ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – შემოდგომა ბაბუა კოტესი

დღიური:
წ. 1956. 3 მაისი
პირველჯგუფელმა ლეილამ ტოლებში უფროსობა ჩაიგდო ხელში და დაჭერობანას სათამაშოდ გათვლა დაიწყო: “წითელი ვაშლი გაგორდა, შენ თუ მე, შენ და-ი-ჭი-რე”. რე-რე-რე, – დააყოლებდა ხოლმე კისკისით და გათვლილი გვერდზე დგებოდა. ბოლოს ყველაზე პატარა დარჩა. “იჭერ, იჭერ!” დაუძახეს აქეთ-იქიდან და ეზოში გაიშალნენ. დამჭერი სულ ხუთი წლისა იყო, სახელად პეტო, მაგრამ ყველაზე მარჯვე. ორი-სამი წლით უფროსებს სისწრაფით ვერაფერი დააკლო, სამაგიეროდ, მოტყუებით დაიჭირა შვიდი წლის ვატო. სირბილით დაიღალნენ. ახლა ლეილამ სილის ყუთისაკენ წაიყვანა ყველა. დაიწყო გვირაბების, ლიანდაგების, შარაგზების გამალებული მშენებლობა. გოგონამ პატარა პეტო ნიჩბისა და ვედროს მოსატანად გაგზავნა.
– ბაბუა, ბაბუ, ბაბუ! – გაბმული წვრილი ხმით ყვიროდა ბავშვი, სანამ მეხუთე სართულიდან მოხუცმა არ გადმოიხედა.
– ბაბუ, ჩემი ვედრო და ნიჩაბი ჩამოუშვი რა. – შეეხვეწა ქვევიდან.
ბაბუამ წვრილი კანაფი მოაბა ვედროს, შიგ ნიჩაბი ჩადო და ნელა დაუშვა. პეტომ უცებ მოხსნა ორივე სათამაშო, შემდეგ უკანმოუხედავად გავარდა ქვიშის ყუთისაკენ.
მოხუცმა ერთხანს უყურა პატარების გართობას, მერე ნელა დაიწყო თოკის ამოხვევა. დიდხანს ახვია გორგალი, ბოლოს კუთხეში მიაგდო და სკამზე მძიმედ დაეშვა.
– არ უნდა გამეყიდა ის სახლი. – ამოიოხრა და მაგიდის მეორე თავში უაზროდ მომზირალ მეუღლეს შეხედა, რომელიც, თავისი სამოცდათხუთმეტი წლის მიუხედავად, კოხტად მორთული იჯდა.
– ეჰ, – ოხვრით დაუდასტურა თეკლემ.
– შევცდი, გავს, შევცდი. – განაგრძო მოხუცმა.
– დავბერდით, მარტო ვეღარ შევძელით, და … – ბებია თეკლეს ძილი მოერია.
– ეჰ, კარგი ერთი, – ბაბუამ კოლოფიდან პაპიროსი ამოიღო, მოუკიდა, შემდეგ ღრმად შეისუნთქა ბოლი და გრძელ, სწორ ხაზად ამოუშვა ფილტვებიდან. გულზე დარდი შემოაწვა. ყოველთვის უყვარდა შემოდგომა, ბარაქიანი ქართული შემოდგომა. ახლა მის ბაღში მანდარინი მწიფდებოდა. უზომოდ მოუნდა შეყვითლებული ნაყოფისთვის ხელი მოეკიდა, ან ნიჩბით ხელში დაევლო ხის ძირებისათვის. აგონდებოდა: ბაღის ბოლოში, სახლის გაყიდვამდე სამი წლით ადრე ბერძნული ლეღვები ჩაყარა. ბოლო წელს ნაყოფიც კი გამოიღეს. გუშინდელივით ახსოვდა, რომ დილით კრეფდა ცვრიანებს და მძინარე მეუღლის საწოლთან აწყობდა. იმ დროისთვის მისი გაზრდილი, ობოლი თამარი ძროხას მოწველიდა, საუზმეს მოამზადებდა.
მეხუთე სართულზე ჩამოცხა.
– გუშინ ჩვენებური ჩამოსულა, – დაარღვია სიჩუმე თეკლემ.
– ვინ? ვალერიანი? – თვალები გაუბრწყინდა ბაბუას.
– ჰო, თურმე ჩვენი ლეღვები დამწიფებულან, თითო მუშტის ხელააო.
კოტემ მოწეული პაპიროსი ღრმა საფერფლეში ჩააგდო.
ამ დროს წინათ შხაპს იღებდა ხოლმე, ცივ შხაპს და არასოდეს გამხდარა ავად, შემდეგ საუზმობდნენ. პირველ საათზე სამსახური ეწყებოდა. ისევ ფიქრებში გაერთო: ახლა ოცნებაში ძველებურად, სიამოვნებით მოირთო, ხელში თავისი განუყრელი ჯოხი დაიჭირა, რომელსაც ეშხისთვის ატარებდა და ქუჩაში გავიდა. ყველასთვის ჰქონდა რამე დამზადებული. ჯერ მარტო გამარჯობა, ის მისალმება უღირდა ერთ რამედ. მის მოახლოებას პატარები ჯოხის ხმაზე სცნობდნენ. ბაბუა ზოგს ტკბილეულს აძლევდა, ზოგს ხილს, გაჭირვებულთ ფულსაც, თანაც ოჯახისთვის რაიმე რჩევას აბარებდა. დარბაისელთ და მანდილოსნებს ღიმილითა და მოკითხვით ეგებებოდა.
ახლაც ძლიერ მოუნდა ვინმესთვის ეთქვა გამარჯობა. კოტემ ხელი ჩაიქნია, მერე ისევ მოგონებებში წავიდა:
სამსახურიდან ნათესავებს შეუვლიდა, მოიკითხავდა, ან ბაზარში სახლისთვის რაიმეს იყიდდა. ახალგაზრდები სიამოვნებით ეხმარებოდნენ დატვირთული კალათის წამოღებაში. უკან გზაზე იწყებოდა მისი დარბაისლური “საღამო მშვიდობისა”. კოტეს გული სიამაყით აევსო. ყველა ცდილობდა, მისთვის დაესწრო მისალმება. კიდევ უფრო ძლიერ მოუნდა, ვინმესთვის ეთქვა, “საღამო მშვიდობისა”.
სიჩუმე ისევ ბებია თეკლემ დაარღვია:
– კოტე, ვალერიანმა თქვა, თქვენი ლეღვები მტრის თვალს არ დაენახვებაო.
– გაზრდილან, ხო? – მოხუცს თვალებზე ცრემლი მოადგა. ისე მიიღო, თითქოს ჯერ არ გაეგონა ეს ამბავი.
ბებია მთლიანად გამოფხიზლდა ბურანისგან:
– კოტე, ახლა ჩვენი მანდარინები ვითომ შეყვითლებული იქნებიან?
– რაღა დროის, შე ქალო, ოც დღეში მოსაკრეფი გახდება.
– რას მეუბნები, არ გახსოვს, ოცი დღე რას ეყოფა, ახლა ენკენისთვის თხუთმეტია, ჩვენ კი გიორგობის ნახევრამდე არა ვკრეფდით.
– შე ქალო, მე მასწავლი, – ტყუილა გაცხარდა ბაბუა და ძალიან მოუნდა თავისი თვალით დაენახა მანდარინები; უცებ მოაგონდა, რომ შესაძლოა, მისი ხეები მოუთოხნავ- მოურწყველები იყვნენ და დაღონდა.
– თეკლე, არ უნდა გამეყიდა ის სახლი. – ისევ დაიწყო მან.
– აბა, ნამეტანი გამოვიკეტეთ, – თქვა თეკლემ და ისევ მოეშვა. მისი ჩამქრალი თვალები ფანჯრებს უყურებდნენ.
წინათ საღამოხანს ბაბუა ისევ თავის მიწას უტრიალებდა, უვლიდა მცენარეებს, მერე ისევ ცივ შხაპს იღებდა. დაღამებისას დაფნების ქვეშ საუზმობდა მოხუცი ცოლ-ქმარი.
– ეჰ, არ უნდა გაგვეყიდა ის სახლი. – კიდევ ამოიოხრა კოტემ.
– აღარ შეგვეძლო და … – მოშვებულად თქვა ბებო თეკლემ და ჩათვლიმა.
ბაბუა კოტე წამოდგა, კუთხეში მიყუდებულ თავის ერთგულ ჯოხს დაავლო ხელი, ჩალის ქუდი დაიხურა, მთვლემარე მეუღლეს გადახედა, მერე გარეთY გამოვიდა და კარი გამოიკეტა. კიბეზე მოდუნებული ნაბიჯით დაიწყო ჩასვლა. გულში ბრაზობდა, რომ ლიფტს ხალხი მარტო ქვევიდან ამოჰყავს. საფეხურებზე ხტომით მომავალმა მეზობლის ბიჭმა გაუსწრო, გამარჯობის თქმა ვერც კი მოასწრო მოხუცმა.
ისევ მოაგონდა თავისი კოხტა სახლ-კარი, უზომოდ მოუნდა ვინმეს მისალმებოდა და შემდეგ მიწა მოეჩიჩქნა, თუნდაც სულ ცოტა.
მესამე სართულზე ლიფტიდან მისი ნაცნობი მოხუცი ქალი გადმოვიდა ნავაჭრით ხელში. კოტემ კალათი ჩამოართვა, ხელზე ეამბორა დიდი ხნის უნახავს და კარამდე მიაცილა. ერთხანს ისაუბრეს. მერე ბაბუამ გზა განაგრძო. ნაბიჯი ახლა უფრო ემორჩილებოდა, თითქოს გულიც მოეცა. ძლიერ მოუნდა მიწის ჩიჩქნა; გაახსენდა, რომ ქვაფენილის გასწვრივ მდგარი ხეების ძირში ეყარა მიწა და გახარებული გამოვიდა გარეთ. გამარჯობის სათქმელად მოემზადა, მაგრამ არავის ეცალა მისთვის, ყველა თავისი გზით მიიჩქაროდა.
ბაბუა კოტე ხესთან მივიდა და ჯოხის წვერი მოუთათუნა მის ძირს. იგი უსიამო გრძნობამ შეიპყრო – მიწა არ ემორჩილებოდა. ნელა დაიხედა ქვევით, ქვაფენილსა და ხეს შორის ოთხკუთხი დამცველი ბადე იყო დადგმული; ალბათ, ძაღლების საწინააღმდეგოდ.
იგი ცივად შემობრუნდა. თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, მერე მათხოვართან მივიდა და ხუთმანეთიანი ჩაუდო ხელში. მან დიდი მადლობა გადაუხადა და წავიდა. შესაძლოა, ასეთი სიუხვე მოხუცის შეცდომად მიიღო და შეეშინდა, უკან არ გამოერთმიათ.
ბაბუამ ზევით აიხედა. მათი ბინიდან მისი რძალი იხედებოდა.
– ეჰ, არ უნდა გამეყიდა ის სახლი, – გაიმეორა გულში და ეზოში მოთამაშე შვილიშვილისაკენ გასწია.

წელი 1956. სექტებრის 14.

შენიშვნები

არსებობს ორი ავტოგრაფი: შავი(1-13გვ.) და თეთრი (1+1+1-8გვ.) შავი ავტოგრაფი ნაწერია გაკრული ხელით, მოდიდო ასოებით. მოთხრობის ბოლოს ზის თარიღი. ბოლო, ცარიელი გვერდი გამოყენებულია თავფურცლად. ქვედა ნახევარზე წერია სათაური: „შემოდგომა” (ბაბუა კოტესი)” და თარიღი.
თეთრ ავტოგრაფს აქვს ორი თავფურცელი: ერთი თავფურცლის ზედა ნახევარზე წერია სათაური თარიღით. მეორის ქვედა ნახევარზეც წერია სათაური თარიღით: „შემოდგომა ბაბუა კოტესი. 1956. 14 სექტ.” აქვეა წვრილი ასოებით ნაწერი დღიური თავისი თარიღით (იხ. ნაბეჭდი ტექსტი). მოთხრობის ბოლოს ზის თარიღი.
ჩვენი ბაბუა სიმონი, დედის მამა, ამ მოთხრობის, და ბევრი სხვა მოთხრობის გმირთა პროტოტიპია: „ბაბუა და შვილიშვილი”, „ნადირობა”, „კიდე კარგი”, „კისკისებენ ქალები”, (იხ. მომდვენო ტომში.) „სიყვარული შემოდგომაზე” და სხვა. ამ გმირთა მეტყველება, აზრთა წყობა ბაბუას მეტყველების უშუალო გამოძახილია. გურამი იყო ბაბუას პირველი შვილიშვილი და შეიძლება ამიტომაც უყვარდა ის გამორჩეულად. ბაბუამ და ბებომ მთელი თავიანთი ცხოვრება გაატარეს ქუთაისში. ახალგაზრდობაში ბაბუა გამოირჩეოდა ფიცხი, ფეთქებადი ხასიათით, ვაჟკაცური ბუნებით. ბებო კი სიდარბაისლით, მოთმინებით, სიმშვიდით. იქ ისინი ცხოვრობდნენ თავდაპირველად თავის ოთხ შვილთან ერთად, შემდეგ კი უკვე მარტო, ლაზათიან, ბელეტაჟის ტიპის სახლში. ეს სახლი იდგა მაღალ დაფნისა და მანდარინის ხეებში ჩაფლულ ბაღში, რომლის მოვლა-პატრონობაც განსაკუთრებით უყვარდა ბაბუას. გურამი დაიბადა ქუთაისში. იქ გაატარა პირველი თვეები ბებია-ბაბუის მზრუნველობით გარშემორტყმულ ატმოსფეროში. ბაბუას მოხუცებულებამ, დაუძლურებამ, შემდეგ კი ბებოს გარეშე ცხოვრებამ უკვე თბილისში მრავალსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე, გურამის თვალწინ ჩაიარა. გურამი ბაბუას ხშირი სტუმარი იყო, ხან მარტო, ხან კი ამხანაგებთან ერთად.
1960 წლის ზაფხულში ბაბუა ჩვენთან ცხოვრობდა. გაგრიდან გურამის დაღუპვის ამბის ჩამოსვლისთანავე ის თავის ვაჟიშვილთან გადაიყვანეს. გარდაიცვალა იმავ დღეს. ბაბუა დაკრძალეს გურამის დაკრძალვამდე, მგონი, ერთი დღით ადრე. მახსოვს, დედამ მოიკრიბა ძალა და გამოემშვიდობა თავის მამას უკანასკნელ გზაზე.
პირველად გამოქვეყნდა 1957 წელს „ცისკრის” პირველ ნომერში, შემდგომ ტომში „სალამურა” 1961 წელს.

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button