ბიოგრაფია

სოფიკო ჭიაურელი – ბიოგრაფიული ცნობები

1937 – 2008

მსახიობი, საქართველოს, სომხეთისა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

“…სოფიკო ცისარტყელასავით იყო – მრავალფეროვანი, არაორდინარული, სიხარულით სავსე. მასში თავმოყრილი იყო საუცხოო იუმორი, მეგობრობა, სიკეთე, ფანტასტიკური, განუმეორებელი ინდივიდუალიზმი… მის ირგვლივ მუდამ იგრძნობოდა სადღესასწაულო და შემოქმედებითი ატმოსფერო.”

    რეჟისორი ვსევოლოდ შილოვსკი

 სოფიკო ჭიაურელი  1937 წლის 21 მაისს დაიბადა თბილისში, ფიქრის გორაზე, საკუთარ სახლში, ლეგენდარული მსახიობის – ვერიკო ანჯაფარიძისა და ცნობილი რეჟისორის – მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. დედამისი, ტრაგიკული როლების უბადლო შემსრულებელი ვერიკო ანჯაფარიძე, ინგლისის ხელოვნების აკადემიამ  XX  საუკუნის ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელა. ხოლო მამა,  საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და სტალინის საყვარელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, მრავალი ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი იყო: მხატვარი, სკულპტორი, პოლიგლოტი, უკრავდა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ხელოვანი ადამიანები. სახლს ფიქრის გორაზე თავს აფარებდნენ დიდი სამამულო ომის დროს ემიგრირებული რუსი მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც გათენებამდე საუბრობდნენ ხელოვნებასა და კულტურაზე, კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ და, რაღა თქმა უნდა, ქეიფობდნენ. ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მისი ახლო მეგობარი ვერიკო ანჯაფარიძე ნატოს შვილებზე შეძლებისდაგვარად ზრუნავდა. ასე დაახლოვდნენ სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია, რომელიც მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის გაგრძელება სოფიკომაც ამავე ინსტიტუტში გადაწყვიტა. სამსახიობო ფაკულტეტი მან წარჩინებით დაამთავრა. სტანისლავსკის სკოლას იგი ბიბიკოვმა და პიჟოვამ აზიარეს. 1955 წელს სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია დაქორწინდნენ. 1958 წელს მათ შეეძინათ პირველი ვაჟი ნიკოლოზი, 1963 წელს კი, თბილისში დაბრუნების შემდეგ – ალექსანდრე.

 თავისი პირველი კინოროლი სოფიკო ჭიაურელმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1956 წელს ითამაშა რეზო ჩხეიძის ფილმში “ჩვენი ეზო”. ამ ფილმმა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. მას მოჰყვა ფილმები, რომლებმაც მსახიობს საყოველთაო აღიარება და საერთო სახალხო სიყვარული მოუპოვეს: მრეცხავი ვარდო გ. შენგელაიას ფილმიდან “ვერის უბნის მელოდიები” (1973), თამრო  – ლ. ღოღობერიძის “ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), ფუფალა  – თ. აბულაძის “ნატვრის ხე” (1976), ტასია –  მ. ჭიაურელის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1962), მზექალა –  შ. მანაგაძის “ხევსურული ბალადა” (1965), სოფიკო –  გ. დანელიას “არ იდარდო” (1969), ვარდო –  ს. ფარაჯანოვის “სურამის ციხე” (1986) და სხვ. მასთან მუშაობდნენ საუკეთესო, ნიჭიერი რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე, გია დანელია, ალა სურიკოვა, ვსევოლოდ შილოვსკი, სერგო ფარაჯანოვი და სხვები. ეს უკანასკნელი სოფოკოს თავის მუზად თვლიდა და ისეთ თილისმას უწოდებდა, რომელიც თვალისმომჭრელ,  ათასფერ სხივებს აფრქვევს. მართლაც, სოფიკოს მიერ შექმნილი ფაქიზი, კოლორიტული მხატვრული სახეები ზუსტად ესადაგებოდა ფარაჯანოვის თვითმყოფად შემოქმედებას. ფარაჯანოვი სოფიკოს გარეშე ფილმს არ იღებდა, სოფიკოც მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განწყობილი დიდი ხელოვანის მიმართ. სომხურ კინოხელოვნებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის ქართველ მსახიობს 1979 წელს სომხეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სოფიკოსათვის არ არსებობდა მცირე და დიდი როლები, იგი ერთნაირი ინტერესითა და მონდომებით თამაშობდა როგორც მთავარ, ისე ეპიზოდურ როლებს. ასევე ერთნაირი წარმატებითა და პროფესიონალიზმით ასახიერებდა ახალგაზრდა და მოხუც პერსონაჟებს. კინემატოგრაფში ნაყოფიერი მოღვაწეობის წყალობით სოფიკო ჭიაურელმა თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. მისი პროფესიული ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. მათ შორის ბევრია პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე იგი აღიარებული მსახიობი იყო – 1964 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებას ანიჭებენ, ხოლო შემდგომში, 1976 წელს – იგი უკვე საქართველოს სახალხო არტისტია. სოფიკო ჭიაურელის დიდ ტალანტს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მაშინდელ საბჭოთა კავშირში აფასებდნენ. იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდარულ მსახიობად, მთელი ეპოქის შემოქმედად. მის ნიჭსა და სიდიადეს აღიარებდნენ კოლეგები და რეჟისორები მთელ კინოსამყაროში და, განსაკუთრებით, რუსეთში, სადაც მან თავისი ახალგაზრდობის წლები გაატარა. კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოფიკოს მოსკოვში დარჩენას სთავაზობდნენ, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. საქართველო არ დაუტოვებია არც 90-იან წლებში, ქვეყნისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად მძიმე პერიოდში. იგი, უპირველესად, ქართველი მოქალაქე და მსახიობი იყო. სოფიკო ჭიაურელის სამსახიობო კარიერა, რა თქმა უნდა, მხოლოდ კინომოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა – 1964-68 წლებში იგი თბილისის შ. რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. წლების მანძილზე კი (1960-64, 1968) მარჯანიშვილის სახ. აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა, თეატრში, სადაც სცენაზე დიდი ვერიკო იდგა და სადაც სპექტაკლში “ურიელ აკოსტა” იპოვა თავისი მეორე, უკანასკნელი სიყვარული – ასევე ცნობილი მსახიობი და სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე. 43 წლის სოფიკოს იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და, პირველ ქმართან გაყრის შემდეგ, 1980 წელს ცოლად გაჰყვა. ამ სიყვარულზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ერთ-ერთ დაბადების დღეზე კოტემ სოფიკოს ცოცხალი დათვის ბელი აჩუქა… 90-აიან წლებში საკუთარ სახლში ფიქრის გორაზე მათ დააარსეს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი. ამ თეატრს სოფიკო მსხვილი პლანის თეატრსაც ეძახდა, ხოლო საკუთარ თავს – “გამქრალი ცივილიზაციის მსახიობს”. სოფიკო ჭიაურელს, რომელსაც, როგორც ხელოვანსა და შემოქმედს, არც სახალხო სიყვარული და არც პროფესიული ნამოღვაწარის დაფასება აკლდა (სახელმწიფო პრემია, 1980; ვერიკო ანჯაფარიძის სახ. პრემია, 1996; ღირსების ორდენი, 1997; შ. რუსთაველის სახ. პრემია, 1998; მარჯანიშვილის სახ. პრემია, 2000; ნ. ჩხეიძის სახ. პრემია, 2002; ვერა ხოლოდნაიას სახ. პრემია “ეკრანის დედოფალი”, 2003 და სხვ.), ცხოვრებაში უმთავრეს როლად ოჯახის დედობა მიაჩნდა. იგი მუდამ შრომასა და ფუსფუსში იყო და, როგორც თავად აღნიშნავდა, სულ დროის სწრაფ წარმავალობას განიცდიდა,  მეტის მოსწრება უნდოდა. მძიმედ იყო ავად, თუმცა, ბედს მაინც არ უჩიოდა. სიცოცხლის ბოლო თვეებში, როცა მარჯანიშვილის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გახსნეს, თვალცრემლიანმა  სოფიკომ ეს აღიარებაც ისეთივე თავმდაბლობით მიიღო, როგორი თავმდაბლობითაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოირჩეოდა – მან თქვა, რომ ეს ვარსკვლავი ვერიკოს ეკუთვნის…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button