ლიტერატურამოთხრობა

შოთა ჩანტლაძე – ნემეცკი შჩოტი

ელენე იყო 55 წლის ქვრივი. მის ერთადერთ ოთახში ბინადრობდა თვითონ და ორი მსუქანი კატა. იგი ქმრის პენსიით ცხოვრობდა და სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნდა. ამ სართულის ყველა ბინადარი ქალი ელენესთან იყრიდა თავს. ეს ხდებოდა საღამოს, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ ისინი. იმართებოდა ლოტოს, ნარდისა და კარტის თამაში. იყო მხიარულება და სიცილი. ქალური აზარტი და მონდომება. თითქმის ყველა მათგანი მსუქანი იყო. თითქმის ყველა მათგანი სათვალეს ხმარობდა. მათი თქმით ახალგაზრდობაში ყველანი ლამაზები იყვნენ და ყველას შეუფერებელი ქმრები ყავდათ. ისინი ისხდნენ და თამაშობდნენ ლოტოს, კარტს და ნარდს. უფრო კი ნარდს. ისინი გვიან ღამემდე არ წყვეტდნენ თამაშს და თუ შეწყვეტდნენ, მაშინ იმართებოდა დავა მოგებულსა და წაგებულს შორის. ეს ზოგჯერ იქამდე მიდიოდა, რომ ისინი სიტყვის დასამტკიცებლად, ისევ ანახლებდნენ თამაშს. ამ დროს თამაშს მეტი ინტერესი ქონდა. თამაშობდა ორი. დანარჩენები დაძაბულად ადევნებდნენ თვალს, სათვალეები მისდევდა კამათლებს. კამათელი გორდებოდა გულიდან, კამათელი გორდებოდა გულში, კამათელი ტრიალებდა როგორც ბედი. კარნახის უფლება არავის არ ჰქონდა, მაგრამ დიდია ცდუნება აზარტის დემონის. – შაშის კარები ჩაკეტე, ისმოდა მითითება. – ასე მომიგებთ, აბა, რა იქნება, – იყო პასუხი. ხანდახან იმართებოდა ასეთი დავაც – შაში ჩარი იყო! – არა დუშაში! – არა შაში ჩარი! ასეთი დავის დროს ავტორიტეტული სიტყვა ეკუთვნოდა იმას, ვისაც თამაშის დროს სათვალეები არ სჭირდებოდა. მთავრდებოდა თამაში. წაგებულს სიცილს დააყრიდნენ. წაგებული წითლდებოდა და იმუქრებოდა, რომ მეორე დღეს სასტიკ რევანშს აიღებდა. ბოლოს ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც მსახურობდა, მოიფიქრებდა სახლში წასვლას, შემდეგ სხვებსაც გაახსენდებოდათ საკუთარი სახლი და იშლებოდნენ. ასე ხდებოდა ყოველდღე. სხვა ბინადრებს უკეთესი ბინა ჰქონდათ, ვიდრე ელენეს, მაგრამ თავმოყრა მაინც ელენეს ბინაზე ხდებოდა.

ამის მიზეზი არა მარტო ელენეს სტუმართმოყვარეობა და მოცლილობა იყო, არამედ ის აივანიც, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა და კიდევ ერთი რამ, რასაც პატარა მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს იყო საკონდიტრო ნაწარმთა ქარხანა. ეს ქარხანა, კვირა დღის გარდა, ყოველდღე საღამოს რვა სააათზე, ამაყად ყიოდა და ბოლთან ერთად ამოჰქონდა ტკბილ ნამცხვართა საამო სურნელება. ამ სანატრელი წუთების მოლოდინში ქალები თამაშით ირთობდნენ თავს. ხოლო როდესაც 8 საათი დაჰკრავდა, ისინი თავს ანებებდნენ თამაშს და გადიოდნენ აივანზე. ქარხანა დაიყივლებდა და ამ ყივილს თან ამოატანდა თავის ტკბილსურნელებით აღსავსე სულს. იღვრებოდა სურნელი. იღვრებოდა და აბრუებდა გარემოს. ასე გრძელდებოდა 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს ქალები ისხდნენ აივანზედა დუმდნენ. თვალმილულულნი იყნოსავდნენ ტკბილ ნამცხვართა საამო სურნელს. მხოლოდ იშვიათად თუ წაიჩურჩულებდა ვინმე: „ახ, რა კარგია“, ,,чудо, იფ, იფ,“ – დამთავრდებოდა თუ არა ტკბილი წუთები, ისინი კვლავ ოთახში იყრიდნენ თავს და აგრძელებდნენ თამაშს. ასე ხდებოდა ყოველდღე.

ერთ გრილსა და მშვიდ საღამოს, როდესაც ნამცხვართა სურნელებისაგან დამთვრალი ქალები ისევ ოთახში მოგროვდნენ, ვარვარა ნიკიფოროვნას იდეა დაებადა:

– იცით რა, ქალებო, მე ერთი იდეა დამებადა, შევაგროვოთ ფული და ,,ნემეცკი შჩოტით“ ტორტი ვიყიდოთ!

– მშვენიერი აზრია! – წამოიძახა ვერიჩკამ.

– გვეყო ამდენი ყნოსვა, ერთხელ გემოც გავსინჯოთ! – აღშფოთებით წარმოსთქვა ლიზამ.

– ვიყიდოთ, ვიყიდოთ! ოღონდ კარგი ხარისხის და ყველაზე დიდი. აი, ისეთი ზემელზე, გასტრონომში, რომ იყიდება, – თქვა ანიკომ.

– ბოლოს და ბოლოს, თითომ 10 მანეთიც რომ დადოს, მაინც ვიყიდით! – დაასრულა ვარვარა ნიკიფოროვნამ.

ამ იდეამ ყველა აღაფრთოვანა. მეზობლებმა გადაწყვიტეს მეორე დღეს ტორტი ეყიდათ და დრო გაეტარებინათ. იმ დღეს ისინი გვიან ღამემდე ტკბილეულობაზე ლაპარაკობდნენ. ყველა მათგანი ამჟღავნებდა თავისი პირის გემოს და სურვილებს. გამოითქვა აზრი, რომ ტკბილეულობის დამზადება სახლში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მისი საკონდიტროში შეძენა. ეს აზრი ერთხმად იქნა აღიარებული. ბოლოს ისინი დაიშალნენ და თან წაიღეს ტკბილი მოლოდინი მეორე დღისა. მეორე დღეს მეზობლებმა თავი მოიყარეს. იყო საზეიმო განწყობა და ზეიმი. ოთახი ბრწყინავდა სისუფთავისგან. მაგიდას ამშვენებდა ახლად გარეცხილ და გახამებულ სუფრაზე ვაზაში ჩასმული ყვავილების თაიგული. მაგიდაზე იდო პატარა თეფშები ტორტისათვის. მაგიდაზეიდო დიდი თეფში ტორტით. დიდ ტორტზე იყო წარწერა: „შემჭამე ძვირფასო“. როგორც ტორტის ყიდვის იდეა, ისე ეს წარწერაც ვარვარა ნიკიფოროვნას ეკუთვნოდა. ამ წარწერამ საერთო მოწონება და მხიარული სიცილი გამოიწვია.

– „შეგჭამ ძვირფასო“,- იხუმრა ელენემ.

ამან სიცილი უფრო გააძლიერა. დგებოდა სანატრელი წუთები. ყველაფერი მზად იყო. ყველანი მზად იყვნენ, მაგრამ ისინი ელენემ შეაჩერა. ყველანი გაკვირვებულნი იყვნენ და რაღაცას მოელოდნენ. ელენემ დინჯად გამოაღო ბუფეტის კარი და შემდეგ მოსხლეტით გამოიღო და ხელში აიტაცა პატარა გრაფინი.- „ნალივკა!“ ვაშა! – წამოიძახეს მეზობლებმა. „ნალივკა“ მაგიდაზე დადგეს და პატარა ჭიქებიც გამოიტანეს.

– ეხლა კი ნამდვილი ქეიფი იწყება! – აღფრთოვანებით წამოიძახა ვერიჩკამ. – მობრძანდით მაგიდასთან! – გაისმა ელენეს მოკლე და თავაზიანი ბრძანება. ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ.უეცრად სინათლე ჩაქრა… ბნელმა მოიცვა ტორტი, ,,ნალივკა“, ყვავილების თაიგული და მთელი ოთახი. ბნელმა მოიცვა მეზობლები. სიბნელეში მხოლოდ მათი სათვალეები ელავდნენ. – რა დროს სინათლის ჩაქრობა იყო! – გაბრაზებით წამოიძახა ვერიჩკამ.

– მოვიცადოთ, ჩქარა აინთება! – დააიმედა მეზობლები ანიკომ. ისინი იდგნენ და ელოდნენ სინათლეს. ისინი მიშტერებოდნენ ელნათურას დაძაბული თვალებით.

– ელენე, ერთი ,,სპიჩკა“ მონახე, ლამფა ავანთოთ, თორემ შეიძლება სინათლე გვიან მოვიდეს! – სთქვა ვარვარა ნიკიფოროვნამ.

– ლამფის შუქზე რა გემო აქვს ჭამას? – იწყინა ანიკომ, ელენე ასანთის ძებნას შეუდგა. კარგა ხანს ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. ახლა ვარვარა ნიკიფოროვნა გავიდა თავის ოთახში ასანთის მოსატანად. როდესაც ვარვარა ნიკიფოროვნა ასანთით ხელში უკან ბრუნდებოდა, უეცრად სინათლეც აინთო და ოთახიც განათდა.

– ჩემი სიკვდილი! – წამოიძახა ელენემ. ყველამ თვალები მაგიდისკენ გაისროლა. მაგიდაზე იდგა ორი მსუქანი კატა. იდგნენ ეს კატები და შესცქეროდნენ სურნელოვან ტორტს. ერთი მათგანი ძალიან შავი იყო, მეორე კი ძალიან ნაცრისფერი. მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ისინი ტორტისადმი ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. შესცქეროდნენ მას გულმოდგინედ და რაღაცას უპირებდნენ. მათ კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდათ. მათი თვალები ბოროტად აღარ იყურებოდნენ. ისინი საამოდ იზმორებოდნენ და თვალებში უმანკოება და სათნოება ჩაღვროდათ. ისინი ვეფხვებს აღარ ბაძავდნენ. ისინი ნამდვილი კატები იყვნენ. ისინი ძალიან საყვარლები იყვნენ. ცხადია, მხოლოდ იმათთვის, ვისაც ეს ტორტი არ ეკუთვნოდა. ხოლო ქალები კი ბრაზისგან ხმას ვეღარ იღებდნენ და თუ არა ელექტროსადგურის გეგმაზომიერი მუშაობა, ჩვენი ფისუნები ამ ტორტს ბოლოს მოუღებდნენ და ჩვენი ამბავიც სხვა სახეს მიიღებდა.

თუმცა ტორტი უვნებელი იყო, მაგრამ გუნება მაინც წახდა. ქალები შემოუსხდნენ მაგიდას და შეუდგნენ ტორტის შევიწროებას. ვერც ვარვარა ნიკიფოროვნას ხალისიანმა სიცილმა და მახვილმა ხუმრობამ, ვერც ელენეს თავაზიანობამ ვერ დააბრუნა სუფრაზე გუნება. ტორტი საოცარი სიზუსტით იყო განაწილებული.წარწერა რომელიც ტორტზე თეთრი კრემით იყო გამოყვანილი, ტორტის ჭამის დროს განაწილდა შემდეგნაირად: ,,შე,“ ,,მჭამე“, ,,ძვირ“, ,,ფასო“. ვარვარა ნიკიფოროვნამ „ძვირზე“ და ,,ფასზე“ მარილიანი ხუმრობა გამოაბა და ბუნება ოდნავ გამოკეთდა სუფრაზე. ქალების, როგორც მოწყენას, ისე გამხიარულებას დიდი მიზეზი არ სჭირდება და გუნება თანდათან დაბრუნდა სუფრაზე. ამაში ცოტაოდენი როლი ,,ნალივკამაც“ შეასრულა. სიხარული მწვერვალზე ადიოდა, როდესაც მიხურულ კართან გაისმა გარეთ დარჩენილი კატების საცოდავი კნავილი. ეს ოთახის სევდაა. ამ სევდამ დაიბუდა ყველა მათგანში. ვიღაცამ ამოიოხრა, გუნება წახდა. კატები დადუმდნენ. ოთახის სევდა იშლებოდა მათ სხეულში თანდათან, მაგრამ ქალების როგორც მოწყენას ისე გამხიარულებას დიდი მიზეზი არ სჭირდებოდა და გუნება ისევ დაბრუნდა სუფრაზე. ბოლოს, ქალები მორჩნენ დროს ტარებას და მხიარული სიცილით გააჩაღეს კარტისა და ნარდის თამაში. თამაში არაჩვეულებრივად ცოცხალი და აზარტიანი იყო.

1947 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button