გურამ რჩეულიშვილი – შარაზე ღამით
ასფალტზე ესხმებოდა წვიმა. აქა-იქ გუბე იდგა: შიგ ჩავარდნილი წვეთები რგოლებად იშლებოდნენ. მერე გუბე ივსებოდა და წყალი გადმოდიოდა.
ბნელოდა.
ბნელოდა ყველგან.
მგზავრი მიდიოდა: ხანდახან წვეთის მაგიერ მისი ფეხი ხვდებოდა გუბეში. მაშინ წყალი ჭყაპუნით გადმოდიოდა და ჩაღრმავებული ცარიელი რჩებოდა.
ბნელოდა.
მერე სადღაც გვერდით სინათლე გამოჩნდა:
ბჟუტავდა.
მგზავრი ისევ მიდიოდა: “ნეტა ნავთი თუ იშოვა ქეთომ”, ფიქრობდა.
წინ ისევ ბნელოდა: სადღაც გვერდით სინათლე ბჟუტავდა;
წვიმა ხან ასხამდა, ხან წყდებოდა, ხან ნელა მოდიოდა.
შენიშვნები
ეს ნაწარმოები ნაწილობრივაა დათარიღებული: აღნიშნულია მხოლოდ თვე და დღე. დასათაურებულია სხვადასხვანაირად: შავი (1გვ.) – “მგზავრი შარაზე, ღამით,” თეთრი (1გვ.) – “შარაზე, ღამით”.
ავტოგრაფის ერთ-ერთ გვერდზე ხატია ცარიელი წრე, შიგ ჩახატული ოთხკუთხედების გარეშე (იხ. ამ ტომში სხვა მოთხრობათა შენიშვნები). დაწერილია თაბახის ფურცლის ორივე მხარეს. ორივე ავტოგრაფში ხშირადაა ნახმარი ფიგურული “ტ,” რამაც დათარიღებისათვის, გარდა ზოგადი კრიტერიუმისა, მომცა დამატებითი ინფორმაცია.
ქვეყნდება პირველად.