ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – კატა და მე

შევედი ბაღში. დავჯექი დიდი ჭერმის ქვეშ, დავინახე წითლად დაზოლილი მზისფერი კატა.

ეს კატა წინადღეს მოვიდა ჩემთან, ჯერაც ისევ კნუტი, დახვეწილი, მსუბუქი. მთელ დღეს ჩემთან დარჩა, ხან ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული და ჩემკენ მოჩერებული, ხანაც საწოლების ქვეშ ამაყად მოარული. ღამეც ჩემთან ეძინა, ჩემს საწოლზე. მოხვეული იყო კოხტად და კუდი ცხვირზე ჰქონდა მიფარებული. თითქოს უნდოდა, მე მის სუნთქვასაც კი არ შევეწუხებინე. წყნარად, გაბმულად კრუტუნებდა. ახლა ვაშლებს შორის, მწვანეში მიაბიჯებდა. მიაბიჯებდა შეყოვნებული თვლით – ეეერთი, ოოორი… და ასე. ისედაც გრძელი, ოდნავ თავაწეული, კიდევ უფრო გაგრძელებულიყო. ფეხს მაღლა სწევდა, რომ ბალახებისთვის არ წამოედო, არ გაეტოკებინა, ასწევდა ასე და ფრთხილად ჩაუშვებდა. მის ირგვლივ პატარა თეთრი პეპლები დაფარფატებდნენ. ის ყურადღებას არ აქცევდა, რაღაცას ეპარებოდა, კიდევ უფრო შეანელა ნაბიჯი, გაჩერდა, ჩადაბლდა, კუდი ბალახებში ჩაუშვა. ახლა ისკუპებს-მეთქი, და, მართლაც, ისკუპა, დატოტვილ ფერიცვალას დაახტა. იქიდან შეშფოთებული ფრთახატულა პეპელა აფრინდა, კატამ კიდევ ისკუპა, კინაღამ მისწვდა ბრჭყალებით ფრთახატულას. ფრთახატულამ მაღლა აიწია, კატა გაწბილებული დარჩა, მაღლა იყურებოდა და რაღაცას ფიქრობდა. მერე როგორღაც გაუბედავად მოიხედა, ხომ არავინ მიყურებდაო, მე დამინახა, შეცბა, გაშტერდა. აინტერესებდა, დავცინოდი თუ არა. მე მეღიმებოდა, ხმადაბლა, ძალიან ხმადაბლა დაიკნავლა, თითქოს მეუბნებოდა, რა მოხდა, ეგ ერთი პეპელა წამივიდაო. მე ისევ მეღიმებოდა, მაშინ ცოტა ხანსაც მიყურა და აშკარად უგუნებოდ გაბრუნდა. ცოტა უფრო დაუდევრად, მაგრამ უფრო ლამაზად მიდიოდა. ყოველი ნაკვთი მიუმღეროდა. გაჩერდა, მომხედა, მე ისევ მეღიმებოდა. მაშინ შუბლი შეიკრა, თვალები მოჭუტა, სკუპ-სკუპით წავიდა, ბოლო ნახტომით ვაშლის ძირს შეახტა, ქარბორიასავით სწრაფად ავარდა კენწეროზე, მომაგრდა იქ, ჩემკენ იყურებოდა, კნაოდა, – შემომხდე, იქნებ ესე შენც გააკეთოო! მე ვითომ ვერც ვხედავდი, ჩემთვის ვქირქირებდი. მაშინ ჩამოვიდა, წამოვიდა ჩემკენ. მოდიოდა ისევ იმგვარი სიარულით, სხეულის ყოველი ნაკვთის მღერით. გაჩერდა, შემომკნავლა, – ახლა მაინც მიყურე კარგადო, – გამოქანდა, შეახტა ჭერმის ძირს და თვალის დახამხმებში ზემოდან მოექცა კენწეროს, იქიდან ჩამომხედა და ჩამომკნავლა, – გააკეთებ შენ ეგრეო? მე სიცილი ამიტყდა. – ვერა, ფისო, მაგას ვერ გავაკეთებ-მეთქი. – აბა, მაშ რაღა გაცინებსო. ჩამოვიდა რბილად, უხმაუროდ, მოვიდა სულ ახლოს და თვალებში შემომხედა, – არასოდეს არ დასცინო სხვას, ეს უწესობაა. – არა-მეთქი, ფისო, – მოფერებით გავუსვი ხელი. ბეწვი ჰქონდა თბილი და ნაზი. ფეხზე მომეყუდა, უცებ გაიცქაფა, დიდი წითელი პეპელა დაინახა. ის პეპელა კულმუხოს ფოთოლზე დაჯდა. კატა წავიდა ჩრდილივით ჩუმად, გაჩერდა, ჩაიღუნა და ისკუპა. ეს იყო დიდებული ნახტომი! მოისმა კულმუხოს ფოთლის ჩახევის ხმა. კატა წინა ფეხებთან ატოკებდა თავს. მერე გაჩერდა, მობრუნდა, პეპელა პირით ეკავა, მოვიდა ჩემთან, პეპელა წინ დამიდო, მიტრიალდა და წავიდა. მე ტაში დავუკარი, გაკვირვებულმა მოიხედა. ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ეს ტაში, და ზვიადად განაგრძო თავისი გზა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button