იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – დუკა და აზნაური

კაცი ვინმე იყო აზნაური ქვეყანასა ბეჩისასა. ჰყვა ვაჟიშვილი ერთი, შემკული ყოვლითა სიკეთითა და დიდად შვენიერი იყო. უთხრა მამასა თვისსა: 

– მნებავს მსახურ-ყოფა დუკასი, წარმიყვანე და შემავედრე! 

უთხრა მამამან: 

– ორსა მცნებასა გასწავლი, მეფუცე დაიმარხო და ნებასა აღგისრულებ! 

ჰფიცა ძემან მისმან: 

– ყოველი მცნება შენი ვყო. 

ამცნო: 

– პატრონისა შენისა სახლსა შინა ნუ ისიძავ და მეორე, თუცა რეკა გესმას, ტაძრად მივედ, დიდიცა საშური საქმე გედვას, ვირე ლოცვისა დასრულებადმდე ნუ წახვალ! 

და იმცნო ესე. წარიყვანა და მიართვა დუკასა, პატრონსა ბეჩისასა. ესრე კეთილ-მსახურ ექმნა და შეაყვარა თავი, ძეთა თვისთა იგი ერჩივა და ყოველი საქმე მისი ხელთა მისთა მისცა. შეგზავნა შინა საქმესა რასმე ზედა.

თვალაგნა ცოლმან მისმან და ევედრა მასთანა დაწოლას. მან არა ჰყო პატრონისა ორგულება და მამის მცნების გატეხა. 

სხვა იყო შვილი აზნაურთა იგიცა, ორნივე ამხანაგად მსახურებდენ. იგი მეორე შეიხვია და მას ყრმასა ერისხებოდა. მეორედ შევიდა საქმესა რასამე ზედა, ნახა ორნივე იგინი ერთად. გამოვიდა და არა თქვა რა. 

შევიდა დუკა ცოლთანა. დიდად გარისხებული დახვდა. უთხრა: 

– თუცა კაცი იყო, მონა შენი მე არა ხელსა მყოფდა. 

შეასმინა ყრმა იგი, რომელმან ნება მისი არა ჰყო. გამოვიდა დუკა გარისხებული. დილასა უბრძანა მეხრმლესა: 

– დღეს პირველად რომელი გამოვგზავნო შენთანა და გითხრას: რა ჰქენი ბრძანებულიო? მას თავი მოკვეთე და მეორედ რომელი მოვიდეს, მას მიეც თავი მისი და გამომიგზავნე! 

უბრძანა ყრმასა მას უბრალოსა: 

– წადი, კაცსა მას უთხარ რა უყო ბრძანებული? 

წავიდა ყრმა იგი და მიმავალსა ესმა რეკა, მოაგონდა მცნება მამისა, მიექცა, ლოცვის დასრულებადმდე დაეყოვნა. მერმე გაგზავნა ყრმა იგი შემცოდე. მივიდა პირველად იგი, უთხრა კაცსა მას: რა უყავ ბრძანებულიო? შეიპყრა და თავი მოჰკვეთა და დადვა მუნ. დასრულებასა ლოცვისასა წარვიდა ესეცა. მივიდა კაცსა მასთანა. მოსცა მან კაცმან თავი იგი და მოართვა დუკასა. 

რა ნახა დუკამ, დიდად გაკვირდა და უთხრა: აქამომდე სად დაიყოვნეო? 

მოახსენა მან ყრმამან მამას ვით ემცნო და ანუ ვით ფიცი მიეცა და ტაძრად დაყოვნება. მერმედ აფიცა დუკამან და ყოველივე ნახული ათქმევინა. რა უბრალობა შეიტყო, სწორ თავისა ჰყო.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button