შოთა ჩანტლაძე – მით უფრო
მალე ოცდაათი წლის კაცი გახდები. გათეთრდი, მოიხარე,სახე დაგეღარა, ადამიანს აღარ გავხარ.ადრე ყველა შენზე ლაპარაკობდა. მეზობლები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ყველას სასიძოდ უნდოდი. ყველას უხაროდა შენი დანახვა.ეხლა რა! დაამთავრე უნივერსიტეტი. არ მუშაობ, არც გიმუშავია და არც აპირებ მუშაობას. ეხლა ვიღას უნდიხარ სასიძოდ. რომელი გოგო წამოგყვება ცოლად. ცარიელი და უსაქმური კაცი არავის არ უნდა. ამოვარდნილი ხარ კალაპოტიდან. დღე და ღამე ქუჩებში დაეხეტები. დილით გადიხარ სახლიდან და შუაღამით ბრუნდები. ან სადილი არ გინდა, ან ვახშამი, ან დასვენება.
ასე უწესრიგოდ რომ ცხოვრობ, იმიტომაა ასეთი ნერვიული რომ ხარ. აი ეხლაც, თითებს იმტვრებ და სკამზე ვერ ისვენებ. ეს სულ ნერვიულობის ბრალია, შვილო, კარგ დროს გამახსენდა! წუხელ რადიოში ცნობილმა მეცნიერმა წაიკითხა ლექცია: ნერვიულ დაავა-დებათა გამომწვევი მიზეზები და მისი ნიშნები. პირდაპირ შენ გამახსენდი, როდესაც ნერვიულობის ნიშნები ჩამოთვალა: თითების მტვრევა, ფრჩხილების კვნეტა და კიდევ ერთი რამ. ის რომ მახსენდება, შვილო, პირდაპირ შიში მიპყრობს. შენ ალბათ ვერც კი ამჩნევ და ამ ბოლო დროს ერთი საშინელი ხასიათი დაგჩემდა. უცებ გავარდები. მოწყდები ყველაფერს. იღიმები შენთვის ანდა გულმოსული უყურებ ვიღაცას. ჩურჩულებ რაღაცას, როგორც ნამდვილი გიჟი. შვილო, მიხედე თავს, ქუჩაში ხეტიალს თავი დაანებე დროზე ჭამე და დროზე დაწექი. პაპიროსის წევას თავი დაანებე, ლოგინში მაინც ნუ ეწევი პაპიროსს. არა, შვილო, შენ არ გარგებს ქუჩებში ხეტიალი და ლაზღანდარობა. დროა საქმეს მოკიდო ხელი, სამსახური დაიწყო, ცოლი შეირთო, ოჯახი შექმნა და იცხოვრო ადამიანურად.
ერთი შენი შვილი მანახა და მერე თუნდაც მომკლა, აღარ გიდარდებ. მეზობლის ზღმურტლიან ბავშვებს ვეფერები შვილისშვილს დანატრებული. შენს ამხანაგებს მაინც შეხედე! ყველამ ცოლი მოიყვანა და ოჯახი შექმნა. ყველა მსახურობს, ყველამ დაანება ხეტიალს თავი. ყველა ჩამოგცილდა. ყველამ მიგატოვა. ანდა სად ცალიათ შენთან სახეტიალოდ. მანამ გვიან არ არის, იფიქრე, შვილო, ამაზე . ხომ ხედავ, მამაშენი და მე მოვხუცდით. აღარ შეგვიძლია მუშაობა. სანამ შეგვეძლო, გივლიდით და გზრდიდით.აწი ჩვენ თვითონ გვინდა მოვლა და პატრონობა. სხვას რომ თავი დავანებოთ, მეზობლების შეკითხვებს ვეღარ ავუდივარ: შოთა რას შვრება? რატომ არ მსახურობს. ცოლი რატომ არ მოყავს? სანამ უნდა იყოს ასე?
შვილო, სანამ გვიან არ არის, დაიწყე სამსახური, შეირთე ცოლი, შექმენი ოჯახი და იცხოვრე ადამიანურად.
აგერ მშვენიერ გოგოს მოწონხარ. გოგოს მშობლებსაც მოწონებიხარ, მაგრამ როცა გაუგიათ არ მსახურობსო, ხელი აუქნევიათ და უთქვამთ, უმუშევარ კაცს ჩვენ ქალიშვილს არ გავატანთო.
იმ გოგოს კიდევ მოწონხარ და თუ სამსახური დაიწყე, მშობლებიც თანახმა იქნებიან. ასე, შვილო, დაიწყე სამსახური, შეირთე ცოლი და ისე ნუ მომკლავ, შენი შვილი არ მაჩვენო.
ასე ეტყოდა ოდესღაც, სადაც თავის შვილს დედა, რომელიც მას უნაზესი სიყვარულით უყვარდა, შვილი უსიტყვოდ უსმენდა დედას, სიბრალულისა და სიყვარულის ღიმილით უყურებდა მას. როდესაც დედამ ლაპარაკი დაამთავრა, შვილმა თეთრ თმებზე ხელი ალერსით გადაუსვა, ნაზად ეამბორა ლოყაზე და ასე თქვა:
„რაც უფრო სულელია დედა, მით უფრო საყვარელი ყოფილა“.