ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – კაცები

გოგია ხევს გამოღმა ცხოვრობს, ბახა – ხევს გაღმა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ხევს გამოღმა ბახა ცხოვრობს, ხევს გაღმა – გოგია, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის მხარეზე დავდგებით, ბახაანთი თუ გოგიაანთი, მაგრამ რაკი ჩვენ არც ბახაანთ მხარეზე ვართ დამდგომნი და არც გოგიაანთი, მოდით, ასე განვსაზღვროთ: წიგნის ფურცლის მარცხენა მხარეზე გოგია ცხოვრობს, მარჯვენა მხარეზე კი – ბახა. ორივენი პირველ კლასში დადიან, ერთ მერხზე სხედან, ერთნაირ დიდ წითელ ჩანთებს დაათრევენ და – თავიდათავი ეს არის – ერთმანეთი ძმებივით უყვართ. იმათი მამებიც მეგობრები არიან, იმათი დედებიც. თურმე ნუ იტყვით, იმათაც ერთად უსწავლიათ და ერთ მერხზედაც კი მსხდარან: მამები – ერთად, დედები კიდევ – ერთად.

ერთხელ ბახას დედამ ქალაქში წასვლა გადაწყვიტა. გოგიას დედამ თქვა: – ბახას დედა ქალაქში მიდის, მოდი, ბარემ მეც წავალ და რაღაც-რაღაცები რომ გვაქვს საყიდელი, ვიყიდიო. ჩაიცვეს სულ ძვირფასები და ლამაზები – კაბა იყო, წინდა იყო, ფეხსაცმელი იყო, – დაივარცხნეს და კოხტად დაიყენეს თმა, დაიხურეს თივთიკის თეთრი, ფუმფულა ქუდები, ტუჩებიც შეიღებეს ოდნავ, ჩასხდნენ ავტობუსში და წავიდნენ. დარჩნენ ავტობუსის გაჩერებასთან გოგია და ბახა მარტონი, გადრუნჩულები, დაკოხილები. ზოზინით გამობრუნდნენ, სულ გზისკენ რჩებოდათ თვალი. ერთხანს ერთად ითამაშეს, მერე, საღამომ რომ მოატანა, თავთავიანთ სახლებში წავიდნენ, ჩამოსხდნენ კიბეებზე და დაუწყეს მამებს ლოდინი. აი, მამებიც გამოჩნდნენ. მხარზე გრძელტარა, პრიალა ბარები გაედოთ, კოლმეურნეობის ვენახიდან ბრუნდებოდნენ. ბარები სახლის დერეფანში, კედელზე მიაყუდეს.

– წავიდა დედაშენი? – იკითხა გოგიას მამამ.

– ჰო, წავიდა, – მიუგო გოგიამ.

– რა არი, წავიდა დედაშენი ქალაქში? – იკითხა ბახას მამამაც.

– წავიდა, მაშ რა! – მიუგო ბახამ.

გოგიას მამამ შეშა დაჭრა, ღუმელი გაახურა და ოთახში გაიარ-გამოიარა. ბახას მამამაც გაახურა ღუმელი და იმანაც გაიარა-გამოიარა. მერე ფანჯრებთან მიდგნენ. გარეთ ნისლი და წვრილი წვიმა წამოსულიყო.

– რა გავაკეთოთ, ჰა? – თქვა გოგიას მამამ.

– რა ვიცი, – მიუგო გოგიამ.

– ასე ვიყოთ ახლა ჩვენა? – დაიჩივლა ბახას მამამ.

– აბა, რა ვქნათ! – მხრები აიჩეჩა ბახამ.

– წადი, ბახას მამას დაუძახე, მამამა, ჩვენსა გადმოდი-თქო, – უთხრა გოგიას მამამისმა.

– ბახაც წამოვიდეს?

– წამოვიდეს, მაშ!

სწორედ ამ დროს ბახასაც ასე ეუბნებოდა მამამისი:

– წადი, გოგიას მამას უთხარი, ახლავე ჩვენსა გადმოდი-თქო.

– გოგიაც წამოვიდეს?

– წამოვიდეს, აბა, შინ რა უნდა გააკეთოს!

წამოხტა სიხარულით ბახა. ჩამოირბინა თავ-პირის მტვრევით კიბე გოგიამ. რის წვიმა, რის ნისლი! სულ სირბილით მიდიან და, აი, ზედ შუა გზაზე, ხევში, – ეს რაღა ხევია, წვრილი კენჭებით მოფენილი სწორი რიყეა და მეტი არაფერი, – ზედ შუა გზაზე, ამ რიყეზე შეხვდნენ ერთმანეთს.

– ი! – გაუკვირდა გოგიას.

– ე! – პირი დააღო ბახამ.

– სად მიხვალ? – იკითხა გოგიამ.

– შენ სადღა მიხვალ?

– მე თქვენთან, მამაჩემმა, მამაშენი ჩვენსა გადმოვიდესო, ბახაც წამოიყვანოსო.

– მეც თქვენთან მოვდიოდი, მამაჩემმაცა, მამაშენი ჩვენსა გადმოვიდესო, გოგიაცაო.

გაეცინათ, ასე ერთნაირად რომ ჰქონდათ დანაბარები, და თავ-თავიანთი სახლებისაკენ გაბრუნდნენ.

– ხომ ეტყვი მამაშენს? – დაუძახა გოგიამ.

– ვეტყვი, – თავი დაუქნია ბახამ. – შენა?

– მეც ვეტყვი.

მამებს ძალიან გაუკვირდათ, ასე მალე რომ დაბრუნდნენ.

– არ იყავი, ბიჭო? – იკითხა გოგიას მამამ.

– ბახა შემხვდა გზაზე, – გაეღიმა გოგიას.

– მერე?

უთხრა გოგიამ, რაც დაებარებინა ბახასთვის მამამისს, ბახამაც ასევე – რაც დაებარებინა გოგიასთვის მამამისს.

– თფუიო! – წამოიძახა გოგიას მამამ. – მე ხომ გითხარი, ის გადმოვიდეს-მეთქი. წადი ახლავე და ეგრე უთხარი, შენ გადმოდი-თქო, გესმის?!

– თფუიო! – ბრაზობდა ბახას მამაც. – მე ხომ გითხარი, ბიჭო, ის გადმოვიდეს-მეთქი. წადი და უთხარი, შენ გადმოდი-თქო.

– გოგიაც წამოიყვანოს, არა?

– ჰო, ჰო, გოგიაც წამოიყვანოს.

ჩამოირბინეს კიბეები გოგიამ და ბახამ. მოდიან, სულ მორბიან და ისევ შუა გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

– ი! – ისევ გაუკვირდა გოგიას.

– ე! – ისევ დააღო პირი ბახამ.

– რაო?

– შენ რაღაო?

– მე ვერ გადმოვალ, მამაშენი გადმოვიდესო, მამაჩემმა.

– მამაჩემმაცა, მამაშენი გადმოვიდესო.

ცოტა ხანს ადგილზე ქანაობდნენ და იღრიჭებოდნენ, მერე ნელ-ნელა დაიძრნენ თავთავიანთი სახლებისაკენ.

– ხომ ეტყვი მამაშენს?

– შენც ხომ ეტყვი?

– ვეტყვი, მაშ!

მამები კიდევ უფრო გაკვირვებულები დახვდნენ.

– არ იყავი, ბიჭო? – იკითხა გოგიას მამამ.

გოგიას გაეცინა:

– ბახა შემხვდა და… მამაჩემმაო, მე ვერ გადმოვალო, მამაშენი გადმოვიდესო.

ბახამაც ასევე, სიცილით მოახსენა მამას ყველაფერი.

– ფუიო! – წამოიძახა გოგიას მამამ.

– თქვენ არსად არა ხართ გასაგზავნიო, – თქვა ბახას მამამ. მოიგდო დალიანდაგებული ქურთუკი მხრებზე, დაიხურა მრგვალი თუშური ქუდი და გამოვიდა გარეთ. ბახაც, რაღა თქმა უნდა, უკან დაედევნა. მოდიან, მოდიან და შუა გზაზე გოგიას და მამამისს შეხვდნენ.

– რატომ არ მოსდიოდი, ჰა? – ჰკითხა ბახას მამამ გოგიას მამას.

– შენ რატომ აღარ მოსდიოდი?

– ბიჭო, – თავი გვერდზე გადასწია ბახას მამამ, – რაღა შენი წყალწყალა ღვინით გავიჭყიპოთ, ჩემი კარგისა დავლიოთ, არა სჯობია?

– ხა-ხა-ხა! – იცინის გოგიას მამა. – ჩემი ღვინოა წყალწყალა? ჩემი? წამო, ძმაო, წყალწყალა გერჩივნოს შენს ჭარხლის წვნით გასქელებულსა.

– ოი! – თავს იქნევს მუქარით ბახას მამა.

– რა ოი! – წელში იმართება გოგიას მამა.

– მაშ, ბიჭო, შენი წყალწყალა სჯობია ჩემსასა? რატომ არ იცინი, ღმერთო! – ხელებს ცისკენ იწვდის ბახას მამა.

– გაიცინე რა, მართლა გაიცინე, ღმერთო! – ყელს უწევს გოგიას მამაც ცას.

ღმერთის მაგიერ ბიჭები იცინიან და ერთმანეთს ეყუდებიან კუჭკუჭით.

– ხომ დაულევია შენი ღვინისა ბრიგადირს! – მთლად ახლოს მიდის გოგიას მამასთან ბახას მამა.

– დაულევია.

– ჩემიც ხომ დაულევია. აგე, აქ არ არის? მივიდეთ და ვკითხოთ. ვისზეც იმანა თქვას, იმისი სჯობდეს.

– სჯობდეს.

ხელი ხელს ჩაჰკრეს, ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს და ბრიგადირის სახლისაკენ გაალაჯეს. მიდიან, სულ ფშნატაფშნუტი გააქვს იმათი ჩექმების ქვეშ კენჭებს. ბიჭები ძლივს მისდევენ.

– ლადო!

– ჰაუ!

– ვლადიმერო!

– ჰოჰოუ!

– გამოიხედე ერთი გარეთ.

– მოვდივარ.

ბრიგადირი კომბოსტოს მწნილის ჭამით გამოდის აივანზე.

– რა იყო, რა მოხდა?

– რა მოხდა და, თქვი შენა.

– აი, რა…

– ვისი ღვინო სჯობია, ჩემი თუ ამისი წყალწყალა? – აღარ იცდის ბახას მამა.

– შენი თუ ვისი?

– ამისი, კაცო, ამისი წყალწყალა.

– არც შენი ვარგა და არც მაგისი. ღვინო ჩემია კარგი. აი, ღვინო! ბრიგადირმა თითები გაილოკა და მერე ცერი ზემოთ აპრიხა. – აბა, ამოდით, ნახეთ!

– მინახავს, რაც არის, – ამბობს გოგიას მამა.

– მეც მინახავს.

– როდისა! – თვალებს წკურავს ბრიგადირი.

– ამ წინაზე არ დავლიეთ, არაყს რომ ხდიდი თედუასთან?!

– იი, ისა, სამაჭრედ რომ მქონდა დაკრეფილი, იმისა იყო. ის რა სახსენებელია, ამოდით, აბა, ეხლა ნახეთ ნამდვილი დედაღვინო.

გოგიას მამა და ბახას მამა ერთმანეთს უყურებენ.

– ვნახოთ, ბიჭო?

– ვნახოთ, რა!

– ამოდით, ამოდით.

– აბა, მაშ, ადი.

– მიდი, შენ გამიძეხ.

გოგიას მამა და ბახას მამა აივანზე ავიდნენ. იქ დიდი შავი ძაღლი წოლილიყო. ბრიგადირმა წიხლი მოუქნია, ძაღლმა კიბეზე ჩამოირბინა და შორიახლოს გაჩერებული ბიჭებისაკენ გამოიქცა.

ბიჭებმა თავ-თავიანთი სახლებისაკენ მოკურცხლეს. დასხდნენ უკვე ჩაბნელებულ აივანზე – მობუზულები, ყურებზე პალტოს საყელოწამოწეულები, და დაუწყეს მამებს ლოდინი. უცდიდნენ და ფიქრობდნენ: ეეხ, კარგები არიან მამები, ღონივრები, მხიარულები – არც ლექსის არცოდნაზე გაგიბრაზდებიან, არც ტალახიანი ფეხებით შინ შებოტებაზე მოიშლიან ნერვებს დედებივით, მაგრამ, რაც მართალია, მართალია, ამათი ანაბარა, მამების ანაბარა რომ დასტოვო ქვეყნიერება, ალბათ, თვალსა და ხელს შუა დაეფუშებათ ყველაფერი, თანაც ისე, რომ ვერაფერს შეამჩნევენ, და თუნდაც შეამჩნიონ, არც ამაზე შეწუხდებიან დიდად…

ამიტომ იყო, რომ მამების მოსასვლელ გზაზე უფრო ხშირად თივთიკის თეთრი ფუმფულაქუდიანი დედები ჩნდებოდნენ, ტკბილად, ლამაზად იღიმებოდნენ პომადით ოდნავ შეწითლებული ტუჩებით და ასევე ღიმილით უჩინარდებოდნენ სიბნელეში

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button