ზღაპარისაბავშვო

ილანკუღა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ხელმწიფე, ჰყავდა ერთი ვაჟი, სახელად ილანკუღა, და იზრდებოდა ერთ კოშკში. ისე იზრდებოდა, რომ ქვეყნიერებისა არა იცოდა რა.

ერთ დღეს გაიხედა ფანჯრიდან და ნახა, მკვდარი მოაქვთ. ჰკითხა თავის გამზრდელს:

– ეს რა მოაქვთო? – და მან უამბო, კაცი როგორ კვდებოდა. ილანკუღამ თქვა: სიკვდილიც ყოფილა და მე რად მზრდიან ასე, რომ ქვეყნიერებისა არა ვიცი რაო! ჩამოვიდა მამასთან.

ცხრა მთას იქით ცხრა ძმა დევს, თითოს ცხრა-ცხრა თავი რომ ჰქონდა, ცხრაკლიტულში ერთი მზეთუნახავი და ჰყავთ. ღამე რომ გარეთ გამოიყვანდნენ, როგორც მთვარეს, აქ ისე დაინახავდნენ. რადგან ილანკუღა ძლიერ მძლავრი იზრდებოდა, მამა კოშკს არ აშორებდა: იმ ქალის ამბავი არავინ უთხრას, საძებრად არ წავიდეს და დევებმა არ მომიკლანო.

ხელმწიფემ მთელ თავის სახელმწიფოში გასცა ბრძანება: იმ ქალის ამბავი არავინ უთხრას ჩემ შვილსაო!

ერთ დღეს ილანკუღა ტოლებში გაერია და თამაშობა დაიწყო. ერთ თავის ტოლს ხელი მოავლო, გასწია და კინაღამ დალეწა. მერმე იმან უთხრა:

– ჩემი მორევა კი არაფერია, თუ ღონიერი ხარ, ცხრა ძმა დევს რომ ერთი და ჰყავთ, ის მოიტაცე და ცოლად შეირთეო!

გაიქცა ილანკუღა მამასთან და უთხრა:

– ერთი რაში მიბოძე, უნდა წავიდე და, ცხრა ძმას მზეთუნახავი ჰყავს, ის უნდა მოვიტაცო და ცოლად შევირთოო!

ხელმწიფემ ბევრი იტირა და ეხვეწა, ნუ წახვალო, მაგრამ ვაჟმა არ დაიშალა და წათიდა.

ბევრი იარა და დაუღამდა. ერთ ტრიალ მინდორზე ნახა, რომ სახლი დგას და ცეცხლის შუქი გამოდის. იფიქრა, ამაღამ აქ დავდგებიო. გადახტა რაშიდან, რაში ხეზე მიაბა და სახლში შევიდა. ძლიერ გაუკვირდა: მშვენიერი ცეცხლი ენთო, სამი შამფური მწვადი თავისით იწვოდა, თვით ტრიალებდა. ერთ კუთხეში ტახტი იდგა, კედელზე ერთი ხმალი, ერთი ქუდი და ხელსახოცი ეკიდა. ილაკუნღამ იფიქრა: უნდა გავიგო, ეს სახლი ვისიაო და ტახტქვეშ დაიმალა. დაუგდო ყური. თურმე ეს სახლი სამი ეშმაკისა იყო. სად იყო, სად არა, მოვიდნენ ეშმაკები. გაშალეს სუფრა, მოიტანეს მწვადები და შეუდგნენ ჭამას. დაიწყეს ლაპარაკი. ერთმა თქვა:

– აბა, თქვით, ვინ რა იცითო!

– ჩემ ხმალს, რომ ვუთხრა, ქარქაშიდან ამოვა და, რაც უნდა ბევრი ხალხი იყოს, ყველას თავებს დააყრევინებსო! – თქვა ერთმა.

– ჩემი ქუდი უჩინმაჩინის ქუდია, ვინც დაიხურავს, თვითონ ყველას დაინახავს, მას კი ვერავინ დაინახავსო! – თქვა მეორემ.

– ჩემი ხელსახოცი მკვდარს გააცოცხლებსო! – დაუმატა მესამემ.

მერმე თქვეს:

– ასე რომ ვლაპარაკობთ, ილანკუღა კი აქ არსად იყოსო!

გაათავეს ვახშამი ეშმაკებმა და წავიდნენ. გამოვიდა ილანკუღა, ჩამოიღო ქუდი, თავზე დაიხურა, ხმალი წელზე შემოიკრა, ხელსახოცი ჯიბეში წაიღო და წავიდა.�

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მივიდა ცხრათავიანი დევების სახლთან. ამ დევებს წესი აქვთ: ერთს ვახშმობისას და ერთს სადილობისას შევლენ თავიანთ დასთან და სადილ-ვახშამს შეუტანენ ხოლმე. ილანკუღამ უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა თავზე და დაუდარაჯდა. დევებმა როცა კარები გააღეს და ვახშამი შეიტანეს ქალთან, ილანკუღაც უჩინრად თან შეჰყვა. ძმებმა დას ვახშამი მიართვეს და გამოვიდნენ. ისევ ცხრა კარი დაკეტეს, მზეთუნახავმა ივახშმა: და დაწვა. ილანკუღა მივიდა და აკოცა. ქალმა ერთი ისეთი შეჰკივლა, რომ დევები შემოცვივდნენ და ჰკითხეს:

– რა მოხდა, რატომ იკივლეო?

– ვიღაცამ მაკოცაო! – უთხრა დამ.

ძმებმა ბევრი ათვალიერეს, მაგრამ ვერავინ ნახეს, უთხრეს:

– სიზმარი გინახავსო! და გავიდნენ. ისევ გაიკეტეს კარები.

კიდევ მივიდა ილანკუღა და აკოცა ქალს. ქალმა უთხრა:

– რას მაწვალებ, ვიღაცუა ხარ, თუ ილანკუღა ხარ, გამოჩნდიო!

– სწორედ ილანკუღა გახლავარო! – უთხრა ხელმწიფის შვილმა.

ქალმა გაშალა თითები და უთხრა:

– აბა, ამ თითებს თუ ერთმანეთთან მიმიტან, ილანკუღა იქნებიო!

მოჰკიდა ილანკუღამ ხელი და კინაღამ დაამტვრია.

– გამიშვიო! – უთხრა ქალმა

– აბა, ნახე, შენ თუ მიმიტან ერთმანეთთან თითებსო!

მოუჭირა ქალმა ხელი, მაგრამ თითები ვერ მიუტანა ერთმანეთთან.

მაშინ ერთმანეთს ცოლ-ქმრობის პირობა მისცეს. ილანკუღას მიჰშივდა და უთხრა:

– შენს ძმებს უთხარი, ღამით მომშივდება და მეტი საჭმელი მომიტანეთ-თქო!

შემოვიდნენ ძმები. დამ უთხრა:

– მეტი სადილ-ვახშამი მომიტანეთო!

შემოუტანეს, ჭამეს.

– ახლა წავიდეთო! – უთხრა ილანკუღამ ქალს, გაჭრა შუთზე უჩინმაჩინის ქუდი , ნახევარი თვითონ დაიხურა, ნახევარი თავის ცოლს დაახურა და, როცა ძმებმა ვახშამი შემოიტანეს და გავიდნენ, ისინიც უკან გაჰყვნენ. შესხდნენ რაშზე და წავიდნენ.

ბევრი იარეს და მერმე ილანკუღამ ცოლს უთხრა:

– მოიხედე უკან, ხომ არავინ მოგვდევსო!

– მოგვდევენ, ბუზის ტოლა ჩანანო! – უთხრა ცოლმა.

გაიარეს რამდენიმე გზა და კიდევ მიახედა. ცოლმა უთხრა:

– არიქა, დაგვეწივნენო!

ილანკუღამ ხმამაღლა უთხრა:

– აბა, ხმალო, ამოდი, ამ ცხრა ძმა დევს თავები დააყრევინეო!

ამოვარდა ხმალი და ყველას თავები მოსჭრა. მზეთუნახავი ძლიერ შეწუხდა. ქმარმა უთხრა:

– რას შეწუხდი, თუ გინდა შენს ძმებს ახლავე გავაცოცხლებო! და ჯერ ერთს მოუსვა ხელსახოცი, გააცოცხლა, ჩამოართვა პირობა, რომ თავის დაზე აღარაფერი ეთქვა, შემდეგ მეორეს, მესამეს… სუყველა თითო-თითოდ გააცოცხლა. ყველას პირობა ჩამოართვა და დიდი სიხარულით წავიდნენ.

მოვიდა ილანკუდა მამასთან, ცოლითა და ცოლის ძმებით, ხელმწიფემ დიდი ქორწილი გადაიხადა, დიდი სიხარული დადგა იმათ საბრძანებლოში.

ჭირი იქა, ლხინი აქა.

სამი ვაშლი, სამი ბროწეული,

ღმერთმა ნუ მოგაკლოთ

თქვენი ხელით მოწეული.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button