რევაზ ინანიშვილი – ჩემი საწყალი სიყვარული
სიტყვასიტყვით, ჩაუსწორებლივ, ყოველგვარი განმარტების გარეშე ვათეთრებ ჩემს ახალგაზრდულ ჩანაწერს:
„თორმეტში, შაბათს, აქ, ჩემს სოფელში მესტუმრა ჩემი ქალაქელი მეგობარი ო-ა. იგი მიმტკიცებდა, – თვითონ ძალიან გულისხმიერი და სათნო კაცი, მაგრამ ხანდახან მეტისმეტად ახირებული, – სიყვარული ადამიანების მოგონილია ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, როგორც, ვთქვათ, თმის ვარცხნილობა, ანდა კოსტიუმის მოდა, და რაც უფრო მალე განთავისუფლდებიან მისგან და დარჩებიან ისეთნი, როგორებიც ბუნებამ შექმნა, – მხოლოდ არსებობისათვის მცდელნი, ყველგან და ყველაფერში გათვლაზე დამყარებულნი, – მით უკეთესი იქნება მათთვისო.
მე, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო აზრს ვადექი, ესე იგი, იმ აზრს, რასაც ადამიანთა უდიდესი ნაწილი ადგას, სუფრაზედაც სულ ამას ვღიღინებდი, – „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ“, – მაგრამ გულიგულში მაინც ეჭვის ჭია მღრღნიდა, – იქნებ მართლაც ასეა, იქნებ კაცობრიობა მართლაც მალე უნდა განთავისუფლდეს ამ ტკბილმწარე ბანგისგან, რომელსაც ხშირად მეფე მონის ყმად უქცევია, ბრძენი კი გაგიჟებულივით ურბენინებია ტყე-ველად. განა ჩვენ გვერდითაც სწორედ ის ადამიანები არ აღწევენ წარმატებებს, რომლებიც ყველაფერს ივიწყებენ, გარდა თავიანთი მიზნებისა, რომლებიც გულგრილად გასწევენ ხოლმე გვერდზე სხვებს, რათა პირველებმა მათ გაიარონ ვიწრო გასასვლელში?! არ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, ვიკავებდი თავს, მაგრამ ბოლოს მაინც ცუდ გუნებაზე დავდექი; განსაკუთრებით მაშინ, როცა ო-ა სადგურში ჩავაცილე, ქალაქისაკენ მიმავალ მკაცრად შეკრულ მატარებელს გავაყოლე, – ავიდა ვაგონის ჩაშავებულ კარში პატარა, როგორღაც დათრგუნული, – გამოვბრუნდი და სრულიად მარტო დავრჩი მშვიდი ცის ქვეშ ჩაყუჩებულ გორაკებსა და ველებში. მე ეს ძეძვშეფენილი გორაკები და ჯეჯილებად დავარცხნილი ველები ძალიან მიყვარს; გამორჩევით – ამ დროს, აპრილის მეორე ნახევარში, როცა ჯეჯილი თითქმის მუხლამდეა წამოზრდილი, ძეძვებს გამოაქვთ ნარინჯისფერი გამჭვირვალე ფოთლები, ლბილია, მიბუნდოვანებულია ყველაფერი სილურჯემდე მისული სიმწვანით. ისე მეჩვენებოდა, თითქოს სამუდამოდ უნდა გავშორებოდი აქაურობას.
ნაღვლიანი შემოველი მაყვალწყლის ხევში, და იქ უცბად შევჩერდი. მელას ხმა მომესმა. მელას ხმა, წკმუტუნი და ხავილი, სხვა დროსაც ბევრჯერ გამიგონია, მაგრამ ეს ძახილი სულ სხვანაირი იყო. – ბაა! – ამოიძახებდა აშკარად უმწეო, შეწუხებული ნადირი, წავიდოდა ხმა, მიიკარგებოდა სადღაც და მხოლოდ ამის შემდეგ მიადევნებდა მეორე ძახილს, თან უფრო გულსაკლავს. ამ გულსაკლაობას ის უფრო აძლიერებდა, რომ მზის ჩასვლის ხანი იყო და ყოველ შემაღლებას თუ ჩაღრმავებას მუქი, სევდიანი ჩრდილი გასჩენოდა.
შინ არ მეჩქარებოდა, არც მუხლები მემძიმებოდა და გადავუხვიე ბილიკიდან, – იქნებ თვალი დავკრა, საინტერესოა, რა აწუხებს-მეთქი მელას. ავიარე ძეძვნარი ფერდო, წამოვუარე ხევს ზემოდან, ჩავედი, ჩავიდაბლე, ვეძებე ბუჩქებში, გაკანკულმა, სუნთქვაშეკრულმა, და ბოლოს დავინახე. დაყუნთულა გამხდარი, წვრილი, დიდყურება, გვერდებზე ბეწვი რამდენიმე ადგილას თეთრად გამოსჩენია, წინ უდევს მკვდარი, მთლად პატარა, მუცელგაბერილი ლეკვი, და დროგამოშვებით იძახის: – ბაა! ბაა! – დაიხარა, წაავლო ქეჩოში პირი, აიყვანა, როგორც კატა აიყვანს ხოლმე თავის კნუტს, წამოვიდა და წამოიღო პირდაპირ ჩემკენ, თავაღებულმა, მგონია თვალებდახუჭულმა.
მე უნებურად გადავდგი ნაბიჯი უკან. ის შედგა, მიბრუნდა და ნელა შევიდა გვერდით მდგარ ბუჩქებში.
ისედაც ცუდ გუნებაზე მყოფი, მთლად მომშალა ამ უცნაურმა გამოცხადებამ, ნერვიულად აკანკალებული იქვე ჩავჯექი და ვიჯექი ასე……
მერე მოვიკრიბე ძალა, ავდექი, ავედი ზევით, ხევთან მომდგარი გორაკის თხემზე, და ვიყურებოდი იმ მხარეს, საითაც მატარებელი წავიდა.
მზე უკვე ჩასული იყო, დასავლეთის ცა წითლად ღუდღუდებდა, სიწითლეს შერეოდა მურა ფერიც, ამ მურა-წითელი ფერის ანარეკლი დაჰფენოდა ბრტყლად გაშლილ მოლურჯო დედამიწას, მატარებელი აღარ ჩანდა, მის გზაზე მიდიოდნენ, თითქოს მირბოდნენ შავი ბოძები – ჯერ კანტიკუნტად, მერე – ხშირად, მერე მთლად ერთმანეთს მიჯრილნი.. ვიცოდი, რომ იმ ბოძებთან ერთად გარბოდა კიდევ უფრო დაპატარავებული და დათრგუნული ო-ა. „მე არსად არ ვარ გამქცევი, ო-ა, მე ჩემს საწყალ სიყვარულთან ვრჩები, ჩემს საწყალ მელებთან, ჩემს საწყალ ძეძვებთან“, – ვთქვი ერთი ეს, გამოვბრუნდი, მაგრამ შინ არ გამოვჩქარებულვარ, ხშირი მუქი ბალახი ამოვირჩიე, ჩავწექი იმ ბალახში და გაშლილი ხელებითა და მარცხენა ლოყით დავეხუტე მიწას.
იმ წამსვე ვიგრძენი, რომ მოვიდა წმინდა, კეთილი, სხეულის ყოველი ნაკვთის, ყოველი ნერვის დამამშვიდებელი, დამასვენებელი, უჩინარი, უსახელო შუქი“…
სულ მცირე შენიშვნა: ამის შემდეგ ახალგაზრდული გამბედაობით ახსნილი მაქვს იმ შუქის რაობა, მაგრამ დღეს ისეთ გულუბრყვილობად მიმაჩნია ესევითარი მსჯელობა, გადმოწერად არ ღირს.