გამორჩეული ადამიანებიესესაკითხავი

ლალი ეზუგბაია “ქართული ენა და ქართველები” (მოგონება კახა ბენდუქიძეზე)

2009 წლის სექტემბერში ჩემი მეგობრის ემზარ ჯგერენაიას რეკომენდაციით მოვხვდი თავისუფალ უნივერსიტეტში. ბევრი არაფერი ვიცოდი ამ უნივერსიტეტზე (სულ რაღაც 2 წელი იყო გასული გახსნიდან), მაგრამ უნივერსიტეტის დამფუძნებლის სახელი და გვარი უკვე მრავლისმეტყველი იყო. შემომთავაზეს საჩვენებელი ლექციის წარმოდგენა ქართული ენის წარმოშობის შესახებ. მახსოვს გიორგი მელაძემ (უნივერსიტეტის მაშინდელმა კანცლერმა და უნივერსიტეტის იდეის ერთ-ერთმა ხორცშემსხმელმა) მითხრა: ქალბატონო ლალი, ბატონ კახას აქვს საინტერესო იდეა ქართული ენის სწავლების შესახებ, ბოლომდე შეიძლება არ მესმოდეს, თუ რას ითხოვს, თუმცა ვეძებთ შესაბამის კანდიდატურას ამ საგნისთვის. ბატონი კახა და აკადემიური საბჭო მოგისმენთ.

მეც მოვამზადე ლექცია ქართველური ენების შესახებ და ასევე სილაბუსი, რომელიც ტრადიციული მეტყველების კულტურის სილაბუსისგან მცირეოდენი ნიუანსით განსხვავდებოდა. ასე აღმოვჩნდი კახა ბენდუქიძის პირისპირ უნივერსიტეტის აუდიტორიაში, სადაც თავი მოეყარათ პროფესორებსაც, რომელთაგან ენათმეცნიერი არავინ იყო, თუმცა ორ-სამი ჰუმანიტარული მიმართულების პროფესორი იყო.

ერთი საათის განმავლობაში ყურადღებით მისმენდა ბატონი კახა. დავასრულე სილაბუსის წარდგენა და საკმაოდ პირდაპირ მითხრა, რომ სილაბუსი არ მოეწონა. შემდეგ იყო შენიშვნების მთელი წყება ლინგვისტურ საკითხებზე საინტერესო მსჯელობით. ვუსმენდი ამ ადამიანს და თანდათან შიში მიპყრობდა, ენათმეცნიერული საკითხების არცოდნაში არ გამომიჭიროს-მეთქი _ გაოგნებული ვიყავი მისი ცოდნის მასშტაბურობითა და ანალიზის დიაპაზონით. მერე მკითხა, ნოსტრატულ თეორიაზე რას ფიქრობთო? დავფეთდი, რადგან სტუდენტობის შემდეგ ნოსტრატული თეორიით არც დავინტერესებულვარ და, ბუნებრივია, შესაბამის ახალ ლიტერატურას არ ვიცნობდი. თითქოს მიხვდა ჩემს გასაჭირსო, პასუხს არ დაელოდა და ახსენა ჩემთვის უცნობი ავტორი, რომელმაც თავისი წიგნი ნოსტრატული თეორიის შესახებ უსახსოვრა. წავიკითხეო, მაგრამ… მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები. ბოლოს მომმართა, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ ამ საგნის სწავლებისასო. სიმართლე გითხრათ, სხვა “განაჩენს” ველოდი და ვკითხე, შევძლებ-მეთქი. შეძლებ, შეძლებო,- ღიმილით მითხრა და მომავალი შეხვედრის თარიღზე შევთანხმდით.
ასე ამოტრიალდა მთელი ჩემი წარმოდგენები ბატონ კახა ბენდუქიძეზე და დავინახე არა ბიზნესმენ-ეკონომისტი, ან ოლიგარქი, ან თუნდაც “იუდა” _ მოგეხსენებათ მის გარშემო არსებული მითები! – არამედ უკიდეგანოდ განათლებული, მოაზროვნე და მრავალმხრივი ხედვის მქონე ადამიანი, რომლის “საქმეც იყო სიტყვიანი და სიტყვაც საქმიანი!” მთავარი გაოცება წინ მელოდა: მე ახალი სილაბუსი წარვუდგინე ბატონ კახას. თვალი გადაავლო, გადადო და მკითხა: იცით, რატომ გადავწყვიტე ქართული ენის განსხვავებული კურსის შეთავაზება სტუდენტებისთვის? საერთოდაც ამ უნივერსიტეტის გახსნა?

და მე მოვისმინე საოცრად გულწრფელი და სულსა და გონებაში გამოტარებული აზრები: “მე მეგონა, რომ ბუნებრივი და საფრთხის არშემცველი იყო, თუ ჩვენი ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას მიიღებდნენ საზღვარგარეთ, ამ საკითხზე მწვავედ მიკამათია ჩემს დასთან, თუმცა მე ცუდს ამ ტენდენციაში ვერაფერს ვხედავდი. ერთხელაც მთავრობის სხდომაზე, ჩემს გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ ახალგაზრდა მინისტრები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ. საუბარში უცებ აღმოვაჩინე, რომ მთელი რიგი ქართული სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდათ და მე მეკითხებოდნენ. მერე ყურადღება მივაქციე მათ ელექტრონულ წერილებს და თვალში მეცა ინგლისური და ქართული წინადადებების ერთმანეთში აღრევა (სხვათა შორის, იქვე გახსნა ასეთი ერთ-ერთი მიმოწერა და წამიკითხა) და ჩემი დაკვირვება რომ გავაგრძელე, მივხვდი, რომ უცხოეთში ნამყოფ ჩვენს განათლებულ ახალგაზრდობას ქართული ავიწყდებოდა. მივხვდი, რომ საკუთარი გამოცდილება ორენოვნობისა _ ქართულადაც და რუსულადაც თანაბრად შემიძლია ფიქრიც, წერაც და ლაპარაკიც_ სრულიად გამოუსადეგარი იყო თანამედროვე რეალობაში: ეტყობა, ჩემს ახალგაზრდობაში ან უკეთესად იცოდნენ თუ გვასწავლიდნენ ქართულს, ან დამოკიდებულება იყო განსხვავებული… აი, მაშინ დავინტერესდი საგანმანათლებლო სისტემით და გადავწყვიტე, შემექმნა თანამედროვე ტიპის უნივერსიტეტი, სადაც მშობლიურ ენაზე მიიღებენ უმაღლეს განათლებას ჩვენი ბავშვები, ხოლო თქვენმა საგანმა მათ უნდა შეაყვაროს ქართული ენა! ფაქტია, რომ სკოლამ ეს საგანი შეაძულა ბავშვებს, თანაც ჩვენმა ახალგაზრდებმა არ იციან, რითაა გამორჩეული ქართული ენა, როგორია მისი ისტორია, მისი შინაგანი ბუნება… ერთი სიტყვით, სტუდენტებს შევაყვაროთ ქართული ენა მის შესახებ მიღებული სათანადო ცოდნის საფუძველზე, ავუხსნათ, რატომ უნდა იცოდეს ქართველური ენების წარმოშობის საკითხი, ქართული ზმნის მრავალპირიანობის ფენომენი, ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები… გახსოვდეთ, ეს საგანი, როგორც ზოგადი განათლების მიმართულების სალექციო კურსი, უნდა მოისმინონ არა ფილოლოგებმა, არამედ საბუნებისმეტყველო და ეკონომიკური მიმართულების სტუდენტებმა”…

მერე იყო ინტენსიური მუშაობა სილაბუსის ყველა თემაზე, ლექციების პრეზენტაციების მომზადება და ბატონ კახასთან კონსულტაციები. ბუნებრივია, თავიდან იყო წინააღმდეგობები სტუდენტების მხრიდან (მაგალითად, ასეთი არგუმენტი: ბიზნესის სფეროში რაში მჭირდება ქართველური ენების თუ ქართული ზმნის თავისებურების ცოდნა და ა. შ.). თავად ბატონი კახა აქტიურად ჩაერთო ამ დისკუსიაში ელექტრონული მიმოწერის საშუალებით. მერე საგანს სახელი გადავარქვით და “ქართული ენა და ქართველები” ვუწოდეთ. ფაქტობრივად, ეს იყო ქართველთმცოდნეობა ქართული ენის საკითხების მეშვეობით.

ქართული ენის საკითხით სტუდენტთა დაინტერესების მიზნით ბატონ კახას გაუჩნდა სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიციების გამართვის იდეა ტაო-კლარჯეთში. ასე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას და 2010 წლიდან ყოველ წელს იმართება ექსპედიციები, ხოლო 2012, 2013 და 2014 წლის ექსპედიციებზე მოპოვებული ისტორიული და ენობრივი მასალის საფუძველზე მომზადდა და გამოიცა სტუდენტური კრებულები. 2013 წლიდან ამ ექსპედიციებში ჩაერთვნენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები. საკმაოდ რთული კონკურსის საფუძველზე შერჩეული სტუდენტები იყვნენ ფერეიდანშიც და ტაო-კლარჯეთში, თავად დაინახეს ქართული ენის მნიშვნელობა გურჯების ქართველობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამ ექსპედიციებით შთაგონებულმა თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა შექმნეს საქველმოქმედო ფონდი “გელინო”, რომელიც ტაო-კლარჯეთის შესახებ საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს, სტუდენტები აგრძელებენ მიმოწერას თავის თანატოლ გურჯებთან ირანსა და თურქეთში…

მე ვამაყობ, რომ თავისუფალ უნივერსიტეტს თავისი “ბრენდი” აქვს სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიციების სახით!
დიახ, ვამაყობ, რომ ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი! დიახ, ვამაყობ, რომ ვიცნობდი კახა ბენდუქიძეს და ვიყავით თანამოაზრეები ქართული ენის სწავლების საკითხში (და არა მხოლოდ)! და ის, რაც სიცოცხლეში ვერ მოვახერხე მისთვის მეთქვა, ახლა საქვეყნოდ მინდა ვუთხრა: დიდი მადლობა, ბატონო კახა, ნდობისთვის! დიდი მადლობა იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი! დიდი მადლობა, რომ შეგეძლოთ ადამიანების ცოდნისა და ღირსების მიხედვით დაფასება (მახსოვს თქვენი კატეგორიული პოზიცია: რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა მოვიზიდოთ რეგიონებიდან, ეს არაა თბილისელების ან ე. წ. ელიტის უნივერსიტეტი, არამედ სრულიად საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვისაა)!

დიდი მადლობა თქვენ მიერ მონიჭებული თავისუფლებისთვის!”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button