ესესაკითხავი

თამთა ფარულავა – ხმები და ფერები

რევაზ ინანიშვილს ვაჟას ,,ამოდის, ნათდება” გადაუწერია ერთხელ. დიდი სიტკბო ვიგრძენიო, _ გვეუბნება მწერალი. გრძნობას, რომელიც თვით ინანიშვილის სტრიქონების გადმოწერისას განვიცადე, მარტო სიტკბოს ვერ ვუწოდებ. ეს პროცესი თითქოს ერთგვარი რიტუალია, ტკბილ-მწარე რიტუალი, რომლის აღსრულებას საკუთარი თავის გარდა არავინ მავალებს. ამიტომაც ამ დროს მარტო უნდა ვიყო. მარტოობის ეს ილუზია იმითაც მყარდება, რომ მეჩვენება, ეს სტრიქონები ჩემი დაწერილია. უცნაურია, რაც ინანიშვილის ნოველების კითხვისას მიგრძვნია და მიფიქრია, თვით ამ წიგნის ფურცლებზეა უკვე გაბნეული.  ,,სტრიქონები, რომლებსაც მე ამ წიგნიდან ვიწერ, ყრუ, გამწმენდელ ტკივილებად შემოდის ჩემში. მინდა ასეთი ყოფნა გაგრძელდას რაც შეიძლება დიდხანს, მინდა ხელები გავშალო, მივაწვდინო სხვებს და ეს ტკივილები ელექტროდენივით გადავცე მათაც…… მგონია, ამით მაინც ნაწილობრივ მოვიხდით სასჯელს, რაც გვეკუთვნის დიდი, პატიოსანი ადამიანების წამებული სულების წინაშე თუნდაც შემთხვევით გამოჩენილი გულგრილობის გამო,”  (ჯარგვალე). უთუოდ ტკივილით ტკბობის ამ ასკეტური რიტუალის ძალითაც რევაზ ინანიშვილის მხატვრული სინამდვილე საგნობრივი უშუალობით აღიქმება. თანდათან მეტ სიმკვეთრეს იძენს მისი პოეტური სამყაროს ფერთა გამა, თანდათან მეტი მადლი გვეძლევა, რათა ყური ვათხოვოთ მწერლის ხმას. 

       “ნამდვილი შემოქმედი იცნობა არა მხოლოდ თავისი ხმით, არამედ განსაკუთრებული სმენითაც, იმ უცნაური ნიჭით, რომელიც მას საშუალებას აძლევს სამყაროს ურიცხვ ხმათა შორის, შენიშნოს ჩვენთვის შეუმჩნეველი უცნობი ხმებიც” (გ. ასათიანი). განსაკუთრებული სმენის შემოქმედია რევაზ ინანიშვილი. აი, რაგვარი ბგერებით იქსოვება მის სტრიქონებში სამყაროს მიძინების სევდიანი მელოდიები: “კაკლის ქვეშ გავჩერდი და თვალები დავხუჭე. ისეთი ტკაპატკუპი ისმოდა, თითქოს წვიმა მოდისო. სინამდვილეში ფოთლები ცვიოდნენ”(კეთილი მიწა), ან “ტყეში ისმოდა ჩამოშვავებული ლეშხისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა” (ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი).  ზამთრისპირის ეს მუსიკა ის პოეტური სამკაულია, რომელიც გვეხმარება, უკეთ შევიგრძნოთ შემოდგომის სევდა. ფოთოლცვენისა  თუ წვიმის ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხმები დაგვაფიქრებს კიდეც: მართლაც, დღეს, როცა ტექნიკური პროგრესის მიუხედავად, ადამიანს სულ უფრო და უფრო გიჭირს  სმენა მიაპყრო ადამიანის ხმას, “შეგიძლიათ ყური ათხოვოთ ფოთლის ჩამოვარდნას ტყეში?”(იმედი).

  უთუოდ საოცრად დახვეწილი სმენის პატრონია ამ მინიატურის ავტორიც: “ზამთარში საღამოობით ვენახებსა და ჭალებში ატყდება ხოლმე გაუწაფავი ყურისათვის თითქმის შეუმჩნეველი შმაშურ–ფაჩუნი. ასე გეჩვენება, თითქოს სიბნელე მოდიოდეს ხმელ ფოთლებსა და ბალახებზე რბილი, რბილი თათებით. სინამდვილეში _ ჩიტები იბუდებენ” (ზამთარში საღამოობით).  ამ შმაშურ-შრიალს სხვაგანაც გავიგონებთ ინანიშვილის მოთხრობებში. კი არ წავიკითხავთ, გავიგონებთ, რადგან ჭეშმარიტი შემოქმედების მადლით ჩვენც გვიფაქიზდება სმენა და ამიერიდან უბრალოდ კი არ ღამდება, არამედ მოდის “ლბილი საიდუმლო ჩურჩულ-შრიალით აღსავსე ღამე” (ზამთრის ზღაპარი); სოფლის განაპირას შერჩენილი ალვის ხეები კი არ შრიალებენ, არამედ,  “მიდამო მათი ფოთლების იდუმალი ჩურჩულით არის შეპყრობილი” (დათია და გოგია); მოლაღურები და  ჩიტბატონები  ჩვეულებრივ კი  არ  დასრიალებენ ცაში,  არამედ  ,,მომღერალი ნაპერწკლებივით ირევიან” ( გახარებული მზე);  ადამიანური სიკეთითა და სინათლით გამთბარი თოვლი  “წკრიალ-წკრიალით დნება” ბავშვობის მოგონებებში (სახატეები), “ნისლიც კი შმაშუნით ედება კენწეროებს” (იმედი). უცნაურია,  მაგრამ თითქოს გაცვეთილი მხატვრული სახეც _ მოლაპარაკე ცეცხლი ინანიშვილის კალმის მადლით ახლებური ელფერისა და სითბოს მატარებელი ხდება: “ხან ხმის აწევით, ხანაც ჩუმად რაღაცას მიყვებოდა ღუმელი” (თოვლის კაცი).

      პოეტურად აზროვნებენ რევაზ ინინიშვილის მოთხრობათა პერსონაჟები. მათ ცნობიერებაში სამყაროსეულ ხმებსა და ფერებს მეტად არაჩვეულებრივი ტონალობა ენიჭება. პატარა გოგონასათვის, რომელსაც ღამე შეყვარებია, მთელი ქვეყანა დადუმებულია, როცა “ცაზე მილიონი დიდი ჩახჩახა ვარსკვლავი ანთია და ისინიღა კრუსუნებენ” ( გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა).   აი, რაგვარ პოეტურ სახეს “ქმნის” ტყიდან ქალაქში მოხვედრილი პატარა მელა, როცა იგი ფორტეპიანოს ხმის გაგონებისას აღძრულ უჩვეულო განცდაზე გვესაუბრება: “ის იყო ჩამთვლიმა კიდეც, რომ სასიამოვნო ხმები მომესმა_თითქოს გახარებული ჩიტები ჭიკჭიკებდნენ მზიან წვიმაში”(ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში).  შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოცარტის მსუბუქი მელოდიები სწორედ მზიან წვიმაში ფრინველთა ხმის გაგონებისას დაიბადა. ინანიშვილი მიწაზე მყარად მდგომი შემოქმედია.  მისი გმირები იშვიათად ისმენენ ფორტეპიანოს ხმას და ამ არისტოკრატიული ინსტრუმენტის ბგერები მათ დედაბუნების მარადიულ მრავალხმიანობასთან აბრუნებს ისევ.

      რევაზ ინანიშვილი არამარტო ფაქიზი სმენის ხელოვანია, არამედ  მეტად იშვიათი, განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული თუ სასჯელდადებული _ იგი გულისყურით ისმენს სამყაროს გულისძგერას. გულის ყურით მოსმენილი კი უთუოდ თანაგრძნობასა და თანალმობას Gგულისხმობს. თანალმობის  სულითაა გაჟღენთილი ეს მინიატურა: “ღამეულ ტყეში გამუდმებით ისმის რაღაც კრუსუნი, კვნესა და გმინვა. ძალიან კარგად უნდა იცნობდე ფლორასაც და ფაუნასაც, რომ მიხვდე, რანი კრუსუნებენ, კვნესიან და გმინავენ. მაგრამ ამგვარი ცოდნის გარეშეც ადვილი მისახვედრია ერთი: წუხილი ყველგანაა, შესაძლოა თვით დედამიწასაც უჭირს, სახსრებში სტეხს და ქვემოდან გვევედრება რაღაცას” (ღამეულ ტყეში). ამ სტრიქონების ძალა იმაშიცაა, რომ იგი მკითხველსაც აიძულებს გულის ყური ათხოვოს დედამიწის კვნესას, ჩაშვავებული მიწის ჩურჩულს (უფსკრული ქალაქში), ჭოტების საუკუნოვან საგოდებელს (არქაიკა), ფუტკრების პუტუნს (თოთიაურების კუნძული).

       ზოგჯერ მწერალი მეტად მოულოდნელ “მელოდიურ შედარებასაც” მიმართავს: “ის რომ მიდიოდა, თითქოს სულ სიკეთისა და სინათლის ზანზალაკებს მოაწკრიალებსო” (ცოდვა); ან კიდევ: “როგორც დიდებული ნელი სამგლოვიარო მელოდია ისე შემოდის ჩემში ტყისკენ მიმავალი გზის ვიწრო გასაბრუნი”(გზის გასაბრუნი).    მაინც  რომელი ტყისკენ მივყავართ ამ გზას, ან რად არის გზის გასაბრუნი ვიწრო? იქნებ ეს ის “იწრო ბჭეა”, რომელიც “მიიყვანებს ცხორებასა”? იქნებ ეს ის ტყეა, ტაძარივით რომ არის მაღალი, ხოლო მელოდია, რომელიც ტაძრისკენ მიმავალთ ჩაგვესმის, დიდებულია და ოდნავ მაინც სამგლოვიარო _ ჩვენ ხომ ვერ ვიცანით კაცი, რომელმაც სიკეთისა და შეწყალების თეთრი დროშა მოგვიტანა, ვერ დავინახეთ ეს ბაირაღი და იარაღასხმულებმა ვერც შევნიშნეთ, რომ საწუთროს ტოვებდა ადამიანი, რომელმაც თავის ქვეყანას ყველაზე უღალატო და უძლეველი იარაღი _ სიყვარული უსახსოვრა.

     რევაზ ინანიშვილის ერთი მოთხრობა ასე იწყება: “ისიც თითქმის ჩვეულებრივი პატარა გოგონა იყო… მხოლოდ ზეაწეულწამწამებიანი ცისფერი თვალები ცოტა უფრო ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვიდრე სხვა გოგონებს აქვთ და ყველაფერს ცოტა უფრო სხვანაირად ხედავდა, ვიდრე ჩვენ” (გოგონა_ღამე რომ შეუყვარდა). თავისი გმირის მსგავსად მწერალიც არამარტო “სხვანაირად ხედავდა”, არამედ უფრო მეტსაც – ვიდრე მის გვერდით მცხოვრები თვალგახსნილი საზოგადოება. ყოფითი სინამდვილის ფუსფუსს მოშორებული, იგი ნეკერჩხლის სიფრიფანა ფოთლის მსგავსად “გმირული სიჯიუტით” ცდილობდა, გარშემომყოფთათვის დაენახვებინა სიკეთის სევდიანი შუქით განათებული მისი სამყაროს მშვენიერება.

      მეცნიერებისა და ტექნიკის  მიღწევათა საუკუნეში, “ჭკვიანური” ხელოვნების ეპოქაში  იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა ადამიანთათვის  “სამყაროს საოცრება _სიკეთის შუქი თვალებში” (ორმოცდაათი წლის მამაკაცი), მხოლოდ მის ფიქრებში მოფრინდებოდნენ ხოლმე “ბავშვისთვალებიანი დიდი ლამაზი ფრინველები”(ჩიტიფაფობა). ალბათ იმიტომაც, რომ იმ არაჩვეულებრივი გოგონას მსგავსად მას  “ისიც კი შეეძლო, რომ თვალები დაეხუჭა და უფრო მეტი რამ დაენახა, ვიდრე თვალხილული ხედავდა”. ინინიშვილის მკითხველსაც არა ჩვეულებრივი თვალით, არმედ გულის თვალით დანახული სამყარო გადაეშლება;  ოღონდ ისეთ მკითხველს, რომელსაც თავად არ დაუხუჭავს გულის ეს თვალი.

       შევდივართ რევაზ ინანიშვილის თვალებით “მზეში ყვითლად ჩაყუჩებულ ვენახებში” (უკუღმა დაჭედილი), “სუფთად გაკვერილ ბილიკებზე” (ეთერი), “შეჭაღარავებულ”  თუ “ჩაიდუმალებულ” ტყეებში,  “ცაში კვამლის საბელით ჩამოკიდებულ სახლებში” (ზამთრის ზღაპარი) და გვიკვირს;  გვიკვირს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვერდით იყო და ვერ ვხედავდით.

  რევაზ ინანიშვილის  მხატვრული სამყარო ერთ დიდ ფერწერულ ტილოს   შეიძლება შევადაროთ, “ფერებითა და შქებით გამდიდებულს” (ბებრული სახელი_მზეხა). მის მოთხრობებსა თუ მინიატურებში მეტყველია არამარტო ეპითეტი თუ შედარება, არამედ ფერიც.

    გალაკტიონ ტაბიძის  პოეზიაზე საუბრისას გურამ ასათიანს უთქვამს: “ეს არის, ჩვეულებრივ, მსუბუქი აკვარელით შესრულებული, უაღრესად დახვეწილი ფერწერა. სინამდვილე აქ დანახულია ახალი, უჩვეულო თვალით.  პოეტის განწყობილებათა ცვალებადობა მას წამით-წამს ახალი იერით გვიხატავს და ზოგჯერ ბუნების ერთგვაროვან მოვლენებშიც კი შუქისა და საღებავების ურიცხვ სახეცვლილებას, ურთიერთგადასვლას, ჰარმონიულ შეზავებასა და კონტრასტებს წარმოაჩენს”.  ვფიქრობთ, გადაჭარბებული არ უნდა იყოს, თუ ამ სიტყვებს ინანიშვილის პოეტურ პროზას მივუსადაგებთ. მხატვრული სიტყვის გამომსახველობითი უნარის გასაძლიერებლად მწერალს ფერწერისათვის ნიშნეული ფერით მეტყველების ხერხიც უსესხებია. ავტორი ხშირად ამა თუ იმ განწყობილების, ხასიათის შტრიხის თუ სათქმელის პატარა ნიუანსის მკითხველამდე უკეთ მისატანად საღებავთა მრავალფეროვნებას იყენებს. ღვთის მიერ “უთვალავის ფერით” მორთულ სამყაროში ადამიანის სულის მცირე მოძრაობასაც კი შეიძლება თავისი ფერი გამოეძებნოს. “სიფრიფანა, ოდნავ მხრებში მოხრილი, თოვლზე უმწეოდ დასვენებული ნეკერჩხლის ფოთლის”  განწირულობისა და ძალმოსილების გადმოსაცემად მწერალი სისხლისფერს მიმართავს. დაკვირვებული მკითხველი მის მოთხრობებში სხვაგანაც შენიშნავს “წითლად მოღუდღუდე” ფოთლებს. “წითელი წიწაკებით მოანათებენ” ძმები კოწოწაშვილები შემოდგომის მიბუნდოვანებულ პეიზაჟებში ( უკუღმა დაჭედილი) და ჩვენც გვეჩვენება, რომ ნეკერჩხლის წითელი ფოთლის მსგავსად “ვიღაცას თუ რაღაცას ველოდებით”.

       შინაგანი სისუფთავისა და სიმტკიცის გრძნობას გვიტოვებს  “შემოდგომის ლურჯადმიყუჩებული ცა” (მარადიული პეიზაჟი),  “მინასავით უძრავი ლურჯი ჰაერი” (ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი), უფლისციხის ზამთრის სიცივეში შემორჩენილი “ჯერაც ისევ მოლურჯო ნარი” (უფლისციხე), ჯანსუსტი, უსუსური ნეკერჩხლის ფოთლის სიმტკიცეს ეხმიანება “ტყეში ლურჯად ჩამომდგარი ყინვაც”.

      სიწმინდის, სისპეტაკის, აუმღვრეველი სულიერი სისუფთავის განცდას გვაზიარებენ რუხ ცაში ერთად მფრინავი თეთრი გედები (გედები), “თეთრი ქულა ღრუბლები”, რომლებიც თითქოს ბიბლიური სიწმინდიდან გადმოსულ ჩვენი დროის ადამსა და ევას ადგას თავზე (ადამი და ევა), სპეტაკი თოვლით შემოსილი გარემო, თეთრწვერამოხუცი, რომელიც სიკვდილის პირისპირ მდგომ ავადმყოფ ბიჭუნას ეზმანება გადარჩენის ნიშნად (სახატეები), “ყველასაგან მიტოვებული, სახურავჩაქცეული, მინებჩალეწილი”, მაგრამ ჯერაც ისევ თეთრი სახლი, რომელსაც კეთილი გემივით სამშვიდობოს გაუყვანია ერთი პატარა ოჯახი დიდი სულიერი ქარიშხლებისა და ავბედობის ხანაში (პატარა გემი მშრალ ნაპირზე).  იქნებ ეს სწორედ ის ქათქათაიალქნებიანი გემი იყოს, რომელიც თვალებდახუჭული პატარა გოგონას ფანტაზიის “უკიდეგანო ლურჯ ოკეანეში” შემოცურდებოდა ხოლმე (გოგონა- ღამე რომ შეუყვარდა).    და ბოლოს,  ამ ფერწერული ტილოს სიწმინდის თეთრი შუქით განათებულ კუთხეს მარადიული მფარველივით წამოსდგომია შორი თეთრი მწვერვალი, “გასაოცრად ერთფეროვნად რომ დგას ზამთარშიც და ზაფხულშიც,_ სულ თეთრი” (შორი თეთრი მწვერვალი).

       რევაზ ინანიშვილის პოეტურ პალიტრას კიდევ ერთი ფერი ამშვენებს _ მწვანე. მას სამოთხის ბაღისეული სიმშვიდე, სამყაროს ერთიანობის განცდა შემოაქვს მწერლის შემოქმედებაში.  აი,  ერთი პეიზაჟი_რიყეზე მოჩანს სამი მარადიული სილუეტი: მამაკაცი, ქალი და პატარა ბავშვი. მათ უკან კი “წამომართულა დიდი მწვანედ აბოლქვილი ხეები” (ადამი და ევა).  ამ სურათის ხილვისას აღმოცენებული განცდა კი ისევ მწერლისეული სიტყვებით შეიძლება გადმოვცეთ:  “მამშვიდებს ფიქრი, რომ ეს წყალიც, ეს ფოთლებიც და ეს ფესვებიც ასე იყო ათასობით წლის წინათ და ასევე იქნება ათასობით წლის შემდეგ” (შემოდგომის დღე).

      “უსიხარულო სიამოვნებათა” ეპოქაში მცხოვრები ადამიანის სულის სალბუნად, უშფოთველი სიხარულისა და სიმშვიდის განცდასთან საზიარებლად შევაკოწიწოთ კიდევ ერთი სურათი: “მწვანედ გალიცლიცებულ მორევში რქიანი შველი დგას” (შემოდგომის დღე), მდინარის აყოლებაზე მიდის იმედის მწვანე მატარებელი, რომელსაც “მარტოობით გადაყრუებული” მოხუცებისათვის  სანატრელი შვილიშვილები მიჰყავს (ზამთრის ზღაპარი),  “გზის იქით, შეფერდებულში მწვანე შუქი დგას” (შორი თეთრი მწვერვალი), იმ შუქში, დიდ სინათლეში შემოდგომის მწვანეზე განმარტოებულა ქართველთა ღვაწლმოსილი მეფის –დავითის დიდებული ლანდი და ხოხბის ბუმბულით ჩანიშნულ წიგნს კითხულობს (ლოჭინში). ამაღლებულის განცდას აგვირგვინებს “დიდი გახარებული მზე მწვანედჯანსაღი ქვეყნიერების თავზე” (გახარებული მზე).

     თუმცა რევაზ ინანიშვილი მაინც ცხოვრებისეული სინამდვილის მხატვარია. ცხოვრება კი, როგორც ჩვენს ძველებს უთქვამთ, ხშირად ბინდისფერია.  ამიტომაც მწერლის “წითლად ჩაღუდღუდებულ” და “მწვანედ აღაღანებულ‘‘ პეიზაჟებში ხშირად შემოიჭრება ხოლმე “ზამთრისპირის ლბილი, ლბილი ბინდი”(ზამთრისპირის ბინდი),  შემდეგ კი “უფრო და უფრო ბინდდება”.

     მწერლის ერთი მოთხრობის გმირი, შემოდგომის მშვენიერი დღის ფერადი შთაბეჭდილებებით გამდიდრებული, სოფლის მისასვლელთან გაიგებს, რომ მორევში მუცლამდე შესული შველი თურმე დაჭრილი ყოფილა და ტკივილის დასაამებლად შესულიყო წყალში. Gგანწყობილებათა ნგრევის, გმირის სულიერი მღელვარების გადმოსაცემად მწერალი ფერმწერის ფუნჯს მიმართავს და სულ მცირე წინადადებით დიდ სათქმელს გადმოგვცემს: “ნათელ ლამაზ დღეს უცებ გადაეფარა თალხი”(შემოდგომის დღე).

    სხვა შემთხვევაში მთის თითქმის მიტოვებული, იავარქმნილი სოფლის ტკივილსა და მწუხარებას ეხმიანება “აფუყული, დარდიანი რუხი მტრედის” შუქჩამქრალი სილუეტი (ეთერი).  სურათის განწყობილების გასამყარებლად გავიხსენოთ “ძველი სასაფლაოს”  “შავფერი სწორადთლილი ხავსით  ყვითლად შეფორაჯებული საფლავის ქვები”, სიკვდილის პირისპირ მდგომი ფურდედოს “ნაცრისფერ  ყბებზე ნელ-ნელა ჩამომავალი ცრემლი” (ჩვენი ფურდედო მაისა).

     გრძნობა-განწყობილებათა ფერით გადმოცემის ინანიშვილისეული ხერხი ძალზედ მეტყველია. ზემოთ დახატული რუხ-ნაცრისფერი პეიზაჟი ცხადად მიგვანიშნებს ავტორისა თუ გმირის სულიერ მარტოობაზე, ნაღველზე. მწერლის “ფუნჯის” ერთი მოსმაც საკმარისია, რომ “მიდამო მოიცვას სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ” (ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი).

       როგორც ვხედავთ, რევაზ ინანიშვილის საღებავთა პალიტრა მრავალფეროვანია. მისი შემოქმედება ის ვრცელი ფერწერული ტილოა, რომელზეც თვალხილული მკითხველი ბევრს შენიშნავს: დიდ სიკეთესაც და პატარა ბოროტებასაც, დარდსაც და სიხარულსაც, სიმშვიდესაც და ეჭვსაც.  დგახარ ამ ვრცელი პანორამის წინ  და გეჩვენება, რომ გალერეის თავზე ცა გაიხსნა:    “ჭალა სულ უფრო და უფრო განათდა. წვიმამ მდინარის იქით, გრძლად გაწოლილი უტყეო სერის ძირში გადაინაცვლა…… სამხრეთიდან ბრტყელი ლამაზი ცისარტყელა დაიძრა, აიწია მაღლა, აიწია და სწორი, მკვრივად შეკრული თაღი გადახაზა. ცოტა ხანში მეორე ცისარტყელაც ამოიზარდა, მაგრამ იმან თაღის შეკვრა ვერ შეძლო, შუა ცამდე ძლივს მიაღწია და იქ გაჩერდა.  ამ ცისარტყელების უკან, მტუტისფერ სიღრმეში ისევ ქუხს, მაგრამ იმ ქუხილს აღარავინ არაფრად აგდებს” (ცისარტყელა).

      მართლაც, მწერლის მოთხრობათა შუქ-ჩრდილების თავზე შვიდფერი ცისარტყელას მსგავსი დიდი სინათლე დგას, დიდი იმედი. მისი ყველაზე  მძიმე, გულდაბურული ნაამბობიც კი უიმედოდ არ გტოვებს. პერსონაჟსა და მკითხველს მუდამ გეგულება შუქი გვირაბის ბოლოს. სიკეთის ეს შუქი ასხივებს მარტოობისა და მიუსაფრობის ყველაზე პირქუში სურათებიდან.  ამიტომაც რევაზ ინანიშვილის ფერადოვან სიკეთეს ნაზიარები კაცი დიდი სევდის მიუხედავად, დიდი იმედით ივსები, უფრო ღონიერი, ფესვმაგარი ეგებები საწუთროს “მტუტისფერ” ჭექა-ქუხილსაც და ქარტეხილსაც, რადგან იცი, რომ შენს თავზე დიდი შვიდფერი ცისარტყელა დგას, “პირველყოფილი სიწმინდით გამოშუქებული” (ევა).

       ეს სიწმინდე ინანიშვილის პროზის ის პერსონაჟია, რომელიც ყველა ნოველასა თუ მინიატურაში გახსენებს თავს. იგი ზამთრის პეიზაჟში ჩარჩენილი კეთილი ფრინველის მსგავსად ყველგან ჩანს, “როგორც ბავშვის ნახატში, ხესთან შედარებით უზომოდ დიდი, ნაცრისფერში შეჟღენთილი თეთრი აკვარელივით” (ზამთრისპირის სევდა).  ადამიანური სისუსტეებისადმი პატიების გრძნობით გამსჭვალული, იგი სილამაზის საბურველში ახვევს წუთისოფლის რუხ ჩრდილებს.  მისი ხმის გაგონება ყველას შეუძლია, რადგან “ადამიანები არა მარტო ხედავენ სისუფთავეს, გამჭირვალებას, უმანკოებას, არამედ ხმაც ესმით მათი, რაღაც არაამქვეყნიური ხმა” (სამაგიდო რვეულებიდან).   ეს სიწმინდე მკითხველსაც გაკეთილშობილებს, წაგახალისებს,  “იმაშვრალო მშვენიერების შექმნისათვის” (სამაგიდო რვეულებიდან),  ძალას გაძლევს, რათა სიკეთისა და სინათლის ზანზალაკები  ჩამოურიგო ადამიანებს “ცუდად მდუმარე ამოდენა სამყაროში” (სამაგიდო რვეულიდან).

    და თუ ერთ დღეს თქვენთვისაც ძნელად ასატანი გახდება “უფსკრული ქალაქში”,  ნუ დაიზარებთ  ინანიშვილის ფესვმანდუკის გახსენებას, კიდევ ერთხელ მოუსმინეთ მწერლის  ნაამბობს, დახუჭეთ თვალები და “მის ხმაში ფერებს დაინახავთ”. 

                                                                                          საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი     “არილი” , #6, 2002     

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button