ზღაპარისაბავშვო

ოქროსტარიანი ცული

იყო და არა იყო რა, იყო სამი ძმა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ისინი გაიყარნენ და ქონება გაიყვეს. ბოლოლა ძმამ თავის წილ ქონებაზე უარი თქვა, ძმებს დაუტოვა, მხოლოდ მამაპაპეული ცული აიღო და ბედის საძიებლად წავიდა. წავიდა და ერთ ბატონს დაუდგა მოჯამაგირედ.

ერთ დღეს ბატონმა ბოლოლა ძმა ტყეში გაუშვა შეშის მოსაჭრელად. ბიჭმა გაიმზადა სამი დღის საგზალი, აიღო სახლიდან წამოღებული ცული და გაუდგა გზას. ბევრი შეშა მოჭრა, დაიღალა და პურის საჭრელად მდინარეზე ჩავიდა. ძალიან სწყუროდა. წყალს დაეწაფა, თავი ვერ შეიკავა და მდინარეში გადავარდა. თვითონ გადარჩა, ცული კი წყალში ჩაუვარდა. ბევრი ეძება, ბევრი იწვალა, მაგრამ ამოდენა მდინარეში ცულს აბა რას იპოვიდა!

რა ექნა საწყალს. ჩამოჯდა ქვაზე და ჩასძახა წყალს:

– ჩემი ცული გამომიჩინე, ღმერთი არა გწამს! უცულოდ რა გავაკეთო!

სად იყო და სად არა, მდინარის ნაპირას ერთი წვერიანი კაცი გამოჩნდა.

– გამარჯობაო, – უთხრა ბოლოლას. – კეთილო კაცო, რას დაღონებულხარ, რა გაგჭირვებიაო? – ჰკითხა.

– დასაღონებელი როგორ არა მაქვს. მდინარეში ცული ჩამივარდა და ვერ მიპოვიაო.

წვერიანი კაცი გადაეშვა მდინარეში, ამოიღო ოქროსტარიანი ცული და გაუწოდა ბოლოლას:

– აი, შენი ცული აქ ყოფილაო.

– არა, ეგ ჩემი არაა, სხვის ცულს ხომ ვერ წავიღებო, – მიუგო ბიჭმა წვერიანს.

წვერიანმა კაცმა ოქროსტარიანი ცული ნაპირზე გადმოისროლა, კვლავ ჩაყო ხელი წყალში და ახლა ვერცხლისტარიანი ცული ამოიღო.

– აი, შენი ცული აგერ ყოფილაო.

– არა, არც ესაა ჩემი ცული, სხვისას ხომ ვერ წავიღებო, – უთხრა წვერიანს ბოლოლა ძმამ.

წვერიანმა ვერცხლისტარიანი ცულიც ნაპირზე გადმოისროლა და ისევ ჩაჰყო ხელი წყალში. ახლა სპილენძისტარიანი ცული ამოიღო და გაუწოდა ბოლოლა ძმას. ბოლოლამ იუარა:

– არც ესაა ჩემი ცული, სხვისას კი ხელს ვერ მოვკიდებო.

წვერიანმა სპილენძისტარიანი ცულიც ნაპირზე გადმოისროლა და წყლიდან ახლა ბოლოლას ცული ამოიღო.

– აი, ჩემი ცული ესაა, წყალში ეს ჩამივარდაო, – დაიძახა გახარებულმა ბოლოლამ.

წვერიანმა კაცმა სამივე ცული ბოლოლას აჩუქა და გაუდგა გზას. ბოლოლამ კიდევ იმუშავა ორ დღეს და ბატონთან დაბრუნდა. ბატონს ყველაფერი უამბო და ცულები უჩვენა.

ბატონი შურიანი და ხარბი კაცი იყო. იფიქრა, მოდი მეც წავალ ტყეში და ოქროსტარიან ცულს ვიპოვიო. წაიღო მამაპაპეული ცული და გაუდგა გზას. მდინარესთან რომ მივიდა, თავის ცულს შიგ გადაუძახა და დაიწყო ყვირილი:

– მიშველეთ, ხალხო, დამეხმარეთ, წყალში ცული გადამივარდაო.

სად იყო და სად არა, ის წვერიანი კაცი გაჩნდა.

– ძმობილო, რა მოგივიდა, ასე რატომ ყვირიო? – ჰკითხა ბატონს.

– მდინარეში ცული ჩამივარდა და, თუ შეგიძლია, მის ამოღებაში დამეხმარეო.

წვერიანი კაცი მდინარეში გადაეშვა. ამოიღო ოქროსტარიანი ცული, ბატონს უჩვენა და უთხრა:

– აი, შენი ცული, შეხედე, სად ყოფილაო!

შურიანმა და ხარბმა ბატონმა ვერ მოითმინა და აყვირდა:

– ჩქარა გამომიტანე, ეგაა ჩემი ცულიო.

წვერიანი კაცი გაბრაზდა. გამოვიდა ნაპირზე, ბატონს ერთი მაგარი სილა გააწნა და უთხრა:

– ტყუილის მთქმელს არც თავისი ცული ერგებაო.

მან ოქროსტარიანი ცული ისევ მდინარეში მოისროლა და გაუდგა გზას. ბატონი უკან დაედევნა:

– კაცო, რას მიშვრები, ჩემი ცული მაინც ამომაღებინე წყლიდანო. – მაგრამ წვერიან კაცს უკან არც კი მოუხედავს.

ასეა. ხარბი კაცი სხვის ქონებას ეტანება, მაგრამ არათუ სხვისას, საკუთარსაც დაკარგავს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button