მცდარი შეხედულებები ევოლუციის თეორიაზე
მსოფლიოში უამრავ ადამიანს ხშირად უყალიბდება არასწორი წარმოდგენა ევოლუციის თეორიაზე, რაც ზოგჯერ ინფორმაციის არასწორად აღქმის, ზოგჯერ კი მედიისა და სახელმძღვანელოების ბრალია. ბერკლის უნივერსიტეტმა შეადგინა სია ყველაზე გავრცელებული მცდარი მოსაზრებებისა ამ თეორიასთან დაკავშირებით.
● ევოლუცია ეხება სიცოცხლის წარმოშობას. ევოლუციის თეორია ნამდვილად მოიცავს იდეებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც ეხება სიცოცხლის შექმნას (მაგალითად, რომელი იყო პირველი ორგანული მოლეკულა), მაგრამ სიცოცხლის გაჩენა არ წარმოადგენს ევოლუციის თეორიის შემადგენელ ნაწილს. ევოლუციური ბიოლოგია ეხება იმას, თუ როგორ იცვლებოდა სიცოცხლე წარმოშობის შემდეგ, საიდან გაჩნდა უამრავი სახეობა, რატომაა ცოცხალი ორგანიზმები ასეთი მრავალფეროვანი და ა.შ.
● ევოლუციის თეორია გვეუბნება, რომ სიცოცხლე ალალბედზე განვითარდა. შემთხვევითობას ნამდვილად დიდი ადგილი უკავია ევოლუციასა და სიცოცხლის ისტორიაში, მაგრამ არის ბევრი მექანიზმიც, რომლებიც არ მოქმედებენ ამ პრინციპზე. მაგალითად, მნიშვნელოვანი პროცესია ბუნებრივი გადარჩევა, რომელიც იყენებს ადაპტაციას – ორგანიზმის უნარს, მოერგოს გარემო პირობებს და ამგვარად გადარჩეს. ეს კი ნამდვილად არ ხდება ალალბედზე. სამაგიეროდ მუტაცია, რომელიც გენეტიკურ ცვლილებას განაპირობებს, შემთხვევითობის პრინციპით მოქმედებს. საბოლოო ჯამში, სიცოცხლის განვითარება შემთხვევითი და კანონზომიერი პროცესების ერთობლიობის შედეგია – ბუნებრივი გადარჩევით ის ორგანიზმები იმარჯვებდნენ, რომელთა მუტაცია უკეთ ერგებოდა გარემოს. ასე რომ იმის თქმა, თითქოს ევოლუციის თეორიის მიხედვით, სიცოცხლე ალალბედზე განვითარდა, რეალური სურათის ნახევარს მალავს.
● ევოლუციის შედეგი არის პროგრესი, ევოლუციის გზით ორგანიზმები ყოველთვის უმჯობესდებიან. ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი – ბუნებრივი გადარჩევა – არ მოქმედებს ამ გზით. ბუნებრივი გადარჩევა უპირატესობას ნამდვილად ანიჭებს ორგანიზმის უკეთეს და გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევოლუციის შედეგი პროგრესია. პირველ რიგში, ბუნებრივი გადარჩევა ორგანიზმს არ აქცევს გარემოსთან სრულყოფილად მორგებულად. ბევრი ტაქსონი, მაგალითად ხავსი, სოკო, ზვიგენი, ოპოსუმი, მდინარის კიბო, დროის საკმაოდ დიდ პერიოდში მცირეოდენად თუ შეცვალა ევოლუციამ. მეორე მხრივ, არის მექანიზმები, რომლებსაც ზოგჯერ ცუდი შედეგი გამოაქვთ – მუტაცია, მიგრაცია, გენეტიკური დინება. მაგალითად სამხრეთ აფრიკის მოსახლეობაში, აფრიკანერების ეთნიკურ ჯგუფში, გავრცელებულია გენი, რომელიც პასუხისმგებელია ჰანტინგტონის დაავადებაზე. ეს იმის გამოა, რომ დასაწყისში აფრიკანერები ცოტანი იყვნენ და დაბადებისას გენის მიღების ალბათობაც ყოველთვის მაღალი იყო.
● ინდივიდუალური ორგანიზმები შეიძლება განვითარდნენ ერთ თაობაში. ევოლუციური ცვლილება გამოიხატება პოპულაციაში დროთა განმავლობაში განხორციელებულ გენეტიკურ ცვლილებებში. ვითარდება პოპულაცია და არა ცალკეული ორგანიზმი. ცვლილება ინდივიდუალურ ორგანიზმში შეიძლება იყოს განვითარებადი (მაგალითად, მამრ ფრინველს ბუმბული უხდება ხასხასა, როცა აღწევს სიმწიფის პერიოდს) ან გამოწვეული იყოს გარემო პირობებით (მაგალითად, ფრინველს ცვივა ბუმბული პარაზიტების შეტევის გამო). ესენი კი არაა დამოკიდებული გენებზე. ცხადია, კარგი იქნებოდა, გარემოს ცვლილებები შესაბამის ცვლილებებს რომ ახდენდნენ გენებზე – მაგალითად მალარიისგან დამცავი გენის წარმოშობა მოზამბიკის მაცხოვრებლებში. მაგრამ ევოლუცია ასე არ მოქმედებს. ახალი გენები წარმოიშობა შემთხვევითი მუტაციების დროს და მრავალი თაობის განმავლობაში ბუნებრივმა გადარჩევამ შეიძლება უპირატესობა სწორედ ამ ახალ გენს მიანიჭოს, რის შემდეგაც ეს გენი მკვიდრდება პოპულაციაში.
● ევოლუცია მიმდინარეობს ძალიან ნელა და თანდათანობით. ძირითადად ეს ასეა, მაგრამ შეიძლება სწრაფი ევოლუციაც მოხდეს. უამრავი მაგალითი გვაქვს როგორც ნელი, ისე დაჩქარებული ევოლუციის – მაგალითად, ვეშაპების თანდათანობითი განვითარება მათი მიწისმთხრელი ძუძუმწოვარი წინაპრებიდან, რაც ნამარხების ანალიზით ხდება აშკარა. თუმცა ცნობილია საპირისპირო მოვლენებიც – მაგალითად, ნამარხების დეტალური ანალიზი აჩვენებს, როგორ განვითარდა ერთუჯრედიანი ფორამინიფერის ზოგიერთი სახეობა და შეიცვალა სხეულის ფორმა მიოცენის ეპოქაში. ასევე, ბოლო 50 წლის განმავლობაში ციყვები შეიცვალნენ ამინდის შეცვლის გამო. ჰუდსონის თევზები უფრო გამძლეები გახდნენ მდინარეში არსებული ტოქსინების მიმართ. მიკრობებზე აღარ მოქმედებს ძველი წამლები – მათ გამოიმუშავეს იმუნიტეტი. სწრაფი ევოლუცია ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს – პოპულაციის სიმცირემ, თაობების ცვლილების პერიოდის სიმცირემ და ა.შ.
● ევოლუცია ნელია, ამიტომ ადამიანები მასზე გავლენას ვერ მოახდენენ. როგორც ზემოთა პუნქტშია ნათქვამი, ევოლუცია ზოგჯერ შეიძლება სწრაფად განვითარდეს და გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ხშირად ვხდებით მთავარი მიზეზი გარემოს ცვლილებისა, პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ვახდენთ სხვა ორგანიზმების ევოლუციაზე. მაგალითად, ნათესების მტერ პარაზიტებსა და საწოლის ბაღლინჯოს პესტიციდებზე წინააღმდეგობის გაწევის უნარი განუვითარდათ. ბაქტერიებზე, კიბოზე, შიდსზე, მალარიაზე აღარ მოქმედებს ადრე შექმნილი წამლების უმეტესობა.
● ადამიანები აღარ ვითარდებიან. დღესდღეობით ტექნოლოგიის გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ გარემოს შეცვლა, განვითარდა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ის პირობები, რომელთან გამკლავებაც პირველყოფილ ადამიანებს უწევდათ. მაგალითად, დიაბეტი იკურნება ინსულინით, ამიტომ აღარ ხდება გადარჩევითი ზემოქმედება იმ გენებზე, რომლებიც ხელს უწყობენ დიაბეტის განვითარებას. ზოგიერთი ადამიანის აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის ორგანიზმმა შეწყვიტა ევოლუცია, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. დღესაც გვიწევს გადარჩენასა და გამრავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება, ოღონდ არა ისეთთან, როგორთანაც გვიწევდა 20 000 წლის წინ. ევოლუცია არ გამქრალა, უბრალოდ მიმართულება შეიცვალა. მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ეპიდემიური დაავადებების რისკი მაღალია, ამიტომ გადარჩევის პრინციპით უპირატესობა ენიჭებათ იმ გენებს, რომლებიც ამ დაავადებას უმკლავდებიან.
● გარემოს ყველაზე უკეთ ის ორგანიზმი ერგება, რომელიც არის ყველაზე ჯანმრთელი, ძლიერი, სწრაფი და დიდი. რეალურად, გარემოსთან მორგება სხვა რამეს ნიშნავს და გამოიხატება არა ჯანმრთელობაში, არამედ უნარში, გადასცეს თავისი გენები შთამომავლობას. რაც უფრო ნაყოფიერ შთამომავლობას ტოვებს სახეობა, მით უკეთ ერგება გარემოს. ეს კი არაა დამოკიდებული სისწრაფეზე, ძალასა და ზომაზე. მაგალითად, სუსტ მამრ ჩიტს, რომელსაც ხასხასა ბუმბული აქვს კუდზე, მეტი ბარტყის ყოლის შანსი აქვს, ვიდრე მის მეტოქეს, რომელიც დიდია, ძლიერი, მაგრამ ჩვეულებრივი გარეგნობა აქვს.
● ევოლუცია არაა მეცნიერული, რადგან ის არაა დაკვირვებადი და შემოწმებადი. ეს განცხადება ორ მცდარ მოსაზრებას შეიცავს: 1) თითქოს მთელი მეცნიერება მხოლოდ კონტროლირებად ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ემყარება და 2) თითქოს ევოლუციას ასეთი ექსპერიმენტებით ვერ შეისწავლი. ასტრონომები ვერ დაიჭერენ ხელში ვარსკვლავებს და ვერ მოახდენენ მათზე ზემოქმედებას, გეოლოგები ვერ გაფრინდებიან მილიონობით წლების უკან, მაგრამ ისინი მაინც იკვლევენ და ბევრ სასარგებლო ცნობას აღმოაჩენენ ხოლმე. იმავე მეთოდით, ევოლუციური ბიოლოგიის მეცნიერები ახდენენ დაკვირვებას გენებსა და ნამარხებზე. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, ვერ ჩავატარებთ იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ გადაშენდნენ დინოზავრები, მაგრამ ლაბორატორიულ პირობებში ბევრი ასპექტის კვლევა შეიძლება. ამისთვის ხელსაყრელია ისეთი ორგანიზმები, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან თაობებში, მაგალითად ბაქტერია ან ხილის ბუზი. ხშირად კი მეცნიერები ხდებიან მოწმენი ველურ ბუნებაში განხორციელებული ევოლუციური ცვლილებებისა.
● ევოლუცია უბრალოდ თეორიაა. ეს მცდარი აზრი სიტყვა “თეორიის” კაზუალური და სამეცნიერო მნიშვნელობების აღრევამ წარმოშვა. ყოველდღიურ საუბარში თეორიას უწოდებენ ისეთ რამეს, რასაც თავის სასარგებლოდ ცოტაოდენი არგუმენტები გააჩნია. ხოლო მეცნიერულ წრეებში სიტყვა თეორია წარმოადგენს რიგ მოვლენათა ახსნას. თეორია რომ მიღებულ იქნას მეცნიერთა მიერ, ამისთვის მას ბევრი აშკარა მტკიცებულება უნდა უჭერდეს მხარს. ევოლუციის თეორია სწორედ ასეთია – ფართოდ აღიარებული და არგუმენტებით გამყარებული.
● ნამარხებში არსებული ნაპრალები ევოლუციას უარყოფს. ნამარხებში ნამდვილად არის ნაპრალები სახეობებს შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევოლუცია არასწორია. ყველა გარდამავალი სახეობა დღემდე ვერ შემორჩებოდა. თუკი ევოლუციის თეორია მართებულია, მაშინ გამოდის, რომ არსებობს უამრავი გარდამავალი სახეობა, რომელიც აკავშირებდა მის წინაპრებს შთამომავლებთან. პალეონტოლოგებს კი მრავალი ასეთი სახეობა აქვთ გათხრებისას ნაპოვნი და ეს დასასრული არაა – მუდმივად ხდება აქამდე უცნობი ორგანიზმების ნამარხების აღმოჩენა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ იყვნენ ორგანიზმებიც, რომლებსაც უბრალოდ არ გააჩნდათ ისეთი სხეული, რომ მილიონობით და მილიარდობით წლების მანძილზე კარგად შემონახულიყვნენ. იშვიათია ისეთი გარემო პირობებიც, რომლებიც კარგად ინახავენ ნამარხებს. ასე რომ აქამდე ნამარხების მცირეოდენი წილია აღმოჩენილი და უამრავი კიდევ აღმოსაჩენია, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ნაპრალები მომავალშიც იქნება.
● ევოლუციის თეორიას ბზარი აქვს, მაგრამ მეცნიერები არ აღიარებენ. მეცნიერებმა ბევრჯერ შეისწავლეს ის “ბზარები”, რომლებიც ევოლუციის მოწინააღმდეგეთა აზრით, ამ თეორიას აქარწყლებს, მაგრამ ხელმოსაჭიდი არგუმენტები “ბზარების” სასარგებლოდ ვერ იპოვეს. მსგავსი რამეები უმეტესწილად ემყარება რაიმე ფაქტის არასწორ გაგებას ან თავად ევოლუციის თეორიის არასწორ ინტერპრეტაციას. ევოლუციის თეორიას არათუ ბზარი არ აქვს, არამედ სულ უფრო მეტად მყარდება მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებებით. ახალი აღმოჩენების საფუძველზე შეიძლება გარკვეული დეტალები შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ცვლის ევოლუციის ბირთვს და არ ამტკიცებს მის სიმცდარეს.
● ევოლუციის თეორია კრიზისშია და სულ უფრო მეტი მეცნიერი უარყოფს მას. ევოლუციის თეორია ნამდვილად არაა კრიზისში, არამედ დღესდღეობით მეცნიერულ წრეებში წარმოადგენს სიცოცხლის განვითარებისა და მისი მრავალფეროვნების ახსნის საუკეთესო მეთოდს. მეცნიერები იმაზე აღარ დავობენ, იყო თუ არა ევოლუცია, არამედ იკვლევენ, თუ როგორ მოხდა, ხდება და მოხდება ევოლუცია. ევოლუცია ჯანსაღი სამეცნიერო თეორიაა და მსოფლიო მასშტაბით მას აღიარებს უამრავი მეცნიერი, მკვლევარი და უბრალოდ განათლებული ადამიანი.
● ბევრი მეცნიერი არ ეთანხმება ჩარლზ დარვინისა და ალფრედ რასელ უოლესის აზრებს. დარვინის შემდეგ ევოლუციაზე ბევრი რამ გაირკვა. დღეს უკვე ცნობილია, როგორ გადადის შტრიხები მემკვიდრეობით, შესაძლებელია საკმაოდ ძველი ნამარხების ასაკის განსაზღვრა და იმის გარკვევა, როგორ მოქმედებს ევოლუცია მოლეკულურ დონეზე. ამ წინსვლებმა, რომლებზეც დარვინი ვერც კი იოცნებებდა, ხელი შეუწყო ევოლუციის თეორიის გამყარებასა და გაფართოებას, გახადა უფრო ძლიერი და არგუმენტირებული. რაღაც დეტალებში დარვინი შეცდა, თუმცა მისი ნაშრომების მთავარი ნაწილი მართებული იყო, რაც მოგვიანებით ბევრჯერ დამტკიცდა.
● ევოლუცია ადამიანს ამორალობისკენ უბიძგებს. ევოლუცია არ ეხება იმას, ეთიკის მიხედვით რა არის სწორი და რა არა. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ რადგანაც ადამიანს ევოლუციის თეორიის მიხედვით ცხოველთან რაღაც აქვს საერთო, ესეიგი ცხოველური ქცევები ბუნებრივია და მართებული. რეალურად ეს ასე არაა, მორალი იქმნება საზოგადოების შიგნით და ხალხის უმრავლესობა წყვეტს, რა არის “სწორი” და “არასწორი”. ზოგს ისიც ჰგონია მცდარად, რომ ევოლუცია და რელიგიური მორალი შეუთავსებელია, რადგან ფიქრობს, რომ ევოლუცია ამორალურ ქცევას უშვებს. ესეც ცხადია, არასწორია.
● ევოლუცია მხარს უჭერს იმ პოზიციას, რომ სუსტის დაჩაგვრა მისაღებია. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ფილოსოფიური მიმდინარეობა, სახელად სოციალური დარვინიზმი, რომელიც აღჭურვილი იყო მცდარი იდეებით. კონკრეტულად კი ქადაგებდა, რომ საზოგადოებამ არ უნდა მისცეს სუსტს გადარჩენის საშუალება, რომ ასეთი მოქმედება თითქოს მორალურად გამართლებულია. ამ ფილოსოფიას ამყარებდნენ იმ მაგალითებით, რომ განუვითარებელი მოსახლეობა უმეტესად სხვისი ბატონობის ქვეშ იყო, თითქოს ეს დაემსახურებინათ გადარჩევის პრინციპის გამო. ეს იყო შემთხვევა, როცა მეცნიერება არასწორად გამოიყენეს პოლიტიკური და სოციალური პროპაგანდისთვის. სოციალური დარვინიზმი ფართოდ გააკრიტიკეს და უარყვეს, ევოლუციის თეორია კი არ შერყეულა.
● თუკი მოსწავლეებს ასწავლიან, რომ ცხოველები არიან, ცხოველებივით მოიქცევიან. ევოლუციის თეორიის ნაწილი მოიცავს იმ აზრს, რომ დედამიწაზე ყველა ორგანიზმი ერთმანეთს ენათესავება. ადამიანი პატარა რტოა იმ ხეზე, რომელიც ცხოველების მრავალი სახეობისგან შედგება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგიურად ადამიანი ცხოველია. ჩვენ სხვა ცხოველებს ვგავართ ანატომიური, ბიოქიმიური და ქცევის შტრიხებით. მაგალითად, ადამიანები ზრუნავენ პატარებზე, აყალიბებენ ჯგუფებს, ურთიერთობენ ერთმანეთთან, რაც ხშირია სხვა ცხოველებშიც. ასევე ცხადია, თითოეულ ცხოველს აქვს მისთვის დამახასიათებელი უნიკალური შტრიხები. აქედან გამომდინარე, ადამიანი მოქმედებს ადამიანივით, ლოკოკინა – ლოკოკინასავით, ციყვი – ციყვივით. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ევოლუციის თეორიის გაცნობის შემთხვევაში ადამიანმა მედუზას ან ენოტს მიბაძოს.
● ევოლუცია და რელიგია ვერ ესადაგება ერთმანეთს. ზოგიერთ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ზოგჯერ უჩნდებათ შეგრძნება, რომ მეცნიერებასა და რელიგიას ომი აქვთ. აზრი, რომ ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს მეცნიერებასა და რელიგიას შორის, არასწორია. სხვადასხვა რწმენისა და სამეცნიერო გამოცდილების მქონე ადამიანები ვერ ხედავენ წინააღმდეგობას ამ ორ სფეროს შორის. ისინი უბრალოდ იაზრებენ, რომ მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა საკითხებს ეხებიან. მეცნიერების კვლევის საგანია ბუნებაში მომხდარი მოვლენების ანალიზი, რელიგიისა – იმქვეყნიურ საკითხებთან დაკავშირებული რწმენა. ცხადია, ზოგიერთი რელიგიური რწმენა ეწინააღმდეგება მეცნიერებას (მაგალითად, სამყაროს შექმნა 6 “დედამიწურ” დღეში), მაგრამ კონფლიქტები მაინც იშვიათია. უფრო მეტიც, მეცნიერულ წრეებში ათასობით მორწმუნე და რელიგიური პირია, რომლებიც ევოლუციას ეთანხმებიან.