განხილვამუსიკა

Catch The Clouds – Nobody At Home (2010)

chillout, trip-hop, new age, folk

ტრეკლისტი:

  • Cowboy (3:18)
  • Datunia (3:57)
  • Earth 121 (2;51)
  • Friend (4:05)
  • In My Heart (4:30)
  • Kiss The Rain (2:33)
  • My Universe (Rafaelo – Part Three) (2:43)
  • Nobody At Home (3:49)
  • Reborn (2:31)
  • Sakura Leaves (3:37)
  • Village (3:26)

შემადგენლობა:

  • ქეთი ტუღუში – ვოკალი
  • ირაკლი მანჩხაშვილი – ელექტრონული ინსტრუმენტები
  • გიორგი არზიანი – ელექტრონული ინსტრუმენტები

Catch The Clouds-ის სახელის უკან ირაკლი ”ბეთხო” მანჩხაშვილი, გიორგი ”არზო” არზიანი და ვოკალისტი ქეთი ტუღუში იმალებიან. თავიდან CTC ღია პროექტი იყო და ამიტომაც ალბომში რამდენიმე პროექტს გარე მუსიკოსიც მონაწილეობს.

2 წლის წინ საშუალება მომეცა ეს პატარა ალბომი პირველად მომესმინა და მან ჩემი ყურადღება უმალვე მიიქცია თავისი სიმშვიდითა და ატმოსფერულობით. უცნაურია, მაგრამ ეს ორი თვისება ქართულ მუსიკაში ძალიან გაბნეულად და ეპიზოდურად გვხვდება; ასე რომ ამ ფასეულობებზე დაფუძნებული მთლიანი ალბომის მოსმენა ძალიან მესიამოვნა. Nobody At Home-ს პირველად მოსმენისას გეუფლება შთაბეჭდილება, რომ რაღაც მარტივს, მაგრამ საამურს უსმენ, სიმღერები კი ერთი მთლიანის ნაწილებია. სამაგიეროდ, ოდნავ უფრო მეტი დაკვირვებით აღმოაჩენ, რომ ეს ერთი შეხედვით უპრეტენზიო ალბომი სტილთა და მიდგომათა ძალიან ვრცელ პალიტრას იყენებს, მათი შეუმჩნეველი გაერთიანება კი უბრალოდ მუსიკოსების ნიჭის დამსახურებაა.

ალბომის იდეები მოიცავს ადვილად მოსასმენ ალტერნატიულ როკს (ალბომის ”ჰიტი” – Сowboy), საკმაოდ დიდი დოზით ტრიპ-ჰოპს (ხან Portishead-ის მსგავსი მანიპულირებული ვოკალითა და დრამით, ხანაც კიდევ უფრო downtempo-ს გავლენით) და new age / ambient-თან ძალიან ახლოს მდგარ კინემატიკურ сhillout-ს (Kiss The Rain, Sakura Leaves, Reborn და ა.შ.) ამ ყველაფერთან ერთად ალბომს ეპიზოდებში ქართული ფოლკლორიც ამშვენებს (Datunia და განსაკუთრებით ლამაზი Village, სადაც ჯგუფ „დეციში“-ს დამაარსებელი, სამსონ ლეჟავა მღერის).

ალბომის არანჟირებები პრეტენზიული არაა, მაგრამ სადაც საჭიროა, იქ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებები გვხვდება (მაგალითად ფლეიტა და დუდუკი ”Datunia”-ში, დრამის ჟღერადობის საინტერესო მანიპულაციები და ა.შ.). ალბომის მთავარი ხიბლი ჩემთვის მაინც ხმის უნაკლო რეჟისურის მიერ შექმნილი ატმოსფეროა, რომელიც მსმენელს სითბოს და სიმშვიდეს ჰგვრის. უცნაურია, რომ ალბომს ფიქსირებული ტრეკლისტი არ გააჩნია, მაგრამ სიმღერების ნებისმიერი თანამიმდევრობით სმენისას ალბომში ჟღერადობრივი ერთობის და კომფორტის გრძნობა არ იკარგება.

საბოლოო ჯამში, Nobody At Home ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ შექმნილი ძალიან იმედისმომცემი ალბომია; სერიოზული, თვალშისაცემი ”პიჟონობისა” და შესამჩნევი ხარვეზების გარეშე. ის, თავისი ორგანული მრავალფეროვნებით მას განსხვავებული გემოვნების მსმენელს მიიზიდავს: ტრიპ-ჰოპის, ატმოსფერული ელექტრონული მუსიკის და ალტ. როკის მოყვარულების ჩათვლით. ეს განწყობის მუსიკაა – ამ ალბომის მოსმენა შებინდებისას, წვიმიან საღამოს, ერთი სიამოვნებაა.

CTC-ს ეს სადებიუტო ალბომი მომავალში კიდევ უფრო უკეთესის იმედს გვაძლევს.

შეფასება: 8 / 10.

გადმოსაწერი ბმული: http://www.mediafire.com/?677jq2i8dtlfxfz 

Source
georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button