ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – თოთიაურების კუნძული

I

არის ერთი პატარა წყალი, ძაღლუაანთ ხევი. არავინ იცის, ვინ იყვნენ ეს ძაღლუაანი, სად ცხოვრობდნენ, როდის, რაღა მაინცდამაინც მათი სახელი დაერქვა ამსიგრძე წყალს, რომელიც რამდენიმე სოფელს გაივლის, მაგრამ ერთი ცხადია, სულაც რომ აღარ იყვნენ ქვეყანაზე ძაღლუაანი, მათი სახელი სამარადჟამოდ იარსებებს ამ ხევის წყალობით.

მოდის ეს ძაღლუაანთ ხევი მაღალი მთიდან. ჯერ იმ მთის ძირის პატარა სოფელს ჩამოუვლის გვერდით, მერე მეორე სოფელს ჩამოსჭრის თითქმის შუაზე, იქიდან გამოსულს, უსახელო ხევი შეერთვის, ამის შემდეგ კი, უფრო გაზრდილი, მოღონიერებული, ძველსოფელში შემოდის. ძველსოფელში ერთ ადგილას ორად იყოფა, პატარა კლდე ჰყოფს ორად. ერთი ტოტი მარჯვნივ წავა, მეორე – მარცხნივ. გაივლიან ასიოდე მეტრს და ისევ შეერთდებიან. ამ ტოტებშორის ლამაზი კუნძულია დარჩენილი, რომელზედაც ათადან-ბაბადან თოთიაურები ცხოვრობენ და ასეც ეძახიან – თოთიაურების კუნძული.

რაც მე თავი მახსოვს, კუნძულის პატრონი ხოხონა თოთიაური იყო. კარ-მიდამო სულ შემოღობილი ჰქონდა: ეზო – ფიცრის მესრით, ეზოს ქვემოთ, დაბურული ხილნარი – ძეძვის ღობით.

ეზოში, წყლის მარჯვენა ტოტთან, ვეება ვერხვი დგას. ის ვერხვი, ალბათ, კიდევ უფრო დიდი ხნისა იქნება, ვიდრე დაძველებული, თაღოვანსარკმლებიანი სახლი. ზროზე ორი კაცი ძლივს შემოუწვდენს ხელს. ასულია ვერხვული სიჯმუხით, კანდაშაშრული და ნუჟრებდაყრილი. ცხენიანი კაცის ხელშესაწვდენზე გატოტვილია აქეთ-იქით, ტოტების დიდი ნაწილი გადმოხრილია წყლისკენ და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტოტი ხმელი აქვს, მაინც ბუმბერაზულად გამოიყურება, ბუმბერაზულად და ჯანსაღად.

სიცხეში, საღამოობით, ვერხვის ძირას ჯდომას არაფერი სჯობს. თოთიაურ ხოხონას მესერს აქეთ, წყალზე გადმოკიდებულ კბოდესთან, ძელსკამი ჰქონდა გამართული. გამოვიდოდნენ ისა და მისი „კნეინა“ თავთუხა და დასხდებოდნენ კოხტად. თოთიაურს ჯოხი ჰქონდა ჩადგმული წინ, ნაჯაფარი დიდი ხელები ზედ ეწყო. დაფიქრებული დაჰყურებდა წყალს, მისი „კნეინა“ თავთუხა კი ართავდა, აბზრიალებდა თითისტარს ქაშანურის ჯამში და თავზე მაღლა მიჰქონდა მატყლის ფთილა.

– გამოდით, ხალხნო, უბანშიო! – ხან ვინ გასძახებდა, ხან ვინ, მაგრამ თოთიაურები ვერხვის ძირიდან ფეხს არ იცვლიდნენ. – მაშა! წეწიკო თამარას რატრატში გავცვლი ამ წყლის რუკრუკს და ჩემი ვერხვის შრიალსო! – იტყოდა ხოხონა და, დიდი-დიდი, ჯოხისთვის გადაენაცვლებინა ადგილი.

მართლაც, ზაფხულის სიცხეებში ხომ კარგი იყო ვერხვის ძირას მესერთან ჯდომა, შემოდგომას და გაზაფხულზედაც არ იყო ნაკლები. მოდგებოდა მშვენიერი მზისგული, თბებოდნენ იმ მზისგულზე და თითქოს ყურს უგდებდნენ – გაზაფხულზე ფუტკრების პუტუნს (მთელი სოფლის ფუტკრები სულ იმ ვერხვიდან ეზიდებოდნენ სადინდგლე ღალას), შემოდგომაზე კი – ყვითელი ფოთლების ჩამოცვენის ტკაპატკუპს.

ზამთარში, თოვლი რომ მოვა, მაშინ ხომ მთლად ლამაზია თოთიაურების ვერხვი. შეიფუმფლება ხან ჭირხლით, ხან ფაფუკი თოვლით და, ფართოდ გადაშლილი, დაგუმბათებული, ტოტებძირსჩამოწვდილი, ისეთ სიმშვიდეს ამეფებს ირგვლივ, სულ გინდა, ჩუმად ილაპარაკო, – ვაითუ ჩემმა ხმამ ჭირხლი და თოვლი ჩამოყაროსო.

და მაინც ერთი გამორჩეული რამ იცოდა ვერხვმა – ჭოტი. ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულის შებინდებულზე მოფრინდებოდა (თუ იქვე ცხოვრობდა, ვერხვზე, რომელიღაც ფუღუროში, და ფუღუროდან ამოდიოდა), შებინდებულზევე დაიწყებდა და, სანამ მეორე დილას კარგად არ მოდღევდებოდა, გაიძახოდა:

– ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ!

ზაფხულში თოთიაურების კუნძულზე ბავშვებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე. ისინი მშობლებს, თოთიაურების შვილებს, ქალაქიდან ჩამოჰყავდათ. იყვნენ ერთ-ორ თვეს, მოახლოვდებოდა სექტემბერი და წავიდოდნენ. რჩებოდნენ ისევ მარტონი თოთიაური ხოხონა და იმისი ცოლი თავთუხა.

თოთიაური თითქოს სულ გაბრაზებული იყო. გაბრაზებულივე მუშაობდა და იმ სიბრაზეში მარცხენა თვალი ავად ეჭუტებოდა. თავთუხასაც სულ რაღაც აწუხებდა. დადიოდა და თავისთვის დალაპარაკობდა: – ჩაქრით, ჩაიქოლეთ! – ვიღაცებს და რაღაცებს აქრობდა და ჰქოლავდა. იყო კუნძულზე კიდევ ერთი სულიერიც (ის როგორ დაგვავიწყდება!), დიდი ბომბორა ძაღლი, ფარეხა. გამოვიდოდნენ თოთიაურები საღამო ხანზე მესერს გარეთ, დასხდებოდნენ ძელსკამზე, ისხდნენ, დაუწვებოდათ იქვე, ფეხებთან, მოწყენილი ფარეხა; ჩასცქეროდა წყალს თოთიაური, ართავდა მატყლს თავთუხა, თვლემდა თუ ღრმა ფიქრებში იყო ფარეხა, იჯდა ვერხვის რომელიღაც ტოტზე ჭოტი და იძახდა გამოზომილად:

– ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ!
II

ერთ ზამთარს თოთიაურმა გარეთ გამოსვლას უკლო. თავთუხა თუ გადმოვიდოდა მეზობლებში. – როგორ არის თოთიაურიო? – ეკითხებოდნენ მეზობლები. – არ ლაპარაკობსო, – უბრალოდ იტყოდა თავთუხა. – რატომ, ქალო, რატომო? – ალბათ, ეგრე ურჩევნიაო. – ისესხებდა თავთუხა ან ნავთს, ან საფუარს და წავიდოდა.

თოთიაურთანაც გადადიოდნენ ხანდახან მნახველები. თოთიაური ტახტზე იყო წამოწოლილი. მნახველებთან წამოჯდებოდა, რაღაც უმწეოდ ჩამოჰკიდებდა ტახტიდან ღაზლისწინდებიან ფეხებს, დაუწყებდნენ გამხნევებას, – ჰა, რა იყო, კაცო, ქალი ხომ არავინ ჩაგივარდა გულში ამ სიკეთის ხანსო! – თოთიაური ძალისძალად გაიღიმებდა: – მე არ შემიძლია, ქალო, შენ დაალევინე ღვინო სტუმარსო. გამოუწყობდა თავთუხა სტუმარს ნიგოზს, მწნილს, ყველს, ღვინოს. თვითონვე დაუსხამდა ღვინოს, სადღეგრძელოსაც იტყოდა. სტუმარი სვამდა, თოთიაური მარტო ტუჩებს ადებდა ჭიქას, ეს იყო და ეს. მაისის დამდეგს კი, ერთ წვიმიან ღამეს, დაიძინა თოთიაურმა და აღარ გაუღვიძია.

– ეს საცოდავი, ეს საცოდავიო, – დასტიროდა თავთუხა, – მაშ, ერთი მაინც არ უნდა ამოეოხრა სულის ამოსვლისას, რომ გამეგო და მიმეხედნაო! მაგრამ ქვა კაცი იყო და ქვასავით ჩუმად წავიდაო. გიყვარდა, თოთიაურო, სიჩუმე და იყავ ეხლა ეგრე სამუდამოდ ჩუმადო.

დამარხეს თოთიაური დიდის პატივით შვილებმა და ნათესავებმა. დიდძალი ხალხი ჩამოვიდა ქალაქიდან. ათვალიერებდნენ თოთიაურების კუნძულს და უკვირდათ, – ვიჰ, რა მშვენიერებააო! ამ ადგილს ჩაეჭიდეთ, გაუფრთხილდითო, – ეუბნებოდნენ თოთიაურების შვილებს. – გავუფრთხილდებითო, – ჰპირდებოდნენ თოთიაურების შვილები. მაგრამ ერთი კვირის მერე მაინც ყველანი ქალაქში გაიკრიფნენ, დარჩნენ კუნძულზე თავთუხა – ჩაშავებული, ჩანაცრებული, ფარეხა – კიდევ უფრო მოწყენილი, ვერხვზე კიდევ – ჭოტი. აღარც თავთუხა იღებდა ხმას, ფარეხა ხომ ჩუმად იყო, შუაღამისას თუ ამოიყეფებდა ერთი-ორჯერ, მარტო ჭოტი განაგრძობდა თავისას: – ჭოოტ! ჭოოტ! – იძახდა დღისითაც კი.

დაუგდო ყური ერთხელ თავთუხამ, თითქოს პირველად ესმოდა, – ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ! – ცუდად ენიშნა ეს დღის ძახილი. – თოთიაური ხომ ამოიჭამე, რაღა გინდა ჩვენგან, შე თვალებდასათხრელო. ეძება ვერხვზე ჭოტი, ვერ იპოვა. იმ დღეს არა, ორი დღის მერე კი ვეღარ მოითმინა და მაღაზიასთან გავიდა. მაღაზიასთან, საიდანღაც მოგორებულ ქვებზე, ბიჭები ისხდნენ, სიგარეტებს ეწეოდნენ. დაიბჯინა თავთუხამ ჯოხი (ახლა უკვე თავთუხას ეჭირა თოთიაურის ჯოხი) და შეეხვეწა ბიჭებს:

– ბიჭებო, შვილებო, თქვენს გახარებას, ლამის გამაგიჟოს ჭოტმა. წამოდით, მომიკალით, დღისითაც კი იძახის ის თვალებდასათხრელი. ხომ ამოიჭამა თოთიაური, ეხლა რაღა უნდა ჩვენგანო!

ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ადე, ბიჭო, შენ გაჰყევიო, – ხან ერთს წაჰკრეს ქიმუნჯი, ხან მეორეს. ერთმა თქვა, ვაზნები არა მაქვსო, მეორემ – ჩემ თოფს ჩახმახი აქვს გაფუჭებულიო. ბოლოს წამოდგა წითური შოთა ღიმილით, გამოიტანა შინიდან ცალპირი „ცენტრალკა“. წაჰყვნენ სხვა ბიჭებიც. თავთუხა წინ მიუძღვით. გადავიდნენ კუნძულზე. ბინდდება. ეძება წითურმა შოთამ ჭოტი, ეძებეს სხვებმაც. ჭოტმა თითქოს რაღაც იგრძნოო, გაჩუმდა. გაჩუმდნენ ბიჭებიც. მერე ისევ ამოიძახა ჭოტმა: – ჭოოტ! ჭოოტო! – და იმ ხმაზე უქუხა წითურმა შოთამ. წამოვიდა ვერხვიდან ტრიალ-ტრიალით ფოთლები და იმ ფოთლებშორის – ერთი დიდი ფოთოლი თუ რამდენიმე ფოთოლი ერთად. ეცნენ ბიჭები, ასწიეს მაღლა და დაიძახეს:

– არის! არის!

ყველას უნდოდა, ხელში დაეჭირა საცოდავი ჭოტი – მომჩვარებული, თავჩამოვარდნილი. აჩვენეს თავთუხასაც – ამოიჭამე შენი თავიო?! – ნიშნი მიუგო თავთუხამ. ხელი კი არ ახლო. შევიდა შინ, გამოიტანა ბოთლი და ჭიქა, – მოდით, თითო არაყი დალიეთ, თოთიაურის შესანდობარიო! წითურმა შოთამ დალია, სხვებმა არა. წავიდნენ, წახორხოცდნენ, ჭოტი იმათ წაიღეს. წითური შოთა ყელმოღერებული მიდიოდა.

– ეგრე ვესროლე, კაცო, ენდეზე, და როგორ ჩამოვარდაო! – უკვირდა თვითონვე, – ალბათ, ეგ იყო მაგ ჭოტის წერაცაო.

დიდმა ბიჭებმა პატარა ბიჭებს მისცეს ჭოტი. პატარა ბიჭებმა გააქციეს, პატარა გოგოებს აჩვენეს, – საწყალი, საცოდავიო! – იძახდნენ გოგოები და ვის დარჩა ბოლოს ჭოტი, არ ვიცი.
III

დარჩნენ თავთუხა და ფარეხა მთლად მარტონი. იყვნენ ქათმებიც, ინდაურებიც, იყო კატაც, მაგრამ ისინი თავიანთთვის ცხოვრობდნენ, თავიანთი საზრუნავი ჰქონდათ. იმ ღამეს არა, მეორე ღამეს არა და მესამე ღამეს რაღაცა დაემართა თავთუხას. თითქოს დაყრუვდა, თითქოს ადრე უხილავი საათი მუშაობდა, დროს აღნიშნავდა, რაღაცებსაც ელაპარაკებოდა თავთუხას, და უცებ გაჩერდა. გაჩუმდა. ჯერ ვერ მიხვდა თავთუხა, რა ხდებოდა. წავიდა, წნევა გააზომინა, წნევა კარგი ჰქონდა. მაინც ვეღარ იყო ადრინდებურად. ხომ არა ვგიჟდები ამ სიბერის ჟამსო. ეჩვენებოდა, რომ სოფელიც გამოყრუვდა. ჩაეძინებოდა, გაეღვიძებოდა უცებ და იყო ასე, თვალებდაჭყეტილი. ისრესდა ყურებსა და საფეთქლებს. ესმოდა საკუთარი გულისცემა, გარედან შემოსული წყლის რუკრუკი, ვერხვის ჩუმი შრიალიც, რაღაც ხმა კი აკლდა. ბოლოს მიხვდა, ჭოტი აღარ იძახდა, ჭოტის ძახილი უნდოდა. ადგა და მიაწყევლა, – თვალიც გამოსთხრია და გამოეთხარა კიდეცაო. გადაიგდო გულიდან იმაზე ფიქრი. მაგრამ ცოტა ხანში დარწმუნდა, რომ ისევ ჭოტის ხმა უნდოდა, იმას ელოდებოდა. მაშინ ეს თქვა, – ეს რა ვქენი, რა ჩავიდინეო. გათენებისას ძლივს ჩაეძინა დადარდიანებულს.

იმ დღეს არა და, მეორე დღეს გავიდა უბანში. მივიდა მაღაზიასთან გამწკრივებულ ბიჭებთან, დაეყრდნო ჯოხს და დაიწყო:

– ბიჭო, შოთა, ნეტა რათ მოგაკვლევინე ის ჭოტი! მთლად გამოვყრუვდი. ერთი ხმის გამცემი ისა მყოლია და ისიც მე მოვიშორეო.

ბიჭებმა სიცილი დაიწყეს. წითურმა შოთამ უთხრა:

– თავთუხა ძალო, მეტიკიანთ ბაბე წაიყვანე, შესვი ვერხვზე და იმან იძახოსო.

მეტიკიანთ ბაბეს „ჭოტს“ ეძახიან მეტსახელად.

– შეჩვენდით თქვენაო, – შეაჩვენა თავთუხამ ბიჭები და წამოვიდა. მოჰყვებოდა მოწყენილი ფარეხაც გვერდზე. აჰყურებდა თავთუხა ვერხვს. იმასაც უსაყვედურა: – რა იყო, რა დაგემართა, როგორ ვერ დამალე ის პატარა ფრინველიო. ვერხვი გამტკნარებული იდგა.

ერთ ღამეს კი, სთვლემდა და თითქოს სიზმარში გაიგონა:

– ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ!..

გაახილა თვალი, გაფაციცდა.

– ჭოოტ! ჭოოტ! – იძახდა ჭოტი ნამდვილად ვერხვიდან.

ძალიან ბნელოდა, მაინც აიღო ჯოხი, გავიდა გარეთ, გაჩერდა კიბის თავზე. ამოუდგა მაშინვე გვერდით ფარეხა.

– ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ!.. – იძახდა ჭოტი ვერხვიდან.

თითქოს მუხლები დაურბილდა თავთუხას. იქვე, კიბის ზედა საფეხურზე ჩაჯდა. ფარეხამაც ჩაიკეცა უკანა ფეხები მის გვერდით. უბერავდა ნელი ნიავი, ფრთხილად აშრიალებდა ვერხვის ფოთლებს და იყვნენ ასე, ერთად, ბნელში: თავთუხა, ფარეხა, ვერხვი და ჭოტი. ჭოტი იძახოდა:

– ჭოოტ! ჭოოტ! ჭოოტ!

ჰო, მართლა, იქვე მირუკრუკებდა წყალიც, მარცხენა ტოტი ძაღლუაანთ ხევისა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button