ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ერნესტ ჰემინგუეი – მოლოდინის დღე

ოთახში ფანჯრების დასაკეტად შემოვიდა. მე ჯერ კიდევ ვიწექი და დავინახე, ავადმყოფურად გამოიყურებოდა. თრთოდა, სახე გაფითრდებოდა და ნაბიჯებს ისე ადგამდა, თითქოდ მოძრაობისას რაღაც ტკივაო.

– რა მოგივიდა, Schatz (ძვირფასო)?
– თავი მტკივა.
– უკეთესი იქნება, თუ წახვალ და ჩაწვები.
– არა, ყველაფერი რიგზეა.
– დაწექი, ჩავიცვამ და გნახავ.

ქვემოთ ჩასულს ჩაცმული დამხვდა. ცეცხლს ეფიცხებოდა და კიდევ უფრო ავადმ-ყოფურად გამოიყურებოდა. საბრალო ცხრა წლის ბავშვი. ხელი შუბლზე მივადე თუ არა, მივხვდი, სიცხე ჰქონდა.

– დაწექი, ავად ხარ – ვუთხარი მე.
– ყველაფერი რიგზეა – თქვა მან.

ექიმმა მოყვანისთანავე სიცხე გაუზომა.

– რამდენი აქვს? – შევეკითხე ექიმს.
– 102 (38,9)

მისაღებში ექიმს სხვადასხვა ფერის კაფსულებში სამი სხვადასხვა წამალი დაეტოვებინა. ეტყობოდა, გრიპზე ყველაფერი იცოდა. „სანერვიულო არაფერი იქნება“, – მითხრა მან, – „თუ სიცხე ასორსა და ოთხ გრადუსს არ გადააჭარბებს. მსუბუქი გრიპია და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, პნევმონიას თუ თავიდან აიცილებთ“.

ოთახში დაბრუნებულმა, ბიჭის ტემპერატურა ჩავიწერე და დრო ჩავი¬ნიშნე, რათა სხვადასხვა წამალი დროულად მიმეცა.

– გინდა, რამე წაგიკითხო?
– წამიკითხეთ, თუ გსურთ – თქვა ბიჭმა. სახე კიდევ უფრო გათეთრებოდა და თვალები ჩაშავებოდა. ლოგინში გაუნძრევლად იწვა და ჩანდა, ძალზე შორს იყო იქიდან, რაც ხდებოდა.

ჰოვარდ პილის „მეკობრეთა ცხოვრებას“ ვუკითხავდი, თუმცა ვხედავდი, რომ არ მისმენდა.
– თავს, როგორ გრძნობ, Schatz?
– როგორც აქამდე – თქვა მან.

ლოგინის თავთან ვიჯექი, ჩემთვის ვკითხულობდი და ველოდი, როდის დადგებოდა მეორე წამლის მიცემის დრო. მისთვის უკეთესი იქნებოდა, დაწოლილიყო. თუმცა იჯდა და ლოგინის ფეხს უყურებდა.

– რატომ არ შეეცდებით, დაიძინოთ? გაგაღვიძებთ, როცა წამლის მიღების დრო დადგება.
– მირჩევნია, ვიფხიზლო.

რამდენიმე ხნის შემდეგ მეუბნება: “თქვენ არ უნდა დარჩეთ აქ, მამიკო, თუ გაწუხებთ“.
– არ მაწუხებთ.
– მინდოდა მეთქვა, არ უნდა დარჩეთ, თუ შეგაწუხებთ.

გავიფიქრე, რომ ცოტა ქარაფშუტაა, 11 საათისთვის დანიშნული წამალი მივეცი და ცოტა ხნით გარეთ გავედი…

სახლში თქვეს, რომ ბიჭი მის ოთახში შესვლას ყველას უკრძალავს.
– თქვენ არ შეგიძლიათ, შემოხვიდეთ, – თქვა მან, – თქვენ არ უნდა გადაგედოთ ის, რაც მაქვს. ახლოს მივედი. იგი ზუსტად ისე იწვა, როგორც დავტოვე – გაფითრებული, მაგრამ სიცხისგან ლოყების ზემოთა მხარეგაწითლებული. მაშინაც ლოგინის ფეხებს უყურებდა.

სიცხე გავუზომე.
– რამდენია?
სადღაც ასი, – ვუთხარი მე. 102 და 4 ჰქონდა.
– 102 იყო, – თქვა მან.
– ვინ გითხრა? ნორმალური ტემპერატურაა, ნუ ღელავ.
– არ ვღლავ, მაგრამ ფიქრები მომეძალნენ.
– ნუ ფიქრობ, უბრალოდ დაწყნარდი.
– ადვილი სათქმელია, – თქვა და ჩაფიქრდა.
ეტყობოდა რაღაცის გამო თავს ძლივს იკავებდა.
– წყალთან ერთად დალიე.
– გგონიათ, წამადგება?
– რა თქმა უნდა.

დავჯექი, ”ბრაკონიერებიც ცხოვრება” გადავშალე და კითხვა დავიწყე. ვხედავდი, არ მისმენდა და ამიტომ აღარ გავაგრძელე.

– როგორ ფიქრობთ, მოვკვდები?
– რა?
– რამდენი დამრჩა სიკვდილამდე-მეთქი?
– რა დროს სიკვდილია, რა გჭირს?
– გავიგონე, ას ორი თქვა.
– ადამიანები 102 გრადუსი სიცხით არ კვდებიან, რა სისულელეა ამაზე საუბარი.
– ვიცი, რაც არის. საფრანგეთში სწავლისას, ბიჭები მეუბნებოდნენ –ორმოცდაოთხ გრადუსს ვეღარავინ უძლებს. მე კი 102 მაქვს.

წარმოგიდგენიათ, დილის ცხრა საათიდან, მთელი დღე სიკვდილს ელოდა.

– ცუდი ბიჭი ხარ, Schatz, – ვუთხარი მე, – ეს ხომ იგივეა, რაც მილი და კილომეტრი. რა დროს შენი სიკვდილია. აქ და იქ სიცხეს სხვადას¬ხვაგვარად ზომავენ. იმ თერმომეტრზე 37 გრადუსი ნორმალურია, ამაზე კი – ოთხმოცდათვრამეტი.
– დარწმუნებული ხართ?
– აბსოლუტურად. ხომ გითხარი, ზუსტად ისეა, როგორც მილი და კილომეტრი. ხომ იცი რამდენი კილომეტრს გავდივართ, როცა მანქანა 70 მილით მოძრაობს?
– უფ, – შვებით ამოისუნთქა მან.

ლოგინის ფეხებისკენ მიმართული დაჟინებული მზერა თანდათანობით შესუსტდა, საკუთარ თავზე დაკვირვებაც შეასუსტა ბოლოს სულ შეწყვიტა. მეორე დღეს ძალზე სუსტად იყო და უმნიშვნელო რაღაცებზეც კი ტიროდა.

წყარო: http://taobebi.site.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button