ლიტერატურამოთხრობა

ნიკო ლომოური – ქრისტიანი ლეკები

I

ქ. გ-ან ოცდაათის ვერსის მანძილზე, პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს, სხვათა შორის, ერთი პატარა სოფელიცა, რომელსაც სახელად ნიკრეულა ჰქვიან. ამ სოფელში ცხოვრობენ ორმოციოდ კომლი გლეხკაცობა და, ვგონებ, ერთი კომლი აზნაურიშვილიცაა. გლეხკაცობაში მოიპოვება ორიოდ კარგი შემძლებელი, დოვლათიანი ოჯახები, დანარჩენი უმრავლესობა კი ღარიბი, ხელმოკლე ხალხისაგან შესდგება. ამ უკანასკნელთა შორის, ვგონებ, ყველაზე უკანასკნელია გლეხი სვიმონა ლუკაშვილი. სვიმონა მარტოხელი კაცია, წვრილშვილისა და მცირე მამულის პატრონი. მართალია, ჯერ კიდევ ყმაწვილი ბიჭია, მაგრამ როგორღაც მოხუცი, დაძაბუნებული კაცივით გამოიყურება: სიარულის დროს მუდამ მიწაზე დაიცქირება, თითქოს დაუკარგავს რამე და იმის ძებნაში არის გართული. ლაპარაკის დროს სვიმონა უფრო ხშირად მოკლე, ერთმარცვლოვან და ორმაცვლოვან სიტყვებს ხმარობს: როდესაც რომელიმე გრძელი სიტყვა, მის უნებურად, ენაზე მოადგება, ერთბაშად მისი წარმოთქმა მეტისმეტად გაუძნელდება ხოლმე. ამ სიძნელეს რომ როგორმე თავი დააძვრინოს, სვიმონას შეუთვისებია ერთი ხერხი: პატარ – პატარა ნაწილებად ჰყოფს გრძელ სიტყვასა და შემდეგ ისე ნაწყვეტ – ნაწყვეტად, ტკეპნითა და ხვნეშით ძლივძლიობისას გამოსთქვამს ხოლმე. თითქმის ყოველი აზრის წარმოთქმის შემდეგ უკან – უკან იწევს, მორიდებით იცქირება აქეთ – იქით, თითქოს რაიმე ხიფათს მოელის და თავშესაფარ თაგვის სოროს ეძებს. აი, თუ ესეთი კაცი შეგხვდეთ სადმე, ჩემო მკითხველო, თუ ამასთანავე შენიშნოთ, რომ იმ კაცს ხელში უჭირავს დიდი კომბალი, ტანთ აცვია შავი, დაგლეჯილი ჩოხა და თავზე გახეხილი ნაბდის ქუდი ხურავს, თქვენ თამამად შეგიძლიათ მასთან მისვლა და თუ თქვენმა ბატონკაცურმა თავმოყვარეობამ არ იუკადრისა, დაძახება:

  • სვიმონა ბიჭო… გამარჯვება შენი…

მე დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებზე სიმონა ჯერ შეკრთება, მერე თავს მორცხვი პატარძალივით ჩაღუნავს, გადასდგამს უკან ერთ ნაბიჯს და მოკრძალებით გეტყვით:

  • გა-დღე-გრძე-ლოს ღმერ-თმა, შენი ჭი-რი-მე.

თქვენი არ ვიცი, მკითხველო, და მე კი, როცა სვიმონა ლუკაშვილს წარმოვიდგენ ხოლმე, მაშინათვე თვალწინ ამეყუდება უზარმაზარი სურათი ასთავიანი დევისა, რომლის ტლანქ წიხლებ ქვეშ მიწაზე განართხული გდია სვიმონა; მდევი სჭეჭყავს მას, ჰქელავს უსულდგმულო ნაბადივითა, მაგრამ სვიმონა მაინც არა კვდება, ცოცხალია, მაგრამ ვაი ამისთანა სიცოცხლესა… დიაღ, ჩემო ბატონო, გაქელილია სვიმონა, სულითხორცით გაქელილი… და რაც უღმერთო, უსამართლო წუთისოფელს დაუკლია მისთვის, იმას ჯოჯოხეთური სიუხვით უსრულებენ კანონსა და სინდისზე ხელაღებული ადამიანები; მაგრამ, რას ვამბობ… განა ადამიანობა ეთქმით იმ ორფეხა ნადირებს, რომელნიც, უამითოდაც ღვარძლით სავსე, წუთისოფლის ველ – მინდორზე ბოროტებასა სთესენ და ტანჯვა – მწუხარება მოჰყავთ?

II

ამ წლის ოცდაათი იანვარი გახლდათ, კვირა დღე ღამდებოდა. ორ – არშნიან თოვლს დაემალა მთელი არემარე პატარა ლიახვისა. საშინელ ყინვას მთელი ბუნების სუნთქვა, სიცოცხლე თითქო სრულიად შეეკრა და შეეხუთა. მარად მჩქეფარე, გიჟმაჟი ლიახვის შეუპოვარი შხუილ – ჩქრიალი სადღაც გამქრალიყო. ორბოძალის მაღალი, ტყიანი მთა გაშეშებულ – გარინდებული გამოიყურებოდა; უზარმაზარ თეთრ სუდარში გახვეულ, ის თითქო მწუხარებით, სევდა – ვარამით იგონებდა თავის საზაფხულო ხავერდის მანტიას, მწვანე ქოჩორა ტყით და ათასფეროვან მინდვრის ყვავილებით საგანგებოდ მოხატულ – მოქარგულსა. დამავალი მზის მკრთალი უსიცოცხლო სხივები ოდნავ, უხალისოდ ანათებდნენ ენეჩავარდნილ, დამუნჯებულ დედამიწასა. სწორედ ამგვარად ბჟუტავენ ხოლმე გლეხის კუბოს თავსა და ბოლოს ანთებული ორგროშიანი წმინდა სანთლები… ამ ბუნების გარინდებულ, სამარისებურ მყუდროებას მხოლოდ ხანდისხან ცივი, სუსხიანი ზენა – ქარი არღვევდა ხოლმე. აგერ უეცრად ამოვარდა, საზარელის გმინვა – კვნესით დაიქროლა და შემდეგ, გაცოფებული მხეცივით, მოედო მთას და ბარსა; მერმე, თითქო რაღაცამ შეაშინაო, სწრაფად უკან გამოტრიალდა, მაგრამ აქაც რაღაც დაბრკოლება შეეჩეხა წინ, პატარა ხანს, ელდანაცემივით შეჩერდა, გამხეცდა: იწყო ერთ ადგილას ტრიალი და, მსწრაფლ კუდიან ქარად გადაქცეული, უგზო – უკვლოდ გადაერია სოფელ ვენახებსა, მინდორსა და ველსა და დამაყრუებელის გრიალ – ზრიალით მიაწყდა ნიკრეულას უბადრუკ ქოხმახებსა.

-პა, პა, პა რა ამბავი აქვს ამ გასავერანებელ ქარსა – და! – წამოიძახა ერთ ამგვარ მიწურ ქოხმახში მყოფმა ჩვენმა უკვე ნაცნობმა, სვიმონა ლუკაშვილმა.

  • აგერ ორმოცდაათი წლის კაცი ვხდები და ასეთი დიდი ზამთარი არ მახსოვს არსად ჩემ სიცოცხლეში, – ამბობს, თითქო სვიმონას საპასუხოდ, კერის წინ მჯდომი ოქროპირელი გლეხი, სიმამრი სახლის პატრონისა.
  • რაცა ნებავდეს, ისა ქნას, – იძახის თამამად სვიმონა, – ჩვენ ე კერა ლაზათიანად გავაჩაღოთ, ე ხმელი მუხის კუნძები დავაგუზგუზოთ და მერე ვნახოთ, შვილოსან, რაღასაც დაგვაკლებს ე ქარბუქი. როგორც ეტყობა, სვიმონა დღეს მხიარულ გუნებაზეა! სიმამრი სწვევია და, აბა, როგორ არ უნდა გაუმხიარულდეს ამისთანა ძვირფას სტუმარსა. მამაპაპურ კერაზე სანაქებო ცეცხლია გაჩაღებული; საკიდელზე ნელ – ნელა ქანაობს კარგა მოზრდილი ყურიანი ქვაბი, რომელშიაც იხარშება მთელი ბარკალი ღორისა, საგანგებოდ გამოყვანილი ლორადა. თაროზე ყელმოღერებული დგას კარგი ჭირნახულის თავი არყით სავსე თუნგიანი საღვინე. კიდობანში ჯერ კიდევ თბილად აწყვია ამ საღამოზე გამომცხვარი, დაბრაწული კეცის მჭადები. მართალია, ღვინო არა აქვს, მაგრამ მასპინძელს ეს გარემოება აგრერიგად არ აწუხებს: სტუმარმა იცის, რომ წელს აქეთ ღვინის მოსავალი თითქმის სრულიად არ ყოფილა და ესეც რომ არ იყვეს, ის შინაურია: არ დასძრახავს, ძუნწობაში არ ჩამოართმევს… ამიტომაც სახლში ყველანი მხიარულად არიან… აი, პატარა ხანს უკან დაბინდდება, გაძლიერებული ცეცხლის წინ გაშლიან სუფრას, რომელსაც მთელი ოჯახი შემოუსხდება გარშემო და, ჰერი, ბიჭო… სვიმონა დაბალის ხმით ღიღინებს და თანაც მალიმალ ახრანტალებს, თითქო ყელს იწმენდავსო.

III

  • ბიჭო, სიმონა, – ეუბნება მას ღიმილით სიმამრი, – შენ როგორღაც ხმას იწმენდამ, ახრანტალებ; მგონი, სამღერლად ემზადები შენა, ბიჭო…
  • ჰო-და, რაა მერე, ჩემო სიმამრო, – უპასუხებს მას სვიმონა, – გავშალოთ სუფრა და ერთი ლაზათიანი სიმღერა გავაჩაღოთ მე და შენა.
  • ერთი მე ვარ გამოჩენილი მომღერალი და მეორე შენა, – ეუბნება კვალად სიმამრი, – ღმერთია შენი თავდები, ჩვენ რო აქ სიმღერა დავიწყოთ, რაც ე თქვენ ორბოძლის ტყეში მგლები არიან, სულ აქ ჩამოიხვეტებიან, სახლში შემოგვიცვივიან: ეგონებათ ამ სახლშიაც მგლები შესულან და ქეიფიანად ყმუიანო. – ყველანი იცინიან, მაგრამ სვიმონა ყველას აჭარბებს. ქუდი კიდობნის თავზე მიაგდო და თვითონ კერასთან მივიდა ცეცხლის გასაძლიერებლად.
  • შენი ჭირიმე, დედავ, შენი ჭირიმე… ერთი ამათ შეხედეთ, ხალხო… შეხედეთ ერთი რა ამბავია, – დაიძახა მხიარულის აღტაცებით სვიმონამ და გაიშვირა ხელი ცეცხლისაკენ, სადაც რამდენიმე გაღადღადებული მაღალი ნაკვერჩხლები სამნებივით წამოსკუპებულიყვნენ… ამთ თვალი მოჰკრა ოქროპირელმა გლეხმა და ღიმილით მიუბრუნდა სვიმონას:
  • ჰოოდა, გაიხარე, შვილოსან, მაგრამ კაი დახვედრაც კი უნდათ მაგ სტუმრებსა. ხედამ, როგორ ყელმოღერებულები გამოჭიმულან? ეგენი, როგორღაც, გლეხებს არა გვანან, ბიჭო.
  • მობრძანდნენ, მობრძანდნენ, მაგათი სულის ჭირიმე. ერთი ისეთი ბურვაკი მყავს, რო იმისი ცომივით ხორცი ხემწიფის სუფრასაც დაამშვენებს. ერთ წამში დავცემ დანას და გამოვღადრი ყელსა.
  • ბიჭო, სვიმონა, შინა ხარ? – მოისმა ამ დროს გარედან.

ზურგწამხდარი ცხენი ზეცას კაჭკაჭს დაინახავსო, ამბობს ერთი ქართული ანდაზა. სწორედ ამ ცხენის საქმე დაემართა იმ წამში სვიმონასაც. ჯერ ვერც ხმა ეცნო და არც ხმის პატრონი დაენახა, მაგრამ გულში კი რაღაც ელდამ გაურბინა. მხიარული გუნება უეცრად ყირამალა გადაუტრიალდა და მუნჯივით ენაჩავარდნილმა, დაჭყეტილი, დაფეთებული თვალები ვეღარ მოაშორა კარებსა. სვიმონას ცოლმა გააღო ეს კარები და სახლში შემოვიდა ამ სოფლის გზირი ზურაბა ლექსოშვილი. ეს ჯერ,,აქა მშვიდობით“ მიესალმა ოჯახსა და შემდეგ მიუბრუნდა სვიმონას:

  • მამასახლისი მოვიდა და გიბარებს, ბიჭო! წამოდი ჩქარა, თორე ხეირს არავის დაგვაყრის: როგორღაც ძაღლის გუნებაზეა.
  • ეს სკოლის ფული ხო მოგეცით, შვილოსან, და სხვა რაღა უნდა ჩემგან ი სახლ – კარ ამოსაწყვეტსა, – სთქვა ხმის კანკალით სვიმონამ.
  • ჰოო, მართლა, ე ფულის ხსენებაზე მომაგონდა, – წარმოსთქვა გზირმა, – ორი შაური უნდა მამცე, სიმონა. აი შვიდ აბაზ უზანთული მოვაგროვე სოფელში: ეგები რვა აბაზის ღვინო უყიდო სადმე, მა ოჯახდაქცეულებსა.
  • განა არაყს კი ვერ იკმარებს? – ჩაერია ლაპარაკში სიმამრი სვიმონასი, -განა მამასახლისმა არ იცის, რომ წელს ამ მხარეში ვენახები წახდა და ღვინის მოსავალი თითქმის სულ არა ყოფილა აქეთკენა.
  • რა ვიცი, ძმაო! – უპასუხა გზირმა, – ეგენი ასე ამბობენ, რო კანონით ჩვენი პონცია თითო თუნგი ღვინოა და უთუოდ ღვინო უნდა გვიშოვოთო.
  • საით ჯანაბიდან მოვიტან ეხლა ორ შაურსა? დღევანდელი წირვის მადლმა, რო ორი გროშიც არ მოიპოვება ჩემ სახლში, – დაღონებით წარმოსთქვა სვიმონამ.
  • წამოდი, ჩქარა წავიდეთ, – უთხრა გზირმა, – ორ შაურს მე გიშოვნი.

სვინომამ დაიხურა ქუდი, მწუხარებით შეხედა სიმამრს და სთქვა:

  • ეგ პირის კომლ ამოსახუთი, მე ვიცი, ხეირს არ დამაყრის. იმ დღეს, ი ხუთი მანეთი რომ ემართა ი კაცსა, ის ფული ამირთვა და გასამჯელოში ნახევარი მთხოვა; მე, როგორც იყო, ხელთ ვიგდე ფული და ერთი მანათის მეტი არ მივეცი. გიჟი მოზვერივით დამიბრიალა თვალები და მითხრა: დაიცა, შვილოსან, ჩამივარდები როდისმე ხელში და მე გიჩვენებ მაშინ შენ სეირსაო, – სთქვა ეს, თავი ნაღვლიანად გაიქნ – გამოიქნია და შემდეგ გაჰყვა უკან გზირსა.
  • მე მინახავს ძროხა, რომელიც დასაკლავად მიჰყავდათ. ის თითქო ცხადად გრძნობდა თავის მომავალს უბედურებას!.. საცოდავის ხმით ზმუოდა, ფეხები უკან რჩებოდა, მთვრალი კაცივით ბარბაცებდა. სწორედ ამ ძროხას ჰგავდა იმ წამში ჩვენი საბრალო სვიმონა!

IV

გზირის, ზურაბა ლექსოშვილის, სახლის წინ სვიმონამ დაინახა ოთხი ცხენოსანი. ამათში ერთი ბრძანდებოდა ზონკრელი გლეხი ბესო გუბაშვილი, მამასახლისი ნიკრეულის საზოგადოებისა; დანარჩენი სამნი იყვნენ ჩაფრები, ანუ ამალა მათი დიდებულების ზონკრელი მურვან ყრუსი. სადაც კი მამასახლისი, ეს ფრთებგამოსული ჯიანჭველა, წაბრძანდება, ესენიც უსათუოდ თან ახლავან და რომელ სოფელსაც კი გააბედნიერებს თავის მისვლითა, ის სოფელი ვალდებულია, უსასყიდლოდ გაუმასპინძლდეს როგორადაც იმათ, ისე იმათ ცხენებსა. გულის კანკალით მიუახლოვდა სვიმონა ამ ვაჟბატონებს და მოკრძალებით მძიმედ დაუკრა თავი მათ.

  • წაიყვანე ემ წამში ეს ოთხთავე ცხენები, თბილ ბოსელში დააბი და ქერი და ბზე არ მოაკლო, -უბრძანა სვიმონას მამასახლისმა.

სვიმონამ თავი ძირს ჩაღუნა; ვგონებ, სრულიად უგრძნობლად, ქუდი მოიხადა, თავი, კისერი ძალზე მოიჩეჩა; შემდეგ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და დაღრეჯით წარმოსთქვა:

  • ერთი ნამცეცა ბოსელი მაქვს, ჩემი საქონელიც ძლივს ეტევა; არც ქერი მაქვს, ღმერთმა ხო იცის… ამიტომ გთხოვთ, მამასახლისო, სხვასთან ვისთანმე დააბმევინო შენი ცხენები.
  • შენები გამორეკე ბოსლიდამ და იმათი ადგილი მიეცი ჩვენს ცხენებს… ქერსაც მალე გაშოვნინებენ ჩემი ჩაფრები.
  • შე დალოცვილო – და, რო გამოვრეკო ამ თოვლსა და სიცივეში, ხომ სულ ერთიანად გამიწყდება ისედაც შიმშილისაგან დალასლასებული საქონელი? და, აბა, მაშინ რაღა შავი ქვით და ნაცარი ცხელით გავცე პასუხი ან ღმერთსა და ან ხემწიფესა? მამასახლისმა წარბი შეიკრა, გრძელ წვერზედ დიდკაცურად ჩამოისვა ხელი და მრისხანებით შესძახა:
  • ჩაფრებო, აბა ერთი კარგა გაბერტყეთ ეგა…

ამ ბრძანებაზე სამივე ჩაფრები მგლებივით მისცვივდნენ სვიმონას და მათრახებით აუყენეს ჟაპაჟუპი მის საცოდავ ზურგსა და ბეჭებს. შეუბრალებლად, გამეტებით სტყიპეს რამდენიმე წამი უბადრუკი სვიმონა, რომელიც ამ დროს ხან გველივით იხლაკნებოდა, ხან ძირსა ცუცქდებოდა, თითქო კინტოურსა თამაშობსო, ხანაც ფეხებს აქეთ – იქით აქნევდა და ჯამბაზივითა ხტოდა, რამაც მეტისმეტად გაამხიარულა და წააქეზა მისი უგუნური ჯალათები.

  • ეყოფა, ხო ვერ მოჰკლავთ მაგ უბედურსა, ქრისტიანები ხართ, ლეკები ხო არა ხართ, თქვე ოჯახდაქცეულებო! – გულამღვრეულად შესძახა მტარვალებს სვიმონას ბედზე საიდგანღაც მოსულმა მოხუცებულმა ტატო ლუკაშვილმა. ამ ხმამ, წინააღმდეგ მოლოდინისა, ჯეროვანი გავლენა მოახდინა: სვიმონას დაანებეს თავი. იგრძნო თუ არა თავისუფლება, მან ფეხაჩქარებით გასწია შინისკენ. კარებში მას მოეგებნენ ცოლი და სიმამრი. სვიმონამ ქვითინით გადასცა ამათ თავისი გატყეპის ამბავი. სიმამრს თვალები აევსო ცრემლითა. ცოლმა ხმამაღლა იწყო ტირილი, ბავშვებმა მიჰბაძეს დედას… და იქ, სადაც ამ ათიოდ წამის წინად სიამოვნება, უდარდელი მხიარულება ტანჯვა – მწუხარების ნაღველს ადნობდა და მის მწარე ცრემლებს ჯანაბისკენ გზავნიდა, იქ ეხლა ჩამოვარდა შავბნელი ტარტაროზი ვაებისა, სევდისა და უნუგეშობისა.

ოხ, ბოროტო, საზიზღარო ადამიანო!.. წყეული იყვეს, წყეული შენი გაჩენის დღე და საათი…

V

სვიმონა მივიდა დედა – ბოძთან და აქ გაშლილ ჭილოფზე მკვდარივით მიეგდო. მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა ის ამგვარ მდგომარეობაში. მისი დაბრუნების შემდეგ ჯერ ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, როცა უცებ კარი გაიღო და სახლში შემოვიდა ორი ჩაფარი, რომელთაც უკან მოსდევდა გზირიცა.

  • აბა, მამასახლისისათვის ვახშამი მზად არის თუ არა? – დაიძახეს მათ შემოსვლისთანავე.
  • კაცი მომკალით, თქვე უღმერთოებო, თქვენა, და ახლა ვახშამსაცა მთხოვთ? – ტირილით უპასუხა მათ მწოლარე სვიმონამ.
  • ადე, ჩქარა, ინდოური მოიყვა, თორემ რაც წეღან დაგაკლდა, იმას ეხლა შეგისრულებთ! – შემოუტიეს ჩაფრებმა სვიმონას.
  • ე მაგისთვის რა გაჯავრებთ, ძმებო… აგერ კაი ღორის ლორია მზათა, ერთ საღვინე კარგ თავს არაყს და ახლად გამომცხვარ კეცის მჭადებსაც მოგართმევთ… და მეტი რაღა გინდათ, თქვე დალოცვილებო? -დაყვავებით უთხრა მათ სვიმონას სიმამრმა.
  • ლორი რათ გვინდა! – დაიძახა ერთმა ჩაფართაგანმა, – ინდოური უნდა მოიყვანოთ.
  • ე შვილები არ დამეხოცება, რომ წელს ჩვენ სახლში ინდოურის ჭაჭანებაც კი არ ყოფილა! – უთხრა მას სვიმონს ცოლმა.
  • მართალია, მართალი, – დასძინა გზირმა, – წელს ამათ კარმიდამოზე ინდოური არსად არ დამინახავს!

ამის შემდეგ ჩაფრებმა იწყეს სახლის დათვალიერება და მალე დაინახეს ერთი კარგა მოზრდილი ლორი, რომელიც დედაბოძის ახლო ჭერზე იყო ჩამოკიდებული. ერთი ამათგანი მაშინვე ეცა ლორსა, შესწვდა ცალი ხელით და ჩამოსაგლეჯათ უწყო წევა, მაგრამ ბაწარი, რომლითაც ლორი ეკიდა, მაგარი აღმოჩნდა, რის გამოც მეორე ხელის მიშველებაც საჭიროდ გაუხდა: ამნაირად დაებღაუჭა ორთავე ხელებით და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ჩამოსწია. ამ დროს გაწყდა ბაწარი და ჩაფარი პირუკუღმა გადავარდა უკან. მიაწყდა კერის წინ მდგომ სამი წლის ბავშვსა და საცოდავი ბაღანა გადააგორა გაძლიერებულ ცეცხლშია. კარგი, რომ პაპამისი იქვე ახლო იდგა, იმავე წამს ეცა შვილიშვილს და სასწრაფოდ აიტაცა მაღლა. სუმბუქად დამწვარი, შიშისაგან ენაჩავარდნილი ბავშვი დედამ და პაპამ ძლივს – ძლივობისას მოაბრუნეს.

  • რა ამბავი გაქვთ, თქვე სახლკარამოწყვეტილებო, თქვენა – გაშმაგებით შესძახა ჩაფრებს სვიმონას სიმამრმა, – ლეკები ხო არა ხართ, ასაკლებათ ხო არ მოსულხართ ამ უბედურ ოჯახშია.

ჩაფრებმა ამ სიტყვებს თითქმის არავითარი ყურადღება არ მიაქციეს: ღორის ბარკალი ამოიდეს იღლიაში, ხელი სტაცეს სვიმონას, ქიმუნჯის ცემით გაიგდეს წინა და ლანძღვა – გინებით გავიდნენ სახლიდან.

VI

ფერმიხდილი, წელში ოთხად მოკაკული სვიმონა მიიყვანეს მამასახლისთან, რომელიც გზირის სახლში ბრძანდებოდა. მათი დიდებულება, ზონკრელი მურვან ყრუ, გაჩაღებული ბუხრის წინ სკამზე იყო ჩამომჯდარი, ფეხი ფეხზე დიდკაცურად შემოედო და ნასუქი ინდოურის ხორცის მოლოდინში წინდაწინვე ილოკავდა ნერწყვით დასველებულ მსუნაგ ტუჩებს. და უცებ… ოხ, ღმერთო მრავალმოწყალეო!.. მის წინაშე წამდგარმა ჩაფრებმა მოახსენეს: სვიმონა ლუკაშვილმა ინდოური არ მოგვცაო. ფრთებგამოსული ჯიანჭველა იმავე წამს განრისხებული წამოვარდა სკამიდან, გაჯავრდა და ისე გაჯავრდა, რომ სულ ცეცხლი მოიკიდა. მოჰკრა თვალი სვიმონას და შეჰღრიალა:

  • ჩქარა თოკი!

თავზარდაცემულმა სახლის პატრონმა საჩქაროზედ მოართვა თოკი. ამას ნამდვილად ეგონა, რომ სვიმონას ჩამოხრჩობას უპირებდნენ და ამის გამო მთელი ტანით ცახცახებდა.

  • მიიყვანეთ ეგ ღორი, ეგ ლობიოჭამია ტეტია და მაგრა მიაკარით ბოძზე… – ბრძანა მამასახლისმა.

ჩაფრაბი ეცნენ სვიმონას, მიათრიეს ბოძთან, ორთავე მკლავებზე, ნიდაყვებს ცოტა ზემოთ, შემოუჭირეს თოკი და შემდეგ ამ თოკით ის მაგრათ მიაკრეს ბოძსა.

  • თავი ძირს აქვს დაღუნული მაგ ღორსა, – ბრძანა მამასახლისმა,- აუკარით თავიც მაღლა; მე მინდა, რომ ჩემ წინ გამოჭიმული იდგეს სალდათივითა.

ეს ბრძანებაც საჩქაროზე აღასრულეს ჩაფრებმა: სვიმონას გადააცვეს თავზე გამოყურთმაჯებული თოკი, რომელიც ამოსდეს მის ნიკაპს და შემდეგ ამ თოკის, ძალზე გაჭიმული, მეორე წვერი მაღლა ბოძის თავზე გამონასკვეს.

საშინელი, საზარელი სანახავი იყო ამ დროს სვიმონა!.. ფერმიხდილი, უძრავად გაშეშებული ის უფრო ბოძზე აკრულ უსულდგმულო ცხედარსა ჰგავდა, ვიდრე ცოცხალ ადამიანსა. თოკმოჭერილი მკლავებიდან სისხლი ძირდაშვებულ ხელებში ჩამოჰგუბებოდა; ამის გამო განზე გაპარჭყული თითები რუმბებივით დაბერილიყვნენ და ორთავე ხელები ნახშირივით დაშავდებოდა. რაკი თავი უკანა ჰქონდა გადაწეული და ნიკაპი მაღლა აკრული, ამიტომ მთელი ყელი და ყანყრატო თავისუფლად უჩანდა… კაცს ეგონებოდა – ეს უბედური, ალბათ, ჯალათისთვის არის ესე დამზადებულიო: საცაა გაჩნდება ისიც, გაალმასებულ ხმალს შემოჰკრავს პირდაპირ ყელში და თბილ – თბილი სისხლი ადამიანისა თქაფა – თქუფით გადმოიღერება დედამიწაზედაო.

ამგვარ მდგომარეობაში გაატარა სვიმონამ მთელი ორი – სამი საათი და ვგონებ, კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა ისე, თუ რომ სახლის პატრონს გზირს არ შებრალებოდა თავისი უბადრუკი მეზობელი. ეს ჩაუვარდა მუხლებში მამასახლისსა და უწყო თხოვნა – ვედრება, რათა მას შეებრალებინა სვიმონა, ეკმარებინა სასჯელი და გაენთავისუფლებინა იგი. მამასახლისი ამ დროს ვახშამს შეექცეოდა. ჩაფრებმა სვიმონას სახლიკაცს წაართვეს მამალი ინდოური, მოუხარშეს და ამჟამად მის გემრიელ ხორცს მიირთმევდა და თანაც გლეხების გროშებით ნაყიდ ღვინოს დიდრონი ყანწებით უხვად ასხამდა ზემოდან. მათი დიდებულება ამის გამო კარგს გუნებაზედ ბრძანდებოდა, და ვგონებ, ამიტომაც ასე მალე შეისმინა ვედრება გზირისა. მან დაცინვით გადახედა ბოძზე მიკრულს და დიდკაცურის სიამაყით ბრძანა:

  • აუშვით და საჩქაროზე გააგდეთ აქედანა.

გზირმა ახსნა ბოძიდან სვიმონა, შეუჯდა მხარში და, გრძნობა მიხდილი, ტორტმან – ბარბაცით წაიყვანა სახლშია.

VII

მეორე დღეს მზე კაი ხნის ამოსული იყო და ჩვენს უბედურს სვიმონას კი ჯერ ისევ ეძინა. ამ ამბავმა სიმამრი და ცოლი მისი, ცოტა არ იყოს, შეაფიქრიანა. ესენი ნელ – ნელა მიუახლოვდნენ ლოგინს და გულის ფანცქალით დახედეს მძინარეს. ეს გულაღმა იწვა და მკლავები აქეთ – იქით გადაეყარა; დათეთქვილ, გაყვითლებულ სახეზე ღრმა მწუხარების გამოხატულება ჰქონდა გადაშლილი; ტუჩები ერთმანეთზე არ იყვნენ მიკუმულნი და ამ ოდნავ გაღებული პირიდან მალიმალ ისმოდა ხან საშინელი გმინვა – კვნესა და ხანაც წყევლა – კრულვა მთელი ცისა და ქვეყანისა. იგი ემდუროდა მთელს ქვეყნიერებას: სწყევლიდა სულიერსა და უსულოს, დიდსა და პატარას. შემაძრწუნებელის სიტყბებით ლანძღავდა თავის მშობლებს, თავის შავბნელ გაჩენის დღეს. ამ სულსა და გულის თავისუფალ გოდებას ხან ისეთის ძლიერი სითბოთი გამოთქვამდა ხოლმე, რომ გეგონებოდათ, ამ საცოდავ ადამიანზე მჭევრმეტყველების მადლი უხილავად გადმოსულა და ისე ლაპარაკობსო. მამა – ქალიშვილი გაოცებულნი უგდებდნენ ყურსა, შესცქეროდნენ ერთმანეთს და კრძალვა – შიშით იწერდნენ პირჯვარსა. ეს სასწაულებრივი მოვლენა მათ თავზარსა სცემდა და მის ახსნა – შეგნებას კი მათი საბრალო გონება ვერ მისწდომოდა. ავადმყოფ, მძინარე სვიმონასაგან ესმოდათ ისეთი სიტყვები, რომლების მსგავსსაც ფხიზელი და კარგად მყოფი სვიმონა ფიქრადაც კი ვერ გაიტარებდა. ამის გამო ისე შეშინდნენ ორივენი, რომ ნამდვილად დაფეთებულნი კარზედ გამოვარდებოდნენ, დღე რომ არ ყოფილიყო.

  • მამა, მამაჩემო, შენი ჭირიმე, მითხარი – ეს რა ანბავია? – მიმართა თავის მამას აკანკალებულმა ქალმა.
  • მეც მაგაზე ვფიქრობ, შვილო, და ვერაფერი კი ვერ მომიფიქრია, – უპასუხა ნაღვლიანად მამამ, – ეს კი ცხადია, რომ რაღაც უბედურებაა ჩვენს თავსა. გამიგონია, რომ სიკვდილის წინად ადამიანი ზოგჯერ ისეთ რამეებს იტყვის, რაც პირდაპირ სულთამხუთავისაგან ესმისო. ადე, შვილო, გადი კარზე, გიორგი დალაქს დაუძახე, მეზობლებს შეატყობინე.

სვიმონის ცოლი წამოდგა ფეხზე, რამდენჯერმე გამწარებით შემოიკრა ლოყებში ხელები და გავიდა გარედა. ათიოდ წამის შემდეგ მთელი სახლი გაივსო ხალხითა. მოხუცებული გამოცდილი გიორგი დალაქი მოვიდა სვიმონასთან, რომელიც ამ დროს უკვე გაჩუმებულიყო; მოუჯდა თავით და ფრთხილად უწყო გაღვიძება, სვიმონამ ცოტა ხნის შემდეგ გაახილა თვალები, მიიხედ – მოიხედა და მოისურვა წამოჯდომა, მაგრამ დასძრა თუ არა ხელები, მაშინათვე იგრძნო საშინელი ტკივილი და მაღლა აღებული თავი ღრეჯითა და კვნესით ისევ მუთაქაზედვე დასდო.

  • სვიმონა, აბა, მითხარი, რა გტკივა, შვილო, – მამაშვილურის დაყვავებით დაეკითხა მოხუცებული.
  • მკლავები, მლავები… – წამოიკვნესა სვიმონამ, – ასე მგონია, მკლავები ჩემი აღარ არის – მეთქი.

გიორგი დალაქმა ფრთხილად აუწია და გაუსინჯა მკლავები: ნიდაყვზემოთ ირგვლივ სამი თითის დადებაზე ორივე მკლავები ჩალურჯებულ – ჩასისხლიანებული ჰქონდა; დასიებულ მაჯებს და, მომეტებულად, ხელებს ნახშირის ფერი დასცემდათ. დალაქი დაფიქრდა.

  • უნდა სისხლი გამოგიშვა, სიმონა… მაგრამ არა, წურბლებს მოგკიდებ ეხლავე, ეს უფრო კარგი იქნება… – უთხრა დალაქმა.
  • მიშველე, მიშველე, შენი ჭირიმე, – შესთხოვა სვიმონამ.

დალაქი წავიდა სახლში და მოიტანა ერთი კარგა მოზრდილი სურა, მოხადა თავი და იქიდან გადმოყარა ოცდაათამდე წურბელა, რომლებიც ავადმყოფს მოჰკიდა ორთავ ხელებზე. როდესაც დაბერილი წურბლები მოშორდნენ სვიმონას, მოხუცებულმა ჰკითხა მას:

  • რას გრძნობ ეხლა კლავებში?
  • თითქო ძალზე დაბუჟვიაო, ისე მიბჟუიან ორთავე კლავები… – სთქვა სვიმონამ.
  • მაშ, არა გიშამს რა, ბიჭო… – ღიმილით წარმოსთქვა დალაქმა, – წეღან, ცოტა არა, შემეშინდა: ასე მეგონა – დაუშავდება – მეთქი ამ საცოდავს ორთავე კლავები – მეთქი.

ამის შემდეგ იქ შეკრებილ ხალხში გაჩნდა ლაპარაკი მამასახლისზე და მის ჩაფრებზედა. არა ერთი და ორი მათი უშვერი და უღმერთო მოქმედებანი გამოამჟღავნეს აქა; გულის წყრომით მოიხსენიეს წუხანდელი ბოროტება მათი და ბოლოს ერთხმად გადაწყვიტეს მამასახლისზედ საჩივრის მირთმევა. ამ გადაწყვეტილებას არ თანაუგრძნობდა ერთადერთი მოხუცებული გიორგი დალაქი. ეს კაიხანს ჩუმად იჯდა და წარბშეკრული გაჰბღვეროდა მოლაპარაკე ახალგზრდა გლეხებსა; ბოლოს ვეღარ მოითმინა, წამოდგა ფეხზე და გაჯავრებით შესძახა ხალხსა:

  • რამ დაგაქალაჩუნათ ასრე, თქვე საცოდავებო? რომ იძახით, ვიჩივლოთო, მერე, რას მოელით მაგ საჩივრისაგან?.. შარშან არ იყო, რომ იჩივლეთ, რა ხეირს შეეყარენით?.. ტურა მოიშორეთ და მის სამაგიეოდ მგელს ჩაუცვინდით პირშია… ახლა ამ მგელსაც უნდა უჩივლოთ?.. აი ეს დღე ნიშანი იყვეს და დააინახამთ, რაც მოგივათ მერმისა!.. აიმ წმინდა გიორგის მადლმა, რომ მგლის ნაცვლად ახლა დათუნიას წამოისვამთ კისერზედა… ბიჭო, თქვე უგუნურებო, როგორ ვერ შეიტყეთ, რომ ტურებსა და მგლებს კბილების ჩამტვრევა უნდათ და არა საჩივრების გაბმა. წუხელი რომ ე მარტოხელი ბიჭი ბოძზე მიაბა და კინაღამ ჭიასავით გასრისა ფეხითა, სად იყავით თქვენა?.. რატომ არ მიუცვინდით და თავი და პირი ზედ არ დააჩეჩქვეთ იმ ავაზაკსა, იმასა… შარშანდელი ტურასთვის რომ ჭკუა გესწავლებინათ, წრევანდელი მგელი ესრე როდიღა მოიქცეოდა: ან სულ არ მოგეკარებოდათ და ან უფრო ქრისტიანულად მოგეკიდებოდათ, სინამ ეხლა.
  • მართალს ამბობ, გიორგი, მართალსა… – გაისმა რამდენიმე ხმა, – მართალია, რომ ჩვენ მამა – პაპას არა ვგევართ ვაჟკაცობასა და გაბედულებაში, მაგრამ განა ჩვენა ვართ ამაში დამნაშავენი? გამოცდილი, ჭკვიანი კაცი ხარ, გიორგი, და, აბა, ერთი გვითხარი, ვინ დაიდო ჩვენი ცოდო?.. რამ დაგვცა და დაგვაქალაჩუნა ასე უღმერთოთა?..

გიორგი თავჩაღუნული იდგა. ეტყობოდა, რომ ფიქრში იყო გართული… მისი სახის გამომეტყველება ცხადად აჩვენებდა, რომ ამ ფიქრებში სხვადასხვა აზრები მიდი – მოდიოდნენ, ჭიანჭველასავით ფუსფუსებდნენ, ირეოდნენ, მაგრამ გაუნათლებელ გონებას ვერ მოეხვია მათთვის თავისი სუსტი მარჯვენა, ვერ შეეჩერებინა მათი არეულ – დარეული მოძრაობა, ვერ დაეწყო და დაელაგებინა იგინი რიგზედ; ამიტომ ჰგრძნობდა კი, რომ სათქმელი ბევრი რამა ჰქონდა, მაგრამ ამ ბევრიდან ცოტას გამოთქმასაც ვერ ახერხებდა. მოხუცებული კვალად მდუმარებდა, ხალხი სულგანაბული იდგა; ხალხში იყო გამეფებული სამარისებური სიჩუმე, რომელსაც ხანდისხან მხოლოდ სვიმონას კვნესა არღვევდა.

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button