Topლიტერატურაწიგნები

Top 5 მხატვრული წიგნი ჰაკერებზე… და არა მარტო მათზე

მიუხედავად ჰაკერებისადმი დღეს არსებული განწყობისა, რომელიც მათ კრიმინალებად და ტერორისტებად წარმოჩენას ემსახურება, მხატვრულ სამყაროში ისინი გვევლინებიან გმირებად, ჰაკტივისტებად, რომლებიც ან დამოუკიდებლად მოქმედებენ, ან დიდი წვლილი შეაქვთ მთავარი პროტაგონისტების მიერ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებაში. რას გააკეთებდა ჯეკ ბაუერი ქლოე ო’ბრაიენის გარეშე? ან და გავიხსენოთ ფელისიტი სმოუკი Arrow-დან. ასევე, არ დაგვავიწყდეს ჰაკერები „მატრიცადან“, რომლებმაც სუპერ ხელოვნურ ინტელექტს ცარიელი ადგილები მოუძებნეს და მის სამყაროში შეაღწიეს. კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება… თუმცა ეს ფილმებია, საინტერესოა, რა ხდება ლიტერატურაში.
ლიტერატურაში საქმე უფრო სერიოზულადაა, რადგან აქ ჰაკერებს მუშაობა უწევთ განვითარებულ ვირუსებთან, ხელოვნურ ინტელექტებთან, გადაგვარებულ საზოგადოებაში ცხოვრების პირობებში, ისეთ სამყაროებში, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკისთვისაა დამახასიათებელი. ცხადია, რომ ჰაკინგი სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. ეს ორი მიმართულება მშვენივრად ეწყობა ერთმანეთს და ქმნის კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკისგან განსხვავებულ, ჩვენთვის უფრო ნაცნობ ატმოსფეროს, რადგან ჰაკერები და კომპიუტერები, დროში მოგზაურობისა და შორეული პლანეტების კოლონიზაციისაგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენაგანისთვის ნაცნობი თემებია. 
ჯერ კიდევ ’80-იან წლებში, როცა კომპიუტერები ჯერ კიდევ არ ქცეულიყო მეინსტრიმულ მოვლენად, ისეთმა ავტორებმა, როგორებიცაა ნილ სტივენსონი და უილიამ გიბსონი, დაიწყეს სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰაკინგის გამოყენება დისტოპიური სამყაროების „დასაპროგრამებლად“, რათა შეექმნათ კიბერპანკი, უახლოესი მომავლის შიშის მომგვრელი ხედვა, სადაც ტექნოლოგია არის ღმერთი, ხოლო საზოგადოება – თავისივე ქმნილების მსხვერპლი. 

1. უილიამ გიბსონი – „ნეირომანტი“ William Gibson – Neuromancer

ამ სიის უდავო ლიდერი – „ნეირომანტი“, არის კიბერპანკის საკულტო ნამუშევარი: პირველი წიგნი, რომელმაც მოახერხა სამეცნიერო ფანტასტიკის „სამმაგი გვირგვინის“ (ნებულა, ჰიუგო, ფილიპ კ. დიკის პრემია) მოპოვება. გიბსონის ეს სადებიუტო ნოველა გამოქვეყნდა 1984 წელს და მალევე მოიპოვა პოპულარობა. დღეს კიბერპანკში ეს წიგნი ისეთივე სტატუსის მატარებელია, როგორც „დრაკულა“ ვამპირთა მხატვრულ სამყაროში, ან „ნათლია“ მაფიის შესახებ დაწერილ წიგნებში. მართალია, ეს არის არის სუფთად ჰაკინგზე დაწერილი წიგნი, რადგან აქ ისევ გვხვდება სამეცნიერო ფანტასტიკის კლიშეები (კოსმოსში მოგზაურობა, მოდიფიცირებული ჰუმანოიდები და ა.შ.), თუმცა გამოჩნდა ისეთ ფენომენები, როგორიც იყო ვირტუალური რეალობა, კომპიუტერებით მანიპულაცია და სხვა ჰაკერული აქტივობები. წიგნმა ასევე მოახერხა, რომ დაეძლია მკითხველთა შეზღუდული წრე (სამეცნიერო ფანტასტიკის ნერდები) და გასულიყო ფართო საზოგადოებაში. სწორედ „ნეირომანტის“ დამსახურებაა ისეთი ტერმინის დამკვიდრება და პოპულარიზება, როგორიცაა „კიბერსივრცე.“ უფრო მეტიც, ზოგი სამართლიანად მიიჩნევს, რომ არა გიბსონი ნამუშევარი, დღეს ინტერნეტი ისეთი არ იქნებოდა, როგორსაც ვიცნობთ. ამ ნაწარმოებმა განავითარა „მატრიცას“ კონცეფცია: „მატრიცას საფუძვლად უდევს პრიმიტიული საბრძოლო თამაშები… კიბერსივრცე. ეს არის კონსენსუალური ჰალუცინაცია, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის მილიარდობით ლეგიტიმური ოპერატორი, ყველა ქვეყანაში, ბავშვები, რომლებიც სწავლობენ მათემატიკურ კონცეფციებს… ეს არის ადამინთა სისტემაში არსებული თითოეული კომპიუტერული ბაზიდან განცალკევებული, გრაფიკულად წარმოდგენილი მონაცემები. წარმოუდგენელი სირთულე. ცნობიერების მიღმა ნაკადებად ჩამომდინარე სინათლის ხაზები, მონაცემთა ჯგუფები და თანავარსკვლავედები,  ქალაქის მოციმციმე სინათლეების მსგავსად.“ როგორი სირთულითაცაა დაწერილი ეს წიგნი, მით უფრო საინტერესო და შემეცნებითია გიბსონის ეს შედევრი, რომელშიც უცნობი პირის მიერ დაქირავებულმა, სულიერად დაცემულმა ჰაკერმა უნდა განახორციელოს ჯერ არ ნახული, მაქსიმალური დონის ჰაკინგი.
2. ნილ სტივენსონი – „ხარვეზი“Neal Stephenson – Snow Crash

კიბერპანკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით კომპლექსური ნაწარმოები, რომელმაც მანამდე უცნობი ნილ სტივენსონი ’90-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ მწერლად აქცია. ეს ნაწარმოები, სხვა ბევრ თემასთან ერთად, იკვლევს ადამიანის ბუნებას (ავატარებისა და კიბორგების ფონზე), საზოგადოების მიზანს და ა.შ. განსაკუთრებით თვალშისაცემია ენის მნიშვნელობა და მისი არსი. სტივენსონი გვთავაზონს ენების წარმოშობის ინოვაციურ ვერსიას და ენის, როგორც ფენომენის, კავშირს კომპიუტერულ ვირუსთან. არსებობდა ქალღმერთი აშერა, როგორც ლინგვისტური ვირუსი, ყველა ადამიანი, ინფიცირებული ამ ვირუსით, ლაპარაკობდა ერთ ენაზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ღმერთმა, სახელად ენკიმ, შეიმუშავა ანტივირუსი, რომელმაც ადამიანები, აშერას ვირუსისგან დასაცავად, აალაპარაკა სხვადასხვა ენაზე. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოახდინა ისეთი ტერმინის პოპულარიზება, როგორიცაა „ავატარი“ (ეს სანსკრიტული ტერმინი მანამდეც არსებობდა კომპიუტერულ სამყაროში). „ხარვეზში“ აღწერილ სისტემა `Earth`-ს კი მიიჩნევენ ისეთი პროგრამების პროტოტიპად, როგორიცაა NASA World Wind და Google Earth. „ხარვეზის“ მოქმედება ხდება პრივატიზებულ ერთეულებად ქცეულ სამყაროში, სადაც არ არსებობს ცნება „საჯარო“. ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი პრივატიზებულია კერძო კორპორაციების მიერ, მთავრობა ფაქტობრივად არ არსებობს (შეიძლება ეს სურათი არც თუ ისე შორეული მომავალი იყოს დღევანდელი კაცობრიობისთვის). წიგნში დახატულია ადამიანთა ყოფა ინფორმაციის მუდმივად პროგრესირებად პირობებში, რაც ადამიანებისთვის არც თუ ისე ოპტიმალური კონდიციაა (ეს პრობლემაც აღარ არის უცხო ინტერნეტის წყალობთ). ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებმა მთავარმა გმირმა კი, გენიოსმა ჰაკერმა, უნდა გატეხოს ეს ახალი ინფორმაციული ვირუსი და კაცობრიობა იხსნას… ინფოკალიფსისგან.

3. ნილ სტივენსონი – „კრიპტონომიკონი“Neal Stephenson – Cryptonomicon

ნილ სტივენსონი

ისევ სტივენსონი. მას შემდეგ, რაც ალან ტიურინგის შესახებ გადაღებული `The Imitation Games` გამოვიდა, ფართო საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ მუშაობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „ჰაკერები“. „კრიპტონომიკონის“ სიუჟეტის ნაწილი სწორედ ასეთ „ჰაკერებს“ ეხება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ნაცისტებისა და მათი მოკავშირეების დასამარცხებლად. სიუჟეტის მეორე ნაწილი კი მოგვითხრობს ’90-იან წლებში მოქმედ ჰაკერთა მიწისქვეშა ჯგუფზე, რომლებიც ცდილობენ შექმნან საიდუმლო ინტერნეტბანკინგის ქსელი, ციფრული ვალუტითა და ოქროს კურსით, რათა დაეხმარონ გენოციდის სამიზნე ჯგუფებს თავდაცვითი სტრატეგიების განვითარებაში. სტივენსონი სხვა ნოველებთან შედარებით, „კრიპტონომიკონი“ უფრო მეტად ისტორიული რომანი და თანამედროვე ტექნო-თრილერია, ვიდრე – სამეცნიერო ფანტასტიკა. ნაწარმოებში შევხვდებით ისეთი ისტორიული ადამიანების ფიქციურ ვერსიებს, როგორებიცაა ალან ტიურინგი, ალბერტ აინშტაინი, დუგლას მაკარტური, უინსტონ ჩერჩილი, ისოროკუ იამამოტო, კარლ დიონიცი, ჰერმან გერინგი და რონალდ რეიგანი. ამ ყველაფერს კი ემატება ტექნიური დეტალებით დატვირთული პასაჟები თანამედროვე კრიპტოგრაფიაზე, ინფორმაციის დაცვაზე, უმაღლეს მათემატიკაზე და ა.შ. (ასეთი საკითხები ყოველთვის საინტერესოა მკითხველისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერაფერი გაიგონ). მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მხატვრულია, მას „კრიპტოგრაფის ბიბლიად“ მოიხსნებენ, რომელიც თავს უყრის ამერიკის მთელ ცოდნას კრიპტოგრაფიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფართო მასებზე არ იყო გათვლილი, მან დიდი აღიარება ჰპოვა როგორც სტივენსონის ფანებში, ისე – კრიტიკოსებისგან და მკითხველებისგან. თუმცა, რომანს მაინც შერჩა „ნერდებისთვის დაწერილი“ წიგნის სტატუსი. წიგნის სახელწოდება წარმოადგენს ჰოვარდ ფილიპ ლავკრაფტის საშინელებათა მოთხრობების – „ნეკრონომიკონის“ სახელწოდების ვარიაციას: „ისეთი სათაურის მოფიქრება მინდოდა, როგორიც ექნებოდა XVII საუკუნის მეცნიერის ნაშრომს. ასე მოვიფიქრე „კრიპტონომიკონი“. ყური მქონდა მოკრული ისეთი სიტყვისთვის, როგორიც იყო ნეკრონომიკონი. ნამდვილად არ წამიკითხავს ლავკრაფტი, თუმცა სახელწოდება ნამდვილად მისი დამსახურებაა“ – ამბობს სტივენსონი.
4. ჯონ ბრანერი – „The Shocwave Rider“

ეს წიგნი 1975 წელს გამოიცა. ამ ნაწარმოებში მთავარი გმირი ცდილობს თავისი ჰაკერული უნარების დახმარებით შეძლოს დისტოპიური მომავლის სამყაროდან თავის დაღწევა. სწორედ ამ წიგნის შემდეგ გადხდა პოპულარული ისეთი ტერმინი, როგორიცაა „კომპიუტერული ჭია“. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებმა კრიტიკოსები ვერ მოხიბლა, წიგნი, ცალკეული ეპიზოდებისა და მთლიანი ლაიტმოტივის გათვალისწინებით, ნამდვილად არის ერთხელ წაკითხვის ღირსი, თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიგნი 1975 წელს გამოიცა, როცა ჯერ კიდევ კონცეფციების დონეზე იყო შემუშავებული მსოფლიოს გლობალური კომპიუტერული ქსელი, წიგნმა კი, „მონაცემთა ბაზის“ სახით, საკმაოდ ნათლად იწინასწარმეტყველა ის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ამას ემატება ის, რომ წიგნში მთავარი გმირი ცდილობს ხალხი იხსნას მენტალური ილუზიებისგან, რომლებმაც თითქმის რელობის დონეზე დაიწყეს არსებობა, რადგან შეიცვალა „აღქმის“ არსი ადამიანებში. ნუ, მოკლედ, როგორც მიხვდით, ეს სურათი ძალიან წააგავს ვაჩოვსკების „მატრიცას“ სიუჟეტს, რაც ნამდვილად მატებს ღირებულებას 1975 წელს გამოცემულ წიგნს.

5. ჯეფრი დივერი – „ლურჯი სიცარიელე“Jeffery Deaver – The Blue Nowhere

„ლურჯი სიცარიელე“ არის კიბერ-თრილერი, რომლის მოქმედება ხდება ’90-იანი წლების პერიოდში. ჯეფრი დივერი, რომელმაც ნამდვილად იცის თავის საქმე, მშვენივრად უმკლავდება კიბერ თემას. ზემოთ განხილული ნაწარმოებებისგან განსხვავებით, ეს წიგნი წარმოადგენს მეტი მოქმედებითი ელემენტების მქონე ნამუშევარს, რომელიც კარგად აღწერს კონკურენტ ჰაკერთა ბრძოლას. სერიულ მკვლელად გადაქცეული ჰაკერი, რომელიც მსხვერპლს ინტერნეტის ისტორიის მიხედვით არჩევს, აღმოჩნდება პოლიციის მიერ ციხიდან გამოყვანილი ჰაკერის წინაშე, და მათ შორის იწყება ერთგვარი ბლიცკრიგი: მუდმივი ბრძოლა იმის გასარკვევად, თუ რომელი მოიპოვებს უპირატესობას ინფორმაციულ ინჟინერიაში და ჰაკერულ ოპერაციებში. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ მემუარულ ნამუშევარს იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდებოდა ჰაკინგი ინტერნეტული ერის გარიჟრაჟზე. წიგნს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კიბერ-უსაფრთხოების კანონიკური ტექსტი.

ავტორი: გიორგი ნაკაშიძე

წყარო
http://celsius-233.blogspot.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button