ზღაპარისაბავშვო

ნადირთა ძმობა

დათვი, მგელი და მელია შეხვდნენ და ერთმანეთს შესჩივლეს, რომ ხშირად დიდის ხნობით შიმშილით კუჭი გვიხმებაო, მოდი დავძმობილდეთ და ამიერიდან რაც მოვინადიროთ, ძმურად გავიყოთ ხოლმეო. დაძმობილდნენ და შეფიცეს ერთმანეთს არ ეღალატნათ.

წავიდნენ სამივენი სანადიროდ. იმათ იღბალზე დაჭრილი ირმის ნუკრი ნახეს, კისერი მოუგრიხეს, ჩეროში მწვანეზე დასხდნენ და გაყოფას შეუდგნენ. დათვმა უბრძანა მგელს, რომელსაც შიმშილით კბილები უკაწკაწებდა, – აბა, გაჰყავიო! მგელმა სთქვა: – თავი შენ, როგორც ჩვენს ბატონს და მეთაურს, შუა ტანი მე და ფეხები მელიას, რომელსაც ცუნცული უყვარსო. ეს უკანასკნელი სიტყვები ჯერ არც კი გაეთავებინა მგელს, რომ დათვმა ისე ღონივრად ჩაჰკრა თავში თათი, რომ მთებმა ბანი მისცეს. მგელი ღმუილით განზე დაჯდა.

დათვი მიუბრუნდა მელიას და უთხრა: – ჩემო მელიავ, შენ გაჰყავიო! ცბიერმა მელიამ მოწიწებით წარმოთქვა: – თავი შენ, ვითარცა ჩვენს მეფეს, შუა ტანი შენ, რადგან ჩვენზე მამობრივად ზრუნავ, და ფეხებიც შენ, ვინაიდან ჩვენდა საკეთილდღეოდ არიან წარმართულნი სვლანი შენნიო!

– ბარაქალა, ჩემო მელიავ, ვინ გასწავლა ეგეთი ჭკვიანური გაყოფაო, – ჰკითხა მას დათვმა.

– მელიამ მიუგო: – შენ რომ წეღან ისე ძალიან ჩაარტყი მგელს თავში, ჭკუას როგორ ვერ ვისწავლიდიო!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button