შოთა ჩანტლაძე – ერთი შემთხვევა
გაზაფხულის გრილი ღამეა. ბაღის ბოლოში ვზივარ. გავცქერი თითქმის მიძინებულ ქალაქს და ვოცნებობ. ოცნებაში აღიმართა ჩემი ფიგურა, რომელმაც ტუჩები აამოძრავა და ვიღაცის მიმართ წარმოსთქვა: ,,უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე კომუნიზმი დავამყარეთ მთელი მსოფლიოს 1/6 ნაწილზე“, მაგრამ ეს არცთუ ისე საოცნებოა- ვფიქრობ ეხლა.
ავხედე ცას, რომელზედაც მთვარე ენთო და ვარსკვლავები ციმციმებდნენ. კარგად დავაკვირდი და მომეჩვენა, თითქოს მთვარე გულივით ძგერდა, ქართველის გულივით. რომელი ქართველის გულივით? ვეკითხები ჩემს თავს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი მადლიანი ქართველის გული ძგერდა სამშობლოსათვის. ვინ იცის ვისი გული ავიყვანე ეხლა მე ცაზე და სამუდამო ბინა გაუჩინე იქ.
ქვევით მტკვარი გარბის, თითქოს უნდა რომ ქვეყნებს ამცნოს ქართველი ხალხის “საქმენი საგმირონია“. მაგრამ, ალბათ ღონდება, როცა დასასრულს უახლოვდება და გულში ფიქრობს: – რა ამაოდ გამოვიარე ამდენი გზა, მაინც ვერ შევძელი წადილის ასრულება და ვინ იცის ამდენ ფიქრსაც ვერ მოასწრებს და მოწინავე ტალღა გულდაწყვეტილი ეშვება აქაფებულ “პონტოს“ ზღვაში. იქაც ჩაიტანს გულის ტკივილს, შეუერთდება და მასთან ერთად კვლავ განაგრძობს უნაყოფო ბრძოლას.
ეს ყოველივე თუ მართლაც ასეა, მაშინ რა მიამიტი ყოფილხარ მტკვარო. რა გაქვთ სადარდელი, ეხლა ის დრო კი არ არის , როდესაც ქართველ ხალხს პირში წყალი ეგუბა. ეხლა მას თამამად შეუძლია ამცნოს მსოფლიოს, რომ ჩვენ, ქართველებს დიადი წარსული გვქონდა და უდიდესი მომავალი გვექნება, რომ ჩვენში ყველაფერი “ქართულია – კარგია.“
ეხლა სხვა დრო დადგა. ეხლა ჩვენ მტრებს ჩაუდგათ პირში წყალი. ცდილობენ ლაპარაკს, ისვრიან სიტყვებს, მაგრამ წყლიან სიტყვებს რა ფასი ექნებათ.
მტკვარი გარბის და მახსენდება არა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი: „ფიქრნი მტკვრის პირას“, არამედ თანამედროვე ქართული პოეტის ლექსიდან ერთ-ერთი ტაეპი…
ამ ოცნებაში ვარ, რომ შეუმნევლად მომიახლოვდა მხარზე თოფგადაგდებული მილიციელი, მომესალმა, შემდეგ საქმიანი ხმით მომმართა: “თქვენი საბუთები, ამხანაგო.“ მე ოცნებიდან ვერკვევი და საბუთებს ვეძებ, მაგრამ ამაოდ.
– რას აკეთებთ ამ ღამეში აქ? – მკითხა მილიციელმა.
– მე პოეტი გახლავარ და ლექსს ვიგონებდი. – მივუგე ნაძალადევი ღიმილით და თან ვფიქრობდი რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება თავის დახსნისა. მან მაზარის ჯიბიდან ამოიღო ასანთი და გაჰკრა. ასანთის ღერი აენთო და მე დავინახე საშუალო ტანის კაცი შავი ულვაშებით და სახის ქართული ნაკვთებით.
მან ამხედ – დამხედა და გაეღიმა, თითქოს დარწმუნდა ჩემს პოეტობაში.
– თქვენ, რაც უნდა იყოს, კანონს არღვევთ და ეხლა ამიტომ მილიციაში უნდა წამობრძანდეთ – შერბილებული ხმით თქვა მან.
მეც დავემორჩილე.
მივედით მილიციაში. ჩემი თანამგზავრი მილიციელი გამოცხადდა მორიგე მილიციელთან, მხედრულად გამოეჭიმა, შემდეგ ჩემზე მიუთითა და უთხრა: „აი, მოგიყვანეთ უსაბუთო პოეტი“. იგი მალე გავიდა ოთახიდან და ჩვენ მარტონი დავრჩით.
– თქვენ ლექსებს სწერთ? – შემეკითხა მორიგე მილიციელი.
– დიახ! – რიხიანად მივუგე მე.
– კი მაგრამ, თქვენ არ იცით, რომ არ შეიძლება უსაბუთოდ სიარული ქალაქში?
მე მინდა უთხრა, რომ მე უსაბუთოდ არ დავდივარ და მას წინ დაუდო ჩემი ლექსები საბუთების ნაცვლად.
უცებ ტელეფონის ზარმა დარეკა რამდენჯერმე. მან ხელში აიღო ყურმილი და მომიგო:
“თავისუფალი ხართ, მეგობარო, ეხლა კი ძილი ნებისა.“
მილიციიდან გახარებული გამოვედი. გული სიხარულით ძგერდა, შევხედე ცას და ამ დროს მის მკერდზე მცურავი მთვარე ვიღაც მიუგნებელ და უცნობ ქართველის გულივით კი არ ძგერდა, არამედ საკუთარ გულივით.
სადღაც გამიგონია ასეთი ფრაზები: მე საბჭოთა საქართველოში ვცხოვრობ და ამიტომ მე გამიგებს ყველა, ვისაც კი საბჭოთა ქვეყნის ბედნიერება სურს. მე გამიგებს ყველა, ვისაც ქვეყნის დიადი წარსული და უდიდესი მომავალი სწამს – ესევე შემიძლია გავიმეორო მეც.
უთქვამთ: საქართველო ულამაზესი პოემააო და მეც ვუმატებ: ხოლო ადამიანები კი ამ პოემის დაწყობილი მგრძნობიარე სტრიქონებია. მგრძნობიარე კი ყველაფერს გრძნობს. აი, კიდევ მიზეზი იმისა, თუ რატომ გამიგეს მე.
1950 წ.