მოთხრობასაკითხავი

აკა მორჩილაძე “უპატრონო ძაღლების პირადი ცხოვრება”

“დავიწყოთ ისე, როგორც იწყებდნენ რომანტიზმის ეპოქაში.

ბნელი და ქარიანი ღამე იყო. მე ვბრუნდებოდი ერთი გაწელილი წვეულებიდან. თოვდა და ციოდა და რაც ასევე აღნიშვნის ღირსია, არანაირად არ მეთქმოდა მთვრალი. მსუბუქად შეზარხოშებულიც კი არ ვყოფილვარ. ამისდა მიუხედავად, აღმოვჩნდი ფალიაშვილის ქუჩის განთქმული ხეივნის ერთ-ერთ ჭადარზე. სწორედ რომ რუსული სკოლის პირდაპირ.

ყველაფრის თავიდათავი ის არის, რომ თავს დამესხა უპატრონო ძაღლების გუნდი. წარმოიდგინეთ, რომ სულაც არა ვარ განსაკუთრებით გამორჩეული მშიშარა და მხდალი ხომ მითუმეტეს არ გახლავართ. ახლო და შორეულ წარსულში არაერთი ოთხფეხა გამიქცევია, ან დამიმარცხებია, მაგრამ ამგვარად გაბოროტებულ და თამამ ურდოს არასოდეს შევყრივარ. ბრძოლა ჩვენს შორის სამ წუთს მაინც მიმდინარეობდა და რაკიღა შევატყვე, რომ უეჭველად შემჭამდნენ, რადგან ვერც აგური მოვიგდე ხელთ და ვერც სხვა რამ, რითაც შევუტევდი, მოაჯირისაკენ გავწიე და ხეზე ავძვერი.

მე ტოტზე შემოვჯექი. ძაღლები კი არსად წასულან, სწორედ ისე, როგორც მონადირეთა ნაამბობში არ მიდიან ხეზე ამძვრალი კაცის მოდარაჯე მგლები. ნახევარ საათზე მეტხანს იდგნენ ხის ძირას და მელოდნენ, მთლად გავიყინე. ამ დროს, ჩემდა ბედად, მანქანამ გამოიარა და განაწყენებული თავდამსხმელები მას გაეკიდნენ. ხიდან ჩამომხტარმა ბარნოვზე ამოვირბინე და მთლად წამხდარი შევვარდი სახლში.

ამის შემდეგ გადავწყვიტე მოხეტიალე, გინდათ მაწანწალა ძაღლების რაობა გამომეკვლია, რაც არცთუ ძნელი საქმე გამოდგა, რა თქმა უნდა, დღის საათებში.

მოქალაქეთა და უპატრონო ძაღლთა ურთიერთობა, რა დასამალია და, მტრულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძაღლების მსპობი ორგანიზაციები აღარ აქტიურობენ.

სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძაღლებმა შექმნეს გარკვეული სტრუქტურები, მთელი თემები და კომპაქტური დასახლებები. მე პირადად ვაკვირდებოდი იმავე ფალიაშვილის ქუჩის ერთ-ერთი (არა იმ აგრესიულ, ეს სულ სხვა შემადგენლობაა) ბრბოს ცხოვრებას და ამის მაგალითზე ვეცდები წარმოვადგინო ძაღლური ყოფის შინაგანაწესი და ყოფა.

ჯგუფი, რომელშიც ექვსი ძაღლია, ადრიან დილიდან თავს იყრის ქუჩის ნაგავსაყრელთან. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მაწანწალა გუნდი არ ბინადრობს ამ ნაგავსაყრელის შემოგარენში. საინტერესოა ისიც, რომ ქუჩის მეორე მხარეს ორი უპატრონო ძაღლი ცხოვრობს, რომლებიც იქვე, ეზოში ბინადრობენ. უფრო ქვემოთ კი ცხოვრობს კიდევ ერთი მარტოხელა ძაღლი, რომელიც მეზობელ ეზოში მოღვაწეობს. ურთიერთობა ამ სამ ძალას შორის გარკვეულია. ნაგავსაყრელის ექვსი ძაღლი ფლობს ნაგავსაყრელს და მიმდებარე ტერიტორიებს, დაახლოებით ათი მეტრის რადიუსში. თუკი ისინი ნაგავსაყრელთან საქმიანობენ, მოპირდაპირე მხარის ორი ძაღლი სათოფეზე არ ეკარება ნაგავს. თავის მხრივ, არც”გუნდელები” გადადიან მეორე მხარეს. მაგრამ საკმარისია”გუნდმა” ტერიტორია დატოვოს და რაღაც საქმეზე გავიდეს (ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება და რატომ, ქვემოთ დავინახავთ), ორი ძაღლი (ისინი, მგონი, ძმები არიან) წამსვე ნაგავსაყრელთან გაჩნდება და მუშაობას იწყებს. ქვემოთა ეზოს მარტოხელა ძაღლი კი საერთოდ არ მოდის ნაგავსაყრელთან, მას ძალიან უნდა უჭირდეს ორმაგი კორდონის გარღვევა. სამაგიეროდ, ის თავისი ეზოს სწორუპოვარი ბატონია და ძნელად თუ გაატარებს ვინმეს შეუყეფავად. მისი უბანი ოცი-ოცდახუთი მეტრის სიგრძისაა და საპირისპირო მხარის ტროტუარამდე მიდის. ეს ძაღლი მოქალაქეთა კეთილი გულის წყალობით იკვებება, რადგან ეზოში მდგარი მანქანების დარაჯადაც ვარგა. მისი სიავე სამაგალითოა მამაკაცების მიმართ, სხვა ძაღლებთან ურთიერთობას კი გაურბის.

მაგრამ დავუბრუნდეთ ექვსძაღლიან გუნდს. მისი წევრები ნაგავსაყრელზე არეულად მოდიან. შეიძლება ექვსივე ერთად გამოცხადდეს, შეიძლება ორ-ორად, ან სამ-სამად დაყოფილები, ან სულაც ცალ-ცალკე… თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაგავსაყრელის ერთობა შემთხვევით კავშირს წარმოადგენს. არავითარ შემთხვევაში. ეს გუნდია და მასში (არ ვიცი, მეცნიერები რამდენად დამეთანხმებიან) ორი მამალი და ოთხი დედალი ძაღლია. ნასაუზმევს, ისინი, ჩვეულებრივ, ისვენებენ, ან ტერიტორიის კონტროლით არიან გართულნი.

შემდეგ ძაღლები მიდიან. შეიძლება ექვსივენი ერთად წავიდნენ, შეიძლება ორად გაიყონ.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, სად მიდიან?

მგონი გასაგები უნდა იყოს. ისინი მოკლე გარბენებს ახორციელებენ ახლომახლო ქუჩებზე, ასე ვთქვათ,”არავის მიწებზე”. ეს მეტად სასარგებლო საქმე უნდა იყოს მათთვის, რადგან ზედმეტი ლუკმა ყელზე არ დაადგებათ და ახალი გავლენის სფეროც ხელს არ შეუშლით.

თუკი ასეთი გარბენების დროს აქა თუ იქ სხვა ძაღლებიც შემოეყარნენ, გუნდი ჩხუბს ერიდება, ათვალიერებს, უკვირდება, სწავლობს შემხვედრთა ხასიათს, ბრძოლისუნარიანობას, რაოდენობას და ა.შ.

ჩხუბის მოსწრება ყოველთვის შეიძლება. ამ შემთხვევაში ისინი თითქოს არკვევენ, შემთხვევითია თუ არა შეხვედრა”არავის მიწაზე”.

ნაგავსაყრელის გუნდს ჰყავს მეთაური, რომელიც ასეთ ამბავში წინ უძღვის თავისიანებს და საერთოდ, ნებისმიერი გადაადგილების დროს მეთაური წინ მიდის. თუ რომელიმე ძაღლმა გადაუსწრო, ეს უკანასკნელი აუცილებლად შეანელებს ნაბიჯს. თუმცა, შეტაკების დროს მეთაური დიდად არ იქაჩება, შეიძლება სხვამაც გადაუსწროს. მის მეთაურობას უფრო წინამავლის მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ბელადისა.

შემდეგ ძაღლები ისევ ნაგავსაყრელზე ბრუნდებიან და იქ ატარებენ დროს. შეიძლება წაუძინონ კიდეც, ან გაერთონ ერთმანეთთან ღლაბუცით.

აი, მოსაღამოვებულზე კი ახალი ცხოვრება იწყება. შეიძლება ითქვას, რომ ძაღლები ერთგვარი სამხრეთული დღის მიმდევრები არიან. მთელს შუადღეს მცონარობაში ატარებენ და დილით და საღამოს საქმიანობენ.

ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ძაღლები იქვე, ნაგავსაყრელის ახლოს იძინებენ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ისინი მოდიან ნაგავსაყრელზე. ისინი მოდიან თემებიდან. ძაღლთა თემები კი ჩვენ მიერ განხილულ ტერიტორიაზე სამია: ზოოპარკის ხევში, კუს ტბის ტყეში და ვაკე-საბურთალოს გზის ახლომდებარე ხევში.

ჩვენი ექვსეული ზოოპარკის ხევში მიდის ღამის გასათევად.გუნდი კვლავ დაცალკევებული მოძრაობს. მან უკვე იცის იმ დროის ამბები. ძაღლური ფოსტა საუცხოოდ მუშაობს. ყეფა ჩვენთვის არის ყეფა, თორემ ძაღლისთვის ინფორმაციაა. ვერაზე დაყეფილი ვაკეში წამოწოლილ ძაღლს ასჯერ უკეთ ესმის, ვიდრე ადამიანს. თანაც ძაღლს ყნოსვა აქვს განვითარებული, რასაც ჩვენ ვერ დავიკვეხნით. ყოველ გუნდს ღირსების საქმედ მიაჩნდა დიდ ყეფა-გნიასსა და ჩხუბში ჩაბმა. საკმარისია მოშორებით ყეფა ატყდეს, რომ გუნდიდან ერთი მაინც გაიქცევა ამბის შესატყობად. დანარჩენები კი შორიახლოს მიძუნძულებენ.

ზოოპარკის ხევის ამბავსაც მოვყვეთ.

ამგვარი თემი სხვა არაფერია გუნდისთვის, თუ არა ღამის გასათევი ადგილი. აქ არ არის როგორღაც ცენტრალიზებული ურთიერთობები. თემში ათი-თორმეტი გუნდი იყრის თავს. ესენი აქ უკვე გუნდს აღარ წარმოადგენენ და ყველა ძაღლი თავისთვისაა. თავისთვის ყოფნა შობს მაწანწალა ძაღლის სრულიად ახალ ტიპს, რომელსაც პირობითად შეიძლება”მარტოხელა გმირებიც” კი ვუწოდოთ. ამ კასტაში შეიძლება ჩაირიცხონ მარტოდ მოარული ძაღლებიც, რომლებიც ერთკაციან გუნდებს წარმოადგენენ და ზოოპარკის ხევში თავის (დილამდე დაშლილ) გუნდს დროებით ჩამოშორებული მოუსვენარი ძაღლებიც. აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობენ მშვიდობიანი და ავი ძაღლები. ამ უკანასკნელთ გარკვეული ბოღმა დაჰგროვებიათ ადამიანთა მიმართ და ისე ებრძვიან მათ, როგორც თავიანთი გამოცდილება ჰკარნახობთ. სწორედ ესენი არიან მარტოხელა მებრძოლები. თემში თითქოს ყველას უნდა ეძინოს, მაგრამ მარტოხელა მებრძოლები ვერ ისვენებენ. როდესაც მშვიდობიანები იძინებენ, მებრძოლები ვერ წყნარდებიან. სწორედ მათგან იქმნებოდა ძაღლთა ღამის ბრბოები. დღის გუნდებისგან განსხვავებით, ეს ერთი ღამის ნაკრებებია ყველაზე აგრესიული, ბრაზიანი და კაციჭამია. ეს იმის ბრალიცაა, რომ ბრბოში ინდივიდუალისტები იყრიან თავს და შინაგანად ყველა ბელადია. ერთმანეთის წამხედურობით ისინი”მაგარ ძაღლობას” თამაშობენ და ჩამორჩენის შიშით შიშის ზარს სცემენ ღამის ქალაქს. გამთენიისას ისინი ხევში ბრუნდებიან და თავთავიანთ გუნდებს უერთდებიან.

აი, მოკლედ ის, რისი გამოკვლევაც მოხერხდა ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების მაგალითზე.

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო ღრმად ჩავწდომოდით ძაღლურ ყოფას, მაგრამ ამისთვის მეტი დროა საჭირო და გაზაფხულზე კაცს ძაღლი აღარც გაახსენდება”.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button