ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ჰარუკი მურაკამი – ალმოდებული ფარდულები შუაღამისას

ის გოგო სამი წლის წინათ მეგობრის ქორწილში გავიცანი. მაშინ ოცდათერთმეტის ვიყავი, ის – ოცის, ესე იგი, სხვაობა ლამის ერთი ასტროლოგიური პერიოდი იყო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებით ვიყავი დაკავებული: ასაკზე და მსგავს სისულელეებზე ფიქრის დრო სად იყო.

კაცმა რომ თქვას, ასეთ რამეებზე არც ის იტკიებდა თავს. მას არც ის აღელვებდა, ცოლი რომ მყავდა. ეტყობოდა, მის წარმოდგენაში ასაკი, ოჯახი და შემოსავალი

ისეთი მემკვიდრეობითი რამ იყო, როგორც ფეხის ზომა, ხ მის ტემბრი ან ფრჩხილების ფორმა. მოკლედ, არ გახლდათ მერკანტილური ადამიანი. რა ვიცი, ასე მგონია…

“იმ-ვიღაც-რაღაცით” ცნობილ მასწავლებელთან დადიოდა პანტომიმის გაკვეთილებზე, თან სარეკლამო მოდელად მუშაობდა, ოღონდ ეს საქმე ისე ეზარებოდა, ზოგჯერ აგენტის დანახვას სიკვდილი ერჩია. ბუნებრივია, რომ ამის გამო მისი შემოსავალი ორიოდე გროშს არ აღემატებოდა. ბიუჯეტის გარღვევას ძირითადად რამდენიმე “ბოიფრენდის” კეთილი გულის წყალობით ფარავდა. მართალი გითხრათ, საქმის წვრილმანებს არ ჩავძიებივარ, უბრალოდ, ვიცი ის, რაც შიგადაშიგ, საუბრებისას წამოსცდენია.

ცუდად ნუ გამიგებთ. იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს მამაკაცებს ფულის გულისთვის უწვებოდა, ან რაღაც ასეთი. არა, ყველაფერი სრულიად მარტივად გამოიყურება, ყველაფერი უბრალოა, როგორც ცხოვრება, სადაც ადამიანთა უმრავლესობა თავის ყოველდღიურ ბუნდოვან ემოციებსგარდაქმნის ისეთ გამოკვეთილ ფორმებად, როგორებიცაა “გულითადობა”, “სიყვარული” ანდა “შერიგება”. ამის ბოლომდე ახსნა ძნელია, მაგრამ არსებითად ასეთი რაღაც ხდება. დამეთანხმებით, უსა სრულო არაფერია. კოსმოსი მარადიული რომ ყოფილიყო, მისი სტრუქტურა თავდაყირა დადგებოდა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ადგილას, ისე, როგორც “მანდარინის გაფრცქვნა” ხდება. არ იცით, რას ნიშნავს “მანდარინის გაფრცქვნა”? მოგიყვებით.

მან პირველსავე დღეს მითხრა, პანტომიმაზე დავდივარო. დავინტერესდი, ოღონდ გაოცება არ გამომიხატავს. დღეს ვიღას უკვირს ის ამბავი, რომ ყველა გოგო რაღაცით არის გატაცებული. თანაც არც ისეთი ტიპი ჩანდზა, თავისი ნიჭის დახვეწაზე სერიოზულად რომ ეზრუნა.

როგორ გავიგოთ “მანდარინის გაფრცქვნა”? ზ უსტად ისე, როგორც გვესმის. მას მარცხნივ უდგას მანდარინებით სავსე შუშის ჯამი, მარჯვნივაც – ასეთივე ჯამი: კანებისათვის. სინამდვილეში კი – მსგავსი არაფერი! ის წარმოსახვით იღებს მანდარინს, ნელ-ნელა აცლის კანს, კბილა-კბილა იდებს პირში, ღეჭავს და აფსკებს კანზე აფურთხებს; ერთ მანდარინს რომ გაათავებს, კანს დააგორგალებს და მარჯვენა

ჯამში გადაუძახებს. პროცესი მონოტონურად მეორდება. თავიდან გართობად მომეჩვენა, მაგრამ ათი- ოცი წუთის შემდეგ – ბარის დახლთან ვისხედით – მომეჩვენა, რომ ჩემგან რეალობის განცდის ამოტუმბვა დაიწყეს. საშინელი შეგრძნებაა. როცა ისრაელში აიხმანს* (* აიხმანი – Eichmann, (Karl) Adolf –

19.03.1906 (ზოლინგენი, გერმანია) – 31.05.1962 (თელ-ავივი, ისრაელი). გესტაპოს ქვეგანყოფილების

უფროსი. გაზის კამერებისა და მხუთავი მანქანების იდეოლოგი. 1946 წელს გაიქცა ნიურნბერგის

ტყვეთა ბანაკიდან და 1960 წელს ბუენოს-აირესის გარეუბანში დააკავეს ისრაელის აგენტებმა. ისრაელის

სასამართლოს განაჩენით ჩამოახრჩვეს 1962 წლის 31 მაისს. ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში ეს არის

ჩამოხრჩობის ერთადერთი შემთხვევა.) ასამართლებდნენ, ვიღაცას უთქვამს, თუ გინდათ, მაგის ოხტში ამოხვიდეთ, ერთადგილიან საკანში მოათავსეთ და ამ საკნიდან ნელ-ნელა ჰაერი ამოტუმბეთო. მართლა არ ვიცი, როგორ მოკვდა აიხმანი. ისე, შ ემთხვევით

გამახსენდა.

– აი, თურმე რა ნიჭიერი ყოფილხარ!

– რაო, ნიჭიერიო?! ამას ხომ ყველა გააკეთებს! უბრალოდ, კი არ უნდა იფიქრო, რომ

ხელში მანდარინი გიჭირავს, არამედ უნდა დაივიწყო, რომ მანდარინი არ გიჭირავს. სულ ეს არის.

– მართლაც რა უბრალოა!

და ის გულში ჩამივარდა.

არც ისე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს: თვეში ერთხელ, დიდი-დიდი – ორჯერ. ნავახშმევზე ვსეირნობდით, ან მივდიოდით ბარში, ჯაზ-კლუბში.

მის გვერდით უდარდელად ვგრძნობდი თავს, აღარც სამსახური მახსოვდა, აღარც მომაბეზრებელი მოლაპარაკებები და აღარც გაუგებარი აზრებით თავგამოტენილი უსახური ადამიანები. უთუოდ იყო მასში რაღაც განსაკუთრებული ძალა. ყოველთვის, როცა მის უაზრო ტიკტიკს ვუსმენდი, ვგრძნობდი რაღაცნაირ გაბრუებას, გონება მეფანტებოდა, თითქოს შორეულ ჰორიზონტზე გაწოლილი ღრუბელი მიფარავდა მზერას.

ენაზე ჭალი არც მე მედებოდა, მაგრამ სერიოზულ თემებზე საუბარს მაინც გავურბოდი. ან ისეთი რა გამაჩნდა, მისთვის რომ გამეზიარებინა. ასეა! არაფერია, რასაც გიყვებით!

ორი წლის წინათ, გაზაფხულზე, ინფარქტით გარდაეცვალა მამა, რომელსაც, როგორც ჩანს, ცოტაოდენი ფული დაეტოვებინა. უცებ, არ ვიცი, რა ბუზმა უკბინა, აიღო ეს ფული და ცოტა ხნით ჩრდილოეთ აფრიკაში გაემგზავრა, რაშიც ჩემი დაქალი, ალჟირის საელჩოს თანამშრომელი დაეხმარა. აეროპორტიდან გავაცილე ერთადერთი ჩანთის, გაცვეთილი “ბოსტონის” ამარა. ბარგს ისეთი ყოფით უმოწმებდნენ, გეგონებოდათ კი არ მიემგზავრება, არამედ ბრუნდებაო.

– მართალი მითხარი, ხომ დაბრუნდები იაპონიაში?

– რა თქმა უნდა, დავბრუნდები!

… ჰოდა, დაბრუნდა – სამი თვის შემდეგ, ზანგივით გარუჯული და გამხდარი, – სამი კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. თან ახალი საყვარელი მოიყოლა, რესტორანში გაეცნო შემთხვევით. ალჟირში იაპონელები ცოტანი არიან და უთუოდ ამიტომ დაუახლოვდნენ და შეეთვისნენ ერთმანეთს. თუ არ ვცდები, მისი პირველი ნამდვილი საყვარელი ეს კაცი იყო – ოცდაათიოდე წლის, მაღალი, დახვეწილი და თავაზიანი ჯეელი. მართალია, ლუგუმი სახე ჰქონდა, მაგრამ რატომღაც მაინც სიმპათიური და სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უხდებოდა დიდი ხელები და გრძელი თითები.

ასე ახლოს საიდან ვიცნობ? აეროპორტში დახვედრისას გავიცანი. მოულოდნელად ბეირუთიდან მომივიდა დეპეშა, რომელშიც მხოლოდ რეისის თარიღი და ნომერი იყო აღნიშნული. მას სურდა, აეროპორტში დავხვედროდი, სანამ თვითმფრინავი დაჯდებოდა – ცუდი ამინდის გამო ოთხი საათით დააგვიანა – კაფეში ვიჯექი და

ფოლკნერის მოთხრობების კრებულს ვკითხულობდი. შეყვარებული წყვილი ტრაპზე

ხელიხელჩაკიდებული ჩამოვიდა. გვრიტებივით ცოლ-ქმარი გეგონებოდათ. გაცნობისას ანგარიშმიუცემლად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი. საზღვარგარეთ დიდხანს მცხოვრები კაცის სიმტკიცე ვიგრძენი მის ხელში. რესტორანში შევედით, – ქალმა “ტენდონის” ჭამაზე გაიგიჟა თავი, ჩვენ ლუდს ვწრუპავდით.

“საგარეო ვაჭრობის ფირმაში ვმუშაობ”, – როგორღაც წამოსცდა და მერე ამ თემაზე კრინტი აღარ დაუძრავს. ალბათ საქმეზე ლაპარაკი არ უყვარდა, ანდა ეგონა თავს შემაწყენდა. რაღა დაგიმალოთ და, ვაჭრობაზე ლაპარაკი მართლაც გულს მირევს, ამიტომ წავუყრუე, მაგრამ, საუბედუროდ, საუბრის ძაფი გაგვიწყდა და მან, მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, ბეირუთის უსაფრთხოებასა და ტუნისის წყალგაყვანილობებზე ჩამოაგდო სიტყვა. ეტყობოდა, კ არგად ერკვეოდა ჩრდილოეთ აფრიკისა და

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ყოფა-ცხოვრებაში.

ამასობაში ჩვენი მეგობარი მორჩა “ტენდომის” ჭამას, დაამთქნარა და განაცხადა, მეძინებაო. ნახევრად უკვე ძილბურანში იყო. მართლა! – სულ დამავიწყდა: მას უცნაური ჩვევა სჭირდა, უადგილო ადგილას ისე ჩამოიძინებდა, თვალსაც არ დაახამხამებდა. კაცმა თქვა, სახლამდე ტაქსით მივაცილებო. არა, – ვუთხარი, – ელექტრომატარებლით სჯობია, თანაც მეც იქით მივდივარ-მეთქი.

ბოლომდე გამოცანად დამრჩა: “საერთოდ, რა მინდოდა აეროპორტში?!”

– სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, – დამემშვიდობა კაცი ყოველგვარი მობოდიშების გარეშე.

– ჩემთვისაც…

კიდევ რამდენჯერმე შევხვდი. “მანდარინის მფრცქვნელს” აჩრდილივით დასდევდა. ეს გოგო ჩემთან, პაემანზე მას მოჰყავდა თავისი სპორტული ავტომანქანით. ვერცხლისფერი გერმანული ავტო მუდამ ისე ჰქონდა გაწკრიალებული, ერთ ლაქას ვერ უპოვიდი. ავტომანქოანებში კარგად ვერ ვერკვევი, ამიტომ დაწვრილებით ვერ აღვწერ, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო მანქანა ფედერიკო ფელინის შავ-თეთრი ფილმებიდან.

– ეტყობა, მდიდარია, არა? – ვკითხე ჩემ გოგოს.

– ჰო, – მომიგო გულგრილად, – ალბათ მდიდარი.

– ნუთუ ამდენს შოულობს საგარეო ვაჭრობაში?

– საგარეო ვაჭრობაში?

– თვითონ თქვა, საგარეო ვაჭრობის ფირმაში ვმუშაობო.

– რა ვიცი… შეიძლება მუშაობს. მაგრამ… კარგად არ ვიცი. საერთოდ, არ ეტყობა, თუ

სადმე მუშაობს. ვიღაცებს კი ხვდება, ტელეფონზე ურეკავს… მაგრამ ისე, რომ წელებზე ფეხს იდგამდეს…

– ზედგამოჭრილი გეტსბია!

– რაო?

– არაფერი1

* * *

ოქტომბრის ერთ კვირადღეს ჩემმა გოგომ დარეკა. შუადღე იყო. ცოლი დილიდანვე ნათესავებთან იყო გასული, შინ მარტო ვიყავი. მზიანი, სასიამოვნო დარი იდგა. ქაფურის მარადმწვანე ხეს გავყურებდი და უკვე მეშვიდე ვაშლს ვჭამდი.

– შენ სახლთან ვართ ახლოს, რას იტყვი, ორივენი რომ გესტუმროთ?

– ორივენი? – ვკითხე გაოცებულმა.

– ჰო, მე და ის.

– აჰ… დიახ, დიახ, რა თქმა უნდა!

– მაშ, დაგველოდე, ოცდაათ წუთში მოვალთ, – მოკლედ მოჭრა და ყურმილი დაკიდა.

ცოტა არ იყოს, დავიბენი. დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი, თუმცა რაღა დროს ფიქრი იყო, ავდექი, შევედი აბაზანაში, შხაპი გადავივლე და პირი გავიპარსე. ტანი გავიმშრალე, ყურები გამოვიწმინდე. მივიხედ-მოვიხედე, სახლი კაი გვარიანად იყო არეული, მაგრამ ხელი არაფრისთვის მომიკიდია, აზრი არ ჰქონდა, ვერ მოვასწრებდი. აქეთ-იქით ეყარა წიგნები, ჟურნალები, წერილები, ფირფიტები, ფანქრები და სვიტერიც კი. შემოქმედებითი უწესრიგობა – საბედნიეროდ, მტვრისა და ჭუჭყის გარეშე. წინადღეს რაღაც სამუშაო დავამთავრე. დაღლილი და გამოფიტული ვიყავი. ისევ დივანზე ჩამოვჯექი, ვაშლი ჩავკბიჩე და ქაფურის ხეს გავხედე.

ნახევარი კი არა, ორ საათზე მეტი გავიდა, რომ, როგორც იქნა, მოვიდნენ. სახლის ბორბლების ხრჭიალით გაჩერდა სპორტული ავტომანქანა. წინკარიდანვე შევნიშნე ნაცნობი ვერცხლისფერი სილუეტი. ჩემი გოგო ღია ფანჯრიდან ხელს მიქნევდა. ვანიშნე, მანქანა სახლის უკან დააყენეთ-მეთქი.

აი, ჩვენც მოვედით! – მხიარულად დამიძახა, როცა მანქანიდან გადმოვიდა. თხელ ბლუზზე მკვეთრად ემჩნეოდა კერტების ფორმა, მინი-კაბა მწვანე-წენგოსფერ ტონებად ეღვრებოდა თეძოებზე.

კაცს ევროპული სტილის მუქლურჯი სპორტული ხიფთანი ეცვა. ცოტა შეცვლილი მეჩვენა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ორი დღის წვერი აუშნოვებდა, უბრალოდ, სახე ოდნავ ჩამუქებოდა. მზის სათვალეები გულის ჯიბეში ჩაიდო და ცხვირი მოიშმუშნა – დიდებული სრუტუნი გამოუვიდა!

– გვაპატიეთ, ასე მოულოდნელად რომ დაგატყდით თავს ამ უქმეზე, – მომიბოდიშა მან.

– რას ბრძანებთ. ჩემთვის ყოველი დღე უქმეა. თანაც… მართალი გითხრათ, ცოტა მოწყენილი ვიყავი.

– ჩვენ რაღაც საჭმელებიც მოვიტანეთ, – თქვა ქალმა და უკანა სალონიდან დიდი

პაკეტი ამოიღო.

– საჭმელი?

– ბევრი არაფერია, უ ბრალოდ მოგვერიდა ხელცარიელი მოვსულიყავით, თანაც

კვირადღეა! – ამიხსნა კაცმა.

– ძალიან კარგი! დილიხან ვაშლის მეტი არაფერი მიჭამია.

შინ შევედით და პროდუქტები მაგიდაზე დავახვავეთ. რაც მართალია, მართალია, რიგიანი სუფრა გაეწყო! – კარგი თეთრი ღვინო და სენდვიჩები როსტბიფით, სალათა და შებოლილი წითელი თევზი, ლურჯი მოცვი და ნაყინი. ყველაფერი ბლომად! როსტბიფიან სენდვიჩებში კრეს-სალათაც შედიოდა, მდოგვიც ნამდვილი იყო. საჭმელები თეფშებზე გადავაწყეთ, გავხსენით ღვინო და ქეიფს მეტი რაღა უნდოდა.

– ცოტა არ იყოს, მეუხერხულება… – ვთქვი.

– რას ამბობთ! ჩათვალეთ, რომ ეს არის კომპენსაცია ჩვენი თავხედობისათვის!

– დავიწყოთ, თორემ მეტი აღარ შემიძლია, მუცელი მიბუყბუყებს! – თქვა ქალმა. მასპინძლის უფლება გამოვიყენე, სასმისები შევავსე და სადღეგრძელო წარმოვთქვი. ღვინო ოდნავ ძელგი მეჩვენა, თუმცა რამდენიმე ყლუპის შემდეგ სიმწკლარტემ გაუარა.

– შეიძლება ფირფიტა დავდო? – მკითხა ჩემმა გოგომ.

– მიდი.

ჩემთან ერთხელ უკვე იყო ნამყოფი, ამიტომ იცოდა, სად რა იდო. თაროდან რამდენიმე ფირფიტა ჩამოიღო, მტვერი გადაწმინდა და ფირსაკრავი ჩართო. ეჰ, რა ნაცნობი აპარატია! – ჩაილაპარაკა კაცმა.

“გალარდის” მარკის ავტოჩეინჯერი იყო. ეს მოდელი მართლაც რელიქტად ითვლებოდა, სადღაც გადაკარგულში მივაგენი. სასიამოვნოა, როცა გემოვნებას გიფასებენ!

ჩემ გოგოს ძველი ჯაზის ვოკალისტები მოსწონდა, ამიტომ პირველად ფრედი ასტერი და ბინგ კროსბი მოგვასმენინა. შუაში ჩაიკოვსკის “სიმებიანი სერენადა” ჩ ააკვეხა, რასაც ნეთ კინდ კოული მოაყოლა.

ამასობაში მთლიანად ვშთანთქეთ სენდვიჩები, სალათა და შებოლილი წითელი თევზი. ღვინოც რომ ჩამოიცალა, მაცივრიდან ლუდის ქილები გამოვალაგე. კიდევ კარგი, მაცივარი ყოველთვის გამოვსებული მაქვს ლუდით. ერთ ჩემს ნაცნობს პატარა ფირმა აქვს და შეღავათიან ფასებში მაძლევს ხოლმე ლუდის სასაჩუქრო ტალონებს. კაცი კარგად გამოიჭყიპა, მაგრამ სახეზე სასმელის კვალი არ დასტყობია. თუმცა ლუდის სმაში არც მე ვარ ჯაბანი. ჩვენი ხათრით რამდენიმე ქილა ქალმაც დალია. ჯერ საათიც არ იყო გასული, რომ მაგიდაზე ოცდაოთხი ცარიელი ქილა გამწკრივდა. ფაფუ, გაქრა ლუდი! მუსიკაც ჩამოთავდა. ჩემმა გოგომ ხუთი ახალი ფირფიტა აარჩია და პირველად მაილზ დევისის “ეაჯინი” დადო.

– ცოტა მოსაწევი მაქვს. გინდათ?

ვიუარე. როგორი საქმეა, სულ რაღაც ერთი თვის წინ მქონდა თავი დანებებული. მაცთუნებელი წინადადება იყო, ახლა უნდა გამომეცადა ჩემი ნებისყოფა, მაგრამ ჩავფლავდი. ჯანი გავარდეს, მოიტა- მეთქი. კაცმა ქაღალდის პაკეტიდან ალუმინის ფოლგა ამოიღო, კანაფი სიგარის ფოთოლზე დაყარა, მჭიდროდ დაახვია და ნაწიბურს ენა გაუსვა. სანთებელათი მოუკიდა, რამდენჯერმე მოქაჩა და როცა დარწმუნდა, რომ სიგარა ნამდვილად “ააფეთქა”, თავაზიანად გამომიწოდა. უმაღლესი ხარისხის მარიხუანა გამოდგა. მოსაწევი უსიტყვოდ დავატრიალეთ წრეში, თითო ნაფაზს ვარტყამდით. მაილზ დევისი იოჰან შტრაუსის ვალსებმა შეცვალა.

სიგარა რომ ჩავათავეთ, ჩემ გოგოს ძილი მოუნდა. ლუდის სამმა ქილამ და

მარიხუანამ თავისი გაიტანა. გვთხოვა, დამაძინეთო. მეორე სართულზე, საძინებელში

ავიყვანე, ტანსაცმელი სწრაფად გაიჯრო, ტრუსის ამარა დარჩენილმა ჩემი მაისური გადაიცვა, გაეხვია საბანში და ხუთ წამში ფშვინვა ამოუშვა. თავის კანტურით ჩავბრუნდი დაბლა.

კაცი სასტუმრო ოთახში, დივანზე იჯდა და მეორე სიგარას აკეთებდა. აი, ბიჭი! რაღა დაგიმალოთ და ერთი სული მქონდა ჩემ გოგოს ლოგინში ჩავგორებოდი და ერთი

გემრიელად დამეძინა, მაგრამ მასპინძელი ვიყავი და ამას როგორ ვიკადრებდი. დავუქიშინეთ. ისევ იოჰან შტრაუსის ვალსი უკრავდა. რატომღაც ჩემი დაწყებითი სკოლა და თვითმოქმედების დათვალიერება მომაგონდა. ხ ელთათმანების ფარდულის ნოქრის როლს ვთამაშობდი. მელია მოდიოდა ხელთათმანების საყიდლად, მაგრამ ფული აკლდებოდა.

– ხელთათმანებს ვერ მოგყიდი, – ვეუბნები (უარყოფითი როლი!).

– ბიძია, ბიძია! მომე რა! დედიკო ისეა გათოშილი, თათებში ამტვრევს, – მემუდარება მელაკუდა.

– არა, არ შეიძლება! ფული შეაგროვე და ისე მოდი, მაშინ…

– ზოგჯერ ფარდულებს ვწვავ! – თქვა მან.

– უკაცრავად, ვერ გავიგე…

– ზოგჯერ ფარდულებს ვწვავ! – გაიმეორა.

გაოგნებულმა შევხედე. ფრჩხილით სანთებელას კონტურს ხაზავდა. ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლო ათი წამით გაიჩერა და ნაწილ-ნაწილ ამოუშვა. პირიდან ბოლს ექტოპლაზმასავით აფრქვევდა. სიგარა გამომიწოდა და ჩაილაპარაკა:

– კარგი რამეა! თავი დავუქნიე.

– ინდოეთიდან ჩამოიტანეს. საუკეთესო ხარისხი ავარჩიე. როცა ეწევი, ცხოვრების ყველაზე უცნაური ეპიზოდები გაგონდება თავისი ფერებითა და სუნით. ეგეთი რამეა! თანაც მეხსიერება… – პაუზა გააკეთა და ხელისგულზე შუა თითი რამდენჯერმე გაატკაცუნა, – … საერთოდ გეცვლება. ასე არ არის?

თავი დავუქნიე. უცებ ერთბაშად განათდა მეხსიერება: სასკოლო სპექტაკლი, არეული სცენა, მუყაოს დეკორაციები და საღებავის სუნი…

– ფარდულებზე ამბობდი რაღაცას…

თვალებში შემომხედა. სახე წაშლილი ჰქონდა.

– შეიძლება დავიწყო? – მკითხა.

– დაიწყე.

– ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება: მივასხამ ბენზინს, გავკრავ ასანთს, ავარდება

ალი და მორჩა. თხუთმეტ წუთში ყველაფერი ნაცარშია მოხანხლული.

– მერე? – ვკითხე და პირი მოვკუმე, მომდევნო ფრაზას დავუწყე ძებნა, – რატომ წვავ ფარდულებს?

– გიკვირს?

– რა ვიცი. შენ წვავ. მე არ ვწვავ. განსხვავება ხომ არის. სანამ გეტყვი, მიკვირს თუ არა, განსხვავება უნდა გავარკვიო. ჩვენთვის. თანაც ლაპარაკი შენ დაიწყე.

– ჰო, მართალი ხარ! რავი შანკარის ფირფიტა გაქვთ?

– არა მაქვს. დაბნეულობა შეეტყო.

– ორ თვეში ერთ ფარდულს ვწვავ, – თქვა და თითები გაატკაცუნა. – ურიგო ტემპი არ არის, ყოველ შემთხვევაში, მე მაკმაყოფილებს.

ხელი მაშინალურად გავიქნიე. ტემპი?

– ესე იგი, საკუთარ ფარდულებს წვავ… გაოცებულმა შემომხედა.

– საკუთარი რატომ უნდა დავწვა, გიჟი ხომ არა ვარ!

– მაშ, ესე იგი, სხვის ფარდულებს წვავთ?

– რა თქმა უნდა! ამიტომ… ეს, ერთი სიტყვით, დანაშაულია, ისევე, როგორც ახლა მარიხუანას რომ ვეწევით – მკვეთრად გამოხატული დანაშაული.

იდაყვი სკამის საზურგეზე ჩამოვაყრდნე. გავჩუმდი.

– ისეთ ფარდულებს ვარჩევ, დიდი ალი რომ არ ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია ფარდულის დაწვა და არა ხანჯრის გაჩენა.

თავი დავუქნიე და სიგარა ჩავაქრე.

– რომ დაგიჭირონ, მერე რას შვრები? ხომ შეიძლება დაგაპატიმრონ.

– ვერ დამიჭერენ, – მომიგო არხეინად, – მივასხამ ბენზინს, მივაგდებ ასანთს და

მაშინვე გავრბივარ. შორიდან ბინოკლით ვუყურებ და ვტკბები. ვ ერ დამიჭერენ.

პოლიცია თავს არ შეიწუხებს რაღაც უბადრუკი ქოხის გულისთვის.

– თანაც არავის თავში აზრად არ მოუვა, ეჭვი მიიტანოს რესპექტაბელურ

ახალგაზრდა კაცზე, რომელიც უცხოური ავტომანქანით დაგრიალებს, არა?!

– რასაკვირველია! – თქვა გაღიმებულმა.

– ჩვენმა დაქალმა თუ იცის ამის შესახებ?

– არაფერიც არ იცის. ასეთ რამეებს არავის ვუყვები.

– მაშ მე რატომ მომიყევი?

დაფიქრდა და მარცხენა ხელით შებურძგული ლოყა მოიფხანა.

– თქვენ მოთხრობებს წერთ. მგონია, კარგად უნდა ერკვეოდეთ ადამიანური საქციელის მოტივებში. ჩემი აზრით, მწერლები… ერთი სიტყვით, სანამ საგნებსა და მოვლენებს შეაფასებდნენ, მანამ მათი პირველყოფილი შინაარსით ტკბებიან. აი, რატომ მოგიყევი.

მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მგონია, მართალს ამბობდა.

– შენ ალბათ პირველხარისხოვან მწერლებს გულისხმობ, – ვუთხარი. ჩაიცინა.

– შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, – დაიწყო მან, ხელის მტევნები ერთმანეთს

გადააჭდო და წინ გამოჭიმა, – მსოფლიოში მილიონობით ფარდულია და ასე მგონია, ყველა, ზ ღვის

პირას დგას ეულად, თუ მინდვრის შუაგულში, მოელის იმ დროს, როცა ცეცხლს წავუკიდებ და დავწვავ. ნებისმიერი ფარდულისთვის თხუთმეტი წუთი საკმარისია, რომ ჩაიფერფლოს ისე ლამაზად და ეშხიანად, თითქოს არც არსებობდა. გულიც არავის დასწყდება. უბრალოდ – ფშიკ! და ფარდული აღარ არის.

– ასე რომ, შ ენ თვითონ წყვეტ, საჭიროა თუ არა იგი.

– არაფერსაც არ ვწყვეტ. უბრალოდ, ვუყურებ. როგორც წვიმა… წვიმა მოდის. მდინარე

აზვირთდა. დინებას რაღაც მოჰყვება. წყვეტს წვიმა რამეს? – არაფერს! მჯერა იმ ერთი რამის, რასაც ზნეობრიობას უწოდებენ. ადამიანებს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩემი აზრით, ზნეობრიობა, იცით, რა არის? – ერთდროული არსებობა!

– ერთდროული არსებობა?

– მოკლედ რომ ვთქვა, აქაც ვარ და იქაც. ერთდროულად ტოკიოშიც ვიმყოფები და ტუნისშიც. როცა ვსაყვედურობ, ამავე დროს ვპატიობ კიდეც. ამის გარდა კიდევ არსებობს რამე?

აი, თურმე რა ყოფილა!

– ცოტა არ იყოს, უკიდურესი თვალსაზრისია, რომელიც, როგორც ჩანს, ვარაუდის საფუძველზეა აგებული. აბა, წარმოვიდგინოთ ცალკე აღებული ცნება “ერთდროულობა” – ხომ სრული გაუგებრობაა!

– გასაგებია. უბ რალოდ, მინდოდა გადმომეცა ჩემი განწყობილება სწორედ განწყობილების მნიშვნელობით. მაგრამ… მოდი, შ ევწყვიტოთ საუბარი. რაც უფრო ცოტას ვსვამ, იმდენად ბევრს ვყბედობ.

– ლუდს დალევ?

– გმადლობთ, უარს არ ვიტყოდი.

სამზარეულოდან ექვსი ქილა ლუდი გამოვიტანე და თან კამამბერის ყველიც მივაყოლე. სამ-სამი ქილა დავლიეთ.

– ბოლო ფარდული როდის დაწვი? – დავინტერესდი.

– მოიცა, გავიხსენებ! – ცარიელი ქილა ჩაბღუჯა და ჩაფიქრდა. – ზაფხულში… აგვისტოს ბოლოს.

– ახლის დაწვას როდის აპირებ?

– არ ვიცი. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს გრაფიკს ვადგენ, კალენდარში ვინიშნავ და სულმოუთქმელად

ველოდები იმ დღის დადგომას. მოვა განწყობილება – წავალ და დავწვავ.

– მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იმ დღეს, როცა განწყობილება მოგივა, ფარდული არ გქონდეს

შეგულებული?

– რა თქმა უნდა, – მიპასუხა თითქმის ჩურჩულით, – ამიტომ წინასწარ ვარჩევ.

– მარაგად ინახავ?

– დიახ.

– კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლებაე?

– ბდრძანეთ.

– ამ წუთში შეგულებული გაქვს?

უცებ მოიღუშა, კოპები შეჰყარა და ძლივსგასაგონად ამოიოხრა.

– შეგულებული მაქვს.

კრინტი არ დამიძრავს, ვიჯექი და ლუდს ვწრუპავდი.

– ძალიან კარგი ფარდულია! კარგა ხანია, ასეთი არ შემხვედრია! რომ არ დაგიმალო,

დღეს დაზვერვაზე ვიყავი.

– აქ სადმე ახლოს ხომ არ არის?

– დიახ, აქედან ორ ნაბიჯზეა.

ჩვენი საუბარი შეწყდა.

ხუთი საათი შესრულდა. ქალი გააღვიძა, მე კი ბოდიში მომიხადა მოულოდნელი ვიზიტისათვის. ოცი ქილა ლუდი ჰქონდა დალეული, მაგრამ სრულიად ფხიზლად გამოიყურებოდა, მანქანა სადგომიდან ციმციმ გაიყვანა.

– ფარდულთან ფრთხილად იყავი! – ვუთხარი დამშვიდობებისას.

– კეთილი! – მიპასუხა, – რაც არ უნდა იყოს, აქვეა, ყური სძირში!

– რა ფარდულზეა ლაპარაკი? – დაინტერესდა ქალი.

– ისეთი არაფერია. მამაკაცებმა ვიცით, – დაამშვიდა მან.

– აბა, აბა!

მანქანა ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.

შინ შევბრუნდი და დივანზე გავიშხლართე. მაგიდაზე გულისამრევი უწესრიგობა სუფევდა. ავიღე იატაკზე დაგდებული შალის ხიფთანი, დავიხვიე თავზე და დავიძინე.

თვალები რომ გავახილე, სახლში უკვე ბინდ-ბუნდს დაესადგურებინა. შვი დი საათი იყო. ოთახში იდგა მოლურჯო ბინდი და კანაფის მძაფრი სუნი. უცნ აური, არაბუნებრივი სიბნელე გულს მიშფოთებდა. ვიწექი დივანზე და ამაოდ ვცდილობდი გამეხსენებინა სასკოლო სპექტაკლის მომდევნო სცენა – მისცეს თუ არა მელაკუდას ხელთათმანები?!.

ავდექი, გავაღე ბანჯარა, ოთახი გავანიავე. სამზარეულოში ყავა მოვადუღე და დავლიე.

* * *

მეორე დღეს წიგნის მაღაზიაში ჩვენი რაიონის რუკა ვიყიდე. წვრილ, 1:20000 მასშტაბის რუკაზე ყველაზე ვიწრო ბილიკიც კი არ იყო გამორჩენილი. რუკით ხელში შემოვიარე ჩემი სახლის მიდამოები და ჯვრებით აღვნიშნე ყველა ადგილი, სადაც ფარდული იდგა. სამ დღეში დაწვრილებით შევისწავლე ტერიტორია ოთხკილომეტრიანი რადიუსით. მე ვცხოვრობ გარეუბანში, სადაც ჯერ კიდევ ბევრი გლეხური მეურნეობაა შემორჩენილი. აქ სულ თექვსმეტი ფარდული დავითვალე. თექვსმეტიდან ერთი უთუოდ უნდა დაეწვა. როგორც თვითონვე მიმანიშნა – “ყურისძირშიაო” – მსხვერპლი ოთხი კილომეტრის იქით არ უნდა ყოფილიყო.

ყურადღებით შევისწავლე თითოეული ფარდულის ირგვლივ არსებული მდგომარეობა. საცხოვრებელ სახლებთან და სათბურებთან მდებარე ნაგებობები თავისთავად გამოვრიცხე. მისთვის არც სასოფლო- სამეურნეო მექანიზმებისა და შხამ- ქიმიკატების საწყობების დაწვა უნდა ყოფილიყო უპრიანი, გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით დამრჩა ხუთი ფარდული, რომელთაც დაწვა ემუქრებოდა. თანაც ყველა ისეთი იყო, პატრონის გარდა რომ არავის დაენანებოდა. სხვა საქმე იყო, თუ ხუთიდან რომელს აარჩევდა. მართალია, ამას მე არავინ მკითხავდა, მაგრამ ერთი სული მქონდა რამენაირად გამეგო მისი არჩევანი.

გავშალე რუკა და წავშალე ყველა აღნიშვნა ხუთის გარდა. ავიღე სახაზავი, მრუდთარგი და გამოვთვალე დაშორება ჩემი სახლიდან ამ ფარდულებამდე. გზა ზიგზაგებით მიუყვებოდა გორაკებსა და

მდინარეებს, ამიტომ გაზომვა ცოტა გამიჭირდა. საბოლოო ჯამში გაირკვა მანძილი – შვიდი კილომეტრი და ორასი მეტრი. გაზომვათა სიზუსტე რამდენჯერმე შევამოწმე, რათა შეცდომა გამომერიცხა.

სისხამ დილით, ექვს საათზე ჩავიცვი სპორტული კოსტიუმი, კედები და გავედი სარბენად. ყოველდღე,

დილა-საღამოს, ექვს-ექვს კილომეტრს დავრბოდი, ამიტომ დიდი ჯაფა არ დამადგებოდა, თკუ ჩვეულ დისტანციას ცოტას წავუმატებდი.

გზას ორი შლაგბაუმი კვეთდა, მაგრამ ძალზე იშვიათად კეტავდნენ. პეიზაჟსაც არა უშავდა. შინიდან გამოვედი და სანამ ინსტიტუტამდე მივაღწევდი, სტადიონს წრე დავარტყი, მერე სამი კილომეტრი ვირბინე გრუნტიან გზაზე, მდინარის გაყოლებით. პირველი ფარდული ამ მონაკვეთზეა. ამას მოსდევს კორომი, პატარა აღმართი და შემდეგ – მეორე ფარდული, რომლის სიახლოვეს იდგა თავლა დოღის ცხენებისათვის. სხვათა შორის, ცეცხლის დანახვაზე ცხენმა მოკლედ წრიალი იცის. მესამე და მეოთხე ფარდულები მოხუცი ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. მათ შორის მანძილი ორასი მეტრიც არ იქნებოდა. ორივე საკმაოდ ძველი და ჭუჭყიანი ჩანდა. ბოლო ფარდული რკინიგზის გადასასვლელის გვერდით, სადღაც მეექვსე კილომეტრის ნიშნულზე იყო. სავსებით მიტოვებული ჩანდა. კედელზე “პეპსი-კოლას” თუნუქის სარეკლამო

პლაკატი შემორჩენოდა. ეს იყო ნახევრად დანგრეული და პირდაპირ დასაწვავად გამზადებული შენობა.

ცოტა ხნით შევჩერდი, სული მოვითქვი. მერე გადმოვჭერი ლიანდაგი, დავადე თავი და უკან, შინისკენ დავეშურე. ოცდათერთმეტი წუთი და ოცდაათი წამი! დასაწყისისთვის არა უშავდა. შხაპი გადავივლე, ვისაუზმე და სანამ საქმეს შევუდგებოდი, მუსიკა ჩავრთე. ქაფურის ხის მეტს ვერაფერს ვხედავდი. მთელი თვე დავრბოდი მონიშნულ მარშრუტზე, მაგრამ არც ერთ ფარდულს არაფერი დაშავებია.

ამან, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა. ინსპირაციას ხომ არ მიწყობს-მეთქი, ვი ფიქრე. მართლაც, ალმოდებულ ფარდულზე ისეთი ეშხით მელაპარაკებოდა, თითქოს მიბიძგებდა, მაგულიანებდა, მაქეზებდა. ერთი- ორჯერ თავში გამიელვა: რაღაზე ველოდო, როდის დაწვავს, ავდგები და თვითონ გავკრავ ასანთს, დიდი ამბავი, ერთი ჯაბახანა გინდ ყოფილა, გინდ არა.

მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ სისულელე იყო. ქვეყანა რომ დაქცეულიყო, ფარდულს

არ დავწვავდი. მას უნდა დაეწვა! უთუოდ სამიზნე შეცვალა, ან ვერ მოიცალა. ჩემი გოგოსგანაც არაფერი ისმოდა.

გავიდა შემოდგომა. დადგა დეკემბერი. დილის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. დაჭირხლული ფარდულები თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ. ზამთრის ფრინველები დატრიალებდნენ გაყინულ კორომს. სამყარო თავის წესზე ბრუნავდა.

* * *

შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებში, შობამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი. ყველგან საშობაო სიმღერები გაისმოდა, ქუჩები ბაზრებად იყო გადაქცეული. იმ დღეს ქალაქში ვიყავი წასული საჩუქრების საყიდლად: ცოლს ნაცრისფერი სვიტერი

ვუყიდე, ბიძაშვილს – ვილი ნელსონის კასეტა “საშობაო სიმღერით”, უმცროსი დის შვილს – სურათებიანი წიგნი, დაქალს – ფანქრის ირმისფორმიანი სათლელი, ჩემთვის

– მწვანე სპორტული მაისური. ნოგიძაკის კვარტალში მივდივარ, ერთი ხელი შალის პალტოს ჯიბეში მიდევს, მეორეში ქაღალდის პარკი მიჭირავს. უცებ, გავიხედოთ და რას ვხედავ: მისი მანქანა! ეჭვი არ არის, ის ვერცხლისფერი სპორტული მანქანაა, აი, “სინაგავას” ნომერი, გვერდით, მარცხენა ფართან კი პატარა ნაკაწრი აქვს. კაფეს წინ დგას. ბევრი აღარ მიფიქრია, ავდექი და შევედი.

ჩაბნელებულ კაფეში ყავის მძაფრი სუნი იდგა. მუსიკა გამაყრუებლად

დგანდგარებდა. ისეთი სახე მივიღე, თითქოს ცარიელ ადგილს ვეძებდი, სინამდვილეში მას ვზვერავდი: ფანჯარასთან იჯდა, “კ აფე ო-ლეს” სვამდა. ისეთი ბუღი იდგა, სათვალეები დამეორთქლა, მაგრამ

ეტყობა, სიცხე მასზე არ მოქმედებდა, ქიშმირის პალტო ეცვა, ზემოდან კაშნე გადმოეშვა.

თავს ძალა დავატანე და მივედი. აღარ დავუწყე, მანქანა დავინახე და ასე და ისე- მეთქი. ვითომ შემთხვევით შევხვდი!

– შეიძლება? – ვკითხე.

– რა თქმა უნდა, დაბრძანდით!

საუბარი არ აეწყო. ცოტა გვქონდა საერთო თემები, მითუმეტეს, შევატყე, რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული. ვცდილობდი თავი არ მომებეზრებინა. ტუნისის პორტზე ჩამოაგდო სიტყვა, მომიყვა, როგორ იჭერენ კრევეტებს. ვერ ვიტყვი, რომ ზრდილობის გულისთვის მელაპარაკებოდა, მაგრამ არც ხალისი ეტყობოდა.

ოფიციანტს ხელი დაუქნია და რძიანი ყავა შეუკვეთა.

– მართლა! როგორ არის ფარდულის საქმე? – ჯიქურ ვკითხე. ღიმილი ტუჩის კუთხეებში ჩამალა.

– ფარდული? – დავწვი! ლამაზად, როგორც შეგპირდი.

– ჩემ სახლთან?

– დიახ, შ ენ სახლთან!

– როდის?

– კარგა ხანია. ათი დღე იქნებოდა გასული მას მერე, თქვენთან რომ ვიყავით. მოვუყევი რუკისა და ყოველდღიური ორჯერადი გარბენების ამბავი.

– … ამიტომ არანაირად არ შეიძლება, რომ გამომრჩენოდა.

– ოჰ, საინტერესოა! – წამოიძახა მხიარულად, – ბეჯითად გიმუშავიათ! მაგრამ რად გინდა, გამოგრჩათ. ზოგჯერ ასეც ხდება! ეტყობა იმდენად ახლოს იყო, რომ ვერ შენიშნეთ.

– ვერაფერი გამიგია!

ჰალსტუხი გაისწორა და საათს დახედა.

– ძალიან ახლოს! – გაიმეორა, – ჩემი წასვლის დროა, დაწვრილებით იქნებ სხვა დროს გველაპარაკა? მაპატიეთ, კაცი მელოდება.

რაღას ვეტყოდი. ადგა, სიგარეტის კოლოფსა და სანთებელას წამოავლო ხელი.

– ჩვენი მეგობარი გოგონა ხომ არ გინახავთ?

– არა, მას მერე არ შევხვედრივარ. თქვენ?

– არც მე. ვერ ვუკავშირდები. შინ არ მხვდება, ტელეფონი გათიშული აქვს,

პანტომიმის სკოლაში არ დადის.

– სადმე ხომ არ წავიდა? ადრე იცოდა ასეთი რამეები. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა.

– უკაპიკოდ?! თვენახევარია გასული, თანაც დეკემბერში!

– არ ვიცი, – ვუპასუხე.

პალტოს ჯიბეში თითები გაატკაცუნა.

– დანამდვილებით ვიცი, არც ფული აქვს დაარც მეგობრები ჰყავს. უბის წიგნაკი

გავსებული აქვს მისამართებით, მაგრამ არავისთან არ მეგობრობს. თქვენი კი სჯეროდა – მართლა, არ გეპირფერებით!

ისევ საათს დახედა.

– ახლა კი წავედი. იმედია, კი დევ შევხვდებით.

* * *

მას შემდეგ რამდენჯერმე კიდევ ვცადე გოგოსთან დარეკვა. სატელეფონო სადგურზე მითხრეს, ნომერი გამორთულიაო. შინ მივაკითხე, მაგრამ ვერაფრით დავადგინე, ისევ ცხოვრობდა თუ არა იქ. უბის წიგნაკიდან ფურცელი ამოვხიე, ბარათი დავუწერე და კარზე დამაგრებულ ფოსტის ყუთში ჩავაგდე. პასუხი არ მიმიღია.

მეორედ რომ მივაკითხე, კარზე უკვე სხვა სახელი და გვარი ეწერა. დავაკაკუნე, კარი არავინ გამიღო. მეტი აღარ მიძებნია. ეს იყო თითქმის ერთი წლის წინათ.

ის გაუჩინარდა.

* * *

დილ-დილაობით ისევ დავრბივარ. დღემდე არც ერთი ფარდული არ დამწვარა. არათუ ჩვენთან, მთელ ოლქში არ ყოფილა რაიმე მსგავსი შემთხვევა. ისევ დადგა დეკემბერი, ისევ აწრიალდნენ ზამთრის ჩიტები. მე კი ვბერდები. დრო და დრო, შუაღამისას ალმოდებულ ფარდულებზე ვფიქრობ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button