ზღაპარისაბავშვო

ნახევარქათმის ამბავი

ერთი ნახევარქათამი და ერთი მელია დაძმობბილდნენ. წავიდნენ გზასა. მელიამ გზაზე ნახევარქათამი გააჯავრა. ნახევარქათამმა უთხრა მელიას: – მელია, სუ, თორემ ჩაგყლაპავო.

მელიამ გაიცინა და უთხრა: – ჩამყლაპეო. გააღო პირი და გადაყლაპა მელია.

წამოვიდა. გზაზე ერთ მგელს შეხვდა და მასაც დაუძმობილდა. წავიდნენ ერთად, გზაზე მგელმა გააჯავრა ნახევარქათამი. ნახევარქათამმა უთხრა: – მგელო, ჩაგყლაპავ, თუ თავი არ დამანებეო. – ჩამყლაპეო, – უთხრა მგელმა. გააღო პირი ნახევარქათამმა და მგელიც მელიასთან ჩააბრძანა.

წამოვიდა ისევ ნახევარქათამი. გზაზე ერთ დათვს შემოხვდა: – დათვო, ჩაგყლაპავო, უთხრა ნახევარქათამმა. დათვმა რაღაც დაიბუტბუტა და ხმა არც კი გასცა. გააღო პირი ამ ნახევარქათამმა და გადაყლაპა დათვიც.

წავიდა ისევ ნახევარქათამი და მივიდა ერთ ზღვასთან. დაღონდა ნახევარქათამი: როგორ უნდა გადავიდეო. იფიქრა, იფიქრა, გააღო პირი და ჩაყლაპა ეს ზღვა და მშრალზე გავიდა ზღვის გაღმა. აქ ამოეფარა კამეჩის ნეხვს და დაიწყო ძახილი: – დიდებულო ხელმწითევ! გამოგზავნა ხელმწიფემ ნაზირ-ვეზირები – წადით, ვინ იძახისო.

წამოვიდნენ ეს ნაზირ-ვეზირები, ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ხელმწიფეს მოახსენეს: – ვეძებეთ, მაგრამ ჩვენ ვერვფერი ვიპოვეთო.

ნაზირ ვეზირები რომ გაშორდნენ, ნახევარქათამმა ისევ მორთო ყვირილი: – დიდებულო ხელმწიფევ, დიდებულო ხელმწიფევ!

წამოვიდა ახლა თვითონ ხელმწიფე. ეძება ეს მყვირალა და კამეჩის ნეხვის უკან იპოვა; წაიყვანა შინ, მისცა კარისკაცებს და უთხრა: – საქათმეში შეაგდეთო.

წაიყვანეს ნახევარქათამი და შეაგდეს საქათმეში. ნახევარქათამმა ამოუშვა მელია მუცლიდან. მელიამ დაჭამა ქათმები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ, ნახეს – ქათმები ერთიც აღარ არის. დაიჭირეს ნახევარქათამი და შეაგდეს საბატეში.

ამოუშვა ნახევარქათამმა მგელი. მგელმა დაჭამა ბატები და წავიდა თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ საბატეში, ნახეს, რომ ერთი ბატიც აღარ დარჩენილა; ნახევარქათამი კი ქანდარაზე ზის.

გამოიყვანეს და დაამწყვდიეს საცხვრეში – ეგებ ერკემალმა გაჭყლიტოსო. ამოუშვა ნახევარქათამმა დათვი ამ ცხვრებში. დათვმა დაჭამა ცხვრები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს ხელმწიფემ შეგზავნა კაცები: �ნახეთ იმ ეშმაკმა რა ჰქნაო?� შევიდნენ, ნახეს – ცხვარიც აღარ არის.

გაჯავრდა ხელმწიფე. მაშინ უბრძანა მისი დაკვლა: მოახრაკვინა და შეჭამა. მუცელში გაცოცხლდა ნახევარქათამი და დაიწყო ხტუნაობა და სიმღერა. ხელმწიფემ უბრძანა ნაზირ-ვეზირებს და მეომრებს: �აიღეთ ხმლები და როდესაც ამოფრინდება, მოკალითო�. ამოფრინდა ნახევარქათამი და გაიქცა ბაღში. გამოუდგნენ მოსაკლავად. ამოუშვა პირიდან ნახევარქათამმა ზღვა და ჩაახრჩო ხელმწიფე და მისი ნაზირ-ვეზირები.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button