ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

კაცი, რომელსაც რეი ბრედბერი დაავიწყდა

რეი ბრედბერი 2012 წელს გარდაიცვალა. ნილ გეიმანს კი თავისი მეგობრის სახელი დაავიწყდა, რომელიც ათი წლის წინ გარდაეცვალა. მას თავისი მეგობრის ყველა პუბლიკაცია ზეპირად ახსოვდა, თუმცა მისი სახელი ვერ გაიხსენა. გეიმანი ამ ფაქტმა შეაშფოთა და გადაწყვიტა დაეწერა რეი ბრედბერზე, რათა ის დავიწყებისგან ეხსნა, ისევე როგორც ბრედბერმა დაწერა ედგარ ალან პოზე. „კაცი, რომელსაც რეი ბრედბერი დაავიწყდა“, მონოლოგია, რომლითაც გეიმანმა პატივი მიაგო სამეცნიერო ფანტაზიის (და არა მარტო ამ ჟანრის) არქიტექტორს. მონოლოგში ბევრი მინიშნებაა ბრედბერის, პოსა და შექსპირის შემოქმედებაზე, თუმცა მათი განმარტებები ამ პოსტში არ დავწერე. ასე უფრო საინტერესოა. მე გამიმართლა, რადგან გეიმანის ამ სასიამოვნო, ერთგვარი ცნობიერების ნაკადით დაწერილი ბოდვის თარგმნის შემდეგ აღარ მეშინია, რომ ბრედბერი ოდესმე დამავიწყდება. 

კაცი, რომელსაც რეი ბრედბერი დაავიწყდა
რაღაცეები მავიწყდება. მეშინია. 
სიტყვებს ვკარგავ, თუმცა არა – აზრებს. იმედი მაქვს, რომ ასეა. აზრს თუ დავკარგავ, ვერც დანაკლისს გავიაზრებ. აზრებს თუ დავკარგავ, როგორღა მივხვდები? 
ეს სასაცილოა, რადგან ყოველთვის კარგი მეხსიერება მქონდა. ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ზოგჯერ ისეთი კარგი მეხსიერება მქონდა, რომ ჯერ კიდევ უსწავლელ რაღაცეებს ვიხსენებდი. ვიხსენებდი მომავლიდან… 
არა მგონია, რომ ამის ასახსენელად რამე სიტყვა არსებობდეს, ასე არაა? გაიხსენო მოვლენები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა. აღარ მაქვს ის გრძნობა, რომელიც მაშინ მეუფლება, როცა გონებაში სიტყვის ძებნას ვიწყებ, ის კი იქ აღარ მხვდება, თითქოს ღამით ვიღაც მოვიდა და წაიღო. 
ახალგაზრდობაში დიდ, საერთო სახლში ვცხოვრობდი. მაშინ სტუდენტი ვიყავი. სამზარეულოში ყველას საკუთარი თარო გვქონდა, ჩვენი სახელებით მონიშნული. საკუთარი თაროები გვქონდა მაცივარშიც, სადაც ვინახავდით კვერცხებს, ყველს, იოგურტს, რძეს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მხოლოდ ჩემი წილი მეჭამა. სხვები არ იყვნენ ასეთი ….. სიტყვა დამეკარგა. ის, რომელიც ნიშნავს „ცდილობს დაემორჩილოს წესებს.“ სახლის სხვა მაცხოვრებლები არ იყვნენ ასეთი …. მაცივართან მივიდოდი, თუმცა კვერცხები აღარ მხვდებოდა. 
ვფიქრობ კოსმოსური ხომალდებით სავსე ცაზე, იმდენ კოსმოსურ ხომალდზე, რომ ღამის მკრთალი იისფერი ნათების ფონზე ისინი ვერცხლისფერი კალიების ჯგუფს ემსგავსებიან. 
საგნები ჩემი ოთახიდანაც ქრებოდა. ყელიანი ფეხსაცმლები. მახსოვს ჩემი ყელიანი ფეხსაცმლების წასვლა. უფრო სწორად „წაყვანა“, რადგან არასდროს გამომიჭერია ისინი წასვლის პროცესში. ყელიანი ფეხსაცმლები უბრალოდ არ „მიდიან.“ ისინი ვიღაცამ „წაიყვანა.“ ისევე, როგორც ჩემი დიდი ლექსიკონი. იგივე სახლი, იგივე დრო. ჩემს პატარა თაროს ვესტუმრე ჩემს თავთან ახლოს (ყველაფერი საწოლის გვერდით მქონდა – თუმცა ჩემი ოთახი იმაზე დიდი არ იყო, ვიდრე კარადა საწოლით შიგნით). თაროსთან მივედი და ლექსიკონი აღარ დამხვდა – მხოლოდ ლექსიკონის ზომის სიცარიელე, რომელიც მაჩვენებდა სად აღარ იყო ჩემი ლექსიკონი. 
ყველა სიტყვა და წიგნი წავიდა. მომდევნო თვეებში მათ წაიღეს ჩემი რადიო, საპარსი ქაფი, ბლოკნოტი და ფანქრების ყუთი. და ჩემი იოგურტიც. და, შუქის წასვლის დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემი სანთლებიც. 
ახლა კი ვფიქრობ ბიჭზე, ტენისის ახალი ფეხსაცმელებით, რომელსაც ჰგონია, რომ სამუდამოდ ირბენს. მშრალ ქალაქზე, სადაც გამუდმებით წვიმდა. უდაბნოს გზაზე, სადაც კეთილი ხალხი მირაჟებს ხედავს. ფილმის პროდიუსერ დინოზავრზე. მირაჟი ყუბილაი ყაენის სიამოვნების გუმბათი იყო. 
არა… 
ზოგჯერ, როდესაც სიტყვები მიდიან, სხვა მხრიდან ვეპარები მათ და ვპოულობ. მაგალითად, მივდივარ და ვეძებ სიტყვას, ვთქვათ, პლანეტა მარსის მაცხოვრებლების აღმნიშვნელ სიტყვას, და ვხვდები, რომ ასეთი სიტყვა დამეკარგა. ასევე შეიძლება მივხვდე იმას, რომ დაკარგული სიტყვა რომელიმე წინადადებაში ან სათაურშია. __________ ქრონიკები. ჩემი საყვარელი ________. თუ ამანაც არ გაამართლა, წარმოვიდგენ შინაარსს. პატარა მწვანე კაცები, ან მაღლები, მუქკანიანები და თავაზიანები: ისინი იყვნენ მუქები და ოქროსთვალებიანები… და უცებ წინ ვხედავ სიტყვა მარსელებს, როგორც მეგობარს ან შეყვარებულს გრძელი დღის ბოლოს. 
როცა ჩემი რადიო წავიდა, მე სახლიდან წამოვედი. დამღლელი იყო იმ საგნების ნელი გაუჩინარება, რომლებიც ჩემი მეგონა – თითოეული ნივთის, თითოეული საგნის, თითოეული ობიექტის, თითოეული სიტყვის. 
12 წლის რომ ვიყავი, ერთმა მოხუცმა ამბავი მომიყვა, არასდროს დამვიწყებია. ერთ საბრალო კაცს ტყეში დაუღამდა და ლოცვების წიგნი თან არ ჰქონდა, საღამოს ლოცვები რომ წარმოეთქვა. მან თქვა: „ყოვლისმცონდე ღმერთო, ლოცვების წიგნი არ მაქვს და არც ერთი ლოცვა ზეპირად არ ვიცი. თუმცა შენ ყველა ლოცვა იცი. შენ ღმერთი ხარ. ასე რომ ვაპირებ, ჩამოვთვალო ანბანის ასოები, ხოლო სიტყვები შენ თვითონ შეადგინე.“ 
გონებიდან რაღაცეები მივარდება და ეს მაშინებს. იკარუს! ყველა სახელი არ დამვიწყებია. მახსოვს იკარუსი. მან მზესთან ახლოს იფრინა. ეს ამად ღირდა, ამბებში მაინც. ყოველთვის ღირს, რომ რაღაც სცადო, მაშინაც კი, თუ არაფერი გამოგივა, თუნდაც მეტეორივით მუდამ ქვემოთ ეშვებოდე. უმჯობესია სიბნელეში ანათო, სხვები შთააგონო, იცხოვრო, ვიდრე სიბნელეში იჯდე და წყევლო ხალხი, ვისაც მიეცი და აღარ დაგიბრუნეს საკუთარი სანთელი. 
ადამიანებიც დავკარგე, სხვათაშორის. 
უცნაურია, როცა ეს გემართება. რეალურად არც დამიკარგავს. არ ვგულისხმობ პატარა ბავშვის მიერ მშობლების დაკარგვას, როცა ბრბოში დედის ხელი გიჭირავს. როცა აიხედავ და მიხვდები, რომ ეს ხელის დედის არაა… შეიძლება მოგვიანებით მიხვდე. არ ვგულისხმობ შემთხვევას, როცა გიწევს მშობლების დასახასიათებლად საჭირო სიტყვების ძებნა, დასაფლავებაზე ან ხსოვნის საღამოზე, ან როცა მათ ფერფლს ფანტავ, ყვავილების ბაღში, ან ზღვაში. 
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უმჯობესია ჩემი ფერფლი ბიბლიოთეკაში მიმოაბნიონ. მაგრამ მომდევნო დილას მოვლენ ბიბლიოთეკარები და ფერფლს ხალხის მოსვლამდე სამუდამოდ გააქრობენ.
მაინც მინდა, რომ ჩემი ფერფლი ბიბლიოთეკაში გაფანტონ, ან, შეიძლება, სადღესასწაულო ბაზრობაზე. 1930 წლის ბაზრობა, სადაც ზიხარ შავ… ზიხარ… შავ… 
სიტყვა დამეკარგა. კარუსელზე? ამერიკული გორაკებზე? იმას ვგულისხმობ, რომ ზიხარ და ახალგაზრდობა გიბრუნდება. ეშმაკის ბორბალი. დიახ. სხვა კარნავალიც არსებობს, ქალაქში რომ ბოროტება შემოაქვს. „ცერა თითების გატკაცუნებით…“
შექსპირი. 
მახსოვს შექსპირი, მისი სახელი, ვინ იყო და რა დაწერა. ახლა ის უსაფრთხოდაა. შეიძლება არსებობს ხალხი, ვისაც შექსპირი დაავიწყდა. მათ მოუწევდათ ესაუბრათ „კაცზე, რომელმაც დაწერა ყოფნა არყოფნა“, და არა ფილმზე, ჯეკ ბენის მონაწილეობით, რომლის ნამდვილი სახელი იყო ბენჯამინ კუბელსკი, რომელიც გაიზარდა უოკიგანში, ილინოისში, ჩიკაგოდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. უოკიგანი, ილინოისი, მოგვინებით უკვდავყოფილი გრინთაუნის სახით ერთი ამერიკელი მწერლის მოთხრობებსა და წიგნების სერიებში. მწერლისა, რომელმაც დატოვა უოკიგანი და საცხოვრებლად გადავიდა ლოს ანჯელესში. რა თქმა უნდა, იმ კაცს ვგულისხმობ, რომელზეც ახლა ვფიქრობ. მას ჩემს გონებაში ვხედავ, როცა თვალებს ვხუჭავ. 
მის ფოტოებს მისივე წიგნების უკანა ყდაზე ვათვალიერებდი ხოლმე. კეთილი და ჭკვიანური გამომეტყველება ჰქონდა. 
მან პოზე დაწერა, რათა პო დავიწყებისგან ეხსნა. დაწერა მომავალზე, სადაც წიგნებს წვავენ და ასე ივიწყებენ მათ. ერთ მოთხრობაში კი მარსზე ვართ, თუმცა შეიძლება ვიყოთ უოკიგანში ან ლოს ანჯელესში იმ კრიტიკოსების მსგავსად, რომლებიც მის წიგნებს დაივიწყებენ და მიატოვებენ, ან სიტყვებს ამოიღებენ, ყველა სიტყვას, ან გაანადგურებენ ლექსიკონებს, და სიტყვებით სავსე რადიოებს. ან იმათ მსგავსად, სახლში რომ შედიან და ყველას კლავენ, სათითაოდ: ორანგუტანგით, მთხრებლით და ქანქარით, ღმერთის გულისთვის, მონტრესორ… 
პო. ვიცი პო. და მონტრესორი. და ბენჯამინ კუბელსკი და მისი ცოლი, სეიდი მარკსი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ძმებ მარქსებთან და ცნობილი იყო როგორც მერი ლივინგსტონი. ყველა ეს სახელი ჩემს გონებაშია. 
12 წლის ვიყავი. 
წაკითხული მქონდა წიგნები, ნანახი მქონდა ფილმები, და ქაღალდის აალების მომენტი იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ეს უნდა დამემახსოვრებინა. ხალხს უნდა ახსოვდეს წიგნები, რადგან ვინმემ შეიძლება ისინი დაწვას. ჩვენ მათ ჩვენი მეხსიერება უნდა მივუძღვნათ. ჩვენ წიგნებად ვიქცევით. ჩვენ გავხდებით ავტორები. ჩვენ გავხდებით მათი წიგნები. 
ბოდიში. რაღაც კვლავ დამეკარგა. ისე დამემართა, ჩიხისკენ მიმავალ გზაზე რო დაიკარგები და მარტო და დაბნეული რომ აღმოჩნდები ტყეში, აქ ვარ და აღარ ვიცი სად არის ეს აქ. 
შექსპირი უნდა ისწავლო და მომაგონდები, როგორც ტიტუს ანდრონიკუსი. ან შენ, ჩემო მეგობარო, შეგიძლია ისწავლო აგატა კრისტის მოთხრობა, და შენ იქნები მკვლელი აღმოსავლეთის ექსპრესში. ჯონ ვილმოტის, როჩესტერის თავადის ლექსების სწავლაც შეიძლება. შენ კი, ვინც ამას კითხულობ, შეგიძლია ისწავლო დიკენსი, და როცა დამაინტერესებს თუ რა მოუვიდა ბერნაბი რუჯს, მე მოვალ შენთან. შენ ყველაფერს მეტყვი. 
და იარსებებენ ადამიანები, რომლებიც დაწვავენ სიტყვებს; ადამიანები, რომლებიც თაროებიდან ჩამოიღებენ წიგნებს; მეხანძრეები და უცოდინრები; ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ამბების, სიტყვების, ოცნებების და ჰელოუინის; ადამიანები, რომელთა სხეულები ილუსტრირებულია სხვადასხვა ამბის ამსახველი ტატუებით. ბიჭებო! შეგიძლიათ თქვენს სარდაფებში სოკოები გაზარდოთ! და თუ კი იარსებებს შენი სიტყვები, რომლებიც იქცევიან ადამიანებად, დღეებად და ჩემს ცხოვრებად, მაშინ შენ გიცხოვრია, შენს არსებობას მნიშვნელობა ჰქონია და შენ შეგიცვლია სამყარო. მე კი შენ სახელს ვერ ვიხსენებ. 
მე ვისწავლე შენი წიგნები. დავწვი ისინი ჩემს გონებაში. ვაი თუ ქალაქში მეხანძრეები მოვიდნენ. 
მაგრამ შენი არსებობა მალე ავიწყდებათ. მე ველოდები როდის დამიბრუნდება. ისევე ველოდები, როგორც ჩემს ლექსიკონს, ჩემს რადიოს, ჩემს დაკარგულ მაღალყელიან ფეხსაცმლებს, თუმცა უიმედოდ. 
ახლა მხოლოდ ცარიელი ადგილი დამრჩა გონებაში, სადაც ადრე შენ არსებობდი. თუმცა ამაშიც აღარ ვარ დარწმუნებული. 
ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი. და შევეკითხე: „გეცნობა ეს ამბები?“ და ვუთხარი მას ყველა სიტყვა, რომლებიც მახსოვდა ბავშვიან სახლში მიმავალ ურჩხულებზე; ელვისებურ გამყიდველებზე და ბოროტ კარნავალზე, რომელიც მათ მოაწყვეს ქალაქში; მარსელებზე, მათ დაცემულ მინის ქალაქებზე და სრულყოფილ არხებზე. მეგობარს ეს ყველაფერი ვუამბე და მან მითხრა, რომ არაფერი იცოდა, რომ ისინი არ არსებობდნენ. 
ამან დამამწუხრა. 
ვწუხდი იმაზე, რომ მათ ცოცხლად ვინახავდი იმ ხალხის მსგავსად, რომლებიც ამბის დასასრულში თოვლში არიან გაჭედილნი, წინ და უკან დადიან, იმახსოვრებენ და იმეორებენ ამბის სიტყვებს და ასე აცოცხლებენ მათ. 
ვფიქრობ, რომ ყველაფერი ღმერთის ბრალია. 
იმას ვგულისხმობ, რომ ღმერთს შეიძლება ყველაფერი არ ახსოვდეს, მას უბრალოდ არ შეუძლია. ის გადატვირთულია. ამის გამო შეიძლება ის რაღაცეებს გადასცემს ადამიანებს. მაგალითად „მინდა, რომ შენ დაიმახსოვრო ასწლიანი ომის თარიღები. და შენ – ოკაპი. შენ – ჯეკ ბენი, რომელიც იყო ბენჯამინ კუბელსკი უოკიგანიდან, ილინოისიდან.“ და როცა შენ დაგავიწყდება ის, რისი დამახსოვრებაც ღმერთმა დაგავალა, ბუმ! აღარ არის ოკაპი. არსებობს მხოლოდ ოკაპის ფორმის სიცარიელე სამყაროში, ანტილოპასა და ჟირაფს შორის. აღარ არსებობს ჯეკ ბანი. აღარ არსებობს უოკიგანი. არსებობს მხოლოდ სიცარიელე გონებაში, სადაც ადრე არსებობდნენ ადამიანები ან აზრები. 
არ ვიცი. 
არ ვიცი სად ვეძებო. ავტორიც ისევე დამავიწყდა, როგორც ერთ დროს ლექსიკონი დავკარგე? თუ უარესი: იქნებ ღმერთმა ეს პატარა დავალება მომცა და ესეც ვერ შევასრულე? და მას შემდეგ რაც ის დამავიწყდა, ის გაქრა თაროებიდან, საძიებელი წიგნებიდანაც და არსებობს მხოლოდ სიზმრებში… 
ჩემი სიზმრები. არ ვიცი შენი სიზმრები. იქნებ არ გესიზმრება ველდტი – შპალიერი, რომელმაც ორი ბავშვი შეჭამა. შეიძლება არ იცი, რომ „მარსი სამოთხეა“, სადაც ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები გველოდებიან, შემდეგ კი სიბნელეში გაგვანადგურებენ. შენ არ გესიზმრება ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ ფეხით მოსიარულე იყო. 
მე ესენი მესიზმრება. 
თუ კი ის არსებობდა, მაშინ უკვე დამვიწყებია. დამავიწყდა მისი სახელი. მისი წიგნების სათაურები დამავიწყდა, სათითაოდ. დამავიწყდა მოთხრობები. 
მეშინია, რომ ვგიჟდები, რადგან მგონია, რომ შეუძლებელია ასაკი მომემატოს. თუ კი ამ მარტივ დავალებაში ჩავიჭერი, მაშინ გთხოვ ღმერთო, მხოლოდ იმას გთხოვ, რომ ეს ამბები სამყაროს დაუბრუნო. რადგან თუ ეს გაამართლებს, მათ ემსახსოვრებათ ის. ყველას ემახსოვრება. მისი სახელი კვლავ გახდება ამერიკის პატარა ქალაქების სინონიმი ჰელოუინის დროს, როცა ფოთლები შეშინებული ჩიტებივით დაფრინავენ ტროტუარებზე. ან მის სახელზე გაახსენდებათ მარსი, ან სიყვარული. ჩემ სახელს კი დაივიწყებენ. მზად ვარ ასეთი საფასურის გადახდისთვის, თუ კი ჩემს გონებაში არსებული ცარიელი წიგნის თაროები შეივსება, სანამ მე წავალ. 
ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა. 
ა… ბ… გ… დ… ე… ვ… ზ…

ავტორი: ნილ გეიმანი, 2012
მთარგმნელი: გიორგი ნაკაშიძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button