ლიტერატურამოთხრობა

შიო არაგვისპირელი – ჩემო შვინდავ!

I

ღამის სიბნელეს ერთი ალიაქოთი შეუდგა და შიშისაგან ტუჩისფერი დაჰკარგა, როცა დღის ნათელს თვალი შეასწრო, სიბნელე ჰგმინავდა, ფორთხიალობდა, ებრძოდა სინათლეს, მაგრამ ვერას გამხდარიყო. სასოწარკვეთილებით მიჰმართა თავისს დარაჯ-ვარსკვლავებს და საშველად იხმობდა. მაგრამ ისინიც შიშისაგან სადღაც მიმალულიყვნენ და თავის დედის – სიბნელის მომაკვდავი ხმა არ ესმოდათ. მარტო შორს, სადღაც ცის კიდეს, გამოჩნდა ამ ხმაზე ერთი დარაჯი, მალვით გამოაბჟუტა თვალები და, თავისი დედა – სიბნელე მთლად ნაცრისფრად ქცეული რომ დაინახა, ნაღვლიანად ჩაიქნია თავი და ისევ მიიმალა.

დარაჯთ ამნაირ სამარცხვინო საქციელისთვის ხმელეთიდან ფრინველთ ყიჟინა დასცეს და სინათლეს-კი “ვაშა, ვაშა”-ს შესძახოდნენ. ტოროლა მაშინვე წამოვარდა თავის ბინიდან და სიხარულით გაეშურა ცისკენ სინათლის მისაგებებლად…

ჯერ ისევ ნორჩმა, ხავსივით მწვანე ბალახმა ღამის სიბნელისაგან მოხრილი წელი აიმართა და ღიმილით შეხედა სინათლეს, რომელიც ალერსით დასცქეროდა ზემოდან. აგერ, ახლად გაფურჩქვნილმა ვარდმაც მორცხვად და კეკლუცად დაუწყო მზერა სინათლეს, ვითომდა ყურს არ უგდებსო ბულბულის გულსაკლავს სტვენას, რომელიც, აგერ რამდენი ხანია, სასოწარკვეთილებით დაჰკვნესის და ეტრფიალება. საწყალი ვარდი მთლად დამთვრალია ბულბულის ალერსით. მაგრამ რა ჰქნას, როცა მეტის-მეტი მორცხვი და კრძალული არსებაა და ვერ გამოუთქვამს ბულბულისთვის თავისი გრძნობა! აგერ, როგორ გაწითლებულა გულის-თქმით და ალმური ასდის… ბულბული-კი ვერ მიმხვდარა ამას და, ვარდის ამ გაათკეცებული სიმშვენიერით დამწვარი, უფრო გულსაკლავს ხმებს დაჰკვნესის და სტვენს, თითქოს გული უნდა ამოიგლიჯოს და ვარდს ესროლოს, რომ, ამით მაინც არის, დაიმსახუროს მისი ყურადღებაო.

ძირს, ხმელეთს ფრინველთ უკანასკნელად კიდევ დასცეს სიბნელეს ყიჟინა, სინათლეს გამარჯვება მიულოცეს და საზრდოს საძებნელად გაემგზავრნენ სხვადასხვა მხარეს. ყვინჩილამაც მიჰბაძა სხვა ფრინველთ, ფრთხიალით გადმოეშვა ძირს ხის ტოტიდან და იქვე ნაგვის გროვას რუკ-რუკით ქექა დაუწყო და ეძახდა თავისთან დედლებს და ვარიებს, რომელთაც დიდხანს არ ალოდინეს და ნაგვის ქექით მხარში ამოუდგნენ.

ქათმებთან ერთად სოსოს დედაც წამოდგა, საჩქაროდ დაჰგავა სახლი და დერეფანი. ნაგავს კიდევ ახალი ნაგავი მიუმატა და ამით ყვინჩილა და იმისი ჯალაბობა ძალიან გაახარა. სოსო-კი დილის ძილში იყო და ტკბილად ხვრინავდა დერეფანში. დედა მივიდა, უნდოდა გამოეღვიძებინა, მაგრამ შენანდა თავისი შვილი, ისევ თავი დაანება და, საწველელით ხელში, ხბო გამოუშვა; ხბომ მაშინვე შებღავლა და ხტუნაობით თავის დედისკენ გაეშურა, რომელიც მხიარულად მიეგება და ზმუილით ლოკვა დაუწყო. ხბო თავისს პატარა თავს ცურზე უსვამდა და თან ხან ერთს ძუძუს ჩაიდებდა პირში და ხან მეორეს. სოსოს დედაც საწველელით იქვე იდგა და ხბოს შველოდა ძუძუების მორიგებას.

  • ჯერ ეს გეყოფა, ჩემო ფუჩინავ! – სთქვა სოსოს დედამ და ხბო ძროხას წინ მიუბა, თითონ-კი მიუჯდა ცურს და ცოტა ხნის შემდეგ საწველელში რძეს ჩხრიალი დააწყებინა.

საწყალი ხბო ამ ჩხრიალზედ მადა-გაღვიძებული გამალებით იწევდა ცურისაკენ, მაგრამ თოკი არ უშვებდა.

  • ბაბალე, – ღობის გარედან გადმოსძახა შუახნის კაცმა, როცა სოსოს დედამ წველა გაათავა და ხბოს მოსაწოვად უშვებდა, – დილა მშვიდობისა, – მიესალმა ისევ ის, როცა ბაბალემ იქით მიიხედა, საიდანაც ხმა მოესმა.
  • მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, ჩემო ქიტესავ!
  • ჯერ სოსო არ ამდგარა? ნუღარ დააგვიანებ!
  • ეხლავ გავაღვიძებ.

ბაბალემ საწველელს ხელი დაავლო და, ის იყო, უნდა შინ შესულიყო, რომ ამ დროს სოსოც გამოვიდა გარედ.

  • ოჰ, ამდგარხარ კიდეც, შვილო! – სიყვარულით უთხრა დედამ.
  • გუთნი-დედამ ხომ არ გაიარა? – ჰკითხა სოსომ დედას.
  • გუთნი-დედა აქ გელის, – გადმოსძახა ღობის გარედან ქიტესამ, რომელიც სოსომ აქამდე ვერ შეამჩნია.

სოსო ამ ხმაზე გაწითლდა და დედას საყვედურის კილოთი უთხრა:

  • აკი გითხარი, დილაზე, როცა შენ ადგე, მეც გამაღვიძე-მეთქი.
  • აკი გითხარი, დილაზე, როცა შენ ადგე, მეც გამაღვიძე – გაეხუმრა ქიტესა.
  • როცა ლოგინში ჩაწვება ხოლმე, სულ იმას მეჩიჩინება: “დილაზე ადრე გამაღვიძე, გუთნი-დედას მინდა ავუსწროვო”, – ღიმილით უთხრა ბაბალემ ქიტესას.
  • ღმერთმა მოგცეს და მაგის ბედნიერებას ორივე შეგვასწროს, და აი, ეს დღე ნიშანი იყოს, – ეგ ისეთი ვაჟკაცი დადგება, რომ ამ ჩვენს სოფელში ცალი არ ეყოლება. ჯერ რა არის, სულ თითის სიგრძე ბალღია და…
  • ჰო, მეთერთმეტე წელშია გადამდგარი, – გააწყვეტინა სიტყვა ბაბალემ.
  • ჰო და, აკი ვამბობ, ჯერ თითის სიგრძე ბალღია-მეთქი და ახლავ ისეთს უნარს იჩენს, რომ კაცი ვერ წარმოიდგენს. ეგ რო არ გვყვანდეს გუთანზე, სულ უგემური იქნებოდა ჩვენი ხვნა. ამ ქალაქია-დღე ისეთს “ოროველას” დასძახის და ისე ერეკება წინა ხარებს, რომ კაცსაც და ხარსაც დაღალვას არ გვამჩნევინებს…

ბაბალეს გული სიხარულით თავის ადგილს აღარ უდგებოდა, როცა ქიტესა ასეთის ქებით ამკობდა სოსოს. სოსო-კი ამ დროს ხბოს ეალერსებოდა და ქიტესას ქებას ყურს არ უგდებდა.

  • ხარიც რო ისეთი ჰყავს, ი დალოცვილი! ქედ-მადლიანია, ისე მუყაითად ეწევა, რო ტოლი არა ჰყავს მთელ გუთნეულში.
  • ამის გაზრდილია. ექვსი წლისა იყო ჩემი სოსო, ენაცვალოს თავისი დედა, როცა ის ძროხამ მოიგო, და მას აქეთ სულ ეს უვლის. ისე შეუყვარდა, რომ თითქმის ღამე გვერდით მიიბამდა ხოლმე და ისე ეძინა. ყოველს ცისმარე დღეს ახალ-ახალი ბალახი მოჰქონდა და თავისი ხელით აჭმევდა.
  • კაი ხარი-კი დამდგარა-და… ღმერთმანი, სოსოზე და მაგის ხარზე ორი დღის ანეულიც ალალია. თუ ღმერთმა დარები დაგვიყენა, სწორედ ორი დღის ანეულს გადვუჭიმავ…
  • მადლობელი ვარ, ჩემო ქიტესავ, მაგრამ მოდგმეებმა რო არ იყაბულონ? ჩემს სოსოს, როგორც დღის მეხრეს, ერთი დღისა ერგება; ცალ-ხარს კიდევ – ნახევარი დღისა. აი, უღელი ხარი რო მყვანდეს, მაშინ სხვა იქნება: მაშინ ორი დღისა გვერგებოდა.
  • რას ამბობ, ადამიანო, რომელი მოდგმე არ მიყაბულებს?! განა ისინი არა ჰხედავენ, რომ ბიჭი ძალზე მუყაითად ეკიდება?!
  • დედი, – დაუძახა სოსომ თავისს დედას, – ძროხას ძუძუებს დააჭრის, მოვაშორო?
  • მოაშორე, შვილო!
  • ჰე, ფუჩინო, აბა, თუ მოჰშორდეს!.. აბამე, აბამე, რანაირი ღონიერია!..

სოსო აშორებდა ხბოს, მაგრამ ის ისევ ხელიდან უსხლტებოდა, ძროხის ცურს ვარდებოდა და გულიანად ლოღნიდა.

  • ღმერთმანი, სამი წლის შემდეგ მოზვერი დადგება და ჩემს შვინდას ტოლობას გაუწევს, – სთქვა სოსომ და ორივე ხელი ხბოს კისერზე მოჰხვია.
  • წამოდი, გეყოფა, ხომ ჰხედავ, დედაშენს რძე აღარ უდგა, – უთხრა სოსომ ხბოს და გამოათრია. მაგრამ ხბო ცდილობდა, ისევ გასხლტომოდა ხელიდან.
  • აბა წავიდეთ, სოსო, თორემ ღამის მეხრეები, სანამ ჩვენ გავალთ, გუთნეულს კიდეც მიჰრეკენ, – სთქვა ქიტესამ და თავისს გზას გაუდგა.
  • მე თითონ მოვაშორებ, შვილო, – უთხრა ბაბალემ სოსოს, როცა ის კიდევ ხბოს დაეჯაჯგურა, რადგანაც ხბო კიდევ გაუსხლტა და ახლა მეორე მხრიდან დაუწყო წოვნა.

სოსომ ხბოს თავი ანება, წამოავლო ხელი საგუთნე სახრეს და ქიტესას დაედევნა. ცოტა ხანს შემდეგ ქიტესას ამოუდგა მხარში და ორნივე ბაასით წავიდნენ. ბაბალე-კი გაჰყურებდა თავისს იმედს და თავისთვის იძახდა: “ნეტა, ვეღირსები იმ დროს, რომ ჩემი სოსოც ქიტესასავით დაბინავებული და ცოლ-შვილით გახარებული იყოს!?” თვალი არ მოუშორებია შვილისათვის, სანამ სოსო და ქიტესა საბძელს არ მოეფარნენ…

II

  • სადა ხართ, კაცო? – შეჭმუხვნილის სახით უთხრა ქიტესამ ღამის მეხრეებს, როცა იმათ გუთნეული მორეკეს: – აბა, მაღლა აიხედეთ, მზე ორი შუბის სიგრძეზეა აწეული.
  • სადა ვართ რა, განა ხალიფაფასა ვჭამდით! აი, ი ვერანა ხარს დავეძებდით – მკვახედ უპასუხა ერთმა ღამის მეხრემ.
  • რა ვერანა ხარს, რას ამბობ, ბიჭო? – ჰკითხა ქიტესამ.

მეორე ღამის მეხრემ კი ამ დროს თავისი გუთნის ხარები შეაბა უღელში და ელოდა დანარჩენებს, ისინი როდის-ღა შეაბამენო.

  • ენდე, ე ბალღის სამგლე ხარს! – მიუთითა ღამის მეხრემ სოსოზე, რომელიც ამ დროს გაფითრებული გუთნის დედასთან მოვარდა.
  • ჩემი შვინდა სად არის? – აკანკალებულის ხმით დაეკითხა სოსო ღამის მეხრეს.
  • ჯანაბას! – გულ-ცივად უპასუხა იმან.
  • მერე, შე ოჯახ-დანგრეულო, – დაუყვირა ქიტესამ, – თვალები სადა გქონდა? ეხლა აგება თვალები, როცა ჩემი ჯერია?.. შვიდ-უღლივ რა ეშმაკი უნდა ვხნათ!
  • ოჯახ-დასანგრეო და არც-რა იცი-რა? – უფრო მაღლა შეჰყვირა იმან: – შვიდ-უღლივ რათა ხნამ, იმის საბადლოდ ჩემი ხარი მოგიყვანე.

იქნება ჩხუბიც მოსვლოდათ ქიტესასა და პირველს ღამის მეხრეს, რომ მეორე ღამის მეხრე არ ჩარეულიყო ლაპარაკში და პირველი იქით არ წაეყვანა.

  • რა გულ-არეული რამა ხარ, კაცო, – უთხრა მეორე ღამის მეხრემ: – შენზე უფროსმა რო სიტყვა გითხრას, როგორ არ უნდა დაუთმო?

სოსო კი იმ ღამის მეხრეს თავს არ ანებებდა და მალ-მალე დაეკითხებოდა:

  • კაცო, რატომ არ მეტყვი, სად დაგრჩათ ჩემი ხარი?
  • თავი დამანებე, ბალღო, თორემ, აი, ი ღვთისშობლის მადლმა, ისეთ ალიყურს გაჭმევ ამ გაჯავრებულს გულზედ, რომ ხარი-კი არა, თავიც დაგავიწყდეს! – შეუტია ღამის მეხრემ.
  • რათაო, ე, რატომ არ მეტყვი?! – ტირილით უთხრა სოსომ.

პირველი ღამის მეხრის მაგიერად მეორემ უამბო სოსოს ღამის ხარი საითაც ჰყოლოდა და სად დარჩენოდათ იმისი შვინდა. სოსომ მაშინვე დააპირა საძებნელად წასვლა, მაგრამ ქიტესამ არ გაუშვა, რადგანაც წინა ხარების გამომრეკი აღარავინ ეყოლებოდა. ისიც ძალაუნებურად დარჩა, მაგრამ სოსო ის სოსო აღარ იყო, როგორიც დილას ქიტესამ აგვიწერა. სამხრობამდე ერთხელაც არ შემოუძახნია “ოროველა” და ხარებსაც ისე მუყაითად არ ეკიდებოდა, როგორც წინად. ქიტესა მალ-მალე წასძახებდა ხოლმე: “აბა, ჩემო სოსო, ნუ მოგიწყენია, ერთი შენებური “ოროველა” შემოსძახე”-ო, და თან ანუგეშებდა: “რისა გეშინიან, შე კაი კაცო, ხარს არა უშავს-რა! ის თითონვე მოვა დილაზე და ან საღამოზე”-ო. მაგრამ ამისთანა ნუგეში სოსოსთვის ნუგეში არ იყო. “ამაღამ რომ ჩემი შვინდა უპატრონოდ მინდორში გავუშვა, – ჰფიქრობდა სოსო, – ხო მგლები შემიჭამენ და მერე?.. მერე?..” “ვინ იცის, – ჰფიქრობდა სოსო, როცა სადილს შემდეგ ისევ უღელზედ შეჯდა და პირველს კვალს უვლიდნენ, – იქნება მგლებმა კიდეც გამოფაშვეს ჩემი შვინდა!” სოსოს ამ ფიქრზედ გული ამოუჯდა და ცრემლები ვეღარ შეიმაგრა. თითქოს იმის ჯავრს სხვებიც თანაუგრძნობენო, ყველანი რაღაცნაირად დაღონებულები და ღრმად ჩაფიქრებულები იყვნენ. ასე გაჩუმებულები ხან ერთს კვალს აუვლიდნენ და ხან მეორეს ჩამოუვლიდნენ. მარტო, როცა ერთი კვალის ბოლოს, ან თავში გავიდოდნენ და მეხრეები უღლიდან ჩამოხტებოდნენ და ქიტესაც გუთანს აუგდებდა, მაშინ თუ ამოიღებდნენ ხმას, ისიც ხარებს ან კამეჩებს გამოეხმაურებოდნენ, რომ ახლა მეორე მხრის კვალში ჩაეყენებინათ, თორემ დანარჩენს დროს, რაკი კვალში ჩადგებოდნენ, სულ გაჩუმებულნი იყვნენ. ხარებიც ცოხნითა და კუდის ქნევით მიიზლაზნებოდნენ და სჭიმავდნენ ჭაპანს. მზე-კი თანდათან ზემოდ იწევდა და ისე აცხუნებდა, რომ ზოგი კამეჩი გაალექა და პირიდან ენა გამოაყოფინა.

  • ეს ოხერა, რა ნაირად ჩამოცხა და იკბინება, უთუოდ გაავდრდება! – წამოძახა მეორე ღამის მეხრემ.

როცა სამხრობისას გუთნეული გამოუშვეს, იქვე თელის ქვეშ რძის კორკოტს შემოუსხდნენ და ჭამა დაუწყეს საჭმელს, რომელიც ქიტესას თოთხმეტის წლის თეკლემ ის-ის იყო მოუტანა.

  • წვიმისაგან ღმერთმა დაგვიფაროს, ჯერ არ გვეჭირება! – უპასუხა ქიტესამ და ერთი დიდი ლუკმა მადიანად ჩაიდო პირში. საჩქაროდ გადაყლაპა და მერე თეკლეს მიმართა:
  • ეე, შენი მამა ცხონდეს, თეკლე, ე რა გემრიელი რძის კორკოტი გაგიკეთებია! შენ გააკეთე, შვილო, თუ დედაშენმა? – ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ ქიტესამ.
  • მე, – ჩუმად წამოიძახა თეკლემ და თან თავ-ჩაღუნულს ეღიმებოდა.
  • იმიტომ არის ესე გემრიელი. რო შენ გაგიკეთებია! – წამოიძახა მეორე ღამის მეხრემ.

ამ სიტყვების გაგონებისთანავე, თეკლე სულ ერთიან წამოწითლდა. აქამდის ფეხზე იდგა, ეხლა-კი დარცხვენით თავის მამის ზურგს უკან ჩაჯდა და კარგა ხანს მაღლა აღარ აუხედნია.

ყველანი ჭამაში გაერთვნენ. ზოგმა მეორე ჯამიც მიიმატა და ხელმეორედ შეუდგა ჭამას. მოქანცული გუთნის ხარიც იქვე დაყრილიყო და უმადურად იცოხნებოდა. ზოგი ისე დაღალულიყო, ნამეტნავად კამეჩები, რომ კუდის გაქნევის თავიც აღარა ჰქონდათ და ფშუილით ბუზებს ძლივს-ღა იგერიებდნენ.

  • შენ გენაცვალე, ჩემო სოსო, ეგრე დაღონებული რადა ხარ და პურს არა სჭამ? – ჰკითხა თეკლემ, როცა სოსოს თვალი შეასწრო.

სხვებმა მაშინ-ღა მიაქციეს ყურადღება და დაინახეს, რომ სოსოს თავის ჯამისათვის ხელი არ ეხლო და ისე გაჩუმებული და თავჩაღუნული იჯდა.

  • ე ბალღი დღეს მშიერი მოკვდება, მაგას არც სადილობას უჭამია რამ. – სთქვა პირველმა ღამის მეხრემ, რომელსაც სოსოს უმანკო და დაღვრემილმა სახემ ამაყი გული მოულბო.
  • ე რა ღმერთი გაგვიწყრა და მაგის ხარი დავკარგეთ! – განაგრძო ისევ იმან. – სოსო, თუ დილაზედ შენი შვინდა აქ არ მოვიყვანო, მაშ კაცი ნუღარ ვყოფილვარ!

სოსო აქამდის გაჩუმებული იყო და სულ თავის შვინდაზე ჰფიქრობდა. ახლა, როცა ყველამ იმას შეჰხედა და სიბრალულის თვალით დაუწყეს ყურება, ტირილი მოუვიდა და ცრემლები ვეღარ შეიმაგრა.

  • ჩემო ქიტესო, ეხლა მაინც წავალ საძებნელად. ჩემ მაგიერად აგერ, აი, მეხბორეს გამოვგზავნი! – ტირილით ეხვეწებოდა ქიტესას.
  • კარგი, შვილო, წადი, მაგრამ ჭალაში-კი არ გაება და არ დაგიღამდეს.
  • ე წყლის პირს დაჰყევი, მანდ ეგდება სადმე. თუ მანდ არ იყოს, ჭალის პირას, გრილოში იქნება, იქ მოძებნე, – ურჩია პირველმა ღამის მეხრემ, როცა სოსო სიხარულით წამოვარდა ფეხზე, რაკი ქიტესასაგან ძებნის ნებართვა აიღო.
  • მოიცა, შენ გენაცვალე, ჩემო სოსო, პატარა შეჭამე რამე, – უთხრა თეკლემ, – თორემ მშიერი მოჰკვდები.
  • არა მშიან.
  • ცარიელი კორკოტი მაინც დახვრიპე, აი, რა გემრიელია! იჰ, იჰ! თეკლემ აიღო სავსე ჯამი ხელში და რამდენიმე კოვზის პირი შეხვრიპა. მერე ჯამი სოსოსთან მიიტანა და გაუშვირა. სოსომ უარი ვეღარ უთხრა და საჩქაროდ დააცარიელა ჯამი…

სოსომ და დღის მეხრემ გუთნის ხარი აშალეს და წინ გაირეკეს. ღამის მეხრეები გუთნის დედით თელის ქვეშ წამოწვნენ და ძილს თავის მისცეს. თეკლემ-კი საჩქაროდ ჯამები ჩაალაგა ხურჯინში და შინისკენ გაეშურა.

  • ბიჭო, გუთნის ხარი არ დააგვიანო, ჩქარა მორეკე, თორემ ვეღარას მოვხნავთ, კიდეც დაღამდება! – გასძახა ქიტესამ დღის მეხრეს, როცა ისა და სოსო თელას კარგა დაშორდნენ.

III

კარგა შეღამდა. ცა საშინლად მოიღრუბლა და განრისხებული სახე მიიღო, თანდათან უფრო იჭმუხნებოდა და დედამიწას მუქარით ჩამორუხრუხებდა. ხან ერთს ცისკიდეს, ხან მეორეს გველივით გაიკლაკნებოდა ელვა და ერთს წამს გაასინათლებდა ხმელეთს, თითქოს ცას სურს თვალი გადაავლოს ქვეყანასაო. დედამიწა-კი ძრწოდა განრისხებულის ცის დანახვით და რაღაც საშინელებას ელოდა. ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა. ის ფრინველნიც, რომელნიც ისე სიხარულითა და ჟივილ-ხივილით მიეგებნენ დღის სინათლეს, ახლა სადღაც მიმალულიყვნენ და ხმას არ იღებდნენ; ზოგს მათგანს ხშირი ფოთლები მოენახა და ცდილობდა ამ ფოთლების შემწეობით აეცდინა ის ვაება, რა ვაებასაც ცა უქადოდა. აგერ, ბეღურები ჯაგის ქვემო ტოტებზე ჩამწკრივებულან და ერთმანეთს რასღაც ჩასჩურჩულებენ. ამ ჩურჩულზე იქვე ჯაგის ძირს განაბული კურდღელი აცქვეტს ყურებს და სიფრთხილით გადაავლებს თვალს გარეშემო მიდამოს. აგერ, ეშმაკი ქედანი მუხის ფუღუროს შეჰფარებია და საწყალს გვრიტს-კი, რომელიც იქვე ფუღუროს პირს ჩამოსკუპებულა, აღარ უშვებს თავისთან და განრისხებული ცის ანაბარა სტოვებს. სხვა სულდგმულთაც მოუნახავთ თავშესაფარი და აქ ელიან ცის რისხვას. მგელსაც-კი, ამ ღამით მოწანწალე ცხოველს, მოუძებნია სორო, კურთ-უკუღმა შემძვრალა და იქიდან გამოაკვესებს თვალებს. ყველა სულდგმული უფრთხის და ემალება განრისხებულს ცას. მარტო ერთი სულდგმული არ უფრთხის და გულმოდგინედ რასღაც დაეძებს. ეს სულდგმული სოსოა, რომელიც სამხრობისას წამოვიდა თავის შვინდას საძებნელად, მაგრამ ჯერაც ვერ უპოვია. თუმცა მთლად შემოიარა წყლის ნაპირები, მაგრამ იმის კვალიც ვერ იპოვა და აი, ახლაც შუა ჭალაშია და სასოწარკვეთილებით იძახის: “შვინდავ, ფშვიე…ე…ე, ჩემო შვინდავ!” მაგრამ პასუხი არსაიდან მოესმის!

“ამ ბნელში სადღა წავიდე და სად მოვნახო?! არ ვიცი, რა ვქნა?!” აკანკალებულის ხმით იძახდა სოსო.

უეცრად შედგა, თითქოს რისღაც ფუჩუნი მოესმა. სახე გაუბრწყინდა და გულს იმედი ჩაესახა. სულ ერთიანად სმენად გარდაიქცა და თავი იქით გადიხარა, საიდანაც ფაჩუნი მოესმა.

“შვინდავ!” – აჩქარებით და დაბალის ხმით წამოიძახა და უფრო გატვრინდა. რამდენსამე ხანს ისე გატვრინებული იდგა. მაგრამ გარშემო ისევ წინანდებური სიჩუმე მეფობდა და არა ხმაურობდა-რა.

“შვინდავ, შვინდავ… სადა ხარ?!” გასძახა ერთი კიდევ და როცა დარწმუნდა, რომ იმედი ტყუილი გამოდგა, მერე ღაპა-ღუპით ცრემლები გადმოყარა.

ამ დროს, ცა ერთის კიდიდან მეორემდე გაიხსნა და მთლად არე-მარე ერთს წამს გაანათა… შემდეგ ერთი ისეთი დაიჭექა, რომ კაცს ეგონებოდა, ცა სულ ერთიანად გადმოანგრიაო. ბევრი მძინარე დააფეთიანა ამ ჭექამ და პირჯვარი დააწერინა. სოფელში ძაღლებმა ღმუილი შექმნეს, ჭალაში-კი ყველა სულდგმული შეირყა და ხმაურობა მორთო. თითქოს ამ ცის დაჭექებას ელოდა ქარიო, უეცრივ დაქროლა ძლიერმა ზენა-ქარმა და მთელი ჭალა ერთ წამს ააშფოთა: ხეებს ჭრიალი დააწყებინა, ფოთლებს შრიალი. ერთის ხიდან მეორეზე მარდათ ხტოდა და გაქონდა შუილ-ზუილი. ცამ-კი ელვას და ქუხილს უფრო უმატა. ცოტა ხნის შემდეგ წამოუშინა ხშირი და მსხვილი წვიმა, რომელშიაც ჯერ წვრილი და თითო-ოროლა სეტყვა ერია, შემდეგ-კი წვიმა მთლად სეტყვად გადაიქცა და ხეების ტოტებს ლაწა-ლუწი აუყენა. ქარის შრიალი და ზუილი, ხეების ჭრიალი და ტოტების ლაწუნი, თვით სეტყვის ხუვილი სულ ერთად აირია და რაღაც გამოურკვეველი და საშინელი ხმაურობა ასტყდა შუა ჭალაში, სადაც ახლა სოსო ერთის ხის ძირს ქვენა მხრით ამოფარებოდა. სოსოს უეცრად მოესმა დიდი ზარის გუგუნი, რომელსაც იმის სოფელში სეტყვის მოსვლაზე დაუწყეს ხშირი რეკვა იმ იმედით, რომ სეტყვას გადიღებსო. დიდის ზარის გუგუნს, წვრილის ზარების წკრიალიც მოჰყვა და ამ გამოურკვეველმა და შემაძრწუნებელმა ხმაურობამ უფრო გამოურკვეველი ხასიათი მიიღო. სოსომ მოიხადა ქუდი, ცრემლიანის თვალით რამდენჯერმე წამოიძახა: “ღმერთო, შენ მიშველეო!” და პირჯვარი გადაიწერა, ბოლოს ამოიოხრა და გულსაკლავად ხმა-მაღლა დაიძახა: “ვაიმე, ჩემო შვინდავ!..”

IV

რაკი ჯავრი ამოიყარა, ცა დაიშაშრა და უჯრებად დაიყო, ვარსკვლავებმა გამოიხედეს და ბჭყვრიალი დაიწყეს. ცოტა ხანს შემდეგ ცა სულ ერთიანად მოიწმინდა. მარტო ალაგ-ალაგ ღრუბლის პატარა ნაგლეჯები-ღა იყო მიკრული, რომელიც თანდათან ფერსა კარგავდა და გაურბოდა ღამის მნათობს, რომელმაც აგერ, მთის წვერიდან თავი ამოჰყო და თეთრად შემოსილს ქვეყანას მკრთალი ნათელი მოჰფინა. შესაბრალისს სურათს წარმოადგენდა ამ დროს ჭალა, სადაც მთლად გაწუწული და გაზუნზული სოსო დაფლატუნებდა და სიცივისაგან კანკალი გაჰქონდა. ერთი ხეც აღარ მოიძებნებოდა მთელს ჭალაში, რომ ან ფოთოლი და ან ნორჩი ტოტი შერჩენოდა. სულ ძირს იყო გაფენილი და მიწასთან გასწორებული. ვინ იცის, რამდენს ფრინველს და პატარა გარეულ ნადირთ, უსაფაროდ დარჩენილთ, თავი გაეჭეჭყა და სამუდამოდ გამოესალმა წუთი-სოფელს! ეხლა იმათი სხეული ფოთოლთან ერთად არის არეული. აგერ, ერთს ამისთანა დამახინჯებულს გვრიტის სხეულს სოსომ ფეხი წამოჰკრა და ხელში აიღო… ამან უფრო მწარე ფიქრები აუშალა საცოდავს სოსოს: “იქნება, ჩემი შვინდაც ეხლა ამ გვრიტივით თავ-გატეხილი გდია სადმე და მგლები ჰხარობენ იმის ხორცითაო”, – ფიქრობდა სოსო და თან ცრემლებს აფრქვევდა. ამ მწარე ფიქრებში გართულმა, გაიარა ხშირი ჭალა და მეორე ნაპირს გავიდა. საცოდავი აქ შესდგა და იმედის გადაწყვეტით გაჰხედა ჭალას. რამდენიმე წუთი დაჰყო ასე გაჩუმებულმა და ჩაფიქრებულმა: “განა, ჩემს შვინდას ვეღარა ვნახავ?!” და გაშტერებით უმზერდა ჭალას.

  • შვინდავ, შვინდავ, ფშვი…ე…ე, ჩემო შვინდავ! – უეცრად ისეთის ხმით წამოიძახა, რომ ხეებს რომ გული და გრძნობა ჰქონოდათ, ისინიც ტირილს დაიწყებდნენ.
  • მმუ…უ…მმუ…უ… უ! – პასუხად მოესმა იქვე ახლოდან რაღაც ზმუილი და ფაჩუნი.
  • ჰა… შვინდავ, შვინდავ… ისაა… – ზედი-ზედ ისროდა სიტყვებს სოსო და ძლივს-ღა სუნთქავდა.
  • მუუ…უ… მუუ…უ… – თანდათან უფრო ახლო მოისმოდა ზმუილი.
  • ჩემო შვინდავ! ჩემო შვინდავ!.. – ძახილით გაექანა სოსო იქით, საიდანაც ზმუილი მოისმოდა.

ამ დროს, ჭალის პირას მშვენივრად დარგვალებული და ჩასუქებული შვინდა-ფერის ხარი გამოჩნდა.

  • შვინდავ!.. – მივარდა სოსო და კოცნა დაუწყო.

ხარიც ალერსით შეზმუოდა გახარებულს სოსოს და კოცნის მაგივრად პირს ულოკავდა.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button