ლიტერატურამოთხრობა

ჭოლა ლომთათიძე – სახრჩობელის წინაშე

(ვუძღვნი ყველას, ვისაც უგრძვნია და გამოუცდია)

დილა. ორშაბათი.

ეხლა ყოველივეს ნათლად ვგრძნობ – მე დამახრჩობენ. დიახ, დამახრჩობენ! იყო კაცი და აღარ არის კაცი!

ეს მე ვიგრძენი დღეს დილას ძილში და იმ წუთშივე დაჭრილივით წამოვვარდი ტახტიდან, საჩქაროდ ჩავიცვი ტანზე, გაურკვევლად მივედი პირის საბან აუზთან და შევუდექი პირის ბანას. რაც მეტს ვივლებდი სახეზე ცივ წყალს, მით უფრო ნათლად ვგრძნობდი ჩემს მდგომარეობას, მით უფრო გარკვევით მიდგებოდა თვალწინ ჩემი აუცილებელი ხვედრი – სახრჩობელაზე სიკვდილი. გადავიკეცე პერანგის საყელო და დიდხანს, დიდხანს ვივლებდი კისერში ხელს, ვივლებდი ხელს და თითქოს სიამოვნებას მგვრიდა ის, რომ თითებს ქვეშ ხორცი თამაშობდა, მიხაროდა, რომ ვარჩევდი კისრის თითოეულ ძარღვს და ვგრძნობდი სისხლის დენას. ვსიამოვნებდი, თან კი არ მჯეროდა ამ საათივით აწყობილი მექანიზმის დაშლა, დარღვევა, თუმცა ამავე დროს თითქოს იდგა ვიღაცა ჩემს გვერდით და მეუბნებოდა – ტყუილად ეარშიყები შენ თავს, ის შენი აღარ არის, ის კანონის არის, ჯალათის… შენ ხომ უნდა დაგახრჩონ!.. და მე ავიღე ხელში პაწია სარკე, დიდხანს, დიდხანს ვიცქირე შიგ, ვუცქირე ჩემ სახეს ხარბი, გაუმაძღარი თვალებით, როგორც ახალ-შეყვარებული თავის სატრფოს, როგორც გლეხი თავის ნაკვდავ მამულს, რომელიც ხვალ მევახშემ უნდა აუწეროს და სამუდამოდ ხელიდან გამოაცალოს… ვუცქერდი ჩემს სახეს და არ მსურდა დამეჯერა, რომ მეც გამომაცლის ჩემს თავს კანონის მიერ მოგზავნილი წუნკალი, რომელსაც ჯალათს ეძახიან. არ მსურდა დამეჯერა, რომ გაიღება კარი გამიყვანენ აქედან და დამახრჩობენ. არ მსურდა დამეჯერა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ დამახრჩობდნენ, ეს მე ვიცოდი! და მე ვიცქირებოდი სარკეში ხარბად, გაუმაძღრად ვაკვირდებოდი ჩემს სახეს, როგორც ახალ-შეყვარებული თავის სატრფოს, როგორც გლეხი თავის ნაკვდავ მამულს, რომელიც ხვალ მევახშემ უნდა აუწეროს ვალში…

– ესენი სამაგალითოდ უნდა დასჯილ იქნან! – წამოიძახა პროკურორმა და ჩვენკენ ხელი მოაშვირა, – მაგათ ფეხ-ქვეშ გათელეს ერის წმინდათა-წმინდა, მისი რწმენა, ჭირსა და ლხინში მისი იმედი, მისი რელიგია შეურაცხყვეს ამათ. არაფერს არ ზოგავენ, არაფერს არ ერიდებიან, იერიშით მიდიან ოჯახსა და საკუთრებაზე, ღმერთსა და მეფეზე, იერიშით მიდიან კულტურასა და კაცობრიობის უდიდესი შრომით შექმნილ და მოწესრიგებულ საზოგადოებაზე. ამ ახალი სიოს ვანდალებმა იერიში მიიტანეს ზნეობაზე და სინიდისზე. ქრისტეს მაღალი მცნება ურთიერთის სიყვარულისა სიძულვილით შესცვალეს, მისი პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარის ნაცვლად ხელში აიღეს ბომბები და ბრაუნინგ-მაუზერები. მაგათი შიშით სამშობლო ქვეყნის პატიოსან მოსამსახურეს მოსვენებით ვერ დაუძინია, არავინ იცის, როდის ააფეთქებენ, როდის აუტირებენ ოჯახს. შეპყრობილნი პირადი ანგარიშებითა და ჟინით, ესენი სხვადასხვა ცრუ დაპირებებით იტაცებენ და რყვნიან საზოგადოების შეუგნებელ ელემენტებს, აგროვებენ უმეცართა არმიას და კულტურა-ცივილიზაციას ომით ემუქრებიან. ნუთუ არ არის დრო კანონმა აიღოს ხმალი და საზოგადოება დაიცვას? კმარა დაზოგვა და გულჩვილობა! საზოგადოებას დაეკარგა მოთმინება, ის სამართლიანად მოითხოვს კანონისაგან დაცვას. გულჩვილობა ასეთ შემთხვევებში დანაშაულია საზოგადოების წინაშე და ამიტომ, ბ-ნო მსაჯულნო, მე ვთხოულობ მაგათთვის უმაღლეს სასჯელს – სიკვდილს!

ახირებული აქ იყო მხოლოდ ის, რომ საზოგადოებას, რომლის სახელითაც პროკურორი ლაპარაკობდა, ამ საზოგადოებას დაუკეტეს კარები და საქმის გარჩევაზე არ დაისწრეს. ამიტომ, როცა მომიწია ლაპარაკი, მე სამსაჯულოს მივუთითე დახურულ კარებზე და შევნიშნე, რომ თუ პროკურორის სიტყვები სიმართლე იქნებოდა, იმ შემთხვევაში საჭირო არ იყო მისი (საზოგადოების) აქ არდაშვება, ასეთ შემთხვევებში სასამართლო არ უნდა იმალებოდეს, ბნელაში როდი უნდა ასამართლებდეს დამნაშავეთ, ღამით როდი უნდა ატუსაღებდეს, – არამედ ცხადად, აშკარად უნდა მოქმედებდეს, რომ ვერავინ ვერ შეიძლოს სასამართლოზე ეჭვის მიტანა-მეთქი. თავმჯდომარემ შემაჩერა, ეს არ ეხება საგანს, თავის გასამართლებელი თუ რამ გაქვთ, იმაზე ილაპარაკეთო. მე განვაგრძე:

– გამიგონია, ბატონო მსაჯულნო, ძველად თურმე, ერთ საღამოს, ვიღაც მქადაგებელი გაშორდა ადამიანებს და დასასვენებლად მთაზე ავიდა, მზე უხვად აპნევდა გარშემო ოქროსფერ სხივებს, ჩიტები გალობითა და მხიარული ჟრიამულით ავსებდნენ ბუნებას, ჰაერი მომხიბლავ ყვავილების სუნით გაჟღენთილიყო… ყველაფერი ტკბებოდა და სიამოვნებდა, ყველაფერში ჩანდა საზრი და სიბრძნე, ჰარმონია და წესრიგი; თავისუფლებით სუნთქავდა ყოველივე და ვერ გაუძლო თურმე აღგზნებულმა მქადაგებელმა დიად სურათს, აღაღო მან ბაგე და სიტყვა ჭეშმარიტების უქადაგა მოჭიკჭიკე ჩიტებს, ყვავილებსა და ბუჩქებს, მზის სხივებსა და ტყეს… ეს მოხდა, ბ-ნო მსაჯულნო: ჩიტთა და ყვავილთ ისმინეს სიტყვა ჭეშმარიტებისა, მაგრამ, აბა ერთი მითხარით, ვის მოუვა აზრად ჭეშმარიტება უქადაგოს ქვეწარმავალთ, გველთა და ბაყაყთ, მხეც…

– მე თქვენ გართმევთ სიტყვას! გაჩუმდით! – დაიყვირა თავმჯდომარემ. მსაჯულები შეინძრნენ, პროკურორი გაფითრდა.

– მე უკვე გავათავე! – ვუპასუხე მე და დავჯექი.

ილაპარაკეს ჩვენმა დამცველებმაც, ერთხელ კიდევ უპასუხა მათ პროკურორმა.

ხუთი დღის შემდეგ ჩვენი საქმის გარჩევის დაწყებისა, შაბათს, ღამის ათ საათზე მსაჯულებმა გამოაცხადეს, საქმე გამორკვეულიაო და განაჩენის მოსასმენლად კვირას, ნაშუადღევის ორ საათისათვის დაგვიბარეს…

თავმჯდომარე წამოდგა და მასთან ერთად სხვებიც. ეს იყო ბებერი, ზედმიწევნით მშვიდი და სათნო სახის პატრონი გენერალი. ქაღალდი უკანკალებდა ხელში, ნელი, დაბალი ხმით კითხულობდა ის განჩინებას. როცა ჩემი გვარი ამოიკითხა, ის ერთ წამს თითქოს შეჩერდა და შემხედა. მე მგონია, მხოლოდ ეხლა, მხოლოდ ამ წუთას დამინახა მან პირველად, როგორც ადამიანი, როგორც სულიერი არსება. მაგრამ ეს იყო ერთი წუთის საქმე, რომელიც ჩემს მეტს, მგონი, არც შეუმჩნევია. მან განაგრძო კითხვა ისეთივე ნელი ხმით, აღნიშნა ჩემი უაღრესი დანაშაული სხვებთან შედარებით და თანახმად კანონისა, მარგუნა ყოველივე ღირსების ახდა და სახრჩობელაზე სიკვდილი…

არ ვიცი, რა ვიგრძენი მე იმ წუთს, არ მახსოვს. ვიდექი და მხოლოდ ვხედავდი, რომ ბებერი გენერალი აკანკალებულ ხელებში ფურცლავდა ქაღალდს, აღებდა პირს და რაღაცას ლაპარაკობდა, რაიც მე არ მესმოდა… შემდეგ ვიღაც მოვიდა და გადამკოცნა, კიდევ მოვიდა და გადამკოცნა, კიდევ მოვიდა და მან სამჯერ მაკოცა… ეს მემშვიდობებოდნენ გამართლებული ამხანაგები.

შემოდგომის გრილმა ჰაერმა ცოტათი გამომაფხიზლა. საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი, რის გამო ჯარისკაცებს ვსთხოვე – ნელა წასულიყვნენ. სიკვდილზე კი ოდნავადაც არ ვფიქრობდი, არ ვგრძნობდი, რომ ის მხარდამხარ მიმყვებოდა. მე ვუცქერდი ცას, ხოლო ანკარა ცის ტალღებში მსგავსი არაფერი სჩანდა, მხოლოდ ქუჩის ბოლოში ატეხილი მხიარული ჭიჭყინი რუსული გარმონიკისა ცოტათი მიკაწრავდა ნერვებს, ცოტათი მეხამუშებოდა ყურში. არავინ შემიმჩნევია გზაში, არავის დავკვირვებივარ, არც ამხანაგებისათვის მითქვამს რაიმე და, მართალი ვთქვა, არც მახსოვდა იმ დროს, რომ ისინი ჩემთან ერთად მიდიოდნენ…

ციხის კარები გაიღო და ხრიალით დაიკეტა ჩემს უკან.

ჩვენს წინანდელ გალიაში როდი შემიყვანეს, ქვედა სართულში, ნოტიო და ბნელი საკანის კარი გამიღეს, სადაც უკვე გადაეტანათ ჩემი მცირე ბარგი. აქედან არც გადახედვა იყო შესაძლებელი, არც ვისმესთან გამოლაპარაკება, თუ განწირულ ადამიანივით ღრიალს არ დავიწყებდი. ორმაგი ფანჯრის მინები გარედან ცარცით იყო გათეთრებული, თვით ფანჯარა კი მჭიდროდ დაკეტილი, რომ დღის სინათლე არ დამენახა. წინანდელი გალია კი, ესე იგი ის, რომელშიაც ეხლა ვზივარ, მეხუთე სართულზეა, ფანჯარა მისაწვდომია და თან ღია, საიდანაც კიდეც – გადაიხედავ, შენს გაღმა პირდაპირ ამხანაგების სახესაც დაინახავ, ვისაც გსურს კიდეც დაელაპარაკები. ზეცა და ვარსკვლავები აქედან კარგად მოსჩანს, თუ დედამიწა და ადამიანები ვერა. მაგრამ ამ გარემოებისათვის სრულიადაც ყურადღება არ მიმიქცევია, თავი მტკიოდა, დაღლილობას ვგრძნობდი და ძილიც მინდოდა. საათი ოთხსა თუ ხუთს მიჩვენებდა. შევედი თუ არა შიგ, იმ წამსვე დავეშვი ტახტზე და თვალები ჭერს მივაშტერე. კიდეც ვფიქრობდი რაღაცას და არც ვფიქრობდი. არ მახსოვს.

სატუსაღო ყვირილმა და ჟრიამულმა მოიცვა. შიგა-და-შიგ ჩემი სახელი ისმოდა. მეძახოდნენ:

– ამხანაგო ჯეირან! ამხანაგო ჯეირან! ჯეირან!

– რა! რა ამბავია? – დავიყვირე მე, რამდენიც შემეძლო.

– ამხანაგო ჯეირან, სადა ხარ, რომელ ნომერში?

– ძირს… მეშვიდე ნომერში, მეშვიდეში.

მთელმა სატუსაღომ ერთხმად მოითხოვა ჩემი ძველ გალიაში გადაყვანა, გამოითხოვეს ციხის უფროსი და გამოუცხადეს – სანამ ეს არ ასრულდება, არ დავწყნარდებითო. პატარა ხანს შემდეგ ჩემთან შემოვიდა ციხის უფროსი და მითხრა, რომ ისევ ძველ ბინაზე დამაბრუნებს, რომ ის აქ არ ყოფილა და ეს მისი თანაშემწის განკარგულებაა ჩემი ბინის გამოცვლა. აგრე იციან, როცა მათი არ გადის, ერთიმეორეს აბრალებენ ყველაფერს. მაგრამ ყოველივე ეს ჩემთვის სულ ერთი იყო მაშინ, მე დასვენება მინდოდა მხოლოდ. თითქოს მთელ დღეს ქვას ვზიდავდი, ისე მტკიოდა ძვალი და რბილი.

საჩქაროდ გადმომიყვანეს ისევ ჩემ გალიაში, სადაც ეს უკანასკნელი რვა თვე გავატარე. მინახულა დამცველმა და მითხრა არაფრის შეგეშინდეს, საქმეს გავასაჩივრებ და სიკვდილს აუცილებლად აგაცილებო. ესევე დამიძახეს ამხანაგებმა – არ შეშინდეო. აი, ჩემს ზევით ზის ამხანაგი სპირიდონი. ის მაინც სულ ამ სიტყვად იქცა და მოსვენება არ მომცა. დადის ეს წვერ-ძაღლი წინ და უკან, დადის, უცებ მოადგება ფანჯარას და გადმომძახებს – არ შეშინდეო, გამამხნევებს, დამაიმედებს და ისევ დადის. აბიჯებს მაგრად ფეხებს და თითქოს ტვინში მცემს, შეჩერდება და ისევ მეძახის… და ეს გაგრძელდა მანამდი, სანამ არ ვსთხოვე, ნელა ევლო და “არ შეშინდეს” ძახილს დასთხოვოდა, არაფრის არ მეშინოდა, მხოლოდ დაღლილი ვიყავი და ძილი მინდოდა…

მე გავიხადე ტანზე, გავეხვიე საბანში და ღრმად, უგრძნობლად დავიძინე…

მხოლოდ დღეს დილას, ძილში ვიგრძენი ყველაფერი: ნათლად, გარკვევით წარმოვიდგინე: მე დამახრჩობენ. გულგრილად გამომიყვანენ აქედან განთიადისას, წინდაწინ დამიმზადებენ საფლავს: ხელებს ზურგს უკან გამიკვრენ, მიმიყვანენ სახრჩობელასთან, ერთხელ კიდევ წამიკითხავენ განჩინებას, რათა არ დამავიწყდეს, რომ ამ სიკეთეს ყაჩაღი კი არ სჩადის, არამედ კანონი, ჩამომაფარებენ სახეზე ტომარას, შემაყენებენ სკამზე და ორ ბოძ-შუა გადმოკიდულ გასანთლულ ბაწარში გამიყოფენ თავს. ჯალათი გამომაცლის სკამს ფეხ-ქვეშ, დამეკიდება ფეხებზე, რომ თოკი უფრო შემომეხვიოს კისერზე და შემდეგ გამაკონწიალებს… მე შემეკმევა სული, მოვინდომებ კისრისკენ ხელის წაღებას, მაგრამ ხელები მაგრად იქნება გაკრული, დავწვრილდები, დავიღმიჭები, მოვინდომებ ყვირილს, კვნესას, ვერ შევიძლებ, ენას ძაღლივით წამოვაგდებ, თვალები გადმომცვივა ბუდიდან, დავიწყებ ტრიალს და რამდენიმე წუთს შემდეგ გავჩერდები ჰაერში. ყველაფერი გათავებული იქნება და ამ სურათის წინაშე გულგრილად იქნებიან გაჩერებულნი პროკურორი, მღვდელი ჯვარით ხელში, ციხის უფროსი, ექიმი, ჯარისკაცები. ყველა დაინახავს, როგორ ვტრიალობ, როგორ მინდა სუნთქვა, მიწაზე ფეხის დაბიჯება, ყველა დაინახავს, როგორ იხრჩობა მათივე მსგავსი ადამიანი, ყველა დაინახავს, რომ შველა შესაძლებელია და არავინ, არავინ არ დამეხმარება, არავინ არ მოვა გადასარჩენად… ყველაფერი გათავდება. იყო კაცი და აღარ არის კაცი! და წავა კვლავ ცხოვრება თავის გზით; მომავალ ზამთარს კვლავ შესცვლის გაზაფხული, მორცხვი ია კდემამოსილი ღიმილით გაუცინებს გამაცოცხლებელ მზის სხივებს, გაყინულ გულში კვლავ შეატანს სითბოს, კვლავ გაცოცხლდება სიყვარული და მხიარული სიმღერა შეყვარებულისა კვლავ გაისმის არემარეში… ვერ გავიღვიძებ მხოლოდ მე, დამახინჯებული სახით და სახრჩობელას თოკით კისერში, მე, რომელსაც ერთი თვის შემდეგ ოცდახუთი წელი შემისრულდებოდა, რომელსაც არც მაციებს, არც მაცხელებს, არც წელი მტკივა, არც გული, რომელსაც მიყვარს და მწყურია სიცოცხლე; არ ვიქნები მე, მე, რომელიც სახრჩობელას თოკით კისერში, სახე-დაღრეჯილი, ენა-გადმოგდებული, თვალებ-გადმოცვენილი და ხელებ-შეკრული გულაღმა ვეგდები მიწაში უშნოდ, ულაზათოდ, მაშინ, როცა ყველაფერი გალამაზდება და გაარშიყდება, აყვავილდება და ამწვანდება და მკვდარსაც მე ვერავინ მომილოცავს გაზაფხულს, ვერავინ მიაგნებს ჩემს საფლავს, რომ ყვავილები, გადმომაყაროს… ყველაფერი გათავებული იქნება… დიახ, ამიტომ მეძახდნენ თურმე ამხანაგები – არ შეშინდეო. ისინი გრძნობენ, რომ მე დამახრჩობენ. არაფერი, არაფერი არ გამაჩნია თავის დასაცავად, არაფერი არ შემიძლია მე, ღირსება-ახდილს და კანონს გარეშე დაყენებულს. ჩემი ოთახის გასაღები მათ ხელშია, როცა უნდათ მაშინ შემოვლენ და მე, უმწეოს, იარაღ-აყრილს, დამარცხებულ მტერს, ისინი შეიარაღებულნი და გამარჯვებულნი, რაც უნდათ იმას მიქმენ, როცა უნდათ მაშინ ჩამომახრჩობენ…

“ორშაბათ დილა გათენდა, რა ავი დარი დგებაო”.

11 საათი.

როცა ჩემს წასაყვანად მოვლენ, ჩუმად გავყვები, არავის არ დავემშვიდობები. ვიცი, ატყდება ერთი ალიაქოთი, ყვირილი. დაამტვრევენ სკამებსა და ფანჯრების მინებს, მე უფრო ავღელდები და შევწუხდები, არაფერი კი არ გამოვა, გარდა ამისა, რომ რამდენიმე კაცს კარცერში დაამწყვდევენ, მე კი მაინც დამახრჩობენ, ვითარცა ავაზაკს. ამიტომ წავალ ჩუმად, ძილს არ შევუშფოთებ ამხანაგებს, არ ავაღელვებ! რა თქმა უნდა, აგრე სჯობია, თორემ მახსოვს, რა დღე დაგვადგა, როცა გავიგეთ, რომ პავლე მიყავდათ დასახრჩობად. მე თვითონ დავამტვრიე ჩემს გალიაში რასაც მოვერიე: მინები, სკამი, სტაქანი, ხატი… უღონოდ დავეშვი იატაკზე და ავტირდი… ვიყვირე… ის მაინც დაახრჩვეს, მე კი ყველაფერი გადამახდევინეს… მაშ აგრე – ვერავინ გაიგებს ჩემს წაყვანას… დილას გაიღვიძებთ, დამიძახებთ მე, ჩემო ამხანაგებო, და ვერ გაიგონებთ ჩემს ხმას. მაშ გადაწყდა!..

2 საათი.

ეჰ, как хороши, как свежи были розы! დღეს სულ სიყვარულზე ვფიქრობდი. მელა კვდებოდა, თავი საქათმეში მიჰქონდაო. დიდიხანია მას შემდეგ, ერთხელ, როცა მაციებდა და ქალაქიდან სოფელში წავედი, ერთ მოგონებას, ერთ სურათს მე, მწოლარემ, ერთი ლექსი ვუძღვენი. დავწერე მთრთოლვარე ხელით და არც გამიგზავნია ვინმესთვის, არც მიჩვენებია, შევინახე გულში, ფარულად, ფრთხილად, როგორც ის სურათი. ვერც ეხლა გავუგზავნი ვისმე იმ ლექსს… და ისე კი… ისე კი… ეჰ,! как хороши, как свежи были розы! რა ვიცი, მე ასე მეგონა და მგონია ეხლაც, რა ვიცი… რა ვიცი!..

დღეს სულ სიყვარულზე ვფიქრობდი და ეხლაც ჩემი გული იმაზე ფიქრობს. ის ლექსი მადგია ენაზე, იმას ჩამძახის რაღაც ყურში. გულის კუნჭულიდან გამოძვრა ის და აი, ჩემს წინ დგას.

ვინმე კი გეტყვის, როს უდროოდ დავხუჭავ თვალებს,

ტოლ-ამხანაგებს გამომაკლებს შავი სიკვდილი…

ნუ დაიჯერებ, თუ ვინმემ თქვას, რომ თითქოს სენმა,

რომ თითქოს სენმა მომგვარა მე მუდმივი ძილი.

ოჰ, რომ ნახავდე გაზაფხულზე ჩემს ობოლ საფლავს,

იას შეამჩნევ, ჩემო იავ, მასზე ამოსულს,

ის ია გეტყვის, რომ არც სენსა, არც რამე მაგგვარს, –

მე მოუკლავარ შენზე ფიქრსა და შენს სიყვარულს!..

რად ამოძვრა გულიდან ეს ლექსი… არა, ლექსი კი არა, ის არაფერია, ის ოდნავადაც არ არის იმის გამომხატველი, რამაც ის დამაწერინა. რად ამოძვრა გულიდან თვითონ ის გრძნობა, ის დამალული გრძნობა, რომელიც არავის სცოდნია და კარგა ხანია არც მე მსურდა მცოდნოდა?.. სიყვარული!.. სიყვარული! ვითომ რა იქნებოდა, რომ მივსულიყავ მასთან და მეთქვა ყველაფერი!.. ჩემებურად, ჯიქურად, ბოსიაკურად მივსულიყავ და მეთქვა – ცოდვა გამოტეხილი სჯობია, წავწყდი კაცი, მიყვარხარ-მეთქი. ვითომ რა იქნებოდა! მაგრამ… მაგრამ ის, რომ არც მივედი, არც ვუთხარი, ერთი ნაბიჯიც კი არ გადავდგი. ვერა, მხდალნი ვერ დაისაკუთრებენ ქვეყანას. მაგრამ სიმხდალე იყო ვითომ? რა ვიცი!.. ეჰ, как хороши, как свежи были розы!

10 საათი.

საშინელებაა, გამოუთქმელი, წარმოუდგენელი საშინელება. რა უნდოდათ? რას გვერჩოდნენ? რა დავაშავეთ, რომ ასე მოგვექცნენ, რომ ასე ურცხვად… არც ერთხელ ჩემ სიცოცხლეში, არც ერთხელ არ მიგრძვნია ასე მარტივად, ასე მკაფიოდ, ასე გარკვეულად ჩემი უღონობა და სისუსტე, და არც ერთხელ ჩემ სიცოცხლეში, არც ერთხელ არ გამომიცდია ასეთი შეურაცხყოფა, ასეთი წყურვილი საშინელი, უსაზღვრო, გაუმაძღარი, დაუზოგავი შურისძიებისა, წყურვილი სისხლისა და სამაგიეროს გადახდის… რა, რა დავაშავეთ, გეკითხებით მე თქვენ, რა დავაშავეთ, თქვე მხეცებო, რას გვერჩოდით?..

არაჩვეულებრივ მშვიდი და წყნარი საღამო დადგა დღეს. მზემ ჩვენთვისაც გამოიმეტა სხივები, ჩვენც გაგვიღიმა, სარკმელებთან მიგვიპატიჟა და მოგვეალერსა. და ჩვენც მივადექით სარკმელებს, ვუცქერდით ამ მშვენიერ, თავისუფალ და ალერსიან სხივებს, ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს, ვტკბებოდით. და ალბათ გაუთამაშა გულმა ამხანაგ კოზმას, ოცნებაში წასულს, მას გადაავიწყდა სატუსაღო და მისი ინსტრუქციები, გადაავიწყდა ყოველივე და ახალგაზრდა, წკრიალა ხმით სიმღერა შემოსძახა. მისი მშვენიერი, ტკბილი ხმა მოგვხვდა გულში, მოგვესალმა, მოგვეალერსა. სულგანაბული, გაკვირვებული ვუგდებდით ჩვენ მას ყურს, ამ იშვიათ სიამოვნებას, სიმღერას, სატუსაღოში აკრძალულს. რამდენიმეჯერ კიდევ გაიმეორა მან მხიარული სიმღერა და უცებ ეს ხმა შეიცვალა ნაღვლიანი, გულამდე ჩამწვდენი კვნესით, ისეთი სიმღერით, რომელიც შეუძლია იმღეროს მხოლოდ ტუსაღმა, მხოლოდ იმან, ვინც თავისუფლება დაჰკარგა.

“Соловушка в дубравушке звонко свищет,

А девушка в теремушке слезно плачет”.

ჯერ კიდევ კვნესოდა ჩვენს ყურში უკანასკნელი ამოძახილი ამ დედის ალერსივით ტკბილი ხმისა, ჯერ კიდევ ვისმენდით გათავებულ სიმღერას, რომ უცებ თავგანწირული ღრიალი და გმინვა გაისმა:

– ამხანაგებო, მცემენ!.. ამხანაგებო, მცემენ ეს ჯალათ…

დიახ, სცემდნენ კოზმას იმიტომ, რომ მან იმღერა. ის გააფრთხილეს, გაჩუმდიო, მან მაინც განაგრძო სიმღერა სანამ არ გაათავა, გააღეს კარები და შევიდნენ, კარცერში წაყვანა მოუნდომეს, როცა გაძალდა, ცემა დაუწყეს… სცემეს იმიტომ, რომ იმღერა. ატყდა წარმოუდგენელი ღრიალი, ყვირილი, მინების მტვრევა და ჭახაჭუხი. კოზმას ოთახიდან კი არაფერი ისმოდა, იქ არავინ ყვიროდა.

– ამხანაგებო, კოზმას პირი აუხვიეს, რომ ვერ იყვიროს… სიკვდილი ჯალათებს! დაჰკარით წიხლი კარებს, დაამტვრიეთ ყველაფერი!

დიახ, როცა უნდათ, აგვიხვევენ პირს, ხელებს შეგვიკრავენ და მათი მურტალი ხელებით გვცემენ, რამდენიც უნდათ, როგორც ძაღლს, გაგვათრევენ და კარცერში ჩაგვამწყვდევენ შეურაცხყოფილსა და დამდაბლებულს, დიახ, მათი მურტალი ხელებით გცემენ შენ, პირ-ახვეულსა და ხელებ-გაკრულს, გაგიხსნიან გულსა და შიგ გულში ჩაგაფურთხებენ, გაგიხსნიან გულსა და მათი ბინძური ხელებით ჩაყრიან შიგ სიბინძურეს… დიახ, ყველაფერს სჩადიან!

გაშტერებული, აკანკალებული ვიდექი ერთ ალაგას და ხმაც კი ვერ ამომეღო, მაშინ როცა მთელი სატუსაღო ღელავდა, ვიდექ და რაღაცაზე ვფიქრობდი. იმიტომ რომ იმღერა, აუხვიეს ამხანაგს პირი, შეუკრეს ხელები და მათი მურტალი ხელებით სცემეს, სანამ დაიღლებოდნენ, შეურაცხყოფილი და დამდაბლებული გაათრიეს ის, როგორც ძაღლი, და კარცერში დაამწყვდიეს. რად, რა დააშავა? რა დააშავა, თქვენი ღვთის გულისათვის, მითხარით, რა დააშავა? მოჰკლა ვინმე? შეურაცხყო ვინმე? მან მხოლოდ იმღერა ჯავრიან გულზე! მაშ, რა გინდოდათ, რას ერჩოდით, თქვენი ღვთის გულისათვის, მითხარით, რას ერჩოდით? კარგი, ჩვენ ურწმუნონი ვართ, უღმერთონი, მაგრამ თქვენ ხომ ამბობთ ქრისტიანები ვართო, ღმერთი გვწამსო? მაშ, მითხარით, რომელი ღმერთი გაამართლებს თქვენს საქციელს?

სევდა! სევდა! სევდა! საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი გრძნობს! როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა; ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულება, ის ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს… სიკვდილსაც ვერ ეღირსები მოსვენებით! სადა ხართ ეხლა, ამხანაგებო, რად არ ხედავთ, თუ როგორ დაგვამცირეს დღეს? თუ როგორ გაგვიხსნეს მკერდი და შიგ გულში ჩაგვაფურთხეს, თავიანთი ბინძური ფეხებით ჩასწიხლეს ყვავილი ჩვენი გულისა, ჩვენი წმინდათა წმინდა შელახეს და შებღალეს თავიანთი ყიზილბაშის ხელებით… პირი აგვიხვიეს, ხელები შეგვიკრეს და ისე გვცემეს… ჩვენ ვერაფერი ვუთხარით, ვერაფერი შევიძელით, ჩვენი კარები გარედან იკეტება და გასაღები მათ ხელშია. როცა უნდათ, მაშინ გააღებენ, შემოვლენ, გადაგვიხსნიან მკერდს და შიგ სინიდისში ჩაგვაფურთხებენ, შეგვიკრავენ ხელებს და მერე გვცემენ.

მაგრამ მე ვერ ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ, ყველა ეს უფერულია და მცირე იმ დიდი შეურაცხყოფის წინაშე, რომელიც მოგვაყენეს… და სევდა! სევდა! სევდა! ბინძური, მახინჯი და აუტანელი სევდა შემოეხვია გულს. მძიმე, როგორც განწირულება, მახინჯი, როგორც სილაჩრე და აუტანელი, როგორც ნოტიო. როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა, შუბლ-გადარეცხილი, თმა-აბურძგვნილი, ახმახი და საზიზღარი სევდა გამეფდა გულში!..

ეჰ, დროვ, დროვ! რა ჩქარი ნაბიჯით იარე შენ! გადაცურე ზღვა და ხმელი, გადალახე მთები და მინდვრები, სოფლები და ქალაქები, უკან დატოვე ყველაფერი და აქ, ამ პატარა გალიაში გაჩერდი, რომელიც გარედან იკეტება, რომლის გასაღები სხვის ხელშია, რომელსაც როცა უნდათ მაშინ გააღებენ და შემოვლენ შიგ, აგვიხვევენ პირს, გაგვიკრავენ ხელებს, გაგვიხსნიან მკერდსა და შიგ გულში ჩაგვაფურთხებენ, მათი მურტალი, ყიზილბაშის ხელებით დაგვამცირებენ… ოჰ, რა უბედური ყოფილა ის, ვინც სუსტია, ვისი ოთახის კლიტე სხვის ხელშია, ის, ვინც დამარცხებულია!

…იცინის, ვიღაც იცინის გულში, სიცილით კვდება. უბედური! უბედური! უბედური! იძახის ის და იცინის, იცინის. იგემე თუ არა? გემრიელია? მიირთვი, გენაცვალე! მიირთვი და შეირგე! და ის იცინის, იცინის, სიცილით კვდება. იგემე, გენაცვალე, გემრიელია? ასეთია გამარჯვებული, ის სულშიაც ჩამოგყურებს, გულშიაც, რასაც უნდა იმას ჩაიდენს, ვინაიდან მის ხელშია შენი ოთახის გასაღები, ვინაიდან არ დაწერილა უფლება დამარცხებულისა. ასეთია გამარჯვებული! შენ სიმღერა გსურს? მაგრამ ვინ მოისწრა სურვილი დამარცხებულისა? სიყვარული გნებავს?.. ხა! ხა! ხა! სიყვარული ნებავს ამას, დამარცხებულს… და ის იცინის, იცინის… დიახ, ასეთია გამარჯვებული! შენ კი სუსტი ხარ და უღონო, შენ დამარცხებული ხარ… ასეთია ნადიმი გამარჯვებულისა, ასეთია სურვილი მისი, ვინც ღონიერია და მძლავრი… გემრიელია? იგემე, გენაცვალე მიირთვი!

სინათლეს აქრობენ კამერებში – დაიძინეთო. არა, თქვენ დაიძინეთ ამეღამ, მე კი არ შემიძლია.

მართლა, ვითარცა სასიკვდილოს, მე სინათლეს არ გამიქრობენ ოთახში. აი, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ეს არის.

12 საათი.

რამდენი ცვლილება მოხდა ბუნებაში – აკი გაწვიმდა კიდეც. ქარი უკვე ზის სახურავზე და გულმოსული რაღაცას ლაპარაკობს გაუგებარ ენაზე.

მაინც რა სევდიანი წვიმა იცის შემოდგომამ. ჯერ შემოიხვევს ნაცრისფერ ბურუსს, შემდეგ ატირდება. სისინებს, ქვითინებს, თითქოს სულიერი არსება იყოს. მე მიყვარს შემოდგომის წვიმა, მისი ნაღვლიანი, მოწყენილი ხმა, მისი გულამოსკვნილი ქვითინი, ჩივილი. მე მიყვარს ამ დროს ტიალ მინდორში ყოფნა, განმარტოებული ხეტიალი, მიყვარს ცქერა, თუ როგორ ათამაშებს ქარი მოწყვეტილ, გაყვითლებულ ფურცელს… რა გზა-კვალ დაბნეული დაძრწის, ხან მაღლა, ხან დაღმა, ხან აღმა მიფრინავს ჩქარი ტრიალით, ხან კი ძირს ეშვება, სანამ ისევ არ შეუბერავს ქარი და არ აიტაცებს მაღლა, რომ კვლავ ძირს დასცეს ის… მიყვარს გატიტვლებულ-გაძარცული უღრანი ტყის ცქერა, მისი ხმა, როცა ის ქარს ებრძვის, მისი ოხვრა და ყრუ, ყრუ გამოძახილი. გინახავთ, თუ როგორ ძრწის ის, როგორ იკლაკნება, როგორ ჰხრის კენწეროს, თითქო მორჩილებას აცხადებს? რად გრძნობ ამ დროს სევდასა და სიმძიმეს? რად გგონია ამ დროს თავი ობოლი და მარტო მთელ ქვეყანაზე? რად გგონია, რომ იქ, იმ ტყეში, ტყე კი არ კვნესის, ის კი არ მღერის ნაღვლიან სიმღერას, რომ ის კი არ ჰხრის თავს? რატომ გგონია, რომ ჰაერი გაჟღენთილია უთვალავი სულიერებით, რომ იქ, იმ ტყეში, თავი მოუყრია უთვალავ ქვრივსა და ოხერს, მთელი ქვეყნის ოხვრასა და ტანჯვას რომ ეს ისინი ოხრავენ, მათ ამოუღიათ ხმა და ისინი ჩივიან ისე გულდაწყვეტით, ისე გულწრფელად, ისე ღრმად და ისე უნუგეშოდ. და იღვიძებს გულში უთვალავი ჭრილობა, გაგონდება შეურაცხყოფა და დაცინვა, დატყუება და ღალატი. და, მიუხედავად ამ შავი და მწარე ფიქრებისა, მაინც გსურს დიდხანს, დიდხანს იყო ამ მდგომარეობაში, დიდხანს გრძნობდე ტკივილებს, მარტოობას და სულის ობლობას. დიდხანს გსურს გრძნობდე, რომ მარტო ხარ, სულ მარტო, რომ უპასუხოა შენი ძახილი სიყვარულისა და ბედნიერებისადმი, რომ გვერდს გივლიან, რომ ვერ გცნობენ, რომ არც გყავს და არც გეყოლება ამ ქვეყნად ამხანაგი, რომელსაც ყველაზე უფრო შენ უყვარდე, რომელიც არავისზე გაგცვლის, რომელიც არ გიღალატებს… ეჰ, ერთი ნეტავი სავსებით, სავსებით გამომეცადა ის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდი, რომელიც მწყუროდა და რომელიც ჩემს გულში ჩარჩა, ჩაიმალა… ვერა, მხდალნი ვერ დაისაკუთრებენ ქვეყანას…

მე მივეცი თავი შემოდგომის ღამეს და იმის წვიმას, გადავაწევი ფანჯარას და ხარბად, გაუმაძღრად დავუგდე ყური იმის სისინს… სახლის სახურავზე ქარი იჯდა და გულმოსულად ლაპარაკობდა გაუგებარ ენაზე, ტელეგრაფის სიმები ძრწოდნენ და ზუზუნებდნენ და ამ ზუზუნში, არ ვიცი რად, მე გარკვევით მესმოდა ჯარისკაცების “ურა! ურა-ა-ა!”

ღამეა. წვიმა სისინებს, ტირის,

ზეცას ჩამოსდის ცრემლისა ღვარი,

გლოვა-გოდებას მოუცავს არე

და სახურავზე სასტიკობს ქარი.

ფანჯარასთან ვარ გაჩერებული,

შორს, სამშობლოსკენ მიპყრია თვალი,

არა მოსჩანს რა, მხოლოდ გარშემო

გულის საკლავი ისმის ღრიალი.

და ჩემ თვალთაგან ქურდულად, ფრთხილად

მოწყდა, დაგროვდა ცრემლი ობოლი,

სახეს გამეკრა, ჩამიჩურჩულა:

– სადა, გყავს, სადა, გულისა ტოლი?!

ვიცი… იქ მთვარე კაშკაშებს ეხლა,

ბულბულის ისმის სტვენა-გალობა,

ყვავილში მცურავ ტურფა სამშობლოს

ატკბობს ბუნების უხვი წყალობა.

ვხედავ გულის ტოლს – ფანჯარასთან დგას,

შორს იცქირება და ფიქრი მწარი

შემოხვევია, ეჩურჩულება:

– სადა გყავს ეხლა, სად, მეგობარი?!

ესე იგი მინდა, რომ აგრე იყოს. ნამდვილად კი არავინ არ დგას სამშობლოში ფანჯარასთან და არავინ არ ფიქრობს ჩემზე… არავინ არ ფიქრობს…

სპირიდონმა არაქათი წამართვა. დადის ეს ჩემი ცოდვით სავსე, დადის წინ და უკან ჩქარი ნაბიჯით, დადის და თითქოს ტვინში მცემს. გავუგზავნი ისევ ჩემს კალოშებს, ჩაიცვას ის და ვეღარ შემაწუხებს მისი ფეხის ხმა, – ან კი რა ოხრად მინდა?

დარაჯი მიშლის ლაპარაკს, მაგრამ რას დავუჯერებ! მე შენ გეტყვი, იმაზე მეტად დამსჯიან, რაც მომელის. ის არ იშლის თავისას, მებრძვის.

– თუ შენ ბოროტი და ავი კაცი არ იყო, რა გენაღვლება – ამხანაგს დაველაპარაკო, რა დაშავდება?

– არ შეიძლება! нешто это!.. ბრძანებაა!

– განა ყველა ბრძანებას ასრულებ?

– A как же? მიბრძანებენ – თაყვანს გცემ. რასაც მიბრძანებენ, ის უნდა ავასრულო… Мы люди подневольные.

– საცოდავი! რა უნდა ვუთხრა პასუხად!

…სწორედ აგრე წვიმდა იმ საღამოს ტფილისში. მთელი დღე სახლში ვიჯექი. ერთი მხრით დასვენება მინდოდა, მეორე მხრით კი ვამჩნევდი რა პოლიციის მოწყალე ყურადღებას, უსაქმოდ არც ისე ვეტანებოდი ქუჩას. მართალია, ჩემს მაშინდელ მდგომარეობაში საშიში არაფერი იყო, მაგრამ ჭირივით მეჯავრება, როცა გაპირუტყვებული ადამიანი, ჯაშუში შორი-ახლოს მიგყვება და უიმედო შეყვარებულივით გიცქერის ქურდულად, თითქოს გემუდარება – რა არის, შე უმადურო, ერთი წამაკითხე სახეზე, მე რომ მიამება, ისეთი რამეო. საწყალი მშიერი ადამიანი. მაგრამ მაინც საზიზღარი და ბინძური!

მხოლოდ დაღამებისას გამოვედი ქუჩაზე, რომ დაპირებისამებრ ამხანაგ მუშებთან სასაუბროდ წავსულიყავ. დღის განმავლობაში არც კი მომგონებია ეს, არ დავფიქრებულვარ, მასალა არ დამიმუშავებია. გზადაგზა მოვინდომე ეს, მაგრამ გამოვედი თუ არა ქუჩაზე, მომესმა თუ არა მისი ხმაურობა, შემხვდა თუ არა მიმავალ-მომავალი ხალხი, კვლავ გადამავიწყდა ჩემი საფიქრალი და გარშემო ცქერა დავიწყე. არის რაღაც მიმტაცი და პოეტური ხალხით სავსე ქუჩის ხმაურობაში, იმ უთვალავ ხალხში, რომელიც მიდის წინ და უკან, ზოგი მიიჩქარის, ზოგი ნელა აბიჯებს ფეხებს და არც ერთს კი შენი დარდი არა აქვს, თითქოს არც ერთს არ აინტერესებს თავიანთი თანამგზავრები, მიდის და თან მიაქვს თითქოს რაღაც თავისი ტვირთი, თავის საკუთარი რამ, რომელიც არავისთვის, არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი… მე მიყვარს ცქერა ქუჩის. რაღაც საერთო, რაღაც ნათესავური იღვიძებს გულში მის დანახვაზე, მე მიხარია რაღაც. რა ვიცი, რა მიხარია, რა მაქვს საერთო ამასთან… რა ვიცი, რა მიტაცებს…

წვიმას ეპირებოდა. მამადავითის გორას, საითკენაც მე მქონდა გზა, მკრთალი, გამჭვირვალე ნისლი ეფინებოდა, რომელიც ნელ-ნელა ფრთხილად ეშვებოდა ქვევით, დაბლობისაკენ, რომ მთელი ქალაქი თავის იღლიაში მოემწყვდია… ნელი ქარი სისინებდა. პატარა ხანს შემდეგ გოლოვინის პროსპექტზე, ელექტრონის ფანრების შუქი უკვე გორავდა და ნებივრობდა ნისლის ტალღებში, მხიარული თამაშით ცურაობდა ის, მიმტაც სურათებად ეფინებოდა გარემოს. ქუჩა სავსე იყო ხალხით; ყველას ჩაფიქრებული, საქმიანი სახე ჰქონდა, ყველა თავ-ჩაღუნული მიიჩქაროდა სადღაც. ვაჭრებიც კი გამოსულიყვნენ მაღაზიების წინ, ახალ, კრიალა კალოშებით და თბილი პალტოებით, ჯიბეში ხელებ-ჩაწყობილნი, ისინი დაღვრემილნი დადიოდნენ წინ და უკან, რათა ამით ნათელეყოთ ის ფაქტი, რომ მათაც, პატივცემულ ტფილისის ვაჭრებსაც, აქვთ ნერვები, რომ შემოდგომის სევდიანი საღამო მათზეც მოქმედობს… შემპარავი, ხელობის მიერ შექმნილი ღიმილი გადაკვროდათ ფიქრებში წასულ სახეზე და, ასე გეგონა, ვერ ამჩნევდნენ, რომ მათ გვერდში ხალხი მოძრაობდა… მხოლოდ ლოყა-წითელი, მხიარული და ტანადი ქალიშვილები, მარტო ესენი იცქირებოდნენ მხიარული ცნობისმოყვარეობით, ათვალიერებდნენ გამვლელთ და ჟღურტულით მიდიოდნენ წინ თუ უკან. იცინოდნენ, სიამოვნებდნენ… ჩავერიე თუ არა ხალხში, შევატყვე, რომ რამდენიმე ჯაშუში დამედევნა. ერთი მათგანი ფეხდაფეხ გამომყვა, მალულად შემხედა. გამისწრო წინ, შეჩერდა და დამიცადა…

შია და სცივა ადამიანს, ობოლია და უპატრონო ის, უთანაგრძნობოდ, უალერსოდ დარჩენილა ის, რაც დაიბადა არ უნახავს ალერსი შეყვარებულისა, არ სმენია ტკბილი სიტყვა, ის გაძარცვეს, გაატიტვლეს, მოპარეს სული და გული, მოპარეს გრძნობა, ქუჩაში გაუძახეს… მოშივდა, მოსწყურდა მას, შესცივდა, სიცოცხლე მაინც შეეხარბა. და ამიტომ ის ჯაშუშია, პირუტყვია, მოღალატეა და დამზვერავი, კაენის ბეჭედი შუბლზე აზის მას, ეს ვიცით ჩვენც, იცის იმანაც. ჯერ არ მახსოვს ჯაშუშს პირდაპირი შეხედვისათვის გაეძლოს, თვალი არ დაერიდებიოს… იმასაც აუხვიეს პირი, გაუკრეს ხელები და შიგ სინიდისში ჩააფურთხეს, სული მოპარეს, მკერდიდან გული ამოაცალეს და ის, უსულგულო, სინიდისშერცხვენილი, ქუჩაში ჯაშუშად გაუშვეს, სინდისთან საბრძოლველად შეაიარაღეს, ამიტომ ის საფრთხილოა, ის ჯაშუშია… მე შეუმჩნევლად შევჩერდი, ვიფარე მომავალი ხალხი, გავედი ქუჩის მეორე მხარეზე, გადავუხვიე მეორე ქუჩაში და უიმედო შეყვარებული მოვიშორე…

როცა უკან დავბრუნდი, უკვე წვიმდა, ნემსივით წვრილი სისინით სცემდა ქვაფენილზე. შევჩერდი და გადავიხედე გაღმა. ნაძალადევიდან ძლივს, ძლივს იჭვრიტებოდნენ სანთლები, მომაკვდავი კაცის ღიმილივით კრთოდნენ ისინი და ახირებულ ფიქრებს მიძრავდნენ თავში. რა ხალხი ზის ეხლა იმ სანთლებთან? აი იქ, განმარტოებით რომ სინათლე ციმციმებს, იქ ვინ არის? კეთილი ადამიანი, თუ ბოროტი? რას ფიქრობს? შეყვარებულია თუ არა? ან და ეგებ ეხლა ისმენს სიყვარულს, ეხლა უცქერის შეყვარებულს, რომელმაც აი, ამ წუთას გამოუცხადა მას თავისი გრძნობა! არ ვიცი რად, მე გამწია რაღაცამ იმ სინათლისაკენ, თითქოს იქ ვიღაც დიდი, დიდიხანია მელოდება, დიდიხანია უნდა მნახოს და გულში ჩამიკრას, მაგრამ ჩემ ფიქრებში უცებ გუგუნით შემოიჭრა მოულოდნელი ხმა. არივდარია იქ ყველაფერი და გაბედულად, ახოვანად გაერია წვიმის სისინს, შესცურა ღამის ტალღებში და შორს სადღაც ქალაქს იქით წავიდა, გადაიკარგა. სამხედრო მუსიკა შეეჯიბრა შემოდგომის ბუნების სიმღერას…

– რას გაჩერებულხარ, ვერ ხედავ წვიმს? წამო ოთახში. – ვიღაცამ ხელი მკრა. მე შევკრთი და მოვიხედე. ჩემს გვერდში იდგა შავი აჩრდილი, რომელსაც თითქოს ხელის მოკიდება უნდოდა, მაგრამ ყოყმანობდა, ვერ ბედავდა. დავაკვირდი, მაგრამ ვერ ვიცანი.

– უკაცრავად… ღამეა, ვერ გიცანით! – მოვახერხე მეთქვა.

– წამო ოთახში და გამიცანი, ამას რა დიდი ანი და ბანი უნდა. – და მან უკმეხად, ულაზათოდ გაიცინა. ეხლა მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა გამირბინა, მინდოდა, უკმეხი მწარე სიტყვებით მომეშორებია თავიდან, მაგრამ გაჯავრება ვერ შევიძელი, ვუცქერდი მხოლოდ ბნელაში და მეგონა, თუ ჩქარა არ გავიქეცი, მიკბენს, რაღაც ზიანს მომაყენებს-მეთქი.

– წამო ჰო, – მითხრა მან და, გათამამებულმა ჩემი ყოყმანით, მკლავში ხელი მომკიდა, – წამო, დასველდები.

გულში სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა იბადებოდა… ჩემი მოგონება, ის მოგონება, რომელიც არა ერთხელ ძილში გამახსენდება და თმას ყალყზე დამიყენებს, ის მოგონება დამიდგა თვალწინ. ჩვენ, ახალგაზრდები, ხშირად ვფარავთ ჩვენს სისაძაგლეს რაიმე მაღალი მოსაზრებით. მაგალითად, საროსკიპოში ჩვენ “მეცნიერული” მიზნით დავდივართ, “ტიპების” შესწავლა გვინდა, სითამამისთვის კი წასვლისას ცოტა ღვინოს გადავკრავთ. და აი, ერთხელ, მე და ერთი სტუდენტი, რუსეთის ერთ ქალაქში, “სამეცნიერო” მიზნით, “ტიპების” შესასწავლად წავედით იქ. შევედით თუ არა, ჩემმა თანამგზავრმა გადაიხადა ფული და კადრილის ხმები დააკვრევინა როიალზე. ატყდა ცეკვა-თამაში, გიჟური ხტუნაობით ტრიალებდნენ ქალები და კაცები აშმორებულ დარბაზში, უწმაწური სიტყვებითა და მანჭვით გადახვეულნი გარბოდნენ იქით-აქეთ ქალი და კაცი. მხოლოდ ერთი, რომელსაც გიმნაზიელის ფორმა ეცვა, ის ერთი იჯდა კუთხეში, განმარტოებით, თავზე ხელი შემოედვა და ღრმა ფიქრებში წასული ვერ ამჩნევდა, რა ხდებოდა გარშემო. როგორც ქორი შეამჩნევს განმარტოებულ წიწილას მინდორში და ფრთებმოკუმშული დაეცემა მას თავზე, ისე შევამჩნიე მეც ის და რაღაც ძალამ გამწია მისკენ, მძლავრად, შეუჩერებლად გამაქანა იქითკენ. მე დავჯექი მის გვერდით, მას კიდევ არ შეუმჩნევივარ, ავიღე ხელი და მხარზე დავადე. ის შეკრთა, შეშინებულად შემომხედა და, მაშინ, როცა იმის თვალებში მე წავიკითხე შიში და შიშში არეული ზიზღი მონისა ბატონის წინააღმდეგ, ბაგეზე ღიმილი გაათამაშა მან, შემხედა, შემოტრიალდა ჩემსკენ და… და თვალებში კი მაინც ვხედავდი შიშსა და ზიზღს, ზიზღსა და შიშს.

– რაზე დაფიქრებულხარ? – დავეკითხე მე, – მოგწყინდა?

– წავიდეთ! – მომიგო მან ჩემს კითხვაზე და მკლავში ხელი გამიყარა.

არა, ეს არ იყო ჩემი კითხვის პასუხი, მე მინდოდა მისი გული გადამეშალა ჩემთვის, მე დავეკითხე მას და ის კი წავიდეთო, მეუბნება. იმან იცის, რომ არავის დარდი არა აქვს იმისი, თუ რაზე ფიქრობს ვიღაც მაწანწალა, მან იცის, რომ თუ მასთან მოდიან, მოდიან იმიტომ, რომ “წავიდნენ”… და ჩვენც წავედით… წავედით მიუხედავად იმისა, რომ ერთი წუთის წინეთ ის ადამიანურ ფიქრებში იყო წასული, მისი ოცნება სადღაც შორს, შორს ჰქროდა, ის შორს სეირნობდა და თამაშობდა და არ უნდოდა იქიდან არსად წასვლა… ჩემს გონებაში ერთ წუთას დადგა თვალწინ ეს ჩემი “მეცნიერული” მოგზაურობა და სირცხვილის, დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო…

– წამო, გაცივდები! – მომესმა ისევ, – წამო, გაგათბობ ოთახში, ხომ ხედავ, ცივი ღამეა. წამო, გენაცვალე.

– გშია, მეგობარო? ძალიან გშია? – წამოვიძახე უცებ მე და თითონაც გამიკვირდა, ეს რა ვთქვი, ან რად ვთქვი-მეთქი.

– წამო, წამო, ერთი! წამო, იქ ვილაპარაკოთ… ლოგინში.

– სიყვარული გაკლია, დაია? არც ვისმე უყვარხარ, არც ვინმე გიყვარს, ხომ? პატრონი არ გყავს, ობოლი ხარ, ხომ? გცივა ამ შემოდგომის ღამეში? გშია და ფული არ გაგაჩნია, ხომ?

– ღმერთო, დამიცევი, ეს გიჟი ხომ არ არის!

მე ჩავიდე ჯიბეში ხელი და ვერცხლის მანეთიანი ამოვიღე.

– გშია, დაია? თუ გვერდში არ დაუწექ ვინმეს, ისე შიმშილით მოკვდები, ხომ? – და მე გადავდგი მისკენ ნაბიჯი, ის კი იხევდა უკან და იმეორებდა:

– ღმერთო, გადამარჩინე, ღმერთო, გიჟია, გიჟია!

– დიახ, მე გიჟი ვარ… მე მიყვარს შემოდგომის ღამეში სიარული და ხალხის შეშინება. მე საშიში კაცი ვარ. აჰა! წაიღე ეს, თბილად დაწექი და დაიძინე. მე რად გინდივარ, მე დაგახრჩობ, თუ წამოვედი. – და გაშეშებულ ადამიანს ჩავუდე ხელში ფული, საჩქაროდ გადავდგი ფეხი უკან, გავიჩქარე. თან კი თითქოს ვხედავდი შიშითა და ზიზღით სავსე თვალებს, მოცინარე სახეს და მესმოდა ნელი, მოწყენილი ხმა:

– წავიდეთ!

გავრბოდი, სულელივით გავრბოდი, მეშინოდა, თითქოს უკან მომდევდა ვიღაცა, რომელსაც სურდა ეკბინა ჩემთვის…

გოლოვინის პროსპექტი დაცარიელებული იყო. ნელი ნაბიჯით გავიარე ის, რამდენჯერმე ჩავუარე თეატრს, საიდანაც გახურებული ტაშისცემა და ვაშას ძახილი მესმოდა თითქოს. ვცადე შესვლა, მაგრამ ხელმისაწვდომი ფასის ბილეთი ვერ ვიშოვე, გავყევ ისევ გზას. და ის იყო უნდა გადამეხვია ვერის დაღმართში, რომ ჩემს წინ, შორს ორი აჩრდილი გამოჩნდა, რომელიც, ეტყობოდა, ჩემსკენ მოდიოდა. მე გავყევი კიდევ წინ და გავარჩიე – ქალიშვილები იყვნენ…

დამიახლოვდნენ ლამაზი, ტანადი გოგოები, მე ვიცანი: საბებიო სკოლის მოწაფეები იყვნენ, ალბათ საავადმყოფოში მორიგეობდნენ და ეხლა ბრუნდებოდნენ. პალტოში გამოხვეულნი, იაფფასიანი შლიაპით თავზე და რვეულებით იღლიაში, ისინი ახოვანად, მარდად მიაბიჯებდნენ. გული ამიტოკდა. რაღაც გამოურკვეველი სიმპატიის გრძნობამ გაიელვა გულში, თითქოს ორივე ჩემი ნაცნობი ყოფილიყოს, ორივე მახლობელი მეგობარი. და მე დამებადა თავში სულელური აზრი, მომინდა მათი გამოხმაურება, გამოჯავრება… შევჩერდი, ღიღინი დავიწყე, ჩვეულებრივი, შემპარავი ღიმილი ქუჩის დონ ჟუანების. დამიპირდაპირდნენ თუ არა, ცალ ფეხზე შევდექი, ქუდი მოვუხადე, შევტრიალდი, გავყევი ფეხდაფეხ და ჩავულაპარაკე:

– ხომ არ გინდათ გაგაცილოთ?

– იქით დაიკარგე! – შემომიბღვირა ერთმა მათგანმა და ორივემ უფრო გაიჩქარეს. ჩვეულებრივი კითხვაა მათთვის, ვინ იცის, რამდენჯერ გაუგონიათ!

– რა არის, გაგაცილებ, გაგართობთ.

– იქით დაიკარგე, გესმის, თუ არა?

– ეტლს დავუძახებ… მე ძალიან მომეწონეთ თქვენ. რა არის ვითომ, ხომ არ შეგჭამთ?

– იქით დაიკარგე, შე მხეცო! გოროდოვოი!..

მე ჩამოვშორდი. არ ვიცი, რად და ორივე მიყვარდა იმ წუთს, ორივე მაღელვებდა, თითქოს ნათესავს, მეგობარ-ნათესავს ვუცქეროდი, ვემშვიდობებოდი. ვინ იყვნენ ისინი, სად არიან ეხლა, რას ფიქრობენ? ახსოვთ თუ არა ეს შემთხვევა, და თუ ახსოვთ, გაიგებენ თუ არა ოდესმე, რომ ის მხეცი, რომელმაც ისინი იმ ღამეს შეურაცხყო, დღეს სახრჩობელას წინაშე დგას და თითონაც არ იცის, რად გაახსენდა ახირებული და სულელური ხუმრობა!..

სატუსაღოს სძინავს, არ მძინავს მხოლოდ მე და ჩემს საათს, რომელიც განუწყვეტლად ძგერს და ჭიკჭიკობს: არ სძინავს შემოდგომის ღამის სევდიანსა და მოგონებათა აღმძვრელ წვიმას, ის სისინებს და ტირის, ტირის და სისინებს.

მიდის დრო, მიდის დრო, მიდის დრო…

მიდის დრო და მე ვუახლოვდები ჩემს სახრჩობელას, ჯალათს, ის სანთლავს ბაწარს და მელოდება, რომ დახრჩობის შემდეგ გამხადოს ტანზე, ჩემი ტანსაცმელი დაისაკუთროს, მე კი ტიტვლად სამარეში გამიძახოს…

შია და სწყურია ადამიანს, ყველა მას ახრჩობდა, ისიც მე მახრჩობს; ყველა ძარცვავდა და ისიც მე მძარცვავს; ყველა კიდებდა მას ყანყრატოში ხელს და ისიც აგრე იქცევა. თუ ყველა ასე, ამნაირი გზით ირჩენს თავს, მან რა დააშავა, ის ვისი ანგელოზია? მასაც შია და სწყურია, სცივა და თბილი ბინა უნდა…

მიდის დრო, მიდის დრო, მიდის დრო…

ეჰ, ჩქარი ნაბიჯით მიდის ის წინ, მიდის და უკან სტოვებს სიყმაწვილეს, იმედებს, სიყვარულს, სიძულვილს, ფართე, რთულ გეგმებს და ფიქრებს, მიდის და სახრჩობელას წინაშე ჩერდება…

და მოდის სიკვდილი, შავი, ახმახი ბებერი, რომელიც წარსულსაც დასცინის და მომავალსაც, რომელიც ყველაფერს ნთქავს და ინელებს, დედის ცრემლებსა და ჯალათის ხორცს, შეყვარებულის ალერსსა და ჯაშუშის თვალებს…

მიდის დრო, მიდის დრო, მიდის დრო…

…დარაჯმა ისევ შემოიჭვრიტა. ჰმ, მიფრთხილდება ბატონი კანონი, რომ დიდი სიამოვნება არ დავუკარგო, მიფრთხილდება – ჯალათობაში არ შევეჯიბრო, მას თვითონ სურს ჩემი დახრჩობა, თვითონ სურს იყოს მკვლელი და ეშინია, თავი არ მოვიკლა. ამიტომ დარაჯს უბრძანა – თვალი ატანე, თავი არ მოიკლას და ამით არ დამაკლდეს ის დიდი სიამოვნება, რომელსაც მომაყენებს მისი ჩემი ხელით გამოგუდვაო… კანონს ეშინია – არავინ წაართვას მას დიდი თანამდებობა ჯალათისა… ათივე თითით დამილოცნია მისთვის!..

ნეტავი რად მიტაცებდა სასაფლაო, რად მიყვარდა იქ ხეტიალი და ძეგლების თვალიერება, რომლებიც ბერძნული ენის გამოშტერებული მასწავლებლებივით გაშეშებულნი დგანან და თითქოს შეგჩივიან რაღაცას. რა გაუგებარი ძალა მიტაცებდა მე იქ? ამხანაგები დამცინოდნენ ამ ჩვეულებისათვის, “უმიცვალებულო ჭირისუფალს” მიძახდნენ. ალბათ, ბავშვობისას, როცა დედა მომიკვდა, იქიდან დამჩემდა მე ეს ჩვეულება… ჩვენი ეკლესია საუკეთესო ალაგს არის მთელ სოფელში, მგონია მთელ არემარეში. ის მაღალი მთის წვერზეა, გარშემო კი სოფელი არტყია. იქიდან მოსჩანს ქალაქი, მთელი ჩვენი ქვეყანა და ზღვა, შორს კი – დარაჯივით წამოყუდებული დინჯი და დარბაისელი კავკასიონი, მისი თეთრი ტანსაცმელით…

გაზაფხულზე დაასაფლავეს დედაჩემი და მეც ხშირად ავდიოდი იქ, პირველად ბებიაჩემთან ერთად, მერმე კი, როცა გავთამამდი და შევეჩვიე – მარტო. იქ ნაძვის ძირას ვეებერთელა ფართე ქვაა ჩამარხული მიწაში, რომლის ნახევარი მოსჩანს. ეს ქვა ჩვენი მოხუცებულების სიტყვით, თვითონ წმინდა გიორგის ამოუტანია აქ ცალი ხელით და ისე მაგრად დაურტყამს მიწაზე, რომ მისი ნახევარი მიწაში დაუმალავს. და თუმცა ეს ქვა “წმინდანიანი” ქვაა, როგორც გვარწმუნებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ბოლო დროს თამამად ჯდებიან ზედ, წინათ კი მხოლოდ საკურთხის დაწყობა იცოდნენ იქ, საიდანაც ჩვენი მღვდელი გადააწყობდა მას თავის ხურჯინში. აი, ამ ქვაზე ჩამოვჯდებოდი მე და იქიდან ვიცქირებოდი. აქ, ამ ალაგს შემიყვარდა მე ისე მძლავრად ბუნება, ამ სასაფლაოდან ჩამებეჭდა გონებაში ისე ღრმად მისი სიმშვენიერე. და მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ვისიმე საფლავი ისე, რომ ამ სასაფლაოსთან ერთად არ ადგეს ჩემს გონებაში ბუნება, მთელი მისი სილამაზითა და ჯადოსნური მიმზიდველობით. და ამას გარდა, ვინც დაკვირვებია, ის შეამჩნევდა, რომ განგებ თუ შემთხვევით, სასაფლაოს ყოველგან საუკეთესო ალაგი აქვს დათმობილი. ასეა ქუთაისში, ბათუმში, ტფილისში, ყოველგან, სადაც კი მინახავს. ეჰ, ერთი ნეტავი დედიჩემის საფლავზე მიმიყვანა!..

ის იწვა. მეზობლები, ნათესავები, ყველანი გარს ეხვიენ მას, ყველანი მალულად იწმენდნენ ცრემლს, მხოლოდ ბებიაჩემი – დედიჩემის დედა, – ის ერთი ვერ იმაგრებდა თავს, გასულიყო გარეთ და გმინავდა, სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა:

– შვილო, დედა! შვილო, დედა! შვილო! – და იკაწრავდა სახეს. გახსნილ მკერდზე იცემდა მუშტს და თავს განწირულად აქნევდა.

განცვიფრებული და გაოცებული, მე ვიდექი შორი-ახლოს და მიკვირდა, თუ რად სტიროდნენ. აბა ვინ დამაჯერებდა, რომ ის, დედაჩემი, რომელიც მე ისე გაგიჟებით მიყვარდა, მოკვდებოდა. შევხედავდი ხან ერთს, ხან მეორეს, ხან დედაჩემს, რომელმაც დაბოლოს მომაგნო თვალებით და სუსტი ხმით დამიძახა:

– მოდი, შვილო ჯეირან! – და მან გადამისვა თავზე ხელი, ვინ მოგიარს, ნენა, შენ ჩემსავით, ვინ მოგეფერება! – მისი ხმა აკანკალდა, მაყურებლებმა ვეღარ შეიკავეს თავი, მამაჩემიც, გულქვა, სასტიკი მამაჩემიც, რომელიც ამდენხანს მაგრად იდგა და არას იმჩნევდა, აქვითინდა, ხმამაღლა ატირდა. საერთო ცრემლებმა ჩემზეც იმოქმედეს, ჩავდევი თავი დედის ბალიშში და ავღრიალდი.

– სუ,- ნუ ტირი… მე მალე მოვრჩები, ნუ გეშინია! შეეხვეწე ღმერთს ჩემი მორჩენა, შენ გაგიგონებს!.. ჩემო ქოჩორავ, ნუ ტირი, ნენა!

ვიღაცეებმა მომკიდეს ხელი და კარში გამიყვანეს. ცა უთვალავი ვარსკვლავებით გადაჭედილიყო, გარკვევით გადასწოლოდა ზეცის ზურგს “ქრისტეს ფეხის ნაბიჯი”. ერთი ფოთოლიც კი არ ინძრეოდა, თითქოს ყველაფერი განგებ მიყუჩებულიყო, რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში და ამ დუმილში, როგორც გარეშე, როგორც უცხო, მხოლოდ ხანდახან ერეოდა ბებიაჩემის ჩახლეჩილი ხმა:

– შვილო, დედა, შვილო, რას მიპირებ, ნენა, ვის უტოვებ დედაშენს! შვილო, ნაკვდაო შვილო! – მე ვიცქირებოდი მაღლა და დედაჩემის სიტყვებზე ვფიქრობდი. ილოცეო, მითხრა მან, ღმერთს სთხოვე ჩემი მორჩენაო, და მე მიკვირდა, რომ ეგ უებარი საშუალება ამდენხანს არ მომგონებია, თუმც კარგად ვიცოდი, რომ ღმერთს ყველაფერი შეეძლო და, გარდა ამისა ისიც, რომ მას ბავშვები ყველაზე უფრო უყვარდა. ისე მწამდა ღმერთი, ისე მიყვარდა და ერთხელაც არ გამივლია აზრად დედაჩემის შესახებ შევვედრებოდი…

უნდა ვილოცო, უნდა ვთხოვო!..

უთვალავმა ვარსკვლავებმა გამიღიმეს, ციმციმით მანიშნეს – მელოცა. აურაცხელი თვალებით მიცქერდა ზეცა და მაიმედებდა. მიცქერდა ზეციდან ანგელოზთა გუნდი, ჩვენ რომ ვარსკვლავებს ვეძახით, მიცქერდა და მეუბნებოდა:

“ილოცე, ბავშვო მაღლით ყურს გიგდებს

ცისა და ქვეყნის გამჩენი ღმერთი.

წვეთ-წვეთად ითვლის შენს წმინდა ცრემლებს,

არ დაგეკარგვის მასთან არც ერთი!”

ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მე ხელებ-გაშლილი დავეცი მუხლებზე… ღმერთი რომ მართლა იყოს, იმღამინდელი სურათით იამაყებდა, თავს მოიწონებდა. არაფერი მსგავსი მას შემდეგ არ გამომიცდია, ასეთი გატაცება არ მახსოვს. მე ხომ ის საკუთარი თვალებით დავინახე, ის სულ ახლო მოვიდა ჩემთან, მე ვამჩნევდი იმის თვალებში ცრემლს. ის მიცქერდა და თავს მიქნევდა… ოჰ, მუდამ, მუდამ შენი ყმა ვიქნები, შენი მონა, მომირჩინე დედა…

ჩემს უკან მოშორებით კი ისევ ისმოდა:

– შვილო, დედა! შვილო, დედა! შვილო!

– ბებია, სუ! ნუ ტირი, მორჩება დედა… მე ვიცი, მორჩება! – მინდოდა დამეძახა, მივსულიყავ მასთან და სახლში წამეყვანა, ყველაფერი მეამბო, რომ უცებ შევკრთი… სახლში საშინელი ყვირილი და ჟრიამული ატყდა, ღრიალი და კივილი ერთმანეთში აირია. საიდანღაც ღმუილით წამოიჭრა ნამძინარევი ძაღლი და შეშინებული ყეფით ჭიშკრისკენ გაიქცა, მეზობლების ძაღლებიც აყეფდნენ… ყველაფერი შეინძრა, შეწრიალდა…

დიდხანს, დიდხანს შემდეგ შევედი სახლში, მივედი ლოგინთან და დავიძახე:

– დედა! დედა! დედა!

მაგრამ უძრავი იყო დედაჩემი, მას არაფერი ესმოდა. მის გაცივებულ გვამს დაკონებოდა ბებიაჩემი, მიედო ტუჩი ყურთან და ჩახლეჩილი ხმით ჩასძახოდა:

– შვილო, ნენა! შვილო, ჩემო სიმწრით გამოზრდილო, ნაკვდავო შვილო, რა მიქენი, ნენა, აი, არ გრცხვენია, გოგოვ! მეც წამიყვანე, ნენა, შენთან, არ გეცოდები? ამიზა გაკვდი? ამიზა გაგზარდე, ნენა? არ გრცხვენია, შენ დაგენაცვლოს დედაშენი? მე უნდა გტიროდე, თუ შენ? მე უნდა გმარხავდე, თუ შენ? დევიწვი, ნენა, დევიწვი, შვილო, ნენა!..

ეჰ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვიცოდე – სიკვდილის შემდეგ დედა დამიტირებს:

– შვილო, ჯეირან, შვილო, სიმწრით გამოზრდილო შვილო!

მაგრამ ჩემს ცხედარს არ გაეკვრის დედაჩემის მოყვარული ხელი, მას არ გავახსენდები რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც ის ახსოვდა ბებიაჩემს, არავინ დააფრქვევს ჩემს საფლავს მწუხარე ცრემლს, ცრემლს უნუგეშო დედისას ვერ შეიშრობს ჩემი სასაფლაოს მიწა.

მას სძინავს მუდმივი ძილით, არც ვახსოვარ, არც ვუყვარვარ, არც სწუხს…

მიდის დრო, მიდის დრო, მიდის დრო!

ის ყლაპავს სიყვარულსა და სიძულვილს, სიხარულსა და მწუხარებას, გულგრილი და გულქვა, ის ერთნაირად უცქერის ავსა და კარგს დინჯად, გულდამშვიდებით კაფავს ყველაფერს და მიდის წინ, მიდის შეუჩერებლად უხმო, უსიტყვო და უკვალო, ყრუ და მუნჯი, უგრძნობი და შეუბრალებელი.

– შვილო, ჯეირან, შვილო! ჩემო ნაკვდაო შვილო! სად წადი?

ეჰ, ერთი ნეტავი დედაჩემის საფლავზე მიმიყვანა, იქიდან გადამახედა, იქიდან დამანახა გაზაფხული და ჩემი ქვეყანა! გაზაფხული, ჩვენი ქვეყნისთანა გაზაფხული იქნება სადმე ქვეყანაზე! ეჰ, იცის თუ არა ჩემმა ქვეყანამ, თუ რა ძლიერ მიყვარს, იცის თუ არა? გაიგებს თუ არა ოდესმე, ეტყვის თუ არა რაიმეს ამის შესახებ ჩემი უდროო საფლავი, ჩემი სახრჩობელა?.. სახრჩობელა!

დიახ, მე დამახრჩობენ! ამ წუთას კი ეს როდი მახსოვდა. დამახრჩობენ. რას ნიშნავს ეგ სიტყვა: და-მა-ხრჩო-ბე-ნო! ვინ დამახრჩობს, რად დამახრჩობს?.. მე დამახრჩობს, მე, სიცოცხლით სავსე ადამიანს? მე გამიყოფენ გასანთლულ ბაწარში თავს, წამიჭერენ ღვლერჭს… აი, ამას ჰქვია დახრჩობა. ამას კანონი ჩადის… არა, ეგ არ მესმის მე, ზღაპარია ეს, სიზმარია! ვინ იკისრებს ამას? მე სიცოცხლე მინდა, მე სიცოცხლეს ვთხოულობდი, მე იმათ ვებრძოდი, ვინც სიცოცხლეს არ გვანებებს, და სამაგიეროდ სიკვდილი! რა სისულელეა! აბა, ვინ გაბედავს ამას? რა სისულელეა!

სისულელეა! მიუხედავად ამისა ეს სიმართლეა, მე დამახრჩობენ. ეს სიმართლეა! მოვა მღვდელი, ჯვარით ხელში, ანაფორით მორთული, მოწყენილი სახით მოვა მღვდელი, ჯვარით ხელში. ჯვარით ხელში მოვა ის, ჯვარცმულის მოადგილე, მოვა მღვდელი და მეტყვის: მოემზადე, შვილო, ღმერთის წინაშე წასადგომადაო.

ჯვარით ხელში მოვა მღვდელი და მეტყვის ამას. და მე დამახრჩობენ.

მოვა ექიმი, მოვა ექიმი, მაჯაზე ხელს მომკიდებს, გულს გამისინჯავს და იტყვის – დამხრჩვალიაო.

დიახ, დამახრჩობენ. გასანთლული ბაწრით დამახრჩობენ მე განთიადისას. საუკუნოდ დამაძინებენ იმ დროს, როცა ყველაფერი იღვიძებს, განთიადზე დამახრჩობენ მე… მოვა მღვდელი, მოვა მღვდელი ჯვარით ხელში, ანაფორით მორთული, თმაგაშლილი და მოწყენილი სახით, ჯვარით ხელში მოვა მღვდელი. მე დამახრჩობენ. რა სისულელეა! ვინ დამახრჩობს? ვინ დაანებებს ჩემს დახრჩობას? მე ვიყვირებ, ქვეყანას გავაგებიებ რაშია საქმე, გზაში ყვირილით შევძრავ ყველაფერს, გავაღვიძებ ადამიანებს, გავაგებიებ, რომ მახრჩობენ. ღამით მომიპარეს-მეთქი, დავიძახებ მე, ყველას რომ ეძინა, იმ დროს შემოვიდნენ ჩემს ოთახში და ჩუმად წამიყვანეს-მეთქი. სატუსაღოში კარები დაკეტეს, შეიარაღებული ჯარისკაცებით შეკრეს ის სახლი, სადაც მასამართლებდნენ. ასე ჩუმად, ქურდულად, ბნელაში, როგორც ყაჩაღებმა და ავაზაკებმა გამასამართლეს და სიკვდილი მომისაჯეს და აი, ბნელშივე მახრჩობენ-მეთქი… დიახ, მე ვიყვირებ, ყველაფერს შევძრავ, ყველას ავამოძრავებ – ვინ გაბედავს დახრჩობას? ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა?

მაგრამ აკი დაახრჩვეს სხვები! აკი სამი კვირის წინეთ პავლე დაახრჩვეს, ისეთივე ახალგაზრდა, როგორც მე! განთიადზე წაიყვანეს და დაახრჩვეს, დაახრჩვეს ისე, რომ ამხანაგებთან დამშვიდობებაც არ აცალეს. კისერში წაუჭირეს გასანთლული ბაწარი და თვალები ბუდიდან გადმოაგდებინეს, ენა ძაღლივით წამოაგდებინეს… და იქ იყო მღვდელი, ჯვარით ხელში, პროკურორი, ექიმი, ჯარისკაცი და ჯალათი, – ყველა ხედავდა ადამიანის ტანჯვას, ყველა ხედავდა, როგორ უნდოდა მას ამოსუნთქვა, ხედავდნენ როგორ წრიალებდა ის, როგორ იტანჯებოდა, ხედავდნენ და თითსაც არ სძრავდნენ დასახმარებლად, ხედავდნენ და ჯალათს აჩქარებდნენ, – ჩქარა გაათავეო. რა არის ეს?.. რა არის ეს?..

დამახრჩობენ? ეს სიმართლეა, რომ მართლაც დამახრჩობენ! აბა, რად დამზოგავენ? ქვეყანაზე ორი მოპირდაპირე ძალა არსებობს, ორი მოსისხლე, დაუძინებელი მტერი: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი. ძლიერს ჰყავს ჯარი, კანონი, მღვდელი ჯვარით ხელში, პროკურორი. მე სუსტი ვარ და ამიტომ მახრჩობენ, გავძალდები – მაინც დამახრჩობენ. პირს ამიხვევენ, ხელებს უკან გამიკრავენ, გამიხსნიან გულს და შიგ გულში ჩამაფურთხებენ… პირში ბურთს ჩამჩრიან და მერე მცემენ, რომ ძახილი ჩემი ვერავინ ისმინოს. ეს იმიტომ, რომ ის გამარჯვებულია… ასეთია ნადიმი გამარჯვებულისა!.. დამახრჩობენ!..

არა, არ დავიძინებ ამაღამ. მე სიფრთხილე მმართებს, ვინ იცის, იქნებ მომეპარონ… დედა, სადა ხარ, ჩემო დედა! ამხანაგებო, მე მარტო ვარ, მარტო ვარ სიკვდილის წინაშე!.. დედა!.. არა, არ დავიძინებ ამაღამ!

“რაჲსთვის ბოროტი უყავ მსახურსა შენსა და რაჲსთვის არა ჰპოვე მადლი წინაშე შენსა და დასდევ სიმძაფრე ერისა ამის ჩემზედა.

ნუ უკუნ მე მუცლათ მყვანდა ყოველი ესე ერი, ანუ მე ვშვენ ესენი, რომ მეუბენ მე შთაისვენე ეგენი წიაღთა შენდა, ვითარცა დედამ ძუძუმწოვარი ჩვილი და შეიყვანენ ეგენი ქვეყანასა მას, რომლისათვის ვუფიცე მამათა მათთა.

“ვითარ მივცე მე ხორცი ყოველსა ამას ერსა?..

“ვერ ძალმიძს მე მარტოსა ტვირთად ერი ესე, რამეთუ მძიმე არს ჩემდა ესენ”1.

აჰ, გავტყდი ნეტავი? რად წამოვიძახე ეს სიტყვები, რად გამახსენდა ეხლა, ამ წუთში?

ეჰ, შენ, დიდო ბაღო, მწვანით მოსილო დიდო ბაღო გეთსიმანიისა! შენ, რომელსაც შეგიძლია უკვდავება მიანიჭო ადამიანს და იმის სულს, რა ძნელი ყოფილა შენს მწვანეზე მუხლის მოდრეკა მაშინ, როცა ირგვლივ ყველას სძინავს, რა ძნელი ყოფილა ღამის დუმილში ბეჯითი, ამაყი სიტყვების თქმა: “აღსრულდეს ნება შენი, მეუფეო!” რა ძნელი ყოფილა, რა ძნელი!

…არა, არ დავიძინებ ამაღამ… მე მიყვარს სიცოცხლე. ძილი კი? რა არის ძილი, ძილი სიკვდილის ნაწილია. არა, არ დავიძინებ, ვუდარაჯებ სიცოცხლეს… მე მიყვარს სიცოცხლე! ის ისეთი მშვენიერია… და არ მინდა მე სიკვდილი, არ მინდა!..

ყველას სძინავს, ყველას. არ გვძინავს მხოლოდ ჩვენ, მე, ჩემს საათს და კიდევ შემოდგომის წვიმას… ჩვენ არ გვძინავს! ქალაქში კი, გარეთ ეხლა შეყვარებულები ტკბებიან თბილ ლოგინში, ტკბილი სიზმრებით გარემოცულნი… ჩვენ არ გვძინავს მხოლოდ, ჩვენ სამს, მე, ჩემს საათს და შემოდგომის წვიმას… ჩვენ არ გვძინავს! დრო კი მიდის, დრო მიდის!… დრო მიდის!..

დილა, 5 საათი.

სტოლზე ჩამომძინებია, ამ წუთს პავლე იყო ჩემთან. ის საიდგანღაც გაჩნდა ჩემთან, გაჩერდა ჩემს წინ, ხელები გულზე დაიკრიფა, წყენა-ნარევი ღიმილით შემომხედა, რამდენიმეჯერ გააქნია თავი და სთქვა:

– ე – ე! არ მოველოდი, მართალი გითხრა, შენგან არ მოველოდი მაგას!

მე მივხვდი. ის არ მოელოდა, თუ მე ასე შემეშინდებოდა სიკვდილის. მე ხომ ერთიან კანკალი დავიწყე, გიჟივით ვიცქირებოდი გარშემო, პირუტყვულმა შიშმა შემიპყრო და, როცა ძირს ვიღაცაების ფეხის ხმა მომესმა, გადავწყვიტე, ჩემთან მოდიან-მეთქი და ლოგინის ქვეშ მინდოდა დავმალულიყავ… დიახ, დიახ, მე, ჯეირანს მინდოდა ტახტს ქვეშ შეძრომა და ჯალათისაგან თავის გადარჩენა. და თუ არ შევძვერი, ეს იმიტომ, რომ მივხვდი, დავრწმუნდი, უაზრო იყო, რომ არას გზით დამალვა არ შემეძლო. დიახ, მხოლოდ ამიტომ არ შევძვერი. თორემ მე, ჯეირან ვარდოსანიძეს, კი არ შემრცხვენია ამის, კი არ მიფიქრია, რომ ეს არ შეშვენოდა მებრძოლს. არა, მე მივხვდი მხოლოდ, რომ ამით თავს ვერ გადავირჩენდი, და თავის გადარჩენა კი მინდოდა, მინდოდა აუცილებლად რით, რით გადამერჩინა თავი? არც კარების გადაკეტვა იყო შესაძლებელი, ის გარედან იკეტება და გასაღებიც იმათ ხელშია, როცა უნდათ მაშინ შემოვლენ… როცა უნდათ მაშინ წამიყვანენ… რაც უნდათ, იმას ჩაიდენენ. და როცა ყოველივე ეს ნათლად წარმოვიდგინე, როცა დავრწმუნდი, რომ არაფერი, არაფერი არ მიშველიდა, მე შეშლილივით გავიცინე, შეშლილივით დავიწყე სირბილი… არ მახსოვს და არც მინდა მოვიგონო მეტი… დაღლილს, დაქანცულს ჩამომძინებოდა და აი, პავლე მესტუმრა.

– არ მოველოდი, მართალი გითხრა, შენგან არ მოველოდი მაგას! – და მან კიდევ დააქნია თავი, წყენა-ნარევი ღიმილით შემომხედა, გულზე ხელდაკრეფილი გაჩერდა და ამოიოხრა…

მე მინდოდა მეთქვა რამ, მეპასუხა, მაგრამ გამომეღვიძა…

მაგრამ რა უნდა მეთქვა შენთვის, ამხანაგო პავლე! მე პირუტყვს განა მეთქმის რამ? მებრძოლს მეძახდნენ, ამაყს, უშიშარს და ტახტს ქვეშ მინდოდა დამალვა!… არა, რა უნდა მეთქვა, რა პირით უნდა შემეხედა შენთვის, ამხანაგო პავლე!.. ვაი, სირცხვილო! სირცხვილო! რა ტყუილად ვატყუებდი თურმე თავსა და სხვებს. ვაი, სირცხვილო!

ჰმ! ვინ იცის, ხვალ და ზეგ ეგების უფრო დავეცე სულით და მტერი ვასიამოვნო. ხვალ და ზეგ ეგების უფრო ვუღალატო მებრძოლთა ფიცს – ვერ გვნახოს მტერმა ძაბუნად! ეგების განგებ უნდათ რამდენიმე დღეს კიდევ ვიცოცხლო, რომ იხილონ ჩემი ათრთოლებული ბაგე, პირუტყვული შიში!.. ვინ იცის… ვინ იცის!

თენდება. სინათლე მატულობს ჩემს გალიაში. და სინათლესთან ერთად მატულობს ჩემი სირცხვილიც… ნუთუ მართლა მე ვიყავი ის? მე მივძვრებოდი ტახტს ქვეშ? მე ვკანკალებდი ისე? ეს მე, ჯეირან ვარდოსანიძეს, მინდოდა დავცემულიყავ მუხლებზე და სიცოცხლე მეთხოვა? მე მინდოდა ეს?… დიახ, მე მინდოდა… მე მინდოდა! სირცხვილო! სირცხვილო!

შუადღე

…რა იქნება ვითომ? შევდგები ფანჯარაზე და ჯარისკაცებს გავაჯავრებ. გამაფრთხილებს, კიდევ მეტს ვეტყვი, გავუწევ აგიტაციას, ერთს ძველებურად გადავძახებ და.. ბაც! გავარდება თოფი და… იყო კაცი, რომელიც ტახტსქვეშ აპირებდა დამალოდა სიკვდილს და აღარ არის კაცი. ჯალათის ხელით სიკვდილს ასეთი სიკვდილი არ სჯობია? სილაჩრე იქნება ვითომ ეს ჩემი მხრით! აჰ! რა იქნება ვითომ? მივდგები სარკმელზე და რამდენიმე წუთის შემდეგ აღარ ვიქნები… მოდი, ვცდი, ვსინჯავ. იქნებ არც მომკლას, იქნებ დამჭრას, იქნებ სრულიადაც არ მესროლოს, ვინ იცის… ის ჯარისკაცი ეგების გულში ჩვენი მომხრე იყოს და განგებ ამაცილოს ტყვია, მოდი, რა იქნება ერთი, ვცდი… У горя было три ключа. У горя было три ключа… მწუხარებას ჰქონდა სამი გასაღები… პირველი იყო სიკვდილი, მეორე იყო სიკვდილი, მესამე იყო სიკვდილი. У горя было три ключа. რა მშვენიერი ლექსია, რა მწყენია, რომ ამის მეტი არ მახსოვს. У горя было три ключа… ვცადო?!.

…………….

ფუ! კინაღამ გავბრიყვდი! რით გაირჩევა ეს ტახტს ქვეშ შეძრომსაგან, ჩემი ხელით მოვიკლა თავი? განა მე მსურს სიკვდილი? მე მსურს სიკვდილი? მე სიცოცხლე მინდა… ჩემი სისხლი სწყურია კანონს, ეს იმას უნდა გამომგუდოს, ენა ძაღლივით გადმომაგდებინოს, თვალები ბუდიდან გადმომიყაროს და კბილებდახჭენილი, საშიშარი, საზიზღარი სახით გამგზავნოს საიქიოს, რომ ღმერთს, თავის ღმერთს უთხრას, აი, რა მხატვარი გახლავარ, აი, რანაირ სახის ადამიანებს ვქმნიო… და დაე, თვითონ მან ჩაიდინოს თავის საქმე, დალიოს ჩემი სისხლი, დალიოს და დატკბეს. როგორ არის ის? წინასწარმეტყველ იეზეკიილს აქვს ერთი ალაგი, ერთი გავიხსენო… “და გავიარე მე შენს გვერდით, და გიხილე შენ სისხლში, და გითხარ შენ – შენ სისხლში ცოცხლობდე. ასე გითხარ შენ – შენ სისხლში ცოცხლობდე”… მგონია ასეა, არ მახსოვს კარგად… იცოცხლე სისხლში, ღვარე სისხლი და მიირთვი ის! იყავი ჯალათი, რომ უფრო გაგიცნონ, მოიპარე ადამიანები, ჩუმად, მალულად გაასამართლე ისინი და დახოცე… დახოცე, სანამ მოერიო მათ!.. იბანავე სისხლში… მოდი, რაღა, მომკალ!

5 საათი.

სასეირნოდ ვიყავ. ყველაზე მეტად ვხტუნაობდი და ვოხუნჯობდი. დღეს განგებ გამოვამზეურე მთელი ჩემი სისწრაფე და ოხუნჯობით ხომ ყველანი გავაჯავრე. გაკვირვებული აღტაცებით მიცქეროდნენ ამხანაგები, ერთი-მეორეს თვალებით უამბობდნენ ჩემს დაუდევრობას, ჩემს გულის სიმაგრეს სიკვდილის წინაშე. ერთი სიტყვით, გმირი ვიყავი. მხოლოდ შენ იცი, ჩემო გადია, თუ რა გმირი ვარ მე, შენ იცი, რომ მე წუხელის ტახტს ქვეშ ვემალებოდი სიკვდილს… ამხანაგებმა კი ეს არ იციან. ვუამბე თითქოს კიდეც და სიცილი დაიწყეს, ესეც ოხუნჯობა ეგონათ. რა თქმა უნდა, არც ისე დაბეჯითებით მიამბნია, რომ დარწმუნებულიყვნენ, ცოდვა გამოტეხილი სჯობია. მაგრამ რად არ დაეჭვდნენ – ეგების მართალიაო?

მაინც დღეს თითქოს გამოვიცვალე. დღეს მე გარკვევით გავარჩიე ჩემში ორი ადამიანი, ორი სულიერი. ერთი შეყვარებულია მეორეზე და ეალერსება, ეთამაშება. როცა, მაგალითად, მე დღეს ერთი საჟენის სიმაღლეზე გადავხტი, მე ნათლად ვგრძნობდი, რომ “ის”, მეორე იქვე იდგა და მეუბნებოდა: აი, ყოჩაღ, ყოჩაღ! აი, აგრე უნდა!.. როცა მე მოსწრებულ სიტყვას ვიტყოდი და სხვები გულიანად ხარხარებდნენ, “ისიც” იცინოდა და მიწონებდა. დღემდის კი ეს არ მიგრძვნია. ჩემდა შეუმჩნევლად შემოიპარა ის ჩემს გულში და, როცა ტახტზე გულაღმა ვიწექ, ალერსი დამიწყო.

როცა ძილი მომეპარა და თვლემა დავიწყე, მან თვალებზე გადამისვა ხელი, ნანინა მიმღერა, და როცა დამეძინა, მე, როგორც ნამტირალევსა და დამწუხრებულ ბავშვს, რომელსაც თავი უსამართლოდ შეურაცხყოფილად მიაჩნია, ძილშიაც მესმოდა:

– დამშვიდდი, დაიძინე, ყვავილო! ჩემო მინდვრის იავ, შენ პოეტები გეარშიყებიან… დილის ცვარო, პირი დაბანე ქვეყნიერებას! გაზაფხულის მერცხალო, იჭიკჭიკე!.. ადი, ადი სახრჩობელაზე, დაენახე ქვეყანას… ყვავილო მოწყვეტილო, დაფიქრდებიან, შენ რომ დამჭკნარს გიხილვენ…

და ის მღეროდა. ალერსიანი ტკბილი ხმით მღეროდა ჩემს საყვარელ ლექსს, ჩემს საყვარელ სიმღერას:

“ბევრჯერ შიმშილს და წყურვილსა

ძაღლივით ავუღრენივარ,

მაგრამ იმავ დროს სხვა ძალას

მე მაღლა აუფრენივარ”.

– გაგონდება? – მეკითხებოდა ის და მეალერსებოდა, – გაგონდება? ამას შენ მღეროდი ყოველთვის, როცა ხიფათი რამ გელოდა. ამას მღეროდი მაშინაც, როცა ხიფათს გადარჩენილი იყავი, ამას მღეროდი ყოველთვის, როცა კარგ ხასიათზე იყავი, ეს შენთვის დასწერა შენმა საყვარელმა პოეტმა. აბა დამიგდე ყური. – და ის მღეროდა:

“სიტყვები სასაყვედურო,

სათქმელად მომზადებული,

უკუქცეულა, გამქრალა,

გადამწმენდია რა გული!”

– გესმის? ხომ გესმის? დამშვიდდი, დატკბი, იძინე, ყვავილო! შენ პოეტები გეარშიყებიან, შენ გულის ფიქრებს მშვენიერი ქალები ამღერებენ ჩონგურზე, შენ საყვარელ ჩონგურზე, აბა დაუგდე ყური? – და ის მღეროდა:

“და მითქვამს: თუ რომ უმსხვერპლოთ

ვერ გაიხარებს ქვეყანა,

ღმერთო, მიმიღე ზვარაკათ,

გულში დამერჭოს მე დანა”.

– აი, გესმის, რა მშვენიერია! აკი გითხარ, პოეტები გეარშიყებიან-მეთქი. ჩემო მინდვრის იავ, მოწყვეტილო ყვავილო, შენ რომ დამჭკნარს გიხილვენ, დაფიქრდებიან… იძინე, გამაგრდი, დამშვიდდი. – და ის მღეროდა ჩემს საყვარელ სიმღერას, მინანინავებდა, მამშვიდებდა:

“და მით აღსრულდეს ანდერძი,

გადმონაცემი ძველთაგან,

იხსენ, უფალო, ჩემ გამო

ქვეყანა განსაცდელთაგან”.1

მშვენიერ ხასიათზე ავდექი. სიცილი მინდა, ოხუნჯობა, თამაში.

– სპირიდონ! სპირიდონ!

– მესმის.

– აღდგომას ერთად წავიდეთ ეკლესიაზე.

სპირიდონი არ იძლევა პასუხს.

– სპირიდონ!

– მესმის.

– თანახმა ხარ თუ არა? აღდგომას ერთად წავიდეთ ეკლესიაზე!

– რა თქმა უნდა, – მოკლედ იძლევა პასუხს სპირიდონი.

– სპირიდონ!

– მესმის.

– როცა დამახრჩობენ, ჩემი შესანდობარი დალიე, ცოდვილი კაცი ვარ, გესმის?

– კარგია ერთი, ჯეირან!..

– არა, რა სასაცილო იქნება, ბიჭო, როცა ღმერთის წინაშე წავდგები ენა-წამოგდებული, კბილებ-დახჭენილი, თვალებ-გადმოცვენილი, “მურავიოვის გალსტუხით” კისერში, მე გამოვიჯგიმები იმის წინაშე და ვეტყვი: მაქვს პატივი უღირსსა მონასა შენსა მოგახსენო, მეუფეო, რომ როცა ვირთვებოდი ამრიგად, თუმც მე არ მომწონდა მორთულობა ჩემი, მაგრამ იქვე მდგომარე სულიერი მამა ჩვენი, მღვდელი ჯვარით ხელში, კანონი, რომლის მორჩილება გვიბრძანე შენ მონათა შენთა, შენ მიერ შექმნილი და მოვლინებული მთავრობა და ეკლესია იქვე იდგნენ, მაგრამ არც ერთს მათგანს შენიშვნა არ შემოუტანიათ და ასე ამრიგად გამომიძახეს წინაშე შენსა-მეთქი… როგორ ფიქრობ, იქაც ხომ არ გადამიწყვეტენ ჩამოხრჩობას, თუ იცი… კადნიერებად ხომ არ ჩამითვლიან ამ სიტყვებს? რას იტყვი, სპირიდონ, “ჟენიხივით” ვიქნები ხომ გამოწყობილი?

– ეჰ, სასტიკი კაცი ხარ შენ, ჯეირან, სასტიკი! დაანებე თავი, აგერ ნახავ, რომ არ დაგახრჩობენ…

ეს ორი დღეა სპირიდონი ხუმრობის ხასიათზე არ არის.

– სპირიდონ! ა-ა, სპირიდონ!

– მესმის.

– რავა ინდოურივით ჩამოგიშვია ცხვირი! შენს უთვალავ საცოლოებში რომელიმე ხომ არ გაგითხოვდა? რამ მოგაწყინა?

დარაჯი ჩამოერია. არამც და არამც არ მანებებს ლაპარაკს ეს ოჯახქორი.

7 საათი.

მართალი ვთქვა, როგორც ეხლა ვხედავ, ასეთი ბოლო ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი. მე რომ აგრე გავათავებდი სიცოცხლეს, წინეთაც უნდა მცოდნოდა, წინეთ უნდა მეგრძნო ეს… რა იყო აბა ის, რომ როცა სიკვდილით სასჯელის შესახებ გავიგებდი, ყოველთვის რაღაც გამოურკვეველი ფიქრები შემიპყრობდა, თითქოს მეშინოდა რისიმე. თითქოს მე მეხებოდა ის. ნუთუ ეს იყო წინათ გრძნობა, რად მგონია, რომ მთელი ჩემი არსება დიდიხნიდან ემზადებოდა ამ დღისთვის და ყველაფერი ეს, რაც მოხდა და მოხდება დღეს თუ ხვალ, ასე მგონია სიზმარში მენახოს, თავიდან ბოლომდე გამომეცადოს.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ვერ გამოვრკვეულვარ. მე ჯანმრთელი ვარ, სხეულის არც ერთი ნაწილი ჩემში არ არის შერყეული, ყველა ორგანო ნათლად და სწორად ასრულებს თავის დანიშნულებას. თავი მუშაობს ისე, როგორც არაოდეს, გული კვლავ განაგრძობს სიყვარულსა და სიძულვილს. არც ერთი ყვავილი არ დამჭკნარა იქ, ყველაფერი ცოცხლობს და ჰყვავის. სურს იცოცხლოს, და თუმცა ვიცი რომ მომკლავენ, მაინც ვერ გამიგია, ვერ შევრიგებივარ იმ აზრს, რომ ყოველივე ეს ერთ დილას უნდა შეწყდეს, ეს საათივით აწყობილი მექანიზმი უნდა სამუდამოდ შედგეს, შენობა უნდა დაინგრეს. შიშია ეს? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ამას ვერაოდეს, ვერაოდეს ვერ შეურიგდება ჩემი გონება. ეს აზრი ისეთი ველურია, გაუგებარია. შორიდან უბრალო რამ მეგონა სიკვდილი, მაგრამ რამდენადაც პირისპირ ვუდგები მას, რამდენადაც ვუახლოვდები და ვგრძნობ მის ცივ ქშენას, იმდენად ვრწმუნდები, რომ ის ზედმიწევნით რთული რამ ყოფილა, უფრო რთული, ვიდრე თვით სიცოცხლე, მისი მრავალფეროვნობითა და სხვადასხვაობით. საკმაოა მხოლოდ წარმოიდგინო მიცვალებულის სახე, სახე, რომელზედაც არც სიყვარული სწერია, არც სიძულვილი, არც სიხარული, არც ტკივილი, არაფერი არ სწერია, საკმაოა წარმოიდგინო ყოველივე ეს, რომ ამაში დარწმუნდე… კაცი – მოქალაქე, მებრძოლი, პარტიული კაცი, ხარ ხან მოცინარი, ხან აღელვებული და მიცვალებული, რომელზედაც არაფერი, არაფერი არა სჩანს, არაფერი არ აწერია სახეზე, არაფერზე გული აღარ შესტკივა… სად გაჰქრა, სად წავიდა, რა იქნა ყველაფერი ეს? რა არის ეს, ჩვენ წინ რომ დევს, რომელიც ჰგავს იმას, ვისაც ჩვენ ვიცნობდით და ის კი არ არის, არც სხვა ვინმე? ის მიცვალებულია მხოლოდ… საიდუმლოებით მოცული, მიცვალებული!.. და გიკვირს, არ გჯერა, რომ შენც ამას უნდა დაემსგავსო… არა, ამას ვერაოდეს, ვერაოდეს ვერ შემარიგებს მე ვერავინ, ეს ველური აზრია ჩემთვის…

ბედს კი არ ვემდური, განა! ის კი არა, ხელახლა თავიდან რომ დავიწყო სიცოცხლე ისე, რომ ყოველივე ეს მახსოვდეს, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ისევ აქ მოვალ. არა, ბედს არ ვემდური. მე ვიცოცხლე ისე, როგორც მე მინდოდა და მესმოდა სიცოცხლე. თუ ვინმე დამტკბარა სიცოცხლით, მეც ერთი იმათგანი ვარ, თუ ვინმეს გამოუცდია შვება და სიხარული, მეც გამომიცდია. ჩემი სიყვარულიც სრული იყო და სიძულვილიც, რწმენაცა და უარისყოფაც. აბა ერთი ის რად ღირს, რომ მე ვიცი – ჩემი საშუალებით ბევრი, ბევრი თავი ამუშავებულა, ბევრი დაფიქრებულა! განა მე არ ვიყავი ბედნიერი, რომლის გატაცებულ სიტყვებზე იმდენს ანთებია თვალები და გულში ბრძოლის ცეცხლი აგზნებია, სისხლი ამუშავებია, ასჩქარებია! მე ერთი იმ ბედნიერთაგანი გახლავარ, რომელსაც მიმიღია რწმენა, ატოკებული, გატაცებული შემითვისებია ის და შემდეგ სხვებისთვისაც გადამიცია ის და ამნაირად მეც გადამიბამს ახალი რგოლები იმ დიდი და მჭიდრო ჯაჭვისათვის, რომელსაც მუშათა პარტია ეწოდება, მუშათა მებრძოლი არმია! მე, რომელსაც ისეთ ჯანსაღ, ისეთ მომავალ ბედნიერების მატარებელ წრეში მიმუშავია და მისი სიყვარული მინახავს, განა მე არ ვარ ბედნიერი? არა, ბედს არ ვემდური, ასეთ ცილს ვერ დავწამებ მას, ასეთი უმადური მე არ შემიძლია ვიყო… მაგრამ სიკვდილი… სიკვდილი ახირებული რამ არის, ის სულ სხვა ყოფილა, სულ სხვა ხრიკი… მივედი თუ არა იმის კარებთან, მივადექი თუ არა მკერდით მას, სანამ კარს გავაღებდი, დავფიქრდი, დავფიქრდი და გამოდგა, რომ ის რაღაც მეტი ყოფილა იმაზე, რაც მეგონა… შიშია ეს? რა ვიცი. შეიძლება შიშია, შეიძლება არ არის შიში… წუხელწინ ღამით კი, ოჰ წუხელწინ ღამით არა თუ მეშინოდა, არამედ პირუტყვი ვიყავ, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. ისე ვკრთოდი, როგორც დასაკლავი ძროხა… მე, რომელიც სასიკვდილო საქმეებზე წავსულვარ ისე, რომ წარბიც არ შემიხრია, ბარიკადზე ვმდგარვარ, როცა მას ტყვიას უშენდნენ, რომელსაც გვერდში მომიკლეს ამხანაგი და არ მიგრძვნია შიში, აი, მე როცა დავრწმუნდი, რომ მართლა მომკლავდნენ, როგორც დასაკლავი ძროხა ავკანკალდი… სიკვდილის წინაშე უკან დავიხიე და… რაღა ბევრი გავაგრძელო, გავტყდი.

მაგონდება ერთი ოხერი საღამო, ხუთი თანშეზრდილი და შესისხლხორცებული ამხანაგი, ერთი სახიფათო საქმის სისრულეში მოსაყვანად, ჩავსხედით ნავში, რომ ღამის კალთებს ქვეშ უფრო ადვილად აგვეცილებია მოსალოდნელი ხიფათი. ჩვენ მოველოდით თავდასხმას, სროლას, ერთი სიტყვით, სიკვდილს მოველოდით. მაგრამ მტერი სულ სხვა მხრიდან დაგვეცა თავზე: შევცურეთ თუ არა ზღვაში, ამინდი შეიცვალა, ამოიჭრა ძლიერი ქარი, ზღვა აღელდა და ჩვენი ნავი ნაფოტივით გაისროლა წინ, ზღვის უსაზღვრო სივრცისკენ… ვისხედით ნავში, ანუ უკეთ ვთქვა, ვეყარენით ძირში და ველოდით აუცილებელ სიკვდილს. ზღვა კი გიჟური ხარხარით ხტოდა და თამაშობდა, ტორტმანით სცემდა ნავს, სწევდა ხან აღმა, ხან დაღმა, როგორც კატა თაგვს ათამაშებს, და მას თითქო სურდა დიდხანს ვეწვალებიეთ, უფრო დიდხანს ვეტანჯეთ, უფრო დიდხანს დამტკბარიყო ჩვენი შეშინებული სახის ცქერით… არ ვიცი, სასწაულმა გადაგვარჩინა თუ რამ, მაგრამ როცა ჩვენ იმ ღამეს მხიარული, გუზგუზა ცეცხლის წინ ვისხედით და თავიანთ შთაბეჭდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს, ერთმა ჩვენგანმა იკითხა:

– გახსოვს თუ არა ჩემი კითხვა: ცურვა ვინ იცისო? – და როცა მიიღო პასუხი, რომ გვახსოვდა, განაგრძო: – აი, როცა მე გავიგე, რომ დათიკოსა და შენ, – მან ჩემკენ გამოიხედა, – ცურვა არ გცოდნოდათ, იმ წუთსავე გადავჯექი მეორე მხრით, რომ ზღვაში ჩაცვენის დროს, რომელიმე თქვენგანს ჩემთვის ხელი არ შეეშალა და მეც თქვენთან ერთად არ დავმხრჩვალიყავი… ცურვა უკანასკნელი იმედი იყო ჩემი. ხოლო თავი კი ისე მიყვარდა იმ დროს, რომ არავისი დარდი არ მქონდა, ოღონდ გადავრჩენილიყავი…

აი, ასეთია სიკვდილი, ეს შავი და რთული მოვლენა.

მაგრამ კმარა ამაზეც. მე მინდა გავერთო ცოტათი, ცოტა უკან მივიხედო, იქ, გარეთ ვის სცალია მოსაგონებლად, ვის ახსოვს წარსული, როცა დღიური ხელჩართული ბრძოლაა გაჩაღებული, როცა ხვალინდელ დღეზე ფიქრი ნთქავს ყველაფერს. აქ კი სხვაა, აქ წარსულში ვხედავ რაღაცას, ხვალინდელ დღეს კი – სახრჩობელას, ამაზე ფიქრი კი არ მინდა. აი, ჩემს წინ დგება შორეული წარსული. თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ვიქნებოდი მგონი. მაგონდება №-ის ბულვარი, როცა ერთ გირვანქა ახალგამომცხვარ პურს ვიყიდდით და განგებ, დემონსტრატიულად, პურით ხელში ჩავისეირნებდით მოარშიყე ქალ-ვაჟთა წინაშე, რომ ამით დაგვემტკიცებინა ჩვენი საზოგადოებრივი ზრდილობის გარეშე ყოფნა… ერთხელ, ღამის ორ საათზე მე და ერთმა ამხანაგმა პროკლამაციები მოვაპნიეთ ქალაქში და ერთი ბ-ნ პოლიცმეისტერსაც აუწებეთ კარებზე. ეი, ეი, რა მეშინოდა მაშინ – ეს პირველი დანაშაული იყო ჩემი კანონის წინაშე. და იმ ღამეს მე მესიზმრა ჟანდარმი. მოვიდა ის ჩემთან, ამოიღო ჯიბიდან პროკლამაცია და მითხრა: – აი, აი, აი, ახალგაზრდა კაცო, რას სჩადიხარ შენ ამას? იცი, რა მოგელის ამისათვის? იცი, რა სწერია ამაში? – და მან წამიკითხა პროკლამაცია, კითხულობდა და სადაც “მაგარი” სიტყვები ეწერა, შეჩერდებოდა და დააქნევდა თავს და მეტყოდა: – აი, აი, ამას რას სჩადიხარ? იცი, რა მოგელის ამისთვის? – და ჟანდარმის თვალებში ცრემლიც დავინახე. როცა დილას ეს ვუამბე ამხანაგებს, მახსოვს, როგორ დამაყარეს სიცილი და მეც როგორ ვიცინოდი, ეს კი მაინც ფაქტია, მე ჟანდარმის თვალებში ცრემლი დავინახე… სიზმარში, მართალია, მაგრამ სხვებს არც სიზმარში მოლანდებიათ ასეთი სასწაული.

აი, თითქოს გუშინ იყო ეს! მოდის, მოიჯგიმება რაინდი უებრო და უშიშარი, ჩვენი პაწია ჩუდაკ ივანიჩი.

– მოდი, კაცო, მეჭიდავე და თუ წაგაქციო, რას მერჩი, ძმავ! – მეუბნება ის და დოინჯ-შემოყრილი დგას, მელოდება. ფეხებ-გაშლილი, ის იცქირება იქით-აქეთ, დინჯად, ამაყად მელოდება. ერთი სიტყვით, არ ხუმრობს ეს ციდა-მტკაველა კაცი.

მეც ვემზადები. გავდივარ წინ და იმართება ჭიდაობა. დიდი წვალების და ბრძოლის შემდეგ ჩუდაკ ივანიჩი წაიქცა, მაგრამ როდი მეშვება, ეხლა წაქცეულს სურს გადამიბრუნდეს, ზევიდან მომექცეს, თუ ეს არ ქნა, მოიჯაყა ჩვენი განთქმული ფალავანი, საცოლო ბიჭი, ჩუდაკ ივანიჩი, სადღა გააჭყიტოს თვალი? და, ბოლოს, მართლაც მიაღწია საწადელს, დამაჯდა გულზე და გადაიძახა:

– აჰა, რა გეგონა აბა შენ, ყაძახო! აბა, რა გეგონა! – და აწითლებული ლოყებით, აჩქარებული სუნთქვით, ის იწყებს ჩემ მიერ მისთვის გადაკეთებულ ლექსს:

“მოვა დრო, გავიზრდები,

მკლავი გამიმაგრდება,

შენისთანა ბებრები

ვეღარ დამიმაგრდება”.

სად არის ეხლა ის, ჩემი მეგობარი ჩუდაკ ივანიჩი, ახსოვს თუ არა ჯეირანი და მასთან ჭიდაობა? ეჰ, დროვ, დროვ, რა ჩქარი ნაბიჯით გასწიე წინ, გადალახე მთა და ბარი, გადალახე, ახალგაზრდობა, სიყვარული, გატაცება და აქ, სახრჩობელას წინაშე მოიკეცე ფეხი…

რად ამოძვრა გულიდან ის გრძნობა, რად ამოძვრა რომ არ ვეხვეწები! Как хороши, как свежи были розы!… სად არის ეხლა ნეტავი ის ეგრეთწოდებული “მაქციერა”? გათხოვდა თუ არა? რად არ მავიწყდება? მე და ის ხომ ერთმანეთთან გაცნობილიც არ ვყოფილვართ, ერთხელაც კი არ გავლაპარაკებივარ მას! ხშირად ვხედავდით მე და ის ერთმანეთს მხოლოდ ბულვარში. მას უყვარდა ბევრ ქალიშვილებში ყოფნა. ყელ-მოღერებული, ცოცხალი, შავი თვალებით, ის მუდამ მხიარული იყო მეგონა, მუდამ ჰქროდა იმის სახეზე ღიმილი. დავინახავდი თუ არა მას, მის შორი-ახლო მიყვარდა სეირნობა, მისი ცქერა. და მიხაროდა, რომ არც ერთხელ იმასთან მოარშიყე ახალგაზრდა არ დამინახავს… ჩვენ შევამჩნიეთ ერთმანეთი. ჩავუარდი ახლოს, თითქოს სულ სხვაზე ვფიქრობდი, გული კი უფრო მიძგერდა, უფრო სცემდა. და მე მწამდა, რომ ისიც ამასვე გრძნობდა. ერთხელ საბუთი ჩავიგდე ხელში. როცა თეატრში შემთხვევით მის ახლო მომიწია ყოფნა, მე დავიჭირე მისი შემოხედვა, დავიჭირე და გული ისე აფრთხიალდა, როგორც ძუაში გაბმული ჩიტი. შევხედე მას იმ დროს, როცა თურმე ისიც მიცქერდა და სახეზე წითელი ალმური გადაეკრა… აი, ეხლაც ვხედავ იმ სახეს, ეხლაც მესმის ჩემი გულის ძგერა… რად, რად არ მივედი იმასთან, რად არ მივედი იმ წუთსავე და არ ვუთხარი: ზურგი აქციე საზოგადოებას და იმის ჩვეულებას… გამოტყდი. დაიდე გულზე ხელი და მითხარი: მოგწონვარ, თუ არა?

მაგრამ მეორეჯერ შეხედვაც ვერ გავბედე, მხოლოდ ჩუმად, შეუმჩნევლად ჩავისვი მისი სურათი გულში, დავარქვი მას “მაქციერა” და როცა სოფელში წავედი ციების თავიდან ასაშორებლად, ათრთოლებული ხელით დავწერე ლექსი, ვუძღვენი მას და იქვე შევინახე, სადაც ის… სად არის ეხლა ის? გათხოვდა ნეტავი?.. რა თქმა უნდა, გათხოვდებოდა და სრულიადაც არ ახსოვს, ალბათ, რომ ერთხელ მას შევხედე იმ დროს, როცა ის მიცქერდა და ისე შერცხვა ამ “დანაშაულის”, რომ მაისის ვარდივით გაწითლდა… ეჰ, მიდის, ჩემო მაქციერა, დრო, მიდის დრო… მიდის დრო… გულგრილი და გულქვაა ის, მისი კუჭი ყოველივეს ნთქავს და ინელებს სიყვარულსა და სიძულვილს, აღმაფრენასა და გატაცებას, ახალგაზრდობასა და იმის სიზმრებს… ნთქავს, ყლაპავს, ინელებს ყოველივეს და მიდის, მიდის წინ, მას ვერც შავი თვალები დააინტერესებს, ვერც მოღერებული ყელი, ვერც ქარის მიერ ათამაშებული, ოქრონარევი თმა, ეშხიანად გადმოყრილი ლამაზ სახეზე, მისი გული არ ძგერს სიყვარულით და ცივია მისი სისხლი…

ის მიდის, ის მიდის, ის მიდის! და არ იცის მან ვის ვინ უყვარდა, ვინ ვისთვის იტანჯებოდა, ვინ ვისკენ ილტვოდა, არაფერი არ იცის მან და, რაც ყველაზე უარესია, არც სურს იცოდეს!.. ოდნავადაც არ სურს იცოდეს… ის ჯალათია!..

მაგრამ მე მსურს ვიცოდე, მე ყველაფერი მაინტერესებს, ყველაფერი სიცოცხლისკენ მიტაცებს, იქით მწევს. მახსოვს ერთი ლექსის ერთი ნაწყვეტი:

“Что бьется за стеною,

Не все ли мне равно?

Только смерти лишь открою

Потайное окно!”

აი სისულელე და სიცრუე! რა უნდა დაანახო სიკვდილს, როცა ის ბრმაა, რა უნდა უთხრა მას, როცა ის ყრუა, რა პასუხს მოგცემს, როცა ის მუნჯია და რას მიხვდება, როცა ის უგრძნობოა? რა უნდა უთხრა მას, როცა ის სიკვდილია! არა, სიცოცხლეს, სიცოცხლეს სალამი, სიცოცხლეს გაუმარჯოს, მან გაიგოს ყველაფერი, მან შეაღოს საიდუმლო კარები, მან ჩაიხედოს გულში და მან განსაჯოს ყოველივე! ცოცხლებმა სიცოცხლისაკენ! სიცოცხლისაკენ გასწიოს ყველამ, ის გაამდიდრეთ, ის შეამკეთ, ის შეაყვარეთ ყველას! დეე, ნუ დაამძიმებს ის ნურვის, დეე, ნუ იხილავს ის ცრემლებს ცოცხალთა! ცოცხლებმა სიცოცხლისაკენ! იქ ყველაფერი კარგი უნდა იყოს, ის უნდა მოეწყოს, მოწესრიგდეს!.. მაშ ასწიეთ, მაღლა ასწიეთ დროშა სიცოცხლისა და ბრძოლა სიკვდილს! ასწით მაღლა დროშა სიცოცხლისა და სიკვდილი სიკვდილს! ცოცხლებმა სიცოცხლისაკენ, ამხანაგებო, დაუტოვეთ სიკვდილი მკვდართ!.. ასწით, მაღლა ასწით ზარი სიცოცხლისაკენ მომწვევი და მედგრად, უშიშრად შემოჰკარით მას, შემოჰკარით მას, რომ ყველამ ისმინოს, ყველამ გაიგოს, ყველამ იქით ჰქნას პირი! ცოცხლებმა სიცოცხლისაკენ და ბრძოლა სიკვდილს!..

ღმერთო! რა მიხარია! რა სიხარულსა და აღტაცებას ვგრძნობ, მთელი არსება ნეტარებას განიცდის. ეხლა სად არის ჩემი პროკურორი, აბა ერთი ნახოს – დამძლია თუ არა! აბა ერთი ჩამოიხედოს ჩემს გულში! აბა ერთი ჩამოიხედოს და დაინახავს, თუ რა დარცხვენით მიიპარება მის მიერ შექმნილი ცილისწამება ჩვენს შესახებ, მისი კანონი, რომლითაც ის სახრჩობელაზე მგზავნის! მხოლოდ… მხოლოდ გუშინწინ… გუშინწინ მე ვკანკალებდი, გუშინწინ ბევრს, ბევრს შევნატრე, ბევრი დარიგება გუშინწინ დამიჯდა გუნებაში… გუშინწინ…

– ჩვენ არავინ ჩამოგვახრჩობს, – მესმოდა მე გუშინ წინ, – ათასი მეხი რომ გავარდეს, ჩვენ არ დაგვეცემა… ხი, ხი, ხი!.. არ დაგვეცემა იმიტომ, რომ ჩვენ დაბალი ვართ, ხი, ხი, ხი! მეხი კი… მეხი კი მაღალ საგნებს ეტანება… ხი, ხი, ხი! ჩვენ არავინ დაგვახრჩობს! და მხიარული, ბედნიერი, კმაყოფილი ხალხი განაგრძობდა ტრიალს ჩემს წინაშე, განაგრძობდა თავის ბედის ქებას, მესმოდა მე ის გუშინწინ და, ღმერთო მაღალო, მესმოდა ეს და… მთელ ღამეს, როცა სიკვდილის წინაშე ვკრთოდი და ვკანკალებდი, მე ამაოდ ვცდილობდი ძვირფასი სურათების აღდგენას გონებაში სულის სიმდაბლესთან საბრძოლველად, მათ მაგიერ მაძღარი, ბედით კმაყოფილი, ჭკუიანი ხალხი მოდიოდა, მწყობრად, რიგ-რიგად, მოდიოდნენ ისინი, მაგონებდნენ ძველ დარიგებას, გაფრთხილებას და მიდიოდნენ.

– აკი გეუბნებოდით, – მესმოდა მე, – აკი გაფრთხილებდით!… მე შენ სიძედ მინდოდი, ფულებს მოგცემდი, ლამაზ ქალიშვილს… რად წაიხდინე თავი… ვინ დაგიკავებდა შენ ადგილს და ჯამაგირს… ეხლა კი შენ თავს დააბრალე ყოველივე, შენ თავს დაემდურე, – და ამ სიტყვებით მიდიოდნენ ისინი, ჭკუა-დამჯდარი, გამოცდილი, ბედით კმაყოფილი ადამიანები – ქალები და კაცები, ცოლები და ქმრები, გასათხოვარნი და საცოლონი. და სახეზე გარკვევით, ნათლად ეწერათ: მადლობა ღმერთს, ჩვენ არავინ დაგვახრჩობს, ათასჯერ რომ იჭექოს მეხმა, ჩვენ არა გვიშავს რა, იმიტომ რომ ჩვენ ჭკუიანები ვართ, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა თამაში, ვიცით ცხოვრების ხვრელები და დავძვრებით, მადლობა ღმერთს, დავძვრებით ისე, რომ ფეხს არ წავიტეხთ, არაფერი დაგვიშავდება.

– მოიტანეთ ხომ ჩემზე იერიში? მნახეთ განა ძაბუნად?.. ძალიან კარგი, ეხლა მე მოვდივარ თქვენზე და დამაგრდით, ეხლა ილაშქრებს თქვენს წინააღმდეგ ჩემი გამოუცდელობა, ჩემი წინდაუხედაობა, უჭკუობა; ჯიქურად, აშკარად მოვდივარ მე და დამაგრდით, აბა!

ბევრი ხართ თქვენ! ფულები გაქვთ თქვენ, და ღმერთიც თქვენს მხარეზეა, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ, ბევრისაგან ბევრი მეცნიერი და სწავლული ამართლებს თქვენს არსებობას ქვეყანაზე, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ! მშვენიერსა და მდიდარ დარბაზებში, მაღალ ოთახებში სჩადიხართ თქვენ დაბალ საქმეებს, რყვნით ლამაზ მოსამსახურე გოგოებს, ისე როგორც თქვენი ცოლები რყვნიან ახალგაზრდა ბიჭებს… თქვენ ბევრი შეგნატრით, ბევრი გაქებთ და გემხრობათ, იმიტომ რომ ფულები გაქვთ თქვენ, თქვენ ბედნიერნი ხართ იმიტომ, რომ გაქურდეთ, გაძარცვეთ უბედურნი, თქვენ ტყავი გააძვრეთ მუშას, ამიტომ ფულები გაქვთ თქვენ, ამიტომ ბედნიერნი ხართ, ამიტომ თქვენსკენ არის კანონი და სამართალი, მღვდელი და ეკლესია, ამიტომ ძლიერნი ხართ თქვენ! დიახ! ბედნიერნი ხართ თქვენ! მაგრამ ჩემს სახრჩობელას მე არ გავსცვლი თქვენს ბედნიერებაზე, თქვენ, რომელთაც ბედნიერება აგიშენებიათ სხვის უბედურებაზე, რომელთაც აატირეთ ქვეყანა, დედას დაუკარგეთ ალერსი მშობლისა და ქმარს წაართვით ცოლი, რომელთაც მოპარეთ ლუკმა ულუკმოდ ნაშრომი მშრომელთ, და როცა იხილეთ კონკი თქვენ მიერ გაძარცულისა, დასცინეთ მას, სულელი უწოდეთ! თქვენ, რომელთაც ისე მოაწყვეთ საზოგადოება, რომ საროსკიპოც კი ამშვენებს თქვენს წესრიგს, რომლითაც ნამუსი ახადეთ ქალებსა და ქუჩას აჩუქეთ ისინი, თქვენს ბედნიერებაზე მე არ გავცვლი ჩემს სახრჩობელას. ეს თქვენი ჭკუაა, ასე რომ აწამა ქვეყნიერება, თქვენმა ჭკუამ შექმნა მშიერთა არმია, თქვენმა ჭკუამ მოწამლა ჰაერი. ეს თქვენი ჭკუაა!.. ვინ გაგამართლებს თქვენ, როცა პასუხს მოგთხოვენ, ვინ გაბედავს თქვენს სასარგებლოდ ხმის ამოღებას?.. აბა ერთი მიმოიხედეთ გარშემო, აბა დაფიქრდით, რა იქნება, თუ თქვენ მიერ გაუბედურებული ქვეყანა ალაპარაკდა. თუ მან ამოიღო ხმა და ანგარიშის გასწორება მოითხოვა!.. ევედრეთ, ევედრეთ ღმერთს, რომ მომავალმა მსაჯულებმა თქვენი მსაჯულებიდან არ გადაიღონ სასჯელი დამნაშავეთა, ევედრეთ ღმერთს!.. ეჰ, იცოდეთ ერთი, რა მძაგხართ თქვენ! მე არ გავცვლი ჩემს სიგიჟეს თქვენს ჭკუასა და გამოცდილებაზე, ჩემს მწარე ფიქრებს – სიკვდილის მოლოდინში – თქვენს ლამაზ ცოლებზე, ყასაბურ შემოხედვას ჩემი ჯალათისას – თქვენი ქალიშვილების მწველ თვალებზე! თქვენი სიყვარულიც მძაგს და სიძულვილიც, თქვენ მიერ შექმნილი ზნეობაცა და კანონიც, მძაგს თქვენი ღმერთი, რომელმაც იქადაგა ყოვლად ბინძური სიტყვა – მოთმინება თქვენი სისაძაგლისა! იუდა ვერ იქნებოდა იუდა, თქვენ რომ არ ყოფილიყავით, თქვენ, რომლებიც ისე აძაგებთ და ანათემას უთვლით მას ეხლა, როცა ქრისტე აღარა არის საშიში თქვენთვის, როცა ის თქვენი მომხრეა, ეხლა აღარ გჭირიათ იუდა და აძაგებთ მას!.. ქურდები ადამიანის ბედნიერებისა, თქვენ სჯით იმას, ვინც ნაქურდლისაკენ ხელს გაიწვდის, გამყიდველნი, გამაუპატიურებელნი. მეცნიერებისა და ნათელი აზრის თქვენ კანონს იხმარიებთ მაშინ, როცა პატრონი თავის საქონელს მიაგნებს. და თავის უფლების აღდგენას მოინდომებს!.. ასი ათასი ენა რომ მქონდეს, ასი ათასი ენით შეგძახებთ მე თქვენ:

– ანათემა თქვენ, ანათემა, ანათემა!

ასი ათასი ენა რომ მქონდეს, ასი ათასი ენით შეგძახებდით მე თქვენ: – სიკვდილი თქვენ, მკვლელებო! ბრძოლა თქვენ, ქურდებო და ავაზაკებო!..

თქვენმა წრემ დაბადა და აღზარდა სიცრუე, ეს თქვენ გამოიგონეთ ეკლესია, რათა მიწიერი ქურდობა თქვენი ციური სიცრუით დაგეფარათ! ეს თქვენ შეჰქმენით სახელმწიფო და კანონები, რომ თქვენი დამნაშავე არსებობა დაგეცვათ, რომ თქვენი სიცოცხლე დღეგრძელ-გეყოთ…

ასი ათასი ენა რომ მქონდეს, ასი ათასი ენით შეგძახებდით მე თქვენ: – გაფურთხებ, გაფურთხებ, გაფურთხებ თქვენ, ჭკუიანებო და გამოცდილებო, ბედნიერნო და კმაყოფილნო, ზიზღი და შეჩვენება თქვენ აწ და მარადის!..

ისევ თქვენ, ჩემო ძმებო და ამხანაგებო, უჭკუონო და გამოუცდელნო, გაძარცულნო და შეურაცხყოფილნო!.. თქვენ, ვინც ვერაოდეს ვერ ისწავლით სხვის უბედურებაზე ბედნიერების აგებას, სხვისი ნაშრომით ცხოვრებას; თქვენ, ვინც შრომობთ და ნაშრომს გართმევენ, ვინც ოფლს ღვრით და მაინც გშიათ, ვისაც მღვდლები გიქადაგებთ მოთმინებას, მორჩილებას, მდიდრები -შრომას და ნაშრომის იმათ საკუჭნაოში დატოვებას, თქვენ, ჩემო ძმებო და ამხანაგებო, მაღლა, მაღლა ასწით დროშა ბრძოლისა და მედგრად, ამაყად შემოკრბით მის გარშემო. შემოჰკარით ზარს ბრძოლისკენ მომწვევს და დასძახეთ ქვეყანას გაბედულად და უშიშრად! დასძახეთ, ბიჭებო, ყიჟინა და მიესიეთ მტერს!.. ასწიეთ, მაღლა ასწიეთ დროშა ბრძოლისა, მოიწვიეთ ყველა უჭკუო და გამოუცდელი, ყველა ის, ვისაც მეხი ეტანება, ვინც მაღალია, დაუძახეთ ქვრივებსა და ობლებს, ჩაგრულთა და დატანჯულთ, ერთად შეაგუბეთ ცრემლი კაცობრიობისა, ქვითინი დედათა, ოფლი მუშაკთა და ოხვრა შეურაცხყოფილთა!.. შეჰკარით მჭიდრო წრე და ბედნიერების სახელით შემუსრეთ ნადიმი ბედნიერთა!.. ეს მაგათ გასჭედეს ბორკილი და ააგეს საპყრობილე! მაგათ აწოვეს ძუძუ ჯალათს და უმღერეს ნანინა, მაგათ აღმართეს სახრჩობელა და გასანთლეს ბაწარი, მაგათ შეურაცხყვეს ცხოვრება!.. ეს მაგათ გამოიგონეს უსაძაგლესი და უგარყვნილესი სიტყვა – მოთმინება!.. მაშ, მაღლა ასწით ბრძოლის დროშა, მედგრად, ამაყად დასძახეთ სიმღერა ბრძოლისა და გასწით წინ!..

ვერა, ვერავითარი ჯალათი ვერ დაგიცავსთ თქვენ!.. ევედრეთ ღმერთს, ევედრეთ, რომ თქვენ მიერ დაყენებული მსაჯულებიდან მომავალმა მსაჯულებმა არ გადაიღონ სასჯელი დამნაშავეთა! ევედრეთ ღმერთს!

…მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზე და შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში, დამანახე სიცოცხლე, მისი ხელჩართული ბრძოლა, შემრიე შიგ, შემაცურე იმის მორევში, მაცინე, მატირე, მტანჯე, დამატკბე!.. მოდი, მოდი, ჩამიკარ გულში, მომეალერსე!.. მიმღერე ძველებურად, მომაგონე მტერი და მოყვარე, ამიძგერე, ამიძგერე გული!.. მოდი, და მასწავლე სიკვდილი!..

რა, რა იქენი, სახრჩობელავ, ჯალათო! რად დაჰკარგე შენი საშიშარი სახე, რად მიცქერი აგრე უფერული და უშინაარსო?.. და შენც, სიკვდილო, ნუთუ ასეთი სუსტი ხარ?.. რად ვეღარ მაშინებს შენი გულგრილი სახე, შენი ცივი ქშენა?.. ვერა, ვეღარ დამძლევ, ბებერო, ვეღარ! ამაყად, უშიშრად გიყურებ თვალებში, ამაყად, უშიშრად ავაბიჯებ ფეხს სკამზე!.. იცურავეთ სისხლში, იბანავეთ სისხლში მოძმეთა თქვენისა, დათვერით სისხლით, სანამ თქვენ მიერ დაღვრილ სისხლს არ დაუხრჩვიხართ თქვენ! ეარშიყეთ თქვენ ლამაზ ცოლებს, დატკბით თქვენი ნაქურდალი სიტკბოებით, სანამ უფრო ლამაზ არსებას – შურისძიებას – არ მოუმწყვდევიხართ მკლავებში. იმღერეთ, დაისვენეთ, იძინეთ ტკბილად, სანამ მედგარ ხმას, ბრძოლის ველზე მდგარ უჭკუოთა და უბედურთა, არ მოუღწევია თქვენამდე!.. იქადაგეთ მოთმინება ეკლესიიდან, იქადაგეთ მორჩილება და მონობა, სიმდაბლე და სიმშვიდე, აქციეთ ღმერთი დარაჯად თქვენი გარყვნილი არსებობისა, მოისყიდეთ ეკლესია და სწავლულნი – ეცადეთ!.. და ევედრეთ ღმერთს, იმ ღმერთს, რომლითაც ამდენხანს ატყუებდით ქვეყნიერებას!..

მოდი, მოდი, ჩემო ძველო ოცნებავ! მოდი, მომეალერსე! მოდი, ამოძვერ გულიდან, ჩემო “მაქციერა” მოდი… ა-ა! გაწითლდი განა? დაგიჭირე… რად მიცქერ? გატყდი, რად გაწითლდი, სთქვი! სადა ხარ ეხლა შენ? ისეთივე ლამაზი ხარ, როგორც მაშინ?.. ვინ გიყვარს ეხლა შენ? გახსოვს “დანაშაულზე” რომ დაგიჭირეს?

ვერა, ვერ დამძლევ, ბებერო სიკვდილო, ვერ დამძლევ!..

დილა.

პროკურორი იყო და წინადადება მომცა – მიეცი თხოვნა სიკვდილი გაპატიონო. ზრდილობიანი უარით გავისტუმრე ჩემი კეთილის მსურველი, რომელიც ისეთი დაჟინებით თხოულობდა ჩემს სიკვდილს, ჩემს სისხლს.

ბურჟუაზიულმა შარლატანებმა შეგაბრალონ თქვენ სიკვდილით დასასჯელნი, იმათ ითხოვონ მოწყალება! მე კი მოვკვდები, როგორც შეშვენის სიკვდილი დამარცხებულ მებრძოლს… “ჩვენ არ დაგზოგავთ თქვენ, ამიტომ არც თქვენგან ვთხოულობთ დაზოგვას!”… არა, ბურჟუაზიულმა შარლატანებმა სწერონ ლექსები და პოემები, იმათ სთხოვონ მოწყალება გამარჯვებულთ… ეს იმათი საქმეა – შეუნდევით დანაშაული, ნუ წაართმევთ ადამიანს სიცოცხლეს!.. იმათ აქციონ სიკვდილით სასჯელის გაუქმება ზნეობრივ საკითხად, მოწყალების გრძნობაზე ააშენონ თავიანთი მოთხოვნილება… ბურჟუაზიულმა შარლატანებმა იაზრონ და იმოქმედონ აგრე, მე კი მოვკვდები, როგორც დამარცხებული სოციალისტი… ჰე, ჯალათო, მზათაა კისერი…

2 საათი.

ყოველივე გათავდა, უმთავრესმა სამხედრო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ჩემი დამცველის საჩივარი… იყო კაცი და აღარ არის კაცი! გაუმარჯოს სიკვდილს!.. აღელვებული იყო ჩემი დამცველი, როცა ეს მითხრა, ბაგე-ჩათეთრებული, ის ჩემი პირდაპირ შეხედვით კრთებოდა. სამჯერ გადამკოცნა და კიდევ მითხრა, – გულს ნუ გაიტეხო… გაუმარჯოს სიკვდილს!..

3 საათი.

შენი ჭირიმე, ბიჭო! ვოინოვმა ციხის უფროსი მოიხმო თავის კამერაში და როცა ის შევიდა, სახეში შემოჰკრა, ჩინები დაუგლიჯა და უთხრა: – ეს კოზმას სამაგიეროაო.

როცა მხლებლები გონს მოვიდნენ, საქმე გათავებული იყო, ვოინოვი კარცერში ზის…

შენი ჭირიმე, ბიჭო!

5 საათი.

– სპირიდონ! სპირიდონ!

– მესმის.

– მომილოცე, სიკვდილი ოცი წლის კატორღაზე შემიცვალეს მაგ ოხრებმა!

– მართალია? აკი გეუბნებოდი… მომილოცავს… მომილოცავს… ეხლა რავა ხარ გუნებაზე?

– ჯგირად! მხოლოდ მენატრება ერთი ჩვილი ყველი, “ჩხავრის” ღვინო, საღამოს პირად მწვადი და ახალი გამომცხვარი ცხელი კვერი… ლამაზი საცოლე კიდევ. აი, თუ გურიაში გნახე ოდესმე, დაგპატიჟებ ასეთ ქეიფზე… თანახმა ხარ?

– Eще бы!

– იცი? არც მე მჯეროდა, კაცო, რომ მართლა მომკლავდნენ… სპირიდონ, წაიღე ჩემი საათი სამახსოვროდ, მე სულ ერთია აღარ მაქვს ნება საათის ტარების, ვითარცა საკატორღოს… დამეკარგება სადმე…

– კარგი, შევინახავ ამნისტიამდე… შენ ფიქრი ნუ გაქვს, ოც წელიწადს კატორღაში არ დაგტოვებენ… პროლეტარიატი კარგად იყოს და თავისუფლებას ოხრად მოვიპოვებთ!..

– ცოცხლობდეს პროლეტარიატი! მე ეგებას გადამგზავნონ მეორე ციხეში, ხვალ მაინც აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში რომ დაგიძახო, ძაფი ჩამოუშვი და საათს გამოგიგზავნი.

– კარგი…

ერთ წუთში გაიგო სატუსაღომ, რომ მე სიკვდილი კატორღაზე შემიცვალეს.

მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ამხანაგებო!.. გაიღვიძებთ ხვალ და მე აღარ ვიქნები. მშვიდობით!.

გაზეთებიდან: “გუშინ, დილის ხუთ საათზე, №-ის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჯეირან ვარდოსანიძეს სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, სისრულეში მოიყვანეს, – ვარდოსანიძე ჩამოახრჩვეს”…

1907 წ.

1 მოსე წინ-ელი. წიგნი მეოთხე “რიცხვთა”, თავი II, მუხლი II და შემდ.

1 აკაკი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button