განხილვალიტერატურაწიგნები

დენ სიმონსის ჰიპერფანტასტიკური ილიადა

სახელწოდება: ილიუმი
ავტორი: დენ სიმონსი
ციკლი: ილიუმ/ოლიმპო
ქვეყანა: აშშ
ენა: ინგლისური
პირველი გამოცემის წელი: 2003

პრემია: 2004 წელს, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანისთვის.
შეფასება Goodreads-ზე: 3.99/5

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განვითარებამ დიდი ოთხეულის და მათი თანამედროვე კლასიკოსების შემდეგ მცირედით შეიცვალა კალაპოტი და მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან სულ მთლად ახალ საფეხურზე აინაცვლა. ამ შემთხვევაში, ძნელია შეაფასო – ხარისხობრივი სხვაობა ამ პერიოდის ფანტასტებსა და აზიმოვ-ჰაინლაინის ეპოქის მწერლებს შორის, თუმცა თვალშისაცემია ის ძირითადი კონტურები, რასაც მეოცე საუკუნის მიწურულის სამეცნიერო ფანტასტიკა სახავს. 80-იანი წლების ჟანრობრივ ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკელმა მწერალმა – დენ სიმონსმა, რომლის შესახებაც ადრე უკვე ვწერდით, როცა მის “ჰიპერიონს” მიმოვიხილავდით. სიმონსის ხელწერა მეტნაკლებად მსგავსია მის ყველა ვრცელტანიან რომანში. ეს უკანასკნელი კი სიმონსს ნამდვილად სანაქებოდ გამოსდის. დასტურად მისი ლიტერატურული პრემიების ჩამონათვალის ნახვაც საკმარისია. მართალია, ჰიპერიონ კანტოსით მოპოვებულ აღიარებას მისი სხვა ვერც ერთი რომანი უტოლდება, მაგრამ მრავალფეროვნება, რომელსაც სიმონსი თავის ნაშრომებში იყენებს და მხატვრულ სამყაროთა შექმნის ოსტატობა იმდენად მაღალია, რომ მისი წიგნების გარეკანიც კი, სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულებს ძნელად თუ დატოვებს გულგრილად .
“ილიუმი”, რომლის შესახებაც ჯერაც არაფერი გვითქვამს, სიმონსის საყვარელი ფორმით – დიალოგიითაა შედგენილი და ჰიპერიონ/ენდიმიონის მსგავსად, აქაც ორ-რომანიან ციკლთან გვაქვს საქმე. ილიუმს მალევე, არასრულ ორ წელიწადში “ოლიმპოს” გამოცემა მოჰყვა, რომელსაც ილიუმის მკითხველი მოუთმენლად ელოდა. ორივე წიგნი საერთო სიუჟეტს მიჰყვება და პრინციპში, ავტორისეული ჩანაფიქრის სრულად თუ არა, უმეტესწილად გასაგებად, ოლიმპოს გაცნობაც აუცილებელია. 
სიუჟეტის მოქმედება, ტრადიციულად, თანამედროვეობიდან ორი ათასზე მეტი წლით დაშორებულ მომავალში მიმდინარეობს, სადაც ადამიანი ისეთივე უცხო არსებაა, როგორც დღევანდელობისთვის თეთრი ლომი. დედამიწა უკვე აღარ არის პოპულარული და მთავარი ბრძოლის ველიც წითელ პლანეტაზეა გადატანილი. მარსის მტვერს თელავენ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები, რომლებიც ახლებური ფორმითაა წარმოდგენილი, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს დაკარგული თავისი სიდიადე, ძლევამოსილება და რაც მთავარია, სხეულის ფორმები, რომლითაც თითოეული მათგანი ადამიანს მრავალჯერ აღემატება. ზევსი, არესი, ათენა, მუზები და ოლიმპოს მთელი შემადგენლობა ხელახალი ინტერესით აკვირდება მოკვდავთა ფენაში განვითარებულ მოვლენებს, რომელშიც თითქმის იდენტურად მეორდება ჰომეროსის ილიადას სიუჟეტი. აგანემნონი, ჰექტორი, აქილევსი და ელენა – კვლავაც ჩვეულ როლებს ირგებენ, თუმცა ახლანდელი რეალობა ლიტერატურულ ჩარჩოებს სცდება და ის, რომ თითოეული მათგანი ოდესღაც ერთი წვეროსანი ბერძნის შემოქმედების ნაწილი იყვნენ, ნაწარმოების მხოლოდ ერთმა პერსონაჟმა – მკვდრეთით აღმდგარმა ყოფილმა სწავლულმა – ჰოქენბერიმ იცის.

ჰოქენბერი თითქმის ერთადერთი ადამიანური ადამიანია, რომელიც ამ ორომტრიალშია ჩართული. მუზის მიერ ნაჩუქარი ღვთიური აქსესუარებით, ის არაადამიანური პრივილეგიების მოპოვებას შეძლებს და ნელ-ნელა “მომავლის ღმერთების” ამბებშიც გაერკვევა. საინტერესოა მისი დამოკიდებულება არსებულ რეალობაში, შესაძლებლობა – მოირგოს ნებისმიერი ადამიანის როლი, ცდუნებები, რომელთა დაძლევასაც ვერ ახერხებს და მუდმივი დაპირისპირება მის “პატრონ” ღმერთებთან, რომლებმაც ის ახალი თაობის ჯაშუშად აქციეს. ჰოქენბერის გარდა, გვხვდებიან ადამიანისებრი ორგანიზმები დედამიწაზეც. აქ მათ სიცოცხლის ხანგრძლივობა მკაცრად, ასი წლით აქვთ განსაზღვრული, ამის შემდგომ კი ისინი ხდებიან ე.წ. პოსტადამიანები. პოსტადამიანები ახლებურ რასას წარმოადგენენ, რომლებიც ღია კოსმოსში, მათთვის განსაზღვრულ პლანეტისებრ წარმონაქმნებზე ცხოვრობენ. 
ილიუმში სიმონსი თხრობის რამდენიმე გზას ირჩევს. პირველ პირში მოთხრობილი ერთადერთი ამბავის ავტორი ზემოხსენებული ჰოქენბერია, რომელიც დღიურისებრი ჩანაწერით მოგვითხრობს მარსზე დაბუდებული ოლიმპოს ღმერთების, მათ შორის არსებული დაპირისპირებების, ომის, მძვინვარების და ვნებების შესახებ. თავის მხრივ, ალბათ, მისი შეხედულებები და ემოციები წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. მეორე მხრივ, შინაარსის მცირედი ნაწილი რობოტებსაც ეთმობათ, რომლებიც იმდენად ადამიანურები არიან, რომ მათი სერიული ნომრის ხსენებისას, უხერხულობის გრძნობა გიპყრობს. ამგვარი რობოტების წრეს მიეკუთვნებიან მაჰნმუტი და იოს’ორფუ, რომლებიც გამუდმებით განიხილავენ ადამიანთა ისტორიული გონის მიღწევებს. განსაკუთრებით, ლიტერატურული დისკუსიები იტაცებთ და ხშირად კამათობენ შექსპირისა და პრუსტის ირგვლივ. მათ და მათ მსგავს მექანიზმებს სიმონსი “მორავეცებად” მოიხსენიებს. (ავსტრიელი ფუტურისტის, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის – ჰანს მოროვეცის საპატივცემულოდ).

თუმცა, რა თქმა უნდა, მომავლის ილიადას მთავარი გმირები ბერძენი გმირები არიან. – ბერძნები და ტროელები… აქ გვერდიგვერდ იბრძვიან აქილევსი, ოდისევსი და აგამემნონი. მენალაუსი, დიომედესი და ნესტორი. მეორე მხარეს კი, ღირსების დასაცავად ჰექტორი, ანდრომაქე, პარისი და ელენა გამოდიან. ტროას ომი შეფარვითი ზავებით უფრო და უფრო იწელება, ამ ყოველივეს კი ოლიმპოს მთიდან თვალყურს ადევნებენ ზევსი,ჰერა,ათენა,არესი,აპოლონი და კაცობრიობის ბედის კიდევ ერთხელ გადაწყვეტას ცდილობენ. აქვე შევხვდებით შედარებით მცირედ დატვირთულ ძველებურ ადამიანებს – ადას, ჰერმანს, დაემანსა და სავის – მოხეტიალე ებრაელს.

ასე და ამგვარად, ილიუმის პირველი 50 გვერდის წაკითხვაც საკმარისია საიმისოდ, რომ დაეჭვდეთ – სწორი იყო თუ არა, მისი ხელში აღების გადაწყვეტილება. ერთიანად უამრავი პერსონაჟის და ისტორიის ერთმანეთში გადახლართვა სიმონსის რომანებში მისი მთავარი გატაცებაა. თხრობის ენასაც არ ეთქმის მარტივი. გარდა ამისა, გმირების უხეშობა, (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უხეშობა, და არა სისასტიკე, რომელიც ნებისმიერ ბატალურ სცენას თან სდევს) პირდაპირობა და ზოგ მომენტებში გაურკვეველი მოქმედებები, პრინციპში, ნერვების მომშლელია. გარდა ამისა, ავტორი არ ერიდება საკუთარი პოლიტიკურ-სოციალური შეხედულებების თავისივე უდიდეს ცოდნაში არევას. ზოგადად, დამღლელია, როდესაც გრძნობ, რომ ავტორმა ბევრი რამ იცის და ამ ყოველივეს შენთვის გაცნობას ცდილობს. როდესაც მსგავსი გრძნობა გეუფლება, მისდამი უნდობლობით ივსები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა ითქვას, რომ თუ ითამაშებ სიმონსის წესებით, ის აუცილებლად ჩაგითრევს იმ ჰიპერ-განვითარებული სამყაროს გაურკვეველ ხვეულებში, რომელსაც ასე სრულყოფილად წარმოაჩენს თავის წიგნებში. ილიუმი არის ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც სრულდება ძალიან ცუდ მომენტში. გიჩნდება ოლიმპოს წაკითხვის დაუოკებელი სურვილი, თუმცა იცი, რომ ეს გზა კიდევ უფრო დამღლელი იქნება, ვიდრე პირვანდელი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ხარ, რომ ოდესმე აუცილებლად მიაღწევ ოლიმპომდე და მისი ნაწილიც გახდები.

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button