ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

შოთა ჩანტლაძე – სათი

შეჩერდით, ისრებო საათის,

ისმინეთ ღაღადი ჩვენი:

გაფრინდით, გაფრინდით, გაფრინდით!

ძვირფასო საათის ისრებო!

თქვენ ჭეშმარიტად სადაც გიღამდებათ;

იქ გითენდებათ.

ცხოვრება მიდის ნელა,

როგორც საათის ისრები.

შ. ჩ.

მე დილით ვიღვიძებ და გამოვდივარ ქუჩაში. დილით, სულში მოწყენაა და ჯიბეში არ არის სიგარეტი და მივემართები სრულიად უმიზნოდ, რადგან ერთადერთი გამაჩნია მიზანი: სასიამოვნოდ დავიღალო, რათა დავიძინო სასიამოვნოდ და ყოველ დილიდან ყოველ ღამემდე მე არ მასვენებს მიზანი იგი.

ბაღი უნივერსიტეტის. ლექციებიდან გამოქცეული ვაჟები და ქალიშვილები. მზე, სიცილი და მხიარულება. ვიწყებ ლაპარაკს, მისმენენ და ეწევიან პაპიროსს და ტვინი ეწამლებათ ლაპარაკით, როგორც ფილტვები ნიკოტინით. ამასობაში მოაწია ჟამმა სადილობისამ. ვაშა და დიდება ამ ვაჟებს და ამ ქალიშვილებს! მივდივარ სახლში. სადილი მზად არის, არ მშია სრულიად, მაგრამ სადილს დრო გაჰყავს ერთობ და საქმეც. ვსადილობ…. დრო გადის მცირე. გათავდა სადილი, გათავდა საქმე. დედა მეუბნება, რომ ვარ უსაქმური, მე ვეკამათები. ესეც საქმეა თუ არა! ამასობაში საღამოვდება. გამოვდივარ ქუჩაში და მივემართები რუსთაველის პროსპექტისაკენ. არავითარი სიახლე. იგივე სახლები, იგივე ფანჯრებით. პროსპექტზე ნაცნობი უამრავი, არც ერთი ამხანაგი. ბოლოს და ბოლოს მხვდება ამხანაგი რამოდენიმე და იწყება ლაპარაკი ექვსსათიანი. მშვიდობიანი იწყება ლაპარაკი, რომელიც თანდათან გადადის ჩხუბში, რადგანაც ჩხუბი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სიყვარული, მე კი მსურს გაყვანა დროის. ჩვენ ვჩხუბობთ დიდხანს და თან ნერვიულად შევყურებთ საათს ქუჩაში დაყუდებულს. საათის ისრებს უნდათ, რომ ირბინონ, ისინი გვითანაგრძნობენ ჩვენ, ხოლო დრო, მტერი ჩვენი, ეზიდება მათ უკან.

– გაგვიშვი ხელი! – ჩივიან ისრები საათის.

– გაუშვი ხელი! – ვექომაგებით საათის ისრებს.

მაგრამ დრო ყრუა და მორჩილი თავისი თავის.

ძვირფასო საათის ისრებო! ვიცი იტანჯებით თქვენც, თქვენც გინდათ ჩვენსავით გაყვანა დროის, თქვენც გინდათ დაიღალოთ სიაამოვნებით, რათა დაიძინოთ სიამოვნებით. თქვენი ცხოვრებაც ერთფეროვანია ისე, ვით ჩვენი, თქვენც არეს გარს უვლით ისე, ვით ჩვენ, თქვენც გინდათ შეხვედრა ერთმანეთთან და ხვდებით ერთმანეთთს ისე, ვით ჩვენ, თქვენ დღე-ღამეში 24-ჯერ ხვდებით ერთმანეთს. თქვენც ესაუბრებით ერთმანეთს ჩვენსავით, მაგრამ თქვენი საუბარი არ არის 6 საათიანი. თქვენ ხვდებით ერთმანეთს და არ უჩერდებით. სევდით ჩაუვლით გვერდით ერთმანეთს. გადაუგდებთ ერთმანეთს სიტყვას რამდენიმეს და შემდეგ ესაუბრებით საკუთარს თავს და დროის მორჩილნი, უსაყვედურებთ დროს.

დიდო ისარო! შენი ვალია იარო სწრაფად, თავზე გადაუქროლო პატარა ისარს, პატარა, ისარი მოგდევს და ვერ გეწევა და გევედრება შეჩერდე, დაუცადო, მაგრამ შენ არ უცდი. სამაგიეროდ, ადამიანები ეყრდნობიან პატარა ისარს.

…და ხდება ასეც, თქვენ აგერევათ ნაბიჯი თქვენი და ამოვარდებით ჩვეული ფერხულიდან. მაშინ თქვენ აღარ ხართ სხვისთვის, მაშინ თქვენ აღარ ხართ სანდო, მხოლოდ დაბნეული მოგენდობათ ადამიანი და თქვენდაუნებურად აცდუნებთ მას. თქვენ წუხართ მაშინ, თქვენ დარდობთ მაშინ, თქვენ გინდათ უთხრათ იმ ადამიანს, რომ ნუ მოგენდობათ, როგორმე. თქვენ გინდა უთხრათ, მაგრამ არ ძალგიძთ, ხოლო თქვენს უკან, მექანიზმში უფაქიზესში, დროის ეშმაა მიმალული და ჩახლართული, და ეშმა იგი იცინის ადამიანებზე, იცინის სიცილით ცივით და ჩახლართულით.

დაღამდა. ვბრუნდები სახლში. ვბრუნდები სახლში დაღლილი და დაცლილი. მეთოთხმეტეჯერ უთანაბრდება დიდი ისარი პატარა ისარს. ვუყურებ ისრებს და მებადება აზრი: არის ადამიანი მაღალი და არის ადამიანი დაბალი, არის ადამიანი სწრაფმავალი და არის ადამიანი ნელი, ისევე, როგორც საათის ისრები, მაგრამ ყველა მაღალი სწრაფად არ დადის და ყველა დაბალი ნელა.

ე.ი. დედამიწა არის ვეებერთელა საათი, რომელიც შესდგება უამრავი ისრებისაგან, რომლებიც არ მოძრაობენ თანაბრად.

ე.ი. დედემიწა არის დიდი, გაფუჭებული საათი.

1957 წ. 19 ნოემბერი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button