ლიტერატურასაკითხავიწიგნები

ერნესტ ჰემინგუეი – კატა წვიმაში

სასტუმროში ამერიკელები მხოლოდ ისინი იყვნენ. გზად თავიანთი ოთახისაკენ კიბეზე შემხვედრთაგან არავის იცნობდნენ. მათი ოთახი მეორე სართულზე, ზღვის ხედით, პარკსა და ომის მემორიალს გადაჰყურებდა. პარკში უზარმაზარი პალმები იყო და გრძელი, მწვანე სკამები იდგა. კარგ ამინდში აქ ყოველთვის ნახავდით რომელიმე მხატვარს თავისი მოლბერტით. მხატვრებს აქ იზიდავდათ ვეებერთელა პალმები და ჭრელ ფერებში შეღებილი სასტუმროები პირით ზღვისკენ. იტალიელები აქ ომის მემორიალის სანახავად ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. ის ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული და წვიმაში განსაკუთრებულად ბზინავდა. მაშინაც წვიმდა. წყალი პალმებიდან წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა. ხრეშიან ბილიკზე გუბეები იდგა. ზღვაზე ტალღები ერთბაშად ბობოქრობდნენ წვიმიან ამინდში. მემორიალის მახლობლად მოედანი ავტომობილებისაგან დაცლილიყო. მის გადასწვრივ ერთ-ერთი კაფის კარში მიმტანი ჩამომდგარიყო და დაცლილ მოედანს გაჰყურებდა.

ამერიკელის ცოლი ფანჯრიდან იცქირებოდა. გარეთ, მათი სარკმლის მახლობლად, კატა მაგიდის ქვეშ შებუზულიყო. წვიმა მწვანე მაგიდის კიდეებიდან მოწვეთავდა. კატა ცდილობდა წვეთებს არ დაესველებინა.

”ქვემოთ ჩავდივარ, ეს კატა უნდა ამოვიყვანო” – თქვა ამერიკელის ცოლმა.

”მე ჩავალ” – გამოეპასუხა ქმარი, რომელიც წამოწოლილი იყო.

”არა, მე ჩავალ. საბრალო ფისო, მაგიდის ქვეშ აფარებს წვიმას თავს” .

ქმარი ორ ბალიშზე დაყრდნობილი თავისთვის კითხულობდა.

”არ დასველდე” – გასძახა მან.

ცოლი კიბეზე ჩავიდა. ჰოლში რომ ჩაიარა, სასტუმროს მეპატრონე ფეხზე წამოდგა და ქალს თავი დაუკრა. მისი სამუშაო მაგიდა ოთახის ბოლოში იდგა. იგი ხანში შესული, მაღალი კაცი იყო.

”Il piove” – მიმართა ქალმა. მას მოსწონდა ეს კაცი.

”Si si Signora, brutto tempo, მართლაც ცუდი ამინდია”.

ის ისევ თავის მაგიდასთან იდგა, სუსტად განათებული ოთახის ბოლოში. ქალს ის მოსწონდა. მოსწონდა თუ როგორ ცდილობდა მას სათანადოდ მომსახურებოდა, როგორ ეჭირა თავი, მოსწონდა მისი ასაკიანი სახე და ფართე მხრებიც.

ასე დადებითი გრძნობებით განმსჭვალულმა ამერიკელმა ქალმა კარი გამოაღო და გარეთ გავიდა.

კიდევ უფრო ძლიერ წვიმდა ვიდრე მანამდე. იქვე საწვიმარ ბალადაში გახვეული ვიღაც კაცი ცარიელ მოედანს კვეთდა და კაფისკენ მიიჩქაროდა. ქალს კატა მარჯვნივ, იქვე ახლოს ეგულებოდა. ჯერ კიდევ კარის ზღურბლზე იდგა როცა ვიღაცამ ზემოდან ქოლგა გადააფარა. ეს იყო მოსამსახურე ქალი, რომელიც მათ ოთახს უვლიდა.

”თქვენ არ უნდა დასველდეთ” – თქვა მან და ღიმილით განაგრძო იტალიურ ენაზე საუბარი.

რა თქმა უნდა მოსამსახურე სასტუმროს მეპატრონის გამოგზავნილი იყო.

ამერიკელის ცოლი მასთან ერთად გაუყვა ხრეშიან ბილიკს, რომელსაც იმ ადგილისაკენ მიჰყავდა მისი სარკმელი რომ გადაჰყურებდა. მაგიდა ისევ იქ იდგა. წვიმაში ის კაშკაშა მწვანედ მოჩანდა, მის ქვეშ კი კატა უკვე აღარ იყო.

“Ha perduto qualque cosa Signora?”

”აქ წეღან კატა იყო.” – თქვა ამერიკელმა ქალმა.

”კატა?”

”Si il gatto.”

”კატა?” – ხმამაღლა გაიცინა მოახლემ. – ”კატა წვიმაში?”

“ხო, მაგიდის ქვეშ.” – თქვა ქალმა – ”არადა როგორ მინდოდა კატა მყოლოდა.”

მოსამსახურეს სახე დაეძაბა. აშკარად ცდილობდა უკეთ გაეგო ინგლისურად ნათქვამი.

”Come Signora” – თქვა მან. – ”შიგნით უნდა შევიდეთ თორემ დასველდებით”.

”ხო ალბათ” – მიუგო ამერიკელმა ქალმა.

ისინი ხრეშიან ბილიკს ისევ უკან გაუყვენენ. კართან მას მოსამსახურე ოდნავ უკან ჩამორჩა, რათა ქოლგა დაეკეცა.

ამერიკელმა ქალმა ჩაუარა თუ არა მაგიდას, სასტუმროს მეპარტონე კვლავ წამოემართა და თავი დაუკრა. წუთით ქალმა პაწაწინა და უწეო არსებად იგრძნო თავი. სასტუმროს მეპატრონე მას თავს პატარა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელივან არსებად აგრძნობინებდა. წამიერად მოეჩვენა თითქოს ვიღაცისთვის ის ყოფილიყოს ქვეყნად ყველაზე მთავარი. ქალი კიბეზე ავიდა და ოთახის კარი გააღო. ჯორჯი იწვა და კითხულობდა. მან წიგნი ცოტა ხნით გადადო და ცოლს ჰკითხა:

”კატა მოიყვანე?”

”იქ აღარ დამხვდა.”

”ნეტავ სად წავიდა?”

ცოლი საწოლზე ჩამოჯდა.

”ისე ძლიან მინდოდა… ის საბრალო კატა მინდოდა… კატა წვიმაში საცოდაობაა.”

ჯორჯი კითხვას განაგრძობდა. ქალი ადგა და ტუალეტის მაგიდასთან გადაჯდა, ხელში პატარა სარკე აიღო და შიგ ჩაიხედა. ჯერ საკუთარ პროფილს ერთ მახარეს აკვირდებოდა, შემდეგ კი კისრის მხარეს დაუწყო სარკეში ცქერა.

”როგორ გგონია, გრძელი თმა მომიხდება?” – ჰკითხა ქმარს და თან ისევ პროფილში შეათვარიელა საკუთარი თავი.

ჯორჯმა ცოლს ახედა. უკნიდან თმა ბიჭივით ქონდა გაკტეჭილი.

”მე ახლაც მომწონს შენი ვარცხნილობა.”

”მომბეზრდა ბიჭივით რომ გამოვიყურები.”

ჯორჯმა მხარი იცვალა. – ”ჯანდაბა; შენ ისედაც ლამაზი ხარ.”

ქალმა სარკე მაგიდაზე დადო და ფანჯარასთან მივიდა.

”მინდა თმა გავიზარდო და უკან გრძელი ნაწნავი დავიწნა. აი ისეთი ზურგზე რომ ვგრძნობდე. მინდა პატარა ფისო, რომელიც ხელის გადასმაზე აკრუტუნდება” – ჩაილაპარაკა მან.

”ხოოო” – გამოეპასუხა ჯორჯი საწოლიდან.

”კიდევ მინდა ჩემი საკუთარი ვერცხლის ჭურჭლით გაწყობილ მაგიდასთან ჭამა და მინდა სანთლებიც; მინდა გაზაფხული იდგეს და სარკის წინ გრძელ თმას ვივარცხნიდე; კატა და ახალი სამოსიც მინდა.”

”სჯობს გაჩუმდე და შენც რამე წაიკითხო” – ურჩია ჯორჯმა.

ქალი ფანჯარაში იყურებოდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო. გარეთ პალმებს ისევ აწვიმდა.

”მაინც მინდა კატა, მინდა ახლავე. თუ თმას ვერ გავიზრდი ხომ შემიძლია კატა მაინც ვიყოლიო?”

ჯორჯი მას უკვე აღარ უსმენდა. ის წიგნის კითხვით იყო გართული.

აი მოედანზე შუქებიც ჩააქრეს. ამ დროს ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.

”Aventi” – გასძახა ჯორჯმა. მან ცოტა ხნით წიგნში ჩარგული თავი ასწია.

კარში მოსამსახურე ქალი იდგა. გულ-მკერდზე დიდი, ჭრელი კატა ჰყავდა მიხუტებული.

”მომიტევეთ” – თქვა მან – ”პადრონემ ეს სინიორასთან გამომატანა”.

თარგმანი სოფო დათიშვილის
წყარო:http://translatedreams.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button