ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – წალო

აქ ღუმელი გვედგა, აქ – პურის კარადა, აქ – მაგიდა. ამ მხარეს იჯდა ხოლმე პაპა, ტახტის ბოლოში, გაღიმებული, წელში გამართული, მაგიდაზე ხელებდაწყობილი. ხელები ჰქონდა, – აუჰ, რა საინტერესო ხელები აქვთ მევენახეებს! – ხმელი, ხმელი, თითებმოკაუჭებული, ნაოჭებში საფერავის ჭაჭაჩამკვდარი. შემოდგომიდან გაზაფხულამდე ეგეთი – საფერავით შეღებილი, გაზაფხულიდან შემოდგომამდე კიდევ შაბიამნით გამწვანებული.

ტახტი გრძელდებოდა, აი, აქამდე, ამ ფანჯრამდე. ზედ იყო გადაფარებული დაძველებული, მაგრამ მაინც ლამაზი ფარდაგი, წითელგულიანი, აქეთ-იქიდან ყომრალბატკნებგაყოლებული. აქ, რაფის ძირში, ყოველთვის იდო ზოლიანი გრძელი მუთაქა. ჯერ იმ მუთაქაზე შევდგებოდი და მერე ისე ავდიოდი რაფაზე. შეხედე, როგორ არის დაკეჭნილი ფიცარი, რამდენი თაობის ბავშვებს უკაკუნებიათ ზედ!

ტახტი, აი, აქამდე მოსული სიგანით, ჩვენ გვეკუთვნოდა, – მე და ბებიას. დაუკვირდი, რა კარგადაა ყველაფერი! – ღუმელიც აქვე. დილით რომ გაახურებდნენ, პირდაპირ ლოგინიდან ვუშვერდი შიშველ ფეხებს, წალოც აქვე, ფანჯარაც აქვე, ვიჯექი ხოლმე ცუდ ამინდში ამ რაფაზე და გავიყურებოდი გარეთ. გარეთ, აგერ იქ, საბურავები რომ ყრია, მიწური გომური იყო. შიგ ჭკვიანი, ძალიან კეთილი ძროხა და იმისი ბეწვგაბუებული ხბო იდგნენ. ზამთრობით, ყინვებში, კარის ღრიჭოში ან ძონძები ჰქონდა დაჩურთული, ან წმინდა ბალახი. მაინც ორთქლი გამოდიოდა ხოლმე დილდილობით. აქეთ, ხელმარჯვნივ, ნაკელის გროვა იდგა. ავიდოდა იმ გროვაზე დიდი წითელი მამალი და ყიოდა. ქვემოდან, – აი, ისინი, კაკლებია, – იმ კაკლების ქვემოდან წვრილი, მაღალი კვამლი ამოვიდოდა და სულ მეგონა, რომ იქ ვიღაცა უცხო ტომის ხალხი ცხოვრობდა.

მაგრამ ყველაზე კარგი მაინც რა იყო, იცი, ამ სახლში? – აი, ეს წალო, სალოგინე. ახლა წალო განჯინად არის გადაკეთებული. შეხედე, რეებით არის გამოვსებული, – კომპოტები, მურაბები, მწნილები, საწებლები! წინათ სულ მთლიანი იყო, უამთაროებო, სუფთა, სუფთა გაჯით გამოლესილი, გამოპრიალებული, და შიგ მზეზე ხშირად ნამყოფი ლოგინები ეწყო. არ ვიცი, რით იყო გამოწვეული ეს, – შეიძლება იმით, რომ ოთახში მაღლა ყოველთვის უფრო თბილა, ანდა იმით, რომ ბავშვებსაც უყვართ მიმყუდროება, თავის საკუთარ სამფლობელოში ჩაკეტვა, – ეს წალო ძალიან მიყვარდა. როგორც კი შეცოტავებულს დავინახავდი ლოგინს, ავბობღდებოდი, ავიდოდი ზედ, ლოგინების თავზე და აღტაცებული ავქანდებოდი და დავქანდებოდი. ამაზე უფროსები წყრებოდნენ, – მოვედი მანდ, მოვედით! – მაშინ ჩამოვიფარებდი ფარდას, დავწვებოდი, დავხუჭავდი თვალებს და მივეცემოდი ნეტარებას, წარმოიდგინე, თითქმის ბნელში! ხშირად იქვე დამეძინებოდა და, რომ ჩამომიყვანდნენ, ისევ მაღლა მივიწევდი. ვთქვათ, აქამდე ლოგინები იყო, რაღა რჩებოდა სიმაღლეში, – ერთი, ორი, სამი, ჰაი-ჰაი, ცოტა მეტი, სიგანეც – ერთი, ორი, სამი, ოთხი, ოთხი მტკაველი. წინ კი თეთრი მიტკლის ფარდა. სულ ეს იყო ჩემი საოცნებო სამფლობელო. და მაინც – რა მეჩვენება დღეს, იცი? – მეჩვენება, რომ მე მაშინ დიდი ვიყავი, დიდი იყო ირგვლივ ყველაფერი: ეს ოთახი, ეზო, უბანი, – უამრავ რამეს იტევდა აქაურობა. შემდეგ და შემდეგ კი დავპატარავდი. დაპატარავდა ოთახიც, ეზოც, უბანიც, მთელი ქვეყნიერებაც. მე ახლა მთლად პატარა ვარ, ვეღარსად ავდივარ და ვეღარაფერს დავყურებ მაღლიდან. ძალიან ვცდილობ, რომ ასე არ იყოს. ვიჯგიმები, ვფაფხურობ, რაღაცებს ვეწვდები, მაგრამ არაფერი გამომდის

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button