ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ჩემი ბავშვობის სკოლა

პატარობისას სოფელში ვსწავლობდი, ჩვენს სოფელში ორი სკოლა იყო – ზევითსკოლა და ქვევითსკოლა, ზევითსკოლა – დიდი, ქვევითსკოლა – პატარა. პატარა სკოლაში პატარები დავდიოდით.

დილაადრიან, რვა საათზე, პირველ ზარს დარეკავდნენ. ამ ზარით გვატყობინებდნენ, აბა, ბავშვებო, მოემზადეთ და წამოდითო. ჩვენც, ბავშვები, ჩავაწყობდით ჩანთაში წიგნებს და რვეულებს, ჩავუჭყუნავდით გვერდით ვაშლებსა და მსხლებს, დავიჭერდით სამელნეს ხელში და დავეშვებოდით თავქვემიმავალ ორღობეებში.

სკოლა წისქვილის არხის პირას იდგა, შემაღლებულზე. აქეთ სკოლა იდგა, იქით, ხევს გაღმა – დანგრეული ეკლესია. არხის ქვემოთ ვენახები და ივრის ჭალა იყო, ივრის ჭალის მერე – გრძლადგაწოლილი უტყეო გორა. გორაზე ავტომობილები მიმოდიოდნენ.

სკოლას სულ ოთხი ოთახი ჰქონდა, ოთხი კლასი. ერთი პატარა ოთახიც იყო, სამასწავლებლო. იქ, ასე მახსოვს, ყოველთვის სასიამოვნოდ ღუდღუდებდა ღუმელი. ჩვენი იქ შესვლა არ შეიძლებოდა. დაიწყებოდა გაკვეთილი, ჩამოვარდებოდა სიჩუმე – დავშოშმინდებოდით, დავწყნარდებოდით ბავშვები, ვისხედით და ბარტყების თვალებით შევყურებდით მასწავლებელს, მაგრამ ბუზის გაფრენას გაიგონებდითო, ასეთი სიჩუმე არასოდეს არ იყო. გარედან ყოველთვის სხვადასხვანაირი ხმები შემოდიოდა, გაზაფხულზე, მაისში, არხის პირას გაყოლებულ კაკლებზე მოლაღურები გადასძახოდნენ ერთმანეთს, შემოდგომაზე – ჯაფარები, ზამთრის პირას და ზამთარში ყვავები, დააღებდნენ ყვავები პირს და იყო ერთი – ყვაა, ყვაა, ყვაა! ფანჯრებიდან ისიც მოჩანდა, როგორ ანაცვლებდნენ ის ყვავები კენწეროებზე ფეხებს.

გაზაფხულზევე, მაისში, მერე სექტემბერშიც, დაირეკებოდა თუ არა დიდი შესვენების ზარი, მაგარი ბიჭები საბანაოდ ჩარბოდნენ არხზე. მასწავლებლები წყრებოდნენ, ამიტომ ბიჭები ზემოთ ადიოდნენ და იქ ეშვებოდნენ თავდაყირა წყალში. ვისაც მასწავლებლები შეატყობდნენ, უბანავნიაო, გაკვეთილს ჰკითხავდნენ და ორიანებს უწერდნენ. მაგარი ბიჭები მაინც თავისას არ იშლიდნენ, ისინი დღესაც კარგად მახსოვს: ჯაბალა, ბაბაჯანა, პროკონა, ქშუვა… ერთიც იყო, ერთი ყველაზე მაგარი ბიჭი – ღაჭუნა. ვნახავდით და ამ ღაჭუნას გამოაგდებდნენ გაკვეთილიდან. ის კიდევ – წავიდოდა, გაჩერდებოდა შემაღლებულზე, ისე, რომ ფანჯრებიდან კარგად დაენახათ ბავშვებს, იდგა და აღაჭუნებდა ყბებს, რა ედო, არ ვიცი, აქლემივით კი ააქაფებდა ხოლმე პირს. გამოუდგებოდა სკოლის დარაჯი ტაკვია იოსება სახრით, მაგრამ ვერასოდეს ვერ ეწეოდა. თებერვალსა და მარტში ვენახებიდან გრძელი სიმღერების ხმაც მოდიოდა. წინათ, ჩემს პატარაობას, ხშირად მღეროდნენ ვენახებში. შეიკრიბებოდნენ სამნი ან ოთხნი, ან უფრო მეტნი, თან ბარავდნენ და თან მღეროდნენ, ახლაც მოწკრიალებს იქიდან ერთი სიმღერა: „აარალალოო, შენ ბიჭო ანაგურელოო…“ ეს ბარვისას, სხვა დროიდან მახსოვს – „არსენა რომ დაიჭირეს, დილა იყო მშვენიერიო“. ეს „არსენას სიმღერა“ აჩქარებით იმღერებოდა. ამბობენ, ერთი ჩვენებური, ხეჭრელა, თურმე ვენახს სწამლავდა და ისე გართულა ამ სიმღერით, ნახევარი სხვისი ვენახი შეუწამლავს.

მასწავლებლები გვასწავლიდნენ ძალიან კარგ რამეებს. ქართულის მასწვლებელი გვსწავლიდა: „შვლის ნუკრის ნაამბობს“, „ამოდის, ნათდებას“, „მაგდანას ლურჯას“, „ღვინია გადაიჩეხას“; არითმეტიკის მასწავლებელი – წილადებს, წილადების შეკრებას, გამოკლებას, გამრავლებას, გაყოფას. კიდევ – გამოყვანილი მაგალითების შემოწმებას. რა კარგი იყო, რომ შევამოწმებდით და სწორი აღმოჩნდებოდა ჩვენი პასუხი! ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გვასწავლიდა – მთებს, ტყეებს, მდინარეებს, ტბებს, დავყავდით ექსკურსიებზედაც. ვიყავით ჩვენს გორაზე, მის კალთებზე, თხემზე. მერე ჩავეშვით ტყეში, ვნახეთ, როგორი იყო მცენარის ბოლქვები. ბოლქვები ჰქონდა ყოჩივარდას, თეროს, ძაღლნიორას. იას – არა. იას ფუნჯივით ჩამოშვებული ფესვები აქვს, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმავე გვაჩვენა ადამიანის ჩონჩხი და მიკროსკოპი. დაუდებდი მიკროსკოპს თმის ღერს, ჩაიხედავდი შიგ და ის თმის ღერი ჯოხის სიმსხო ჩანდა.

ზამთარში, თოვლს რომ ჩამოჰყრიდა, ჭალაში გამოდიოდნენ მონადირეები. როგორი გასაძლებია მერხზე? დაბლა ყეფით მიქრიან მეძებრები, მისდევენ მონადირეები ძახილით -ნააჰ! ნააჰ! ნააჰ – ხან აქ გავარდება თოფი, ხან იქ. შენ კიდევ იჯექი და ერთხელაც არ გადაიხედო დაბლა.

დიდ თოვლს რომ დადებდა და მოყინავდა, იქვე, სკოლის გვერდზე, ხევში, დავასიპებდით არხისკენ ჩამავალ გზას და იყო ერთი სრიალი და კოტრიალ-კოტრიალი, გოგოები ბიჭებზე მონდომებით სრიალებდნენ, ოღონდ ისინი – წიოკობით, ხანდახან რომელიმე მასწავლებელიც კი დაცურდებოდა ხოლმე. ხანდახან მასწავლებელიც წაიქცეოდა, მაშინ აღარ ვიცოდით, რა გვექნა, გაგვცინებოდა თუ არა.

საკლასო ოთახში ხურდა თუნუქის ღუმელი. ვინც იმ ღუმელთან ახლოს იჯდა, ბედნიერი იყო. ბუნებისმეტყველების მასწავლებელი გვასწავლიდა სიმღერასაც. გვასწავლიდა ერთ სიმღერას – „ჩუხჩუხით ჩამორბოდა“… ვერ იქნა და ვერ კი გვასწავლა, როგორც თვითონ უნდოდა, მაგრამ არ გვიწყრებოდა. შლიდა და აქნევდა ხელებს, მერე მივიდოდა ღუმელთან, შემოაწყობდა იმ ხელებს მილზე და ნაღვლიანი თვალებით გვიყურებდა ყველას.

ნისლი რომ იყო და იმ ნისლში მაღლიდან გადახედავდი ჩვენს სკოლას, გეგონებოდა, მშვენიერ ოცნებაში ხდებოდა ყველაფერი.

ადიოდა სწორად და ნისლს უერთდებოდა კვამლები. იმ კვამლებს ასდევდა ბარტყებივით პირდაღებული ბავშვების სიმღერა „ჩუხჩუხით ჩამორბოდა“… გეგონებოდა, ერთი მონდომება, ერთი გარჯა, და მოსდებდა თოკს კაცი იმ სკოლას თავის ბავშვებიან-კვამლებიანად, აიკიდებდა და წაიღებდა თოვლში. ქვეყნიერება მაშინ იყო დიდი, სკოლა – პატარა. ახლა, პირიქით, ქვეყნიერება დაპატარავდა, სკოლები გაიზარდა. ქალაქად თუ სოფლად ახლა სულ დიდი სკოლებია. იმ სკოლებს რომ უახლოვდები, არც ერთზე არ იფიქრებ, იმას თუ ვინმე ადგილიდან დაძრავს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button