ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ცირკის მასხარა ვენახში

გავიდა მამა კარის ვენახში. ჩარაზა შიგნიდან კუტკარი. მიდის. ჯერ ალუბლების ძირას გაიარა თავდახრილმა, მერე ვაშლისა, მერე შევიდა ვეება კაკლის ქვეშ. კაკლის ზროს (ძირს) ორი კაცი ვერ შემოუწვდენს ხელებს. ჯერ მხოლოდ სამ ტოტად არის გაყოფილი, მერე ის სამი ტოტიც სამ-სამად მაინც იყოფა, ადიან მაღლა და წვრილი ტოტებით და ხშირი ბრტყელი ფოთლებით ისეთ ვეება მწვანე გუმბათს ქმნიან, პაწაწინა ბრჭყვიალებად თუ გამოსჭვივის შიგ მზის სხივები.

კაკალზე თოხი ჰქონდა მიყუდებული მამას. აიღო ის თოხი, გავიდა კაკლის ქვეშიდანაც, ზემოთ არის ასასვლელი, წყალი უნდა გადმოუშვას და ვენახი მორწყას. შევიდა დიდი კეხურა ვაშლის ქვეშ და, – ჭოოტ! ჭოოტ! – მოესმა ჭოტის ხმა – დღისით, მზისით. აიხედა მამამ, ეძება, ეძება, ჭოტი მაინც ვერ დაინახა. ის იყო, გზა უნდა გაეგრძელებინა და ისევ, – ჭოოტ! ჭოოტ! უფრო გულმოდგინედ დაიწყო თვალიერება. ვაშლის ტოტებთან ღობის იქით მდგარი თელის ტოტებიც არის გადმოწვდილი. უყურებს იმ თელის ერთ ტოტს და იცინის, იცინის. მერე დაიძახებს.

– ბიჭებო! ბიჭებო!

მისი ბიჭები ამ დროს ეზოში ძაღლს ეთამაშებოდნენ, უფროსი – კუდით გულაღმა მწოლიარეს. ძაღლი მაინც ხმას არ იღებდა, პირიქით, თითქოს სიამოვნებდა კიდეც, თითქოს სიცილითაც კი აკაპუნებს კბილებს. უმცროსი ბიჭი ეჩხუბებოდა უფროსს, მომეცი კუდი ახლა მე, ახლა მე ვათრიო ძაღლიო. მამის ძახილი რომ შემოესმათ, გაჩერდნენ.

– ბიჭებო, ბიჭებო! – ისევ იძახდა მამა.

– ბატონო! ბატონოო!

– ჩქარა! ჩქარა! აქ მოდითო!

ბიჭებმა ძაღლს თავი დაანებეს და გაიქცნენ. ძაღლი წამოხტა, ერთი გაიძაგრა, ტანი დაიბერტყა და ისიც ბიჭებს დაედევნა.

– რა არის, მამა, რა!

– მოდით, მოდით! შეხედეთ!

მიირბინეს ბიჭებმა, თვალი გააყოლეს მამის გაშვერილ თითს და ჯერ გაოცებულებმა ამოიძახეს, – ეე! მერე სიცილი დაიწყეს, მერე ხარხარი აუტყდათ, მერე ვეღარ გაუძლეს ფეხზე ხარხარს, ბალახებში გაგორდნენ, გაგორებულებიც იყურებოდნენ მაღლა და ხარხარებდნენ, მუცელზე ხელებს იჭერდნენ. ნახა ძაღლმა, ბიჭები რომ გორაობდნენ და ისიც გაგორდა, ჰაერში ათამაშებდა ფეხებს.

გაიგეს ამ ბიჭების ხარხარი მეზობლის ბიჭებმა, ზოგი საიდან გადმოხტა, ზოგი საიდან ამოძვრა.

– შეხედეთ! შეხედეთ!

დაინახეს იმათაც ჭოტი და მოჰყვნენ ისინიც ხარხარს და გორვას.

გაიგო დედამ ეს ხარხარი და ალიაქოთი, დააგდო ცოცხი, ისიც გამოიქცა, მოირბინა ვაშლთან, იყურება მაღლა და ისიც იცინის, იცინის…

– რა ამბავიაო, კაცოო! – პაპამ. ისიც წამოვიდა ლურჯ წინსაფარზე ხელების წმენდით.

– აიხედე, პაპა, აიხედეო.

აიხედა პაპამ, იყურა, იყურა.

– მე ვერაფერს ვხედავო.

– ჭოტი, პაპა, ჭოტი! ნახე, როგორი თვალებით იყურებაო!!

დაძაბა მზერა პაპამ, უფრო დაძაბა და იმასაც სიცილი აუტყდა.

– ეგ მაიმუნისა, ეგაო! ბარტყია და იმიტომ არის ეგეთი სასაცილოო.

თელის ხმელ როკზე პატარა ჭოტი იჯდა. ყურები თაგვივით ჰქონდა აცქვეტილი, დიდი თვალები – ერთი მაღლა ჰქონდა აბრეცილი, მეორე დაბლა, პირს ატოკებდა, თითქოს კანფეტს წუწნის ჩქარ-ჩქარაო, წაიღებდა მოწყვეტილივით ფამფალა თავს უკან, ზედ ბეჭებს შუა დაიდებდა ნისკარტს, ისევ მოიხედავდა და ახლა მეორე თვალს ააბრუნებდა მაღლა, ორივე თვალს აფახულებდა სასაცილოდ, პირსაც ისევ ატოკებდა ჩქარ-ჩქარა, თითქოს ბიჭებს ეუბნებოდა:

– აბა, თქვენც გააკეთეთ ეგრეო!

ბიჭები ბაძავდნენ, მაგრამ კარგად ვერ გამოსდიოდათ და ისევ გორაობდნენ სიცილით. დედაც კი ჩამჯდარიყო ბალახებში.

უცებ ხმელ როკს გორახი მოხვდა. ბიჭები ერთმანეთს აბრალებდნენ, – არა, შენ ესროლე, არა, შენო. აფრინდა ჭოტი და შეფრინდა კაკლის ხშირ ფოთლებში. იქაც ეძებეს ბევრი, მაგრამ ვეღარ იპოვეს. ჭოტი თითქოს თავის სახლში შევიდა და კარები მოიხურა.

მამამ თქვა:

– მორჩა, დამთავრდა ცირკი, წაგვივიდა მასხარაო.

პაპამ კი ეს უთხრა ბიჭებს:

– რა მაიმუნებიც თქვენა ხართ, ის მაიმუნიც ეგ ჭოტის ბარტყი იყო. დედას ბუდეში სძინავს, ეგ ონავარი კი დაფრინავს და დამაიმუნობსო.

მაგრამ ცირკი არ დამთავრებულა. ბიჭები სულ ამას ცდილობდნენ, ბეჭებამდე მიეტანათ ცხვირები, თვალები კიდევ – ერთი მაღლა აებრუნებინათ, მეორე დაბლა დაეხარათ. უყურებდნენ ერთმანეთს და ახლა ამაზე იცინოდნენ, ბჟირდებოდნენ სიცილით.

ბიჭების გაცინებას რა უნდა! მით უფრო – თუკი თვალებში შეჰყურებთ მათი ჭკუის, გაკვირვებისგან პირდაღებული ძაღლი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button