უპირველესად, უნდა გავიაზროთ, რა არის ხელოვნება. ემსახურება თუ არა იგი ადამიანის სულიერ განვითარებას, თუ იგი ცდუნებაა, ის, რასაც რუსული სიტყვა «прелесть» გადმოსცემს. ამის გარკვევა რთულია. ტოლსტოის მიაჩნდა, ადამიანთა სამსახურისათვის, ზნემაღალ პიროვნებათა მიზნებისათვის – ხელოვნებას კი არ უნდა დავუთმოთ დრო, არამედ – საკუთარი თავის სრულყოფას.
ხელოვნების კონცეფციის ასაგებად ჯერ გაცილებით მეტად მნიშვნელოვან და ზოგად კითხვას უნდა ვუპასუხოთ: „რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას?“ ჩემი აზრით, ჩვენი არსებობის მიზანი აქ, დედამიწაზე, სულიერი ამაღლებაა. მაშასადამე, ხელოვნებაც ამას უნდა ემსახურებოდეს…
რამე სხვა პრინციპი რომ გამომეგონებინა, ხელოვნების კონცეფციაც სხვაგვარად უნდა განმეხილა. ვინაიდან ჩვენი არსებობის აზრს სწორედ ასე განვსაზღვრავ, მჯერა, ხელოვნება ადამინის სულიერ წინსვლას უნდა ეხმარებოდეს. ხელოვნება ადამიანის სულიერ ფერისცვალებას, ზრდას უნდა შეეწეოდეს.
არსებობდა ასეთი მოსაზრება: ხელოვნება ისევე შემეცნებითია, როგორც ნებისმიერი სხვა (ინტელექტუალური, სულიერი) ფორმა სიცოცხლისა ჩვენს პლანეტაზე. თუმცა მე საერთოდ არ მწამს შემეცნების დიდი შესაძლებლობა. ცოდნა სულ უფრო მეტად გვაშორებს მთავარ მიზანს, ძირითად აზრს. რაც მეტი ვიცით, მით ნაკლები ვიცით. მაგალითად, თუ რამეს ვუღრმავდებით, ეს ავიწროვებს ჩვენს თვალსაწიერს. ხელოვნება ადამიანს სჭირდება, რათა სულიერად აინთოს, თავისუფალი ნების გამოყენებით ამაღლდეს საკუთარ თავზე.
ხელოვანი ყოველთვის განიცდის წნეხს, რაღაც აშფოთებს. ვფიქრობ, იდეალურ პირობებში ხელოვანი უბრალოდ ვერ შეძლებს მუშაობას. მას ჰაერი, სივრცე არ ეყოფა. ხელოვანი რამე წნეხს უნდა განიცდიდეს. არ ვიცი, ზუსტად როგორი უნდა იყოს ეს წნეხი, მაგრამ ეს საჭიროა. თუ სამყაროში წესრიგია, ჰარმონიაა, მას ხელოვნება არ სჭირდება. შეიძლება ითქვას, ხელოვნება მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სამყარო ცუდადაა აწყობილი.
თარგმანი თამთა ფარულავასი