ზღაპარისაბავშვო

მზეთუნახავი ქალი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მზეთუნახავი ქალი, რომელიც მზეს ეუბნებოდა: შენ ჩადი, მე ამოვალო. ამ ქალის ვინაობა დედამიწის ზურგზე არავინ იცოდა, გარდა ერთი ცხრათავიანი ბაყბაყ დევისა. ერთხელ სამი ძმა წამოვიდა სანადიროდ, ინადირეს და შემოაღამდათ. ერთ საყდარს შეაფარეს თავი. საუბედუროდ, ამ საყდარში ცხრათავიანი დევი ყოფილიყო. ეს ძმები შეებნენ დევს. ამ დევმა იმსხვერპლა ორი ძმა. პატარა ძმამ რვა თავი მოაგდებინა, მეცხრე თავმა უთხრა: ოღონდ ნუ მომკლავ და ერთ რამეს გასწავლიო. დაეთანხმა ეს ბიჭი და არ მოჰკვეთა თავი. დევმა უთხრა: – ამ სოფლის ბოლოს რომ გახვიდე, ქალია. იმ ქალს ნაწნავები გარეთა აქვს გადმოყრილი. როდესაც მიხვიდე, ნაწნავებში მოავლე ხელი და უთხარი: შენ ცოლი და მე ქმარი-თქო. თუ გითხრა, შენ ძმა და მე დაო, უარი უთხარი.

ამ ბიჭს მოეწონა ნათქვამი და გაუშვა დევი.

ბიჭმა ბავრი იარა, თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ პატარა სახლს. მართლაც, დევის დარიგებით, მზეთუნახავ ქალს ნაწნავებში წაავლო ხელი. ქალს გამოეღვიძა, აიწია ზეზე, მაგრამ ვეღარ ადგა. რა ნახა ქალმა, რომ ბიჭს მაგრად ეჭირა, უთხრა: შენ ძმა და მე დაო. ბიჭმა უთხრა: შენ ცოლი და მე ქმარიო. როგორც იყო, ქალი დაიყაბულა. გავიდა რამდენიმე ხანი, ტკბილად და მშვიდად ცხოვრობდა ცოლ-ქმარი. ერთ მშვენიერ დღეს ბიჭმა უთხრა თავის მეუღლეს: უნდა სანადიროდ წავიდეო. ქალმა უთხრა: რაღა მთაში იხეტიალო, ჩვენს ეზოში ყველაფერს გავაჩენო. რომელიც გინდა, იმ ცხოველს მოვიყვანო. ქმარმა უთხრა: მე ის მიხარია, რომ მთის ადგილებში თავისუფლად გამოვეკიდო ირემსაო! მართლაც, გადაიკიდა თოფ-იარაღი და გაუდგა გზას. მეუღლემ ამოიგლიჯა თმის ერთი ბეწვი, მისცა ქმარს და უთხრა: არ დაკარგო, ცუდი საქმე მოგელისო. ამ ბიჭმა ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ პატარა მდინარეს და გადახტომა მოინდომა. როდესაც გადახტა, თავისი ცოლის ბეწვი წყალში საუვარდა. დაღონდა ბიჭი, მაგრამ რას იზამდა. დაბრუნდა ისევ ხელსარიელი თავის მეუღლესთან. ცოლმა რომ გაიგო, ოქროს ბეწვი დაუკარგავსო, ძალიან გაუწურა და უთხრა: – თუ რამე დაგემართოს, ჩემი ბრალი აღარ იქნებაო.

იმ სახელმწიფოში იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა ერთი კოხტა ვაჟი. ერთ დღეს ვეზირები წავიდნენ სათევზაოდ. როცა კარგად ითევზავეს, ერთმა ვეზირმა შეამჩნია ერთი ბრჭყვიალა რაღაც. მიცურდა მასთან და ნახა, რომ ოქროს ბეწვი იყო. წამოიღო ხელმწიფესთან საჩვენებლად. ხელმწიფის ბიჭმა ნახა თუ არა ოქროს ბეწვი, მოინდომა ამ თმის პატრონი თავის ცოლად მოეყვანა, მაგრამ ქალის მნახველი არავინ იყო. ხელმწიფემ ბრძანება გასცა: ვინც იმ ქალს მომიყვანს დიდად დავასაჩუქრებო.

ერთ დღეს ერთი ბებერი ეახლა ამ ხელმწითეს და უთხრა: მე მოგიყვანო. ხელმწიფეს ძალიან გაუხარდა და პირობა მისცა: დიდ საჩუქარს მოგცემთო. ერთ საღამოს ამ ბებერმა ითხოვა ერთი ჯაგლაგი ცხენი და ურემი და გაუდგა გზას. მიადგა თუ არა იმ სახლს, შემოაღამდა და სთხოვა სახლის პატრონს: ეს ღამე შეეფარებინათ. მიიღეს ეს ბებერი და იმ ღამეს კარგად მოასვენეს.

გათენდა. ეს ბებერი წამოდგა. იმ სახლის წინ ერთი დიდი ორმო იყო ამოთხრილი. ამ ორმოს ზევიდან ფარდაგი გადააფარა და შევიდა ისევ სახლში. ცოლ-ქმარმა გაშალა სუფრა ამ ფარდაგზე და შეუდგნენ საუზმის ჭამას. წინაპირველად ქმარი მივიდა იმ ფარდაგთან და ზედ დადგა და თავისი ჭურჭლით შიგ ორმოში ჩავარდა. ბევრი ივიშვიშეს დედაბერმა და ქალმა, მაგრამ რას უზამდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ბებერმა ამოიღო ბანგი და იმ ქალს დაალევინა. მზეთუნახავ ქალს ძილი მოერია და მიწვა თავის ლოგინში. ბებერმა მოიტანა დანგრეული ურემი და ზედ დააწვინა ეს ქალი. წამოსვლისას ამ ბიჭს ერთი თორნის ნაცხობი ჩაუყარა და გაუდგა გზას. მეორე დღეს ქალმა გაახილა თვალები, დაინახა, რომ თავის სახლში აღარ იყო. ტირილი დაიწყო.

რამდენიმე ხანი გავიდა და ეს მზეთუნახავი ქალი მიეჩვია ხელმწიფის ვაჟს. რომ ნახა, თავისი პირველი ქმარი აღარ იქნებოდა ცოცხალი, დაიწყო ამასთან ცხოვრება. ერთ დღეს მწყემსებმა გამოიარეს იმ გზაზე, სადაც ის კაცი იყო ჩავარდნილი ორმოში. მოვიდნენ ამ ეზოს წინ, გამოუშვეს საქონელი და მიეცნენ მოსვენებას. ერთ მწყემსს ზმუილი მოესმა. უთხრა თავის ამხანაგებს და მიიარ-მოიარეს ეს ეზო, მაგრამ ვერაფერი შენიშნეს. ბოლოს როგორც იყო მიაგნეს ორმოს, მაგრამ შიგ ჩასვლა ვერავინ გაბედა. ყველას ეშინოდა, შიგ ცხოველი რამე არ ყოფილიყო. ერთმა მწყემსმა იკისრა ჩასვლა. მოაბეს მხრებზე თოკი და ჩაუშვეს. მწყემსმა უთხრა: თუ თოკი შევანძრიო, მაშინ ამწიეთ, თუ არადა მოუშვით თოკიო. მართლაც, ჩაუშვეს თოკი ძირამდე. მოაბა მხრებზე თოკი და შეანძრია თოკი. მწყემსებმა ასწიეს თოკი და მაღლა აიყვანეს ეს დასნეულებული კაცი. მერე თავიანთი ამხანაგიც ამოიყვანეს. პური აჭამეს, და როგორც იყო მოასულიერეს. კაცი მოუყვა თავის თავგადასავალს, თუ როგორ ჩავარდა ორმოში. კიდევ ბევრი ილაპარაკეს. კაცმა დიდი მადლობა გადაუხადა მწყემსებს და გაუდგა გზას.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ ხელმწიფის სახლს. ამ კაცს საგზალი შემოკლებოდა და მათხოვრობისათვის მიეყო ხელი. ტანსაცმელი ისე შემოგლეჯოდა, ერთი ჯამი ფეტვი რომ შეგეყარათ, ერთიც არ ჩამოვარდებოდა. რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ცოტა ვილაპარაკოთ, ეს გლახა შეეხვეწა ხელმწიფის ვეზირებს: სამუშაო რაიმე მიბოძეთო.

ვეზირებმა უთხრეს ხელმწიფეს: გლახა არის მოსული და სამუშაოს გეხვეწებაო. ხელმწიფემ თანხმობა განაცხადა. მართლაც ამ გლახას ბატები ჩააბარეს. დილით წაიყვანდა საძოვარზე და საღამოთი მორეკავდა. გლახას იმ მხარეს უნდა გაევლო, სადაც თავისი პირველი ცოლი იყო დამწყვდეული. ერთ მშვენიერ დღეს ფანჯრიდან შეამჩნია გლახა და ფერფურმა გადაჰკრა. თან ეცნობა ეს კაცი ვინ არის და თან ვერა. როგორც იყო, იცნო თავისი პირველი ქმარი და თრთოლვამ აიტანა. მოაგონდა პირველი სიყვარული, მოაგონდა მისი ორმოში ჩავარდნა. ერთ დღესაც გლახა მიერეკება ბატებს. ქალმა ფანჯრიდან დაიძახა თავისი ქმრის სახელი. ეს კაცი შეკრთა დაძახილზე და მაღლა აიხედა. დაინახა თუ არა ქალი მანაც იცნო. შიშმა აიტანა, მოაგონდა თავისი ცოლის სიტყვები, ამ ბეწვს ნუ დაჰკარგავო. ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც ამ კაცს გული წაუვიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე მოსულიერდა, წამოდგა და ბატები წაიყვანა მინდვრისაკენ.

გავიდა დღეები, წელიწადი და ერთ ღამეს გადაწყვიტეს გაპარვა. წავიდა კაცი ცხენების საშოვნელად. ვაი-ვაგლახით იშოვა ორი ცხენი, მოიყვანა და სახლთან დააბა. იმ ღამეს უნდა გადაწყვეტილიყო მათი გაქცევა. მზეთუნახავ ქალთან მარტო ერთი დედაბერი ადიოდა ხოლმე საჭმლის მისატანად. კაცი როგორც იყო, ამ დედაბერს ჩუმად შეუთანხმდა: მისი ტანისამოსი თვითონ ჩაიცვა. შეღამდა თუ არა, ეს კაცი ავიდა ქალთან. მცველებმა ვერაფერი შეუტყვეს. როდესაც ავიდა ქალი შორიდანვე გაექანა, გადაეხვია და მაგრად დაკოცნეს ერთმანეთი. გაიხარეს. ბევრი ილაპარაკეს როგორ მოქცეულიყვნენ. როგორც იყო მოახერხეს, ვითომ სასეირნოდ მიგყავს ქალბატონიო, ჩამოვიდნენ დაბლა, ცხენებს მოახტნენ და გაქუსლეს. სანამ ოთახიდან ჩამოვიდოდნენ, კარის მცველმა ყველაფერი იცოდა, რაშიც იყო საქმე. ამ არაბს დიდი ხანია, რაც თვალი ეჭირა მზეთუნახავ ქალზე. ეს არაბი დაედევნათ.

ბევრი ირბინა, თუ ცოტა ირბინა, როგორც იყო მიუახლოვდა ცოლ-ქმარს. არაბი სწვდა ამ კაცს, მაგრამ სანამ დაახრჩობდა, მზეთუნახავმა ქალმა ამოიღო დანა და შიგ კისერში გაურჭო. ამის შემდეგ ეს ცოლ-ქმარი გადარჩა საფრთხეს, გამოვიდნენ სხვა სახელმწიფოში და დაიწყეს ტკბილი ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა;

ქატო იქა, ფქვილი აქა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button