ზღაპარისაბავშვო

დედინაცვალი და გერი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქალი. მომაკვდავმა დედამ ერთი ფინია და ერთი ძროხა დაუტოვა, თან ანდერძად დაუბარა: ვინიცობაა შვილო მამაშენმა მეორე ცოლი შეირთოს და ძროხა დაკლას, შენ ამ ძროხის ხორცი არ ჭამო და ძვლებს კი თავი მოუყარე და ორმოში ჩაყარეო.

მამამისმა მართლა მეორე ცოლი შეირთო. დედინაცვალი გერს გადაეკიდა, სულ იმის ფიქრში იყო, რა ხერხი ეხმარა, რომ დაეჩაგრა. ადგა და ავადმყოფობა მოიგონა, ლავაშები დააცხობინა, ზედ ლოგინი გაშალა, და დაწვა. გადაბრუნდ-გადმობრუნდებოდა და ლავაშებს მტვრევა გაჰქონდა. ქმარმა რომ ნახა, ჰკითხა: ქალო, ავად რითი ხარო?

– გვერდები მტკივა და მემტვრევაო, – მიუგო ცოლმა.

– მერმე რა უნდა იწამლოო? – ჰკითხა ქმარმა.

– ასე მითხრეს, სანამ თქვენი ძროხის ნაღველს არ დალევ, არა გეშველება რაო, – უთხრა ცოლმა.

კაცმა იწყინა: დედამ ერთი ძროხა დაუტოვა თავის ქალს და როგორ დავუკლაო. რაკი აღარაფერი გაეწყობოდა, ძროხა დაკლეს. მაშინ ადგა გერი, ერთ დედაბერთან წავიდა და შესჩივლა: დედაჩემის დატოვებული ძროხა დამიკლესო.

– დედაშენმა რა გითხრაო? – ჰკითხა დედაბერმა.

ქალმა მიუგო: ასე მითხრა, ძროხის ხორცს ნუ ჭამ და ძვლებს კი თავი მოუყარეო. დედაბერმა დაარიგა: წადი, შვილო, ბაგის ქვეშ ორმო გათხარე და ის ძვლები შიგ ჩაყარეო.

გერრი დაბრუნდა; ბაგის ქვეშ ორმო გათხარა, ძროხის ძვლები, ტყავი და თავ-ფეხი შიგ ჩაყარა და ზედ ფიცრები დაახურა.

დედინაცვალმა ნაღველა დალია და მორჩა. ადგა და გერი სამწყემსურში გაგზავნა. ერთი პური გაატანა და უთხრა:

– ეს პური გამვლელსაც აჭამე, გამომვლელსაც, შენცა ჭამე და შინაც ბევრი მოიტანეო!

გერი წავიდა. ტყეში რომ შევიდა, მაღლობზე შედგა, ტირილი დაიწყო და აბრეშუმის რთვას მოჰყვა. მაღლობიდან გადმოიხედა და ერთი სახლ-კარი დაინახა, შიგ დედაბერი იყო. მივიდა სახლის ბანზე, ჩამოჯდა და აბრეშუმის რთვა დაიწყო. გერს კვირისტავი ჩაუვარდა და ჩასძახა: დედაშვილობას, ეგ კვირისტავი მომაწოდეო.

– დედაბერმა ასძახა: – აჰა, შვილო, კვირისტავიო; – მერმე უთხრა: ჩამოდი ძირს, ერთი სახლი დამიგავეო!

გერი ჩავიდა, სახლი დაუგავა, დაუწმინდა.

– ერთი ჭურჭელი დამირეცხეო! – უთხრა დედაბერმა.

დაურეცხა, დაუსუფთავა და დაულაგა.

– ერთი ქვევრებსაც დამიხედეო!

წავიდა, დახედა და მოახსენა: უჰ, რა კარგი და სუფთა ქვევრები გქონიაო.

ბოლოს უთხრა: შვილო რადა ტიროდიო?

– დედინაცვალმა ეს აბრეშუმი და ეს პური გამომატანა. პური გამვლელსაც აჭამე, გამომვლელსაც, შენცა ჭამე და შინაც ბევრი მოიტანეო; აბრეშუმიც დამირთეო!

დედაბერმა თავისი პური აჭამა, მისი კი უკანვე მისცა, აბრეშუმის დართვაშიც მოეხმარა. დაღამებისას კი შინ დაბრუნდა. გერი დედაბერს მიეჩვია და ყოველთვის, როცა სამწყემსურში წავიდოდა, იმას ესტუმრებოდა.

ერთხელ, გერი რომ მორჩა სახლ-კარის დაგვა-დალაგებას, დედაბერმა, თითქო მადლის გადასახდელადაო, უთხრა:

– წადი, შვილო, აგერ მდინარე წყალი მოდის, ნაპირას დაჯექ, თეთრმა წყალმა რომ ჩამოიაროს არ იბანაო, არც შავში, არც ვირის ფერში; ოქროსფერმა რომ ჩამოიაროს იმაში კი თავი დაისველე და ჩემთან მოდიო!

გერმა ოქროსფერ მდინარეში თავი დაისველა და დედაბერთან მოვიდა. ოქროს თმა ამოსვლოდა. თავი მაგრად შეუხვია და საღამოს შინ გაისტუმრა. გერი დედინაცვალს ემალებოდა, ვაითუ თმა დამინახოს და მომკლასო.

მაგრამ მისი თმის ბრწყინვას დედინაცვალმა თვალი მოჰკრა, მივარდა; თავს გადახადა, დახედა, გაოცდა და შურით გლეჯა დაუწყო.

მერმე დაწვრილებით გამოჰკითხა და როცა გერის თავგადასავალი შეიტყო, იმის მაგივრად ახლა თავისი საკუთარი შვილი გაგზავნა სამწყემსურში, თანაც დაარიგა, როგორც უნდა მოქცეულიყო. პური და აბრეშუმ-თითისტარი გაატანა და რაც თავის გერს, იმასაც ისე დააბარა.

წავიდა ქალი, ტყეში შევიდა, შედგა დედაბრის სახლის ბანზე და ხელი მიჰყო აბრეშუმის რთვას, კვირისტავი ჩაუვარდა და გადასძახა:

– შე ქოფაკო დედაბერო, ეგ კვირისტავი მომაწოდეო!

– ჩამოდი და აიღეო! – უთხრა დედაბერმა.

ქალი ჩავიდა.

– აბა, ერთი სახლი დამიგავეო, – უთხრა დედაბერმა.

შევიდა სახლში და ყველაფერი მიუმტვრ-მოუმტვრია.

– ერთი ჭურჭელიც დამირეცხეო!

ჭურჭელი სულ დაუმტვრია.

– ერთი ქვევრებს დამიხედეო!

– ფუჰ, ფუჰ, რა მყრალი ქვევრები გქონია, უწმინდურობით არის სავსეო.

– აბა, შვილო, წადი, – უთხრა დედაბერმა, ამა და ამ ადგილას დაჯექი; რამდენიმე წყალი ჩამოივლის, მაგრამ თავი არ დაისველო, სანამ ვირისფერმა წყალმა არ ჩამოიაროსო.

ქალი წავიდა, ვირისფერ წყალში დაისველა თავი და ვირის ყურები გამოება. ადგა და დედასთან გაეშურა ტირილით და თავისი ამბავი შესჩივლა.

დედამ რომ ნახა, თავში ხელი იცა, ბევრი იდარდა, მაგრამ რაღას გააწყობდა.

ხანი გავიდა. დღესასწაულმა მოატანა. დედინაცვალდი თავისი ქალით თემობაზე წავიდა, გერი კი შინ დატოვა. ერთი კოდი ფეტვი დაუყარა და საცეხველი დაუდგა: ეს ფეტვი ცრემლით ისე აკრიფე, ერთი მარცვალიც არ დარჩესო.

გერმა ტირილი მორთო, წავიდა და დედაბერს შესჩივლა: ასეა ჩემი საქმე და რა ვქნაო?

– ნუ გეშინია, შვილო, წამოვალ და მაგ საქმისა მე ვიციო.

წამოჰყვა, დაუძახა რაც ქვეყანაზე ფრინველი იყო და უთხრა: ეს მარცვლები აკრიფეთო!

ფრინველებმა აკრიფეს და საბათმანოში ჩაყარეს; მერმე დედაბერმა საცეხველში წყალი ჩაასხა. მარილი ჩაყარა და უთხრა გერს:

– ადი, შვილო, ხელ-პირი დაიბანე, წადი და საცა ძროხის ძვლები ჩაყარე, იმ ორმოს ახადე და ასე თქვი: რაშო, ყველაფრით გაწყობილო, ამოდი და ჩემი ტანისამოსიც ამომიტანე-თქო!

გერი წავიდა, ორმოს თავს დაადგა, ყველაფერი უთხრა, როგორც დედაბერმა დაარიგა. რაში შეკაზმული ამოვიდა და გერის ტანისამოსიც ამოიტანა. ჩაიცვა გერმა და რაშზე შეჯდა, დედაბერმა უთხრა: წადი ახლა დღეობაში, ცალ ხელში თვალ-მარგალიტი დაიჭირე, ცალ ხელში – ნაცარიო!

გერი წავიდა. რაშიანი ქალი რომ ნახეს, გაუკვირდათ. თვალ-მარგალიტი მამისკენ გადაყარა, ნაცარი – დედინაცვლისკენ და საჩქაროდ გამობრუნდა, რომ შინაურებისათვის შინ მიესწრო, მაგრამ მდინარე წყალში გავლის დროს ცალი ქოში ჩაუვარდა. შინ რომ მივიდა, ტანთ გაიხადა, ტანისამოსი შეახვია და რაშს დააკრა, ბაგაზე შეიყვანა და უთხრა: რაშო ჩაბრძანდი შენს ადგილასაო.

რაში ჩავიდა, გერმა ორმოს თავი დახურა, შემობრუნდა შინ, ძველებურადვე მობურდნული დაჯდა კერასთან და დაიწყო ტირილი.

დედინაცვალი რომ დაბრუნდა, გერს თავში ჩაჰკრა და უთხრა: შენმა სიცოცხლემ სწორედ შენა გგავდა დღეობაში რომ ქალი ვნახეო!

იმ მდინარე წყალზე, სადაც გერს ქოში ჩაუვარდა, ხელმწიფის მეჯინიბეებმა ცხენები ჩაიყვანეს წყლის დასალევინებლად. ცხენები დაფრთხნენ და წყალი აღარ დალიეს, რაკი შიგ ოქროს ქოში ბრწყინავდა.

ხელმწიფეს ამბავი მიუვიდა: მდინარეში რაღაცა გდია, ცხენები დაფრთხნენ და წყალი აღარ დალიესო.

ხელმწიფემ მაშინვე მცურავები გაგზავნა. მცურავებმა ქოში ამოიღეს და ხელმწიფეს მიართვეს.

ხელმწიფემ ქოში იასაულებს მისცა და უბრძანა: რკინის ქალამნები ჩაიცვით, რკინის ჯოხები დაიჭირეთ, წადით, ცისქვეშეთი დაიარეთ, სადაც ქალამანი გაგიცვდეთ და ჯოხი გაგიტყდეთ, იქ იქნება ამის ჩამცმელი ქალი და წამოიყვანეთო.

ქვეყანა მოვლეს, მივიდნენ იმ გლახისას, სადაც ის ქალი იყო. ჯოხიც იქ გატყდა და ქალამნებიც იქ გაცვდა.

– სახლში შეგვიშვით, უნდა შევამოწმოთო! – უთხრეს იასაულებმა.

დედინაცვალმა არ შეუშვა, ხელი ჰკრეს, შეცვივდნენ და ძებნა დაუწყეს. დედინაცვალმა გერი საჩქაროდ თონეში ჩააგდო, ჭილობი გადააფარა, ზედ სიმინდი დაყარა და კრუხ-წიწილს დაუძახა. მივარდა თავის ქალს, ქოშის ცმა დაუწყო, მაგრამ არ მოერგო. იასაულები გავიდნენ ეზოში, ნახეს ფინია თონეს გარშემო ურბენდა და იძახდა: თეთრი ქალია თონეში, თეთრი ქალია თონეშიო!

მივიდნენ, თონეს ახადეს და მშვენიერი ქალი კი ამოიყვანეს. ქოში რომ ნახა, თქვა, ჩემიაო, ჩაიცვა და მოერგო. წაყვანა დააპირეს, მაგრამ გერმა მოახსენა: აქ მომიცადეთ და აქ გეახლებითო.

წავიდა, ორმოს თავს დაადგა, ახადა და უთხრა: რაშო, ყველაფრით გაწყობილო, ამოდი და ჩემი ტანისამოსიც ამომიტანეო. რაში მაშინვე ამოვიდა, ქალმა ჩაიცვა, მზეს დაემსგავსა, შეჯდა რაშზე და იასაულებს წაჰყვა. დედინაცვალი მოახლედ წაიყვანეს და მასთან მისი ქალიც.

გზაში მდინარე წყალი დახვდათ გასავლელი. დედინაცვალს თურმე კალთაში კატა გაეხვია. წყალს რომ მიუახლოვდნენ კატა გაუშვა და დაიყვირა: არიქა, კურდღელი, კურდღელიო!

იასაულები გამოუდგნენ. დედინაცვალი მაშინვე გერს სწვდა, ტანსაცმელი გახადა, თავის ქალს ჩააცვა და რაშზე შესვა, გერს კი ხელი ჰკრა და წყალში ჩააგდო. გერი თევზმა ჩაყლაპა. დედინაცვლის ქალი ხელმწიფეს მიჰგვარეს. იქორწილა. ვირის ყურები რომ უნახა ქალს, არ იამა, მაგრამ რას იზამდა.

ერთი მებადური თურმე იმ მდინარეზე თევზაობდა; ბადე ისროლა, ნახა, რომ დიდი თევზი მოედო, გამოიტანა, თევზი გამოფატრა და ცოცხალი ქალი გამოიყვანა.

მებადური თვითონ უშვილო იყო და თქვა: ღმერთმა შვილი მომცაო. ქალმა უთხრა,: რადგან წყლიდან გამომიყვანე და ქვეყნიერება დამანახვე, წამიყვანე და ბედსა გწევო. მებადურმა ცოლს მიჰგვარა: შვილი მაინც არა გვყვავდა და ახლა ღმერთმა ეს ქალი მოგვცა შვილადო.

კარგად მოუარეს, ჩააცვეს და დაახურეს. გერი თუ უწინ კარგი იყო, ახლა ერთიორად უკეთესი გახდა. კარგა ხანმა გაიარა, მებადურს უთხრა:

– მამავ, ესა და ეს ხელმწიფე დამიპატიჟეო.

– შვილო, ჩვენ რა გვაქვს მისი საკადრისი, ან რა ღირსი ვართ, ხელმწიფე დავპატიჟოთო.

შვილობილმა დაამშვიდა: ნუ გენაღვლება, მხალს გავაკეთებ და იმაზე მოვიწვევო.

ხელმწიფე სანადიროდ დადიოდა. მებადური შემოეყარა და მოახსენა: ხელმწიფევ, გთხოვთ, ღარიბის ოჯახში მობრძანდეო.

ხელმწიფემ თქვა: რა საქმე უნდა ჰქონდეს ჩემთან, რომ მპატიჟებსო, და ეწვია. სახლში რომ შევიდა, სკამი მიართვეს. ხელმწიფე დაბრძანდა. ქალმა მხალი, პური და ღვინო მიართვა. ქალს პირბადე ჰქონდა ჩამოფარებული.

ჩემო ხელმწიფევ, მე ამის მეტი შეძლება არა მქონდა, რომ გაგმასპინძლებოდიო.

ხელმწიფეს გაუკვირდა: პირახვეული რად არისო?

– სიტყვა მაქვს მოსახსენებელი, იმიტომ გავბედე და გავკადნიერდი, შენ დაპატიჟებას მამაჩემი ვერ ბედავდა, მაგრამ ძალა დავატანეო.

– აბა, პირს აიხადე და მითხარი, რა გაქვს სათქმელიო.

ქალმა პირბადე აიხადა. ხელმწიფემ რომ შეხედა, მისი მშვენიერებით გაოცდა და ოქროს თმამ გააკვირვა.

ქალმა უამბო თავისი თავგადასავალი.

ხელმწიფემ მაშინვე გაგზავნა იასაულები; ორივე დედა-შვილი მოაყვანინა, ცხენის კუდზე გამოაბმევინა და ისე ათრევინა.

ქალი წაიყვანა, მეთევზე და მისი ცოლი თან გაიყოლა.

შინ რომ მივიდა, იქორწილა და იწყეს ბედნიერი ცხოვრება. მათი ნახვა მტერსაც კი უხაროდა.

ელასა, მელასა,

ძილი გაამოთ ყველასა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button