განხილვაკინემატოგრაფია

Interstellar – ინტერსტელარი მიმოხილვა

 ნამდვილად არ ვიცი, რით დავიწყო ჩემი შეხედულების წერა ამ ფილმის შესახებ. პირველად, ალბათ იმას ვიტყვი, რომ ვისაც ფილმმა აღტაცება მოჰგვარა, გირჩევთ, ჩაუჯდეთ კუბრიკის „კოსმიური ოდისეას“ ან ტარკოვსკის „სოლარისს“.

ესენი ცოტა სხვა დონეა. მაგალითისთვის სტანისლავ ლემმა,  სოლარისის შექმნისას ჯანმრთელობა ბევრად გაიუარესა ლეგენდალურ რეჟისორთან გაუთავებელი კამათისა და ჩხუბის გამო, იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თითოეულ დეტალს. „ოდისეა“ – აქ უბრალოდ რაიმეს თქმასაც ვერ გავბედავ… საინტერესოა, ექნებოდა თუ არა ასეთი მაღალი რეიტინგი და ასეთი გამოხმაურება ინტერსტელარს, ფილმი რომ სხვა, ნაკლებად გაპიარებულ რეჟისორს გადაეღო და არა ნოლანს? ალბათ ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს. კრისტოფერ ნოლანმა თავისი საქმიანობით ყველას დაანახა, რომ 21-ე საუკუნის რეჟისორებში ერთ-ერთი მოწინავე პერსონაა. „ინსომნია“, „მემენტო“, „დასაწყისი“ ჩემი ფავორიტი ფილმების რიცხვში შედიან. შეიძლება ითქვას, რომ ველოდი მორიგ შედევრს პატივცემული რეჟისორისგან. თუმცა… „ნე ტუტ ტო ბილო“… ჩემ და გასაკვირად „ინტერსტელარმა“ არა თუ იმედი გამიცრუა, პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მომეწონა.

    ძალიან უბრალო სიუჟეტი, პრინციპში ფილმის ტრეილერშიც გასაგები იყო თუ რა მოხდებოდა თითქმის სამ საათიან ფირში. დედამიწაზე ბუნებრივი კატასტროფა მძვინვარებს. მარტივად, შიმშილია. მაგრამ ნასას საკუთარი გეგმა აქვს, ახალი სახლი უნდა გვიპოვოს მოკვდავებს და აგროვებს „მაშველების“ რაზმს, მეტიუ მაკკონაჰის მეთაურობით.

    ერთ-ერთი მთავრი ნაწილი ფილმისა: მამა-შვილის ურთიერთობა და უბრალოდ, ადამიანის – მიწისადმი, მისი სახლისადმი. სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ეს ფილოსოფიური ნაწილი მომეწონა მთელ ფილმში. განსაკუთრებით მოწოდება იმ აზრისა, რომ „ადრე ადამიანები ცაში იყურებოდნენ და იქ ეძებდნენ საკუთარ ადგილს, ახლა კი მათი მზერა მიპყრობილია ქვევით, ცდილობენ რა გადარჩნენ ამ სიბინძურეში“.

    მთავარი გმირი რთული არჩევანის წინაშე დგას. საკუთარი შვილების მომავალი დღე ადარდებს. (აქვე მინდა ბავშვებზე: რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთს უპირატესობა ენიჭება მეორესთან მიმართებით…. ნოლანს ოჯახში პრობლემები ხომ არ აქვს ნეტა?) კუპერს ნასა გარანტიას ვერ აძლევს 1) ის სახლში დაბრუნდება; 2) გამოვა მილიარდობით ადამიანის გადასახლება სხვა პლანეტაზე. კუპერი, ხომ მარტო თავის შვილებს ვერ გადაასახლეებს არა?!… ეს არ ჯდება გმირის როლში, ზედმეტად ეგოისტურია.

    მხედველობაში არ ვიღებთ სამეცნიერო თეორიებს, ამ ტემპს რომ ავყევი კინაღამ ჩამეძინა. რა ვქნათ რიგითმა მაყურებლებმა, ვისაც ფიზიკაში და ასტრონომიაში სკოლაში ნიშნებს იმიტომ გვიწერდნენ რომ წყნარად ვიყავით, თავისთავად ვერ ვერკვევით კვანტურ მექანიკაში, ასტროფიზიკაში… აქ ჩემი აზრით დიდი როლი ითამაშა რეჟისორის ძამიკომ, ჯონათან ნოლანი ძალიან შეიჭრა პროფესორ კიპ თორნის ასტროფიზიკურ თეორიებში… ბლა ბლა ბლა!!!

    კარგი, ვთქვათ რომ ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ზოგიერთი „გრეხი მოსულა“ (მაგ: როგორ უნდა მივაღწიოთ სატურნამდე ორ წელიწადში). მაგრამ, მართლა რაც ვერ დავუკავშირე საღ აზრს ფილმში არის რაღაც უხილავი ძალა, რომლის ხელშიც არის ადამიანების გადარჩენის გზა და შესაძლებლობა. არაერთხელ ისმის კითხვა მთავარი გმირისგან – ვინ არიან ისინი? მართლაც, რომ ვინ არიან… ერთმანეთში არევა, სამეცნიერო მონაცემების და რაღაც ზებუნებრივი მოვლენების… ძალიან არასწორია. ფილმის ბოლოს გარკვეუწილად ახსნა იმისა, თუ ვინ არიან „ისინი“ კიდევ ერთი ცუდი მცდელობაა.

    ფილმის ბოლოს ბევრი კითხვა გაჩნდა. გაჩნდა, მაგრამ არა ისეთი რიტორიკული თუნდაც როგორც „დასაწყისში“ – „გაჩერდა ნეტა ბზრიალა, თუ აგრძელებს ისევ ტრიალს? გაიღვიძა კობმა თუ არა?“ ასეთი საიდუმლოებები, მხოლოდ სასიამოვნო ცნობისმოყვარეობით გავსებს და ასეთი ნოლანი გლიჯავს. ინტერსტელარში სხვა კითხვებია და ეს კითხვები უინტერესოა… რაღაცის თქმა უნდოთ, მაგრამ იბუქსავეს, ძალიან იბუქსავეს.

    ფილმის პლიუსია ციმმერის (ან ზიმმერის) მუსიკა, უხდება რაღაც ამბავში.

    ბოლოს მინდა დავასრულო ასეთი აზრით: არ ღირს ფილმების შერჩევა რეიტინგების მიხედვით, საქმე იმაში კი არ არის რა უნდა მოგვწონდეს, არამედ რაც რეალურად მოგვწონს იმას უნდა მივაწვეთ. პირადად ჩემთვის კოსმოსთან სხვა პლანეტებთან და მსგავს თემებთან დაკავშირებით შექმნილ ფილმებში დღესაც შეუდარებელია „კოსმიური ოდისეა 2001“ და „სოლარისი“, ასევე უსასრულო „გრავიტაცია“, მაგრამ არა იმიტომ რომ პატივს ვცემ კლასიკას (ნუ ასეც არის მაგრამ), არამედ კარგი კინო პირველ რიგში მასწავლებელია, რაღაცის გამსხნელია და მხოლოდ მერეა დროის გაყვანის საშუალება.

 ავტორი: უჩა ოშხნელი

წყარო
http://celsius-233.blogspot.com/

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button