ზღაპარისაბავშვო

მეფის წული და მეფის ასული

გერდამ ისევ შეისვენა. უცებ მის წინ თოვლზე დიდი ყვავი დაჯდა. დიდხანს იჯდა, გოგონას თვალით ზომავდა, თავს აქნევდა და უმსგავსოდ ყრანტალებდა:

– ყვა! ყვა! რამ მოგიყვა-ყვანა აქ მარტო?

ყვავს ამაზე უკეთესად გამოთქმა არ შეეძლო, თორემ უნდოდა ეკითხა, ამ ფართო ქვეყანაზე მარტო საიდან გაჩნდიო? გოგონამ იცოდა, რასაც ნიშნავდა სიტყვა „მარტო“ და ყვავს ყველაფერი უამბო, რაც თავს გადახდა. ბოლოს ჰკითხა, კაი ხომ არსად გინახავსო. ყვავი ჩაფიქრდა, თავი დაუქნია და უთხრა: „მგონი, ვნახეო!“

– მართლა? ნამდვილად? – შესძახა გოგონამ და ყვავი ლამის კოცნით გაგუდა.

– ჩუმად! ეგრე ნუ ყვირი! – უთხრა ყვავმა. – მე მგონია, მე მგონია ვნახე შენი კაი, ოღონდ პატარა კაის ახლა ისეთი პრინცესა ჰყავს, შენ ალბათ სულაც დაავიწყდი.

– განა ის ბიჭი პრინცესასთან ცხოვრობს? – ჰკითხა გერდამ.

– ჰო-მეთქი, – მიუგო ყვავმა. – მაგრამ შენს ენაზე ლაპარაკი მიჭირს. ყვა-ყვავ-ყორანთა ენა არ გესმის? მაშინ უკეთ მოგიყვებოდი.

– არა, ეს ენა არ მისწავლია. მაგრამ ბებიამ იცოდა. ნეტავი მეც შემესწავლა.

– არაფერია, – თქვა ყვავმა. – მე გიამბობ, როგორც შემიძლია, მაგრამ ვშიშობ, ვაითუ ვერ გაგაგებინო. – და დაიწყო: იმ სამეფოში, სადაც ჩვენა ვართ, ერთი პრინცესა ცხოვრობს, ნამდვილი ჭკუის კოლოფია. ისეთი ჭკვიანია, ყველა გაზეთი წაკითხული, შესწავლილი და ისევ დავიწყებული აქვს. ახლახან ტახტზე იჯდა და ეს არც ისე სასიამოვნო ყოფილა, როგორცა ჰგონიათ. ერთი სიმღერა ისწავლა, ასე იწყებოდა: „რისთვისა ვარ, ნეტავ, გაუთხოვარი?“ გაიგე? გათხოვება უნდოდა, მაგრამ ისეთი კაცი ვერ ნახა, მისი სიტყვა-პასუხი მოსწონებოდა და თავი არ მოეწყინა. მერე სასახლის მანდილოსნები შეჰყარა და როცა დედოფლის სურვილი გაიგეს, გაუხარდათ: ჩვენც ასე ვფიქრობთო! დამიჯერე, რასაც გეუბნები, ყველაფერი სწორია. დანიშნული მყავს, თავისუფკად დაფრინავს სასახლეში და იმან მიამბო.

რასაკვირველია, ყვავის დანიშნულიც ყვავი იქნებოდა. ფერი ფერსო, ნათქვამია. ჰოდა, ყვავიც ყვავს ეძებს.

– მეორე დღეს, – განაგრძო ყვავმა, – გაზეთებს გარშემო გულების არშია ჰქონდათ შემოვლებული, ჩუქურთმებში მეფის ასულის სახელი იყო გამოყვანილი და განცხადებებშიც ეწერა: ყველა ლამაზი და წარმოსადეგი უცხოელი ყმაწვილი კაცი სასახლეში მოვიდეს, მეფის ასულს ეახლოს. ვისაც წესიერი ლაპარაკი ეხერხება, ნურაფერს მოერიდება. მეფის ასული საქმროდ მას აირჩევს, ვისი სიტყვა-პასუხიც ყველაზე მეტად მოეწონებაო. დიახ, დიახ, ეს სრული სიმართლეა, ისე, როგორც მე აქ ვზივარ. ახალგაზრდები სასახლეს მოაწყდნენ, ტევა აღარ იყო. მაგრამ არც პირველ დღეს, არც მეორე დღეს ბედმა არავის გაუღიმა.

სანამ სასახლეში მოვიდოდნენ, კარგადაც ლაპარაკობდნენ და სიტყვა-პასუხიც არ უჭირდათ, მაგრამ როგორც კი სასახლის ჭიშკარს შეაღებდნენ, ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარ კარისკაცებსა და გაცისკროვნებულ დარბაზებში თუ კიბეებზე მოფუსფუსე ლაქიებს დაინახავდნენ, ბრინჯივით იბნეოდნენ და ენა მუცელში უვარდებოდათ. მეფის ასულის ტახტის წინ რომ დააყენებდნენ, მაშინ ხომ მთლად დამუნჯდებოდნენ და მხოლოდ მისი უკანასკნელი სიტყვის გამეორება შეეძლოთ. პრინცესას მოსწყინდა საკუთარი სიტყვების მეორედ მოსმენა. ამ ხალხს თითქოს ეძინა და მხოლოდ ქუჩაში რომ გამოვიდნენ, მაშინ ამოიდგეს ენა.

– ქალაქის ჭიშკრიდან სასახლემდე რიგი იყო გაბმული. მე თვითონ იქ ვიყავი, რომ ეს რიგი მენახა, – განაგრძო ყვავმა, – შიოდათ და სწყუროდათ, მაგრამ სასახლეში წვეთი წყალიც არავის მიაწოდეს. მართალია, ზოგიერთებს, ძალიან ჭკვიანებს, პური და კარაქი ჰქონდათ წამოღებული, მაგრამ მეზობლებს არ გაუნაწილეს: იყვნენ ასე მშივრები, უფრო გამოთაყვანდებიან და მეფის ასულს თავს ვერ მოაწონებენო…

კაი, პატარა კაი? – შეაწყვეტინა გერდამ. – ისიც მოვიდა? იმანაც ითხოვა მეფის ასულის ხელი?

– დამაცა, დამაცა, ახლა სწორედ იმისი ამბავი უნდა მეთქვა! ეს მოხდა მესამე დღეს. ერთი ბიჭი მოვიდა. არც ეტლი ჰყავდა, არც ცხენი, პირდაპირ სასახლის ეზოში შემოვიდა. თვალები შენსავით უციმციმებდა. მშვენიერი გრძელი თმა ჰქონდა, მაგრამ ღარიბულად ეცვა.

– ეს კაი იქნებოდა, – გაუხარდა გერდას. – ოჰ, მაშ ვიპოვი! – და ტაში შემოჰკრა.

– ზურგზე პატარა ჩანთა ეკიდა, – უთხრა ყვავმა.

– არა, ეგ ციგა იქნებოდა, – გაუსწორა გერდამ, – ციგით წავიდა და დაიკარგა.

– შეიძლება. კარგად ვერ დავინახე. სასახლეში ჩემი დანიშნული იყო და იმან მიამბო. სასახლის ალაყაფის კარებში რომ შემოსულა, ვერცხლში ჩამჯდარი მცველებისა და მოოქრულ ლივრეებიანი ლაქიების დანახვაზე ბიჭი თურმე სულაც არ შემკრთალა, თავი დაუქნევია და უთქვამს:

– კიბეზე რა გამაჩერებს, მომწყინდება, შიგნით უნდა შევიდეო!

დარბაზში სანთლების შუქი ციმციმებდა. ნაზირ-ვეზირები ფეხშიშველები დადიოდნენ და ოქროს ლანგრებს დაატარებდნენ, ბიჭი კი უხეშ ფეხსაცმელებს დააჭრაჭუნებდა, მაგრამ სულაც არ ერიდებოდა. გაცისკროვნებულ დარბაზში ისე არხეინად დააბიჯებდა, თითქოს მამამისის სახლი ყოფილიყო!

– ეს უთუოდ კაი იქნებოდა! – თქვა ისევ გერდამ. – ვიცი, ახალი ფეხსაცმელი ეცვა. ბებიასთან რომ მოვიდოდა, მისი ჭრაჭუნი მესმოდა.

– ჰო, უთუოდ მისი ფეხსაცმელი იქნებოდა, – დაუმოწმა ყვავმა. – გაბებდულად მივიდა მეფის ასულთან, ის ვეებერთელა მარგალიტზე იჯდა. გარშემო ბანოვანები და მათი მსახურები, მსახურთა მსახურები, კარისკაცები და მათი მსახურები შემოჰხვეოდნენ. რაც უფრო ახლოს იდგნენ კართან, მით უფრო ამაყად ეჭირათ თავი. მსახურების მსახურები, რომელთაც ყოველთვის ფოსტლები აცვიათ, ისე ქედმაღლურად იდგნენ კარებში, რომ კაცი შეხედვას ვერც კი გაუბედავდა.

– ეს საძაგლობაა! – შესძახა პატარა გერდამ. – მერე კაიმ მეფის ასული შეირთო?

– თუმცა დანიშნული მყავს, ყვა-ყვავი რომ არ ვიყო, იმ პრინცესას მეც შევირთავდი. შენი კაი ისე ალერსიანად ესაუბრებოდა მეფის ასულს, როგორც მე ვსაუბრობ ჩემს ენაზე. ეს ჩემი სათნო საცოლისაგან გამიგონია. მხიარული და ზრდილობიანი ბიჭიაო. ქალის სათხოვნელად კი არმოსულა, მისი ჭკუის გამოცდა უნდოდაო. – ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ.

– ოჰ, ნამდვილად კაი ყოფილა! – თქვა გერდამ. – ჭკვიანი ბიჭია, ანგარიში იცის, წილადებზე მოქმედებაც კი ესმის. წამიყვანე იმ სასახლეში!

– ეგ ადვილი სათქმელია! – მიუგო ყვავმა. – მაგრამ როგორ მოვიქცეთ? ჯერ ჩემს ერთგულ საცოლეს ვკითხოთ, იქნებ გვირჩიოს რამე. შენა გგონია, შენისთანა პატარა გოგოს სასახლეში ეგრე ადვილად შეუშვებენ?

– მე შემიშვებენ! – თქვა გერდამ. – კაი რომ ჩემს სახელს გაიგონებს, მაშინვე გარეთ გამოვა და შემიყვანს.

მაშ ღობესთან დამიცადე, – უთხრა ყვავმა, თავი გააქნია და გაფრინდა.

– ყვა-ყვა! – დასჩხავლა. – ჩემმა დანიშნულმა დიდი მოკითხვა დამაბარა შენთან. პურის ნატეხიც გამომატანა. სამზარეულოში მოიპარა. იქ იმდენი პურია, შენ კი მშიერი იქნები. სასახლეში არ შეუშვებენო! შენ ხომ ფეხშიშველა ხარ. ვერცხლში ჩამჯდარი გვარდიელები და მოოქრულ ლივრეებიანი ლაქიები რომ დაგინახავენ, გაგაგდებენ. მაგრამ ნუ ტირი. ჩემი საცოლე გასაღებს იშოვის და მეფის ასულის საძინებელ ოთახში შეგაპარებს.

ჯერ ბაღში შევიდნენ, დიდ ხეივანს გაჰყვნენ და როცა სასახლეში სანთლები ჩააქრეს, ყვავი უკანა კიბეებზე აუძღვა. კარი მხოლოდ მიხურული იყო.

ოჰ, როგორ უცემდა გერდას გული შიშისა და ცნობისმოყვარეობისაგან! გეგონებოდათ, რაიმე ცუდის გაკეთება განეზრახოს, სინამდვილეში კი მხოლოდ იმის გაგება სურდა, იყო თუ არა იქ კაი. უსათუოდ აქ უნდა ყოფილიყო, კარგად ახსოვდა მისი ჭკვიანი თვალები, მისი გრძელი თმა, ახსოვდა, როგორ იცინოდა, ვარდის ბუჩქის ძირას რომ ისხდნენ. როგორ გაუხარდებოდა, თუ მართლა ნახავდა! არ დაიჯერებს, რა დიდი გზა გამოიარა მისთვის. ვერც კი წარმოიდგენს, როგორ შეწუხდა ყველა, უკან რომ აღარ დაბრუნდა. ოჰ, როგორ გაუძლებს ამდენ შიშსა და სიხარულს!

კიბის თავზე იყვნენ, როცა პატარა კარადაზე შუქი აინთო. შუა იატაკზე სათნო ყვავი იდგა, თავს აქნევდა და გერდას ათვალიერებდა.

– ჩემმა საქმრომ ძალიან ბევრი კარგი მიამბო თქვენზე, ჩემო პატარა ქალიშვილო, – უთხრა გოგონას. – ძალიან ამაღელვა თქვენი ამბის მოსმენამ. აჰა სანათი, მე წინ გაგიძღვებით, პირდაპირ ვიაროთ, არავინ შემოგვეყრება.

– მგონი, ვიღაცა მოგვდევს, – უთხრა გერდამ. მართლაც, რაღაცამ ჩაიქროლა. კედელზე ჩრდილები გარბოდნენ: საოცრად წვრილფეხა ფაფარაშლილი ცხენები, მონადირეები, ბატონები და ამხედრებული მანდილოსნები…

– ეს მხოლოდ მოჩვენებებია, – დაამშვიდა ყვავმა. – კარისკაცებს ნადირობა ესიზმრებათ. ძალიან კარგი. მაშასადამე, სძინავთ. ნურაფრისა შეგეშინდებათ. მაგრამ თუ სახელსა და დიდებას მიაღწევთ, იმედი გვაქვს, გულკეთილობას გამოიჩენთ.

– მაგას რაღა თქმა უნდაო, – მიუგო ტყის ყვავმა.

ამ ლაპარაკში პირველი დარბაზის კარიც შეაღეს. კედლებზე ხელოვნური ყვავილებით დამშვენებული ვარდისფერი ატლასი იყო აკრული. აქ ისევ სიზმრები მოეჩვენათ, მაგრამ მხედრებმა ისეთი ხმაურით ჩაიქროლეს, რომ გერდამ თვალიც ვერ შეასწრო.

ახლა სხვა დარბაზში შევიდნენ. ეს წინასა სჯობდა. მდიდრულად იყო მორთული, კაცი დაიბნეოდა. გერდა სახტად დარჩა. ბოლოს საწოლ ოთახს მიადგნენ. ჭერი პალმისა გეგონებოდათ. ამ შოლტივით ატყორცნილ პალმას ძვირფასი ბროლის ფოთლები ესხა. მის დიდ, ოქროს ღეროზე შუა დარბაზში შროშანის მოყვანილობის ორი საწოლი იყო დამაგრებული. თეთრ საწოლში მეფის ასული იწვა, მეორე კი, წითელი, კაისა უნდა ყოფილიყო. გერდამ წითელი ფოთოლი განზე გადასწია და მუქი ფერის კეფა შეამჩნია. ოჰ, ეს იყო პატარა კაი!

– კაი! – შესძახა გერდამ და სანათი მაღლა ასწია.

ოთახში ისევ დაჰქროდნენ სიზმრის ცხენები და მწევარ-მეძებრები. მეფისწულმა გაიღვიძა, თვალები მოიფშვნიტა… ეს არ იყო პატარა კაი. შეცდა. პრინციც კოხტად გამოიყურებოდა, მაგრამ მხოლოდ კეფითა ჰგავდა იმას, ვისაც გერდა ეძებდა. თეთრ საწოლზე მწოლმა მეფის ასულმა გამოიხედა და იკითხა, ვინა ხართ, აქ რა ამბავიაო. პატარა გერდა ატირდა და მთელი თავგადასავალი უამბო. უთხრა, რა სამსახურიც გაუწიეს ყვავებმა.

შე საბრალო! – შესძახეს პრინცმა და პრინცესამ. მერე ყვავები შეაქეს, კეთილი გული გქონიათო, მაგრამ ისიც უთხრეს, ასეთი რამ კვლავ აღარ გაიმეოროთო. მაინც დაჰპირდნენ, უხვად დაგასაჩუქრებთო.

– თავისუფლება გინდათ? – ჰკითხეს. – ან იქნებ სასახლეში დარჩენა გირჩევნიათ, რომ სამზარეულოს ნარჩენები მიიღოთ, როგორც კარის ყვავებმა?

ყვავებმა მტკიცე ადგილი ითხოვეს: უკვე ხანში შევდივართ და გვინდა შავი დღისთვის რამე გამოვიზოგოთო.

პრინცი ადგა და თავისი საწოლი გერდას დაუთმო, მეტი რა უნდა ექნა? გოგონამ გულხელი დაიკრიფა და დაფიქრდა: რა კეთილნი არიან ადამიანები და ფრინველებიო! შემდეგ თვალები დახუჭა და დაიძინა. ტკბილი სიზმარი ნახა. ცხენებთან ერთად პატარა კაიც ეჩვენა, ციგაზე იჯდა და მისრიალებდა, თანაც თავს უქნევდა. მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და გოგონამ თვალი გაახილა თუ არა, ბიჭუნა ისევ გაქრა.

დილით გოგონა თავით ფეხებამდე აბრეშუმში ჩასვეს. სასახლეში დარჩი და გაიხარეო, მაგრამ ის ერთთავად პატარა ეტლს ითხოვდა, ორ ცხენსა და წყვილ ფეხსაცმელს, რომ ისევ ფართო ქვეყანაში წასულიყო კაის საძებნელად.

ბოლოს ფეხსაცმელიც მისცეს და მუფთაც, თან კოხტად შემოსეს. წასვლა რომ მოინდომა, კარზე ოქროს ეტლი დახვდა, ზედ პრინცისა და პრინცესას ღერბი ისე ციმციმებდა, ვარსკვლავი გეგონებოდათ. მეეტლეს, მსახურებსა და გამყოლ მხედრებს – სწორედ მხედრები მიუძღოდნენ – თავზე ოქროსფერი ჯიღები ედგათ. თვითონ პრინცმა და პრინცესამ მიაშველეს ხელი გერდას, ეტლში ჩასვეს, მერე გზა დაულოცეს და ეტლი დაიძრა. ტყის ყვავი, რომელმაც დანიშნული უკვე შეირთო, სამი მილის მანძილზე არ მოსცილებია, გვერდით ეჯდა. მეორე ყვავი კარებში იდგა და ფრთებს უქნებდა. გასაცილებლად ვერ გაჰყვა, რადგან სასახლის კარის ყვავი რომ გახდა და საჭმელ-სასმელი აღარ აკლდა, თავის ტკივილები დასჩემდა. თვითონ ეტლი ტკბილი კვერებით იყო გამოტენილი, უხვად ეყარა ხილი და ტკბილეული.

– გზა მშვიდობისა! გზა მშვიდობისა! – მისძახოდნენ მეფისწული და მეფის ასული. გერდა კი ტიროდა, ტიროდა ყვავიც. ასე გაიარეს სამი მილი. აქ ყვავმაც გზა მშვიდობისა უსურვა და ეს დამშვიდობება იყო ყველაზე მძიმე. ყვავი ხეზე შემოჯდა და მანამდე უქნევდა შავ ფრთებს, სანამ მზესავით მოციმციმე ეტლი თვალს არ მიეფარა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button