მერაბ ღაღანიძე “ჰერმან ბროხი: მწერლობა ჭეშმარიტების შესამეცნებლად”
ჰერმან ბროხის ცხოვრება შეცვლის ნიშნითაა აღბეჭდილი: ბროხმა, ავსტრიელმა ებრაელმა მრეწველმა, თანდათანობით შეიცვალა თავისი საქმიანობა, სარწმუნოება, მოქალაქეობა. სიცოცხლის დასასრულისას იგი შეერთებულ შტატებში მცხოვრები გერმანულენოვანი მწერალი იყო, რომელიც აღმსარებლობით რომის კათოლიკე ეკლესიას მიეკუთვნებოდა. არა მარტო იმათთვის იყო მოულოდნელი მისი ეს ცვლილებანი, ვინც მას სიყმაწვილეში თუ მოწიფულობაში – ახლოდან თუ შორიდან – იცნობდა, არამედ თავად მასაც ჭოჭმანითა და მტკივნეულად მოუხდა იმ პიროვნულ გადაწყვეტილებათა მიღება, რომელთაც ასე მოუბრუნებლად შეცვალეს მისი ყოფა, ყოველდღიურობა, ცხოვრების წესი თუ ფასეულობანი.
მამამისი იოზეფ ბროხი, წარმოშობით მორავიელი ებრაელი, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის საფეიქრო მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა (და ერთ ხანს მილიონერიც!) იყო, რის გამოც მის უფროს ვაჟს – ჰერმანს – ბუნებრივად ევალებოდა მამისეული საქმის გაგრძელება, რასაც იგი სიჭაბუკიდან 40 წლამდე არცთუ წარუმატებლად ახორციელებდა: ჯერ საფეიქრო საქმის ინჟინრობას პროფესიულად დაეუფლა და საგანგებო დაზგაც შექმნა, შემდგომ კი საოჯახო ფაბრიკათა ქსელს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ თავის ნამდვილ მოწოდებად ბოლოს და ბოლოს მან მაინც მწერლობა და ფილოსოფოსობა მიიჩნია; 1886 წლის 1 ნოემბერს ბროხი ებრაელად დაიბადა, მაგრამ ახალგაზრდობაშივე – ოც წელს გადააბიჯა თუ არა – მთელი შეგნებითა და მთელი ცხოვრებით მიიღო კათოლიკური სარწმუნოება; ოჯახსა და გარემოში იგი ავსტრიელად ჩამოყალიბდა და ცხოვრების უმთავრესი ნაწილი ავსტრიაში გაატარა, მაგრამ ნახევარ საუკუნეს იყო გადაცილებული, როცა თავისი სამკვიდროს დატოვება და ოკეანის იქით გადასახლება მოუხდა, რადგანაც მისმა სამშობლომ იმჟამად საერთოდ შეწყვიტა პოლიტიკური არსებობა და ჰიტლერული “მესამე რაიხის” შემადგენლობაში აღმოჩნდა.
მართალია, სამრეწველო საქმიანობაზე საბოლოოდ და მოუბრუნებლად ბროხმა მხოლოდ 1927 წელს აიღო ხელი, როცა მან მთლიანად გაასხვისა საკუთარი ქონება, მაგრამ იგი ჯერ კიდევ მანამდე, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, შეუდგა მწერლობისათვის მზადებას, რისთვისაც უპირველეს პირობად განათლების გაფართოება და გამყარება მიიჩნია. მაშინ იგი ვენის უნივერსიტეტის სტუდენტის მერხს მიუჯდა და ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ფიზიკის შესწავლას ჩაუღრმავდა; ამასთანავე, მან განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო კლასიკურ თუ ცოცხალ ენებს, მათ შორის, ჩეხურს, რომელშიც მას პრაჰელი ჟურნალისტი და ლიტერატორი მილენა იესენსკა წვრთნიდა, – ფრანც კაფკას სატრფო. სწორედ იმ ხანებში ქვეყნდება ბროხის პირველი ნაბეჭდი ტექსტები (მათ შორის, ერთი უღიმღამო კოლექტიური რომანის ერთი თავი), რომლებიც არც დიდი ოსტატობით გამოირჩეოდა და რომელთაც არც დიდი გამოხმაურება მოჰყოლია.
თითქმის ოცი წლის შემდეგ, – მას შემდეგ, რაც მან პროფესიული მწერლის ცხოვრება აირჩია, – იგი, უკვე არცთუ ყმაწვილი, კიდევ ერთხელ მიუბრუნდა უნივერსიტეტის აუდიტორიას, ლოგიკასა და მათემატიკას, და სამზადისსაც შეუდგა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თუმცა მალე ყველაფერს, რაც მწერლობას უშუალოდ არ ეხებოდა, იგი მაინც გვერდზე გადადებს და იმ დროიდან შეუჩერებლად, განუწყვეტლად, სულმოუთქმელად – თითქოს დაკარგულის ასანაზღაურებლად – წერს, წერს, წერს…
ფაქტობრივად, მწერლობას ჰერმან ბროხი ორმოცი წლის ასაკში იწყებს, ხოლო პირველ რომანს კი ორმოცდახუთი წლისა აქვეყნებს, მაგრამ მისი შემოქმედებითი ინტენსიურობა და უშეღავათობა სიცოცხლის ბოლომდე აღარ ნელდება. თანდათანობით ევროპასა თუ ამერიკაში გამოდის მისი რომანები: “მთვარეულნი”, “უცნობი სიდიდე”, “ვერგილიუსის სიკვდილი”, “უდანაშაულონი”; იბეჭდება ნოველები, ლექსები, დრამები, ლიტერატურული და ფილოსოფიური ესეისტიკა, სტატიები საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საკითხებზე, ვრცელი ლიტერატურულ-კულტურული გამოკვლევები ჯეიმს ჯოისისა და ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის შესახებ; მისი სიკვდილის შემდეგ საოჯახო არქივში აღმოჩნდება დაუმთავრებელი დიდი რომანი “ხიბლი” (ანუ, სხვაგვარად, “სამთო რომანი”) და ვრცელი გამოკვლევა მასის ფსიქოლოგიის შესახებ (ბროხის კვალზე, ამგვარ ნაშრომს მოგვიანებით ელიას კანეტი დაწერს); შენახულია და გამოიცა მწერლის მიმოწერა თომას მანთან, ალბერტ აინშტაინთან, ჰანა არენდტთან, სადაც ბროხის ლიტერატურული ოსტატობა და სულიერი წვდომანი თითქოს მოულოდნელ სიმაღლეებს აღწევს, რაც უჩვეულო არ უნდა იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მას პირადი წერილი ცალკე ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟანრად მიაჩნდა.
ეს გასაკვირი არცაა, რადგან ბროხის ნებისმიერ ტექსტში ერთმანეთს თანახმიერად ერწყმის მხატვრული სიტყვა და აზროვნებითი განსჯა, თუმცა მწერალს ზოგჯერ ბრალსაც კი სდებდნენ, რომ ნოველა თუ რომანი, დრამა თუ ლექსი მისთვის გარკვეული ფილოსოფიური კონცეპტის (თუ კონცეპტების) ოდენ ილუსტრაცია იყო…
იმავე დღეს, 1938 წლის 12 მაისს, როცა რაიხის ჯარებმა ვენა დაიკავეს, – რასაც ავსტრიის “ანშლუსი” (მიერთება) მოჰყვა, – ბროხი გესტაპოს ციხეში აღმოჩნდა. მას, შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც არ ასცდენოდა, რომ არა ევროპელ ინტელექტუალთა, – პირველ რიგში, ჯეიმს ჯოისის, თომას მანისა და ალბერტ აინშტაინის, – ჩარევა, რომელთა შემწეობითაც მან მალე დატოვა კონტინენტური ევროპა. იგი ჯერ დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, შემდგომ კი, შემოდგომაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა. სწორედ იქ, ნიუ ჰეივენში, კონექტიკუტში, 1951 წლის 15 მაისს, თორმეტწლიანი ექსორიის შემდეგ, გულის უკმარისობის შედეგად შეწყდა 64 წლის მწერლის სიცოცხლე.
როგორც ამბობენ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი ისევ მნიშვნელოვან ცვლილებათათვის ემზადებოდა…
თავისი ლიტერატურული საქმიანობის განმავლობაში ჰერმან ბროხს არასოდეს გამოუვლენია რამე მცდელობა, მის ნაწერებისა და, მით უმეტეს, მისი პიროვნების მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება ყოფილიყო მიპყრობილი. იგი ყოველთვის ეჭვით იღებდა ყოველგვარ – თუნდაც შემთხვევით – საჯარო წარმატებას და, თუკი საკუთარ ცხოვრებაში ამგვარი წარმატების სულ მცირე გაელვება მაინც შეუნიშნავს, დაუხანებლად შეშფოთებულა და აფორიაქებულა საკუთარი ნაღვაწის ნამდვილი ღირებულების გამო.
* * *
ჰერმან ბროხის უმნიშვნელოვანესი და, საერთოდ, მეოცე საუკუნის რომანისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, “ვერგილიუსის სიკვდილი”, ამერიკაში შეიქმნა, მაგრამ მისი ჩანაფიქრი ვენური პატიმრობისას წარმოიშვა, – სიკვდილის პირისპირ სამკვირიანი დგომისას. რომანი, რომელიც მწერლის უფრო ადრეული ნოველის “ვერგილიუსის დაბრუნების” (1937) თემატურ განვრცობასა და გადამუშავებას წარმოადგენს, თავდაპირველად 1945 წელს გამოქვეყნდა ინგლისური თარგმანის სახით, რომელსაც მხოლოდ შემდგომ მოჰყვა გერმანული ორიგინალის გამოცემა. მაშინვე, – როგორც ლიტერატურულ, ისე პოლიტიკურ წრეებში, – წამოიჭრა საკითხი მისთვის ნობელის ლიტერატურული პრემიის მინიჭების შესახებ, თუმცა ეს მცდელობა და წარდგენა უშედეგოდ დამთავრდა. არსებობს გადმოცემა, თითქოს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას გამარჯვებული ამერიკელები ამ წიგნის მასობრივად დაბეჭდვას და ყველა გერმანელისათვის მის უსასყიდლოდ დარიგებას აპირებდნენ…
მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ, სიცოცხლის მიწურულს, ბროხი კიდევ აქვეყნებს თავის მორიგ შედევრს, – სტრუქტურულად უჩვეულოდ აგებულ, ფორმობრივად სხვადასხვაგვაროვან რომანს, – “უდანაშაულონი” (1950), მაინც, სწორედ “ვერგილიუსის სიკვდილი” აჯამებს, აერთიანებს და ამთლიანებს მწერლის ლიტერატურულ საქმიანობას და სწორედ ეს ტექსტი მოიცავს ყველა იმ მწვავე თუ მტკივნეულ თემას, რომელთა გადაწყვეტა ცხოვრებისეულად აღელვებდა ჰერმან ბროხს.
“ვერგილიუსის სიკვდილი”, ვრცელი და რთული რომანი, დაწერილი პოეზიისა და პროზის ზღვარზე, კლასიკური და მოდერნისტული სტილების გადაკვეთაზე, “ენეიდის” შემოქმედის უკანასკნელ დღეს ასახავს: პოეტის მგზავრობასა და ბრინდიზიუმში ჩასვლას, მის გახსენებებსა და ხილვებს, გამომშვიდობებას ახლობლებთან, მიწიერ ქვეყანასთან, სიცოცხლესთან, მის თანდათანობით კვდომასა და ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად გადასვლას… მაგრამ წიგნის ფურცლები, ხშირად გამსჭვალული დითირამბულ-პროფეტული ტონით, – თითქოს ჰელდერლინის ან შტეფან გეორგეს ლირიკული სტრიქონები რომანის უწყვეტ ფურცლებად გაშლილა, – უწინარეს ყოვლისა, თავად ბროხის ფიქრებისა და განსჯათა ანარეკლია, მისი გონებისა და გულის მიერ იმხანად მოუგვარებელ-საყოყმანო საკითხებზე პასუხის მოპოვების მცდელობა.
სიცოცხლის მიწურულში მდგომი რომაელი მელექსე იმ დასკვნამდე მიდის, რომ მისი უმთავრესი საქმე, თითქმის დამთავრებული პოემა, უნდა განადგურდეს, რადგან ის ხოტბას ასხამს, განადიდებს, აქებს, – უწინარეს ყოვლისა, რომის იმპერიასა და მის შემქმნელებს, – მაგრამ ხოტბა არ შეიძლება იყოს პოეზიის საგანი. საზოგადოდ, ხელოვნების მიზანი უნდა იყოს ნამდვილი ასახვა და ნამდვილი გაგება, და შედეგად – შემეცნება, რასაც ჭეშმარიტების წვდომა მოჰყვება, ხოლო თუნდაც “ენეიდა”, თუნდაც სხვა ამგვარი პოეზია, სულისა და გონების წარმტაცი სტრიქონები, სახალისო მოსასმენად თუ წასაკითხად, ემსახურება ოდენ ტკბობას, ოდენ სილამაზეს და არა შემეცნებას… (რომანის ავტორმაც ცხოვრების დასასრულისათვის დააპირა, უარი ეთქვა ლიტერატურაზე, შეთხზვაზე, მხატვრულ შემოქმედებაზე; იმ ხანებში იგი მთელ თავის ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ ძალებს უძღვნიდა იმას, რაც მას ადამიანისა და საზოგადოების უშუალო სამსახურად მიაჩნდა: ერთი მხრივ, კვლევებს პოლიტიკური ფილოსოფიის დარგში, ხოლო, მეორე მხრივ, მუშაობას ლტოლვილებთან და მათთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას.)
მაგრამ ისიც ცხადია, რომ შემეცნების მიღწევა, საგანთა და მოვლენათა ძირებისა და არსის წვდომა არ იწვევს ერთობას გვერდით მყოფ ადამიანებთან, ადამიანურ გარემოსთან, თანამოქალაქეებთან, იმათთან, ვისთვისაც ქმნის ნაწარმოებს ის შემოქმედი, რომელიც თავად მისწვდომია ჭეშმარიტებას. რაკი ჭეშმარიტება მძაფრი და მკვეთრია, საზღვრისა და ნაპრალის მიმანიშნებელია, მოულოდნელია თავის მოსალოდნელობაში, უჩვეულოა თავის ჩვეულებრივობაში, რთულია თავის სისადავეში, ამიტომაც იგი, ვინც თუნდაც მიუახლოვდა მას, ვინც თუნდაც მონიშნა მისკენ მიმავალი გზა, ძნელად პოულობს საერთო ენას იმათთან, ვინც ამ შემეცნებიდან ჯერ ისევ – ნებსით თუ უნებლიეთ – შორია. ამის გამო ნამდვილი შემმეცნებელი, – ნამდვილი პოეტი, – ვერ აგებინებს, ვერ ატყობინებს თავის სათქმელს იმათ, ვისთვისაც აგრე მხურვალედ, ამგვარი აღტაცებით სწადია თავისი ხმის, თავისი უწყების მიწვდენა. თავის საბოლოო გზაზე, ნავთსაყუდლიდან სასახლისაკენ, ვერგილიუს მარონი ცხადად ხედავს ადამიანთა იმ მრავალრიცხოვან წყებას, ვინც დამცინავად, ამრეზით, კრულვით ეგებება იმპერიის საზღვაო ქალაქში სასიკვდილოდ ჩამომხდარ პოეტს. იგი ხვდება, რომ არც პოეზიით გამოხატული მისი სათქმელი და არც ამ პოეზიის უარყოფა ჭეშმარიტების სანაცვლოდ არაფრად ანაღვლებთ იმათ, ვისი ჩრდილებიც მომაკვდავის თვალწინ ქუჩაბანდებსა და სარკმლებში გაკრთება, – ქალაქის მცონარა, უქნარა მცხოვრებთ, უსახურთ, მოწყვეტილთ ნიადაგსა და წინაპრებს, ჯანსაღ შრომასა და გარჯას. მაგრამ თითქოს ხომ მათ ახლოს ცხოვრობდა, თითქოს ხომ მათთვის წერდა თავის სტრიქონებს “ბუკოლიკებისა” და “გეორგიკების” ავტორი…
იმადაც ჩააყენა მან თავისი პოეზია განდიდებისა და სილამაზის, სილამაზისა და განდიდების სამსახურში, იმადაც აქცია ლათინური სიტყვების შეწყობილი თანმიმდევრობა თავისთავად სიმშვენიერედ, იმიტომაც ქმნიდა ასე და ამგვარად, რომ დარწმუნებული იყო, სჯეროდა, რომ სწორედ ამას ელოდნენ, სწორედ ამას მოთხოვდენ მისგან, – თუნდაც უთქმელად, თუნდაც გამოუხატველად, – ისინი, ვისთვისაც მისი პოეზია ძვირფასი უნდა ყოფილიყო, ვისაც მისი პოეზია უნდა დასჭირვებოდა.
ამჯერად კი პოეტი, რომელიც შეუმცდარად გრძნობს სიცოცხლის დაწრეტას, ცდილობს თავისი მიწვდომა – რაც მან სულ ახლახან გაიგო და დაალაგა – განუმარტოს ყველაზე ახლობელთ, ერთგულ და სანდო მეგობრებს, პლოციუს ტუკასა და ლუციუს ვარიუსს, და კიდევ, მეგობარსა და ხელისუფალს, იმპერიის შემოქმედს, ოქტავიანე ავგუსტუსს, – მოიწადინებს, დაარწმუნოს ისინი, რომ არაფრის მაქნისია ისეთი პოეზია, რომელიც არაა შემეცნება, რომ ყველაზე უპრიანი მისთვისაც, მათთვისაც, რომის მცხოვრებთათვისაც იქნება გადაუდებლად ან, უგვიანეს, ავტორის სიკვდილის შემდეგ განადგურდეს, ისტორიიდან გაქრეს “ენეიდა”… თუმცა ვრცელი საუბრებიდან აშკარად ჭვივის, რომ პოეტს უძნელდება თავისი ჩანაფიქრის, თავისი გადაწყვეტილების სისწორის დასაბუთება, უძნელდება საერთო ენის და, ზოგადად, ენის გამონახვა სიკვდილისწინა ნათელჭვრეტით მიღებული ცოდნის გადასაცემად, ცხადი სინამდვილის აღქმის შედეგთა სხვათათვის გასაზიარებლად, საკუთარი ხედვის თვალსაწიერის უჭოჭმანობის დასადასტურებლად და დასაცავად. უთუოდ უჭირს სხეულითა და სამშვინველით შეჭირვებულ პოეტს მეგობრების – მათ შორის, ქვეყნის უმაღლესი მმართველის – დარწმუნება თავისი განზრახვის სიმართლესა და სამართლიანობაში, მაგრამ მაინც, საქმე ისაა, რომ ისინი არა მარტო ვერ ახერხებენ იმის გაგებას, თუ რას და რატომ ეუბნება მათ მომაკვდავი მეგობარი, არამედ – ბუნებრივად – არც სურთ, გაიგონ, რადგან იციან, რომ თუკი პოეტს დაუჯერებენ, მის გულისთქმას აღასრულებენ, მაშინ “ენეიდის” ხელნაწერი, – ნუმც მომხდარა, – ცეცხლს უნდა მიეცეს, მარადიულ დავიწყებაში უნდა გაუჩინარდეს. ეს დათმობა კი, შემეცნების მისაწვდომობისაგან დამოუკიდებლად, მტკივნეულად მიუღებელია პოეტის ახლობელთათვის, და კიდევ, შეურაცხმყოფლად შეუწყნარებელია ავგუსტუსისათვის, რომელსაც თავისი დიადი სახელმწიფოს ბრწყინვალების ერთ-ერთ დასტურად – საუკუნეთა წიაღ – ეს წიგნიც წარმოუდგენია. უკვდავების ნიშნით აღბეჭდილი პოემის მოსპობა, თავად პოეტის გარდა, შეუძლებლად მიაჩნია ყველას, რისი მიზეზი ისიცაა, რომ უკვდავებასთან სიახლოვე, უკვდავებასთან თანაზიარება არავის ეთმობა, და არც იმპერატორს, რომელსაც საკუთარი საქმის, საკუთარი ქმნილების, იმპერიის, ნაწილად – შთამბეჭდავ და საამაყო ნაწილად – მიიჩნევს მისი მეგობრის ოქროს ლათინურით ნაჭედ სტრიქონებს, ხოტბას, აღვლენილს რომის სიდიადის კიდევ უფრო მეტად განსადიდებლად…
ავგუსტუსი არწმუნებს ვერგილიუსს, უმტკიცებს იმას, რაც მას მყარად სწამს, უმტკიცებს თავისი ქმედებისა და სიტყვის ძალმოსილებით, რომ სიცოცხლე და შემოქმედება ფასეულია მაშინ, თუკი ის ადამიანის ხელით ქმნილთაგან უდიადესს ემსახურება: ადამიანთა ერთობას, რომელიც თავის უმაღლეს გამოვლინებას სახელმწიფოში პოვებს. ქვეყნის ხელისუფალს სჯერა, რომ სწორედ სახელმწიფოს ფარგლებში და, კერძოდ, რომის იმპერიაში, პოვებს ადამიანი კეთილდღეობასა და მშვიდობას და, შესაბამისად, თავისუფლებას… ასე სწამს იმპერატორს, მაგრამ პოეტს თავისუფლების უკვე სხვა გალავანი დაულანდავს…
ზღვარზე მყოფი ვერგილიუსისათვის ცხადი ხდება ყოველივე მიწიერის ფასი: შემეცნებისეულ შუქზე იგი ხილულად აღიქვამს, ხედავს, ხვდება, თუ რაოდენ წარმავალია იმპერიაც, ყოველივე ქმნილიც, პატივიც, სიცოცხლეც, მაგრამ იგი რწმუნდება, რომ ის, რაც მან გაიგო, ის, რაც მან განჭვრიტა, – არათუ შემეცნების მწვერვალთა მიღწევა, არათუ მათთან მიახლოება, არამედ მათი ოდენ თვალის კვრა, მათი შორეული ციაგის ჭვრეტა, – აუცხოებს ადამიანს იმათთაგანაც კი, ვინც მისთვის ძვირფასია, ვისთვისაც იგი ძვირფასია, და მას, შედეგად, გულსაკლავ მარტოობაში ტოვებს. იგი ხვდება, რომ შემეცნება არ გაიზიარება, არ განაწილდება; ბრძენ ბერძენ მოძღვართა გონიერი შეგირდი იმისაც გამოცდილებისმიერად დაიჯერებს, რომ შემეცნება სინამდვილეში თვითშემეცნებაა, რასაც სხვას ვერ უწილადებს; თვითშემეცნება ყოველთვის საკუთარი მონაპოვარია, – ანდა განგებისაგან ბოძებული წყალობა, – რაც საზიარო, საზოგადო, საერთო ვერასოდეს გახდება… ხოლო ის, რისი გაზიარებაც ორ ადამიანს შორის შესაძლებელია, – ის, რაც ხელშესახებია, მისაწვდომია, ხილული და შეგრძნებადია, – არის სიყვარული; შემეცნების სიცივეს მხოლოდ ტრფობის მხურვალება გაფანტავს… ამიტომ პოეტიც იხსენებს, გამოიხმობს, ფერფლს გადააცლის იმ მწველ განცდას, რაც მას სიცოცხლის განმავლობაში ხვდომია წილად, და ეს იმიტომაც, რომ ვინძლო სწორედ ის, – სიყვარული, – რომელიც სიტყვათა და გამოთქმათა მიღმაა, სიტყვით და გამოთქმით გადაცემას არ საჭიროებს, იძლევა წვდომის, მიხვედრის, გაგების უნარს, ადამიანის მიერ ადამიანისათვის თბილი ხელის გაწოდების, შეხებისა და შეგრძნების საშუალებას, ადამიანთა შორის თანაგაზიარებისა და თანაზიარების წყალობას.
პოეტი მზადაა, სხვათათვის შემეცნების გზათა გასაკვალად თავი გასწიროს, – უმაღლესი შემეცნება უკვე უმაღლეს სიყვარულად გარდაქმნილა, – მაგრამ რაკი თავგანწირვისათვის მას არც გამბედაობა ეყო და არც დრო აღმოაჩნდა, სიცოცხლის დასასრულის მოახლოებისას გადაუწყვეტია, საკუთარი ვინაობის ყველაზე ღირებული გამოვლინება, საკუთარი პოემა გაიმეტოს მსხვერპლად, – ამიტომაც ჩაუფიქრებია თავისი ქმნილების ერთხელ და საბოლოოდ განადგურება, რადგანაც მიაჩნია, რომ ლამაზ პოეტურ სტრიქონებს ჭეშმარიტებიდან მკითხველისა თუ მსმენელის მხოლოდ აცდენა და შეცდენა ძალუძს.
მაგრამ იმისათვის, რათა სხვამაც გაიგოს ის, რაც მან გაიგო, როგორც ჩანს, არა იმდენად გონებრივი დაძაბვა ან გონებრივი ძალისხმევა გამოდგება, რამდენადაც სწორედ სიყვარული. ამიტომაცაა, რომ პოეტის სწრაფვები, მისი გულისნადები ყველაზე უკეთ ესმოდათ და ესმით მათ, – თუნდაც წარსულში, თუნდაც სიკვდილის ზღურბლზე, – ვინც მას გულითა და გრძნობით უყვარდა, ვინც მას ადამიანური განცდით, ადამიანური ალღოთი ერწმუნა და დაენდო. ვერგილიუსის ფიქრი თუ სატკივარი ყველაზე ადვილად მისაწვდომი იმისათვის აღმოჩნდა, ვისთანაც მას სიყვარული აკავშირებდა, თუმცა მათი წყება არც ისე გრძელია: მომხიბლავი ქალი პლოტია, მომხიბლავი ჭაბუკი ალექსისი, და კიდევ, უცაბედად მოვლენილი ის უცნობი ყრმა, რომელიც ერთი ხანია ერთგულად მისდევს მას ნავთსაყუდლიდან და რომელიც მას სიკვდილის გზაზე მიაცილებს, მიუძღვება, მეგზურობს. თუმცა იდუმალად რჩება, თუ მაშინ, როცა იშრიტება დღის სინათლეც და აღქმის შუქიც, რატომ ხდება ეს ყრმა, ჩაძირული მრუმე ბინდბუნდში, ასეთი ცხადი მომაკვდავისათვის, რომელიც განუწყვეტლივ ესაუბრება მას და რომელიც განუწყვეტლივ გრძნობს მის მზუნველობას, და რატომ რჩება იგი უხილავი ყველა იქ მომსვლელისათვის, ვინც სულთმობრძავ ვერგილიუსთან გამოსამშვიდობებლად მოეშურება; და ისიც ამოუცნობია, თუ ვინაა სინამდვილეში ეს ყრმა: მართლა მსახურია თუ ღამეული ზმანება, ან შეფარული ტრფობის ბოლო ხილვისმიერი გაკრთომა, ან იქნებ სულაც სიყმაწვილიდან გამოხმობილი მომავალი პოეტის ხატი, ანდა კარს მომდგარი სიკვდილის მაცნე და მაწვევარი…
“შენ, ჩემო პატარა მეგზურო მწუხრისა, – მიმართავს ვერგილიუსი ყრმას, ან იქნებ საკუთარ თავს, საკუთარ სულს, – როდისმე შენც გაიგებ, შენც მისწვდები ყოველივეს, შენც მოგიწევს როდისმე ჯდომა ზღვის პირას, ზღვარზე, შენს მიერ გადასასვლელი და გადასალახავი სამეფოს ნაპირზე, გამოთხოვებისა და შებინდების კიდეში, და შენი ნავი აღჭურვილი იქნება გასაქცევად, გასაღწევად, გამზადებული იმ ამაყი გაჭრისათვის, რომელსაც ჰქვია გამოღვიძება და რომლისათვისაც უცხოა უკან მობრუნება”.
ქრისტიანული შუა საუკუნეების განმავლობაში და შემდგომაც, საერთოდ, ქრისტიანულ ტრადიციაში მყარად იყო დამკვიდრებული თვალსაზრისი, რომ პუბლიუს ვერგილიუს მარონი, რომაელი პოეტი, წარმართული სამყაროს შვილთაგან თუ ერთადერთი არა, ყოველ შემთხვევაში, წარმართთა შორის იმ ერთეულებს მიეკუთვნებოდა, ვინც – ბიბლიურ წინასწარმეტყველთა დარად – წინასწარ, იესო ქრისტეს მიწიერ შობამდე, განჭვრიტა ღმრთის ძის ამქვეყნიური განხორციელება და სამყაროს მაცხოვრის, კაცთა მხსნელის დაბადება.
არც ჰერმან ბროხს გადაუხვევია ამ რწმენისათვის: მეოცე საუკუნის რომანშიც “ენეიდის” შემოქმედი აუმღვრეველი, სხივმოსილი მზერით ელის, რომ ქვეყანას სულ მალე მოევლინება იგი, ვინც თავად იქნება შემეცნების მეუფე, მოვა სამყაროსა და ადამიანის გადასარჩენად, სახსნელად; სწორედ იგი დათრგუნავს ერთხელ და სამუდამოდ სიკვდილს; ნამდვილი და ქმედითი შემეცნება კი მხოლოდ მისი მარადიული სიცოცხლეა, მხოლოდ მისი ცხოვრება და მისი – ცხოვრების მომნიჭებელი – სიკვდილი; ხოლო სანამ იგი მოსულა, პოეტმაც, ფილოსოფოსმაც, სახელმწიფო მოხელემაც უნდა აღასრულონ თავიანთი უზენაესი და იდუმალი მოვალეობა: სიტყვითა და საქმით, შემოქმედებითა და აღშენებით მოამზადონ ადამიანები კაცთა მოდგმის მაცხოვრის დასახვედრად, შესაცნობად, მისაღებად. ნათელხილვით განმსჭვალული პოეტი გაბედულად აცხადებს, რომ მთელი მისი პოეზია იყო ბეჯითი გარჯა სწორედ სამყაროს მხსნელის მოსვლის მოსამზადებლად, და თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებში იგი ცდილობს ამ მოსვლის მოლოდინით განაწყოს თავისი ძველი მეგობარიც, – უკიდეგანო იმპერიის შემქმნელი და მმართველი. (სხვათა შორის, ქრისტიანული თვალსაზრით, ღმრთის წინასწარგანგებულების შედეგი იყო რომის იმპერიის წარმოშობა და გაფართოება-განფენა, რათა ნიადაგი მომზადებულიყო ქრისტიანული სარწმუნოების სწრაფად და დაუბრკოლებლად გასავრცელებლად.)
როცა ვერგილიუსი კვდება, ორი ათეული წელი დარჩენილა ქრისტეს დაბადებამდე; როცა ვერგილიუსის სიკვდილის შესახებ ჰერმან ბროხი წერს, ქრისტეს დაბადებიდან ორი ასეული საუკუნე გასულა…
პირველი საუკუნის პოეტი წინასწარ ჭვრეტს მომავალს, აუწყებს მოსახდენს, იდუმალად მეტყველებს მოსალოდნელის შესახებ; მეოცე საუკუნის რომანისტმა უკვე იცის, – და განიცადა, – თუ ვინ და რისთვის დაიბადა ბეთლემის მოკიაფე ვარსკვლავის ქვეშ, შორეულ ბაგაში, ამიტომაც იგი უკვე ცხადის მოწმე და მოხდენილის მაუწყებელია, ამიტომაც ღიად ამბობს, რომ ქვეყნის მაცხოვარია სიკვდილის დამთრგუნველი…
თუკი პოეტი, თუნდაც ოდენ სიკვდილის წინ, მიდის იმ დასკვნამდე, რომ პოეზიისათვის, ერთი მხრივ, შთამაგონებელი და აღმძვრელი ბიძგი და, მეორე მხრივ, მოპოვებული შედეგი უნდა იყოს შემეცნება, რომ ხელოვანმა უწინარესად უნდა შეძლოს ასახვა, რომელსაც მოჰყვება შემეცნება, ხოლო შემეცნების გზა კი ჭეშმარიტებამდე მიდის, რომანისტმა იცის, რომ ჭეშმარიტება – ყოველი ქმნილების მიზანთამიზანი – უკვე გაცხადებულია და ის ქვეყნად მოვლენილი იესო ქრისტეა. ვერგილიუსი ხვდება, რომ მხსნელის დაბადებამდე ხელოვნებამ წინასწარ უნდა აუწყოს მისი მოსვლის მოლოდინი, ხოლო ბროხმა იცის, რომ ხელოვნების დანიშნულება – მხსნელის მოსვლის შემდეგ – ადამიანთათვის ქრისტეს, განხორციელებული ჭეშმარიტების, მოსვლის სასიხარული ამბის დადასტურებაა…
თუკი პოეტი ყურს უგდებს და იჯერებს იმპერატორის დინჯ მსჯელობას, რომ ეულთა გამყინავი მარტოობა ადამიანთა ერთიანობაში დაიძლევა, ხოლო ეს ერთიანობა კი მხოლოდ სახელმწიფოში შეისხამს ხორცს, ხოლო ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს სწორედ ამ ერთიანობას, ანუ ამ ერთიანობის უმაღლეს გამოვლინებას – სახელმწიფოს, რომანისტმა იცის, რომ ადამიანთა ნამდვილი, ხელშესახები ერთიანობა, ოღონდ სულისმიერი ერთიანობა, თანაზიარება, უკვე არსებობს და ეს საკრებულო არის ეკლესია…
თუკი პოეტი ხვდება და წვდება, რომ ადამიანს თავისუფლებასა და ბედნიერებას მხოლოდ სიყვარული ანიჭებს, რომ ადამიანის გულის სათქმელის გასაგონად და გასაგებად მხოლოდ სიყვარულია საკმარისი, რომ ურთიერთმიძღვნას მხოლოდ თავგანწირული სიყვარული წარმართავს, მწერალმა იცის, რომ ეს სიყვარული უკვე ხორცი შეისხა და დამკვიდრდა: ღმრთის ძის სამსხვერპლო სიყვარულის სახით და სახედ, ნიმუშად…
ის საიდუმლო, რასაც მხოლოდ შინაგანი ხილვის საფუძველზე აცნობიერებს “ენეიდის” შემქმნელი (რაკი იგი პოეტია და, შესაბამისად, წინასწარმაუწყებელი!), ეუჭველი სინამდვილეა “ვერგილიუსის სიკვდილის” შემქნელისათვის, რადგან იგი ქრისტიანი მწერალია, და არა მხოლოდ მისთვის, – მასთან ერთად, უეჭველია იმ მკითხველისთვისაც, რომელიც თავს იმ ქრისტიანულ ტრადიციას მიაკუთვნებს, სადაც წინასწარმეტყველთა წყებაში რომაელი პოეტი ვერგილიუსიც ჩამდგარა კუთვნილ ადგილას…
ბროხი მტკივნეულად აღიქვამდა და პიროვნულად განიცდიდა ახალ დროში ღირებულებათა გაუფასურებასა და უგულებელყოფას (მწერლის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოების, რომანული ტრილოგიის – “მთვარეულთა” – მესამე წიგნის ავტორისეულ ფილოსოფიურ ჩანართებს “ღირებულებათა რღვევა” ეწოდება). მაგრამ იგი დარწმუნებული იყო, სად იმყოფებოდა ღირებულებათა შუაგული და ისიც იცოდა, რომელ ხანაში არ ყოყმანობდნენ, თუ ვისი ადგილ-სამყოფელი იყო ეს შუაგული. რომანისტის ღრმა რწმენით, “შუა საუკუნეებს ჰქონდა ღირებულებითი იდეალური ცენტრი, – უმაღლესი ღირებულება, რომელსაც ექვემდებარებოდა ყველა სხვა დანარჩენი: ქრისტიანული ღმრთის რწმენა”.
შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ ვერგილიუსმა ქრისტიანული ღმერთი წინასწარ იგრძნო და მოელოდა მას, ბროხისეული ვერგილიუსიც – სიკვდილის წინ – არამყარი ნაბიჯებით მიიკვლევს გზას ქრისტიანული ღმრთისაკენ, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. პოეტის სულის მღელვარება აღტაცებული ნატვრა და მონატრებაა იმ განკაცებისა, იმ ხსნისა, რომლითაც უკვე ფეთქავს შობის მომლოდინე სამყარო, და დიდი რომაელიც ამ მოსალოდნელ სიხარულს ამცნობს იმათ, ვისაც გაგონება ძალუძს. “ვერგილიუსის სიკვდილის” ავტორი, მეოცე საუკუნის მწერალი, აღსავსე ქრისტიანული ხანის გამოცდილების სიმდიდრით, ქვეყნად მოვლენილი ქრისტეს სასიხარულო ამბის კიდევ ერთი – მრავალთა შორის – მახარობელია…
სიკვდილის წინ ვერგილიუსი უარყოფს პოეზიას. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პოეზიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე უარი თქვა ბროხმა. ერთიცა და მეორეც მიიჩნევდა, რომ პოეტური, წარმოსახული სამყარო უწინარესად სილამაზეს ემსახურება და ხელს უშლის, გზას უღობავს ჭეშმარიტებას. როგორც აღმოჩნდა, პოეზია, თუნდაც სილამაზის სამსახურში მყოფი, თუნდაც სილამაზით მოცული, თუნდაც და სწორედაც სილამაზის სამოსელში მოსილი, – თუკი ის ნამდვილად მართალი, ნამდვილად მწყობრი, ნამდვილად მკაფიოა, – დიახაც ჭეშმარიტებისაკენ მიმსწრაფ ბილიკს შესდგომია, ხოლო ის წინამავალი ლამპარი კი, რაც ამ ბილიკს გაკვალავს, ყოფილა სიყვარული, ღმრთაებრივი ნაპერწკლით ანთებული და მოკიაფე.
“ვერგილიუსის სიკვდილის” პერსონაჟები, რა თქმა უნდა, კერძონი, ერთეულნი, ცალკეულნი არიან, მაგრამ ისინი არანაკლებ გამოხატავენ – ჩანაფიქრით, არსითა და სახით – საზოგადოსაც და საყოველთაოსაც (რაც იმას მეტყველებს, რომ თავისი ესთეტიკური საფუძვლებითაც რომანი ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეყრდნობა). ამდენად, თავად ვერგილიუსიც ნიმუშია, მაგალითია, ისევე, როგორც მისი მეგობრებიც, გარშემო მყოფნი, ყველა ის, ვინც სულთმობრძავ პოეტს თავს დასტრიალებს.
მაგრამ მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთი და მხოლოდ რიგითი არც პოეტის კვდომა და სიკვდილია, – სიკვდილი, რომელიც სიტყვის უიშვიათესი და ცხოველი ძალმოსილებითაა აღწერილი…. ისიც მეტყველი მინიშნებაა იმისა, რაც ნათქვამისა და გაცხადებულის მიღმა არსებობს…
ვერგილიუსი მიწიერი ცხოვრების დასატოვებლად ემზადება… სასახლის დარბაზიდან და პოეტის ცხოვრებიდან გადის იმპერატორი ავგუსტუსი. მას თან მიაქვს “ენეიდის” ხელნაწერი, – გადარჩენილი, განადგურებას გამოტაცებული წიგნი, რომელიც კაცობრიობას რომის უკვდავებისა და ადამიანთა მხსნელის მოლოდინის უწყებას ამცნობს. სიკვდილის პირისპირ მარტოდ დარჩენილ პოეტთან ერთადერთი მზრუნველი რჩება, – მისი სულის გადამყვანი, მისი სულის მეგზური, იგი, ვინც მან პირველად ზღვისა და ხმელეთის, სიცოცხლისა და სიკვდილის, დროებითისა და მარადიულის საზღვარზე შენიშნა: ყრმა ზღვის პირას.
2006
პირველად გამოქვეყნდა წიგნში: მერაბ ღაღანიძე, მწერლის ცხოვრება დროში და სიტყვაში: 99 მცირე და ვრცელი ჩანაწერი უცხოელ მწერალთა შესახებ, თბ.: მემკვიდრეობა, 2011, გვ. 169-182.