1953 წელი. რუმინეთი. ნიცკიდორფი. ბანატის ერთ-ერთი სოფელი. დაიბადა ერთ-ერთ გერმანულ ოჯახში, გერმანელების უბანში, სადაც მხოლოდ პოლიციელი თუ დადიოდა ეთნიკური რუმინელი. მეორე მსოფილო ომის დროს, როცა ქვეყანა გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული, მამა ჯარში განამწესეს, ხოლო დედა ხუთი წლის ვადით სამუშაოდ გაგზავნეს საბჭოთა ბანაკში. ომის შემდეგ მამამ სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა.
ჰერტა ტიმიშოარას უნივერსიტეტში გერმანული და რუმინული ენების სწავლას შეუდგა. სასწავლებელში ყოფნის დროს დაუახლოვდა ახალგაზრდა გერმანულენოვან მწერალთა ჯგუფს, რამაც ფაქტობრივად მისი მომავალი გადაწყვიტა. მწერალთა შორის იყო რიჩარდ ვაგნერიც – კომუნისტური პარტიის წევრი. მალე დაჯგუფება რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკური შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულეს და ერთ-ერთი წევრი, უილიამ ტოტიკი, დააპატიმრეს. 1975 წლიდან მათი დაჯგუფება ოფიციალურად აკრძალეს, მაგრამ წევრებმა მიზანს ნაწილობრივ მაინც მიაღწიეს: ტოტალიტარული, ნაციონალისტურ-კომუნისტური სისტემის წინააღმდეგ კრიტიკული აზროვნების გაღვივებაში მნიშნელოვანი წვლილი შეიტანეს.
მამის გარდაცვალების შემდეგ, მიულერმა წერა დაიწყო. “საჭირო იყო დავბრუნებოდი წარსულს, აღმეწერა ჩემი სოფელი, ბავშვობა, დედა, მამა”აღნიშნა მან მოგვიანებით. 1977 წლიდან 1979 წლამდე მუშაობდა თარჯიმნად ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში. თარგმნიდა ავსტრიიდან, შვეიცარიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ტექნიკის შესახებ შემოტანილ სახელმძღვანელოებს. იმის გამო, რომ მან უარი თქვა ჩაუშესკუს საიდუმლო პოლიციის წევრობასა და პოლიტიკურ ჯაშუშობაზე, სამსახურიდან დაითხოვეს. მას შემდეგ, კონტროლზე აიყვანეს და მისი სახელი განსაკუთრებულ სიაში აღრიცხეს. ამიერიდან “პარაზიტული ელემენტის” სახელით დაღდასმული იყო გერმანელი ჰერტა მიულერი რუმინეთში ისევე, როგორც ებრაელი იოსიფ ბროდსკი თავის დროზე ლენინგრადში. სახელის გასატეხად, რას აღარ კადრულობდნენ. ერთხელ ბრალიც დასდეს გამორჩენის მიზნით საკუთარ რვა არაბ სტუდენტთან სექსუალურ კავშირში. “ ერთ არაბ სტუდენტსაც კი არ ვიცნობდი იმხანად” აღნიშნა მიულერმა (Die Zeit, july 2009).
1979 წელს დაასრულა წიგნი, სახელად “ნადირები”, რომელიც 14 პროზაულ მინიატურას შეიცავდა. სამი წელი დასჭირდა, რომ ნაშრომს დღის შუქი ეხილა. თანაც მას შემდეგ, რაც დაჩეხეს, სრულიად დაამახინჯეს. როცა 1984 წელს ორიგინალმა გერმანიში შეაღწია და გამოიცა, მკითხველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. წლების განმავლობაში მწერალს ეკრძალებოდა მოგზაურობა. ეკრძალებოდა რუმინეთში რაიმე ნაწარმოების დაბეჭდვა. 1987 წელს, როგორც იქნა, სამშობლოს ტყვეობიდან გათავისუფლდა: უფლება მოიპოვა, გამგზავრებულიყო გერმანიაში რიჩარდ ვაგნერთან ერთად, რომელიც იმხანად უკვე მისი ქმარი იყო. ორი წლის შემდეგ ჩაუშესკუს რეჟიმიც დაამხეს, მაგრამ ოცი წლის შემდეგაც კი მწერალი ამბობდა, რომ რუმინეთში ყოფნის დროს მას უთვალთვალებდნენ.
როგორც მიკროკოსმოსი, რეპრესირებულნი თავიანთი ძველმოდური ღირებულებებითა და გენდერული ტრადიციებით _ ასე აღწერა მიულერმა ბანატის საზოგადოება. ამასთანავე, უარყო ეღიარებინათ იგი ფემინისტ მწერლად. ცივი, ბნელი, მომაკვდავი ბანატის სოფელი დანახულია ბავშვის თვალთახედვით. წიგნ “ნადირში” (Niederungen) მწერალმა გამოიყენა მხატვრული ხერხი: მოყიყინე ბაყაყი _ მეტაფორა, რომელიც გერმანულ უმცირესობას გვახსენებს: “გადასახლების დროს ყველას თან მიჰყავდა ბაყაყი”. “მწვანე ქლიავების მიწა” (The Land of Green Plums; 1994) დაიწერა მეგობრების საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ. წიგნი ეხება ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მეგობრობა ირღვევა ტოტალიტარიზმის მავნე ძალების ზეგავლენით. ნაწარმოები “მელა მაშინ უკვე მონადირე იყო” (“Der Fuchs war damals schon der Jäger”; 1992) ასახავს 1980-იანი წლების ტრივიალურ ყოფას რუმინეთის პროვინციაში. “შეხვედრაში” (“The Appointment”) საუბარია ერთი მარტოსული ადამიანის პირად ცხოვრებაზე. დაკითხვაზე გამოძახებული ტრამვაით მიმავალი ქარხნის მუშა, ნაწარმოების მთავარი გმირი, ისე იხლართება და ტრიალებს თავის ფიქრებში, როგორც ტრამვაის სპონტანური მოძრაობა. ქვეყნიდან გაღწევის მიზნით ქურთუკების სარჩულში ქარგავს შეტყობინებას: “შემირთე ცოლად”, უთითებს საკუთარ ვინაობასა და მისამართს. სასოწარკვეთილ ქალს შავ-თეთრი ცხოვრებიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ეს უკანასკნელი გამოსავალი დარჩენია.
“ცალი ფეხით მოგზაურობა” (Traveling on One Lag ; 1989) ხატავს მაშინდელი ირანის ყოფას, ოცდაათი წლის გერმანული წარმოშობის რუმინელი იმიგრანტის ცხოვრებას, რომელსაც ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს სამ მამაკაცთან. “შესაძლებელია, სიუჟეტი სუსტია, მაგრამ ირენის შინაგანი სამყარო სიღრმისეულად არის დანახული” _ უილიამ ფერგიუსონი, გაზეთი “ნიუ იორკ ტაიმსი” (21 თებერვალი, 1999). საერთოდ, ჰერტასა და მისი ქმრის გამოგონილი სიუჟეტები და გმირები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს: რიჩარდ ვაგნერმაც აღწერა რუმინეთიდან გადასახლება თავის მოთხრობებში (Ausreiseantrag; (1988); Begrüßungsgeld (1989)). საუბრობენ ერთნაირად, ქმნიან ერთნაირ ტიპაჟებს: მაგალითად, გულგატეხილ ჟურნალისტს, სახელად სტინერს და მის გერმანული ენის მასწავლებელს.
მიულერს გამოქვეყნებული აქვს ლექციები მწერლობაზე (Der Teufel sitzt im Spiegel (1991); ჟურნალისტური ნაშრომები (Eine warme Kartoffel ist ein warmes Bett, 1992), ესეები (Hunger und Seide, 1995) , ლექსების კრებული (Este sau nu este Ion (2005))
ნობელის პრემიის გარდა, მიღებული აქვს ბევრი სხვა ლიტერატურული ჯილდოები: The Kleist Prize (1994), the European Union’s Aristeion Prize for Literature (1995), the International IMPAC Dublin Litetary Award (1998), the Franz Kafka Prize (1999) და ლიტერატურული პრიზი The Konrad Adenauer Foundation (2004).
1995 წელს გახდა ლიტერატურისა და პოეზიის გერმანული აკადემიის წევრი. ამჟამად ცხოვრობს ბერლინში, კითხულოს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2005 წლიდან აბარია მიულერის სტუმართა პროფესურის ხელმძღვანელობა გერმანიის “თავისუფალ უნივერსიტეტში”.
—-
წერა გულწრფელიბას მოითხოვს. ადამიანი თავის თავთან უნდა იყოს ალალი. გამოცდილებას სხვადასხვანაირად იღებენ: თუ ერთი ხუთი გრძნობის საშუალებით აღწევს, მეორე ამას წერის საშუალებით ახერხებს. ერთი წერაში დაეძებს და ამიტომ წერს. თუ ერთი საგნებს ხედავს და ცდის აბსოლუტურად სხვა კუთხით, მეორე თავის თავს ცდის, თვითგამოხატვას წერის პროცესში ახერხებს. წერა განყენებულად, თავისთავად, არაფერს გამოხატავს სანამ ავტორი პროცესშია. ნაწერი მხოლოდ დამთავრების შემდეგ წარმოჩინდება. როცა ვწერ, თAავს დაცულად ვგრძნობ. შემდეგ ვიწყებ ფიქრს, თუ როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება და, როცა ნაწარმოების ფინალს ვუახლოვდები, არ ვიცი, რა იქნება შემდეგ.
ჰ. მიულერი