოჩანდა, დღეს უკვე თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ყოველდღიური ნაწილია.
სწორედ ,,ტექნოლოგიათა ჯამი“ წარმოადგენს ,,ედემზე“ საუბრისას ნაგულისხმევ ნაშრომს. იგი იყოფა რვა თავად, სადაც სკრუპულოზური სისავსით და სიცხადით განხილულია მეცნიერების, ფილოსოფიის და სოციოლოგიის ურთულესი დარგების ურთიერთმიმართება, თანაკვეთა და ზემოქმედება. ფაქიზი ნიველირული სიზუსტით დამშავებული პასაჟები იმდენად მომუსხველია, რომ დროდადრო, როგორც ზემოთ აღინიშნა, შიშნარევ გაქცევის სურვილს ბადებს. ჩვენ უბრალოდ ვერ ვბედავთ თვალი გავუსწოროთ საკითხთა სიდიადეს, ლემი ასე დაუნდობლად რომ აშიშვლებს. მხოლოდ მშრალი, ფორმალური ჩამონათვალიც კი კმარა გასაგებად, თუ რასთან გვაქვს საქმე:
ორი ევოლუცია – ტექნოსოციალური და ბიოევოლუცია. კოსმოსური ცივილიზაციები – ტექნოლოგიური ცივილიზაციები და გონიერი სიცოცხლე კოსმოსსა და დედამიწაზე.ინტელექტრონიკა-კიბერნეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საზოგადოების კიბერნეტიკული მართვა, რელიგიურ – მეტაფიზიკური ინფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, ,,მნიშვნელობის” მნიშვნელობა. პროლეგომენია ყოვლადძლიერს-ყველაფრის კონსტრუირება, შესაძლებლობადობა და განხორციელებადობა, (იმიტოლოგია და ფანტომატიკა). ფანტომოლოგია-ვირტუალური რეალობა, ვირტუალიზებული ცივილიზაცია, ვირტუალიზებული საზოგადოება, ცერებრომატიკა, ტელეტაქსია, ფანტომატიკა და ფანტოპლიკაცია, ,,პიროვნების” გამრავლება.სამყაროთა შექმნა-მეცნიერების განვითარება და ცოდნის ზრდა, ინფორმაციის ,,მოყვანა-გამოზრდა,” შესაძლებლობადობა და განხორციელებადობა, ენის კონსტრუირება, ,,იმქვეყნიური სამყაროს” და უნივერსუმის კონსტრუირება. პასკვილი ევოლუციაზე – სამყაროს პრინციპული არასრულყოფილება, ადამიანის რეკონსტრუქციის შესაძლებლობები.
რუსულენოვანი თარგმანის დასკვნაში, რომელიც სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცისთვის დაიწერა, ლემი ამატებს სპეციალურ დამატებას, სადაც განხილულია აგრეთვე ადამიანთა საზოგადოების კონსტრუირების საკითხები.წიგნის კითხვისას, როდესაც ვირტუალურ რეალობამდე მიხვალთ, თქვენდა გასაოცრად აღმოაჩენთ ვირტუალური მოდელირების პერსონაჟს, ვინმე მისტერ სმითს; რომელიც ასეთი მოდელირებით შექმნილ სისტემაში ცხოვრობს რომელსაც სახელად… დიახ, დიახ, რა თქმა უნდა – თქვენ სწორად მიხვდით… ,,მატრიცა“ ეწოდება. სწორედ ამ იდეით ისარგებლეს ძმებმა ვაჩოვსკებმა თავიანთ ლეგენდარულ ტრილოგიაში. მეტიც, მატრიცა ამ წიგნში… ვიქნები შეუბრალებელი და დაწყებულს აღარ გავაგრძელებ იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მისი გადმოცემა გამიჭირდება, ეს თავად უნდა იხილოთ და შეიგრძნოთ. მე მის გადმოსაცემად უძლური ვარ. დასკვნის სახით კი უბრალოდ იმას ავღნიშნავ, რომ ამ წიგნში თხემით ტერფამდე ნატიფი, სრულყოფილი, გამოძერწილი ფანტასტიკა სწორედ ისაა, რაც თანამედროვე მეცნიერებას და მომავლის სცენარებს, ფუტუროლოგიას ედება საფუძვლად. აზროვნების რადიკალური, არასტანდარტული გზები, აღმაფრთოვანებელი ანალიზი, დახლართული ლოგიკური ჯაჭვები და სილოგიზმების ალგორითმები, შორეული 1960-იანების პროგნოზები, რომელთა ახდენა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს – საუბარიც ზედმეტია, რომ გულგრილს არ დაგტოვებთ, გარწმუნებთ, ადგილზე მოგაჯადოვებთ. კაცობრიობის მიერ მოპოვებული გენეტური ინფორმაციის ასეთი სრულყოფილი შეკუმშვა და თან განშლა, ჩვენი ადგილის ძიება სამყაროში, უცხო ცივილიზაციების ძებნა-ძიების პრობლემა, თავისი შირრმისეული ანალიზით მომნუსხველი ევოლუციის მსვლელობა, ცივილიზაციის მომავალი, პიროვნების გადატანა-ანუ იგივე ,,ავატარის“ სისტემა…
12 სექტემბერს დიდი ადამიანის დაბადების დღე გახლდათ. პან სტანისლავი 93 წლის გახდებოდა. მისი შემოქმედება კიდევ უამრავ ადამიანს მიანიჭებს სიხარულს და შთაგონებას. კიდევ ბევრს მოსწყვეტს ყოველდღიურ რუტინას და იმ ახალ ჰორიზონტებს და მათკენ მიმავალ გზებს დაანახებს, რომლის გარეშეც განვითარება წარმოუდგენელია, რომლის გარეშე ჩვენი ცივილზიაცია განწირულია დასაღუპად. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ქვეყანას პოლონეთს, ასეთი საამაყო შვილისთვის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გსმენიათ მისი სახელი, ბევრი დაგიკარგავთ. თუმცა ახლაც შეიძლება გადაშალოთ მისი ნებისმიერი წიგნი და ძალიან საინტერესო გზას დაადგეთ. გზას, რომელიც საბოლოოდ საკუთარ თავთან მიგიყვანთ.
ავტორი: არჩილ კიკვაძე