სკეპტიკური თვალით დანახული წინასწარმეტყველური სიზმრები
მსოფლიოში ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ კატასტროფა ან რაიმე სახის უბედურება წინასწარ იხილა სიზმრის მეშვეობით. რამდენად რეალურია ასეთი წინათგრძნობა? ქვემოთ მოყვანილი სტატია წარმოადგენს ნაწყვეტს ფსიქოლოგ რიჩარდ ვაისმანის წიგნიდან “რატომ ვხედავთ იმას, რაც არ არსებობს”. ვაისმანი მეცნიერულ-სკეპტიკურ მეთოდს მიჰყვება კვლევისას და გვანახებს, როგორ შეიძლება სიზმარმა ჩვენი ტვინი მოატყუოს.
გასული საუკუნის შუახანებში სამხრეთ უელსის პატარა ქალაქ აბერფანში მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული იყო მთიან ადგილებთან მდებარე ქვანახშირის მაღაროებში, სადაც მაღალი ხარისხის ქვანახშირის მოპოვება ხდებოდა. 1966 წლის ოქტომბერში თავსხმა წვიმები დაიწყო, რის გამოც დიდი რაოდენობის წვიმის წყალმა გორაკების ქვიშაქვის ფორებში გაჟონა და 21 ოქტომბერს, დილის 9 საათზე გორაკების ერთი ფენა სინესტის გამო ჩამოიქცა, შედეგად მაღაროდან გათხრებისას ამოღებული ნახევარი ტონა ლოდები და ნამსხვრევები ქალაქის მიმართულებით დაიძრა.
მართალია, მათი რაღაც ნაწილი მალევე გაჩერდა, მაგრამ უფრო მეტმა გორვა განაგრძო და პირდაპირ სოფლის სკოლისკენ აიღო გეზი. პირველი საათის განმავლობაში მოახერხეს მოსწავლეების რაღაც ნაწილის გამოყვანა უვლებლად ან ასე თუ ისე დაშავებულ მდგომარეობაში, სხვები კი სამწუხაროდ ამ უბედურ მოვლენას შეეწირნენ. შემთხვევამ იმსხვერპლა 116 მოსწავლე და 28 ზრდასრული ადამიანი.
მეორე დღეს სოფელს ეწვია ფსიქიატრი ჯონ ბარკერი. ის დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა პარანორმალურ მოვლენებს და ამჯერადაც მისი ინტერესის მიზანი იყო, გაერკვია, რაიმე უჩვეულო ხომ არ მომხდარიყო გორაკის ჩამოქცევამდე, ან ვისაც ამ შემთხვევასთან კავშირი ჰქონდა, წინათგრძნობა ან რაიმე სახის გაფრთხილება ხომ არ მიეღო მანამდე.
ფსიქიატრმა ამისთვის გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება, რომ ვინც წინასწარ იცოდა უბედური შემთხვევის მოხდენის შესახებ, მისთვის წერილი გაეგზავნა. ინგლისიდან და უელსიდან დაახლოებით 60 წერილი მიიღო. ხალხი ატყობინებდა, რომ წინასწარმეტყველური სიზმარი იხილეს. იგივე რამ განიცადა 10 წლის მოსწავლემ, რომელიც 21 ოქტომბერს დაიღუპა. ფსიქიატრს ამის შესახებ მისმა მშობლებმა შეატყობინეს. მათი თქმით, გოგონას ესიზმრა, რომ სკოლაში უნდოდა წასვლა, მაგრამ ვერ ახერხებდა, რადგან სკოლა იქ აღარ იყო. მას რაღაც შავი დასწოლოდა ზემოდან და მთლიანად დაეფარა.
54 წლის ქალბატონი სამხრეთ დევონიდან (ინგლისი) ამბობდა, რომ წინა ღამეს ესიზმრა, თითქოს ბავშვები მართკუთხა ფორმის ოთახში იყვნენ გამომწყვდეულები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. სხვა მოქალაქემ, რომელიც ლონდონიდან იყო, თქვა, რომ ერთი კვირით ადრე მის სიზმარში სკოლასთან ზვავი ჩამოწვა, რამაც შიგ მყოფი ბავშვები ოთახში გამოკეტა და იმსხვერპლა.
მარკ ტვენი & აბრაამ ლინკოლნი
წინასწარმეტყველური სიზმრის ფენომენი უცხო ხილი არ არის – ცხოვრებაში ერთხელ მას ადამიანების დაახლოებით მესამედი გამოცდის ხოლმე.
აბრაამ ლინკოლნი საკუთარი სიკვდილის სცენას ორი კვირით ადრე ხედავდა სიზმარში. მარკ ტვენს კუბოში მწოლიარე მისი ძმის გვამი დაესიზმრა რამდენიმე კვირით ადრე, რაც შემდეგ ახდა უბედური შემთხვევის (აფეთქება) გამო. ჩარლზ დიკენსი წითელში გამოწყობილ ქალს ხედავდა, რომელსაც მის ნეპირი ერქვა. მალე კი მართლაც ესტუმრა იგივე სახელის მქონე ქალბატონი, მას წითელი თავშალი ჰქონდა მოხურული.
რით შეიძლება აიხსნას მსგავსი მოვლენები? შესაძლებელია მომავლის ხილვა სიზმარში? მკვლევარებისთვის ეს დიდი ხნის განმავლობაში გამოცანა იყო, მაგრამ გასაღებს მიაგნეს.
გასული საუკუნის 50-იანებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ევგენი ასერინსკიმ გზა გაუკვალა ახალ დარგს, ძილის მეცნიერებას. ის აღვიძებდა პაციენტებს, მას შემდეგ რაც გარკვეულ პერიოდს დაჰყოფდნენ REM ფაზაში – ფაზა, როცა თვალის გუგები მოძრაობს და სუნთქვა/გულისცემა არარეგულარულია. ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა დაკვირვებამ საინტერესო რამეები გამოავლინა: თითქმის ყველა ხედავს ფერად სიზმარს. ზოგიერთი სიზმარი უცნაურია, თუმცა ძირითადად ადამიანს ყოველდღიური საქმიანობა ესიზმრება – ხელ-პირის დაბანა, სახლის დასუფთავება, გადასახადის ქვითრების შევსება. თუკი მძინარე ადამიანს შეაცოცდები, ან სახეზე მიანათებ, ან წყალს მიაპკურებ, ძალიან დიდი ალბათობით ეს სიზმრის შინაარსზეც აისახება. თუმცა ყველაზე საინტერესო დასკვნა ის იყო, რომ ადამიანი უფრო მეტ სიზმარს ხედავს, ვიდრე მას ჰგონია.
ზრდასრულ ადამიანს ღამეში საშუალოდ 4-ჯერ ესიზმრება. ისინი დაახლოებით 90 წუთიანი შუალედით მიმდინარეობს და თითოეული შეიძლება 20 წუთამდეც გაგრძელდეს. სიზმრების უმრავლესობა გაღვიძებისთანავე გავიწყდებათ, რაც გიტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ უსიზმრო ძილი გქონდათ. გამონაკლისია შემთხვევები, როცა სიზმრის მომენტში გეღვიძებათ. ამ დროს დედააზრი და ძირითადი მომენტები გახსოვთ. მაგრამ თუკი განსაკუთრებული სიზმარი არ იყო, ისიც მალე გავიწყდებათ.
ჰენრიხ ფუსელის “კოშმარი”, 1781 წ.
წარმოიდგინეთ, რომ სამი ღამე ცუდად გძინავთ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ “მიეგდებით” ლოგინზე და იძინებთ. ღამით ძილის სხვადასხვა ფაზაში იმყოფებით და რამდენიმე სიზმარს ხედავთ. დილის 7 საათზე ტვინი “იგონებს” რაიმე ვითარებას და სიზმრის მეშვეობით გაწვდით. მაგალითად, შემდეგი 20 წუთი გესიზმრებათ, რომ ნაყინის ფაბრიკაში იმყოფებით და ჟოლოს კრემის ცისტერნაში ჩავარდით. როცა მეტს ვეღარ გაძლებთ და იხრჩობით, სწორედ ამ დროს რეკავს მაღვიძარა. სიზმრის ფრაგმენტები კი, განსაკუთრებით სიკვდილისწინა მდგომარეობის შეგრძნება, მთელი დღის განმავლობაში გრჩებათ.
მეორე დღეს ისევ რამდენიმე სიზმარს ხედავთ. ღამის 2 საათზე კოშმარი გესიზმრებათ: მანქანით მიდიხართ ჩაბნელებულ გზაზე, გვერდზე კი რომელიმე ცნობილი ადამიანი გიზით, მაგალითად ჯონი დეპი ან მონიკა ბელუჩი. უცებ მანქანზე ხტება გიგანტური ობობა, თქვენ მკვეთრად უხვევთ და ხეს ეჯახებით. როცა იღვიძებთ, გახსოვთ მგზავრი, ობობა, ხე და შიში.
მესამე ღამეს, 4 საათზე გესიზმრებათ, რომ რომელიმე სერიოზული ფილმის გადაღება იწყება და შესარჩევ კონკურსზე ხართ მისული.
დილას იღვიძებთ და ახალი ამბების მოსმენისას შოკირებული აღმოაჩენთ, რომ ჯონი დეპი/მონიკა ბელუჩი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. მანქანამ გზიდან გადაუხვია და ბოძს შეეჯახა. ბინგო! თავში მაშინვე სიზმარში ნანახი ავარია და სიკვდილის შიში ამოგიტივტივდებათ, ამასთან გავიწყდებათ ჟოლოს კრემი და შესარჩევი კონკურსი. პირველი ორი ღამის სიზმრებიდან არჩევთ იმას, რაც ესადაგება რეალობას და ცდილობთ წინასწარმეტყველური ეფექტი მისცეთ, იმას კი აღარ იხსენებთ, რომ ავარია არ გამოუწვევია ობობას, მანქანა არ შესჯახებია ხეს და რეალობა შეიძლება მკვეთრადაც განსხვავდება სიზმრისგან.
კარგი, ვთქვათ, სიზმარში ნანახი გზა მიაგავს ავარიის შემთხვევის ადგილს, ბოძიც ჩამოჰგავს იმ ხეს, მაგრამ რა ვუყოთ სხვა რამეებს, მაგალითად ობობას?
ტვინი იწყებს მუშაობას და ცდილობს, გაავლოს ასოციაცია. მაგალითად, ავარიის მომენტში მსახიობს იმ ობობისფერი ზედა ეცვა, ან ობობა, როგორც ბევრისთვის საზიზღარი არსება, უბრალოდ უბედურების მომასწავებელი იყო. გონება ცდილობს, მაქსიმალურად მიუახლოვოს სიზმარი რეალობას, რათა არამიწიერი ელფერი მისცეს მას.
ხალხი რეგულარულად ხედავს სიზმრებს, სადაც მსოფლიო ლიდერებს კლავენ, მათ მეგობარს ასაფლავებენ, თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის, ქვეყნები ომს იწყებენ და ა.შ. მაგრამ მალევე ავიწყდებათ. ადამიანები იშვიათად ყვებიან ისეთ წინასწარმეტყველურ სიზმრებზე, სადაც ვინმეს სამსახურში აწინაურებენ, ახლობელი ქორწინდება და ა.შ. ეს იმის გამოა, რომ სიზმრების 80% ნეგატიური ელფერისაა. ეს ხსნის იმას, თუ რატომაა წინასწარმეტყველური სიზმრები უფრო ხშირად ცუდი მოვლენების შესახებ.
ფსიქიატრ ჯონ ბარკერის მიერ დაკითხულ 60-მდე ადამიანიდან 36-ს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სიზმარი მართლა ნახა – მაგალითად, კატასტროფამდე სადმე ჩაიწერა ან ვინმეს მოუყვა. მათ აბერფანის ტრაგედიამდე ბევრი სხვა სიზმარიც ჰქონდათ ნანახი, მაგრამ ამოარჩიეს ის მომენტები, რომლებიც მოვლენას ესადაგებოდა. ამასთან, პარალელები ისე გაავლეს, რომ რეალობას დამთხვეოდა. მაგალითად, სიბნელე იქცა ქვანახშირად, ოთახი – საკლასო ოთახად, შემაღლებული ადგილი – გორაკად და ა.შ.
ცხადია, ვისაც სჯერა პარანორმალური მოვლენების, ამის საწინააღმდეგო არგუმენტად მოიყვანენ მაგალითებს, რომ მათმა ნაცნობმა ნახა სიზმარი, მეორე დღეს მოუყვა ახლობლებს და ის საოცრად დაემთხვა შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
გასული საუკუნის 60-იანების ბოლოს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიზმრის შინაარსი არამარტო დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზეა დამოკიდებული, არამედ იმაზეც, რა გვიტრიალებს თავში. გოგონამ აღწერა, რომ სკოლა რაღაც შავმა დაფარა და იქ აღარ იყო. შემდეგ კი ეს გოგონა დაიღუპა. წლების წინ, როცა გათხრები დაიწყო, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ მაღაროდან ამოღებული მიწისა და ნამსხვრევების გორაკზე “შემოწყობის” გამო, მაგრამ ეს შეშფოთება დააიგნორეს.
კატასტროფამდე 3 წლით ადრე ერთ-ერთმა ინჟინერმა ხელისუფლებას მისწერა, რომ ხალხის უსაფრთხოებაზე ეზრუნა, მისი აზრით განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ სკოლა იყო. ამ ამბის გამო გარკვეული პერიოდი ქალაქში მღელვარება იყო. ცხადია, დაზუსტებით თქმა ძნელია, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ გოგონას სიზმარზე ამას ექონია გავლენა.
მაგრამ რა ვუყოთ იმ დანარჩენ ადამიანებს, რომლებზეც შეიძლება სულაც არ იმოქმედა ქალაქში გავრცელებულმა მითქმა-მოთქმამ?
პასუხის საპოვნელად, გარდა ძილის მეცნიერებისა, უნდა მივმართოთ სტატისტიკასაც. კონკრეტულად კი ბრიტანეთის არეალი ავიღოთ. საშუალო ბრიტანელ მოქალაქეს პირობითად ვუწოდოთ ბრაიანი.
ბრაიანი 15-დან 75 წლის ასაკამდე ყოველღამე ხედავს სიზმრებს. ყოველ წელიწადში 365 (366) დღეა, 60 წლიანი პერიოდი კი უხეშად 21900 ღამეს უდრის. ახლა ჩავთვალოთ, რომ აბერფანის კატასტროფის ტიპის მოვლენა თაობაში ერთხელ შეიძლება მოხდეს და ბრაიანის ცხოვრების პერიოდში ნებისმიერ დღესაა ამის მოხდენის საშიშროება. იმის შანსი, რომ ბრაიანმა კატასტროფის წინა ღამეს ნახოს ავისმომასწავებელი სიზმარი, არის 1:21900, ანუ 21900-დან 1. ახლა გადავინაცვლოთ ბრიტანეთში. 60-იანებში იქ 45 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, უხეში ვარაუდით, 21900-დან 1 ადამიანს ექნებოდა ეს სიზმარი. შედეგი საინტერესოა – სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ადამიანი 2000-ზე მეტი გამოდის.
საბოლოოდ, დასკვნა ასეთია: წინასწარმეტყველური სიზმრები, როგორც წესი, სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული ფრაგმენტების რეალობასთან მსგავსების შედეგად ადამიანთა მიერ გავლებული მცდარი პარალელები. ხოლო რამდენადაც გინდა ჰგავდეს სიზმარი რეალობას, წინა აბზაცში მოყვანილი სტატისტიკა მისი პარანორმალური წარმოშობის ალბათობას მიზერულად ამცირებს.