ჯემალ ქარჩხაძე – ბედნიერების მაძიებელი უფლისწული
იყო და არა იყო რა…
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! იყო ერთი დიდებული სამეფო, რომელსაც ბრძენი და სამართლიანი ხელმწიფე განაგებდა. მეზობელი ქვეყნის ხელმწიფეებს გაგებული ჰქონდათ მისი ძლევამოსილების ამბავი და შუღლის ატეხას ვერ უბედავდნენ. ქვეშევრდომები ხელმწიფის მზეს ფიცულობდნენ, ხელმწიფესაც ისინი საკუთარ შვილებში არ გამოერჩეოდა. ქვეყანა მოსვენებული იყო და ხალხი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა.
ორი ვაჟი ჰყავდა ხელმწიფეს, ორივე ერთიმეორეზე უკეთესი. ვინც შეხედავდა თვალი ზედ რჩებოდა და, ნეტა რა დედამ გშობაო, გულში ამბობდა. ორივე ჩაუქი და ქველი იყო და ორივეს უხვად დაჰყოლოდა მამის სიმამაცე, გულისხმიერება და გამჭრიახობა. ძმებს მზე და მთვარე ერთმანეთზე ამოსდიოდათ. ისე უყვარდათ ერთიმეორე, თვალში რომ ჩავარდნოდათ თითს არ ამოისვამდნენ. როდესაც სასახლის მოედანზე სალაღობო შეჯიბრი იმართებოდა ჯირითში, ბურთაობაში, შუბის ტყორცნასა თუ ხმლის ხმარებაში, თავგამოდებით იბრძოდნენ პირველობისათვის, გულში კი ერთმანეთის გამარჯვება ეწადათ.
სასახლის ეზოში ხელმწიფეს ერთი სამლოცველო ედგა. დღეში ორჯერ, განთიადისას და მიმწუხრისას, იქ მუხლმოყრილი ლოცულობდა და გულმხურვალედ ავედრებდა ღმერთს ხალხსა და ქვეყანას.
– ღმერთო მაღალო და ყოვლადძლიერო, – ასე ლოცულობდა ხელმწიფე, – სიცოცხლის ნამი მიპკურე ქვეყანას, ვენახს წვერი არ გაუშრო და კაცს სისხლი არ გაუციო. მომეც სიბრძნე და ძალი, რომ სიმართლით ვმართო, სიმართლით ვსაჯო და სიმართლითვე ვიდოდე. ღმერთო მიტევების ნიჭი არ ამოწურო შენი მონის გულიდან, მადლყ და სიყვარული მიეც შენს მლოცველსა და მოსავს.
დიდხანს და ბედნიერად განაგებდა ხელმწიფე თავის სამეფოს. ბოლოს როდესაც ღრმად მოხუცდა და შეატყო, ჩემი აღსასრულის დღე ახლოვდებაო, მოუხმო ვაჟებს და უთხრა:
– საყვარელო შვილებო! მე ჩემი სიცოცხლე ხალხისა და ქვეყნის სამსახურს შევალიე, თავი არ დამიზოგავს და ერთი ცოდვილი მოკვდავის კვალობაზე, რაც შევძელი გავაკეთე, მაგრამ აი, სიკვდილის ჟამმა ჩამოჰკრა და დღეს ამიერქვეყანას უნდა განვეშორო. ახლა თქვენი ჯერია. ვინძლო დანატოვარს ღირსეულად უპატრონოთ. სანამ ჩემს ანდერძს გაუწყებდეთ, მინდა თქვენი თათბირი მოვისმინო და გავიგო, როგორ აპირებთ ქვეყნის გაძღოლას ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ხელმწიფე გაჩუმდა. მაშინ უფროსი ვაჟი წინ წადგა და მოახსენა:
– ხელმწიფეო და მამავ ბატონო! უწინარეს ყოვლისა მამაზეციერს შევავედრებ შენს სიცოცხლეს. მე და ჩემი საყვარელი ძმა გამოუცდელი ყრმები ვართ, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შენი სიბრძნე და გონიერება, მაგრამ თუ ღმერთი ამ ჩემს ვედრებას არ შეისმენს და ნაადრევად დაგვაობლებს ისე მოვიქცევით, როგორც გვიბრძანებ. ჩემი თათბირი კი ესაა: შენი უმცროსი ვაჟი და საყვარელი ძმა გონიერია, გულადი და სამართლიანი. ტახტი და გვირგვინი ჩემზე მეტად მას დაშვენდება. თუ თანხმობას იტყვის ამით ჩემი გულწრფელი სურვილიც შესრულდება. მე კი სიკვდილამდე მისი ერთგული ქვეშევრდომი და მოყვარული ძმა ვიქნები.
უფროსმა ვაჟმა რომ ლაპარაკი მოათავა, ახლა უმცროსი წადგა წინ დათქვა:
– ხელმწიფეო და მამავ ბატონო! ისევე როგორც ჩემი საყვარელი უფროსი ძმა, მეც გულმხურვალედ შევთხოვ ღმერთს შენს სიცოცხლეს, ხოლო ჩემი თათბირი ესაა: ჩემი საყვარელი ძმა სწორედ ხელმწიფედაა დაბადებული და ტახტზეც ის უნდა დაჯდეს. ღმრთითაც ხომ ასეა დადგენილი: ტახტი და გვირგვინი უფროსს ეკუთვნის. მე კი მისი ერთგული ქვეშევრდომი ვიქნები და, თუ ჩემი რჩევა დასჭირდება, ფიცსა ვდებ, მხოლოდ ის ვურჩიო, რასაც გული და გონება მიკარნახებს, არც პირფერობით ტყუილი ვუთხრა და არც დასჯის შიშით სიმართლე დავუმალო.
ხელმწიფეს მოეწონა შვილების თათბირი და თქვა:
– მადლობას გწირავ, უფალო. რაკი ქვეყნის ჭირისუფლად აღმაზრდევინე შვილები, შემიძლია მშვიდად დავხუჭო თვალი და პირნათლად მივუვიდე მამა-პაპას. გიქებთ, შვილებო, თავმოდრეკილებასა და ერთმანეთის სიყვარულს. ახლა კი ყური დამიგდეთ, ერთი საკვირველი ამბავი უნდა გიამბოთ: ჯერ კიდევ პირტიტველა ჭაბუკი ვიყავი, როცა თქვენი სახელოვანი პაპა მიიცვალა და მეფედ ვეკურთხე. როგორც ახლა გვაქვს ჩვეულება მაშინაც ასე გვქონდა: მეფედ კურთხევის მეორე დღეს დიდი ნადირობა უნდა გაგვემართა. მეც ჩემი ამალითა და ნაზირ-ვეზირებით სანადიროდ გავწიე. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ამალა უკან ჩამოვიტოვე და ერთი უღრანი ტყის შუაგულში პატარა მდელოზე გავედი. გავიხედე და ვხედავ, ტყის პირას ერთი ირემი დგას. ისეთი ლამაზია, მისი მსგავსი ჩემს დღეშიო არა მენახა რა. ირემს ჩემი გამოჩენა აინუნშიც არ ჩაუგდია. თავი აეღირა და მშვიდად შემომცქეროდა. მე საჩქაროდ მშვილდი გადმოვიღე და საისრეში ისარი ჩავდე. ყრმა ვიყავ ჯერაც, დაუდუღარი მაჭარი, და ქვეშევრდომების წინაშე თავის გამოჩენა მესახელებოდა. მშვილდი მოვზიდე, ირემი მიზანში ამოვიღე და ლარს ხელი ვუშვი. ჩემდა გასაკვირად, ლარი უეცრად ისევ მოეშვა და მოიმჩვარა, თითქოს ერთი რამ უბრალო თოკი ყოფილიყოს. და ისარიც იმის ნაცვლად რომ მიზნისკენ გატყორცნილიყო, იქვე, ცხენის ფეხებთან დაეცა. მე სახტად დავრჩი. ირემმა კი ერთი კიდევ შემომხედა, მერე შეტრიალდა და ტყეს მისცა თავი. მე ცხენს ქუსლი ვკარი და დავედევნე. თავდავიწყებით მივსდევდი და იმ ირმის მეტი ქვეყნად არა მახსოვდა რა. რამდენ ხანს ვდიე, არ ვიცი. ბოლოს ისიცა და მეც მზით განათებულ ტრიალ მინდორზე გავედით. შუა მინდორში ირემი შედგა და ჩემსკენ მობრუნდა. მაშინ მეც აღვირი მოვზიდე, ცხენი შევაყენე და ის ის იყო კვლავ მშვილდს მივწვდი, რომ ანაზდად ირემმა ადამიანივით დაილაპარაკა და მითხრა: “ასე სდევ რაღაცას, თავადაც არ იცი რას. მთელი სიცოცხლე სდევ, მაგრამ დაწევით ვერასოდეს დაეწევი, იმიტომ რომ შენ არც არა გაქვს ნამდვილი და არც არა იცი ნამდვილად. რაც შენ სიყვარული გგონია, დანამუსებული სიძულვილია, რაც შენ სიკეთე გგონია, ზღვარდადებული ბოროტებაა, რაც შენ ბედნიერება გგონია, გაყუჩებული უბედურებაა, რადგან შენ უკვდავება და ხანგრძლივი სიცოცხლე ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევია. ნამდვილი ქვეყანა, შენ რომ ცხოვრობ ის არ არის. ნამდვილი ქვეყანა სულ სხვაგან უნდა ეძიო და როცა მას იპოვი, ჭეშმარიტ ბედნიერებასაც მაშინ ეწევი”. ესა თქვა ირემმა და მაშინვე გაქრა. არც მიწას შერევია არც ცას. საცა იდგა იქ გაქრა, თითქოს იყო და არა იყო რა. მე ელდანაკრავი ვიდექი და გონს ვერ მოვსულიყავი, სანამ მხლებელთა შორეულმა ყივილმა არ გამომაფხიზლა. ეს საკვირველი ამბავი გულში ჩავიმარხე და დღემდე არავისთვის გამიმხელია. ამის შემდეგ ჩემი ფიქრი და ოცნება სულ იმ აღთქმულ ქვეყანას დასტრიალებდა და გულიც მუდამ მის საძებნელად მიმიწევდა, მაგრამ რა მექნა, ხელმწიფე ვიყავი და ქვეყანას ხომ ვერ მივატოვებდ! ამიტომ ძველებურად ვმართავდი სახელმწიფოს, ძველებურად ვაჩენდი სამართალს, ვიბრძოდი და მშვიდობას ვიცავდი. სამაგიეროდ ღმერთს შევთხოვე ორი ვაჟი მოეცა, რომ ერთი ხელმწიფედ დამესვა, მეორე კი იმ საკვირველი ქვეყნის საძებნელად გამეგზავნა. ხელმწიფობა უფროსი ვაჟისთვის მიმიცია. დამილოცნიხარ, ჩემო შვილო. ოღონდ იცოდე გვირგვინი მძიმეა და ძნელი სატარებელი. უცოდველი ვერ იქნები და არც მიტევებას ელოდო, რადგან ხელმწიფე მსახურია მხოლოდ და მსხვერპლი. გვირგვინს უგუნურები მიელტვიან. უგუნურებს გვირგვინის ბრჭყვიალი აბრმავებთ, გვირგვინის სიმძიმე კი არ უწყიან. ვინც გვირგვინს იდგამს, იგი თავის თავისა აღარ არის. მეტრიც ბევრი გეყოლება და მოკეთეც. ერთსაც პასუხი უნდა მიაგო და მეორესაც. ისე უნდა განაწილდე მათ შორის, რომ შენთვის აღარაფერი დაიტოვო. მიტევება არ გექნება, რადგან ცოდვა თუ არ დათესე, მადლს ვერ მოიმკი; სისხლი თუ არ დაღვარე, სისხლდენას ვერ შეაჩერებ; ულმობელი თუ არ იქენი, ლმობიერებას ვერ შეძლებ; ბრძოლაში თუ არ დაიქანცე, ლოცვად მუხლს ვერ მოიყრი; სიძულვილად თუ არ აენთე, სიყვარულად ვერ დაიწვები. ამიტომ ერთადერთ იმედად და ნავსაყუდელად სამართლიანობა უნდა დაიგულო. სამართლიანობა უნდა აისხა აბჯრად მრისხანებაშიც და ლმობიერებაშიც, სიძულვილშიც და სიყვარულშიც, ბრძოლაშიც და ლოცვაშიც. – ეს თქვა ხელმწიფემ და ახლა უმცროს ვაჟს მიუბრუნდა, – შენც მძიმე ხვედრი გაგიმზადე, ჩემო შვილო. შენ უნდა გაემგზავრო იმ აღთქმული ქვეყნის საძებნელად. ძნელი გზა გელის და მრავლის უმრავლესი განსაცდელი. რომელ მხარეს უნდა ეძიო, არ ვიცი. იპოვი თუ არა არ ვიცი. რა ნიშნით უნდა იცონ, არ ვიცი. ისიც კი არ ვიცი მართლა არის თუ არა სადმეასეთი ქვეყანა. მაგრამ უნდა წახვიდე, უნდა წახვიდე და უნდა ეძიო, სანამ პირში სული გიდგას. ასეთია ჩემი ანდერძი და უკანასკნელი სურვილი.
უფლისწულებმა მუხლი მოიყარეს მამის სარეცელის წინ. ხელმწიფემ შვილები დალოცა და აღესრულა.
ხელმწიფე დიდებულად დაასაფლავეს და ტახტზე უფროსი ვაჟი ავიდა. როდესაც მისი კურთხევის ზეიმი დასრულდა, უმცროსი ძმა ეახლა, მამის ანდერძი გაახსენა და წასვლის ნებართვა გამოსთხოვა. უფროსს უმძიმდა ძმასთან განშორება, მაგრამ რა ექნა, მამის ანდერძს ხო მარ გადავიდოდა! ძმები მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს და უმცროსი უფლისწული გზას გაუდგა.
იარა უფლისწულმა, იარა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ გზაჯვარედინს მიადგა. გზაჯვარედინის სამ მხარეს სამი ქვის სვეტი იდგა. ერთზე ეწერა: “ვინც აქეთ წავიდეს, ადრე დაბრუნდეს”. მეორეზე ეწერა: “ვინც აქეთ წავიდეს გვიან დაბრუნდეს”. მესამეზე ეწერა: “ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს. გახედა უფლისწულმა ადრედასაბრუნებელ გზას, გახედა გვიანდასაბრუნებელ გზას და ვეღარდასაბრუნებელ გზას დაადგა. მცირე მანძილი რომ გაიარა, უკან მიიხედა და რას ხედავს: აღარც გზაჯვარედინია სადმე და აღარც ქვის სვეტები. ყველაფერი გამქრალა. ის გზაც, უფლისწული რომ ადგა, მარტო წინ მიდიოდა და უკან აღარ ბრუნდებოდა. გადადგამდა თუ არა ნაბიჯს უფლისწული, გზაც იკეცებოდა და უკან არა რჩებოდა რა.
იარა უფლისწულმა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ უღრან ტყეში შემოაღამდა. გაიხედა და ხედავს შორს, ტყის შუაგულში, ლალისფრად რაღაც ანათებს. “იქნებ ღვთისნიერი ვინმე იყოს და ღამე გამათევინოსო”, იფიქრა უფლისწულმა დ აიმ ლალისფერი სინათლისკენ წავიდა. მიდის და, რაც უფრო უახლოვდება, სინათლეც თანდათან მატულობს. ბოლოს ერთ უშველებელ ლალისფერ კოშკს მიადგა. იმოდენაა რომ წვერით ცასა სწვდება. შემოუარა ირგვლივ უფლისწულმა კოშკს, მაგრამ კარი ვერსად უპოვა. მაშინ ალალბედზე დაიძახა:
– ეჰეი მასპინძელო, სტუმარს არ მიიღებო?
– მობრძანდი სტუმარი ღვთისააო! – მოესმა შიგნიდან ხმა.
– კარი რომ არსადააო?
– სამჯერ დაჰკარი ხელი კოშკის კედელს და გაიღებაო. დაჰკრა უფლისწულმა სამჯერ ხელი კოშკის კედელს. კედელი წამსვე გაიხსნა და როგორც კი უფლისწული შევიდა, ისევ დაიკეტა. მიხედ-მოიხედა, ხედავს, თვალუწვდენელი დარბაზია. დარბაზი სულ ერთიანად ლალისფრადაა განათებული. შუაში ტახტი დგას და ტახტზე ერთი დედაბერი წამოსკუპებულა. საშინელი შესახედავია, ეშვებივით ღოჯები აქვს, გაბურძგნული თმა და დაღრეჯილი სახე.
– გამარჯობა, დედიო! – უთხრა უფლისწულმა.
– ღმერთმა გაგიმარჯოს, შვილო. ვინ ხარ და საიდან მოდიხარო?
-ამა და ამ ხელმწიფის შვილი ვარ. ბედნიერების საძებნელად წამოვედი და გზაში შემომაღამდა. ღამეს ვერ გამათევინებო?
– რატომაც არაო.
დედაბერმა საუკეთესო ოთახი მიუჩინა უფლისწულს. კარგად გამოიძინა იმ ღამეს უფლისწულმა, დილით კი მადლობა გადაუხადა დედაბერს და უთხრა:
– ახლა კი ჩემი გზით წავალო.
– წადი შვილო ია და ვარდი გფენიაო, – მიუგო დედაბერმა.
– კარი რომ არსადაა როგორ გავიდეო?
– როგორც შემოხვედი, ისე გახვალ. სამჯერ დაჰკარი ხელი კედელს და გაიღებაო.
– შეტრიალდა უფლისწული და წავიდა კედლისაკენ. მაგრამ, გადადგა თუ არა ნაბიჯი, უეცრად კედელმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. გაუკვირდა უფლისწულს და კიდევ გადადგა ნაბიჯი. კედელმაც ისევ დაიხია უკან. აუჩქარა ნაბიჯს უფლისწულმა, აუჩქარა ნაბიჯს კედელმაც. სირბილით წავიდა უფლისწული, სირბილით წავიდა კედელიც. მისდევს უფლისწული და მირბის კედელი. ბევრი ირბინა უფლისწულმა თუ ცოტა ირბინა, ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვდა კედელს. ბოლოს დაიღალა და შეჩერდა. კედელიც წამსვე შეჩერდა. წამოვიდა უკან უფლისწული და წამოვიდა კედელიც. მიტრიალდა უფლისწული, ახლა მეორე კედლისკენ გაეშურა, მაგრამ ის კედელიც გაექცა. ვერც ერთ კედელს ვერ მიუახლოვდა. წავა უფლისწული, წავა კედელი. წამოვა უფლისწული, წამოვა კედელი. დედაბერი კი ზის ტახტზე და ხითხითებს.
– რა გაცინებსო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ის მაცინებს რომ აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გასული კი არავინო.
– ნუთუ არსაითაა გასასვლელიო?
– სად უნდა წახვიდე ამ კოშკს გარეთ არა არის რა. ეს კოშკია მთელი ქვეყნიერებაო.
არ დაიჯერა უფლისწულმა.
– აკი გუშინ გარეთ ვიყავიო?
– გუშინ გარეთ იყავი, დღეს შიგნითა ხარო, – უთხრა დედაბერმა.
დაღონდა უფლისწული, აღარ იცის რა ქნას.
– რამ დაგაღონ, უფლისწულო, განა ბედნიერების საძებნელად არა ხარ წამოსულიო? – ჰკითხა დედაბერმა.
– სწორედ იმან დამაღონა, რომ ბედნიერების საძებნელად ვარ წამოსული და ამ კოშკიდან კი ვერ გამიღწევიაო.
გაიცინა დედაბერმა.
– აბა ერთი ეგ მშვილდი აიღე და ისარი მაღლა გასტყორცნეო, – უთხრა უფლისწულს.
აიღო უფლისწულმა მშვილდი და გასტყორცნა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და ერთი საათის შემდეგ უკანვე ჩამოვარდა.
– ახლა მე მიყურეო! – უთხრა დედაბერმა. აიღო მშვილდი და გასტყორცნა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და დაიკარგა. უკან აღარ დაბრუნებულა. გაუკვირდა უფლისწულს, ამ კაფანდარა დედაბერს რა ღონე ჰქონიაო.
– ეგ რა არისო! – უთხრა დედაბერმა, – იმ კლდეს ხომ ხედავო?
გაიხედა უფლისწულმა და ერთი ვეებერთელა კლდე დაინახა. იმოდენაა, რომ წვერი არ უჩანს.
– ეგ კლდე აუწონავი კლდეაო, – უთხრა დედაბერმა, – აბა, სცადე, თუ ასწევო.
მოეჭიდა უფლისწული და ძვრა ვერ უყო.
– ახლა მე მიყურეო! – უთხრა დედაბერმა, – მივიდა კლდესთან, ბუმბულივით აიტაცა და ხელში შეათამაშა.
გაუკვირდა უფლისწულს.
– ეს რა ყოფილხარო!
– შვიდ წელიწადში შენც ჩემსავით ღონიერი გახდებიო, – უთხრა დედაბერმა, – შვიდი წლის თავზეყოვლისმძლეველ ხმალს შემოგარტყამ და ლალისფერი ქვეყნის ხელმწიფედ დაგსვამ. ამაზე მეტი ბედნიერება რაღა გინდაო!
არ დაუჯდა უფლისწულს ჭკუაში დედაბრის რჩევა. არც ხელმწიფობა არაფრად ეპიტნავებოდა და არც ყოვლისმძლეველი ხმალი. გული გარეთ მიუწევდა, მაგრამ რა ექნა? თავს ზემოთ ძალა არ იყო და დარჩა ლალისფერ კოშკში.
გამოხდა ხანი. ერთხელ ძილში ხმა ჩაესმა:
– ადექი უფლისწულო, რამდენი გძინავსო!
გაახილა თვალი უფლისწულმა და ხედავს ერთი ბანჯგვლიანი დევი დასდგომია თავს.
– ვინა ხარ და რა გინდაო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ვინ უნდა ვიყო, ერთთავიანი დევი ვარო, – მიუგო დევმა, – ღონე მერციეს და შენთან შებმა მწადია. თუ გაჯობე ყმად უნდა დამიდგე, თუ მაჯობე ყმად დაგიდგებიო.
– კეთილი და პატიოსანიო.
შეიბნენ დევი და უფლისწული. მოიქნია დევმა უფლისწული და კოჭამდე ჩასვა მიწაში. მოიქნია უფლისწულმა დევი და ყელამდე ჩასვა.
– გიჯობნიაო, – უთხრა დევმა, – შენ ბატონი და მე ყმაო.
– არ მინდა შენი ყმობაო, – მიუგო უფლისწულმა, – წადი და, საცა შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.
გაუკვირდა დევს.
– შენისთანა გულკეთილი ჯერ კაცი არ შემხვედრიაო, – უთხრა უფლისწულს, – რაკი თავისუფლება მაჩუქე, სიკეთეს მეც სიკეთით გადაგიხდი. როცა რამე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და გამოგადგებიო.
– რაში უნდა გამომადგეო! – მიუგო უფლისწულმა, – თუ მასწავლი ამ კოშკიდან როგორ გავიდე, ხომ კარგი, თუ არა და სხვა მე არა მინდა რაო.
– დედაჩემისგან გამიგონია, ვისაც კოშკიდან გასვლა უნდა, საიდუმლო კარი უნდა იპოვოს. ამის მეტი არაფერი ვიციო.
– ამისთვისაც გმადლობო.
– შემოიარა უფლისწულმა კოშკი და ბოლოს იპოვა საიდუმლო კარი. პოვნით კი იპოვა, მაგრამ რამდენი არ უტრიალა, ვერაფრით ვერ გააღო.
საღამო რომ დადგა დედაბერმა დაუძახა:
– უფლისწულო მეჩვენეო!
ეჩვენა უფლისწული დედაბერს. შეხედა დედაბერმა და უთხრა:
– ცოტაოდენი ლალისფერი უკვე დაგდებია. ღონე თუ მოგემატაო?
– მგონი მომემატაო, – მიუგო უფლისწულმა.
– აბა ისარი გასტყორცნეო.
გასტყორცნა უფლისწულმა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და ერთი დღის მერე უკანვე დაბრუნდა.
– მომატებით მოგმატებია, მაგრამ ჩემამდე ჯერ ბევრი გიკლიაო.
კიდევ გამოხდა ხანი და უფლისწულს ისევ ჩაესმა ძილში ხმა:
– ადექი უფლისწულო რამდენი გძინავსო!
გაახილა თვალი უფლისწულმა და ხედავს, ახლა სამთავიანი დევი დასდგომია თავს.
– შენ რაღა გინდა სამთავიანო დევოო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ღონე მერციეს და შენთან შებმა მწადიაო, – მიუგო სამთავიანმა დევმა, – თუ გაჯობე, ყმად უნდა დამიდგე, თუ მაჯობე, ყმად დაგიდგებიო.
– კეთილი და პატიოსანიო.
შეიბნენ დევი და უფლისწული. მოიქნია დევმა უფლისწული და მუხლამდე ჩასვა მიწაში. მოიქნია უფლისწულმა დევი და ყელამდე ჩასვა.
– გიჯობნიაო, – უთხრა დევმა, – შენ ბატონი და მე ყმაო.
– არ მინდა შენი ყმობაო, – მიუგო უფლისწულმა, – წადი და საცა შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.
გაუკვირდა სამთავიან დევს.
– შენისთანა გულკეთილი ჯერ კაცი არ შემხვედრიაო, – უთხრა უფლისწულს, – რაკი თავისუფლება მაჩუქე, სიკეთეს მეც სიკეთით გადაგიხდი. როცა რამე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და გამოგადგებიო.
– რაში უნდა გამომადგეო! – მიუგო უფლისწულმა, – თუ მასწავლი ამ კოშკს რომ საიდუმლო კაქვს, ის კარი როგორ გავაღო, ხომ კარგი, თუ არადა სხვა მე არა მინდა რაო.
– დედაჩემისგან გამიგონია, რომ ის კარი ჯადოსნური გამოცანითაა დაკეტილი. სანამ იმ გამოცანას არ გამოიცნობ, ვერ გააღებო.
– ასეთი რა გამოცანააო?
– სანამ გასვლა გინდოდეს, ვერ გააღო, როცა გააღო, გასვლა აღარ გინდოდესო, მიუგო სამთავიანმა დევმა. – ამის მეტი არა ვიციო.
– ამისთვისაც გმადლობო.
ბევრი იფიქრა უფლისწულმა მაგრამ საიდუმლო კარის გამოცანა ვერ გამოიცნო, საღამო რომ დადგა, დედაბერმა დაუძახა:
– უფლისწულო მეჩვენეო!
ეჩვენა უფლისწული დედაბერს. შეხედა დედაბერმა და უთხრა:
– უფრო მეტად დაგდებია ლალისფერი. ღონე თუ მოგემატაო?
– მგონი, მომემატაო, – მიუგო უფლისწულმა.
– აბა ისარი გასტყორცნეო.
გასტყორცნა უფლისწულმა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და ერთი წლის მერე უკანვე დაბრუნდა.
– კარგად კი მოგმატებია, მაგრამ ჩემსავით ღონიერი ჯერ კიდევ არა ხარო, – უთხრა დედაბერმა.
კიდევ გამოხდა ხანი და უფლისწულს ისევ ჩაესმა ძილში ხმა:
– ადექი უფლისწულო რამდენი გძინავსო!
გაახილა თვალი უფლისწულმა და ხედავს, ახლა ცხრათავიანი დევი დასდგომია თავს.
– რა გინდა ცხრათავიანო დევოო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ღონე მერციეს და შენთან შებმა მწადიაო, – მიუგო ცხრათავიანმა დევმა, – თუ გაჯობე, ყმად უნდა დამიდგე, თუ მაჯობე, ყმად დაგიდგებიო.
– კეთილი და პატიოსანიო.
შეიბნენ ცხრათავიანი დევი და უფლისწული. მოიქნია დევმა უფლისწული და მკერდამდე ჩასვა მიწაში. მოიქნია უფლისწულმა დევი და ყელამდე ჩასვა.
– გიჯობნიაო, – უთხრა ცხრათავიანმა დევმა, – შენ ბატონი და მე ყმაო.
– არ მინდა შენი ყმობაო, – მიუგო უფლისწულმა – წადი და საცა შენი დაიკვეხო, იქ ჩემიცა თქვიო.
გაუკვირდა ცხრათავიან დევს.
– შენისთანა გულკეთილი ჯერ კაცი არ შემხვედრიაო, – უთხრა უფლისწულს, – რაკი თავისუფლება მაჩუქე,სიკეთეს მეც სიკეთით გადაგიხდი. როცა რამე გაგიჭირდეს ჩემი სახელი ახსენე და გამოგადგებიო.
– რაში უნდა გამომადგეო! – მიუგო უფლისწულმა, – თუ მასწავლი საიდუმლო კარი რომ ჯადოსნური გამოცანითაა დაკეტილი, ის გამოცანა როგორ გამოვიცნო, ხომ კარგი, თუ არადა მე სხვა არა მინდა რაო.
– დედაჩემისაგან გამიგონია, ვისაც საიდუმლო კარის გამოცანა უნდა გამოიცნოს, იმან ჯერ ლალისფერი კოშკის გამოცანა უნდა გამოიცნოსო.
– ეგ რაღა გამოცანააო?
– სანამ კოშკში ხარ, კოშკს გარეთ არა არის რა და სანამ კოშკს გარეთ არა არის რა, მანმადე კოშკიდან ვერ გახვალო, – მიუგო ცხრათავიანმა დევმა, – ამის მეტი არაფერი ვიციო.
– ამისთვისაც გმადლობო.
ბევრი იფიქრა უფლისწულმა მაგრამ ლალისფერი კოშკის გამოცანა ვერ გამოიცნო. ძლიერ დაღონდა. აღარ იცოდა რა ექნა. დევებმა რომ შეიტყვეს, უფლისწული დაღონებულიაო, ერთმანეთში მოილაპარაკეს და თქვეს:
– მოდი, დედასთან მივიდეთ და იმას ვკითხოთ რჩევაო.
მივიდნენ დედასთან.
– დედი, დედი, დედაშვილობას, ერთი რამე უნდა გთხოვოთო.
დევების დედა ამ დროს სადილს ამზადებდა. ვეებერთელა ვარცლში ნაცარი ჩაეყარა, ზედ წყალი დაესხა და ცომსა ძელდა. შვილები რომ შემოეხვივნენ, ერთი გულსგარეთ დაუტატანა:
– ხომ ხედავთ, თქვენთვის არა მცალია! გასწით ახლავე და სანამ სადილი არ გაკეთდება, ეზოში ითამაშეთო!
მაგრამ დევები არ მოეშვნენ. ყელი გაუწვდინეს და მუდარა დაუწყეს:
– დედი, ყური დაგვიგდე, შენი შველა გვჭირდებაო.
– ჩემს შვილებს ისეთი რა ავი შეგემთხვათ, რომ შველა გჭირდებათო? – გაუკვირდა დევების დედას.
– ჩვენ არაფერი, მაგრამ კოშკში ერთი კეთილი კაცია და იმას სჭირდება შველაო.
ეს რომ დევების დედამ გაიგონა, გაწყრა:
– დამეკარგეთ აქედან თქვე უდღეურებო! სანამ უნდა იყოთ ასეთი დაბდურები, კეთილი კაცი ვის გაუგონიაო!
– დედი, მამის სულს გეფიცებით, კეთილიაო.
– რა იცით რომ კეთილიაო?
– სამთავეს გვაჯობა, მაგრამ არც დაგვხოცა და არც ყმად გაგვიხადაო.
გაუკვირდა დევების დედას. ეტყობა მართლა კეთილი ყოფილაო, გაიფიქრა და შვილებს ჰკითხა:
– რა გასჭირვებიაო?
– ლალისფერი კოშკიდან წასვლა უნდა დ ავერ წასულაო.
– ოო! ეგ ძნელი საქმეაო, – თქვა დევების დედამ, – რამდენი ხანია, რაც კოშკშიაო?
– ამაღამ შვიდი წელი შესრულდებაო.
– ცუდად ყოფილა მაგის საქმე. მაშ, ამ საღამოს რომ ისარს გასტყორცნის, ის ისარი უკან აღარ დაბრუნდება. მერე აუწონავ კლდესაც ბუმბულივით აიტაცებს. ხვალ დილით კი ლალისფერი კოშკის დედოფალი ყოვლისმძლეველ ხმალს შემოარტყამს და ხელმწიფედ დასვამსო.
დაღონდნენ დევები.
– ნუთუ აღარაფერი ეშველებაო?
– სანამ დედოფალი ყოვლისმძლეველ ხმალს შემოარტყამს, მანამ თუ ლალისფერი კოშკის გამოცანას გამოიცნობს, ეშველება, თუ არადა არაო, – თქვა დევების დედამ, – მაგრამ ლალისფერი კოშკის გამოცანა ისეთი რამაა, მისი გამომცნობელი ჯერ არ დაბადებულაო.
– დედი, დედი, გევედრებით, თუ რამე შეგიძლია, ნუ დაიზარებ, იქნებ უშველოო.
– შველა არ შემიძლია, მაგრამ ერთ რჩევას კი მივცემო, – თქვა დევების დედამ, – მისი ბედი მისსავ ხელთ არის. ამაღამ სიზმარს ნახავს, კარგად დააკვირდეს და დაიხსომოს, თუ უშველის ის სიზმარი უშველის. ამის მეტს ვერც ვერსა ვიტყვი და ვერც ვერსა დავეხმარები. ახლა მომწყდით თავიდან, სადილი მაქვს გასაკეთებელიო!
მიუტანეს დევებმა ამბავი უფლისწულს. უფლისწულმა მადლობა გადაუხადა და უთხრა:
– ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთო.
საღამო რომ დადგა, დედაბერმა დაუძახა:
– უფლისწულო, მეჩვენეო!
ეჩვენა უფლისწული დედაბერს. შეხედა დედაბერმა და უთხრა:
– სულ მთლად ლალისფერი დაგდებია. აბა, ერთი, ისარი გასტყორცნეო.
გასტყორცნა უფლისწულმა ისარი. წავიდა ისარი, წავიდა და დაიკარგა. უკან აღარ დაბრუნებულა. გაეხარდა დედაბერს.
– აბა აუწონავ კლდეს თუ ასწევო!
მივიდა უფლისწული და ბუმბულივით აიტაცა აუწონავი კლდე. კიდევ უფრო გაეხარდა დედაბერს.
– ჩემსავით ღონიერი გამხდარხარ და ეგ არის! მაშ, მოემზადე, ხვალ დილით ყოვლისშემძლე ხმალს შემოგარტყამ და ხელმწიფედ დაგსვამო.
წამოვიდა უფლისწული დედაბრისგან. გახარებულია, აღარც სადმე წასვლა უნდა და აღარც ბედნიერების ძებნა. მოდის და ფიქრობს: “ნეტა სად ვაპირებდი წასვლას, ამ კოშკს გარეთ ხომ არა არის რაო!”
იმ ღამეს ძილში ერთი მზეთუნახავი გამოეცხადა, თვალი უკეთესს ვერ ნახავდა: ოქროსფერი დალალები ეყარა, თეთრი სამოსი ეცვა და იქაურობას ისეთ ნათელს ჰფენდა, თითქოს მზეს ეუბნებოდა, შენ ჩადი მე უნდა ამოვიდეო. უყურებდა უფლისწული და თვალს ვერ უსწორებდა. “უფლისწულო აღარ აპირებ აქედან წასვლასო?”, ჰკითხა მზეთუნახავმა. “სად უნდა წავიდე, ამ კოშკს გარეთ არა არის რაო!” მიუგო უფლისწულმა. “მაშ, იპოვე, რასაც ეძებდიო?”, კიდევ ჰკითხა მზეთუნახავმა. “ვიპოვეო”, მიუგო უფლისწულმა, “ხვალ დილით ლალისფერი კოშკის დედოფალი ყოვლისმძლეველ ხმალს შემომარტყამს და ხელმწიფედ დამსვამს. სხვა რაღა მინდაო!” გაიცინა მზეთუნახავმა. “უფლისწულო, უფლისწულო! ნუთუ არ იცი, რომ, სანამ ყოვლისმძლეველი ხარ, ყოვლისმძლეველი ვერ იქნები, რადგან ყოვლისმძლეველი ხარო?” ესა თქვა მზეთუნახავმა და გაქრა.
გამოეღვიძა უფლისწულს, გაახსენდა სიზმარი და დაიწყო ფიქრი, მაგრამ მზეთუნახავის უცნაურ სიტყვებს ვერა გაუგო რა. დილა რომ გათენდა, დედაბერმა იხმო და უთხრა:
– მოემზადე, უფლისწულო! ჩაიბარე ყოვლისმძლეველი ხმალი, დღეის ამას იქით შენ უნდა იყო ამ კოშკის ხელმწიფე და მბრძანებელიო.
ესა თქვა და ქარქაშიდან ყოვლისმძლეველი ხმალი ამოაძრო. ისეთი ხმალია, ელვასავით ანათებს და ირგვლივ ლალისფერ ნაპერწკლებს აფრქვევს. დააბრმავა უფლისწული ყოვლისმძლეველი ხმლის სიკაშკაშემ, აღარც მზეთუნახავი ახსოვს და აღარც მისი ნათქვამი. “ახლა კი ვეწიე ბედნიერებასო!” გაიფიქრა და დედაბერს მიუახლოვდა. გაიწოდა ხელი და ის იყო უნდა ჩამოერთმია ყოვლისმძლეველი ხმალი, რომ რაღაც ხმა შემოესმა: “უფლისწულო თვალი დახუჭეო!” დახუჭა უფლისწულმა თვალი და ხედავს, მზით გაჩახჩახებულ მინდორზე მამამისი ულამაზეს ირემს ებაასება. მაშინ ყველაფერი გაახსენდა: მამის ანდერძიც, დევების დედის რჩევაც, მზეთუნახავის ნათქვამიც. გონება ისე გაუნათდა, ყოვლისმძლეველი ხმლის სიკაშკაშეც კი დაჩრდილა.
– რაღას უცდი, აიღე ხმალიო! – უთხრა დედაბერმა.
– არც შენი ხმალი მინდა და არც შენი ხელმწიფობა. უნდა წავიდე აქედანო, – მიუგო უფლისწულმა.
დედაბერი სახტად დარჩა.
– აქ შემოსული ბვევრი მინახავს, აქედან გასული კი არავინო.
– მაშ მე ვიქნები პირველიო.
– გასასვლელი რომ არსადაა როგორ გახვალო?
– საიდუმლო კარიდან გავალო.
– ვერ გააღებო.
– გამოცანას გამოვიცნობ და გავაღებო.
– საიდუმლო კარის გამოცანა რომ გამოიცნო, ჯერ კოშკის გამოცანა უნდა გამოიცნოო.
– კოშკის გამოცანასაც გამოვიცნობო.
– მაგასაც ვნახავო! – თქვა დედაბერმა, – სანამ კოშკში ხარ გარეთ არა არის რა და, სანამ გარეთ არა არის რა, კოშკიდან ვერ გახვალ. ე სარის კოშკის გამოცანა და თუ ბიჭი ხარ, გამოიცანიო.
– სანამ ყოვლისმძლეველი ხარ, ყოვლისმძლეველი ვერ იქნები, რადგან ყოვლისმძლეველი ხარ. ეგ არის მაგ გამოცანის პასუხიო.
– ეგ პასუხი კი არა რაღაც აბდა-უბდააო, – უთხრა დედაბერმა – განა ჩემს ყოვლისმძლეველობას რამე აკლიაო?
– დიახაც რომ აკლიაო.
– რა აკლიაო?
– ყოვლისმძლეველობაო.
– ისარი ხომ გავტყორცნე და უკან აღარ დაბრუნდაო?
– გასტყორცნეო.
– აუწონავი კლდე ხომ ავწიეო?
– ასწიეო.
– ყოვლისმძლეველი ხმალი ხომ ჩემს ხელთააო?
– შენს ხელთააო.
– აბა მეტი რაღა გინდაო?
– ღონე ღონეს ამარცხებს, განა უღონობასაცო! – უთხრა უფლისწულმა, – აბა, იმ პატარა ქვაზე შემოდექიო.
შედგა დედაბერი პატარა ქვაზე.
– აჰა შევდექიო.
– ახლა ასწიე ეგ ქვა ზედ რომ დგახარო.
მოეჭიდა დედაბერი ქვას, რომელზეც იდგა, და ძვრა ვერ უყო.
– სანამ იმ ქვას არ ასწევ, რომელზედაც დგახარ, მანამ ვერც ყოვლისმძლეველი იქნები და ვერც შენი კოშკი იქნება მთელი ქვეყნიერებაო, – უთხრა უფლისწულმა.
კიდევ მოეჭიდა დედაბერი იმ ქვას, რომელზედაც იდგადა ძვრა ვერ უყო. მესამედაც რომ მოეჭიდა და მაინც არა გამოუვიდა რა, ერთი საზარელი ხმით დაიწივლა. იმავ წამს იჭექა, იქუხა, ატყდა ზათქი და ზრიალი, საშინელი ქარბორბალა დატრიალდა. ირგვლივ გამაყრუებელი გუგუნი იდგა, ლალისფერი ელვა ელავდა და ცა და მიწა ისე ტორტმანებდა, გეგონებოდათ ერთმანეთს შეასკდნენო. უფლისწულს თავბრუ დაეხვა და ცნობა წაერთვა. გონს რომ მოეგო, ხედავს, სტიქიონი დამცხრალა, თავად საიდუმლო კარის წინ დგას, კარი ღიაა და ზღურბლზე დედაბერი ჩამდგარა.
– უფლისწულო გიჯობს უკან დაბრუნდეო, – უთხრა დედაბერმა.
– გზა მომეციო! – დაუტია უფლისწულმა.
– კეთილი, რაკი არ დაგიშლია, წადიო, – უთხრა დედაბერმა, – მაგრამ იცოდე, ამ კარს ის ევერ გასცდები, მთელი შენი ძალ-ღონე აქ არ დატოვოო.
ერთი კი შეკრთა უფლისწული, მთელი ჩემი ძალ-ღონე აქ თუ დავტოვე, რაღა მეშველებაო, მაგრამ მამის ანდერძი მოაგონდა და გაბედულად გადააბიჯა ზღურბლს. წამსვე საიდუმლო კარიც გაქრა, დედაბერიც და ლალისფერი კოშკიც. უფლისწულის მთელი ძალ-ღონეც იმ კოშკთან ერთად გაქრა.
განაგრძო გზა. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ისევ შემოაღამდა ერთ უღრან ტყეში. გაიხედა და ხედავს, შორს ოქროსფრად რაღაც ანათებს. “იქნებ ღვთისნიერი ვინმე იყოს და ღამე გამათევინოსო”, იფიქრა უფლისწულმა და იომ ოქროსფერი სინათლისკენ წავიდა. მიდის და, რაც უფრო უახლოვდება, სინათლეც მით უფრო მატულობს. ბოლოს ერთ უშველებელ ოქროსფერ კოშკს მიადგა. იმოდენაა, წვერით ცასა წვდება. ირგვლივ ალმასის გალავანი არტყია. შემოუარა უფლისწულმა გალავანს და ჭიშკარი იპოვა. მიადგა იმ ჭიშკარს და დაიძახა:
– ეჰეი, მასპინძელო, სტუმარს არ მიიღებო?
– მობრძანდი სტუმარი ღვთისააო, – მოისმა შიგნიდან ხმა და ჭიშკარი თავისით გაიღო.
შევიდა უფლისწული და ხედავს, ოქროს კოშკის ირგვლივ თვალწარმტაცი ბაღია გაშენებული. ხეებს ტანი ალმასისა აქვთ, ფოთლები ზურმუხტისა და ნაყოფი ოქროსი. ბაღში ბროილს შადრევანი ჩქეფს და იქაურობას საამურად აგრილებს. უყურებს უფლისწული ბარს და თვალს ვერ აშორებს. ამ დროს კოშკიდან მზეთუნახავი გამოვიდა. ოქროსფერი დალალები ეყარა, თეთრი სამოსი ეცვა და ისეთი მშვენიერი იყო, მზეს ეუბნებოდა, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო. შეხედა უფლისწულმა მზეთუნახავს და თაყვანი სცა.
– ვინა ხარ და საიდან მოდიხარო? – ჰკითხა მზეთუნახავმა.
– ამა და ამ ხელმწიფის შვილი ვარ, ბედნიერების საძებნელად წამოვედი და გზაში შემომაღამდა. ღამეს ვერ გამათევინებო?
– რატომაც ვერაო, – მიუგო მზეთუნახავმადა უფლისწულს კოშკში შეუძღვა.
კოშკში ერთი თვალუწვდენელი დარბაზი იყო. ჭერში ნატვრისთვალი ეკიდა და იქაურობას ანათებდა.
– დაბრძანდიო, – უთხრა უფლისწულს მზეთუნახავმა.
– სკამი რომ არსადააო? – გაუკვირდა უფლისწულს.
– ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, საუკეთესო სკამი მოართვი უფლისწულსო! – ბრძანა მზეთუნახავმა და იმავ წამს უფლისწულის გვერდით ოქროს სავარძელი გაჩნდა.
დაჯდა თუ არა უფლისწული, მზეთუნახავმა ბრძანა:
– ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, სუფრა გაუშალე უფლისწულსო!
მყისვე უფლისწულის წინ ოქროს მაგიდა გაჩნდა. მაგიდაზე ორი თეფში დგას. ერთზე ოქრო ყრია, მეორეზე ბროილ.
– ნამგზავრი ხარ, მოშიებული იქნებიო, – უთხრა მზეთუნახავმა, – ივახშმე და მერე მოისვენეო.
– აქ რომ სასმელ-საჭმელს ვერა ვხედავო? – გაუკვირდა უფლისწულს.
– ეს ნატვრის სუფრააო, – მიუგო მზეთუნახავმა, – ოქროს ნატეხს რომ პირში ჩაიდებ, რა საჭმელიც გეამება, იმ საჭმლად იქცევა, ბროილს ნატეხს რომ პირში ჩაიდებ, რა სასმელიც გეამება, იმ სასმელად იქცევაო.
შეექცა ვახშამს უფლისწული. მართლაც ყველაფერი ისე იყო, როგორც მზეთუნახავმა თქვა. ნავახშმევს მზეთუნახავმა საუკეთესო ოთახი მიუჩინა. იმ ღამეს უფლისწულმა კარგად გამოიძნა, დილით მადლობა გადაუხადა მზეთუნახავს და უთხრა:
– ახლა კი ჩემი გზით წავალო.
– წადი, ია და ვარდი გფენიაო, – მიუგო მზეთუნახავმა.
გამოვიდა უფლისწული კოშკიდან და წავიდა ჭიშკრისკენ. მიდის და ატყობს რომ რაღაც ძალა უკან ეწევა. რაც უფრო უახლოვდება ჭიშკარს, ის ძალა მით უფრო მეტად ეწევა უკან. იწვალა უფლისწულმა, იწვალა, ბოლოს დაღლილ დაქანცული შეჩერდა. მზეთუნახავი კი უყურებს და იცინის.
– რა გაცინებსო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ის მაცინებს, რომ აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გასული კი არავინო.
– რა არის ასე რომ მეწევა უკანო?
– ნატვრისთვალიო. ქვეყნად ჯერ ისეთი სულიერი არ დაბადებულა, ნატვრისთვალს გაქცეოდესო.
დაღონდა უფლისწული.
– რამ დაგაღონა, განა ბედნიერების საძებნელად არა ხარ წამოსულიო? – უთხრა მზეთუნახავმა.
– სწორედ იმან დამაღონა, რომ ბედნიერების საძებნელად ვარ წამოსული და ამ კოშკიდან კი ვერ გამიღწევიაო.
გაიცინა მზეთუნახავმა.
– სად უნდა წახვიდე, სულ ერთია, ამ კოშკს გარეთ არა არის რა, ეს კოშკია მთელი ქვეყნიერება. შვიდ წელიწადში ყველა ნატვრა შეგისრულდება და სულ ერთიანად ოქროსფერი დაგედება. შვიდი წლის თავზე ტახტზე დაგსვამ, შენ ხელმწიფე იქნები, მე დედოფალი, ეს ნატვრისთვალი კიდევ ჩვენი ერთგული მსახური. ამაზე მეტი ბედნიერება რაღა გინდაო!
არ დაუჯდა ჭკუაში უფლისწულს მზეთუნახავის ნათქვამი, მაგრამ რა ექნა? ძალა იმას აღარ ჰქონდა და ღონე. დარჩა ოქროსფერ კოშკში. თუ რამეს ინატრებდა, ნატვრისთვალი წამსვე უსრულებდა. რაც უფრო მეტი ნატვრა უსრულდებოდა, უფრო და უფრო ედებოდა ოქროსფერი და თვითონ ნატვრისთვალსაც უფრო და უფრო ემატებოდა ბრწყინვალება. უფლისწულმა იცოდა, როდესაც სულ მთლად ოქროსფერი გახდებოდა, სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო მზეთუნახავისა და მისი ნატვრისთვალის ტყვეობაში. ამიტომ ცდილობდა არა ენატრა რა. ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი გაეწყო. რაზე ცარ უნდა დაეწყო ფიქრი, მაინც ნატვრა გამოსდიოდა. თავიდან უძალიანდებოდა უფლისწული, მერე და მერე შეეჩვია და ბოლოს სიამოვნებდა კიდეც, რომ ნატვრისთვალი ყველა ნატვრას უსრულებდა. წამოწვებოდა მხართეძოზე და ხან რას ინატრებდა, ხან რას.
შვიდი წელი რომ გავიდა, ხედავს, სულ ერთიანად ოქროსფერია, ნატვრისთვალი კი ისე ბრჭყვიალებს, კაშკაშა სინათლის მეტი ირგვლივ აღარა ჩანს რა. მაშინ მზეთუნახავმა უთხრა:
– მოემზადე უფლისწულო, ხვალ დილით ტახტზე უნდა დაჯდე. შენ ხელმწიფე იქნები, მე დედოფალი, ეს ნატვრისთვალი კი ჩვენი ერთგული მსახურიო.
წამოვიდა უფლისწული მზეთუნახავისგან. გახარებულია, აღარც სადმე წასვლა უნდა და აღარც ბედნიერების ძებნა. მოდის და ფიქრობს: “რა სულელი ვიყავი, აქედან წასვლას რომ ვაპირებდი, ამ კოშკს გარეთ ხომ არა არის რაო!”
იმ ღამეს ძილში ერთი მოხუცი გამოეცხადა. ცისფერთვალა იყო, ცისფერი სამოსი ეცვა და ცისფერივე თმა-წვერი ჰქონდა. “უფლისწულო, აღარ აპირებ აქედან წასვლასო?”, ჰკითხა მოხუცმა. “სად უნდა წავიდე, ამ კოშკს გარეთ არა არის რა!” , მიუგო უფლისწულმა. “მაშ იპოვე რასაც ეძებდიო?”, კიდევ ჰკითხა მოხუცმა. “ვიპოვეო” მიუგო უფლისწულმა, “ხვალ დილით ნატვრის ტახტზე დავჯდები, ნატვრის დედოფალს ცოლად მოვიყვან და ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს მსახურად დავისვამ. სხვა ამის მეტი რაღა მინდაო!” “ეჰ, უფლისწუულო, უფლისწულო! ნუთუ არ იცი, რომ, სანამ ნატვრისთვალი ყოვლისშემძლეა, ყოვლისშემძლე ვერ იქნება, რადგან ყოვლისშემძლეაო?” ესე თქვა მოხუცმა და გაქრა.
გამოეღვიძა უფლისწულს, გაახსენდა სიზმარი და დაიწყო ფიქრი, მაგრამ მოხუცის უცნაურ სიტყვებს ვერა გაუგო რა.
დილა რომ გათენდა, მზეთუნახავმა იხმო.
უფლისწული დიდ დარბაზში შევიდა. ხედავს მზეთუნახავი ტახტზე ზის, ნატვრისთვალი კი ელვასავით ანათებს და ირგვლივ ოქროსფერ ნაპერწკლებს აფრქვევს.
– მოდი უფლისწულო, გვერდით მომიჯექიო, – უთხრა მზეთუნახავმა, – დღეის ამას იქით შენ ნატვრის ხელმწიფე იქნები, მე ნატვრის დედოფალი, ეს ნატვრისთვალი კი ჩვენი ერთგული მსახურიო.
დააბრმავა უფლისწული ნატვრისთვალის სიკაშკაშემ, აღარც ცისფერი მოხუცი ახსოვს და აღარც მისი ნათქვამი: “როგორც იქნა, ვეწიე ბედნიერებასო!”, გაიფიქრა და მზეთუნახავს მიუახლოვდა. ისაა ტახტზე უნდა ავიდეს, რომ რაღაც ხმა ჩაესმა: “უფლისწულო, თვალი დახუჭეო!” დახუჭა უფლისწულმა თვალი და ხედავს, მზით გაჩახჩახებულ მინდორზე მამამისი ულამაზეს ირემს ებაასება. მაშინ ყველაფერი გაახსენდა: მამის ანდერძიც, ცისფერი მოხუციც, ცისფერი მოხუცის ნათქვამიც. გონება ისე გაუნათდა, ნატვრისთვალის სიკაშკაშეც კი დაჩრდილა.
– რაღას უცდი, უფლისწულო, ამოდი ტახტზეო! – უთხრა მზეთუნახავმა.
– არაო, – მიუგო უფლისწულმა, – არც შენი ტახტი მინდა და არცშენი ნატვრისთვალი. უნდა წავიდე აქედანო.
– სად უნდა წახვიდე ამ კოშკს გარეთ არა არის რაო! – გაუკვირდა მზეთუნახავს, – აკი გითხარით, აქ შემოსული ბევრი მინახავს, აქედან გასული კი არავინო.
– მე გავალო.
– ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს ჯერ არავინ გაქცევიაო.
– მე გავექცევიო.
– გასვლა თუ არა გწადია ის ევერ გახვალ, და გასვლა თუ მოინდომე ყოვლისშემძლე ნატვრისთვალი დაგიჭერს. ამაზე რაღას იტყვიო?
– მაგაზე იმას ვიტყვიო, – მიუგო უფლისწულმა, – რომ სანამ ნატვრისთვალი ყოვლისშემძლეა, ყოვლისშემძლე ვერ იქნება, რადგან ყოვლისშემძლეაო.
– ეგ პასუხი კი არა რაღაც აბდა-უბდააო, – უთხრა მზეთუნახავმა, – განა რა აკლია ნატვრისთვალის ყოვლისშემძლეობასო?
– ყოვლისშემძლეობაო, – მიუგო უფლისწულმა, – თუ მართლა ყოვლისშემძლეა ისეთი სურვილი მანატრებინოს, რომელსაც ვერ შემისრულებსო.
– ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, ისეთი ნატვრა ანატრე უფლისწულს, რომელსაც ვერ შეუსრულებო! – უბრძანა ნატვრისთვალს მზეთუნახავმა.
მისჩერებიან უფლისწული და მზეთუნახავი ნატვრისთვალს და ელიან. ბევრს ეცადა ნატვრისთვალი, ისეთი ნატვრა ენატრებინა უფლისწულისთვის, რომელსაც ვერ შეუსრულებდა, მაგრამ ვერსა გახდა. მაშინ მოაკლდა ბრწყინვალება ნატვრისთვალს, თანდათან ჩაიბჟუტა და ჩაქრა. ირგვლისვ უკუნი სიბნელე ჩამოწვა. იმავ წამს იჭექა, იქუხა, ატყდა ზათქი და ზრიალი. საშინელი ქარბორბალა დატრიალდა. გამაყრუებელი გუგუნი იდგა. ოქროსფერი ელვა ელავდა და ცა და მიწა ისე ტორტმანებდა, გეგონებოდათ, ერთმანეთს შეასკდნენო. უფლისწულს თავბრუ დაეხვა და ცნობა წაერთვა. გონს რომ მოეგო, ხედავს სტიქიონი დამცხრალა, თავად გალავნის ჭიშკართან დგას. ჭიშკარი ღიაა და ზღურბლზე მზეთუნახავი ჩამდგარა.
– დარჩი, უფლისწულო, მარტო ნუ დამტოვებო! – შეეხვეწა მზეთუნახავი.
– არ შემიძლიაო, – მიუგო უფლისწულმა, – აღქმა მაქვს დადებული, სანამ პირში სული მიდგეს, ბედნიერება უნდა ვეძიოო.
– რაკი არ დაგიშლია, წადიო, – უთხრა მზეთუნახავმა, – მაგრამ იცოდე, ამ ჭიშკარს ის ევერ გასცდები, ყველა შენი ნატვრა აქ არ დატოვოო.
ერთი კი შეკრთა უფლისწული, ყველა ნატვრა აქ თუ დავტოვე, ბედნიერება როგორღა ვეძიოო, მაგრამ მამის ანდერძი მოაგონდა და გაბედულად გადააბიჯა ზღურბლს. წამსვე მზეთუნახავიც გაქრა, ალმასის გალავანიც და ოქროს კოშკიც. უფლისწულის ყველა ნატვრაც იმ კოშკთან ერთად გაქრა.
განაგრძო გზა. აღარც ძალ-ღონე აქვს, აღარც რაიმე ნატვრა, მაგრამ მაინც მიდის. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ისევ შემოაღამდა ერთ უღრან ტყეში. გაიხედავს და ხედავს, შორს ცისფრად რაღაც ანათებს. “იქნებ ღვთისნიერი იყოს ვინმე და ღამე გამათევინოსო”, იფიქრა უფლისწულმა დ აიმ ცისფერი სინათლისკენ წავიდა. მიდის და რაც უფრო უახლოვდება, სინათლეც მით უფრო მატულობს. ბოლოს ერთ უშველებელ კოშკს მიადგა. იმოდენაა წვერით ცას სწვდება. კოშკს ოთხი კარი აქვს და ოთხივე ყურთამდე ღიაა. შეიხედა უფლისწულმა, ხედავს, ერთი თვალუწვდენელი დარბაზია. დარბაზი ცარიელია. არც არავინდაა შიგ და არც არაფერია. “შევალ, რაც არის არისო!”, იფიქრა უფლისწულმა. მაგრამ შედგა თუ არა ფეხი, უეცრად იატაკი გაიხსნა და უფლისწული ბნელ უფსკრულში დაინთქა. მიქრის უფლისწული უფსკრულში და უფსკრულს ბოლო არ უჩანს. ბევრი იქროლა თუ ცოტა, კვლავ ერთ ცისფერ დარბაზში ჩაეშვა. ეს დარბაზიც ისეთივეა, როგორიც ზედა დარბაზი იყო, ოღონდ კარი არა აქვს და შუაგულში ერთი ქვევრი დგას. შეჩერდა უფლისწული და იქაურობას თვალიერება დაუწყო. უცებ ხმა შემოესმა:
– ბედნიერი იყოს, უფლისწულო, შენი ფეხი ჩემს საბრძანებელშიო! – ამ სიტყვებზე ქვევიდან ერთი მოხუცი ამოვიდა. სულ ერთიანად ცისფერია. ცისფერი თვალები აქვს, ცისფერი პირისახე, ცისფერი თმა-წვერი. ტანზეც ცისფერი სამოსი აცვია.
– რა იცი, რომ უფლისწული ვარო? – ჰკითხა გაკვირვებულმა უფლისწულმა.
– ვიციო, – მიუგო მოხუცმა, – ამა და ამ ხელმწიფის შვილი ხარ, ბედნიერების საძებნელად წამოხვედი, გზაში შემოგაღამდა და ღამის გასათევად მესტუმრე. ხომ მართალიაო?
– გულთმისანი ყოფილხარო, – უთხრა უფლისწულმა.
– გულთმისანი არა ვარ მაგრამ სიბრძნის ხელმწიფე კი ვარ და ყოვლისშემძლე ქვევრის პატრონიო.სიბრძნის ხელმწიფემ საუკეთესო ოთახი მიუჩინა უფლისწულს.უფლისწულმა იმ ღამეს კარგად გამოიძინა. დილით მადლობა გადაუხადა მასპინძელს და წასვლა დააპირა.
– სად მიდიხარ ამ კოშკს გარეთ არა არის რა, ეს კოშკია მთელი ქვეყნიერებაო, – უთხრა სიბრძნის ხელმწიფემ, – ბედნიერებას თუ ეძებ, ბედნიერების ამბავს ჩემი ყოვლისმცოდნე ქვევრი გეტყვის. ჩასძახე რაც გინდა და წამსვე პასუხს ამოგძახებსო.
დაუჯერა უფლისწულმა სიბრძნის ხელმწიფეს, მივიდა ყოვლისმცოდნე ქვევრთან და ჩასძახა:
– ყოვლისმცოდნე ქვევრო! შენს ყოვლისმცოდნეობას, ამდენი ხანია ბედნიერებას დავეძებ და ჯერ კვალიც ვერ მიპოვნია. მირჩიე, როგორ მოვიქცეო.
ქვევრმა ცისფერი ოხშივარი ამოუშვა და მიუგო:
– გარეთ რას ეძებ ადამიანო, ბედნიერებას, ბედნიერება შენშივეაო.
– მაშ ამოდენა გზა ტყუილად გამოვიარეო?
– ტყუილუბრალოდ რატომ გამოიარე! ადამიანმა დიდი გზა უნდა გაიაროს, სანამ თავის თავს მიაღწევდესო.
– ჩემს თავს რომ მივაღწევ, მერე რაღა ვქნა, ბედნიერება როგორ ვიპოვოო?
– ცნობისწადილის ხიდს უნდა გადახვიდე და ბედნიერი შეიქნებიო.
– ცნობისწადილის ხიდს სხვაგან ვერ გადავალ, თუ არა სიბრძნის კოშკშიო! – თქვა უფლისწულმა. მერე სიბრძნის ხელმწიფეს მიუბრუნდა, – დავრჩები აქ და შეგირდად მოგებარებიო.
– ძალიან კარგიო, – მიუგო სიბრძნის ხელმწიფემ, – შვიდ წელიწადში ყველაფერს ისწავლი, შვიდი წლის შემდეგ კი, როდესაც მე ყავლი გამივა, ყოვლისმცოდნე ქვევრში ჩაგსვამ და ჩემს მემკვიდრედ დაგტოვებო.
დარჩა უფლისწული სიბრძნის კოშკში. რაც რამ აინტერესებს, ჩასძახებს ყოვლისმცოდნე ქვევრს, ისიც ცისფერ ოხშივარს ამოუშვებს და ყველაფერზე წამსვე პასუხს აძლევს.
– ადამიანი რა არისო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ადამიანი სხივია, რომელიც სამყაროს შემოუვლის და ისევ თავის ვარსკვლავს დაუბრუნდებაო.
– რამდენ ხანში უბრუნდებაო?
– ათასჯერ რომ მოკვდება და ათასჯერ დაიბადებაო.
– ამდენი ხანი რატომ სჭირდებაო?
– იმიტომ სჭირდება, რომ, როდესაც სხივად გამოიტყორცნება, ადამიანი ცეცხლია, ცეცხლის საზღვარს რომ გადააბიჯებს, ჰაერი ხდება, ჰაერის საზღვარს რომ გადააბიჯებს, წყალი ხდება, წყლის საზღვარს რომ გადააბიჯებს, მიწა ხდება. საბოლოოდ ცეცხლიც არის, ჰაერიც, წყალიც და მიწაც. რაც ცეცხლია, ცეცხლისკენ ეწევა, რაც ჰაერია, ჰაერისკენ ეწევა. ამიტომ ადამიანი იბნევა და აღარ იცის, საით წავიდეს. სანამ მთელ სამყაროს არ შემოივლის გზას ვერ იგნებსო.
– სამყარო რაღააო?
– სამყარო მოძრაობააო.
– მოძრაობა რაღააო?
– მოძრაობა ერთის მრავალსახეობააო.
– ერთი რაღააო?
– ერთი სამყაროს დასაბამიაო.
– სამყაროს დასაბამი რაღააო?
– სამყაროს დასაბამი რიცხვია. თავდაპირველად იყო ერთი, ერთისგან წარმოიქმნა ორი, ორისგან კიდევ უთვალავიო.
ყველაფერი იცოდა სიბრძნის კოშკის ჯადოსნურმა ქვევრმა. ბევრი რამ გაიგო უფლისწულმა მისგან. გაიგო რატომ არის ცა მაღალი და რისთვის ანათებენ ვარსკვლავები, რა დევს დედამიწის გულში და რატომ მოძრაობს ძარღვებში სისხლი, როგორ ენაცვლება ღამეს დღე და რატომაა აზრი ყოვლის უსწრაფესი. ბევრი რამ გაიგო უფლისწულმა და, რაც უფრო მეტს იგებდა, მით უფრო მეტად ედებოდა ცისფერი. ბოლოს შვიდი წელი რომ გავიდა და უფლისწული სულ მთლად ცისფერი გახდა, სიბრძნის ხელმწიფემ უთხრა:
– ახლა შენ ყველაფერი იცი. ხვალ ყოვლისმცოდნე ქვევრში ჩაგსვამ და ხელმწიფობას გადმოგილოცავო.
გახარებული წამოვიდა უფლისწული. როგორც იქნა ვეწიე ბედნიერებასო, ფიქრობდა გულში.
იმ ღამეს ძილში უცხო რამ სულიერი გამოეცხადა. არც თავი ჰქონდა, არც ტანი, არც ხელ-ფეხი. მარტო ის დაინახა უფლისწულმა, რომ მისი ოთახი დღესავით განათდა. “უფლისწულო, აღარ აპირებ აქედან წასვლასო?”, ჰკითხა თეთრმა სინათლემ. “სად უნდა წავიდე, ამ კოშკს გარეთ არა არის რაო!”, მიუგო უფლისწულმა. “მაშ იპოვე რასაც ეძებდიო?”, კიდევ ჰკითხა თეთრმა სინათლემ. “ვიპოვეო”, მიუგო უფლისწულმა, “ხვალ დილით ყოვლისმცოდნე ქვევრში ჩავალ და სიბრძნის კოშკის ხელმწიფე გავხდები, სხვა ამის მეტი რაღა მინდაო!” “ეჰ, უფლისწულო, უფლისწულო! ნუთუ არ იცი, რომ, სანამ ყოვლისმცოდნე ხარ, ყოვლისმცოდნე ვერ იქნები, რადგან ყოვლისმცოდნე ხარო?” ესა თქვა თეთრმა სინათლემ და გაქრა.
გამოეღვიძა უფლისწულს, გაახსენდა სიზმარი და დაიწყო ფიქრი, მაგრამ თეთრი სინათლის უცნაურ სიტყვებს ვერა გაუგო რა. დილა რომ გათენდა, სიბრძნის ხელმწიფემ იხმო. უფლისწული დიდ დარბაზში შევიდა. იქაურობა სულ ერთიანად ცისფრადაა განათებული.
– უფლისწულო, მე უკვე გამივიდა ყავლი. ჩადი ყოვლისმცოდნე ქვევრში, დღეის ამას იქით შენ იქნები აქაურობის ბატონ-პატრონიო, – უთხრა სიბრძნის ხელმწიფემ.
დააბრმავა უფლისწული ცისფერმა შუქმა. აღარც თეთრი სინათლე ახსოვს და აღარც მისი ნათქვამი. მივიდა ქვევრთან, ისაა უნდა ჩავიდეს კიდეც, რომ რაღაც ხმა ჩაესმა: “უფლისწულო თვალი დახუჭეო!” დახუჭა უფლისწულმა თვალი და ხედავს, მზით გაჩახჩახებულ მინდორზე მამამისი ულამაზეს ირემს ებაასება. მაშინ ყველაფერი გაახსენდა: მამის ანდერძიც, თეთრი სინათლეც, თეთრი სინათლის ნათქვამიც. გონება ისე გაუნათდა, ყოვლისმცოდნე ქვევრის სიკაშკაშეც კი დაჩრდილა.
– რაღას უცდი უფლისწულო, ჩადი ყოვლისმცოდნე ქვევრშიო! – უთხრა სიბრძნის ხელმწიფემ.
– არა, – მიუგო უფლისწულმა, – უნდა წავიდე აქედანო.
– სიბრძნის კოშკს იქით სად უნდა წახვიდეო? – გაუკვირდა სიბრძნის ხელმწიფეს, – ყოვლისმცოდნე ქვევრის უკეთესს სად რას იპოვიო?
– სანამ ყოვლისმცოდნე ხარ, ყოვლისმცოდნე ვერ იქნები, რადგან ყოვლისმცოდნე ხარო, – უთხრა უფლისწულმა.
– განა ამ ქვევრის ყოვლისმცოდნეობას რამე აკლიაო?
– ყოვლისმცოდნეობაო.
– ისეთი რამ ჰკითხე რომ პასუხი ვერ მოგცაო?
– ახლა ვკითხავო, – მიუგო უფლისწულმა, – თუ ამ კითხვაზე მიპასუხებს დავიჯერებ, რომ ყოვლისმცოდნე ყოფილაო.
– ჰკითხეო.
– ყოვლისმცოდნე ქვევრო, შენს ყოვლისმცოდნეობას, თუკი თავდაპირველად იყო ერთი და ერთისგან წარმოიქმნა ორი, მაშ, მითხარი, ერთი მეტია თუ ორიო?
ყოვლისმცოდნე ქვევრმა ოხშივარი ამოუშვა. უფლისწული და სიბრძნის ხელმწიფე უყურებენ და ელიან. ქვევრმა კიდევ ამოუშვა ცისფერი ოხშივარი. თქმით კი არაფერს ამბობს. მესამედაც რომ ამოუშვა ცისფერი ოხშივარი და მაინც არაფერი თქვა, უეცრად ჩამობნელდა. იმავ წამს იჭექა, იქუხა, ატყდა ზათქი და ზრიალი, საშინელი ქარბორბალა დატრიალდა. გამაყრუებელი გუგუნი იდგა, ცისფერი ელვა ელავდა და ცა და მიწა ისე ტორტმანებდა, გეგონებოდათ ერთმანეთს შეასკდებიანო. უფლისწულს თავბრუ დაეხვა და ცნობა წაერთვა. გონს რომ მოვიდა, ხედავს, სტიქიონი დამცხრალა. თავად კოშკის კართან დგას. კარის ზღურბლზე სიბრძნის ხელმწიფე ჩამდგარა.
– ვხედავ, არ იშლი წასვლას, უფლისწულო, – უთხრა სიბრძნის ხელმწიფემ, – მაგრამ, იცოდე, ამ კარს ის ევერ გაცდები, მთელი შენი ცოდნა აქ არ დატოვოო.
ერთი კი შეკრთა უფლისწული, მთელი ცოდნა აქ თუ დავტოვე, ბედნიერება როგორღა ვეძიოო, მაგრამ მამის ანდერძი მოაგონდა და გაბედულად გადააბიჯა ზღურბლს. წამსვე სიბრძნის ხელმწიფეც გაქრა და მისი კოშკიც. უფლისწულის მთელი ცოდნაც ამ კოშკთან ერთად გაქრა.
განაგრძო გზა. აღარც ძალ-ღონე აქვს, აღარც ნატვრა, აღარც ცოდნა. მაინც მიდის. მიდის და უკან არა რჩება რა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ გამოქვაბულს მიადგა. გამოქვაბული ისეთი ვიწროა, შიგ ადამიანი ვერ შეეტევა. შემოსასვლელიც არსაითაა, რადგან ყოველი მხრიდან ბნელი უფსკრული შემოსდგომია. რა ექნა უფლისწულს? სხვა გზა არ ჰქონდა, ადგა და რის ვაივაგლახით შევიდა გამოქვაბულში, მიარღვევს გამოქვაბულს და მიდის. ცოტა რომ გაიარა, ხედავს, ძალის ქვეყანაში ორი ყოვლისმძლეველი დედაბერია. ერთი ქვაზე დგას და ცდილობს ის ქვა ასწიოს, რომელზედაც დგას, მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ძალის ქვეყანას და ახლა ნატვრის ქვეყანას მიადგა. ხედავს, აქაც ორი ნატვრის მზეთუნახავია. ერთი ნატვრისთვალს შესცქერის და ევედრება: “ნატვრისთვალო, ნატვრისთვალო, შენს ყოვლისშემძლეობას, ისეთი ნატვრა მანატრე, რომელსაც ვერ შემისრულებო”. მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული ნატვრის ქვეყანასაც და ახლა სიბრძნის ქვეყანას მიადგა. ხედავს აქაც ორი სიბრძნის ხელმწიფეა. ერთი ყოვლისმცოდნე ქვევრს შესცქერის და ევედრება: “ქვევრო, ქვევრო. შენს ყოვლისშემძლეობას, აბა კარგად დაფიქრდი, იქნებ გამოიცნო, ერთი მეტია ორზე თუ ორი მეტია ერთზეო”, მეორე კი უყურებს და იცინის. გასცდა უფლისწული სიბრძნის ქვეყანასაც. იარა, იარა და ხედავს, ერთ სასახლეში ორი დედოფალია. დგანან ეს დედოფლები და კაპასობენ, არა მე უფრო ლამაზი ვარ და არა მეო. გასცდა უფლისწული მოშურნე დედოფლებს. ხედავს, ორი ძმა გაყრილა და ცალ-ცალკე დასახლებულა. უმცროსი რომ დაიძინებს, უფროსი მის ეზოშიო შეიპარება და სარჩო-საბადებელს ჰპარავს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. უფროსი რომ დაიძინებს უმცროსი შეიპარება მის ეზოში და ახლა ის ჰპარავს სარჩო-საბადებელს, ჩემს შვილებს მეტი ჭამა უნდათო. გასცდა უფლისწული ქურდ ძმებს. ხედავს, ორი ხელმწიფეა. ხელმწიფეებს ერთიმეორე სძულთ, ხმლებით მიიწევენ ერთმანეთზე და სასიკვდილოდიმეტებენ ერთმანეთს.გასცდა უფლისწული მოძულე ხელმწიფეებს. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გამოქვაბულის ბოლოში გავიდა. გაიხედა და ხედავს, არც მიწაა, არც ცა, არც დღეა, არც ღამე. არაფერი არ არის ისეთი, კაცმა რომ თქვას, ესა და ეს არისო. შეკრთა უფლისწული მაგმა მამის ანდერძი გაახსენდა და გადააბიჯა გამოქვაბულიდან. იმავ წამს გამოქვაბული გაქრა. დარჩა უფლისწული სიცარიელეში. უცებ შორს თეთრი ღრუბლები გამოჩნდა. დაინახა თუ არა უფლისწულმა თეთრი ღრუბლები, თვითონაც თეთრ ღრუბლად იქცა., ხოლო მის ირგვლივ ფერების ქარავანი გაჩნდა. მიცურავს ღრუბელი – უფლისწული, მიჰყვებიან ფერები, ლივლივებენ, ხტიან, ეთამაშებიან და აისე წკრიალებენ, რომ ამაზე უფრო ტკბილი ხმა უფლისწულს თავის დღეში არ მოუსმენია. დიდხანს იცურა ასე ღრუბელმა უფლისწულმა თუ ცოტა ხანს, ბოლოს მიადგა ბედნიერების უკიდეგანო ზღვას., რომელსაც სახელი აქვს ზღვისა თორემ ზღვა არ არის. უახლოვდება უფლისწული ზღვას. ხედავს, რომ, როგორც კი ამ ზღვაში დაინთქმება, ბედნიერებას ეწევა. მიდის უფლისწული ზღვისკენ და მოდის ზღვა უფლისწულისკენ. მაგრამ იმ დროს როცა ერთმანეთს მიადგნენ, უეცრად რაღაცამ დაიკვესა, სამმა ელვამ – ლალისფერმა, ოქროსფერმა და ცისფერმა – ერთად იელვა და უფლისწულმა ძმა დაინახა. ძმას ხელები სისხლით ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხო. მაშინვე ზღვა უკუიქცა და გაუჩინარდა. გაკვირვებულმა უფლისწულმა მიხედ-მოიხედა. ხედავს, ირგვლივ ტრიალი მინდორია და თვითონ ამ მინდვრის შუაგულში დგას. უეცრად ტკბილზე ტკბილი ხმა მოესმა:
– უფლისწულო, უფლისწულო!
უფლისწულმა ყური მიუგდო. ხმა მისსივე მკერდიდან ამოდიოდა. გამოვიდა ხმა მკერდიდან, შრიალით მიმოიბნა მინდორში და იქაურობა ულამაზეს წალკოტად აქცია. მერე ერთ ადგილას შეიკრიბა და საცა შეიკრიბა, იქ უმშვენიერესი ქალწული გაჩნდა.
– რატომ არ შეხვედი უფლისწულო, ბედნიერების ზღვაში, განა ამისთვის არ იყავი წამოსულიო? – ჰკითხა ქალწულმა.
– ამისთვის ვიყავი წამოსულიო, – მიუგო უფლისწულმა, – მაგრამ ბედნიერების ზღვას რომ მივადექი, უცებ ძმა დავინახე, ხელები სისხლში ჰქონდა მოთხვრილი და გულისპირზეც სისხლი ეცხოო.
– მერე მაგან დაგაღონა? ბედნიერების ზღვაში ყველა მოგონება გაქრებოდაო.
– უკან უნდა დავბრუნდე უკანო, – თქვა უფლისწულმა, – სანამ ძმას სისხლს არ მოვბან, ვერ მოვისვენებო.
– შენ რომ იცოდე, რა ქვეყანაა ეგ ქვეყანა, უკან დაბრუნებას გულშიაც არ გაივლებდიო.
– ასეთი რა არისო?
– წამოდი გაჩვენებო.
წაიყვანა ქალწულმა უფლისწული და ერთ ბექობთან მიიყვანა.
– აბა გადაიხედეო!
უფლისწულმა გადაიხედა. ხედავს ქვემოთ თვალუწვდენელი უფსკრულია.
– ხედავო? – ჰკითხა ქალწულმა.
– ვერაო, – მიუგო უფლისწულმა, – თვალუწვდენელ უფსკრულის მეტს ვერაფერს ვხედავო.
– კარგად დააკვირდი და დაინახავო.
დააკვირდა უფლისწული. უყურა, უყურა, დიდხანს უყურა თუ ცოტა ხანს, ბოლოს უფსკრულის პირას თავისი ქვეყანა დაინახა. ხედავს, სისხლისფერია მისი ქვეყანა, სისხლის მზე ანათებს და სისხლის წვიმა აწვიმს. ქვეყნის შუაში სისხლის მდინარე მიედინება, მდინარის სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. შეკრთა უფლისწული. შეძრა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინ ცარ მოაშორა. უყურა, უყურა, და აჰა, ადამიანებიც გამოჩნდნენ.ადამიანები ერთმანეთს დაერივნენ, კბილებით გლეჯენ ერთმანეთს, ბრჭყალებით ფლეთენ, თქლაფათქლუფით ჭამენ ერთმანეთის ხორცს, სულმოუთქმელად სვამენ ერთმანეთის სისხლს, თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებენ, ახალ მსხვერპლს ეძებენ. შედრკა უფლისწული, შეზარა ამ სანახაობამ, მაგრამ თვალი მაინ ცარ მოაშორა. უყურა, უყურა და აჰა, ძმაც გამოჩნდა, სისხლით მოთხვრილ ხელში ხმალი უჭირავს, გულისპირზეც სისხლი სცხია. ქურან ცხენზე ზის და ყიჟინით მიქრის ვიღაცისკენ, ვინც მისი მტერია. აგერ, მეტრიც გამოჩნდა. მიუახლოვდნენ ერთმანეთს და ხედავს უფლისწული, რომ ისიც, ვინც მისი ძმის მტერია, მისი ძმა არის. მოიქნია უფლისწულის ერთმა ძმამ ხმალი და წააცალა თავი უფლისწულის მეორე ძმას. იშხუვლა სისხლმა და შეასკდა ცას. უფლისწულის ერთი ძმის მოკვეთილმა თავმა საწყალობელი თვალებით შეხედა უფლისწულის მეორე ძმას. ამ დროს ცხენების თქარათქური მოისმა და ორივე მხრიდან წამოვიდა ურიცხვი ლაშქარი. ხედავს უფლისწული, რომ ყველანი მისი ძმები არიან. დაერივნენ უფლისწულის ძმები ერთმანეთს, დააყენეს სისხლის ზღვა, სისხლით შეღებეს მთელი ქვეყანა. გული მოუკვდა უფლისწულს, ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას, მოტრიალდა, პირქვე დაემხო და მწარედ ატირდა. დიდხანს იყო ასე პირქვედამხობილი თუ ცოტა ხანს, ბოლოს ისევ მოესმაქალწულის ტკბილზე ტკბილი ხმა:
– ახლა ხომ ნახე, რა ქვეყანაა ის ქვეყანა, საიდანაც წამოხვედიო?
– ვნახეო.
– მაინ ცარ დაგიშლია იქ დაბრუნებაო?
– არაო, – მიუგო უფლისწულმა, – უნდა დავბრუნდეო.
– რა გაეწყობაო, – უთხრა ქალწულმა, – რაკი არ დაგიშლია, დაბრუნდი, ოღონდ იცოდე, დიდი განსაცდელი გელისო.
იმავ წამს ქალწული გაქრა. მისმა ხმამ ჰაერში გაიშრიალა, უფლისწულის მკერდში შემოვიდა და ახლა იქ გაიმეორა: “დიდი განსაცდელი გელისო”. ქალწულთან ერთად წალკოტიც გაქრა. გაიხედა უფლისწულმა და ხედავს, დასაბრუნებელი გზა არსადაა. მინდვრის კიდეშუი დგას დ აიმ მხარეს, საითაც უნდა წავიდეს, შავი უფსკრულია. რა ექნა უფლისწულს? არ დაბრუნებულიყო, არ შეეძლო, დაბრუნებულიყო და, ეს თვალუწვდენელი უფსკრული როგორ გადაელახა! რაც არის არისო, იფიქრა და უფსკრულში გადადგა ნაბიჯი. უცებ ფეხქვეშ მიწა იგრძნო. მეორე ნაბიჯი გადადგა და ისევ იგრძნო მიწა ფეხქვეშ. მიდის უფლისწული და გზა, რომელიც აქეთობისას ნაბიჯ-ნაბიჯ ქრებოდა, ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩნდება. იარა უფლისწულმა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთმანეთის მოშურნე დედოფლებს მიადგა. ყაყანებენ დედოფლები, კინკლაობენ და სიბრაზისაგან სახე ორივეს დაღრეჯია.
– რა დაგემართათ დედოფლებო, რ ავერ გაგიყვიათო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ორნი დანი ვართო, – მიუგეს დედოფლებმა, – ორთავეს ჩვენ- ჩვენი თავი გვგონია უფრო ლამაზი, ვერაფრით ვერ მოვრიგებულვართ. იქნებ შენ მოგვარიგოო.
– თვალები გაცვალეთ^და მორიგდებითო, – ურჩია უფლისწულმა.
გაცვალეს დედოფლებმა თვალები და შეხედეს ერთმანეთს.
– შენ უფრო ლამაზი ყოფილხარო! – უთხრა ერთმა.
– არა, შენ უფრო ლამაზი ხარო, – მიუგო მეორემ.
გაიხარეს დედოფლებმა და გადაეხვივნენ ერთმანეთს. განაგრძო უფლისწულმა გზა და ახლა ქურდ ძმებს მიადგა. ძმები ისე დალეულან, ლანდებსღა გვანან.
– რა დაგმართნიათო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ერთმანეთის შიშით ძილი ვერ გაგვიბედიაო, – მიუგეს ძმებმა.
– მე რომ დავიძინო, ეგ მაშინვე სარჩო საბადებელს მომპარავს და თავის შვილებს წაუღებსო, – თქვა უფროსმა.
– მე რომ დავიძინო, ეგ მომპარავს სარჩო-საბადებელს და თავის შვილებს წაუღებსო, – თქვა უმცროსმა.
– ერთმანეთს ვდარაჯობთ და ორივენი ზეზეურად ვდნებითო, – თქვეს ძმებმა, – აღარ ვიცით რა ვქნათო. იქნებ შენ გვირჩიო რამეო.
– შვილები გაცვალეთო, – უთხრა უფლისწულმა.
გაცვალეს ქურდმა ძმებმა შვილები და მაშინვე შერიგდნენ. აღარც ქურდობენ, აღარც ერთმანეთს დარაჯობენ. ცხოვრობენ ერთად და შიში არაფრისა აქვთ. განაგრძო უფლისწულმა გზა და ახლა მოძულე ხელმწიფეებს მიადგა. იბრძვიან ხელმწიფეები, არ ინდობენ ერთმანეთს და ორივე სისხლისგან იცლება.
– რა გაჩხუბებთო? – ჰკითხა უფლისწულმა.
– ერთმანეთის სიძუვილიო, – მიუგეს ხელმწიფეებმა, – დასანახავად ვერ ვიტანთ ერტმანეთს, ვერაფერმა ვერ შეგვარიგაო.
– გულები გაცვალეთ და შერიგდებითო, – ურჩია უფლისწულმა.
გაცვალეს ხელმწიფეებმა გულები. წამსვე ერთმანეთი შეუყვარდათ, გადაყარეს ხმლები, გადაეხვივნენ ერთმანეთს და გაიცინეს. უფლისწულმა განაგრძო გზა. იარა, იარა და ცისფერ ჭიშკარს მიადგა. ჭიშკართან ცისფერი მოხუცი დგას.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო? – ჰკითხა ცისფერმა მოხუცმა.
– ამა და ამ ხელმწიფის ვაჟი ვარო, – მიუგო უფლისწულმა, – ბედნიერების საძებნელად ვიყავი წამოსული და ახლა შინ ვბრუნდებიო.
– წამოსვლა ადვილი იყო, დაბრუნება ძნელიაო, – უთხრა ცისფერმა მოხუცმა, – ამ ჭიშკარს ვერც ირგვლივ შემოუვლი და ვერც ზემოდან გადაევლები. ერთ რამეს გკითხავ, თუ მიპასუხებ, ჭიშკარი თავისით გაიღება და გზას მოგცემს, თუ არა და სამუდამოდ აქ დარჩებიო.
– მკითხეო.
– რა მიზეზია, რომ ჩემს ყოვლისმცოდნე ქვევრს ვერ გაუგია, ერთი მეტია ორზე თუ ორი მეტია ერთზეო?
– ის მიზეზია, რომ შენს ყოვლისმცოდნე ქვევრს ფსკერი აქვსო, – მიუგო უფლისწულმა, – ფსკერი რომ არ ჰქონდეს, ისეთ ქვეყანას დაინახავდა, სადაც შვილი თავის მამის მშობელიაო.
ცისფერმა მოხუცმა ჭიშკარს ჰკითხა:
– გაიგე რამეო?
– გავიგეო, – მიუგო ჭიშკარმა და ყურთამდე გაიღო.
გაიარა უფლისწულმა ცისფერი ჭიშკარი და დაუბრუნდა მთელი თავისი ცოდნა. განაგრძო გზა. იარა, იარა და ახლა ოქროსფერ კოშკს მიადგა. ჭიშკართან ოქროსფერი მზეთუნახავი დგას.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო? – ჰკითხა ოქროსფერმა მზეთუნახავმა.
– ამა და ამ ხელმწიფის ვაჟი ვარო, – მიუგო უფლისწულმა, – ბედნიერების საძებნელად ვიყავი წამოსული და ახლა შინ ვბრუნდებიო.
– წამოსვლა ადვილი იყო, დაბრუნება ძნელიო, – უთხრა ოქროსფერმა მზეთუნახავმა, – ამ ჭიშკარს ვერც ირგვლივ შემოუვლი და ვერც ზემოდან გადაევლები. ერთ რამეს გკითხავ, თუ მიპასუხებ, ჭიშკარი თავისით გაიღება და გზას მოგცემს, თუ არადა სამუდამოდ აქ დარჩებიო.
– მკითხეო.
– რა მიზეზია, რომ ჩემს ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს არ შეუძლია ისეთი ნატვრა მანატროს, რომელსაც ვერ შემისრულებსო?
– ის იზეზია, რომ შენს ყოვლისშემძლე ნატვრისთვალს ზომა და წონა აქვსო, – მიუგო უფლისწულმა, – ზომა და წონა რომ არ ჰქონდეს, ისეთ ქვეყანას დაინახავდი, სადაც კაცი თავისსავე ჩრდილში ისვენებსო.
ოქროსფერმა მზეთუნახავმა ჭიშკარს ჰკითხა:
– გაიგე რამეო?
– გავიგეო, – მიუგო ჭიშკარმა და ყურთამდე გაიღო.
გაიარა უფლისწულმა ოქროსფერი ჭიშკარი დაყ ველა თავისი ნატვრა დაუბრუნდა. განაგრძო გზა. იარა, იარა და ახლა ლალისფერ ჭიშკარს მიადგა. ჭიშკართან ლალისფერი დედაბერი დგას.
– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო? – ჰკითხა ლალისფერმა დედაბერმა.
– ამა და ამ ხელმწიფის ვაჟი ვარო, – მიუგო უფლისწულმა, – ბედნიერების საძებნელად ვიყავი წამოსული და ახლა უკან ვბრუნდებიო.
– წამოსვლა ადვილი იყო, დაბრუნება ძნელიო, – უთხრა ლალისფერმა დედაბერმა, – ამ ჭიშკარს ვერც ირგვლივ შემოუვლი და ვერც ზემოდან გადაევლები. ერთ რამეს გკითხავ, თუ მიპასუხებ, ჭიშკარი თავისით გაიღება და გზას მოგცემს, თუ არადა სამუდამოდ აქ დარჩებიო.
– მკითხეო.
– რა მიზეზია, რომ ყოვლისშემძლე ხმლის პატრონს, ის ქვა ვერ ამიწევია, რომელზედაც ვდგავარო?
– ის მიზეზია, რომ შენი ყოვლისშემძლე ხმალი ბასრიაო, – მიუგო უფლისწულმა, – ბასრი რომ არ იყოს, ისეთ ქვეყანას დაინახავდი, სადაც გველეშაპი თავისსავე თავს ყლაპავსო.
ლალისფერმა დედაბერმა ჭიშკარს ჰკითხა:
– გაიგე რამეო?
– გავიგეო, – მიუგო ჭიშკარმა და ყურთამდე გაიღო.
გაიარა უფლისწულმა ლალისფერი ჭიშკარი და წამსვე ძალ-ღონე დაუბრუნდა. განაგრძო გზა. იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ გზაჯვარედინს მიადგა. გზაჯვარედინის სამ მხარეს სამი სვეტი იდგა. ერთზე ეწერა: “ვინც აქეთ წავიდეს, ადრე დაბრუნდეს”, მეორეზე ეწერა: “ვინც აქეთ წავიდეს, გვიან დაბრუნდეს, მესამეზე ეწერა: “ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს”. გახედა უფლისწულმა ადრედასაბრუნებელ გზას, გახედა გვიანდასაბრუნებელ გზას და ვეღარდასაბრუნებელ გზას დაადგა. იარა, იარა, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარა, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს თავის ქვეყანას მიადგა.
ხელმწიფემ რომ გაიგო, ძმა დამიბრუნდაო, გახარებული შემოეგება წინ. ძმები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მერე დასხდნენ და თავთავიანთი ამბები თქვეს.
– სად იყავი და რა ნახეო? – ჰკითხა უფროსმა ძმამ უმცროსს.
– ძლევის ქვეყანა გავიარე და ძალა დავტოვე, ნატვრის ქვეყანა გავიარე და ნატვრა დავტოვე, სიბრძნის ქვეყანა გავიარე და სიბრძნე დავტოვეო, – მიუგო უმცროსმა.
– ბედნიერება თუ იპოვეო?
– ძლევის ქვეყანაში რომ ძალა დავტოვე, ძალად ვიქეც, ნატვრის ქვეყანაში რომ ნატვრა დავტოვე, ნატვრად ვიქეც, სიბრძნის ქვეყანაში რომ სიბრძნე დავტოვე, სიბრძნედ ვიქეც ბოლოს ბედნიერების კარსაც მივადექი, უნდა შევსულიყავი, ბედნიერებად ვიქცეოდი, მაგრამ შენთან ვეღარ დავბრუნდებოდი და ამბავს ვეღარ მოგიტანდი. ამიტომ წამოსვლა ვამჯობინე. შენ რაღა ჰქენიო?
– შვიდი ომი გადავიხადე და შვიდჯერ გავიმარჯვეო, – მიუგო უფროსმა, – სისხლი ბევრი დაიღვარა, მაგრამ მტერი არ გავახარე. ახლა ქვეყანაში მშვიდობაა და ხალხიც ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობსო.
დარჩა უმცროსი უფლისწული ძმასთან. დადიოდა მთელ ქვეყანაში და ბედნიერების ამბავს ყვებოდა.
გამოხდა ხანი. ერთხელ მეზობელი ქვეყნის ურიცხვი ლაშქარი საომრად წამოვიდა. ხელმწიფემ ქუდზე კაცი იხმო და ბრძოლის ველს მიადშურა. ომი რომ დაიწყო, ხედავს, მუხლი მოდუნებია მის ლაშქარს, მკლავი ძველებურად აღარ ემორჩილება, ხმალი უწინდებურად აღარ უჭრის. იძალა მტერმა დასუსტებულ ლაშქარზე, დარჩა მტერს გამარჯვება. უკუიქცა ხელმწიფე თავისი ჯარით. ძლიერ დაღონდა, ვერ გაეგო ლაშქარის ასეთი დაძაბუნების მიზეზი. შეჰყარა ნაზირ-ვეზირები და რჩევა ჰკითხა, იქნებ ვინმემ იცოდეთ, რა ამბავია ჩვენს თავს, რა სჭირს ჩვენს ძლევამოსილ ლაშქარსო, მაგრამ ნაზირ-ვეზირებმა არა იცოდნენ რა. მაშინ თქვეს, სასახლის მახლობლად ერთი მოხუცი მისანი ცხოვრობს, ყველაფერი იცის, ყველაფერს გრძნობს და ყველაფერს ხედავს, იმას ეცოდინება, თუ ეცოდინება ჩვენი უბედურების მიზეზიო.
– საჩქაროდ აქ მომგვარეთო! – ბრძანა ხელმწიფემ.
მოიყვანეს მისანი. ასე და ასეა ჩვენი საქმეო, უთხრა ხელმწიფემ, აქამდე ძლევამოსილი ლაშქარი უეცრად დაუძლურდა და მიზეზი ვერ გაგვიგიაო.
– ძველი სარკის ნატეხი მომეცითო, – თქვა მისანმა, – ერთი ძველი ქვებიც მომიტანეთ და ბუხარში ცეცხლი ამინთეთო.
წამსვე შეუსრულეს ყველაფერი, რაც მოითხოვა. მისანმა ქვაბი ცეცხლზე შემოდგა, შიგ შელოცვილი წყალი ჩაასხა, ბალახ-ბულახი ჩაჰყარა, დიდხანს ურია, დიდხანს ადუღა, დიდხანს აორთქლა, სარკის ნატეხი ხელში დაიჭირა, თვალგაშტერებით დააცქერდა და აბუტბუტდა. ბოლოს თქვა:
– გავიგე, დიდო ხელმწიფევ, შენი ლაშქრის დაუძლურების მიზეზი, მაგრამ თქმა მიმძიმსო.
– როგორც არ უნდა გიმძიმდეს, მაინც უნდა თქვაო, – უბრძანა ხელმწიფემ.
– სანამ შენი ძმა ცოცხალია, მტერს ვერაფერს დააკლებო, – თქვა მისანმა, – შენს ლაშქარს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება ძალა, როცა ძმას სიკვდილით დასჯიო.
დაღონდა ხელმწიფე, აღარ იცოდა რა ექნა. როგორ გაემეტებინა სასიკვდილოდ საყვარელი ძმა? მტერი კი წინ მოიწევდა და თანდათან უახლოვდებოდა სასახლეს.
უმცროსმა ძმამ რომ მისნის წინასწარმეტყველება გაიგო, წამსვე უფროს ძმას ეახლა და უთხრა:
– თუ ჩემი სიკვდილი იხსნის ქვეყანას, მე მზადა ვარო.
უარზე დადგა უფროსი, ძმის ცოდვას ვერ დავიდებო, მაგრამ უმცროსმა არ დაიშალა, რაღა ხელმწიფე იქნები, მთელი ქვეყანა თუ ერთ კაცს ანაცვალეო.
– იქნებ ტყუის ის მისანიო? – თქვა უფროსმა.
– არა ტყუისო, – მიუგო უმცროსმა, – მე ბედნიერების ამბავი მოვიტანე და არა ბედნიერებაო.
მწარედ იტირა უფროსმა. ცოცხლივ გამოიგლოვა ძმა და გადასცა ჯალათებს. გაიყვანეს უმცროსი უფლისწული მოედანზე და თავი მოჰკვეთეს.
იმავ წამს მუხლი კვლავ გაუმაგრდა ლაშქარს, მკლავი ძველებურად დაემორჩილა, ხმალმაც უწინდებურად გაუჭრა. ომახიანი ყიჟინით შეუტიეს მტერს და სულ კუდით ქვა ასროლინეს.
გაიმარჯვა ხელმწიფემ, მაგრამ გამარჯვებამ სიხარული ვერ მოჰგვარა. დღე იყო თუ ღამე, თვალწინ სულ ძმა ედგა. გული დამძიმებული ჰქონდა და შუბლი შეკრული. ბოლოს დარდისგან დასნეულდა კიდეც და ლოგინად ჩავარდა.
ორი ვაჟი ჰყავდა ხელმწიფეს, ორივე ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, ორივე ჩაუქი და ქველი. რა შეატყო, ჩემი აღსასრულის დღე ახლოვდებაო, მოუხმო შვილებს, უფროსს ტახტი დაულოცა და სახელმწიფოს პატრონობა ჩააბარა, უმცროსს კი ასე უთხრა:
– მწარე ხვედრი მოგიმზადე, ჩემო შვილო. უნდა წახვიდე და, სანამ პირში სული გიდგას, ბედნიერება უნდა ეძიო. მძიმე გზა გელის და დიდი განსაცდელი. იქნებ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე, ან დაბრუნდე და, ვინც მადლიერი უნდა გყავდეს, მისი ხელით მოკვდე, მაგრამ სხვა გზა არა გაქვს. წადი და ეძიე ბედნიერებაო.
ესა თქვა ხელმწიფემ და აღესრულა.
ტახტზე უფროსი ვაჟი ავიდა. როდესაც მისი კურთხევის ზეიმი გასრულდა, უმცროსი ძმა ეახლა, მამის ანდერძი გაახსენა და გამგზავრების ნებართვა გამოსთხოვა. უფროსს უმძიმდა ძმასთან განშორება, მაგრამ რა ექნა, მამის ნებას ხომ არ გადავიდოდა! ძმები მხურვალედ გადაეხვივნენ ერთმანეთს და ჭაბუკი უფლისწული გზას გაუდგა…
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.