ზღაპარისაბავშვო

ნასია

იყო ერთი უღონო კაცი, სახელად ნასია. ისეთი გამხდარი იყო, რომ ქარის შემობერვაზე ერთ ვერსზე გადავარდებოდა.

ერთხელ ნასია ქარმა სკაში ჩააგდო, თამაშობდა თუტკრებში და იყო ასე. მოიმწყვდევდა ხელში ათას ფუტკარს და ხოცავდა.

ერთხელ ნასიამ ჩვეულებრივად მოიმწყვდია ხელში ათასი ფუტკარი და დახოცა. აიღო ქაღალდი და დაწერა:

მე ვარ ბიჭი ნასია,

ცალი ხელით მომიკლავს ათასი კაცია.

ქაღალდი მინდვრად დააგდო.

მეფის ვეზირებმა იპოვეს მინდვრად დაგდებული ქაღალდი და მიართვეს მეფეს.

მეფეს გაუკვირდა ასეთი ღონიერი კაცის არსებობა და ბრძანება გასცა – მომიძებნეთ ნასიაო.

წავიდნენ სხვადასხვა მხარეს ნასიას საძებრად. ნახეს – ერთ მინდორში კაცი გორაობს. ეს ნასია იყო, რომელიც ქარს სკიდან ამოეგდო და მიწაზე გორაობდა.

ვეზირებმა აჩვენეს დაწერილი ქაღალდი და ჰკითხეს, ასეთი კაცის შესახებ ხომ არა იცი რაო. – ეს მე ვარო, – მიუგო ნასიამ.

ნასია შემოსეს ძვირფასი ტანისამოსით და მეფეს მიჰგვარეს.

შეიტყო მეზობელმა ხელმწიფემ, ამ მეფეს ასეთი და ასეთი შესანიშნავი კაცი ჰყოლიაო, და შემოუთვალა: ეგ ვიღაცაა ჩემთან გამოგზავნე საჩხუბრადაო.

შეუკაზმეს ნასიას ცხენი და გაგზავნეს საომრად.

ნასიამ გაიხედა და დაინახა – ხელმწიფეს აუსხამს ურიცხვი იარაღი და მოდის მისკენ. შიშით კინაღამ გული გაუსკდა, თვალებზე ხელი მიიფარა და მტერს მიუახლოვდა.

ხელმწიფემ დაინახა – ნასია თვალებზე ხელაფარებული მიდის მისკენ, იფიქრა: ეს კაცი ან სასაცილოდ მიგდებს, ან ეს არის კარგი საომარი ხერხიო, მოდი, მეც დავხუჭავ თვალებს. მართლაც დახუჭა თვალები.

შიშისაგან აკანკალებულმა ნასიამ გამოიხედა და დაინახა, რომ მტერი თვალდახუჭულია. იძრო ხმალი, გაჰკრა ხელმწიფეს და თავი წააგდებინა.

დაბრუნდა ნასია გამარჯვებული. მეფემ თავისი ქალი მიათხოვა.

შეიტყო მეორე ხელმწიფემ ნასიას გმირობა და ახლა ამან გამოითხოვა საომრად.

ნასიამ სიმამრს მოსთხოვა:

– გამატანე ასი კაცი, თითოეულმა წამოიღოს თითო კეტი, თითო ქათამი და რაც მე გავაკეთო, იმათაც იგივე გაიმეორონო.

სიმამრმა თხოვნა შეასრულა.

გამოეთხოვა ნასია სიმამრს, ცოლს და წავიდა საომრად.

გზაში მდინარე შეხვდათ გასავლელი. ნასიამ გადვა თავისი კეტი მდინარეზე, ასმა კაცმაც ასევე ქნა და გავიდნენ ზედ, როგორც ხიდზე.

იარეს, იარეს და დაინახეს, რომ მოდის მტრის უთვალავი ჯარი.

ნასია თავისი მხლებლებით მინდორზე დაჯდა. ყველამ ქათმებს დაუწყო ჭამა. მოვარდა მტრის ძაღლი და ერთი ქათამი მოიტაცა. წამიავლო ნასიამ კეტს ხელი და გამოუდგა. მას სხვებმაც მიჰბაძეს და მისდიეს ძაღლს მტრის ბანაკამდის.

ხელმწიფემ იფიქრა: ესენი ამოგვჟლიტენ კეტებითო და თავისი ჯარით უკან გაიქცა.

გამარჯვებული ნასია მივიდა სიმამრთან. სიმამრმა თავისი ტახტი ნასიას მისცა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button